სპარსეთის ყურეში ჩარჩენილი ხუთი ქართველი მეზღვაური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართავს და დახმარებას სთხოვს.
ქართველი მეზღვაურების თქმით, ისინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან.
„ვიმყოფებით ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ORINOCCO [IMO: 9302994], რომლის ამჟამინდელი მდებარეობაა ერაყი, პორტი KHOR AL ZUBAIR…
ვიმყოფებით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში – არ გვექცევა შესაბამისი ყურადღება, ფაქტობრივად ვართ იზოლაციაში/ჩაკეტილ მდგომარეობაში და გაუსაძლის პირობებში.
გთხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაერთოთ აღნიშნულ საკითხში, უზრუნველყოთ კონსულური ჩარევა, ჩვენი უფლებების დაცვა და უსაფრთხო, მშვიდობიანი რეპატრიაცია ერაყის ტერიტორიიდან. აღნიშნული ვითარება საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას, ვინაიდან შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეს ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს,“ – აღნიშნულია მეზღვაურების მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში.
მეზღვაურებმა სამინისტროს გუშინ, 18 მარტს მიმართეს.
მეზღვაურები საქართველოს ოფიციალურ უწყებებს ადვოკატ ლელი ბჟალავას დახმარებით უკავშირდებიან.
ადვოკატი ლელი ბჟალავა ამბობს, რომ წერილის გაგზავნის შემდეგ, მას საგარეო საქმეთა სამინისტროდან პასუხი არ მიუღია.
ადვოკატის თქმით, დღეს, 19 მარტს, ქართველ მეზღვაურებს სოციალური ქსელითაც ვეღარ უკავშირდება.
„ამ პორტში არიან 21 დღეა, ირანის ომის დაწყების დროს ამ პორტში გემი დაიბომბა… ამის შემდეგ ვეღარ გამოდიან პორტიდან, რადგან ეს საფრთხის შემცველია,“ – ამბობს ადვოკატი ლელი ბჟალავა.
Vesselfinder.com -ის მონაცემებით, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი ORINOCCO დღეს, 19 მარტს, სპარსეთის ყურეში იმყოფება.
სპარსეთის ყურე საომარი ზონის კატეგორიაში შედის.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესცენტრს.
სააგენტოში გვიპასუხეს, რომ „ოფიციალური წერილით“ უნდა მივმართოთ. სააგენტოს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე კითხვები წერილობით მივაწოდეთ, თუმცა 19 მარტის დღის ბოლომდე პასუხი არ მიგვიღია.
ინფორმაცია, თუ რა სახის დახმარებას გაუწევენ მეზღვაურებს და როდის, არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან არ მოგვაწოდეს.
ადვოკატმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მეზღვაურთა პრობლემების შესახებ აცნობა სახალხო დამცველის აპარატსაც.
„გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადება [სველი ხელმოწერა, ან ელექტრონული ხელმოწერა] კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად“, – ამ შინაარსის პასუხი მომწერეს ელექტრონულ ფოსტაზე სახალხო დამცველის აპარატისაგან“, – უთხრა „ბათუმელებს“ ლელი ბჟალავამ.
თუკი სამინისტრო ან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს, კომენტარს აქვე შემოგთავაზებთ.






