მთავარი,სიახლეები

ITF-ის რეკომენდაციები საომარ ზონაში მყოფ მეზღვაურებს – კომპენსაცია და ბონუსები

12.03.2026
ITF-ის რეკომენდაციები საომარ ზონაში მყოფ მეზღვაურებს – კომპენსაცია და ბონუსები

საომარ ზონაში მოხვედრილ მეზღვაურებისთვის, ავტორიტეტულმა საზღვაო ორგანიზაციებმა ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს.

ირანში მიმდინარე მოვლენების გამო საომარი მოქმედებების ზონად (WOA) განისაზღვრა ჰორმუზის სრუტე, ომანის ყურე და სპარსეთის ყურე.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის განცხადებით, დაახლოებით 20 000 მეზღვაური და საკრუიზო გემის 15 000 მგზავრია ჩარჩენილი ყურეში საომარი მოქმედებების გამო.

მეზღვაურებს, რომლებიც საომარი მოქმედებების ზონაში მყოფ გემებზე მუშაობენ, შეუძლიათ უარი თქვან  მუშაობის გაგრძელებაზე, მოითხოვონ სამშობლოში დაბრუნება კომპანიის ხარჯზე და მიიღონ კომპენსაცია ორი თვის ხელფასის ოდენობით.

შეთანხმება სამ დიდ ორგანიზაციას შორის შედგა. საერთაშორისო სატანსპორტო მუშაკთა ფედერაცია – ITF, გემთმფლობელების და საზღვაო გადაზიდვების კომპანიების ჯგუფი – JNG, საზღვაო ინდუსტრიაში საერთაშორისო მოლაპარაკებების პლატფორმასთან – IBF ერთად აცხადებს, რომ დაიცავს ყველა იმ მეზღვაურის უფლებებს, ვინც მაღალი რისკის ზონაში მოხვდა.

  • რას ნიშნავს საომარი მოქმედებების ზონის განსაზღვრა

საომარი მოქმედებების ზონის WOA-ის განსაზღვრა უზრუნველყოფს, რომ IBF-ის შეთანხმებით დაფარულ გემებზე მომუშავე მეზღვაურებმა მიიღონ გაძლიერებული დაცვა და კომპენსაცია, თუ ისინი ჰორმუზის სრუტეში, ომანის ან სპარსეთის ყურეში გაიჭედებიან ან იქ გაჭედილ გემებზე განაგრძობენ მუშაობას.

მეზღვაურებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან განსაზღვრულ ზონაში, აქვთ დამატებითი კომპენსაციის მიღების უფლება და ასევე შეუძლიათ რეპატრიაციის მოთხოვნა, თუმცა გასათვალისწინებელია არსებული მდგომარეობა.

თუ მეზღვაურებს მაინც უბრძანებენ მაღალი რისკის ზონაში გემით გასვლას, აქვთ უფლება უარი თქვან ამ ბრძანების შესრულებაზე და მოითხოვონ რეპატრიაცია კომპანიის ხარჯზე.

IBF-ის მხარეებს შორის შეთანხმებული პირობების მიხედვით, მეზღვაურებს, რომლებიც მსახურობენ გემებზე, რომლებიც იმყოფებიან ან შედიან განსაზღვრულ WOA ზონაში, ეკუთვნით შემდეგი დაცვა:

  • ბონუსი, რომელიც უდრის ძირითადი ხელფასის 100%-ს, გადასახდელი მინიმუმ ხუთი დღის განმავლობაში და დამატებით თითოეული დღისათვის, რამდენ ხანსაც გემი დარჩება აღნიშნულ ზონაში.
  • ორმაგი კომპენსაცია სიკვდილის ან შრომისუუნარობის შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია აღნიშნულ ზონაში მომხდარი ინციდენტებით.
  • მეზღვაურებს ეძლევათ უფლება უარი თქვან საომარი მოქმედებების ზონაში გემით შესვლაზე და მოითხოვონ რეპატრიაცია კომპანიის ხარჯზე. ასევე მოითხოვონ კომპენსაცია ორი თვის ძირითადი ხელფასის ტოლი ოდენობით.
  • რეკომენდაცია გაიცა გემის ოპერატორებისთვის, რომ დანერგონ გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები, რომლებიც შეესაბამება ISPS-ის მე-3 დონეს. მე-3 დონე წარმოადგენს გადაუდებელ უსაფრთხოების მაღალ დონეს გემებსა და საზღვაო პორტებში. ეს დონე გამოიყენება, როცა არსებობს გამოხატული საფრთხე გემებისა, ეკიპაჟის ან პორტის ინფრასტრუქტურის მიმართ და ითვალისწინებს უსაფრთხოების მკაცრ ზომებს.

საომარი მოქმედებების ზონად მონიშნულია ომანის ყურე, სპარსეთის ყურე და ჰორმუზის სრუტე

საერთაშორისო სატანსპორტო მუშაკთა ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ეს დებულებები ასახავს სტანდარტულ დაცვის ზომებს, რომლებიც IBF-ის შეთანხმებების ფარგლებში ვრცელდება იმ მეზღვაურებზე, რომლებიც გადაადგილდებიან საომარი მოქმედებების ზონებში (WOA).

საერთაშორისო სატანსპორტო მუშაკთა ფედერაცია და გემთმფლობელების და საზღვაო გადაზიდვების კომპანიების ჯგუფი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეზღვაურების უსაფრთხოება და კეთილდღეობა უნდა იყოს პრიორიტეტი.

„მეზღვაურების დაცვის ყველაზე უსაფრთხო გზა არის დაძაბულობის დეესკალაცია და დიპლომატიის გზაზე დაბრუნება. ამჟამად რეგიონში საერთაშორისო საჰაერო სივრცის დიდი ნაწილის დახურვა ასევე მნიშვნელოვნად ზღუდავს რეპატრიაციის შესაძლებლობებს იმ მეზღვაურებისთვის, რომლებიც გემებიდან წასვლას ცდილობენ, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს სტაბილურობისა და უსაფრთხო გადაადგილების აუცილებლობას.

მეზღვაურები, რომლებიც მოქმედებენ ან იმყოფებიან აღნიშნული ზონის სიახლოვეს, უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად და თავიანთ კომპანიებს ან პროფკავშირებს მიმართონ მათი უფლებებისა და შესაძლო არჩევანის შესახებ ინფორმაციის მისაღებად – თუმცა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეპატრიაცია შეიძლება რთული იყოს საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვებისა და უსაფრთხოების სწრაფად ცვალებადი სიტუაციის გამო.

გემთმფლობელები და ოპერატორები შეეცდებიან მაქსიმალურად ხელი შეუწყონ რეპატრიაციას და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ეკიპაჟების უსაფრთხოების დასაცავად,“ – ნათქვამია ორი ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.

ჰორმუზის სრუტე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტია, რომლის გავლით გადის გლობალური ენერგეტიკული და სასაქონლო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

საომარი მოქმედებების ზონის (WOA) სტატუსი ყოველკვირეულად გადაიხედება საომარი მოქმედებების ზონის კომიტეტის WOAC-ის მიერ.

საერთაშორისო სატრანსპორტო მუშაკთა ფედერაცია (ITF) არის დემოკრატიული, წევრობითი ფედერაცია, აღიარებული როგორც მსოფლიოს წამყვანი ტრანსპორტის ორგანო.

გემთმფლობელების და საზღვაო გადაზიდვების კომპანიების ჯგუფის JNG-ს შემადგენლობაში შედის საერთაშორისო საზღვაო მფლობელთა საბჭო (IMEC), იაპონიის საერთაშორისო მეზღვაურთა მართვის ასოციაცია (IMMAJ), კორეის გემთმფლობელთა ასოციაცია (KSA) და ტაივანური კომპანია Evergreen.

საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორუმი (IBF) არის ფორუმი, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო სატრანსპორტო მუშაკთა ფედერაციას (ITF) და JNG-ის წევრ საერთაშორისო საზღვაო მფლობელებს. IBF-ის მოლაპარაკებები მოიცავს როგორც ცენტრალურ, ასევე ლოკალურ მოლაპარაკებებს, რაც საშუალებას აძლევს შეიქმნას ძირითადი პრინციპები.

ამავე თემაზე:

გემს, რომელზეც 23 ქართველი მეზღვაური იყო, ირანული ჭურვები მოხვდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: