კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევა აჭარაში

31 ივლისის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. მართვით სუნთქვაზე იმყოფება ოთხი პაციენტი, კლინიკა 40-მა პაციენტმა დატოვა.

კლინიკაში მკურნალობს 573 ადამიანი, კოვიდსასტუმროში 730, ხოლო ონლაინკლინიკაში 1542 პირი იმყოფება.

რაც შეეხება ვაქცინაციას, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით აჭარაში სულ 53 360 ადამიანია ვაქცინირებული.

30 ივლისის მდგომარეობით კი კოვიდზე 2 303 ადამიანი აიცრა.

აქედან:

ფაიზერი-1098

ასტრაზენეკა-160

სინოვაკი-34

სინოფარმი-1011

ინვესტორის ინტერესი თუ რაიმე სხვა – ქობულეთის მერიამ ჩაქვი-ციხისძირის გენგეგმა შეცვალა

ქობულეთის მერიამ ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების გეგმა [გენგეგმა] დააკორექტირა, გადაწყვეტილების მიზეზად კი მთავრობის ადმინისტრაციის შენიშვნები დაასახელა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის თქმით, როდესაც მან ამ საკითხის გარშემო კითხვები დასვა, უპასუხეს, რომ რამდენიმე მილიონიანი ინვესტორი გამოჩნდა.

„მითხრეს, შენ რა, წინააღმდეგი ხარ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდოსო?“ – გვითხრა საკრებულოს წევრმა მერაბ ცინცაბაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

მილიონებიან ინვესტორზე განმარტებით ბარათში არაფერი წერია. თუმცა საგულისხმოა, რომ ცვლილება ბუკნარის ტერიტორიის ნაწილს შეეხო.

„დაზუსტდა ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების დაგეგმარების არეალი და მოიცვა სოფელ ბუკნარის გარკვეული ნაწილი, რომელიც ესაზღვრება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთის საავტომობილო გზას აღმოსავლეთით ბუკნარის რკინიგზის სადგურიდან საჯარო სკოლამდე.“

საგულისხმო ისიც, რომ 2019 წელს დამტკიცებულ დოკუმენტზე შენიშვნები მთავრობის ადმინისტრაციამ 2021 წელს გაუგზავნა არა ქობულეთის მერიას, არამედ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.

კითხვებს აჩენს ისიც, რომ მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოგზავნილი შენიშვნები წერილობითი სახით, საკრებულოსთვის გადაგზავნილ პროექტს თან არ ახლავს, წესით უნდა ახლდეს.

საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, 2021 წლის 20 ივლისს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს წერილობით აცნობა, რომ ჩაქვი-ციხისძირის გენგემა დასაკორექტირებელია. მისი დაკორექტირებული ვარიანტიც მიაწოდა და იქვე მიუთითა, ეს ვარიანტი საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნეო:

 

 

21 ივლის ქობულეთის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა, ნათია ბასილაშვილმა მერს, მირიან ქათამაძეს წერილობითი მოხსენებითი ბარათით აცნობა, რომ ჩაქვი-ციხისძირის გენგეგმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2021 წლის 12 ივლისის წერილში მითითებული შენიშვნების შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს.

კითხვებს აჩენს კიდევ ერთი ფაქტორი – ის, რომ ქობულეთის მერიას განაშენიანების გეგმაში შესატანი ცვლილებები საჯაროდ არ განუხილია და ის არც ვებგვერდზე აუტვირთიათ,  დაინტერესებული პირი პროექტს რომ გასცნობოდა. როგორც საკრებულოს წევრებმა გვითხრეს, ისინი მხოლოდ კომისიაში განხილვაზე იყვნენ მიწვეულები და ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვის შესახებ მათთვის არავის შეუტყობინებია.

                                                      ცვლილების მიხედვით

დაზუსტდა ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების რეგულირების დაგეგმარების არეალი და მოიცვა სოფელ ბუკნარის გარკვეული ნაწილი, რომელიც ესაზღვრება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი საავტომობილო გზას აღმოსავლეთით ბუკნარის რკინიგზის სადგურიდან  საჯარო სკოლამდე ტერიტორიას. აქ საუბარია ზღვისპირა ზოლზე და, სავარაუდოდ, იმ ტერიტორიაზე, რომელიც შესაძლოა ინვესტორს აინტერესებდეს. არის თუ არა ეს ასე, უახლოეს მომავალში გავიგებთ.

გარდა ამისა, ცვლილების მიხედვით:

ნაკვეთებში, სადაც დაშვებულია მაღლივი კორპუსის განთავსება, მისი ძირითადი მოცულობის – განაშენიანების ფართი არ უნდა აღემატებოდეს შენობის დაშვებული განაშენიანების ფართის 30%-ს.

კონკრეტულ საკურორტო-სარეკრეაციო ზონის ფარგლებში, არსებული საცხოვრებელი სახლის განვითარება ფუნქციის შეუცვლელად დასაშვებია, მხოლოდ შენობის არსებული გაბარიტების ფარგლებში, არაუმეტეს 20%  ნამატით. ასევე განისაზღვრა თითოეული კონკრეტული საცხოვრებელი ზონისათვის დასაშვებ მინიმალურზე ნაკლები ფართობის მქონე ნაკვეთებში განაშენიანების პარამეტრები.

ამ საკითხებზე განმარტებისთვის დღეს ქობულეთის საკრებულოს რამდენიმე წევრს დავუკავშირდით, როგორც ოპოზიციაში, ასევე „ოცნების“ უმრავლესობაში. სხვადასხვა „საპატიო“ მიზეზის გამო მათგან განმარტება ვერ მივიღეთ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი თბილისის სააპელაციოში გადადის

მოსამართლე დავით მამისეიშვილი სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადადის. ის ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და უვადოდ არჩეული მოსამართლე.

დავით მამისეიშვილი 2013 წლიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. ის სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა.

სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილებას დავით მამისეიშვილი 9 აგვისტოდან შეუდგება.

ჯერ უცნობია, ვინ იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე.

195 ათასი ლარი ბათუმის მეჩეთის რეაბილიტაციისთვის

ბათუმის ცენტრალური მეჩეთის სარეაბილიტაციოდ აჭარის ბიუჯეტიდან 195 ათასი ლარია გამოყოფილი. ძველ ბათუმში, ქუთაისის ქუჩის N19-ში მდებარე მეჩეთის რეაბილიტაცია 2021 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გამოაცხადა.

ტენდერის პირობის მიხედვით, სარეაბილიტაციო „სამუშაოები უნდა განხორციელდეს პროექტის შესაბამისად“, თუმცა, პროექტი სატენდერო დოკუმენტაციას თან არ ახლავს.

„პროექტი გამარჯვებულ მიმწოდებელს გადაეცემა შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ“ – აღნიშნულია ტენდერში.

ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით მეჩეთში შემდეგი სამუშაოები უნდა შესრულდეს:

„ძველი დაზიანებული შელესილობის მოხსნა დარბაზში და ბოძებზე; ცენტრალური დარბაზის, ანტრესოლის, ლოჯიების და მარჯვენა დარბაზის შელესვა, ლოჯიების და მარჯვენა დარბაზის ჭერის შელესვა; 1 მეტრ სიმაღლეზე არსებული გრანიტის ფილების მოწყობა, იატაკის მოწყობა არსებული მეტლახის ფილებით; ანტრესოლზე დაზიანებული იატაკის აყრა, იატაკქვეშა კოჭების დაზიანებული ნაწილების შეცვლა და გაძლიერება ახალი კოჭებით, ახალი იატაკის მოწყობა გამომშრალი, გარანდული ფიცრით (სისქე 5 სმ), იატაკის გალაქვა; მეორე სართულზე ფანჯრებში ცხაურების ჩასმა;

სამღებრო სამუშაოები: ანტრესოლის მოაჯირის, ხუთბისკეთის, ქურსის და ჭერის დაზიანებული ორნამენტების რესტავრაცია და შეღებვა შესაბამისი ფერის საღებავით; მთავარი შესავლელი კარებისა და დარბაზის ორი კარის დაზიანებული ორნამენტების რესტავრაცია და კარების შეღებვა შესაბამისი ფერის საღებავით; შესასვლელში არსებული ნახატობების გაწმენდა და დაზიანებული ნაწილის აღდგენა; დარბაზის ჭერის ორნამენტირებული შეფიცვრის აღდგენა, დაზიანებულის შეცვლა და შეღებვა“.

პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ სატენდერო მოთხოვნებში აღნიშნულია, რომ „სამუშაოებში უნდა მონაწილეობდეს რესტავრატორი ან/და არქიტექტორი, რომელსაც უნდა გააჩნდეს 2011 წლის 1-ლი იანვრიდან არანაკლებ 5 სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ხის სარესტავრაციო სამუშაოებში მონაწილეობის გამოცდილება.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 15 აგვისტოს დაიწყება და 20 აგვისტოს დასრულდება.

ბათუმის ცენტრალური მეჩეთი

რა ფასი ექნება წელს თხილს – ინტერვიუ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან 

„ვისაც არ სურს მოსავლის მოყვანა, ვერ ვაიძულებთ,“ – ამბობს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, რომელსაც „შთამბეჭდავ სეზონზე“ საუბრის დროს ვკითხეთ: რატომ გარბიან ადამიანები საკუთარი თხილის ბაღებიდან და თურქეთში რატომ ურჩევნიათ თხილის ან ჩაის კრეფა?

რა ფასი ექნება წელს თხილს და სად გაიყიდება მოსავალი? – „ბათუმელებმა“ გიორგი ხანიშვილს თხილის სეზონზე დაუსვა რამდენიმე შეკითხვა.

  • ბატონო გიორგი, როგორი იქნება წელს სავარაუდოდ თხილის ფასი? ცნობილია, რომ უხვმოსავლიანობაა

წელს არის 15- 20 პროცენტით უფრო მეტი მოსავალი, ვიდრე გასულ წელს. ჯამში 70 ათას ტონა მოსავალს ველოდებით.

საბაზრო პოლიტიკაზე ვფიქრობთ, რომ უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე წინა წელს. პროგნოზის გაკეთება არ არის კარგი, თუმცა ფაქტია, რომ უფრო მაღალი ფასებით ხდება თხილის ჩაბარება უკვე. ძირითადი მოსავლის აღება, როგორც წესი, აგვისტოდან იწყება. ვფიქრობთ, რომ წლევანდელი სეზონი იქნება შთამბეჭდავი.

ჩვენ გასულ წელს მოსავლიანობის 90-პროცენტიანი ზრდა გვქონდა, რაც აისახა თითოეული ფერმერის და ექსპორტიორის შემოსავლებზე. ვფიქრობთ, გაუმჯობესებული შესაძლებლობა მეტ სტიმულს მისცემს ჩვენს ფერმერებს, რომ თხილის ბაღები უფრო მეტი გააშენონ, მეტად იზრუნონ ხარისხის გაუმჯობესებაზე.

გიორგი ხანიშვილი
  • მეთხილეებმა გვითხრეს, რომ დაახლოებით 4 ლარი ღირს ჯერ თხილი. ეს მათთვის გაიაფებას ნიშნავს, რადგან ცნობილია ლარის ინფლაციის ამბავი

ფასი ბაზარზეა დამოკიდებული. მე ვთქვი, რომ ეს დინამიკა არის მუდმივად მზარდი. ზოგი ნედლი თხილის ფასს ითვლის, ზოგი – გამშრალს, ამიტომ ფასები ძალიან მაღალია წელს და გასულ წელთან შედარებით უკეთესი საბაზრო პოლიტიკაა. ეს ბაზარია, თავისუფალი ფასწარმოქმნაა და აქ ციფრებზე საუბარი არაკორექტული მგონია.

მსოფლიო ბაზარზე თხილის მთავარი მიმწოდებელი თურქეთია, სადაც წელს განსაკუთრებით უხვი მოსავალია. ეს რამდენად აისახება ქართული თხილის ფასზე

რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მსოფლიო ბაზრის ნაწილი და აისახება. თუმცა არ ვფიქრობ, რომ გასულ წელთან შედარებით თხილის ფასი საქართველოში შემცირდება. გასულ წელსაც საკმაოდ შთამბეჭდავი მოსავალი იყო თურქეთში. იცით თქვენ, რომ დაგეგმილია თურქეთის და აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრების ვიზიტებიც საქართველოში.

  • რა გამოწვევა გვაქვს თხილის ექსპორტის კუთხით

დღეს თხილის აბსოლუტური უმრავლესობა შედის ევროპის ბაზარზე, ძირითადად, გერმანიასა და იტალიაში. ქართულ თხილში საკმაოდ მაღალ ფასს იხდიან. ეს არის დაახლოებით 10 ლარი მაღალხარისხიან თხილში, რაც მსოფლიო ბაზრის ადეკვატურია. ყველა ხარისხის თხილს აქვს ადეკვატური ფასი, პრობლემა არანაირი არ გვაქვს. ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ თუ მოიყვანს მაღალი ხარისხის თხილს, მიიღებს მაღალ ფასს.

სამწუხაროდ, საშუალო სტატისტიკური მოსავლიანობა დაბალია საქართველოში, ეს არის სადღაც 700 კილოგრამის ფარგლებში. ეს, ბუნებრივია, ცოტაა – უნდა იყოს მინიმუმ ორი ტონა, ორ-ტონანახევარი. ვცდილობთ, რომ ჯერ მივაღწიოთ 1000 კილოგრამამდე. ამასთან, უნდა გაუმჯობესდეს მოყვანილი თხილის ხარისხობრივი მაჩვენებელი. ვისაც მოჰყავს თხილი და იცავს ტექნოლოგიებს, ბუნებრივია, ყიდის თხილს მაღალ ფასში. ფაქტია ისიც, რომ მოთხოვნა თხილზე მსოფლიო ბაზარზე ბევრად უფრო ჭარბია, ვიდრე მიწოდება.

  • რა კეთდება იმისთვის, რომ ხარისხი გაიზარდოს? მაგალითად, მეთხილე ფერმერთა კავშირის ხელმძღვანელმაოთარ შეროზიამ გვითხრა, რომ პრობლემაა ამ დრომდე შეწამვლის სტანდარტის არარსებობამეთხილეებმა არ იციან, როგორ და რით უნდა შეწამლონ თხილის ბაღები

არსებობს ტექნიკური რეგლამენტი და საერთაშორისო დონეზე აღიარებული პარამეტრები, ჩვენ ასევე ვასტიმულირებთ საშრობების მოწყობას, ვაშენებთ საწარმოებს. სახელმწიფო გრანტები გაიცემა. არსებობს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, ჩვენ ვაფინანსებთ მათ ხელმძღვანელებს, ე.წ. პირამიდის პრინციპით კეთდება ეს, რომ უფრო მეტი ცოდნა გადავცეთ ფერმერებს.

  • ანუ პესტიციდებზე გაქვთ კონკრეტული სტანდარტი? მეთხილეთა კავშირში გვითხრეს, რომ მეთხილეებს შემოსავლის დაახლოებით 30 პროცენტი ეხარჯებათ პესტიციდებზე

ეს არის არასერიოზული ლაპარაკი, რას ნიშნავს 30 პროცენტი იხარჯება პესტიციდებზე? არ იცის, ეტყობა, რას ამბობს. მერაბ ჭითანავას ჰკითხეთ და გეტყვით… თხილის მოყვანის ხარჯები დაახლოებით მერყეობს 700 ლარის ფარგლებში.

თხილის მოსავალი წლების წინ იყო 20 ათასი ტონა და ახლა გვაქვს 60 ათასი ტონა.

რაც შეეხება ხარისხს – საშუალო გამოსავლიანობა იყო 15-20 პროცენტი და ახლა გვაქვს 40-პროცენტიანი გამოსავლიანობა. ეს მაჩვენებლები უმჯობესდება ყოველწლიურად. ვინმე თუ თვითონ ვერ უვლის თხილის ბაღს და ლაპარაკობს, ეს არ არის ნორმა. ამდენი თხილი რომ გადის ევროკავშირის ბაზარზე, რომ არ ვარგოდეს, როგორ ფიქრობთ, გაიტანდნენ?

  • პესტიციდებზე გეკითხებით, გვინახავს მეთხილეები, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაცია, რით შეწამლონ თხილის ბაღი.

ეს არის ტყუილი და არაკომპეტენტურობა, როცა არ იცის ადამიანმა და თუ არ იცის, სხვებს ნუ შეიყვანს შეცდომაში.

თხილის ფასი არის ხარისხის მიხედვით და არის ძალიან მაღალი ფასები. შესაძლებელია მარტივად გაერთიანდნენ თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში მერაბ ჭითანავასთან და მიიღებენ კვალიფიციურ განმარტებებს, აღარ ექნებათ საწუწუნო.

ვინც არ უვლის და არ ატარებს აგროღონისძიებებს, ვერ მიიღებს თხილს და უხარისხო თხილში ფასს არავინ გადაუხდის.

როცა ადამიანი ცხოვრობს თბილისში და ვერ მიიღო ხარისხიანი მოსავალი სოფლად, ეს ვერ იქნება განმსაზღვრელი.

31 ათასი ჰექტრის მფლობელი 25 ათასი ფერმერი არის ასოციაციაში გაერთიანებული და თითოეული არის წარმატებული, მათზე დგას თხილის ასეთი მოსავალი. ხელოვნურად მის გაუბრალოებას ნუ ვეცდებით.

  • მეთხილეთა კავშირის ხელმძღვანელი გვესაუბრა კიდევ ერთ პრობლემაზესაშრობი და სასაწყობე მეურნეობები. ის განმარტავს, რომ რადგან მეთხილე თხილის შენახვას ვერ ახერხებს, იძულებულია აგვისტოში გაყიდოს იაფად ნედლი თხილი

ჩვენ საშრობებს და სასაწყობე მეურნეობების მოწყობასაც ვაფინანსებთ ყოველწლიურად. ყველას ვერ დავაფინანსებთ, რადგან რესურსი შეზღუდულია, მაგრამ ყოველწლიურად ფინანსდება რამდენიმე საშრობი. ადამიანებს, რომლებიც დებენ კონკრეტულ ბიზნესიდეებს, ვაფინანსებთ და მარტო სურვილი თუ აქვთ, ვერ მიიღებენ საშრობს.

არცერთი სრულყოფილი განაცხადი არ რჩება დაფინანსების გარეშე.

  • მაგალითად, ქობულეთში რამდენი საშრობის მოწყობა დაფინანსდა ბიუჯეტიდან? აჭარის რეგიონში ქობულეთშია ყველაზე მასშტაბური თხილის კულტურა და ამიტომ გეკითხებით

არ ვიცი, რამდენია, სიმართლე გითხრათ. მე არ მითქვამს, რომ რაც დავაფინანსეთ, ეს აბსოლუტურად საკმარისია…. მომდევნო გაზაფხულზე იქნება ისევ განაცხადების მიღება და შეეძლებათ მოგვმართონ. ფაქტია, ვისაც აქვს სურვილი ჰქონდეს თხილის ბაღი და მოიყვანოს ხარისხიანი მოსავალი, არავითარი ხელშემშლელი გარემოება დღეს არ არსებობს.

  • თქვენი აზრით, რატომ გარბიან ადამიანები საკუთარი თხილის ბაღებიდან თურქეთში თხილის საკრეფად? ან რატომ ურჩევნიათ ჩაის კრეფა? ან გერმანიაში 500 მუშახელის ვაკანსიის დაკავება უცებ რატომ მოინდომა დაახლოებით 100 ათასმა კაცმა?

არაფერი ეს ახლოს არაა რეალობასთან და ამ ინტრიგების ხლართვას მოეშვით… როდესაც არის დარგი წარმატებული, როდესაც ჩვენ შევძელით ბოლო 2 წელიწადში 14 ათასი ტონა თხილის მოსავლის გაზრდა 70 ათას ტონამდე, მსოფლიო ბაზარზე გავედით, მკვეთრად გაიზარდა ხარისხობრივი მაჩვენებლები, თქვენ კი, მესაუბრებით იმ გამონაკლისებზე, რომლებიც არ უვლიან თხილს და ვერ მიიღეს კარგი მოსავალი.

დღეს სამეგრელოშიც ვერ შოულობენ თხილის მკრეფავებს, თხილის მკრეფავები არ არიან ქვეყანაში, ამიტომ ცალსახად ასე მსჯელობა ზუსტადაც არის არასწორი… მიდის თურქეთში იმიტომ, რომ არ უვლის, ჩემო ბატონო. ეს ადამიანის ნებაზეა – თავის ბაღს მოუვლის, თუ არ მოუვლის. მოვლილი თხილის ბაღი იძლევა გარანტირებულ შემოსავალს ჰექტარზე საშუალოდ 20 ათას ლარს… ვინც უვლის, ის ბაღები ნახეთ და ნახეთ ხარისხი. თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ ყველაფერზე, მაგრამ წარმატება სახეზეა. მთავრობას ვინც მიყვება რეკომენდაციებში, მას აქვს ხარისხიანი მოსავალი და შესაბამისი შემოსავალიც. ვისაც არ სურს მოსავლის მოყვანა, მას ვერ ვაიძულებთ.

„დრო უნდა იყოს განსაზღვრული“ – ბავშვები და კომპიუტერული თამაშების საფრთხე

ავტორი: მარიკა ბოლქვაძე

სულ უფრო მეტი ბავშვი არჩევს ეზოში თანატოლებთან თამაშის ნაცვლად კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანთან თამაშს. ვირტუალურ სამყაროში დრო სწრაფად გადის და ბავშვმა შეიძლება დღეში რამდენიმე საათი გაატაროს ეკრანთან. ჩვენ ვესაუბრეთ ბავშვებს, რომლებსაც ეკრანთან ურჩევნიათ თამაში, მშობელს და ფსიქოლოგს, რომელიც იმ საფრთხეებზე გვესაუბრა, რაც კომპიუტერულ თამაშებს შეიძლება მოჰყვეს.

  • როგორც კი თვალს ვახელ, მახსენდება თამაში და ვიღებ ტელეფონს“ – გიორგი და ნიკო

9 წლის გიორგი ამბობს, რომ კომპიუტერული თამაშები მისი ყოველდღიურობის ნაწილია. მან გვითხრა, რომ ყოველდღე დაახლოებით 5 საათს თამაშობს და ამის გარეშე უბრალოდ არ შეუძლია.

„როგორც კი თვალებს ვახელ, მახსენდება თამაში და ვიღებ ტელეფონს.

ვიდეოთამაშებმა ჩემს ცხოვრებაში ჩაანაცვლა ხატვა, ბავშვებთან თამაში და ხანდახან მეცადინეობისთვის გამოყოფილი დროც კი. მომხდარა ისეც, რომ მითქვამს, ჯერ ვითამაშებ ტელეფონში და მერე ვისწავლი-მეთქი.

ტელეფონში და კომპიუტერში თამაში უფრო მომწონს, ვიდრე მეგობრებთან ერთად გარეთ ყოფნა“ – გვითხრა გიორგიმ.

მარიკა ბოლქვაძის ფოტო

გიორგი ძირითადად ე.წ. საბრძოლო ტიპის თამაშებს თამაშობს. ერთ-ერთ თამაშზე საუბრისას გიორგი ამბობს, რომ მოსწონს კონკრეტულ თამაშში კუნძულზე დაშვება, სადაც პოულობს იარაღს, იბრძვის და იმარჯვებს.

9 წლის გიორგი ამბობს, რომ კომპიუტერული თამაშისას მას შეუძლია მეგობრებსაც ეკონტაქტოს ვირტუალურად და სხვა ქვეყნიდანაც გაიცნოს ადამიანები.

გიორგის დედა, ეკა, ამბობს, რომ იცის გიორგის გატაცების შესახებ.

„დიდ დროს ატარებს მონიტორთან და აკრძალვის შემთხვევაში ღიზიანდება. არ შეუძლია 2 საათი ისე გაძლოს, რომ მინიმუმ არ მოიკითხოს მაინც თამაში“, – ამბობს ეკა.

მისი თქმით, კომპიუტერულმა თამაშებმა გიორგის ცხოვრება შეცვალა. ახლა გიორგი ეზოში თამაშს ეკრანთან ყოფნას ამჯობინებს და ხშირად ოჯახში მოსული სტუმრებითაც არ ინტერესდება.

„შეუძლია თამაშის გამო უარი თქვას ყველაფერ იმაზე, რასაც მისი თანატოლი ბავშვები აკეთებენ ამ ასაკში. არაკონტაქტური არ არის, მაგრამ უმეტესად ვირტუალური ურთიერთობა ურჩევნია უკვე“, – ამბობს მშობელი.

ეკა ცდილობს გიორგი ბურთით, ფაზლით, სხვა გასართობითა და წიგნებით დააინტერესოს, თუმცა ეს მეთოდი ყოველთვის არ მუშაობს.

„ხანდახან მოქმედებს, ხანდახან არა, ნაწილობრივ ეფექტურია…

მე არ ვუკრძალავ თამაშს, ეს გართობის ნაწილია, მაგრამ მცირე დოზით რა თქმა უნდა, ნორმის ფარგლებში“, – ამბობს გიორგის დედა.

16 წლის ნიკოც თამაშობს ეკრანთან. იგი ვიდეოთამაშებით უკვე 3 წელია გატაცებულია და ინტერესი არ იკლებს.

ნიკო თავად ამბობს, რომ უკვე დამოკიდებულია თამაშებზე და დღის დიდ მონაკვეთს ვირტუალურ სივრცეში ატარებს.

„მეგობრებთან შეხვედრა იშვიათად მიწევს, რადგანაც ყველა ჩემი მეგობარი ამ თამაშს თამაშობს და შეგვიძლია ერთ გუნდში ვითამაშოთ, ანუ ვირტუალურად თან ვეკონტაქტოთ ერთმანეთს თამაშის პროცესში და ისე ვითამაშოთ. როცა ერთმანეთს ვნახულობთ ცოცხალ სივრცეში, მაშინაც ვთამაშობთ ერთად“, – ამბობს ნიკო.

იგი არ თვლის, რომ კომპიუტერულმა თამაშებმა ადამიანებთან ცოცხალი ურთიერთობა ჩაანაცვლა.

„აქაც მაქვს კონტაქტი ადამიანებთან, უფრო მეტთანაც, ვიდრე სინამდვილეში მექნებოდა, უბრალოდ ვირტუალურად და თამაშის ხარჯზე“, – გვითხრა ნიკომ.

ნიკო არ მიიჩნევს, რომ საბრძოლო ტიპის თამაშები აგრესიას იწვევს. „პირიქით, მგონია, რომ მაწყნარებსო“, – გვითხრა მან.

  • საშიშია, როცა ვირტუალური თამაში რეალურს ანაცვლებს? – რას ამბობს ფსიქოლოგი

შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ საათობით კომპიუტერული თამაშით გართობა დამოკიდებულებად? – ამ თემაზე პრაქტიკოს ფსიქოლოგს, ირმა ფეიქრიშვილს ვესაუბრეთ.

მან გვითხრა, რომ თამაშდამოკიდებული ბავშვების ასაკი უკვე ძალიან ადრე იწყება:

„თუ კი ადრე შეიძლებოდა თამაშდამოკიდებული ბავშვი ყოფილიყო დაახლოებით 11–12 წლის, ახლა ფსიქოლოგები ვაწყდებით იმ პრობლემას, რომ 4–5 წლის ასაკიდან ბავშვები უკვე ძალიან აქტიურად თამაშობენ გაჯეტებით სხვადასხვა თამაშს.

როდესაც ბავშვები ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდებიან თამაშების ფერად სამყაროში, რეალური სამყაროდან ფაქტობრივად გადიან, იმიტომ, რომ ეს არის საშუალება, ნახონ ძალიან საინტერესო სივრცე, არიან აბსოლუტურად დამოუკიდებლები, შეუძლიათ საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ უფროსების ჩართვის გარეშე.

აქ ყველაზე ცუდი ის არის, რომ მათი თამაშის დრო არასდროსაა ლიმიტირებული“, – ამბობს ირმა ფეიქრიშვილი.

ირმა ფეიქრიშვილი

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ვირტუალური თამაშები უკვე თანამედროვე სამყაროს ნაწილია და მასზე უარის თქმა ძნელია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთ თამაშებს და, ზოგადად, გაჯეტებს, ორი მხარე აქვს:

„რა თქმა უნდა, XXI–ე საუკუნის ბავშვი როგორ შეიძლება საერთოდ მოწყდეს გაჯეტებს, ვერ ავუკრძალავთ ამას. ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ სასარგებლოდ.

ნებისმიერი თამაში ავითარებს სხვადასხვა კოგნიტურ უნარს, თუნდაც ყურადღებას, სწრაფ რეაქციას, სწრაფ აზროვნებას, – ბავშვმა უნდა გაიაზროს შემდგომი მოქმედება, მოწინააღმდეგის სტრატეგიები და ეს გარკვეულ პოზიტიურ ზეგავლენასაც ახდენს ბავშვის განვითარებაზე, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ბავშვები აბსოლუტურად წყდებიან რეალურ ცხოვრებას.

ყველაზე სახიფათო ის არის, რომ  ძალიან ხშირად ბავშვები რეალურ ცხოვრებაშიც სწორედ ამ ვირტუალურ გმირებს განასახიერებენ და ისევე იქცევიან, როგორც თამაშში. ამან შეიძლება ფატალურ შედეგამდეც მიგვიყვანოს. რეალურ ცხოვრებაში ამ ყველაფრის წარმოჩენა არც ისეთი მარტივია, ისინი ფიზიკურად ამისთვის მზად არ არიან“, – ამბობს ფსიქოლოგი.

ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად ფსიქოლოგი თამაშის დროის განსაზღვრას მიიჩნევს.

„დრო, რომელსაც გაჯეტებთან ატარებს ბავშვი თუ მოზარდი, უნდა იყოს აუცილებლად განსაზღვრული.

როდესაც იწყებს თამაშს, უნდა დავუნიშნოთ დრო.

ასევე, მშობელმა უნდა იცოდეს, რას თამაშობს ბავშვი, რადგან არის თამაშები, რომლებიც გარკვეულ აგრესიას იწვევენ ბავშვებში, იმდენად აგრესიულები ხდებიან, რომ ამ აგრესიის მართვას მერე ვეღარ ახერხებენ.

პრობლემაც სწორედ ამაშია.

გაჯეტებთან ურთიერთობა შეიძლება შევადაროთ, მაგალითად, წამლის მიღებას. გარკვეული წამლის მიღებისას გვჭირდება ექიმის მიერ დანიშნული დოზა, რომ წამალი იყოს სასარგებლო, მაგრამ გადაჭარბებული მოგვწამლავს და შეიძლება მოგვკლას კიდეც. გაჯეტებთან ურთიერთობაც ზუსტად ასეა“, – ამბობს ირმა ფეიქრიშვილი.

იგი ამბობს, რომ თამაშზე დამოკიდებულება და გაჯეტებთან გატარებული უკონტროლო დრო ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც კი შეიძლება აისახოს. ამის მაგალითად ფსიქოლოგს მოჰყავს შემთხვევა საკუთარი პრაქტიკიდან, როცა მოზარდს, რომელიც დღე და ღამე ძირითადად კომპიუტერული თამაშებით იყო დაკავებული და გარეთაც კი არ გადიოდა, კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტი განუვითარდა.

  • „გაიზრდება და შეწყვეტს თამაშს“ – რამდენად სწორია ეს მოსაზრება?

არაერთი მშობელი  ფიქრობს, რომ გაჯეტებზე დამოკიდებულება თანდათან, ბავშვის გაზრდასთან ერთად შემცირდება და 16-17 წლის მოზარდები თავად იტყვიან უარს თამაშზე.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ეს შეიძლება სულაც არ მოხდეს.

„რაც უფრო მეტად იზრდება ბავშვი და გადადის მოზარდობის ხანაში, მით უფრო მეტად ურთულდება მას ურთიერთობა სოციუმთან და, ზოგადად, პასუხისმგებლობის გრძნობის აღებაც საკუთარ თავზე.

მოზარდებს ახასიათებთ რეალური ცხოვრებიდან გაქცევა, მაგალითად, წიგნის კითხვით  – ეს არის საშუალება, რომ მოზარდი გაექცეს რეალობა და იცხოვროს გამოგონილ სამყაროში, რადგან რეალობა მისთვის საშიშია.

ზოგადად, შიში ძალიან კარგი ემოციაა, ეს არის სიფრთხილე. შიში ჩვენ გვეხმარება, ბევრ საფრთხეს გვაცილებს თავიდან, მაგრამ როდესაც მოზარდები რეალური ცხოვრების წინაშე დგებიან და რაღაც პასუხისმგებლობები უნდა აიღონ საკუთარ თავზე, ეს შიში მძაფრდება. ამ დროს მათ თანადგომა სჭირდებათ, ამის ნაცვლად კი ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებას გაექცნენ რეალურ ცხოვრებას.

ამის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს ყველაფერი მოზარდობის ხანაში შეიძლება თავისით მოწესრიგდეს? არა, პირიქით! ძალიან მძაფრდება და ძალიან რთულდება ვირტუალური თამაშების სივრციდან მოზარდის დაბრუნება რეალურ ცხოვრებაში.

შედეგად მოზარდს შეიძლება არაფერზე პასუხისმგებლობის აღების სურვილი არ ჰქონდეს. ის საკუთარ ცხოვრებას ვერ მართავს და ვერ პოულობს ადგილს“, – ამბობს ირმა ფეიქრიშვილი.

  • რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა?

შეუძლია თუ არა მშობელს კონკრეტულ ზომებს მიმართოს შვილის გაჯეტების მავნე ზეგავლენისგან დასაცავად? – ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ ეს შესაძლებელია.

ფსიქოლოგი რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გვთავაზობს მშობლებისთვის:

„ბავშვებსაც და მოზარდებსაც უნდა ჰქონდეთ ძალიან კარგად ჩამოყალიბებული დღის რეჟიმი.

ყოველთვის საღამოს ბავშვმა უნდა იცოდეს, ხვალ რა უნდა აკეთოს. ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი.

თუ კი ჩვენ საღამოობით ბავშვს ვაცნობთ მის ხვალინდელ დღის რეჟიმს და მასთან ერთად ვადგენთ, ვაწესებთ წესებს და მერე ვითხოვთ ამ წესების შესრულებას, ის აღარ აპროტესტებს ამას ისე მტკივნეულად, ვიდრე წესების დაცვის გარეშე.

გავითვალისწინოთ, რომ ბავშვებს დროის შეგრძნება გამომუშავებული არ აქვთ. თამაშის დაწყების წინ ჩვენ უნდა დავუნიშნოთ ტაიმერი. ორი საათი როცა გავა, შემდეგ 10 წუთის დამატება შეგვიძლია, რომ დაამთავროს თამაში, მაგრამ ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ 10 წუთი შეუძლია გადააცილოს, მეტი არა და უნდა დაანებოს თამაშს თავი.

ბავშვს შეიძლება მივცეთ როგორც ჯილდო გაჯეტებთან ურთიერთობის საშუალება, ეს ბევრად უფრო კარგად მუშაობს.

მშობლებიც უნდა შევეცადოთ, რომ ბავშვთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში ჩავერთოთ, ვეთამაშოთ.

ადამიანს სჭირდება 21 დღე, რომ რაღაც ჩვევად ჩამოუყალიბდეს. იქნებ მშობლები შევეცადოთ, რომ აი, ეს 21 დღე მასთან ერთად გავიაროთ და მერე დავაკვირდეთ, რამდენად ჩამოყალიბდა ბავშვის ახალი უნარ-ჩვევა.

იმდენად ფერადი და ლამაზია ვირტუალური თამაშების სამყარო, რომ დამერწმუნეთ, მასთან კონკურენცია მარტივი არაა, ამიტომ ბავშვი უნდა იყოს ფიზიკური აქტივობით დაკავებული, სპორტით ან ხელოვნებით, რომ იქაც მიიღოს ანალოგიური სიამოვნება, გამოხატოს რომელიმე სფეროში მისი ენერგია და ამით კმაყოფილება იგრძნოს, რომ აღარ ჰქონდეს ონლაინ სივრცეში გაქცევის დიდი მოთხოვნილება“, – ამბობს ირმა ფეიქრიშვილი.

_______________________

მასალა მომზადებულია „მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის“ ფარგლებში, რომელსაც „ბათუმელები“ ახორციელებს „ამერიკულ კუთხესთან“ ერთად. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

#მეავიცერი – თიბისიმ თანამშრომლებისათვის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხობის უზრუნველყოფის მიზნით, თიბისი მოუწოდებს თიბისელებს, ჩაიტარონ კოვიდ-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

ამ მიზნით, თიბისი აცრის მსურველებს წამახალისებელ აქტივობებს სთავაზობს. კერძოდ, თანამშრომლებისთვის, რომლებიც 29 ივლისიდან 1 სექტემბრამდე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ, თიბისის შემდეგი სამოტივაციო შეთავაზებები აქვს:

[checklist]

  • აცრის ჩატარების დღე პერსონალისათვის ცხადდება უქმედ;
  • პირველი 3 ფილიალი, რომელთა თანამშრომლების 80%-ზე მეტი 1 სექტემბრამდე აიცრება, დასაჩუქრდება შაბათ-კვირას ქალაქგარეთ დასვენების ტურით;
  • 29 ივლისიდან – 1 სექტმებრამდე ვაქცინრებულ ყველა თიბისელს გადაეცემა თიბისის ბრენდ მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერი
  • ვაქცინირებული თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსის დაფინანსება.

[/checklist]

„ჩვენთვის გუნდის წევრების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია. უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით და დიდესი პასუხისმგებლობით, მშვიდობიანად გავიარეთ ყველასთვის რთული წელიწადნახევარი. პრევენცია, უსაფრთოების წესების დაცვა, ერთმანეთზე და მომხმარებელზე ზრუნვაამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. მჯერა, რომ თიბისელები პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ვირუსის პრევენციისა და ვაქცინაციის პროცესს,“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

თიბისის უმთავრესი ამოცანაა, დაავადების გავრცელების პრევენცია, სანიტარული უსაფრთხოების წესების აქტიური დანერგვა და დაცვა და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამისათვის კომპანია მოუწოდებს თითოეულ თიბისელს პასუხისმგებლობით მოეკიდოს ვაქცინაციის საკითხს და ჩაერთოს შეთავაზებულ პროგრამაში.

ჯარიმის პატიებას 2 635 გადამხდელი ითხოვს – მიმართვის ბოლო ვადა 31 ივლისია

გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს 2021 წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შეუძლია, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა -საურავები, რისთვისაც მან შემოსავლების სამსახურს 1-ელ აგვისტომდე უნდა მიმართოს.

29 ივლისის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 2 635  განაცხადი დარეგისტრირდა.

„აღნიშნული შეღავათით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და 2021 წლის 31 დეკემბრამდე  განახორციელოს საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული თანხის ბიუჯეტში გადახდა.

ამასთან, სანქციების შემცირება ხორციელდება ძირითადი გადასახადის სრულად გადახდის პირობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ძირითადი გადასახადი მთლიანი საგადასახადო დავალიანების (ძირითადი გადასახადისა და სანქციების ჯამის) 30%-ზე ნაკლებია, ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს მთლიანი საგადასახადო დავალიანების სულ მცირე 30%.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

სამსახურის ინფორმაციით, შეღავათით სარგებლობა შეუძლია ყველა გადასახადის გადამხდელს, მათ შორის იმ გადამხდელებსაც, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს საგადასახადო დავა ფინანსთა სამინისტროსა და სასამართლოს სისტემაში.

გადამხდელს შეუძლია საგადასახადო შე­თან­ხმე­ბაზე შემოსავლების სამსახურს ელექტრონულადაც მიმართოს. „ელექტრონული ფორმით მიმართვის შემთხვევაში, განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გამოყენებით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.“

ამ თემაზე:

საგადასახადო შე­თან­ხმე­ბაზე შემოსავლების სამსახურს ელექტრონულადაც მიმართავთ

ივანე აბაშიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის იურიდიული კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეა

𝟐𝟎𝟐𝟏 𝟐𝟔-𝟑𝟎 ივლისს გაიმართა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (𝐈𝐌𝐎) საზღვაო იურიდიული კომიტეტის რიგით 𝟏𝟎𝟖-ე სესია (𝟏𝟎𝟖𝐭𝐡 𝐒𝐞𝐬𝐬𝐢𝐨𝐧 𝐨𝐟 𝐈𝐌𝐎 𝐋𝐞𝐠𝐚𝐥 𝐂𝐨𝐦𝐦𝐢𝐭𝐭𝐞𝐞). იურიდიული კომიტეტის წლევანდელი სესია ისტორიულია საქართველოს დელეგაციისათვის. მიმდინარე სესიაზე კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარედ წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად აირჩიეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე.

𝐈𝐌𝐎-ს იურიდიული კომიტეტი შეიქმნა 𝟏𝟗𝟔𝟕 წელს და წარმოადგენს ორგანიზაციის მთავარ ორგანოს საზღვაო და სანაოსნო სამართლის აქტუალური საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობას იღებს 𝐈𝐌𝐎-ს წევრი ყველა სახელმწიფოს დელეგაცია.

ივანე აბაშიძე წლების განმავლობაში, როგორც საქართველოს დელეგაციის წევრი თუ ხელმძღვანელი, აქტიურად მონაწილეობს 𝐈𝐌𝐎-ს სხადასხვა კომიტეტსა თუ ქვე-კომიტეტში და გამოხატავს საქართველოს პოზიციას არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე. ის წლების განამვლობაში მუშაობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში წამყვანი იურისტის, იურიდიულ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის და დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე.

ივანე აბაშიძე 𝟐𝟎𝟏𝟖-𝟐𝟎𝟐𝟎 წლებში საერთაშორისო მობილური სატელიტური ორგანიზაციის (𝐈𝐌𝐒𝐎) მრჩეველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარეც გახლდათ. ის ასევე 𝐈𝐌𝐎-ს საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის (𝐈𝐌𝐎 𝐈𝐌𝐋𝐈) საერთაშორისო საზღვაო სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია.

აღსანიშნია, რომ 𝟐𝟎𝟐𝟏 წლის განმავლობაში ივანე აბაშიძე საქართველოს სახელით ხელმძღვანელობდა გემთმფლობელთა პასუხისმგებლობის შეზღუდვის შესახებ 𝐈𝐌𝐎-ს კონვენციების საერთო ინტერპრეტაციასთან (𝐔𝐧𝐢𝐟𝐢𝐞𝐝 𝐈𝐧𝐭𝐞𝐫𝐩𝐫𝐞𝐭𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐨𝐧 𝐭𝐡𝐞 𝐭𝐞𝐬𝐭 𝐟𝐨𝐫 𝐛𝐫𝐞𝐚𝐤𝐢𝐧𝐠 𝐭𝐡𝐞 𝐨𝐰𝐧𝐞𝐫’𝐬 𝐫𝐢𝐠𝐡𝐭 𝐭𝐨 𝐥𝐢𝐦𝐢𝐭 𝐥𝐢𝐚𝐛𝐢𝐥𝐢𝐭𝐲 𝐮𝐧𝐝𝐞𝐫 𝐭𝐡𝐞 𝐈𝐌𝐎 𝐜𝐨𝐧𝐯𝐞𝐧𝐭𝐢𝐨𝐧𝐬) დაკავშირებით შექმნილ ინტერსესიულ სამუშაო ჯგუფს, რომლის ანგარიშის წარდგენაც განხორციელდა კომიტეტის 𝟏𝟎𝟖-ე სესიაზე.

კომიტეტის 𝟏𝟎𝟖-ე სხდომაზე განიხილეს თანამედროვე საზღვაო და სანაოსნო სამართლის აქტუალური თემები, მათ შორის 𝐈𝐌𝐎 კონვენციების ძალაში შესვლასთან დაკავშირებული საკითხები; მეზღვაურთა სამართლიანი მოპყრობის; გემთმფლობელთა პასუხისმგებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებული 𝐈𝐌𝐎-ს კონვენციების საერთო ინტერპრეტაციის საკითხები და სხვა.

„ოცნების“ მერობის კანდიდატები ხულოში, შუახევსა და ქედაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ხულოში ვახტანგ ბერიძე იქნება, შუახევში – ომარ ტაკიძე, ქედაში – როლანდ ბერიძე. მერობის კანდიდატები დღეს, 30 ივლისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

ვახტანგ ბერიძე ხულოს მოქმედი მერია, ომარ ტაკიძე შუახევის მერის მოვალეობას ასრულებს მას შემდეგ, როცა არჩეული მერი ფრიდონ ფუტკარაძე უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა, როლანდ ბერიძე კი, ქედის მერის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

აჭარის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ მერობის ყველა კანდიდატი კაცია. ქვეყნის მასშტაბით კი, 63 მუნიციპალიტეტში მხოლოდ 2 ქალი [დუშეთი, რუსთავი] კანდიდატი დაასახელა მმართველმა პარტიამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

„ოცნების“ მერობის კანდიდატი ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე იქნება. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ბოლო პერიოდამდე ზაზა დიასამიძე ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი იყო. ბოლო რამდენიმე თვეა ის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე გადაიყვანეს.

ინფორმაციას, რომ ზაზა დიასამიძე სწორედ ამ მიზნით გადაიყვანეს პოლიციიდან, თავის დროზე დღეს უკვე მერობის კანდიდატი, კატეგორიულად არ ეთანხმებოდა.

ზაზა დიასამიძე დავით რიჟვაძის ახლო მეგობარია – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად ზაზა დიასამიძემ დაუდასტურა.

დავით რიჟვაძე კი, თავადაც პოლიცის მაღალჩინოსანი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამაა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფუნქციას მოუძებნის „ქართული ოცნება“ მოქმედ მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს.

აჭარის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ მერობის ყველა კანდიდატი კაცია. ქვეყნის მასშტაბით კი, 63 მუნიციპალიტეტში მხოლოდ 2 ქალი [დუშეთი, რუსთავი] კანდიდატი დაასახელა მმართველმა პარტიამ.

თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

ქობულეთში „ოცნების“ მერობის კანდიდატი ლევან ზოიძე იქნება

ქობულეთის მერობის კანდიდატი ლევან ზოიძე იქნება. მერობის კანდიდატები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, 30 ივლისს დაასახელა.

ლევან ზოიძე ამ დრომდე ქობულეთის მერის მოადგილეა.

ლევან ზოიძის მამა ავთანდილ ზოიძე ქობულეთის საკრებულოს დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“. ლევან ზოიძის და – თინა ზოიძე კი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსია.

აჭარის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ მერობის ყველა კანდიდატი კაცია. ქვეყნის მასშტაბით კი, 63 მუნიციპალიტეტში მხოლოდ 2 ქალი [დუშეთი, რუსთავი] კანდიდატი დაასახელა მმართველმა პარტიამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

„ოცნების“ მერობის კანდიდატი ბათუმში არჩილ ჩიქოვანი იქნება

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი იქნება. ის ბათუმის ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ გადადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე ვიცე-მერად დანიშნა და დღემდე მერის მოვალეობას ასრულებს.

„ოცნების“ მერობის კანდიდატები რამდენიმე წუთის წინ პარტიის ერთერმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

ბათუმის ვიცე-მერად, შემდეგ კი მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნამდე არჩილ ჩიქოვანი აჭარის მთავრობის აპარატს ხელმძღვანელობდა.

არჩილ ჩიქოვანი საჯარო სამსახურში 2013 წლიდან გამოჩნდა. მისი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, ის 2013 წლამდე მაშინდელ სამართალდამცავ უწყებებში ეტაპობრივად დაწინაურდა, „ოცნების“ ხელისუფლებაში კი საჯარო თანამდებობები მიიღო.

სამართალდამცავი უწყებებიდან სამთავრობო სტრუქტურაში არჩილ ჩიქოვანი 2013 წელს გადაიყვანეს [2013 -2017 წლებში] – აჭარის მთავრობის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა, შემდეგ მას გზების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ჩააბარეს. ეს უწყება აჭარაში მაღალბიუჯეტიან პროექტებს ახორციელებდა.

2018 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ ჩაიბარა, არჩილ ჩიქოვანი მთავრობის აპარატის უფროსი გახდა.

აჭარის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ მერობის ყველა კანდიდატი კაცია. ქვეყნის მასშტაბით კი, 63 მუნიციპალიტეტში მხოლოდ 2 ქალი [დუშეთი, რუსთავი] კანდიდატი დაასახელა მმართველმა პარტიამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

მწერალთა სახლი: „შეიძლება ახალი ჟიური მოვიწვიოთ, მაგრამ თუ წიგნი არ დარჩა, ვისთვის?“

ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ ოცამდე ნომინირებულმა ავტორმა დატოვა.

ავტორებმა საკუთარი წიგნები კონკურსიდან მოხსნეს. ასევე მოიქცა ჟიურის ხუთიდან ოთხი წევრი და ამჯერად კონკურსში რჩება ჟიურის მხოლოდ ერთი, სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი, იოსებ ჭუმბურიძე. პროტესტის ძირითადი მიზეზი სწორედ მისი დანიშვნა იყო სამინისტროს მხრიდან.

მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე, ლელა შუბითიძე გვეუბნება, რომ ჯერ არ არსებობს ზუსტი პასუხი კითხვაზე, ჩატარდება თუ არა საერთოდ წელს „ლიტერა“.

„ჯერ არ ვიცით რას იზამს სამინისტრო, გაიწვევს თუ არა მის მიერ დანიშნულ ჟიურის მეხუთე წევრს, როგორც ამას ავტორები პროტესტის ნიშნად ითხოვენ. არც იმას გეუბნებით, რომ უარია, და არც იმას, რომ თანხმობაა.

საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ არ ვიცით.

ოცამდე ავტორმა გაიტანა წიგნი, მაგრამ პროცესი გრძელდება და თუ ნახევარზე მეტმა ავტორმა მოხსნა კანდიდატურა, კონკურსი ვისთვის უნდა ჩატარდეს?

ჩვენი, მწერალთა სახლის დიდი სურვილია ეს კონკურსი ჩატარდეს, მაგრამ ჩვენ ვართ მწერლებზე დამოკიდებული და ვმუშაობთ მათთვის. თუ წიგნების უმრავლესობას მოხსნიან, იძულებულები ვიქნებით ახალი ჟიურის მოწვევაზეც აღარ ვიფიქროთ.

წიგნების ნაწილი კონკურსში რჩება. იცით, რომ ჟიურიც აღარ გვყავს. წიგნები ბევრია, ახალი ჟიურის შეკრებაც დროს მოითხოვს და კონკურსმა შეიძლება გადაიწიოს, თუკი ის საერთოდ ჩატარდება.

თუ ავტორთა უმეტესობა დატოვებს „ლიტერას“ და წიგნიც აღარ დარჩება წასაკითხი, მაშინ ახალი ჟიური რატომ უნდა მოვიწვიოთ? ასეთ შემთხვევაში, სამწუხაროდ, კონკურსის ჩატარებას საფრთხე დაემუქრება,“ – ამბობს ლელა შუბითიძე.

გუშინ „ლიტერას“ 30-ზე მეტმა კონკურსანტმა ავტორმა ოფიციალური განცხადებით მიმართა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს და მოუწოდეს მას, რომ სამინისტრომ დაუყოვნებლივ გაიწვიოს მის მიერ დანიშნული წევრი ჟიურიდან. ავტორებს მიაჩნიათ, რომ ჟიურის წევრად სამინისტროს წარმომადგენლის დანიშვნა სამინისტროს მხრიდან ლიტერატურულ პროცესებში ერთმნიშვნელოვანი და უხეში ჩარევაა.

ჟიურის გაწვევის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა „პენცენტრმაც“. განცხადებას 60-ზე მეტი მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი, ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი აწერს ხელს.

„ლიტერას“ ლონგლისტში 111 წიგნია სხვადასხვა ნომინაციაში.

მაღალმთიან აჭარაში 230 მასწავლებელი აიცრა

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში 200-მდე სკოლის მასწავლებელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ხულოში 130 პედაგოგი აიცრა „სინოფარმით“, შუახევსა და ქედაში კი – 50-50 პედაგოგი.

ვაქცინაციამდე პედაგოგებს შეხვდა ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი და ვაქცინაციის უსაფრთხოებაზე ინფორმაცია მიაწოდა.

მასწავლებელთა ვაქცინაციის შესახებ „იუნისეფის“ მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში ერთ-ერთი მასწავლებელი ირემაძეების სკოლიდან, თემურ გობაძე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„პირველ რიგში იმიტომ ვიცრები, რომ სახლში შვილიშვილი მყავს და მინდა, რომ დაცული იყოს.  მეორე იმიტომ, რომ რაც უფრო მეტი მასწავლებელი იქნება აცრილი, მით უფრო მოვახერხებთ ჩვეულებრივ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას და სკოლაშიც ყველა ბავშვი იქნება დაცული“, – ამბობს თემურ გობაძე.

NCDC-ის ბოლო, 30 ივლისის მონაცემებით, მინიმუმ ერთი ვაქცინითაა აცრილი 904 მასწავლებელი ქვეყნის მასშტაბით, სრული დოზით კი 202 მასწავლებელი.

ჯანდაცვის უწყებების განცხადებით, იმისათვის, რომ ახალ სასწავლო წელს, სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდეს, საჭიროა სკოლის პერსონალის მინიმუმ 70 პროცენტი იყოს ვაქცინირებული.

________________________

მთავარი ფოტო: მასწავლებლების ვაქცინაცია ხულოში/„იუნისეფი“.

თავშეყრის ადგილზე მხოლოდ 2-ჯერ აცრილი ადამიანი უნდა მივიდეს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდაფეთქების ყველა კერა, რაც ქვეყანაში გვაქვს, გამოწვეულია დიდი თავშეყრებით.

„წვეულებები, გამოსაშვები საღამოები, ქორწილები, ქელეხები თუ სხვა, არის ყველაზე დიდი მიზეზი ეპიდემიის გავრცელების.

ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ მხოლოდ ორჯერ აცრილი ადამიანები უნდა იყვნენ მიწვეული ღონისძიებებზე და ეს უნდა შემოვიდეს წესად.

ნებისმიერ თავშეყრაზე უნდა მივიდეს მხოლოდ ორჯერ აცრილი ადამიანი და არ მივიდეს, თუ ის ორჯერ აცრილი არ არის, მაგრამ დაპატიჟებულია. ან თუ მივა, წინასწარ გაიტესტოს. ეს კულტურის წესად უნდა იქცეს,“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი განცხადებით, დღევანდელი, 30 ივლისის მდგომარეობით ქვეყანაში 149 ათასი ადამიანი არის ორჯერადად აცრილი.

„ერთჯერ აცრილი არის 300 ათასზე მეტი ადამიანი. ამ დღეებში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი საშუალოდ გვაქვს 15 ათასამდე, რაც კარგია, მაგრამ არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა. დღეში უნდა იყოს საშუალოდ 20-25 ათასი აცრა,“ – აღნიშნა მან.

გამყრელიძის თქმით, იდეალური შემთხვევა იქნება მაშინ, როცა თითო თვეში, – ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, მილიონი აცრა გაკეთდება. „ასეთ შემთხვევაში შევაკავებთ და გადავლახავთ სრულად პანდემიის ყველა მაჩვენებელს“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 30 ივლისის 21 საათიდან 31 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში მომდევნო ორ დღეს, პირველ და 2 აგვისტოს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ფაიზერის ვაქცინების დაჯავშნა ბათუმში, ხულოში, შუახევსა და ქედაში შეიძლება

ფაიზერის ვაქცნის დაჯავშნა დღეს ისევ შესაძლებელი გახდა. დღეისათვის ფაიზერის ვაქცინები უკვე ხელმისაწვდომია ბათუმში – რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კლინიკებში „მედინასა“ და „ბაუში“.

ფაიზერით აცრა დღეიდან შესაძლებელია აჭარის სამ მუნიციპალიტეტშიც – ხულოში [ ევექსის კლინიკა, შუახევსა [ევექსის კლინიკა] და ქედაში ევექსის კლინიკა].

ვაქცინა არ დაუმატებითა ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი “ფაიზერის” ვაქცინის 500 000 დოზა ქვეყანაში 24 ივლისს ჩამოვა.

აჭარაში კოვიდის 419 ახალი შემთხვევა დადასტურდა

30 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა.

ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 557 ადამიანი მკურნალობს, 91 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 4 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

რეგიონში თვითიზოლაციაშია 3 833 ადამიანი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2712 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დადასტურდა კოვიდის 2712 ახალი შემთხვევა | 30 ივლისი

30 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2712 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39126 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 25 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

სტაციონარში იმყოფება 5547 ინფიცირებული, კლინიკურ სასტუმროებში – 1048.

ინფიცირების  2 712 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 243 შემთხვევა, აჭარაში – 419, იმერეთში – 273, ქვემო ქართლში – 149, შიდა ქართლში – 102, გურიაში – 71, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 142, კახეთში – 175, მცხეთა-მთიანეთში –75, სამცხე-ჯავახეთში – 43, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 20.

29 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.59% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.09 %.

ერთმანეთს 2 სატვირთო შეეჯახა – დაშავებულია 2 ადამიანი

დღეს, 30 ივლისს, ქობულეთში ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს.

ავტოავარიის შედეგად დაშავდნენ მძღოლები, ორი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბათუმის დინამომ ბატე 4-1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა

ბათუმის დინამომ ბელარუსულ საფეხბურთო კლუბ ბატეს სტუმრად 4-1 მოუგო და ევროპის კონფერენს ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ პირველი თამაში დინამოს 1-0 ჰქონდა წაგებული და ეს სხვაობა ბელარუსში აღმოფხვრა.

დინამოელთაგან გოლები აზაროვმა, ფანცულაიამ, მამუჩაშვილმა და ფლამარიონმა გაიტანეს.

შემდეგ ეტაპზე ბათუმის დინამოს მეტოქე თურქეთის სივასპორი იქნება. გუნდებს შორის პირველი თამაში 5 აგვისტოს, ბათუმის სტადიონზე გაიმართება.

3 წლის საბას ოჯახი სიღარიბესა და ავადმყოფობას ვერ უმკლავდება

3 წლის საბა ჩხოროწყუში, სოფელ კირცხში ცხოვრობს. მისი ერთადერთი სათამაშო ძველი ველოსიპედის კარკასია, რომელსაც ჩამოსაჯდომი აღარ აქვს, მაგრამ საბა მაინც ახერხებს ამ ველოსიპედით ოთახში გადაადგილებას.

საბას სხვა სათამაშო არ აქვს და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საბას და მისი მშობლების მთავარი პრობლემა.

საბას ხელზე გამონაზარდი აქვს, რის გამოც ოპერაცია სჭირდება. როგორც საბას დედა, მაია სტეფანია ამბობს, ბავშვს მკურნალობენ, თუმცა წამლები საკმარისი არ აღმოჩნდა და ოპერაციული ჩარევა აუცილებელია.

„მითხრეს, ოპერაციით მოვაშორებთო. ექიმმა საბას ჰემანგიომა დაუდგინა“ – გვეუბნება მაია. მან გვითხრა, რომ შვილის ოპერაციის დაფინანსების თხოვნით მუნიციპალიტეტის მერიას უკვე მიმართა. მაია ამბობს, რომ ოპერაციის დაფინანსებას დაჰპირდნენ.

საბა

მაია სტეფანია „ბათუმელებს“ ფეისბუქზე დაუკავშირდა. მან ოჯახის ყოფის ამსახველი არაერთი ვიდეო და ფოტო გამოგვიგზავნა იმის საჩვენებლად, რომ ოჯახს მართლაც ძალიან უჭირს. მაიას ოჯახი რომ ღარიბია, ეს სოფელ კირცხშიც დაგვიდასტურეს.

„ბოდიში, რომ გაჩვენებთ ამ სახლს, ამ გაჭირვებას, მაგრამ რა ვქნა, დახმარება ბავშვისთვის მჭირდება“ – გვითხრა მაიამ.

მაია, მისი ქმარი და 3 წლის საბა ერთსართულიან სახლში ცხოვრობენ, რომელიც სამი ოთახისგან  შედგება: მისაღები, საძინებელი და სამზარეულო. არც ერთ ოთახში არ არის იატაკი და ჭერიც უმეტესად დაზიანებულია, ოჯახს არ აქვს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები.

მაია დახმარებას ითხოვს, რომ 3 წლის საბამ  შედარებით უკეთეს გარემოში იცხოვროს.

მაია და საბა
მაიას სახლი

მკურნალობა თავად მაიას და მის მეუღლესაც სჭირდებათ. მაია ამბობს, რომ მასაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, მაგრამ  ფიქრობს, რომ  ჯერ შვილს უნდა მიხედოს, მეუღლესაც მუდმივად წამალი სჭირდება – „წამალს თუ არ დალევს, ცუდად ხდება“.

ოჯახი სოციალურად დაუცველია და დახმარების სახით ყოველთვიურად 200 ლარს, ასევე პროდუქტის ვაუჩერს იღებს. მაიას თქმით, ეს ბავშვის გამოსაკვებად ჰყოფნით, მაგრამ ვერ ახერხებენ საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ცხოვრობენ, მაია ამბობს, რომ ოჯახს მხოლოდ მცირე ზომის მიწის ნაკვეთი აქვს, რომელზეც ბოსტნეული მოჰყავთ.

_____________________

მკითხველების თხოვნით, ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს, რომელზეც შეგიძლიათ თანხის გადმორიცხვა მაია სტეფანიას ოჯახის დასახმარებლად.

თიბისი ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE21TB7070845064300002

მიმღები: არჩილ კახაძე 

დანიშნულება: მაია სტეფანიას ოჯახის დასახმარებლად 

„ერთმანეთი გვჭირდება“ – რა სურთ სარფსა და ქემალფაშაში

„თუ ქართველები არ ჩამოვლენ, ეკონომიკური პრობლემები იქნება,“ „აქაურობამ მნიშვნელობა დაკარგა, ადამიანები არ გადმოდიან“, „ვაჭრობა რომ ძველ ნიშნულზე დაბრუნდეს, PCR ტესტი უნდა გააუქმონ“, „ასეთი ღარიბი ქვეყნის მმართველებმა რომ მოსახლეობის მდგომარეობა არ იციან, ძალიან უცნაურია ჩემთვის. ზაფხულის ბოლოს თუ საქართველო წესიერ ნაბიჯს არ გადადგამს, ქემალფაშაში არავინ აღარ დარჩება“, – ეს ქემალფაშაში მდებარე მაღაზიების მეპატრონეების განწყობებია.

პანდემიის დაწყებამდე 2000-მდე ადამიანი ყოველდღიურად კვეთდა თურქეთ-საქართველოს საზღვარს და ქემალფაშაში მიდიოდა სამუშაოდ. ქემალფაშა პატარა ქალაქია თურქეთის მხარეს, საქართველოს საზღვრის ახლოს. 2008 წელს აქ ტანსაცმლისა და ტექსტილის ბაზრობა გაიხსნა. იმის გამო, რომ ბაზრობის ძირითადი კლიენტები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, თურქ მესაკუთრეებს მაღაზიაში ქართველები ჰყავდათ დასაქმებულები. ბაზრობაზე დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1000 ლარი იყო.

საზღვარი

პანდემიის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვარი 2020 წლის 15 მარტს ჩაიკეტა და ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში თავისუფალი მიმოსვლა შეუძლებელი იყო.

2021 წლის ივნისიდან საზღვარი ღიაა, თუმცა ქართული მხარის მიერ დაწესებული ბარიერების გამო, ცოტა ხალხი კვეთს მას.

ორჯერ ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს, თურქეთი PCR ტესტის გარეშე უშვებს. საქართველოში დაბრუნებულებს კი, იმის მიუხედავად, რომ ვაქცინირებულები არიან, უწევთ PCR ტესტის წარდგენა, რომელიც თურქეთში დაახლოებით 250 ლირა ღირს. ტესტის არ ქონის შემთხვევაში მოქალაქე ვალდებულია 8 დღიან იზოლაციაში წავიდეს.

ქემალფაშა

პანდემიის კვალი საზღვრის გადაკვეთისთანავე იგრძნობა. პანდემიამდე საბაჟოს შენობის წინ ათობით მიკროავტობუსი იდგა, რომელთა მძღოლებიც ქართულ-თურქულად გთავაზობდნენ ქემალფაშაში წასვლას. ლოდინის დრო მაქსიმუმ 5 წუთი იყო.

ახლა საზღვრის თურქულ მხარეს აღარც ბევრი ხალხია და აღარც ქემალფაშაში მიმავალი მიკროავტობუსების რიგი დგას. ბაზრობაზე მოსახვედრად ან ტაქსით უნდა წახვიდე ან საპორტო ქალაქ ხოფისკენ მიმავალ სამარშრუტო მიკროავტობუსს უნდა გაჰყვეთ, რომელიც ყოველ ნახევარ საათში ერთხელ დადის.

ქემალფაშაში ჩასულს, პირველი რაც თვალში გხვდება, ეს დაკეტილი მაღაზიებია. ცენტრალური გზის პირას ადრე ტექსტილი და ფერადი ტანსაცმელი იყო გამოფენილი, ახლა ყველა ჟალუზი დაკეტილია.

ქემალფაშაში მაღაზიების უმრავლესობა დაკეტილია

„თუ ქართველები არ ჩამოვლენ, ეკონომიკური პრობლემები იქნება,“ – ამბობს ესქი მეჯითი, ღუმელიდან ხაჭაპურს იღებს და აგრძელებს – „ნახეთ, ხაჭაპური გავაკეთე, მაგრამ კლიენტები არაა. თურქები არიან მხოლოდ. საზღვარი თუ გაიხსნება, ძველებურად მიმოსვლა აღდგება, ყველაფერი გამოსწორდება. ჩვენ იქით წავალთ, ისინი აქეთ გადმოვლენ, ხალხი ამოძრავდება“.

ესქის ქემალფაშაში პატარა კაფე აქვს. პანდემიამდე სავსე იყო საქართველოდან გადმოსული ხალხითო, ამბობს. მის კაფეში დასაქმებულებიც ქართველები არიან. მათ შორისაა გივი კრავიშვილი.

„ეს ორი წელია, ქართველები რომ ვეღარ შემოდიან ქემალფაშას ძალიან გაუჭირდა. იქით ქართველებს უჭირთ. თან საქართველოში გადასვლა ძვირია. ქართველებს კიდევ ფული არ აქვთ. ამათ ჩაის საკრეფად ხალხი სჭირდებათ, იძულებული არიან თვითონ იმუშაონ. ვინც გადმოვიდა საქართველოდან, ყველა დასაქმდა,“ – ამბობს გივი.

ესქი და მისი ქართველი თანამშრომლები კაფეს ერთადერთი კლიენტისთვის შეკვეთის მზადების დროს

გივი ქემალფაშაში მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მამა, გივი კრავიშვილი მშენებლობაზე მუშაობს. დედა, ნათია ჩუბინიძე პანდემიამდე სასადილოში მუშაობდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ახლა მუშაობას ვერ ახერხებს. რამდენიმე წელია საქართველოში არ ყოფილა. ოჯახმა მთელი პანდემიის პერიოდი ქემალფაშაში გაატარა.

„პანდემიამ ეკონომიკურად იმოქმედა. ყველას გაუჭირდა. ჩემი მეუღლე მუშაობდა მშენებლობაზე და პირადად მე ეს გაჭირვება დიდად არ მიგრძვნია, მაგრამ აქაურ ქართველობას ძალიან გაუჭირდა. კრიზისი იყო. უმუშევრობა. ყველაფერი ჩაიკეტა – ჩაიხანები, ლოკანტები, კავეები (სათამაშო სახლები).

მეშინოდა კორონასი. ძალიან მეშინოდა. გარეთ არ გამოვდიოდი. ოჯახის წევრები რომ გამოდიდნენ გარეთ მაგის მეშინოდა. ვარიგებდი და წესების დაცვას ვთხოვდი,“ – იხსენებს ნათია ჩუბინიძე. ნათიას მეუღლე შეზღუდვების პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ პანდემიამ ყველას და ყველაფერს დაამჩნია კვალი.

„პანდემიის დასაწყისი რთული იყო. პოლიცია გვიშლიდა გარეთ გამოსვლას – აფთიაქში და საკვებზე შეგვეძლო მხოლოდ გამოსვლა. თუმცა მე არ შემხებია  – მშენებლებზე არ იყო შეზღუდვები. 18 წლამდე ბავშვი და 60 წელს გადაცილებული კაცი გარეთ ვერ გამოვიდოდა. საჭმელზეც უშლიდნენ ჩემს ბავშვს გასვლას. მე რომ ვმუშაობდი, ბავშვი უნდა გასულიყო საჭმლის საყიდლად და უშლიდნენ. მე არ გამჭირვებია. სულ ვმუშაობდი. ეგ კი არა შაბათ-კვირას აკრძალული იყო მუშაობა და მაინც გავდიოდი და ვმუშაობდი. მშენებლობაზე აგური, სილა ამაქვს.

ადგილობრივებს გაუჭირდათ. ჩაის კრეფა პირველი სეზონი ძალიან გაუჭირდათ [თურქებს]. ერთი თვეა სეზონი და თვენახევარი კრეფდნენ. 1,20 ლირა იყო ერთი კილო ჩაის მოკრეფა. „ამდენ თანხას ვიხდიდით თურმე ჩაის კრეფაშიო, ამბობდნენ“. მთავრობა რა თანხასაც აძლევდათ, მთლიანად პატრონის ჯიბეში წავიდა. მესამე სეზონზე უკვე მოწვევები გაკეთდა და ქართველები გადმოვიდნენ სამუშაოდ,“ – იხსენებს გელა კრავიშვილი.

მაღაზიებისგან განსხვავებით კაფეები ღია, მაგრამ ცარიელი

ჯემალ შავაძე ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში ცხოვრობს. ათი წელია თურქეთში დადის სამუშაოდ. ქემალფაშაში მუზაფერ ალფერის კაფეში ვხვდებით. მუზაფერის კაფეც, სხვა კაფეების მსგავსად სულს ღაფავს. ის ამბობს, რომ ქართველებსაც სჭირდებათ ქემალფაშას ბაზრობა და თურქებსაც.

„ჩვენთან წამალი იაფია, თქვენთან ძვირი. ჩვენთან ტანსაცმელი იაფია, თქვენთან ძვირი. უთხარით მთავრობას, რომ საზღვარი გახსნას,“ – ამბობს მუზაფერი.

ჯემალ შავაძე საზღვრის ჩაკეტვის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ეკონომიკური გავლენა, რომელიც ამ ჩაკეტვამ მოიტანა, მთელ დასავლეთ საქართველოს ეხება.

„საზღვრის ჩაკეტვამ ჩემზე კი არა მთელს ბათუმზე და მთელს დასავლეთ საქართველოზე იმოქმედა ძალიან ცუდად. თურქეთის გარეშე არანაირი სამუშაო არაა საქართველოში. გინდა არ გინდა ჩვენი ხალხი (ვინც ზესტაფონს აქეთ ცხოვრობს), უნდა გადმოვიდეს თურქეთში და იმუშაოს აქ.

ათი წელია თურქეთში დავდივარ და აქედან ვარჩენ ოჯახს. საქართველოში არაფერი არაა. განუკითხაობაა და რაფერც ბიძინას უნდა ისე მართავს ყველაფერს.

საზღვარი რომ ჩაიკეტა, აქედან გამოგვიგზავნეს მოწვევა და გადმოვედით. ბევრი ვერ გადმოვიდა. რამდენია იცით დარჩენილი, რომ ვერ გადმოდის აქეთ?

ღია საზღვარი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. საღამოს გადახვალ სახლში, დილას გადმოხვალ. სამი თვეა აქ ვარ. მენატრება ჩემი ოჯახი. შვილები, შვილიშვილები, ჩემი ეზო, მაგრამ ვერ გადავდივარ. დღეები მეკარგება. ყველაზე მაგარია ჩემს სახლში რომ გადავალ და დილას გადმოვალ – ამას ნიშნავს ღია საზღვარი,“ – ამბობს ჯემალ შავაძე.

მუზაფერ ალფერი და ჯემალ შავაძე

ჯემალი ამბობს, რომ ყველაზე მეტად პანდემიის პირველი თვეები გაუჭირდა, როცა სამსახურის გარეშე და უფულოდ დარჩა.

„ბათუმში არანაირი სამუშაო აღარ იყო. აქეთ ვერ გადმოვდიოდით. როცა თურქეთმა მოწვევების გაკეთება დაიწყო და  სამუშაოდ გადმოვედით, ცოტა ხელი მოვიბრუნეთ.

ზოგი ჩაიზე მუშაობს აქ. აქ ისეთი ხალხიცაა, ისე მძიმედ მუშაობენ, რა ვიცი, შეგეცოდება. ზოგს არც შეუძლია მუშაობა, მაგრამ გინდა არ გინდა უნდა იშრომოს, ორი ლუკმა პური რომ წაიღოს. ზოგს ეს თურქი ხალხი პატიობენ – ეხმარებიან რამდენს.

ჩაიში ყველა მეორე ქართველია. საღამოობით, ჩაიდან რომ მოდიან ქემალფაშაში ისეთი სიტუაციაა, ბათუმი გეგონება.

მაღაზიებშია ოღონდ ცოტა ხალხი. აგერ-იგერაა ღია. უმეტესობა დაკეტილია. საზღვარი რომ არაა ღია და ვერ გადმოდის ჩვენი ხალხი, მაგიტომაა მაღაზიები დაკეტილი. რომ გაიხსნა მაღაზიები, იქითაც ხელს მოიბრუნებს ხალხი და აქეთაც,“ – ამბობს ჯემალი.

თემელჯან იაზიჯი ქემალფაშაში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელია. საბავშვო ტანსაცმელს ყიდის.

ერთ წელზე მეტია იმ იმედით აღებს ყოველ დილით მაღაზიას, რომ ვინმე შევა და რამეს იყიდის. მისი საქონელი, ისევე სხვა ასობით მაღაზიის საქონელიც ქართული ბაზრისთვისაა გათვლილი, ქართველების მსყიდველუნარიანობაზე მორგებული – იაფი. ქემალფაშაში დაახლოებით 600 მაღაზიაა, რომელიც ტანსაცმლით და ტექსტილით ვაჭრობს. ამ მაღაზიებიდან ახლა ათი თუ იქნება ღია. უმრავლესობას დაკეტილია.

„საბაჟოზე ტესტს ითხოვენ, რაც 80-90 ლარია, დაახლოებით 250 ლირამდე გამოდის. ვინც გადმოდის თუ ბევრ რამეს იყიდის, შეიძლება აწყობდეს. აქ ყველა საჭირო ნივთების შესაძენად გადმოდიოდა. ამისთვის 250-300 ლირა ტესტის საფასურის გადახდა ძალიან დიდი თანხაა. აქაურობამ მნიშვნელობა დაკარგა და ადამიანები არ გადმოდიან. ახლა ორ ქვეყანას შორის როგორ მოგვარდება ეს საკითხი არ ვიცით, მაგრამ ტესტირების საკითხის მოხსნას ვითხოვთ. რაც შეიძლება მალე უნდა მოიხსნას, რომ ვაჭრობა თავდაპირველ მდგომარეობაზე დაბრუნდეს,“ – ამბობს თემელჯან იაზიჯი.

იაშარ ალთუნქაიას ქემალფაშაში ფეხსაცმლის მაღაზია აქვს. მისი თქმით, საზღვარი რომ გახსნილი იყოს, ახლა მის მაღაზიაში გაუყიდავი ფეხსაცმელების გროვა არ იქნებოდა

ჯანან და ჰატიჯე ავშარებს ქემალფაშაში სამი მაღაზია აქვთ. მხოლოდ ერთ მაღაზიაში ჰყავთ ქართველი გამყიდველი. დანარჩენი მაღაზიები ნახევარად დაკეტილი აქვთ. თუ კლიენტი გამოჩნდა, აღებენ.

„რაც სარფის გამშვები პუნქტი კოვიდის გამო დაიკეტა, სერიოზულ სირთულეებს წავაწყდით როგორც მცირე ბიზნესი, ისე ქართველი თანამშრომლები. ჩვენი კლიენტები ქართველები არიან. იმ ბარიერებმა, რაც საქართველომ დაუწესა საკუთარ მოქალაქეებს, ჩვენი რეგიონი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ჯერ თქვეს, რომ რომ 2 დოზით აცრილებს გადმოსვლა შეეძლოთ, მაგრამ ეს ასე არაა, PCR ტესტი გჭირდება. თურქეთის მოქალაქეებსაც, ვისაც 2 აცრა აქვს გაკეთებული, საზღვარზე ტესტს სთხოვენ. ეს მაშინ, როცა ფრენის დროს PCR ტესტი არ გჭირდება. ამის ლოგიკას ვერ ვხდები. კოვიდი მხოლოდ სახმელეთო გზით ვრცელდება? თვითმფრინავში არა? სისულელე მგონია. ვიცი, რომ საქართველოს მოქალაქეებიც ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. ველაპარაკები ჩემს თანამშრომლებს საქართველოდან. პურის ფული არ აქვთ. ჩვენ მართლა ძალიან ვწუხვართ ამის გამო. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხზე გამოსავალს იპოვის. ჩვენმა მთავრობამ ამ საკითხზე ძალიან კარგი გადაწყვეტილებები მიიღო, მაგრამ საქართველოს მთავრობის გამოცხადებულ რეგულაციებსა და შესრულებულებს შორის ბევრი უზუსტობებია. ჩვენზე მეტად მათი მოქალაქეები არიან რთულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ჩვენზეც დიდი გავლენა აქვს,“ – ამბობს ჯანან ავშარი.

ჯანან და ჰატიჯე ავშარები საკუთარ მაღაზიაში

ჰატიჯე ავშარი პანდემიის ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ გავლენებზე საუბრობს.

„2020 წლის 15 მარტს უცებ დაიკეტა საზღვარი. არავინ ელოდა ამას. წინასწარ რომ გვცოდნოდა, სახელმწიფოებს წინასწარ საჭირო ინფორმაცია რომ მიეწოდებინა, შეიძლება რაღაც ზომებს მივიღებდით. ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, მოულოდნელი გადაწყვეტილებით დაკეტვა აქაური მცირე ბიზნესი და ჩვენი თანამშრომლებიც დააზარალა. უამრავი ადამიანი, რომელიც ქემალფაშაში მუშაობდა, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. აქაური მაღაზიის მეპატრონეები მათ რაც შეეძლოთ დაეხმარნენ, როცა საქართველოში უშვებდნენ. მაგრამ წელიწად ნახევარია დაკეტილია აქაურობა. ახლა ჩვენც ცუდ მდგომარეობაში ვართ. ეს პერიოდი თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს მთავრობამ თუ არ მიიღო უფრო მოქნილი გადაწყვეტილება, ორჯერ აცრილებს თურქეთში გადმოსვლის უფლება თუ არ მისცა, უფრო დიდი პრობლემები შეგვექმნება ყველას. აქაური მცირე ბიზნესი ასე კიდე რამდენ ხანს გაუძლებს? ყველაფერს აქვს ლიმიტი. 2 წელი სრულდება, ამ წელსაც დაველოდებით, მაგრამ მომდევნო წლებისთვის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემთ [თანამშრომლებს]“, –  ამბობს ჰატიჯე.

ჰატიჯე ხსნის, რომ ყველა მაღაზიის მეპატრონე ცდილობს თავიანთ ქართველ თანამშრომლებს სამსახური შეუნარჩუნონ, თუმცა ეკონომიკური სიტუაცია იმდენად რთულდება, არ იცის რამდენ ხანს შეძლებენ ამას. ჰატიჯეს თქმით, შეეცადნენ ახალ რეალობას მორგებოდნენ, Whatsapp-ით დაიწყეს საქონლის გაყიდვა, თუმცა ეს მთლად ეფექტური გზა არ აღმოჩნდა.

„ქართველებს უყვართ გაისინჯონ ტანსაცმელი და ისე იყიდონ, რაც სწორია. Whatsapp-ით პროდუქტის ფერს ვერ აღიქვამენ, ხარისხს ვერ ხვდებიან, კომუნიკაცია უფრო რთულია. თან აქვე 15 წუთიან გზაზე, დაკეტილი საზღვრის გამო Whatsapp-ით  პროდუქტის ყიდვა ცუდია. ახლა ტურიზმის სეზონის დასრულებას ველოდებით, სეზონის გამო საქართველომ საჰაერო მიმოსვლა დაუშვა. მაგრამ სეზონის დამთავრებისას თუ ორივე მთავრობამ რამე ქმედით ნაბიჯს არ გადადგამს… ანუ ჩვენი მოთხოვნა თურქეთის მთავრობისგან ისაა, რომ შეხვდნენ უფლებამოსილ პირებს საქართველოდან და იმსჯელონ, როგორ შეუძლიათ ამ მდგომარეობის გამოსწორება. ტესტთან დაკავშირებით, აცრასთან დაკავშირებით, რისი გაკეთება შეუძლიათ ერთობლივად. ორივე ქვეყნისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება დროულად მიიღონ. რა თქმა უნდა, ჩვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია და ჩვენ არ ვიძახით – მერე რა რომ კოვიდია, გაიხსნას საზღვრები იმისათვის, რომ ჩვენ ვაჭრობა გვქონდეს. უბრალოდ, საქართველომ საკუთარ მოქალაქეების აცრაზე იზრუნოს. ყველაზე მინიმუმ ზამთრიდან რეგულაციების შემსუბუქებას ვისურვებდით. ტესტის საფასური მართლა ძალიან ბევრია, როგორ უნდა გადაიხადონ საქართველოს მოქალაქეებმა ის თანხები და თურქეთში გადმოვიდნენ?  80 ლარი უნდა გადაიხადოს და დაბრუნებისას, 72 საათის მერე ისევ ტესტი უნდა გაიკეთოს – 160 ლარი გამოვიდა. ამ თანხის გადახდა საქართველოში ადამიანებს არ შეუძლიათ. 2 წელია სამსახური არ აქვთ, არაფერს არ აწარმოებენ. სხედან სახლებში, რაც ჰქონდათ ისიც დახარჯეს. იმავეს თქმა, თურქეთისთვისაც შეგვიძლია. ყველაფერს საზღვარი აქვს მართლა,“ – ამბობს ჰატიჯე ავშარი.

ჰატიჯეს თქმით, ისიც და სხვა მაღაზიების მეპატრონეებიც ძალიან ცდილობენ ბიზნესი შეინარჩუნონ, თუმცა ეს უფრო და უფრო ჭირს.

„აქაურ მცირე ბიზნესებს ამ ყველაფრის შენარჩუნების ძალა ეწურებათ. 2 წელია ველოდებით, ზაფხულის ბოლომდეც დაველოდებით, მერე საქონელს ავიღებთ და სხვაგან წავალთ, სადაც გაყიდვას შევძლებთ. მე 12 წელია აქ ვცხოვრობ, მართლა ძალიან გვიყვარს ქართველები, ძალიან კარგი ურთიერთობები ჩამოვაყალიბეთ. ქართველებთან ძალიან სასიამოვნოა ვაჭრობა. გვინდა არც ჩვენ არ დავრჩეთ ამ სიამოვნების გარეშე და არც ქართველებმა დაკარგონ ეს შესაძლებლობა,“ – ამბობს ჰატიჯე.

“მაღაზიების უმეტესობა დაკეტილია. ქართველები თუ გადმოვლენ, სარფის საბაჟო თუ გაიხსნება, ვივაჭრებთ, თორემ აქ არაფერია. ასე ვსხედვართ საღამომდე. აღარ არის სამუშაო,” – ტანსაცმლის მაღაზიის მეპატრონეები ქემალფაშადან

ბათუმის მერია 950 000 ლარად ტრენაჟორებს იყიდის და 45 ადგილზე დაამონტაჟებს

ბათუმის ბიუჯეტიდან ტრენაჟორების შესაძენად 950 ათასი ლარია გამოყოფილი. სპორტული ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 25 აგვისტოს დაიწყება და 30 აგვისტოს დასრულდება.

საქონლის მიწოდება და მონტაჟი კი, 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.

[toggle title=”მისამართები, სადაც ტრენაჟორებს დაამონტაჟებენ, ნახეთ აქ:“]

1. ლერმონტოვის 107 მიმდებარედ
2. ჯავახიშვილის 73 მიმდებარედ
3. ჯავახიშვილის N70-ის მიმდებარედ
4. ს . ხიმშიაშვილის N94 -96 მიმდებარედ
5. ტაძრის N3
6. შ. ინასარიძის N21 მიმდებარედ
7. შ. ხიმშიაშვილის N13
8. დიდაჭარის 39
9. ფ. ხალვაშის N15
10. ფ. ხალვაშის N328
11. ფ. ხალვაშის N322
12. გორგილაძის N54/64
13. თამარ მეფის N7
14. თოდოგაურის დასახლება 24
15. კახაბრის N32
16. მ. ვარშანიძის N189
17. მუსხელიშვილის N64
18. შარაშიძის N56
19. აფხაზეთის N10
20. ო. დიმიტრიადის N8 მიმდებარედ
21. თამარის დასახლება N1
22. თამარის დასახლება N13
23. თამარის დასახლება N24
24. თამარის დასახლება N28
25. ნონეშვილის N58/60
26. ძმ. ნობელების N44
27. მაიაკოვსკის N3
28. მაიაკოვსკის N55/22
29. მესხის N40-44
30. სვიშევსკის N224
31. ბაგრატიონის N196
32. გუდიაშვილის N18-20 მიმდებარედ
33. პუშკინის N174 მიმდებარედ
34. ანდრონიკაშვილის N36-38
35. აღმაშენებლის N3
36. აღმაშენებლის N15
37. გენ. ასლ. აბაშიძეს ქ. N22
38. აღმაშენებლის N56
39. ტაბიძის N29
40. ტაბიძის N1
41. შ. ხიმშიაშვილის N88
42. მ. მაჭავარიანის N80
43. ლორთქიფანიძის N8
44. რურუას ქ. N8
45. პ. მელიქიშვილის ქ. N125 [/toggle]

 

პირობის მიხედვით, „მიმწოდებელი პასუხისმგებლობას იღებს, შესყიდვის ობიექტის დაუზიანებლობაზე [გარდა ვანდალიზმის შემთხვევებისა], მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 წლის განმავლობაში.

„საგარანტიო ვადის განმავლობაში, შესყიდვის ობიექტის დაზიანების ან/და რაიმე წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ წუნი გამოწვეულია მიმწოდებლის ბრალეულობით, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით ან/და უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის შეკეთება ან ჩანაცვლება ახლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღეში“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

ტენდერში მოცემულია შესასყიდი ტრენაჟორების ტექნიკური მახასიათებლებიც, თუმცა აღნიშნულია ასევე, რომ „დასაშვებია სხვა ტიპის ტრენაჟორის გამოყენებაც, იმ შემთხვევაში, თუ მისი ტექნიკური მონაცემები [როგორც ტექნიკური, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით] ნაკლები არ იქნება მითითებული ტრენაჟორის ტექნიკურ მონაცემებზე“.

2020 წელს კოვიდპანდემიის გამო, მაგალითად, ბათუმის ბულვარმა, სავარჯიშო სპორტული ტრენაჟორებით სარგებლობა გარკვეული პერიოდით აკრძალა.

ბოლო წლებში საჯარო უწყებები ძირითადად რუსული წარმოების ტრენაჟორებს ყიდულობენ. რუსული პროდუქციის შეძენაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ კვლევაც კი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „ცვლილებები უნდა შევიდეს სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო ბაზაში, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებს რუსული წარმომავლობის [როგორც ოკუპანტი ქვეყნის] პროდუქციის შესყიდვაზე“.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

რუსული კომპანიების ფილიალები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ

 

 

რატომ დაადგნენ ეპისკოპოსები „სპირიდონის გზას“ – ინტერვიუ თეოლოგთან

„რუსები ხართ ყველანი“ – ეჭვის გაქარწყლება ძალადობაში საპატრიარქოს თანამონაწილეობასა და, შესაბამისად, რუსული დაკვეთის შესრულებაზე მთავარეპისკოპოსმა იაკობმა 12 ივლისის ქადაგების მერე ჟურნალისტებთან რუსული სტრატეგიით სცადა. მანამდე ეპისკოპოსს ტაძარში ერთმა ქალმა ქადაგება შეაწყვეტინა და უთხრა: „ეს არ არის ქადაგება, ეს არ არის ქრისტიანობა…“

თეოლოგები თუ საპატრიარქოს საქმეებში კარგად გარკვეული პირები აქამდეც აღნიშნავდნენ, რომ სასულიერო იერარქიის ძირითადი შემადგენლობა კრემლის სამსახურშია. თუმცა ღიად რუსეთუმეობას მხოლოდ სხალთელი მთავარეპისკოპოსი – სპირიდონი და კიდევ ერთი-ორი არ მალავდა.

ახლა თუ მოუსმენთ სხვა ეპისკოპოსების ქადაგებას, მაგალითად, გადახედავთ ვანის ეპისკოპოსის – ანტონის ოფიციალურ ფეიუსბუქგვერდს, ნახავთ „ობიექტივის“ მასალას იმაზე, რომ ევროკავშირის დროშებს ევროპის ქვეყნებშიც წვავენ. ეპისკოპოს ანტონს გაუზიარებია post tv-ის სიუჟეტიც სათაურით: „როგორ მოკვდა ჟურნალისტიკა“. შემდეგ ნახავთ ტელეკომპანია „რასიას“ და კრემლის გზავნილებს უფრო ცხადად; კიდევ თუ ვინმე რამეს ვერ გაიგებს, ეპისკოპოსი ანტონი ევროკავშირისა თუ აშშ-ის საელჩოებს ღიად მიმართავს: „ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ?“

რატომ გაფართოვდა სასულიერო იერარქიაში წრე, ვინც ღიად პრორუსულ გზავნილებზე მუშაობს? რა შედეგზეა ორიენტირებული სასულიერო პირებში რუსეთუმეობის რადიკალური გამოხატვა? – „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო მირიან, თქვენი დაკვირვებით, რატომ გაფართოვდა სასულიერო იერარქიის წრე, ვინც ღიად და რადიკალურად პრორუსული გზავნილების გაძლიერებაზე მუშაობს? 

ეს წრე ნამდვილად გაფართოვდა. წინა წლებში პრორუსული ტექსტებით გამოირჩეოდა მხოლოდ მეუფე სპირიდონ აბულაძე. უნდა ითქვას, რომ ის არის გულწრფელი რუსეთუმე. იგივე, რაზეც საუბრობდა, რომ ამერიკაში სახლებს აწერია „дом сатаны“, მას გულწრფელად სჯერა ამ და სხვა მითების. მეუფე სპირიდონს შეუერთდნენ უკვე ის ადამიანები, რომლებიც მანამდეც რუსეთუმეები იყვნენ, მაგრამ მითების არ სჯერათ, არ იყვნენ ასე რადიკალურები. მაგალითად, მეუფე ანტონ ბულუხია, რომელიც დადიოდა ევროპულ ვოიაჟებში, გრანტიც კი მოიგო და ეპარქიაში ევროპის შესახებ საინფორმაციო ცენტრიც გახსნა…

ამ წრეს, სადაც ადრე მხოლოდ სპირიდონი იყო, შეუერთდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც უფრო რაციონალურად მოაზროვნეებად მიიჩნეოდნენ, მაგალითად, მეუფე იოანე გამრეკელი. საინტერესოა როგორ მოვედით აქამდე: დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რუსეთიდან შემოდიოდა ბევრი იდეა, შესაბამისი მასალებით, რაც ძირითადად აგებული იყო ანთროპოლოგიურ, სოციალურ და ტექნოლოგიური განვითარების წინაშე შიშებზე. საზოგადოება, რომელიც ახლიდან იწყებს საკუთარი თავის ფორმაციას და სოციალ-კულტურული ტრანსფორმაციის ეტაპზეა, განიცდის შიშებს. ეს ბუნებრივი მდგომარეობაა. ამიტომაც, ამას იყენებდა რუსეთი.

საბოლოოდ, მოხდა ის, რომ ეკლესიის შიგნით სასულიერო პირების უდიდესი უმრავლესობის მეხსიერებაში საერთოდ არაა ცოდნა ქრისტიანობის შესახებ. მათ უპირველეს მოვალეობად მიაჩნიათ ის, რომ უქადაგონ ადამიანებს სწორედ ეს შეთქმულების თეორიები, შიში იმის შესახებ, რომ დასავლეთი ჩვენთან შემოდის და გაგვრყვნის, დაგვიმორჩილებს, ჩიპებს ჩაგვიდგამს. ამ თეორიის ფინალური საზრისია, რომ ჩვენ გადაგვარჩენს მართლმადიდებლობა და ამისათვის უნდა ვიყოთ რუსეთთან.

ამ რელიგიური საზრისით არის გაჯერებული ეპისკოპოსების და სასულიერო პირების ქადაგებათა უმრავლესობა. ბოლო რამდენიმე წელია მათი რუსეთუმეობა, უბრალოდ, დაუფარავი გახდა.

  • რამ შეუწყო ხელი ამ პროცესს და როდის დაიწყო? 

პირველი ფაქტორია ხელისუფლება, რომლის მოსვლის ერთ-ერთი ეგიდიც ეს იყო, რომ დაალაგებდნენ რუსეთთან ურთიერთობას, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ასე შემდეგ. საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს რუსეთთან პრაქტიკული ურთიერთობის გამოცდილება. გარდა ამისა, მსხვერპლის როლში ჩაყენებული საზოგადოება ხანდახან საკუთარ თავს ადანაშაულებს და ეს ძალიან კარგი გათვლა იყო, თუმცა მერე მოხდა ის, რაც ვნახეთ 2016 წელს – ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ პატრიარქმა დალოცა საქართველოს ევროპული კურსი.

ამას წინ უძღოდა ისიც, რომ ჩვენი სასულიერო იერარქები დაბრძანდებოდნენ დასავლეთის ქვეყნებში, აშშ-ში, თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ იგივე იერარქებმა შეცვალეს პლატფორმა და სხვა პოლიტიკურ ნარატივზე გადასხდნენ. ეს იყო ძალიან ფასადური მოვლენა დასაწყისშივე. იმ დროს „ოცნებას“ სურდა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხარჯზე დაეწერა პოლიტიკური ქულები და ამაში ჩართო ეკლესიაც. გულწრფელი ევროპეიზაცია არც პოლიტიკური და არც რელიგიური თვალსაზრისით საქართველოში არ დაწყებულა.

ჩემი დაკვირვებით, „ციანიდის საქმის“ შემდეგ დაიწყეს და შემდეგ მალევე გადავიდნენ ღია პრორუსობაზე. გლობალურად გარდამტეხი ნაბიჯი იყო კიევის საპატრიარქოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭება, რასაც ჩვენი საპატრიარქო არ მიემხრო. ამ ამბავმა მსოფლიოში ეკლესიები დაჰყო ორ ნაწილად – პრორუსულად და არაპრორუსულად. ამის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს გამოცემებს და სატელევიზიო გადაცემებს თუ დააკვირდებით, ე.წ. ნეიტრალიტეტს უკვე აღარ იცავენ და რუსულ ნარატივს იმეორებენ, რომ უკრაინა იყო აკრაინა, ეს ერთი ერია და ასე შემდეგ.

  • აღნიშნეთ, რომ რუსეთუმეები გახდნენ ის ეპისკოპოსები, რომლებსაც გულწრფელად არ სჯერათ რუსული მითების. რა მოხდა მათ შემთხვევაში, რატომ ამჯობინეს რადიკალიზაციის გზა? 

მაგალითად, მეუფე ანტონის და იოანე გამრეკელის შემოტრიალება ძირითადად უკავშირდება ბოლო საპარლამენტო არჩევნებს. საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიულ ყრილობებს ესწრებოდა იოანე გამრეკელი და ამის ფოტო და ვიდეო მასალაც არსებობს. ამავე წინასაარჩევნო პერიოდში, მაგალითად, მეუფე ანტონმა უმასპინძლა „პატრიოტთა ალიანსს“. ამას ემატება მეუფე სტეფანე და კიდევ რამდენიმე ეპისკოპოსი, ვინც ისედაც გულწრფელი მერუსეთეა. ჩვენი სამღვდელოების აბსოლუტური უმრავლესობა არის პრორუსი. მათ რომ მისცე თავისუფალი არჩევანი, რუსული კულტურის სამყაროში ცხოვრებას ამჯობინებენ ევროპას, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ტექნოლოგიურ მიღწევებს აღიარებენ, მათ შორის, მედიცინაშიც. სასულიერო იერარქები, რუსი ოლიგარქების მსგავსად, როცა ცუდად ხდებიან, რუსეთში კი არ რჩებიან, არამედ ევროპის ქვეყნებში მიდიან სამკურნალოდ. მერე ბრუნდებიან სახლში და იმათ „პიდარასტებს“ ეძახიან.

ამჯერად სასულიერო იერარქები ძირითადად აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ძალადობა სიწმინდისთვის დაშვებულია. ეს შეუსაბამოა სახარებისეულ სწავლებასთან. ეს დამოკიდებულება აშკარად წახალისებულია საპატრიარქოს მხრიდან, რეალურად მეუფე შიო მუჯირის და მისი ხელქვეითების მხრიდან, რომელიც წარმოადგენენ ძალადობრივი რელიგიის მომხრეებს. დღეს ყველა ეპისკოპოსმა იცის, რომ თუკი გაამართლებს ძალადობას, ამით გარკვეულ ქულებს დაიწერს იმ ჯგუფის წინაშე, რომელიც ხვალ, ან ზეგ უკვე ოფიციალურად გადაიბარებს ეკლესიას.

  • რას ელოდებიან სხვა ეპისკოპოსები, რომლებიც იგივე ფეისბუქგვერდზე ძირითადად საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებებს აზიარებენ?

მათ ჯერ ამის საჭიროება არ აქვთ. იციან, რომ თუ ამ დისკუსიაში შევლენ, საკუთარ თავს გარკვეულ სამიზნედ გადააქცევენ, რასაც ბევრი ერიდება – ზოგს შინაგანი რესურსი არ აქვს ამგვარი დისკუსიების წარმოებისა. თუ მათ გაესაუბრებით, მარტივად საგრძნობია რუსეთუმეობა. მაგალითად, ზუგდიდის და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე შარაშენიძე, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა, მოღვაწეობდა და იქ ჰქონდა ბიზნესი, ჩამოვიდა და გახდა ეპისკოპოსი, ის მთელი არსებით პრორუსია. იგივე მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი არის ადამიანი, რომელიც რუსეთში ჩამოყალიბდა, ის ძალიან პატარა ასაკში წავიდა რუსეთში სასწავლებლად, იქ ნახა ცივილიზაცია და შედგა, როგორც პიროვნება.

  • რა სტრატეგია აქვთ იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც ცდილობენ ძალადობას შეფარვით გაემიჯნონ? მაგალითად, ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსი დემეტრე, ფოთის ეპისკოპოსის – გრიგოლის მსგავსად ამბობს: „ქრისტე ჯვარცმულია და არა ჯვარმცმელი“, „ქრისტე არ არის მოძალადე“. 

ფოთის და ხობის ეპისკოპოსი გრიგოლი ღიად პრორუსი არასდროს ყოფილა. არ ვიცი, გულში ვის რა აქვს, მაგრამ მისი გზავნილები იყო უფრო ევროინტეგრაციის მომხრე და ასეთად რჩება სადღეისოდაც. უმცირესობაში არის კიდევ რამდენიმე ეპისკოპოსი, რომელსაც განათლება დასავლეთში აქვთ მიღებული და რჩებიან ევროინტეგრაციის გულშემატკივრად.

საინტერესოა მეუფე დიმიტრის ამბავიც, რადგან იგი მანამდე მკვეთრად პრორუსი ეპისკოპოსი იყო. „ციანიდის საქმის“ შემდეგ მისი პოზიციები შესუსტდა საპატრიარქოში. შესაბამისად, იკლო მისმა პრორუსულობამაც. ეს საინტერესოა ტრანსფორმაციაა. ფაქტია, რომ მეუფე დიმიტრი ადრე და ახლაც ასეთ იაფფასიან გარიგებებში არ ერთვება, რაშიც საპატრიარქოს გავლენის მქონე ჯგუფი ჩაერთო. მე უფრო მგონია, რომ რუსული პროპაგანდის მხარდაჭერა ამ ჯგუფზე კონკრეტული შეკვეთაა. ეს ჩვენი ხელისუფლების ინტერესშიცაა, რადგან თუკი ხელისუფლება ვერ მოახერხებს დემოკრატიული სისტემით გაიმარჯვოს არჩევნებში, მაშინ მან უნდა აღიაროს დამარცხება და შეეგუოს, რის ნიშნებიც არ ჩანს, ან უნდა გადავიქცეთ რუსული მოდელის ავტოკრატიის სისტემის საზოგადოებად.

თვითონ პატრიარქი, გარდა იმისა, რომ პრორუსია, რუსეთში დაბადებული და გაზრდილი, იქ ჩამოყალიბებული ადამიანია, მის სასიქადულოდ უნდა ითქვას, რომ არასდროს არ ემხრობოდა კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის რადიკალურ მხარდაჭერას, მისი მმართველობის სტილი არის ამბივალენტური, წინააღმდეგობრივი და ერთ გასაქცევ გზას ყოველთვის იტოვებდა. ჯგუფში, რომელსაც დღეს საპატრიარქოში გავლენა აქვს, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ძალიან იაფფასიანი ქმედებებით არღვევენ ბალანსის პოლიტიკას და პირდაპირ მიეყიდნენ ხელისუფლებას.

  • რატომ აწყობს საპატრიარქოს მმართველობის რუსული მოდელი? 

ევროპაში ღიაობა და თანასწორობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება, რაც ეკლესიისთვის მიუღებელია. ის მოჭრილია ფეოდალურ თარგზე. საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1917 წელს. დამფუძნებელი მამები, როგორიც იყვნენ კირიონ კათოლიკოსი, ამბროსი და ასე შემდეგ, იყვნენ რუსეთის მიმართ კრიტიკაში გამობრძმედილები, ისინი იყვნენ თანასწორობაზე ორიენტირებული.

როდესაც 1905 წელს შეიქმნა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის პროექტი, ეპისკოპოსი იყო არჩევითი თანამდებობა. თეოლოგიური თვალსაზრისით ეს იყო სწორება პირველქრისტიანულ ფასეულობებსა და სტრუქტურული მოწყობის მოდელზე. ჩვენ რა ეკლესიაც ახლა გვაქვს, სტრუქტურულად და კულტურული მეხსიერების თარგის თვალსაზრისით, ეს არის საბჭოთა პერიოდის ე.წ. დათბობის პერიოდის სტალინური ეკლესია.

ჩანს, რომ რუსეთი ძალადობს ნებისმიერ კრიტიკულად განწყობილ და განსხვავებულ ადამიანზე და ამაში უშუალოდ ჩართულია ხელისუფლება. ზუსტად იგივე ფორმაცია მიმდინარეობს ახლა საქართველოშიც – მიუღებელია ჟურნალისტი, რომელიც ინფორმაციული ღიაობის გარანტორია, ასევე ნებისმიერი განსხვავებული ადამიანი. ეს ჯგუფები, რომლებიც 5 ივლისს ძალადობდნენ ჟურნალისტებზე, მანამდე ვნახეთ, რომ იძალადეს როკერებზე, პანკმუსიკის მოყვარულებზე, ვეგეტარიანული კაფეც კი დაარბიეს და იქ სოსისები შეყარეს.

  • რა რესურსი აქვთ სხალთელი მთავარეპისკოპოს სპირიდონის გზაზე შემდგარ ეპისკოპოსებს? 

ვფიქრობ, ეს პროცესი მეტი რადიკალიზაციისკენ წავა და ეკლესია ამაზე მიდის… მეუფე შიომ იცის, რომ მას საკუთარი ნებით არავინ აირჩევს პატრიარქად და სჭირდება სუსი, პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც ასევე მიბმულია ძალადობასთან. მგონი, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ამ ძალადობის და დარბევის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი სწორედ სუსი იყო.

ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. უბრალოდ, მოაზროვნე ადამიანები ზურგს შეაქცევენ ეკლესიას. თუმცა, საპატრიარქოშიც არც ამაზე ჯავრობენ. მათთვის მთავარია ის, რომ მხარს უჭერდეს ხელისუფლება. კი წუწუნებენ, ეკლესიაში მომსვლელთა რაოდენობა მცირდებაო, მაგრამ მათთვის მთავარია ფინანსური სარგებელი ბიუჯეტიდან, ქონება, მიწები, ტყეები, მუნიციპალური დაფინანსება, შავი კაპიტალის მქონე “შემწირველები“ და არა მრევლი.

  • თუ მასშტაბურად შემცირდა მრევლი, ეს არ აისახება პროცესზე? – პოლიტიკოსები ხომ იმიტომ უხდიან და მზად არიან მუდმივად დააფინანსონ საპატრიარქო, რომ მას ბევრი უსმენს. 

ერთადერთი ეპისკოპოსი, ვისთანაც ამ საკითხზე ბოლოს ვისაუბრე  – იყო ღთივგანსვნებული, მეუფე ლაზარე. ის ამბობდა, უნდა ვიფიქროთ ამაზე, რატომ აღარ მოდის ხალხი ტაძარშიო. სამწუხაროდ, ის კოვიდით გარდაიცვალა. ჩემი აზრით, გარდატეხა მაინც გარდაუვალია, რადგან ახალი თაობაა მოსული საქართველოში, რომელსაც სხვა ჟინი აქვს, გააჩნია ღრმა ადამიანური ცნობიერება და საკმაოდ კარგი განათლება.

მთავარია ასევე: ვინც წავიდა, ან ახლა მიდის ეკლესიიდან, დაიწყებს თუ არა ფიქრს, რეალურად ქრისტიანობის გააზრების შესახებ. თუ ეს მოხდება, ეს აუცილებლად მოიტანს გაჯანსაღებას.

თამარ კორძაია საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს

საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა დეპუტატი თამარ კორძაია. ის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატია.

„უარს ვაცხადებ პლენარულ სხდომებზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობაზე“ – წერს ფეისბუქგვერდზე თამარ კორძაია. პარლამენტის წევრი აქვეყნებს წერილსაც, რომლითაც მან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა:

„მიუხედავად ჩემი არაერთი შეფასებისა, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი არ ასრულებდა შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, მიმაჩნდა, რომ შეთანხმების არსებობა  იყო შანსი ქართული დემოკრატიისთვის. შეთანხმების ანულირებულად გამოცხადება სცდება ყოველგვარ ზღვარს და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დასავლურ კურსს, უკიდურესად აღრმავებს დაპირისპირებას და არის სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი, როგორც საშინაო, ისე საგარეო ვითარების გამწვავების თვალსაზრისით,“ – წერს თამარ კორძაია.

 

————————————

პარლამენტიდან გასვლის შესახებ უკვე გამოაცხადა „გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა“ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და ენმ-ის ლიდერმა – ნიკა მელიამ.

28 ივლისს „ქართული ოცნების“ ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ტოვებს 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შედგა. ამასთან ერთად „ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააკრიტიკეს სხვადასხვა საერთაშორისო აქტორებმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ ნედ პრაისის თქმით, „19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის ქვეყნის შეთანხმებულ გზას, რომელიც საჭირო რეფორმების განხორციელებაზე გადიოდა და ქმნის პოლიტიკურ კრიზისებში დაბრუნების რისკს“.

საბერძნეთში კატის მკვლელობისთვის პირველად დააკავეს ადამიანი

საბერძნეთში, ქალაქ პატრაში პოლიციამ დააკავა 23 წლის კაცი, რომელმაც კატა მოკლა წამებით.

ეს პირველი შემთხვევაა საბერძნეთში, როცა კომპანიონი ცხოველის მკვლელობას დაკავება მოჰყვა.

ბერძნული მედიის ცნობით, კანონი, რომლის თანახმადაც კომპანიონი ცხოველების მკვლელობა კრიმინალიზებული გახდა, საბერძნეთში გასული წლის ნოემბერში მიიღეს.

____________

ფოტო: pixels

 

ბათუმში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, ის კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

საქართველოში ფიზიკურ პირებს Facebook რეკლამა ოქტომბრიდან გაუძვირდებათ

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მულტინაციონალურ კორპორაციებს [BOOKING, GOOGLE, FACEBOOK, YOUTUBE, NETFLIX, SPOTIFY და ა.შ.] დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშობათ მხოლოდ იმ ციფრული მომსახურების მიწოდებაზე [საკომისიო თანხაზე], რომელსაც გაუწევენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ არამეწარმე ფიზიკურ პირებს.

შესაბამისად, ფიზიკურ პირებს გაუძვირდებათ ის გადასახადი/საკომისიო, რასაც ამ კომპანიებს გადაუხდიან [მაგალითად, BOOKING-ზე განცხადების განთავსებისთვის, საკუთარი გვერდების FACEBOOK-ზე რეკლამისთვის და სხვა].

ფიზიკურ პირებს გადასახადი საკომისიოს 18%-ის ოდენობით გაეზრდებათ. ამ 18%-ს კი [როგორც დღგ-ს] უცხოური კომპანიები შემდეგ საქართველოს ბიუჯეტში ჩარიცხავენ.

დღგ-ს გადახდის ვალდებულება ციფრული მომსახურების გამწევ უცხოურ კომპანიებს 2021 წლის 1-ლი ივლისიდან წარმოეშვათ, თუმცა ეს ვალდებულება 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გადაუვადდათ.

„იმისათვის, რომ აღნიშნულ მულტინაციონალურ კომპანიებს ჰქონდეთ საკმარისი დრო, გაეცნონ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს, მოახდინონ საქართველოში მათი მომხმარებლების ინფორმირება და მოამზადონ შესაბამისი ტექნიკური ბაზა, მათთან გამართული მოლაპარეკებების შედეგად, გადაწყდა აღნიშნული წესების განხორციელების ვადის გადაწევა 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე. შესაბამისად, ის ოპერაციები, რომელზეც ვრცელდება აღნიშნული წესები, დამატებული ღირებულების გადასახადით დაიბეგრება 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შეიქმნა პორტალი, რომლის მეშვეობითაც აღნიშნული დასაბეგრი პირები მარტივად გაივლიან რეგისტრაციას და განახორციელებენ ანგარიშგებას.“


საქართველოს ფინანსთა მინისტრის 27 ივლისის ბრძანებით, 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეჩერდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის იმ მუხლის მოქმედება, რომელიც უცხოელ დასაბეგრ პირს ციფრული მომსახურების გაწევისას მიღებული შემოსავლის 18%-ის [დღგ-ს] ბიუჯეტში გადახდას ავალდებულებდა.

ამავე თემაზე:

პირებს, რომლებიც ბინას BOOKING-ით აქირავებენ, გადასახადი გაეზარდათ

 

თურქეთში მეორე დღეა ტყეები იწვის – გარდაცვლილია სამი ადამიანი

თურქეთის ხმელთაშუაზღვის რეგიონი ტყის ხანძარს ებრძვის სამ პროვინციაში. ხანძარი ტყეებში ოთხშაბათს, 28 ივლისს, ოთხ სხვადასხვა ადგილზე გაჩნდა.

თურქული მედიის ინფორმაციით ხანძარმა სამი ადამიანი იმსხვერპლა. ევაკუირებულია რამდენიმე დასახლების მოსახლეობა.

დღეს, 29 ივლისს ხანძარი თურქეთის სამხრეთ პროვინციების დიდ ნაწილს მოედო.

ყველაზე ძლიერი ხანძარი იყო ანტალიის პროვინციის ქალა მანავგატში, რომელიც პოპულარულია დამსვენებლებს შორის. ხანძარი ოთხშაბათს შუადღისას ტყეებით გარშემორტყმული ქალაქის ოთხ სხვადასხვა ადგილას გაჩნდა, ქალაქის ცენტრამდე არ მისულა, მაგრამ დაზარალდა მის მახლობლად მდებარე სოფლები. ევაკუირებული იქნა თვრამეტი სოფელი და უბანი.

დამწვრობისა და კვამლის ჩასუნთქვის გამო 62 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ 122 ადამიანი დაზარალდა ხანძრისგან და 58 ჯერ კიდევ საავადმყოფოშია.

გამოცემა Dailysabah-ი წერს, რომ ოთხშაბათს ტყის 41 ხანძარი წარმოიშვა, მათგან 10 ისევ აქტიურია, დანარჩენების ლოკალიზება მოხერხდა.

მანავგატის გუბერნატორმა მუსტაფა იიღიტმა, გუშინ თქვა, რომ აალებამდე ჰაერის ტემპერატურა ამ რაიონში 44-45 გრადუსამდე იყო მომატებული.

თურქეთის მთავრობის თქმით, დღეს, 29 ივლისს ხანძრები სიცოცხლისთვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს; მიუხედავად ამისა, საჭიროა დამატებით ზომების გატარება, რადგან ხანძრები ბოლომდე ჩამქრალი ჯერაც არ არის და შესაძლოა ქარის კურსის შეცვლის შედეგად, კვლავ გავრცელდეს.

წიგნებით მოგზაურობა ახალ სამყაროში – მოგონებები ბებიას ბიბლიოთეკაზე

იზა გოცაძე, სტრატეგიული კომუნიკაციების კონსულტანტი.


სუნი, რომელიც არასდროს მავიწყდება, ბებიას უზარმაზარ ბიბლიოთეკას უკავშირდება. ბიბლიოთეკას, რომელიც ყოველ ზაფხულს ახალ სამყაროში მამოგზაურებდა.

სასწავლო პროცესის დასრულებისთანავე არდადეგების დიდი ნაწილი ბებიასთან უნდა გამეტარებინა. ბებია ფილოლოგი იყო, მთელი ცხოვრება წიგნებს ყიდულობდა, მის ბიბლიოთეკაში ყველა თაობისთვის საინტერესო წიგნი მოიძებნებოდა. ზაფხულთან ერთად იწყებოდა ჩემი უსასრულო მოგზაურობა დროსა და სივრცეში. ბებიას ყველა წიგნი წაკითხული ჰქონდა, მე კი ერთი სული მქონდა, როდის გავუზიარებდი ჩემს შთაბაჭდილებებს.

ბებიას სახლი ჩვენთვის, მისი შვილიშვილებისთვის, დღესაც წიგნების კითხვის ადგილია. იქ წიგნის კითხვას განსაკურებული განწყობა ახლავს თან, იქნებ იმიტომ, რომ იქაურობა ყველას ბავშვობაში გვაბრუნებს – დროში, როცა პირველად ვეზიარეთ ამ ჯადოსნურ და სიღრმისეულ სამყაროს. ან იქნებ იმიტომ, რომ ამ უზარმაზარ ბიბლიოთეკაში წიგნები, როგორც 1920, ასევე 2021 წლით თარიღდება – ცხოვრების ბოლო დღემდე არ შეუწყვეტია ბებიას თაროების ახალი წიგნებით შევსება და ჩვენთვის ახალი სამყაროს ოდნავ შეღებული კარის დახვედრება ახალი წიგნების სახით.

ბებიას სახლი დიდი ბიბლიოთეკა იყო ყველასთვის, ვინც მის ირგვლივ ცხოვრობდა. ყველა წიგნს მისი ხელმოწერა ჰქონდა, მთავარი პირობა წიგნის დროულად და საუკეთესო ფორმაში დაბრუნება იყო, რასაც წიგნის ყველა მკითხველი ასრულებდა.

ჩემთვის ნაბეჭდი წიგნის წაკითხვის სიამოვნება ჩაუნაცვლებელია, როცა ხელით ვეხები თითოეულ გვერდს უფრო მეტ სიახლოვეს ვგრძნობ ამბავთან. იმის წარმოდგენა, რომ არსებობს შესაძლებლობა, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა სახის ლიტერატურა, ბედნიერებას მანიჭებს. უკვე წარმომიდგენია ცნობისმოყვარე სახეებით, როგორ ათვალიერებენ ახალ წიგნებს, ეცნობიან ახალ პერსონაჟებს, როგორ იზრდება მათი თვალსაწიერი, ამთავრებენ ერთ წიგნს, ერთ მოგზაურობას და იწყებენ ახალს…

და ასე გრძელდება უსარულოდ.

„ბათუმელების“ იდეას, რომ შევავსოთ მაღალმთიან აჭარაში წიგნების თაროები ახალი წიგნებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად დავუჭიროთ მხარი. წიგნიერება ჩვენი განათლების მთავარი ფუნდამენტია, განათლებული ახალი თაობა ჰაერივით სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ კი ერთად ბევრი კარგი საქმის კეთება შეგვიძლია.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

ასტრიდ ლინდგრენის მიმოწერა სარასთან – 40-წლიანი მეგობრობა მხოლოდ წერილებით

რაც კი ქვეყნად დაწერილა, ყველაფერი წასაკითხადაა განწირული, მაგრამ მაინც, ცოტათი სინდისი გქენჯნის და უხერხულად იშმუშნები, როცა ასტრიდ ლინდგრენისა და სარა იუნგკრანცის (ქორწინების გვარით სარა შვარტის) პირად მიმოწერას კითხულობ. თითქოს არც არაფერი, მწერალს 12 წლის გოგო, ერთგული მკითხველი სწერს გაბმით და ასტრიდიც პასუხობს, მაგრამ ეს მიმოწერა მალე ორი ერთნაირი სულის, ერთნაირად მგრძნობიარე ადამიანის გულახდილ, მრავალწლიან დიალოგად იქცევა.

ასტრიდ ლინდგრენს უამრავი ბავშვი სწერდა და ისიც უგზავნიდა ხოლმე პასუხს წერილების ავტორებს, მაგრამ ხშირად მიმოწერა ორი-სამი წერილისგან თუ შედგებოდა. სარა იუნგკრანცი ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა.

12 წლის გოგოს 55 წლის ასტრიდ ლინდგრენმა 1971 წელს პირველად უპასუხა წერილზე, რის შემდეგაც ისინი 40 წლის განმავლობაში სწერდნენ ერთმანეთს.

ასტრიდ ლინდგრენი

მიმოწერა გვაჩვენებს ერთი შვედი გოგოს, სარას, ლამის მთელ ცხოვრებას 12-დან 53 წლამდე, მისი მოზარდობის მგრძნობიარე, სხვადასხვაგვარი ძალადობით აღსავსე რთულ პერიოდს, განვითარების გზას და სხვა მხრივ ვიგებთ ლინდგრენის ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან წვრილმანებზე, რაც სწორედ პირადმა წერილებმა შეიძლება წარმოაჩინოს ყველაზე უკეთ.

„რა უნდა ვუყოთ ამდენ იარაღს?”

ცნობილი ამბავია, რომ ასტრიდი პაციფისტი იყო, ეწეოდა ბირთვული იარაღის საწინააღმდეგო კამპანიას, მაგრამ რომ არა ეს მიმოწერა, ვერასდროს გავიგებდით მისი პაციფიზმის სულ სხვა ნიუანსებს, გამოვლენილს ყოველდღიურ, ადამიანურ ყოფაში.

მაგალითად, ვერასდროს წარმოვიდგენდით 1981 წლის გაზაფხულის დილას, როცა რადიოდან მოცარტის კონცერტი ისმის. ასტრიდი უსმენს და უეცრად ტირილს იწყებს იმის წარმოდგენაზე, რომ შესაძლებელია საკუთარი ხელით მოვსპოთ ყველაფერი ერთ დღეს, ისე, რომ არ დარჩეს ერთი ნოტიც კი მოცარტის მუსიკისგან.

ამაზე ლინდგრენი სარა იუნგკრაცს 1981 წლის 19 მარტს სწერს, მას შემდეგ რაც გოგო მას მშვიდობას უსურვებს, ლინდგრენის აზრით კი მშვიდობას დიდი საფრთხე ემუქრება იარაღის სახით.

„იქნებ ერთ დღეს ჩვენც მოვეგოთ ჭკუას და მთელი ეს იარაღი თავიდან მოვიშოროთ – თუმცა, ეს ალბათ ფიზიკურად ძალიან რთული შესასრულებელი იქნება, რა უნდა ვუყოთ ამდენ იარაღს?“- წერს ლინდგრენი ამავე წერილში 24 წლის სარას.

რომ არა ეს მიმოწერა, ვერასდროს წარმოვიდგენდით აგვისტოს ცხელ დღეებში ზღვისპირა ქალაქს შვედეთში, იქვე, ზღვიდან 10 მეტრში მცხოვრებ პეპის ავტორს, რომელიც ფეხშიშველი დააბიჯებს მწვანე ბალახზე, დილით ჩიტების ჭიკჭიკი აღვიძებს და აივანზე სვამს ჩაის, ცოტა ხნის მერე კი, როცა დაზამთრდება თხილამურებზე სრიალებს შვილიშვილებთან ერთად.

კი. ის ასეთ, ერთი შეხედვით ტრივიალურ პირად ამბებსაც უყვება პატარა მეგობარს, სარას.

ძალადობა, მოზარდების ფსიქიატრიული კლინიკა, გაქცევები და ახალგაზრდობის შფოთი

სარა იუნგკრანცს ძალიან აინტერესებს როგორია „როცა ასე ცნობილი ხარ“. ასტრიდი სარას გულწრფელად პასუხობს, რომ კმაყოფილებას ნამდვილად გრძნობს, როცა იგებს, რომ მისმა წიგნებმა რამდენიმე ადამიანს სიცოცხლე გაუხალისა. თუმცა იქვე აღიარებს, რომ „ცნობილობა“ დიდად არ ადარდებს:

„როცა ზოგადად მახსენდება, რომ ცნობილი ვარ, ყოველთვის მგონია, რომ ეს მე კი არ ვარ, სხვა ადამიანია“- ლინდგრენი ფიქრობს, რომ ყველაზე აუტანელი ის გაშმაგებული ალიაქოთია, რაც ცნობილობას ახლავს ხოლმე თან.

სარა იუნგკრანცზეც ვთქვათ. 12 წლის გოგოზე, რომელსაც შინ მამა სცემს, სკოლაში კი ცუდი საქციელისთვის დირექტორის კაბინეტში დიდხანს ფეხზე დგომით ისჯება, სკოლიდან რიცხავენ და იძულებით ათავსებენ ფსიქიატრიულ კლინიკაში, საიდანაც გარბის. სარა მეზობლის სახლს აფარებს თავს, მათაც მალევე აბეზრებს თავს და ისევ გარბის – ერთი ყუთი მოპარული ლუდით. შემდეგ სარა ბებიას სახლში აგრძელებს ცხოვრებას.

სარა იუნგკრანცი, იგივე სარა შვარტი

ფიზიკური ძალადობა ოჯახში და მოგვიანებით სექსუალური ძალადობა მოგზაურობისას, საკუთარი თავით უკმაყოფილება, სრული სასოწარკვეთისა და არარაობის შეგრძნება, რისგან თავდაღწევის გზაც მოზარდს ხან ალკოჰოლი, ხან თამბაქო, ხან ნაადრევი ქორწინებაში ჰგონია.

სწორედ სარას ასეთმა და არამხოლოდ ამ ამბებმა არ მისცა საშუალება ასტრიდს, მხოლოდ შაბლონურად ეპასუხა მოზარდისთვის: ერთი ან ორი წერილით.

ასტრიდი დარდობს, როცა სარა მოწევას იწყებს ან ალკოჰოლს ეტანება, აფრთხილებს მას შედეგებზე, რაც ამ ყველაფრის მუდმივ მოხმარებას შეიძლება მოჰყვეს, ნაადრევ ქორწინებაზე რომანტიკული წარმოდგენების ბურუსსაც უფანტავს და დაუსრულებლად ესაუბრება თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ლაღად ცხოვრების მნიშვნელობაზე, გამოცდილების დაგროვების აუცილებლობაზე.

სარა იუნგკრანცის კონვერტი

ასტრიდის წერილები გაჭრის: სარას მიერ ლინდგრენისადმი მიწერილ ბოლო წერილებში უკვე სარა შვარტი მწერალს ეუბნება, რომ სწორედ მისმა წერილებმა შეაძლებინა და დაამთავრებინა სკოლა, რომელიც სასტიკად ეზიზღებოდა. წერილებმა, რომლის ავტორიც სარას არასდროს უნახავს.

როგორც იმდროინდელ შვედეთში უწოდებდნენ, „კალმის მეგობრები“, ასტრიდი და სარა ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

მოზარდს, რომელიც ძალიან განიცდის, რომ „ნარკომანებით, ალკოჰოლიკებითა და ნევროზიანებით სავსე“ ფსიქიატრიულში მოხვდა, ასტრიდი უჩვეულოდ ამშვიდებს. ის ვრცლად უხსნის გოგოს, რომ ფსიქიატრიულში მხოლოდ ძალიან, ძალიან მგრძნობიარე ადამიანები ხვდებიან, რომლებსაც გულთან ახლოს მიაქვთ ყველაფერი და ამიტომ მკვეთრად შეიგრძნობენ გარშემო დაგროვილ ყველა დარდსა და წუხილს.

ასტრიდი შთააგონებს სარას, რომ გამორჩეულად მგრძნობიარობა იშვიათობაა და დასაფასებელია, რომ ადამიანები ხშირად ასეთები არ არიან, რომ სამყაროში არსებობა მას სწორედ ამ მგრძნობიარობის გამო უჭირს და რომ „არავის გვაწყენდა ცოტა ხნით ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვედრა“.

„სარა, ჩემო მშვენიერო გოგო, ჩემო მეგობარო, ძალიან მოგეჯაჭვე, იცი როგორ მომწონხარ? ხშირად მომწერე, რომ ყოველთვის ვიცოდე, ხომ კარგად არის სარა იუნგკრანცი“ – ასტრიდი ყოველ ჯერზე გულითადად, ნამდვილადაა დაინტერესებული მოზარდის ამბებით, მთელ მის ცხოვრებას გულშემატკივრობს და ყოველ ჯერზე აგრძნობინებს, რომ მისი წერილები უმნიშვნელოვანესია.

სარა ცოცხლდება როგორც ადამიანი, საკუთარ არსებობას გრძნობს. მოზარდი ვერ იჯერებს, რომ ყველასთვის საყვარელი მწერალი, სწორედ მას სწერს ასე ვრცელ წერილებს, ეუხერხულება კიდეც ხანდახან და მიანიშნებს ასტრიდს, თუ დრო არ გექნება ნუ მიპასუხებ ხოლმე, ამის ვალდებულება არ გაქვსო, მაგრამ ასტრიდისა და სარას მეგობრობა გარდაუვალია. ეს ორი, ერთნაირად მგრძნობიარე სულია და თითოეული მათგანი ბევრ რამეს სწავლობს მეორისგან.

„პატარა ბიჭებს და დიდ კაცებსაც უნდა ჰქონდეთ ტირილის უფლება“

ერთხელ თანამშრომელთან ერთად ტბისპირა პარკში ვსეირნობდი, ათი, თორმეტიოდე წლის ბიჭი ბალახზე იჯდა და მწარედ, გულამოსკვნით ტიროდა. ირგვლივ უამრავი ხალხი ირეოდა. შეხედავდნენ ამ ბიჭს – გაივლიდნენ, თითქოს ბიჭის, თუნდაც 10-12 წლის ბავშვის ტირილი სათვალავში ჩასაგდები ამბავი არ იყო. ვკითხეთ, რა სჭირდა და თურმე დედას ჩამორჩენოდა. დავამშვიდეთ და ვუთხარით, რომ აუცილებლად ვაპოვნინებდით, მერე გაახსენდა, რომ მამამისის ნომერი ახსოვდა. სანამ მამას ვურეკავდით ბავშვის დედაც გამოჩნდა, გაიქცა და ჩაეხუტა, კიდე უფრო ატირდა სიხარულისგან ბიჭი – „დე, მეგონა დამტოვეო“ – ქვითინებდა. ჩვენც ვიდექით და ვსლუკუნებდით.

„კაცები არ ტირიან ბიჭო!” – მიაძახა ჩვენს პატარა ბიჭს ლამის გაზეპირებული ფრაზა, იქვე, ძელსკამზე ჩამომჯდარმა კაცმა, რომელიც მთელ ამ სცენას დასაწყისიდან დასასრულამდე უდრტვინველად ადევნებდა თვალს.

„ბავშვია, უცხო ქალაქშია და დედა დაკარგა? რატომ არ უნდა იტიროს?” – მხოლოდ ამის თქმა მოვახერხეთ და წამოვედით. ეს ამბავი ბათუმში მოხდა. მაგრამ არც შვედეთში ყოფილა უკეთესი მდგომარეობა, ყოველ შემთხვევაში 20-იანი წლების შვედეთში.

თურმე არც იქ უთვლიდნენ ბიჭებს, კაცებს, ემოციის გამოხატვას ტირილით „კაცურ” საქმედ. მოდით ასტრიდ ლინდგრენს მოვუსმინოთ რას ფიქრობდა ამ სტერეოტიპზე, რას სწერდა ის სარა იუნგკრანცს ტირილის მეშვეობით ემოციებისგან გათავისუფლების მნიშვნელობაზე.

„ზოგჯერ უბრალოდ გრძნობ, რომ უნდა იტირო. ვფიქრობ, რომ პატარა ბიჭებს და დიდ კაცებსაც უნდა ჰქონდეთ ტირილის უფლება, რადგან ადამიანი შეცდომას უშვებს, როცა თავს იკავებს და თავის გრძნობებს გარეთ არასდროს უშვებს.

მახსოვს ერთხელ ჩემმა ძმამ მითხრა, (ძალიან დიდი ხნის წინ, ალბათ 20-იან წლებში) ჯარში ერთ საძულველ ვარჯიშს ვასრულებდით, რომლის დროსაც ვიყინებოდით, შიმშილით სული გვძვრებოდა, საშინლად გვეპყრობოდნენ და ოდნავადაც არ გვინდობდნენო. ისე ვიტანჯებოდით, რომ ბოლოს ერთმა ახალწვეულმა ვეღარ გაუძლო და ტირილი დაიწყოო, მას შემდეგ ყოველთვის „იმ მტირალა ტიპს” ეძახდნენ – წარმოგიდგენია რა სისასტიკეა?! მგონი თანამედროვე ბავშვებს ასე მტკიცედ აღარ ჰგონიათ, რომ ბიჭები არ უნდა ტიროდნენ, შენ რას ფიქრობ?” – ეკითხება ასტრიდი სარა იუნგკრანცს.

„როგორ მძულს მისდამი დედაჩემის გულისამრევი ერთგულება! როგორც არ უნდა ვეცემე, ის სულ მის მხარეს იჭერდა”

14 წლის სარა იუნგკრანცი მიმოწერის დაწყებიდან მესამე წელს უმხელს ასტრიდ ლინდგრენს, რომ ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო და მამა სცემდა. ჰყვება, რომ სანამ პატარა იყო ამის რცხვენოდა და მალავდა ამბავს, მაგრამ მერე მან მამამისის მეგობრებსაც კი უთხრა, თუ როგორ სძულდა ის. მოზარდ სარას მამა აღარ სცემს, მაგრამ გოგო ვერ ივიწყებს ტკივილს და დამცირებას:

„როცა ცემაზე, ჭკუის სასწავლებელ გაკვეთილებზე, მეგობრების წინაშე დამცირებაზე და სხვა ყველაფერზე ვფიქრობ, მახსენდება, რომ ყოველ ასეთ დროს, სურვილი მიჩნდება ავიწყვიტო, ვიყვირო და ვილანძღო, მაგრამ იძულებული ვარ ჩუმად ვიჯდე და, როგორც დამჯერ გოგოს შეჰფერის, საათობით ვუსმინო რაღაც სისულელეებს.

ძალიან მიჭირს ყველაფრის დავიწყება. ბებო მეუბნება, რომ ადამიანი ვერასდროს გახდება ზრდასრული მანამ, სანამ თავისი მშობლების პატიებას არ ისწავლისო, რადგან ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი ძალიან გვიანი იყოსო” – შესჩივის 14 წლის სარა 58 წლის ასტრიდს.

სარა (უკიდურეს მარცხენა კუთხეში) კლასელებთან ერთად 1971 წლის გაზაფხულზე, როდესაც მან პირველად მისწერა ასტრიდს.

ლინდგრენს უზომოდ აღელვებს სარას მდგომარეობა,  უხსნის, რომ საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანები აგრესიას ყველაზე სუსტებზე, ბავშვებზე ანთხევენ, მათზე, ვისაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ და სწორედ ესაა ბავშვთა მიმართ ძალადობის მიზეზი.

არწმუნებს სარას, რომ ის გონიერი გოგოა და ამ ყველაფრისგან გარიდებას და გადარჩენას აუცილებლად შეძლებს.

სარამ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მამასთან გახსნილი და კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონია, სიკვდილის წინ მოინახულა ის საკუთარ, პატარა შვილებთან ერთად და შეძლო ყველაფერი ეპატიებინა მამისთვის, ამის შესახებაც სწერს ის ლინდგრენს ბევრი წლის შემდეგ. მიმოწერის დასასრულს.

________________________

ერთის მხრივ უკვე ხანშიშესული, მხედველობის პრობლემების მქონე ლინდგრენი და სხვა მხრივ ნორჩი, გზის დასაწყისში მყოფი სარა ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად მიმოწერის აქტიურ ფაზაში უზომოდ ბევრს სწავლობენ ერთმანეთისგან. ორივეს ერთი რამ აერთიანებს: მშფოთვარე ხანა უდგას ასტრიდსაც, რომელიც ყოველდღე იგებს მისი მეგობრების, ახლობლების ამქვეყნიდან წასვლის მძიმე ამბებს და მშფოთვარეა ახალგაზრდა სარას ცხოვრების გზაც: შემთხვევითი ურთიერთობებით, უსახლკარობით, ხშირად გამოცვლილი სამსახურებით, სადაც მძიმე საქმიანობას ეწეოდა.

გზის დასასრულსა და გზის დასაწყისში მყოფი ორი ადამიანის  ასეთი ღრმა და გრძნობიერი კავშირი დიდ გავლენას ახდენს მკითხველზე, როგორც ადამიანებს შორის ერთობის, უანგარო დახმარების არსებობის უტყუარი ნიშანი.

უკანასკნელ წერილს 53 წლის სარა შვარტი 2012 წელს სწერს ლინდგრენს, მწერალი ამ დროს უკვე გარდაცვლილია, სარას კი შვილები იმხელა ჰყავს, რამხელამაც მან მისწერა პირველად ასტრიდს.

ამ დროს უკვე სარას შვილების ოთახში დევს თაროზე ლინდგრენის წიგნები. „კალმის მეგობარი” გარდაცვლილ მწერალს, პირობას აძლევს, რომ არაფერს, არაფერს შეცვლის მიმოწერაში, დატოვებს წერილებში მის მშფოთვარე ბავშვობას ხელუხლებლად და ასე გამოიტანს სააშკარაოზე 40 წლიან მეგობრობას სათაურით „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ”.

თიბისი დაზღვევა – აზღვევ ყველაფერს, რაც განერვიულებს

თიბისი დაზღვევის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივება და მათთვის საუკეთესო მომსახურებისა და სერვისის შექმნაა.

უკვე მეხუთე წელია, მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებულიი მიდგომებითა და მუდმივი განვითარებით, კომპანია ლიდერ პოზიციებს იკავებს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე.

ბოლოდროინდელი მონაცემების მიხედვით, ავტოდაზღვევის პოპულარიზაციის შემდეგ, საქართველოში იმატებს ბინის დაზღვევით დაინტერესებული ადამიანების რიცხვიც. ამის მიზეზი კი გაუთვაისწინებელი შემთვევებისაგან თავის დაცვაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ყველა ინდივიდისათვის მნიშვნელოვან საკითხს, – საცხოვრებელ სახლს ეხება.

უფრო დეტალურად კი თიბისი დაზღვევის მომხმარებლები გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და მიზეზებს, რამაც მათ შემთხვევაში, ბინის დაზღვევის შეძენა განაპირობა:

“მთავარი რაც მანერვიულებდა, არის ხის სახლი და ცეცხლის გაჩენის ალბათობა. ამიტომაც, დავაზღვიე. მოხდა ისე, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, დიდი რაოდენობით წყალი ჩამოვიდა. შესაბამისად, დაზიანდა ჭერი, კედლები, ავეჯი და იატაკი… ყოველ საფეხურზე ვგრძნობდი სადაზღვევოს მხრიდან ჩართულობასა და სურვილს, – ჩემთვის წყლის ჩამოსვლით გამოწვეული დისკომფორტი სწრაფად და მარტივად მოეგვარებინათ. ს აბოლოოდ, თანხა, რომელიც თიბისი დაზღვევამ ჩამირიცხა სრულად საკმარიის იყო იმისათვის, რომ დაზიანებული მიდამოები აღმედგინდა ნერვიულობისა და გადაჭარბებული დანახარჯების გარეშე”. – გიორგი

“დაზღვევის შეძენა მაშინ გადავწყვიტე, როდესაც თიბისი დაზღვევიდან დამიკავშირდნენ და სადაზღვევო შეთავაზება მოვისმინე. იმდენად დიდი რისკების შემთხვევაში მთავაზობდნენ დაცვას, რომ რა თქმა უნდა, დავაზღვიე. პ ირველი რვა თვე არც დამჭირვებია დაზღვევის გამოყენება და გაუქმებასაც კი ვფიქრობდი. აქედან ერთი კვირის შემდეგ, ვიმყოფებოდი ქალაქაგარეთ, როცა გავიგე, რომ მეზობლისგან წყალი ჩამოვიდა. დავაფიქსირე შემთხვევა და მეორე დღესვე სადაზღვევოს წარმომადგენლები მივიდნენ ლოკაციაზე, შეაფასეს ზარალი და რამდენიმე დღეში ანაზღაურებაც ჩამერიცხა. გარდა იმისა, რომ ფინანსური ზარალი ამინაზღაურდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მე სახლს ვაქირაქვებ და იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩემს სახლში ცხოვრობენ თავი კიდევ უფრო დაცულად იგრძნეს.” – მარიკა

საბოლოოდ, გარდა იმისა, რომ საჭირო დროს ბინის დაზღვევა შენი სახლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი ხდება, მისი ფასიც წარმოუდგენლად ხელმისაწვდომია. ბინის დაზღვევის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცნობი ბმულზე: https://home.tbcinsurance.ge/

ბათუმში ხმაურის ნორმის გადაჭარბების 11 ფაქტი გამოვლინდა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, აკუსტიკური ხმაურის ნორმების გადაჭარბებაზე შეტყობინებით, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას წელს 34-მა პირმა მიმართა. ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების სპეციალური აპარატით გაზომვის შედეგად სამართალდარღვევის 11 ფაქტი გამოვლინდა.

„სამართალდამრღვევს ფაქტის დაფიქსირების შემდეგ პირველ ეტაპზე ეძლევა გაფრთხილება. განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 150, იურიდიული პირი კი 500 ლარით ჯარიმდება; განმეორების შემთხვევა 300/1000 ლარის საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს“ – წერს ინსპექცია.

აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი არ ვრცელდება დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე.

ხმაურის ნორმების გადაჭარბების დაფიქსირების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 598 85 15 20.

___________

ფოტო: მუნიციპალური ინსპექცია

 

ხულოში შუამთობა პირველ აგვისტოს გაიმართება

ხულოში, კურორტ ბეშუმში, კვირას, პირველ აგვისტოს, ტრადიციული სახალხო ზეიმი – შუამთობა გაიმართება. ღონისძიებები დღის 12 საათზე დაიწყება.

შუამთობა, რომელიც ბოლო ათწლეულებია აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარებულა.

„ღონისძიებები იმართება ღია ცის ქვეშ და ყველა რეკომენდაცია და რეგულაციები, რაც ღია სივრცისთვის არის გაცემული, დაცული იქნება“, – უთხრა „ბათუმელებს“ გოგი ბოლქვაძემ, ხულოს მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსმა.

ღონისძიების ორგანიზებისთვის ხულოს მერია 45 875 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს, რისთვისაც შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობას ელოდება.

„მსოფლიოში სხვადასხვა მასშტაბებით გავრცელებულია კოვიდვირუსი და მათ შორის საქართველოშიც. არსებული სიტუაციიდან და შეზღუდვებიდან გამომდინარე, გასულ 2020 წელს პირველად არ მოხდა აღნიშნული ღონისძიების ჩატარება, ასევე მიმდინარე პერიოდისათვისაც არ იყო გადაწყვეტილი ღონისძიების დიდი მასშტაბებით ჩატარება, რის გამოც შესყიდვები წინასწარ ვერ იყო დაგეგმილი… რადგან არ იყო წინასწარ გადაწყვეტილი ღონისძიების ჩატარება, მიმდინარე წელს ჩატარდება 01 აგვისტოს კვირა დღეს, აღნიშნულ ვადაში ფიზიკურად ვერ ესწრება ელექტრონული ტენდერისა და კონკურსის გამოცხადება-ჩატარება“, – აღნიშნულია ხულოს მუნიციპალიტეტის განაცხადში.

 

მთავარი ფოტო: კურორტი ბეშუმი/„ბათუმელების“ არქივიდან

 

Exit mobile version