Batumelebi | მაღალმთიან აჭარაში 230 მასწავლებელი აიცრა მაღალმთიან აჭარაში 230 მასწავლებელი აიცრა – Batumelebi
RU | GE  

მაღალმთიან აჭარაში 230 მასწავლებელი აიცრა

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში 200-მდე სკოლის მასწავლებელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ხულოში 130 პედაგოგი აიცრა „სინოფარმით“, შუახევსა და ქედაში კი – 50-50 პედაგოგი.

ვაქცინაციამდე პედაგოგებს შეხვდა ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი და ვაქცინაციის უსაფრთხოებაზე ინფორმაცია მიაწოდა.

მასწავლებელთა ვაქცინაციის შესახებ „იუნისეფის“ მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში ერთ-ერთი მასწავლებელი ირემაძეების სკოლიდან, თემურ გობაძე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„პირველ რიგში იმიტომ ვიცრები, რომ სახლში შვილიშვილი მყავს და მინდა, რომ დაცული იყოს.  მეორე იმიტომ, რომ რაც უფრო მეტი მასწავლებელი იქნება აცრილი, მით უფრო მოვახერხებთ ჩვეულებრივ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას და სკოლაშიც ყველა ბავშვი იქნება დაცული“, – ამბობს თემურ გობაძე.

NCDC-ის ბოლო, 30 ივლისის მონაცემებით, მინიმუმ ერთი ვაქცინითაა აცრილი 904 მასწავლებელი ქვეყნის მასშტაბით, სრული დოზით კი 202 მასწავლებელი.

ჯანდაცვის უწყებების განცხადებით, იმისათვის, რომ ახალ სასწავლო წელს, სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდეს, საჭიროა სკოლის პერსონალის მინიმუმ 70 პროცენტი იყოს ვაქცინირებული.

________________________

მთავარი ფოტო: მასწავლებლების ვაქცინაცია ხულოში/„იუნისეფი“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com