მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ მერობის კანდიდატი ბათუმში არჩილ ჩიქოვანი იქნება

30.07.2021 • 1882
„ოცნების“ მერობის კანდიდატი ბათუმში არჩილ ჩიქოვანი იქნება

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი იქნება. ის ბათუმის ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ გადადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე ვიცე-მერად დანიშნა და დღემდე მერის მოვალეობას ასრულებს.

„ოცნების“ მერობის კანდიდატები რამდენიმე წუთის წინ პარტიის ერთერმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

ბათუმის ვიცე-მერად, შემდეგ კი მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნამდე არჩილ ჩიქოვანი აჭარის მთავრობის აპარატს ხელმძღვანელობდა.

არჩილ ჩიქოვანი საჯარო სამსახურში 2013 წლიდან გამოჩნდა. მისი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, ის 2013 წლამდე მაშინდელ სამართალდამცავ უწყებებში ეტაპობრივად დაწინაურდა, „ოცნების“ ხელისუფლებაში კი საჯარო თანამდებობები მიიღო.

სამართალდამცავი უწყებებიდან სამთავრობო სტრუქტურაში არჩილ ჩიქოვანი 2013 წელს გადაიყვანეს [2013 -2017 წლებში] – აჭარის მთავრობის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა, შემდეგ მას გზების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ჩააბარეს. ეს უწყება აჭარაში მაღალბიუჯეტიან პროექტებს ახორციელებდა.

2018 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ ჩაიბარა, არჩილ ჩიქოვანი მთავრობის აპარატის უფროსი გახდა.

აჭარის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ მერობის ყველა კანდიდატი კაცია. ქვეყნის მასშტაბით კი, 63 მუნიციპალიტეტში მხოლოდ 2 ქალი [დუშეთი, რუსთავი] კანდიდატი დაასახელა მმართველმა პარტიამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: