განათლება,მთავარი,სიახლეები

„ოცნებამ“ ილიაუნში საქართველოს თანამედროვე ისტორიის პროგრამა დახურა – რას ამბობს ბექა კობახიძე

17.03.2026
„ოცნებამ“ ილიაუნში საქართველოს თანამედროვე ისტორიის პროგრამა დახურა – რას ამბობს ბექა კობახიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ბექა კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ უნივერსიტეტში არსებული ისტორიის 4 პროგრამიდან, სწორედ თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამას აუქმებს.

თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამას ბექა კობახიძე და უცხოელი მკვლევარი, პროფესორი სტივენ ჯონსი ხელმძღვანელობენ.

პროგრამის დახურვაზე ბექა კობახიძემ პოსტი ფეისბუქზეც გამოაქვეყნა.

„ჩვენ გვაქვს ისტორიის ოთხი პროგრამა: საბაკალავრო ზოგადი ისტორია, სამაგისტრო შუა საუკუნეების კვლევები, სამაგისტრო თანამედროვე საქართველოს ისტორია და სადოქტორო ზოგადი ისტორია.

ამ ოთხიდან მხოლოდ თანამედროვე საქართველოს ისტორიას, ანუ XIX-XX საუკუნეების კვლევას ხურავენ, ისევე როგორც საბჭოთა კგბ-ს და კომპარტიის არქივები დახურეს. კიდევ კარგი, ის სამი ძალიან კარგი პროგრამა რჩება. ამათ ხელში ესეც გასაკვირია“, – წერს ბექა კობახიძე.

ბექა კობახიძე აღნიშნული პროგრამის გაუქმების უკან რუსულ ინტერესებს ხედავს.

„მინდა ავხსნა, რატომ ხურავენ მიზანმიმართულად სწორედ იმ პროგრამას, რომელსაც მე და პროფესორი სტივენ ჯონსი ვხელმძღვანელობთ.

ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპი“ არაფერ შუაშია. ეს პრინციპი მხოლოდ XIX-XX საუკუნეების ისტორიაზე მუშაობს? რასაკვირველია – არა.

ორი ფაქტორია აქ:

უკვე ბევრი დავწერე და ვილაპარაკე ამაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ვალდებულება ისტორიული ნარატივი რუსების მოთხოვნებთან მოიყვანოს შესაბამისობაში. რუსებს არასდროს დაუშლიათ შუა საუკუნეები – ოსმალებთან, ყიზილბაშებთან და არაბებთან ომები გვეკვლია. უფრო კი – პირიქით. პრობლემა მე-19-20 საუკუნეებია.

2021 წელს, ოკუპაციის 100 წლისთავზე, გაიმეორეს რუსული და საბჭოთა ისტორიოგრაფიის სიყალბე, რომ 16 თებერვალს დაიწყო ომი და არა 12 თებერვალს, როგორც ეს სინამდვილეში მოხდა. შეგახსენებთ, რუსული და საბჭოთა ისტორიოგრაფიები ამტკიცებენ, რომ 12 თებერვალს ლორეში დაიწყო მშრომელთა აჯანყება, რომელსაც სასტიკად უსწორდებოდნენ ქართველები და 16 თებერვალს წითელი არმია იძულებული გახდა მშრომელთა დასახმარებლად ჩართულიყო ბრძოლაში. 2021 წლის 25 თებერვალს, მაშინდელმა პრემიერმა ღარიბაშვილმა, სწორედ ეს დაწერა ოფიციალურ განცხადებაში.

2022 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჯარო რეპორტი გამოაქვეყნა, სადაც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია მტრულ ორგანიზაციად გამოაცხადა. 2023 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დახურა კგბ-ს და კომპარტიის არქივები.

რადგან არქივები აღარ იყო, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ზეპირ ისტორიებზე გადაერთო“, – ამბობს ბექა კობახიძე.

მისი თქმით, საბჭოთა საქართველოს შესახებ ზეპირი ისტორიების მოგროვების პროექტი, ჰარვარდის უნივერსიტეტთან ერთად უნდა განხორციელებულიყო. თუმცა ეს პროექტი საქართველოს განათლების სამინისტრომ დაბლოკა.

„ჰარვარდის ქართულ პროგრამას განათლების სამინისტრო აფინანსებდა და ხელშეკრულების მიხედვით, სამწუხაროდ  ჰქონდათ მათ ამის უფლება. მაშინდელმა მინისტრმა ჩხენკელმა, დაურეკა ჰარვარდში ქართული პროგრამის დირექტორს სტივენ ჯონსს და სთხოვა თავი დაენებებინათ პოლიტიკურად სენსიტიური ისტორიული საკითხებისთვის და ეკვლიათ კულტურა. აი ისე, როგორც საბჭოთა დროს იყო, ცეკვა, სიმღერა, ღვინო და ფეხბურთი, მაგრამ პოლიტიკა – ნურას უკაცრავად!

წელს, ოკუპაციის დღეებში მოიმართა უპრეცედენტო კამპანია პირველი რესპუბლიკის წინააღმდეგ: მარო მაყაშვილის სურათების ორგანიზებული დაჰაჰავება, მაროს სიკვდილში საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება, კედლებზე მაროს გრაფიტების წაშლა, მთაწმინდიდან კვინიტაძის „დაგორებისკენ“ მოწოდება და მრავალი სხვა.

1981 წელს, საქართველოს „გასაბჭოების“ 60 წლისთავზე, როდესაც შევარდნაძემ კომპარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ “საქართველოს მზე ჩრდილოეთიდან ამოდის” და 1983 წელს, გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავზე, დიდი კამპანიები გაიმართა მონუმენტების აღმართვით და ერეკლეს წინა პლანზე წამოწევით, როგორც პრორუსი მეფისა.

ეს კამპანია საქართველოში 2024-2025 წლებში განმეორდა.

2026 წელს გვეცნობა, რომ ისტორიის სწავლება განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ერთადერთი წიგნიდან მოხდება. ვიცით ამ წიგნს ვინ დაწერს და იმის წარმოდგენაც არ არის რთული, ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, რა ეწერება შიგნით.

2026 წელს კი, როგორც ამ პროცესის ნაწილი, დახურეს ილიაუნის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების პროფესორები ასწავლიან და ჩვენმა სტუდენტებმა ბევრ წარმატებას მიაღწიეს“, – წერს ბექა კობახიძე.

ბექა კობახიძე თავის პოსტში იხსენებს 2024 წლის 29 აპრილს, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაც „ოცნების“ მიტინგზე, სადაც მან რუსული ნარატივი გაიმეორა და თქვა, რომ 2003 წელს „უცხო ძალებმა მოაწყეს საქართველოში რევოლუცია“ და შემდეგ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრიეს.

„არც წულუკიანის კომისიის დასკვნა უნდა დავივიწყოთ, რომელმაც ქართული მხარე გაასამართლა ომის დაწყებისთვის, საოკუპაციო ხაზზე საგუშაგოს აღმართვისთვის და რისთვის აღარ.

აქ პერსონალური ფაქტორიც არ უნდა გამოგვრჩეს: 2024 წელს თბილისში ჩამოსული იყო პროფესორი სტივენ ჯონსი, რომელსაც მაშინდელი განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარი საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა ჰარვარდში ქართული პროგრამის აქტივობების შესახებ. მე მაშინ ჰარვარდში ვიყავი. მინისტრმა არაფერი იცოდა ქართული პროგრამის შესახებ, სამაგიეროდ მაგიდაზე ედო ჩემი ფეისბუქ პოსტების ამობეჭდილი კრებული, საკვანძო ფრაზები მარკერით ყვითლად გახაზული. ეს ჩვენი მოწინააღმდეგეა და რა უნდა ამას ჰარვარდში? პასუხს სთხოვდა პროფესორ ჯონსს.

ოცი წუთი ულაპარაკია ჩემზე. მერე უთქვამს, რომ ჩაეხსენი ილიაუნის და თსუ-სთან ითანამშრომლეო. ორი წელია ვიცი და ამ ამბებზე არაფერი მითქვამს, მაგრამ უკვე აღარაფერია დასამალი.

ქვეყნის განათლების მინისტრს, რომელსაც ასეულობით დანგრეული სკოლა ებარა, ჩემი პოსტებისთვის ეცალა. ამასთან, უტაქტობა და ველურობაა, როცა თავს უფლებას აძლევ ჰარვარდიდან ჩამოსულ პროფესორს უთხრა პოლიტიკური პრეფერენციები გამოამჟღავნოს აკადემიური გადაწყვეტილების მიღებისას.

და აი, წელს ჰარვარდის ქართულმა პროგრამამ განათლების სამინისტროსგან მიიღო ოფიციალური წერილი, სადაც წერია, რომ დაფინანსება არ გაგრძელდება, მათ შორის იმიტომ, რომ პროგრამის დირექტორმა (ანუ სტივენ ჯონსმა) არ დაიცვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და გვაკრიტიკებდაო.

ილიაუნიში თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამას მე და სტივენი ერთად ვხელმძღვანელობთ. ესე იგი დასახურები კი არა დასახვრეტები ვართ.

თუმცა, მხოლოდ ისტორიით ნუ შემოვფარგლავთ ამათ მავნებლობას. საბჭოთა დროს უკიდურესი ცენზურის ქვეშ იყვნენ ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ნარატივსა და იდეოლოგიას“, – წერს ბექა კობახიძე.

მისი თქმით, ე.წ „რეფორმის“ გამო, ილიაუნიში ერთმანეთზე უკეთესი პროგრამები დახურეს: ანთროპოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, ფილოსოფიის პროგრამები, პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები და მრავალი სხვა.

„რუსეთთან სინქრონიზაციაში მოსასვლელად ილიაუნის საუკეთესო პროგრამები იხურება, მაგრამ, ამის პარალელურად, საქართველოში აკრედიტაციის გარეშე ფუნქციონირებს ირანიდან დაფინანსებული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი, რომელიც ერთგულ კადრებს უზრდის ტერორისტულ სახელმწიფოს და რომლებიც ირანის საელჩოსთან დგანან ბანერებით – „ხამენეი, მზად ვარ შენი ბრძანების შესასრულებლად!“

ისე არ მინდა მოვკვდე, რაც ზემოთ დავწერე ყველაფერი საგამოძიებო ფაილებად არ გადაიქცეს“, – წერს ბექა კობახიძე.

თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამის დახურვას გვიდასტურებს ილიაუნის კანცლერი ქეთევან დარახველიძეც.

„კითხვაზე – „რა ტიპის განათლება გვჭირდება”? სინამდვილეში ვსვამთ კითხვას: „რა ტიპის საზოგადოება გვინდა საქართველოში“? თუ უმაღლეს განათლებას მხოლოდ შრომის ბაზრის ვიწრო, მოკლევადიან მოთხოვნებს მოვარგებთ, ჩვენ ვირჩევთ საზოგადოებას, რომელიც მხოლოდ რეაგირებს არსებულ ეკონომიკურ სტრუქტურაზე და არა ისეთს, რომელიც თავად ქმნის ახალ შესაძლებლობებს – ცოდნის ეკონომიკას. ასეთ დროს განათლება ხდება მომსახურე მექანიზმი და არა განვითარების მამოძრავებელი ძალა.

ამ კონტექსტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ისტორიის პროგრამის შენარჩუნება სცილდება აკადემიურ ჩარჩოებს. ეს არის ჩვენი აკადემიური პერსონალისა და საერთაშორისო გამოჩენილი მეცნიერების მნიშვნელოვანი ძალისხმევა ჩვენი ეროვნული მეხსიერების გამორკვევისა და გაძლიერებისთვის. XIX-XX საუკუნეები არის პერიოდი, როდესაც ძლიერდება ჩვენი ევროპული იდენტობა და ყალიბდება სახელმწიფოებრიობის საფუძველი.

ამიტომ, ჩვენი ვალია დავიცვათ მეცნიერებისა და აკადემიური თავისუფლება, რადგან ისტორიის გარეშე არ არსებობს მომავლის ორიენტირი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ქეთვან დარახველიძე.

მისი თქმით, აკადემიური, სრულად აკრედიტებული პროგრამების ბედი არ უნდა წყდებოდეს უნივერსიტეტების, აკადემიური საზოგადოების გარეშე, „მით უმეტეს შრომის ბაზრის ვიწრო ინტერესების გათვალისწინებით, ტექნოკრატიული პრინციპებით ან პოლიტიკური მიზანშეწონილობით“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: