„ენა-მეტყველების მიმართულებით ქვეყანას 1600 სპეციალისტის საჭიროება აქვს. ილიაუნი უშვებს ამ სპეციალისტებს, ამ დროისთვის 65 სპეციალისტია ბაზარზე და ყველა დასაქმებულია. აი, ასეთ მოთხოვნად მიმართულებაზეც კი განგვისაზღვრეს ხუთი ადგილი“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ქეთევან დარახველიძე.
ქეთევან დარახველიძეს „ბათუმელები“ „ოცნების“ განათლების მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე და უნივერსიტეტის მომავალ სტრატეგიაზე ესაუბრა.
- ქალბატონო ქეთევან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახლახან შეხვდით გივი მიქანაძეს. რა ითქვა ამ შეხვედრაზე და თუ მოისმინეთ რაიმე გონივრული არგუმენტი მისი მხრიდან?
სამინისტროს ოფიციალური არგუმენტია ის, რომ უნდათ „დედა უნივერსიტეტის“ გაძლიერება, რის შედეგადაც თბილისში ერთი მსხვილი მულტიპროფილური უნივერსიტეტი უნდა ჩამოყალიბდეს. თუმცა, არ წარმოუდგენიათ არცერთი კვლევა, სტატისტიკური მონაცემი თუ აკადემიური დასაბუთება, რაც დაადასტურებდა, რომ ილიაუნის პროგრამების გაუქმება ავტომატურად გამოიწვევს თსუ-ს გაძლიერებას.
ერთი ინსტიტუცია არ უნდა ვითარდებოდეს სხვა წარმატებული უნივერსიტეტის დასუსტების ხარჯზე. ეს პროცესი ორი უნივერსიტეტის ინტერესების უსაფუძვლო დაპირისპირებას ჰგავს. ძლიერი საგანმანათლებლო გარემო იქმნება ჯანსაღი კონკურენციით, მრავალფეროვნებით და არა ხელოვნური მონოპოლიზაციით.
- ეს შერჩევითი მიდგომა არ არის?
პოლიტიკური დეფინიციით უნივერსიტეტებს შორის იერარქიის დაწესება ეწინააღმდეგება ევროპულ საუნივერსიტეტო მოდელს, რომელიც ეფუძნება ინსტიტუციურ ავტონომიას, აკადემიურ თავისუფლებას, თანასწორობასა და ჯანსაღ კონკურენციას.
თუ ერთს „დედად“ აცხადებ განათლების პოლიტიკაში, სხვებს ავტომატურად მეორეხარისხოვნად წარმოაჩენ, რაც შერჩევითი მიდგომის პრეცედენტს ქმნის.
ეს სრულიად არათავსებადია ევროპულ პრაქტიკასთან. ვერაფრით ვერ ავუხსნით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ ჩვენ, ბუნებრივად და დიდი აკადემიური სულისკვეთებით წარმატებული უნივერსიტეტი, რომელიც მათთან წლებია თანამშრომლობს ორმაგ და ერთობლივ პროგრამებში, გაცვლებში, კვლევებში, ახლა მეორე და მესამეხარისხოვანი ვხდებით, რადგან წამოგვეწია „დედა უნივერსიტეტის“ გაძლიერების მითითება.
მესამეხარისხოვანი როლი განგვესაზღვრა ტრადიციულ პროფილშიც – მხოლოდ პედაგოგიური. გამონაკლისი დაუშვეს STEM-ის პროგრამები მიმართულებით, მაშინ როცა „ილიაუნის“ პოტენციალი ძალიან დიდია. მას გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანური რესურსი. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული კადრების დეფიციტი. პირიქით, არაერთი მიმართულებით სწორედ ჩვენთან არიან კონცენტრირებული მაღალი კვალიფიკაციისა და H-ინდექსის მქონე სპეციალისტები.
- მიქანაძეს რა არგუმენტი ჰქონდა ამაზე?
არ წარმოუდგენიათ არც აკადემიური შეფასება, არც ხარისხის ცენტრის ან სამინისტროს წერილობითი ახსნა, თუ რატომ უქმდება ჩვენ მიერ მოთხოვნილი პროგრამები, რაც ჩავთვალეთ, რომ უნიკალურია ან ორმაგი ხარისხის დიპლომს იძლევა ევროპულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.
არც ბაზრის მოთხოვნის ანალიზია ჩვენთვის სრულყოფილი არგუმენტი, რომელიც აჩვენებდა, რომ პროგრამები არაეფექტიანია ან არ არის საჭირო.
მაგალითად, მასწავლებლის მომზადების მიმართულებით ქვეყანას დიდი და მზარდი საჭიროება აქვს, მათ მიერვე შესწავლილ შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად – 1260 ადგილი წელიწადში. ასევე, teachers.jobs.ge – პორტალზე ფიქსირდება კიდევ მეტი საჭიროებაო.
ამ დროს, თუნდაც პედაგოგიკის მიმართულებით, „ილიაუნს“ კვოტების 13%-ი განესაზღვრა, როცა სოხუმის უნივერსიტეტს 31%-ი მისცეს, ქუთაისის უნივერსიტეტს კი – 19%-ი.
- ანუ რა პროფილიც დაგიტოვეს, იმაშიც კი დააკლეს „ილიაუნს“ ადგილები?
დიახ, რაც დაგიტოვეს, იმაშიც ჩაგვჩეხეს და შეგვიკვეცეს.
თუ „ტრადიციებით“ განგვისაზღვრეს მიმართულებები, „ილიაუნის“ ტრადიციები არის პედაგოგიკა და უცხო ენები. 90-იან ან 70-იანებში ამ ორ ინსტიტუციას ჰქონდათ ცენტრალური როლი, ამ გადაწყვეტილებით კი კიდევ უფრო ქვემოთ ჩასწიეს მისი როლი.
- ამაზე რა პასუხი ჰქონდა მიქანაძეს, რატომ გავაკეთეთ ასეო?
გადახედა მის თანმხლებ პირებს და თქვა – „ასე გამოვიდაო?“
ქვეყანას აქვს ძალიან მკაცრი საჭიროება ადიქციის, ენა-მეტყველების, კლინიკური ფსიქოლოგიის, სოციალური მუშაკების სპეციალისტების მიმართულებით, რაც დასტურდება საერთაშორისო კვლევებით და პრობლემების თემატური შესწავლით.
ენა-მეტყველების მიმართულებით ქვეყანას აქვს 1600 სპეციალისტის საჭიროება. „ილიაუნი“ უშვებს ამ სპეციალისტებს, მასიურ რაოდენობას ვერ ვასწავლით, მაგრამ ვუშვებთ ძალიან კარგ სპეციალისტებს. ამ დროისთვის 65 სპეციალისტია ბაზარზე და ყველა დასაქმებულია, მაგრამ საჭიროება არის 1600 სპეციალისტის.
აი, ასეთ მოთხოვნად მიმართულებაზე განგვისაზღვრეს ხუთი ადგილი.
- შრომის ბაზარი თუ იკვლიეს, ამის შესახებ ხომ უნდა სცოდნოდათ. ამაზე რა პასუხი ჰქონდათ?
ბაზარი რომ იკვლიო, უნდა გამოჰკითხო პროფესიული ასოციაციები, პროფესიული ორგანიზაციები, რომლებიც ასეთი სპეციალისტების დაქირავებაზე მუშაობენ. მშობელი ან მასწავლებელი ვერ მოგაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას.
თემატური ჩაღრმავება არ მომხდარა შშმ პირებთან, ენა-მეტყველებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ეს სფეროები უნდა გამოეკვლიათ თემატურად, ამას შრომის ბაზარი ვერ გამოავლენს, ძალიან სპეციფიკურია.
ამიტომ არ შეიძლება უმაღლესი განათლების დაგეგმარება შრომის ბაზარზე, ცალსახად. ეს უნდა იყოს მრავალმხრივი, მრავალინსტრუმენტიანი და ყველა პროფესიაზე მოთხოვნა უნდა იყოს გათვალისწინებული.
რა პროფესიის შესწავლა უნდა ადამიანს, ამას შრომის ბაზრით ვერ განსაზღვრავ.
გასაგებია, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებენ, მაგრამ რატომ ანგრევენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სივრცეებს? ეს კითხვა დავსვით ამ შეხვედრაზეც.
რომ გამოვრიცხოთ სუბიექტურობა, მართლა უნიკალურ პროგრამებს სთავაზობს „ილიაუნი“ გარკვეული მიმართულებებით. ვკარგავთ ეროვნული მნიშვნელობის უნიკალურ და ხარისხიან პროგრამებს. ანადგურებენ ისეთ პროგრამებს, როგორიცაა: სიცოცხლის შემსწავლელი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკოლოგია, გარემოსდაცვითი მეცნიერებები, ბიოქიმია, ბიომედიცინა… ეს მიმართულებები სჭირდება ქვეყანას, იმისთვის, რომ შეაფასოს, მაგალითად, სატყეო მიმართულებები და მხოლოდ „ილიაუნს“ ჰყავს ამ სფეროს სპეციალისტები და აქვს ექსპერტიზა საქართველოში.
ქვეყანას რომ სჭირდება ფრინველების, ცხოველების და ცხოველის და ადამიანის ზემოქმედების შესწავლა, ამაზე მუშაობს „ილიაუნი“, რადგან ძალიან ბევრი ვირუსია, კოვიდი გავიარეთ, მაგალითად და კარგად ვიცით, რომ ღამურადან ადამიანზე გადასული ვირუსი როგორი მომაკვდინებელია. ამ ყველაფერს „ილიაუნი“ სწავლობს რეგიონში.
ასევე, შავი ზღვის კვლევებზე ვმუშაობთ, გარემოს ზემოქმედებას ვსწავლობთ… ხომ გახსოვთ, რა ტრაგედია მოხდა შოვში?! ეს ყველაფერი სჭირდება სახელმწიფოს.
- თქვენ ამბობთ, რომ ეს არის უნიკალური პროგრამები, რომელიც მხოლოდ „ილიაუნს“ აქვს. რატომ უნდათ მაშინ ამ ყველაფრის გაქრობა – მოისმინეთ პასუხი ამაზე?
„ჩვენ კვლევებს ხომ არ გიკრძალავთო“ – ასეთი პასუხი იყო.
კვლევამდე რომ მივიდეთ, უნდა არსებობდეს პროგრამა, არსებობდნენ სტუდენტები, პროფესორები, ამ კვლევებში უნდა ჩაიდოს ფული. ეს არის ცოცხალი, ყოველდღიური, ახალი კადრების მომზადების პროცესი და როგორ შეიძლება ქვეყანაში განათლების პოლიტიკის მიმღებმა პირმა ამაზე გვიპასუხოს – „კვლევას არ გიკრძალავთ“.
თუ რაღაცაზე კითხვას ვსვამთ და გვჭირდება ლეგიტიმური პასუხი, „ერთი ქალაქი ერთი უნივერსიტეტის“ პრინციპია – ასე გვპასუხობენ.
თუ ეს პრინციპი არ აქვთ დაცული, მაშინ „დედა უნივერსიტეტს სჭირდებაო“. თუ ეტყვი, რომ უნიკალური პროგრამები გაქვს, მაშინ „შრომის ბაზარი“ მოაქვთ მიზეზად ან რესურსების ოპტიმიზაციას გისახელებენ. აი ამ „არგუმენტში“ ვიკარგებით. ლაბირინთში ვართ. ასეთ პასუხებს განათლების პოლიტიკაში სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულიც კი არ იძლევა.
აშკარად, გამოკვეთილად გეუბნება, რომ თსუ უნდა გავაძლიერო და იქ უნდა გადავიტანოთ ეს თქვენი უნიკალური პროგრამებიო.
- ეს ნიშნავს, რომ რეალური მიზანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმებაა და არა ის, რომ რაიმეს გაუმჯობესება სურთ?
დიახ, მიზანია „ილიაუნის“ ეტაპობრივი დასუსტება, დაშლა და გაქრობა. შემდეგ ალბათ პედაგოგიურ პროფილიც აღარ დაუტოვებენ.
- რა ბერკეტი დარჩა „ილიაუნს“ იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს „ოცნების“ ხელისუფლებას და როგორ ხედავთ ამ პროცესების დასასრულს, რა ვერსიებს განიხილავთ უნივერსიტეტში?
ბერკეტებზე საუბარი ახლა მიჭირს. ისევ შეიკრიბება საუნივერსიტეტო საზოგადოება. თუ მე მეტყვის აკადემიური საზოგადოება, რომ მივდივართ სამართლებრივი გზით, ცხადია, წავალთ სამართლებრივი გზით.
მეორე გზა არის მოლაპარაკება. გუშინაც დავწერე, რომ მზად ვართ კიდევ შევხვდეთ (მიქანაძეს), ამ 180 პროგრამაზე ველაპარაკოთ და რაღაც გამოსავალი ვნახოთ.
შეუძლებელია და არ შეიძლება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის ასე დაშლა. ეს არ შედის სახელმწიფო ინტერესებში. არც იმ 17 000 სტუდენტი და 3 000 თანამშრომლის და მათი ოჯახის წევრების ინტერესებში, რადგან ეს ეხება საქართველოს, ქვეყნის ევროპულ მომავალს.
- თუკი „ოცნება“ უკან არ დაიხევს, რამდენად შესაძლებელია, რომ „ილიაუნმა“, როგორც დამოუკიდებელმა უმაღლესმა სასწავლებელმა ისე გააგრძელოს არსებობა და შეძლოს იმ პროგრამების შენარჩუნება, რაზეც ვისაუბრეთ?
ცხადია, ეს შეთავაზება ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავრჩეთ ისევ სახელმწიფო უნივერსიტეტად და შევინარჩუნოთ ჩვენი დამოუკიდებელი პროფილები.
სახელმწიფო დიდად არც აქამდე გვაფინანსებდა, სადღაც 6-8%-ის ფარგლებში მერყეობს ეს დაფინანსება – აქ შედის კვლევის კომპონენტის დაფინანსება და სტიპენდიები სტუდენტებისთვის. ჩვენ მზად ვართ თვითდაფინანსებით შევინარჩუნოთ ჩვენი დამოუკიდებელი პროფილები და მოვიზიდოთ სტუდენტები.
თუმცა „ილიაუნის“ სამართლებრივი სტატუსის შეცვლაც სახელმწიფოს დისკრეციაა და დარწმუნებული ვარ, ამაზეც ექნებათ უარი.
ამიტომ, ჩვენ სხვა არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია და ამ ეტაპზე ვინარჩუნებთ აკადემიურ საუბარს, სტუდენტებს თავიანთი პროტესტი აქვთ, აკადემიურ საზოგადოებას თავისი პროტესტი ექნება. არსებობს ჩვენი უფლებების დაცვის სამართლებრივი გზაც.
დანარჩენ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრებათ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ისტორია შეაფასებს, როგორი იყო ეს გადაწყვეტილება.






