მთავარი,სიახლეები

3 წლის საბას ოჯახი სიღარიბესა და ავადმყოფობას ვერ უმკლავდება

29.07.2021 • 7679
3 წლის საბას ოჯახი სიღარიბესა და ავადმყოფობას ვერ უმკლავდება

3 წლის საბა ჩხოროწყუში, სოფელ კირცხში ცხოვრობს. მისი ერთადერთი სათამაშო ძველი ველოსიპედის კარკასია, რომელსაც ჩამოსაჯდომი აღარ აქვს, მაგრამ საბა მაინც ახერხებს ამ ველოსიპედით ოთახში გადაადგილებას.

საბას სხვა სათამაშო არ აქვს და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საბას და მისი მშობლების მთავარი პრობლემა.

საბას ხელზე გამონაზარდი აქვს, რის გამოც ოპერაცია სჭირდება. როგორც საბას დედა, მაია სტეფანია ამბობს, ბავშვს მკურნალობენ, თუმცა წამლები საკმარისი არ აღმოჩნდა და ოპერაციული ჩარევა აუცილებელია.

„მითხრეს, ოპერაციით მოვაშორებთო. ექიმმა საბას ჰემანგიომა დაუდგინა“ – გვეუბნება მაია. მან გვითხრა, რომ შვილის ოპერაციის დაფინანსების თხოვნით მუნიციპალიტეტის მერიას უკვე მიმართა. მაია ამბობს, რომ ოპერაციის დაფინანსებას დაჰპირდნენ.

საბა

მაია სტეფანია „ბათუმელებს“ ფეისბუქზე დაუკავშირდა. მან ოჯახის ყოფის ამსახველი არაერთი ვიდეო და ფოტო გამოგვიგზავნა იმის საჩვენებლად, რომ ოჯახს მართლაც ძალიან უჭირს. მაიას ოჯახი რომ ღარიბია, ეს სოფელ კირცხშიც დაგვიდასტურეს.

„ბოდიში, რომ გაჩვენებთ ამ სახლს, ამ გაჭირვებას, მაგრამ რა ვქნა, დახმარება ბავშვისთვის მჭირდება“ – გვითხრა მაიამ.

მაია, მისი ქმარი და 3 წლის საბა ერთსართულიან სახლში ცხოვრობენ, რომელიც სამი ოთახისგან  შედგება: მისაღები, საძინებელი და სამზარეულო. არც ერთ ოთახში არ არის იატაკი და ჭერიც უმეტესად დაზიანებულია, ოჯახს არ აქვს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები.

მაია დახმარებას ითხოვს, რომ 3 წლის საბამ  შედარებით უკეთეს გარემოში იცხოვროს.

მაია და საბა

მაიას სახლი

მკურნალობა თავად მაიას და მის მეუღლესაც სჭირდებათ. მაია ამბობს, რომ მასაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, მაგრამ  ფიქრობს, რომ  ჯერ შვილს უნდა მიხედოს, მეუღლესაც მუდმივად წამალი სჭირდება – „წამალს თუ არ დალევს, ცუდად ხდება“.

ოჯახი სოციალურად დაუცველია და დახმარების სახით ყოველთვიურად 200 ლარს, ასევე პროდუქტის ვაუჩერს იღებს. მაიას თქმით, ეს ბავშვის გამოსაკვებად ჰყოფნით, მაგრამ ვერ ახერხებენ საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ცხოვრობენ, მაია ამბობს, რომ ოჯახს მხოლოდ მცირე ზომის მიწის ნაკვეთი აქვს, რომელზეც ბოსტნეული მოჰყავთ.

_____________________

მკითხველების თხოვნით, ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს, რომელზეც შეგიძლიათ თანხის გადმორიცხვა მაია სტეფანიას ოჯახის დასახმარებლად.

თიბისი ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE21TB7070845064300002

მიმღები: არჩილ კახაძე 

დანიშნულება: მაია სტეფანიას ოჯახის დასახმარებლად 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: