„უკრაინელების აქტიურობა არის გაცილებით მაღალი – დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს უკვე… პირველად 2023 წლის შემდეგ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის ზონები შემცირდა 37 კვადრატული კილომეტრით, ანუ უკრაინელებმა უფრო მეტი გაათავისუფლეს, ვიდრე დაკარგეს,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. იგი უკრაინის ფრონტის პარალელურად ირანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებსაც აქტიურად აკვირდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ კულუარული მუშაობენ ახალი ფრანკოს თუ პინოჩეტის მოსაძებნად ირანული სამხედრო შემადგენლობიდან. თუ გამოჩნდა ასეთი, მერე შეიძლება შეიარაღებული ძალებიც გადმოვიდეს ხალხის მხარეს – შეიარაღებულ ძალებს ისედაც დიდი პრეტენზიები აქვთ ზოგადად გუშაგთა კორპუსის მიმართ,“ – თავის მოსაზრებას გვიზიარებს სამხედრო ანალიტიკოსი.
გადამდგარი გენერლის აზრით, ირანში ყველაფერი ისე მიდის, როგორც აშშ-მ დაგეგმა, ირანის ჩამოშორება კი, მნიშვნელოვნად ასუსტებს პუტინს:
„პუტინი მაინც ელის მოლაპარაკებებს, ჩემი აზრით. მას სურს ცეცხლის შეწყვეტა, ოღონდ რუსეთისთვის მომგებიანი პირობებით. პუტინი ოპორტუნისტია და ელოდება იმ პირობების ჩამოყალიბებას, რაც მისთვის ხელსაყრელია, თუმცა ჯერ ასეთი პირობები არ ჩანს,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, დღეს, 20 მარტს, სპარსეთის ყურის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ რაკეტებითა და დრონებით მორიგი შეტევა იყო. ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომ ირანში ომი მალე დასრულდება, სამხედრო ოპერაციები გრძელდება. ჩანს ომის დასასრული?
ჯერ გასულია ორკვირა-ნახევარი. ტრამპმა თავიდანვე თქვა – ალბათ ასეც იყო დაგეგმილი – რომ ეს ოპერაცია ითვალისწინებდა ოთხ-ექვს კვირას. ის ოთხი კვირაც კი, ანუ მინიმალური დროც არ არის გასული. არავინ ამბობდა, რომ ადვილი იქნებოდა ხელისუფლების შეცვლა, გამომდინარე მისი ფესვგადგმული სისტემიდან. სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, ფაქტია.
ახლა არის ამ კამპანიის დომინირების ფაზა. სრულად განადგურდა საჰაერო ძალები, 90%-ით განადგურდა საზღვაო ძალები, უმოქმედოდაა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და ამჟამად მიმდინარეობს დარტყმები რაკეტების გამშვებებზე. ჯერ კიდევ ახერხებს ირანი რაკეტების გაშვებას. გასროლების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირდა.
პირველ დღეებში ისრაელის მიმართულებით გაუშვეს 500 რაკეტა და 800-მდე დრონი. ახლა საუბარია 20-ის ფარგლებში გაშვებულ რაკეტებსა და დრონებზე.
უკვე გამოჩნდა ირანის ცაში A-10-ები Thunderbolt. ესაა ამერიკული მრავალფუნქციური, სახმელეთო კომპონენტის ახლო მხარდამჭერი, უნივერსალური თვითმფრინავები. სამხედროებს ძალიან უყვართ ეს თვითმფრინავები ზოგადად, ავღანეთში მათ „მფარველ ანგელოზებსაც“ ეძახდნენ. მათი მარტო გამოჩენაც კი, იწვევდა იმას, რომ მოჯაჰედები უკანმოუხედავად გარბოდნენ.
ეს არის თვითმფრინავი, რომელიც შექმნილია ახლო მხარდაჭერისთვის, მას აქვს მფრინავის ტიტანის ჯავშნის კაბინა, რომელიც 23-მილიმეტრიან ჭურვებს უძლებს. აღჭურვილია შვიდლულიანი, გატლინგის სისტემის 30 მილიმეტრიანი ქვემეხით GAU-8 /A. როცა იწყებს სროლას, ისეთი სისწრაფით ისვრის და იმ სიმძლავრით, რომ თვითმფრინავი ჰაერში ჩერდება ფაქტობრივად. მას ნებისმიერი ტიპის ბომბების დაკიდება შეუძლია, ასევე მართვადი და უმართავი რაკეტების ძალიან დიდი, მრავალფეროვანი არსენალი გააჩნია.
მას შეუძლია გაცილებით დიდხანს იყოს ჰაერში, ვინაიდან ნელა დაფრინავს გამანადგურებელთან შედარებით, ასევე, უფრო ახლოს, უფრო დაბალ სიმაღლეზე შეუძლია ფრენა, ახლოდან შეუძლია ნებისმიერი გამოვლენილი სამიზნის განადგურება.
ეს თვითმფრინავი რატომ გამოჩნდა ირანის ცაში? – იმიტომ, რომ გაჩნდა საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან თავისუფალი ზონები და თავისუფალი სივრცეები.
ამის გამოჩენა იწვევს იმას, რომ აი, ირანული რაკეტის გაშვებიდან ყველაზე მოკლე დრო მათ სიცოცხლისუნარიანობა გააჩნია 5 წუთი, თუ ახლომახლო არის დრონი ან იგივე ეს თვითმფრინავი, ყველაზე ხანგრძლივი – 20 წუთის განმავლობაში შეიძლება ამ გამშვებმა მიიღოს დარტყმა.
- ამის მიუხედავად ირანი ახერხებს ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე. რა სახის უპირატესობაა ეს ირანისთვის, რუსეთისთვის?
ეს არავითარ უპირატესობას არ აძლევს ირანს. ეს არის მცდელობა მოახდინოს ზეგავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე და შესაბამისად, ზეწოლა მოახდინოს ისრაელსა და ამერიკაზე.
ჰორმუზის სრუტე ვიწროა. ვისაც რუკაზე ეს უნახავს, დაინახავს, რომ მისი სიგანე არის 31 საზღვაო მილი [სადღაც 39-40 კილომეტრია მთელი სიგანე]. სრუტეში არის რამდენიმე კუნძული. გემების ნაწილი, რომლებიც შედის სრუტეში, ირანთან ახლოს უნდა გაიაროს და ვინც გამოდის, ომანთან ახლოს უნდა გამოიაროს. ასე მოძრაობდნენ ომამდე ტანკერები.
ბოლო პერიოდში ირანმა არანაკლებ 16 სატრანსპორტო გემს დაარტყა. ირანს ამ სრუტეში შეუძლია გააკეთოს ის, რომ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გამოიყენოს სანაპიროდან, ან ამ კუნძულებზე მდებარე რაღაც მიწისქვეშა ბუნკერიდან გამოვიდეს, ისროლოს და ისევ დაიმალოს.
ყველაზე ძლიერი, რაც ირანის საზღვაო ძალებს აქვთ, ესაა სწრაფმავალი კატერები დიდი რაოდენობით. არ ვიცი, ახლა რამდენია დარჩენილი, მაგრამ მნიშვნელოვნად რომ შემცირებულია, ეს ფაქტია. „ხროვის ტაქტიკით“ ყველა მიმართულებიდან უტევენ ერთ გემს, ერთ სამიზნეს და ყუმბარმტყორცნებიც არის ამ კატერებზე, არის ZU-23-2-ები და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები.
როგორც ტრამპი ამბობს, ფაქტობრივად, განადგურებულია ყველა დამნაღმველი ხომალდი. ეს არ გამორიცხავს, რომ ჩვეულებრივი ნავიდან, ან კატერიდან გაუშვან ნაღმი. მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ის, რომ მოხდეს ამ გემების ესკორტირება სამხედრო ხომალდების საშუალებით.
ასევე, ამ პრობლემის გადაწყვეტისთვის საზღვაო ქვეითები დაიძრნენ ირანისკენ. ეს ნიშნავს, რომ ამ სრული დომინაციის ფაზაში შეიძლება რაღაც ახალი ეტაპი დაიწყოს. არ გამოირიცხება, რომ საზღვაო ქვეითებმა განახორციელონ ამფიბიური ოპერაცია და დაიკავონ ჰორმუზის სრუტის მაკონტროლებელი კუნძულებიდან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქეშემის, ლარაკას და აბუ საიდის კუნძულები, საიდანაც უფრო ეფექტიანად შეძლებენ სრუტის კონტროლს.
- რამდენად მნიშვნელოვანი იყო ნატოს წევრი ქვეყნების ჩართვა ამ ოპერაციაში, რაც უკავშირდება ჰორმუზის სრუტეს და რა ელოდება ნატოს? ტრამპი უკმაყოფილოა ნატოს წევრი სახელმწიფოების უარით, რომლებსაც ირანის მიერ დაბლოკილი ჰორმუზის სრუტის გახსნაში ჩართვა სთხოვა. ტრამპის თქმით, ეს ნატოს მომავლისთვის „ძალიან ცუდი“ იქნება.
დღეს ისედაც რთული ვითარება აქვს ამერიკას და ნატოს ერთმანეთში. ეს პოლიტიკურ-დიპლომატიური საკითხია, თუმცა როცა შენ არავის უთანხმებ და ისე იწყებ დარტყმებს, ხოლო როცა გჭირდება, საყვედურობ: რატომ არ დამეხმარეთო, გაუგებარია.
ნატოსთან დისტანცირება ტრამპიდან წამოვიდა და ახლა უცებ გვერდში დგომას ითხოვს. ფაქტობრივად, ტრამპის პოზიცია შემდეგია: რასაც მინდა იმას გავაკეთებ და თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რასაც გეტყვით.
ამ პირობებში არ ვიცი რამდენად დიდხანს გაგრძელდება ეს უარი. შეიძლება, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დაიწყონ ამ გემების გაცილება ნატოს წევრმა ქვეყნებმა, მაგრამ ეს შედეგია ამ ურთიერთობების, რომელიც ტრამპისგან წამოვიდა.
- ირანში ომის დასრულების რა შესაძლო სცენარებია ყველაზე რეალური თქვენთვის?
სამხედრო ნაწილი მიღწევადია – განადგურებული იქნება ბირთვული იარაღის შექმნის პოტენციალი, დასუსტებული იქნება ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად, დასუსტებული იქნება პროქსი ქვეყნებისთვის ირანის დახმარების შესაძლებლობა.
ასევე, მნიშვნელოვნად შესუსტდება ირანის ხელისუფლება. დანარჩენი ტრანზიტულ ფაზაში უნდა გამოჩნდეს. დასუსტებული ხელისუფლება უფრო ადვილი შესაცვლელია და უფრო მიდრეკილია ჩამოშლისკენ, ვიდრე შენარჩუნებისკენ. ნებისმიერი ადამიანის დანიშვნა ირანის სულიერი ლიდერის თანამდებობაზე ნიშნავს, შავი ნიშნის მიცემას, როგორც ეს არის სტივენსონის „განძის კუნძულში“ – მას დიდხანს არ უწევს სიცოცხლე“
სამხედრო ობიექტების დარტყმის გარდა, უკვე დარტყმას ახორციელებენ ირანის სახელმწიფოს მართვის ოფისებზე, პოლიციის საგუშაგოებზე. სადაც არიან რევოლუციის დაცვის გუშაგები, მათ ურტყამენ. ეს, რა თქმა უნდა, ასუსტებს სახელმწიფო აპარატს. დარწმუნებული ვარ, რომ კულუარული მუშაობა მიმდინარეობს ახალი ფრანკოს თუ პინოჩეტის მოსაძებნად ირანული სამხედრო შემადგენლობიდან.
თუ გამოჩნდა ასეთი, მერე შეიძლება შეიარაღებული ძალებიც გადმოვიდეს ხალხის მხარეს – შეიარაღებულ ძალებს ისედაც დიდი პრეტენზიები აქვთ გუშაგთა კორპუსის მიმართ. ამ შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება გადასვლა გარდამავალ მშვიდობის ფაზაზე. ვნახოთ, ამას რამდენად მოახერხებენ ისრაელი და ამერიკა. მთავარია, სირიიზაცია არ მოხდეს: დაპირისპირება ყველა ყველას წინააღმდეგ!
- ისევ არსებობს ირანის მხრიდან რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმის საფრთხე? რეზონანსული აღმოჩნდა თქვენი განაცხადი იმაზე, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ყველაზე დაუცველი მონაკვეთი საქართველოა და ირანმა შეიძლება საქართველოსაც დაარტყას. თქვენ სუსშიც გამოგკითხეს…
ჩემი ამ განცხადების მეორე დღეს აზერბაიჯანში დააკავეს დივერსანტთა ჯგუფი, რომელიც გეგმავდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის აფეთქებას და ასევე, სინაგოგაზე თავდასხმას. რამდენჯერმე დაიბომბა თურქეთიც.
საქართველოს, რა თქმა უნდა, უპირატესობა აქვს ის, რომ უშუალოდ არ ვესაზღვრებით ირანს. ვინც წერა-კითხვა იცის და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა შეუძლია, შეუძლია შევიდეს ინტერნეტში და იქ შეადაროს რეგიონში შეიარაღებული ძალების რაოდენობა, შეიარაღება, თავდაცვის ბიუჯეტი და ბოლო წლების საბრძოლო გამოცდილება.
დასკვნის გამოტანა შესაძლებელია მარტივად, მაგალითად, აზერბაიჯანთან და თურქეთთან მიმართებაში როგორია საქართველოს შეიარაღებული ძალების სტატუსი. აქ არაფერი საიდუმლო არ არის, ამას ღია წყაროების ანალიზი ჰქვია და ნებისმიერ წერა-კითხის მცოდნეს შეუძლია ინტერნეტით მოიპოვოს ეს ინფორმაცია.
ასე რომ, ვითარება რთულია მთელი რეგიონისთვის. რაც არ უნდა ვისაუბროთ, რომ ეს არის ამერიკა-ისრაელის დაპირისპირება ირანთან, ბევრი ქვეყანა ჩართულია ამაში.
ყველგან, სადაც კი შემიძლია, ყველასთან ხაზს ვუსვამ, რომ ქართველი მებრძოლის უნარ-ჩვევები და ქართველი მებრძოლის ეფექტიანობა ძალიან მაღალია. მსოფლიოში ორი-სამი ქვეყნის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ასეთი მებრძოლის ხასიათით, როგორიც არის ქართველი სამხედრო, მაგრამ ქართველ მებრძოლს სჭირდება აღჭურვილობა.
აღარ მუშაობს ანდაზა – „ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისაო“. როდესაც მოწინააღმდეგე დრონის საშუალებით 15-20 კილომეტრიდან გებრძვის, თუ გვიყვარს ჩვენი მებრძოლი და გვინდა მათ გვერდში დგომა, შესაბამისად, ისინი ისე უნდა აღვჭურვოთ, რომ ამოცანის წარმატებით შესრულებაც შეძლონ და ამოცანიდან ცოცხლად დაბრუნებაც.
- რა ხდება უშუალოდ უკრაინის ფრონტის ხაზზე? წუხელ ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ერთი ქალი დაიღუპა და ორი ადამიანი დაშავდა.
ყურადღება ძირითადად გადავიდა ირანის მიმართულებაზე და ნაკლებად ექცევა ყურადღება უკრაინას, თუმცა იქაც საინტერესო ვითარებაა.
უკრაინელებმა დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს უკვე. საინტერესოა, რომ უკრაინამ ეს შეძლო პირველად 2023 წლის შემდეგ, როდესაც კურსკში შეიჭრნენ უკრაინის ძალები.
2023 წლის შემდეგ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის ზომები შემცირდა 37 კვადრატული კილომეტრით, ანუ უკრაინელებმა უფრო მეტი გაათავისუფლეს, ვიდრე დაკარგეს. ესაა თებერვალი-მარტის პერიოდი.
მიმდინარეობს კონტრშეტევები. 2024-2025 წლებში, როცა გააქტიურდა რუსების შეტევები, მაშინ აქცენტირებულად უტევდნენ უკრაინის სამხრეთ მიმართულებას და დნეპროპეტროვსკ-ზაპოროჟიეს მიჯნას. საწყის ეტაპზე რუსების შეიარაღებულ ძალებს გააჩნდათ გარკვეული წარმატებები, მათ შედარებით ადვილად მიაღწიეს ორიხოვოს, ეს არის თავდაცვითი რაიონი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იცავს ზაპოროჟიეს მისადგომებს.
რუსებმა სცადეს შემოევლოთ გულიაიპოლიდან და სტეფნაგორსკიდან, შემდეგ კი უშუალოდ დაერტყათ ზაპოროჟიესთვის. შეტევები მიმდინარეობდა, როგორც სჩვევიათ რუსებისთვის დამახასიათებელი სამკაციანი, ხუთკაციანი ჯგუფებით – ცდილობდნენ, შემოევლოთ გვერდიდან და უკნიდან უკრაინელების გამაგრებული რაიონებისთვის და წაწეულიყვნენ წინ.
„ფენოვანი ხაჭაპურის“ ვარიანტი ჩამოყალიბდა – ერთმანეთს ენაცვლებოდა პოზიციები უკრაინელების და რუსებისა. ამას თავისი უარყოფითი თვისებებიც აქვს – რუსები სამკაციანი, ხუთკაციანი ჯგუფებით სიღრმეში შედიოდნენ, წყდებოდნენ ძირითად მომარაგების და გაძლიერების ბაზებს, იყვნენ დრონით მიწოდებული მომარაგების იმედად.
ამ პირობებში ჩამოყალიბდა უკრაინელებისთვის კარგი პირობა კონტრშეტევისთვის – დაქსაქსული საბრძოლო ველის პირობებში.
ამას დაემატა ისიც, რომ სტარლინკი გამორთეს, რამაც მისცა საშუალება უკრაინელებს მექანიზებული დარტყმები განეხორციელებინათ დრონების მხარდაჭერით.
უკრაინამ გამოიყენა ალგორითმი: ჯერ დრონები და არტილერია ასუფთავებს მოწინააღმდეგის ახლო ზურგს, შემდეგ კი, მექანიზებული დანაყოფებით შეჰყავს მაქსიმალურად ახლოს ობიექტზე – ქვეითები წმენდენ რაიონს მექანიზებული საშუალებების საცეცხლე მხარდაჭერით, უახლოვდებიან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დრონების ოპერატორები, არტილერია და აგრძელებენ შეტევას.
ამ პირობებში ჯავშანტექნიკის გამოყენება უკრაინელებმა ისევ დააბრუნეს უკან. ამით ფაქტობრივად ის გამოჩნდა, რომ მექანიზებული შეტევები შესაძლებელია, თუკი მოხდება უპილოტოების პოზიციების აღმოჩენა და მათი ჩახშობა.
- ეს რა მასშტაბის წარმატება უკრაინისთვის, შეიძლება ველოდოთ ფართომასშტაბიან კონტრშეტევას?
არა. სამწუხაროდ, ფართომასშტაბიანს ვერ ვიტყვით, თუმცა მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური და მორალური თვალსაზრისით ეს წარმატება.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ შეიძლება რუსები ემზადებიან საგაზაფხულო-საზაფხულო კამპანიისთვის და გადაჯგუფებებს აწყობენ. შეიძლება, ამიტომაც არის შემცირებული მათი ინიციატივა და შეტევების ინტენსივობა. დიდი მოლოდინი მე არა მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინელები მიიწევენ წინ და ტაქტიკურ დონეზე კონტრშეტევით ახერხებენ ტერიტორიების დაბრუნებას.
- კრემლის პრესსპიკერმა, პესკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში სიტუაციური პაუზააო. მას იმედი აქვს, რომ ეს პაუზა შეწყდება. ირანის ომის პირობებში რა პერსპექტივა აქვს მოლაპარაკებას რუსეთსა და უკრაინას შორის?
სანამ ეს ომი ირანში რაღაც უფრო სტაციონარულ ფაზაში არ გადავა ან დასრულებისკენ არ წავა, მოლაპარაკებისთვის არ მგონია მოიცალოს ტრამპმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. რუსები კი, მათ გარეშე არ დასხდებიან მოლაპარაკებაზე. შეიძლება, თურქეთმა შეძლოს მოლაპარეკებების ორგანიზება, ვერ გეტყვით.
- ზელენსკიმ თქვა, რომ მას კარტი უჭირავს ხელში. იგი სავარაუდოდ შაჰიდების წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინელი სპეციალისტების ომის ზონაში გაგზავნას გულისხმობდა, რაც აშშ-ს თხოვნა იყო. რა კარტია ეს უკრაინისთვის?
დახმარების კარტია, რომლითაც შეიძლება მერე ელაპარაკოს ამერიკას, რომ აი, მე შენ გეხმარები. ტრამპს რაც არ უნდა მოსწონდეს პუტინი, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ამერიკელი ამომრჩევლისთვის. 200 სპეციალისტი უკვე გაგზავნეს უკრაინიდან და კიდევ 14 სპეციალისტის გაგზავნას აპირებენ, რომ თავის გამოცდილება გაუზიარონ სხვებს:
არაბულ ქვეყნებზეა საუბარი, რომლებიც იღებენ მძიმე დარტყმებს, ვინაიდან მათი შესაძლებლობები ვთქვათ არ არის ისეთი, როგორიც ამერიკის. დარტყმები ხდება მათ მტკივნეულ ობიექტებზე, ძირითადად მაინც ნავთობისა და საწვავის საცავებზე.
უკრაინა მზად არის დაეხმაროს და ეხმარება კიდეც ამერიკელებს. ეს ძალიან სწორი ნაბიჯია უკრაინის მხრიდან. შაჰედებთან ბრძოლის ეფექტური გამოცდილება უკრაინას ნამდვილად გააჩნია.
- „არასასიკეთო წინათგრძნობა მაქვს უკრაინაში ომის ზეგავლენის შესახებ“ – განაცხადა ზელენსკიმ. იგი მეფე ჩარლზს და პრემიერ კირ სტარმერს შეხვდა. შეიმჩნევა რამე ცვლილება დასავლეთის მხარდაჭერაში ირანის ომის პირობებში?
უკრაინისთვის ამერიკიდან იარაღის მიწოდებაზე რაღაც შეფერხებები იქნება, ალბათ, მაგრამ ამერიკის გარდა ევროპაც ეხმარება უკრაინას და გააგრძელებს ამ დახმარებას.
გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ომი არც რუსეთს აწყობს, მით უმეტეს, როცა მას ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე აკლდება, რომლისგანაც იღებდა უამრავ დახმარებას. რუსეთი რჩება მარტო, ჩრდილოეთ კორეას თუ არ ჩავთვლით. ჩინეთი რომ მხოლოდ სიტუაციური მოკავშირეა, ეს ფაქტია.
- რუსეთის რესურსები რამდენად მცირდება ამასობაში, იგივე ადამიანური რესურსი, რომელსაც არ უჩიოდა? შესაძლოა, მობილიზება დაიწყოს რუსეთის დიდ ქალაქებშიც?
ფარული, ან კვაზი პერმანენტული მობილიზაცია უკვე მიმდინარეობს. ჯერჯერობით პირადი შემადგენლობის შევსებას ახერხებენ. ფაქტია, რომ რუსეთს არ ულხინს, რუსეთმა განსაკუთრებით ვერაფრით ვერ ჩაანაცვლა სტარლინკის შესაძლებლობები. ეს ურთულებს საქმეს რუსებს და უადვილებს – უკრაინელებს.
ამ ტემპით, ხორცის შტურმებით: სამკაციანი და ხუთკაციანი ჯგუფებით შეჟონვა-შეღწევის ოპერაციებით რუსეთს შეუძლია კიდევ წელიწადზე მეტ ხანს აწარმოოს საომარი მოქმედებები, თუმცა საბოლოო ჯამში უჭირს.
მე ვერ ვხედავ ვერანაირ ტექნიკურ სიახლეს რუსეთის მხრიდან: საბრძოლო მანქანას, არტილერიას, თვითმფრინავს, რაც ბრძოლის ველზე გამოჩნდა. მეტიც, ის ვითომდა უახლესი შეიარაღების სისტემები, რომელთაც ამაყად აატარ-ჩაატარებდნენ აღლუმებზე, ბრძოლაში არასიცოცხლისუნარიანები აღმოჩნდნენ. ამ დროს უკრაინაში პირიქით ხდება – მუდმივად ჩნდება ახალი სისტემები, როგორც ევროპიდან მიღებული, ისე მათ მიერ წარმოებული.
პუტინი მაინც ელის მოლაპარაკებებს, ჩემი აზრით. მას სურს ცეცხლის შეწყვეტა, ოღონდ რუსეთისთვის მომგებიანი პირობებით. პუტინი ოპორტუნისტია და ელოდება იმ პირობების ჩამოყალიბებას, რაც მისთვის ხელსაყრელია, თუმცა ჯერ ასეთი პირობები არ ჩანს.






