რუსული ტელეგრამ არხების ცნობით, რომლებიც ავრცელებენ ფოტო და ვიდეომასალას, კრასნოდარში ერთი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც უკრაინული დრონები მაღალსართულიან შენობებს დაესხნენ თავს.
18 მარტის ღამეს, მას შემდეგ, რაც კრასნოდარის პრიკუბანსკის რაიონში მაღალსართულიან შენობას დრონი დაესხა თავს, ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია კრასნოდარის მერმა, ევგენი ნაუმოვმაც დაადასტურა.
გუბერნატორ კონდრატიევის თქმით კი, დრონები სამ შენობას დაეჯახა: ერთმა ხანძარი გამოიწვია, რომელიც ჩააქრეს. კიდევ ერთი დრონი შენობას ხანძრის გამოწვევის გარეშე დაეჯახა, ხოლო მესამეში „ფრაგმენტები აივანზე იპოვეს“.
ქალაქის მერი მშობლებს ურჩევს, დღეს ბავშვები სკოლებში არ გაუშვან.
ტელეგრამ არხებზე წერენ, რომ ქალაქის დასაცავად მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.






