მთავარი,სიახლეები

მშენებარე ბინის მესაკუთრეები მერს დახმარებას სთხოვენ – აქცია ბათუმის მერიასთან

22.01.2026
მშენებარე ბინის მესაკუთრეები მერს დახმარებას სთხოვენ – აქცია ბათუმის მერიასთან

დღეს, 22 იანვარს, ბათუმის მერიასთან ბაგრატიონის #113-ში მშენებარე კორპუსის ბინათმესაკუთრეები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.

100-ზე მეტი ოჯახი თავს დეველოპერებისგან დაზარალებულად მიიჩნევს და ბათუმის მერს დეველოპერებთან მოლაპარაკებაში დახმარებას სთხოვს.

„2018 წელს შევიძინე ბინა. შემდეგ ორჯერ შეიცვალა ინვესტორი. ახლა სხვა დეველოპერია. 2018 წლიდან დღემდე არის აშენებული მხოლოდ ათი სართული. გაჩერებულია მშენებლობა. მეშვიდე წელია შენდება, წელიწადში ერთი სართულიც არ გამოდის.

ბოლო რვა თვეა საერთოდ შეჩერებულია.

ვითხოვთ გაგრძელდეს მშენებლობა და აშენდეს ჩვენი ბინა. ვითხოვთ, რომ შეთანხმდნენ ეს დეველოპერები ერთმანეთში. ბათუმის მერიასთან მოვედით ამიტომ, რომ მერიამ რამე გავლენა მოახდინოს მათზე. შეუძლებელია ამდენი წელი ქუჩაში ვიყოთ. საზღვარგარეთ მივდივართ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შევიძინოთ ბინა და ასე გამოდის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ჟანა პაპუნაიშვილმა, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მიმდინარეობის პარალელურად ბათუმის მერიაში ბაგრატიონის #113-ის მობინადრეების რამდენიმე წარმომადგენელი შევიდა მოლაპარაკებაზე.

აქციის მონაწილეებს ბათუმის მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მერიის პრესსამსახურმა „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის პოზიცია მიაწოდა ბაგრატიონის #113-ში მიმდინარე დაუსრულებელი მშენებლობის შესახებ

„ბათუმის მერი, ასევე მერიის წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდნენ ბაგრატიონის 113-ში, დაუსრულებელ კორპუსში არსებული ფართების მფლობელებს, რომლებიც მშენებლობის დასრულებას და საკუთარი ფართების მიღებას ითხოვენ.

საკითხი არის კერძო დავის საგანი –  პროექტი რამდენჯერმე გაიყიდა, თუმცა, მშენებლობა ვერც ერთმა კომპანიამ ვერ დაასრულა. გარდა ამისა, ყოფილ და ამჟამინდელ მფლობელებს შორის ვერ შედგა შეთანხმება პროექტის ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც აფერხებს მშენებლობის გაგრძელებას.

საკითხის გადაწყვეტაში ხელშეწყობის მიზნით, მერიამ უზრუნველყო სამივე მხარის შეხვედრის ორგანიზება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეები შეთანხმდებიან, მერია შეძლებს ხელშემწყობი ღონისძების გამოყენებას საკითხში ჩარევის სხვა იძულებითი მექანიზმი მერიას არ გააჩნია,“ – ნათქვამია ბათუმის მერიის განმარტებაში.

ნახეთ პირდაპირი ეთერი ბათუმის მერიასთან გამართული აქციიდან.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: