Batumelebi | საქართველოში ფიზიკურ პირებს Facebook რეკლამა ოქტომბრიდან გაუძვირდებათ საქართველოში ფიზიკურ პირებს Facebook რეკლამა ოქტომბრიდან გაუძვირდებათ – Batumelebi
RU | GE  

საქართველოში ფიზიკურ პირებს Facebook რეკლამა ოქტომბრიდან გაუძვირდებათ

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მულტინაციონალურ კორპორაციებს [BOOKING, GOOGLE, FACEBOOK, YOUTUBE, NETFLIX, SPOTIFY და ა.შ.] დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშობათ მხოლოდ იმ ციფრული მომსახურების მიწოდებაზე [საკომისიო თანხაზე], რომელსაც გაუწევენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ არამეწარმე ფიზიკურ პირებს.

შესაბამისად, ფიზიკურ პირებს გაუძვირდებათ ის გადასახადი/საკომისიო, რასაც ამ კომპანიებს გადაუხდიან [მაგალითად, BOOKING-ზე განცხადების განთავსებისთვის, საკუთარი გვერდების FACEBOOK-ზე რეკლამისთვის და სხვა].

ფიზიკურ პირებს გადასახადი საკომისიოს 18%-ის ოდენობით გაეზრდებათ. ამ 18%-ს კი [როგორც დღგ-ს] უცხოური კომპანიები შემდეგ საქართველოს ბიუჯეტში ჩარიცხავენ.

დღგ-ს გადახდის ვალდებულება ციფრული მომსახურების გამწევ უცხოურ კომპანიებს 2021 წლის 1-ლი ივლისიდან წარმოეშვათ, თუმცა ეს ვალდებულება 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გადაუვადდათ.

„იმისათვის, რომ აღნიშნულ მულტინაციონალურ კომპანიებს ჰქონდეთ საკმარისი დრო, გაეცნონ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს, მოახდინონ საქართველოში მათი მომხმარებლების ინფორმირება და მოამზადონ შესაბამისი ტექნიკური ბაზა, მათთან გამართული მოლაპარეკებების შედეგად, გადაწყდა აღნიშნული წესების განხორციელების ვადის გადაწევა 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე. შესაბამისად, ის ოპერაციები, რომელზეც ვრცელდება აღნიშნული წესები, დამატებული ღირებულების გადასახადით დაიბეგრება 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შეიქმნა პორტალი, რომლის მეშვეობითაც აღნიშნული დასაბეგრი პირები მარტივად გაივლიან რეგისტრაციას და განახორციელებენ ანგარიშგებას.“


საქართველოს ფინანსთა მინისტრის 27 ივლისის ბრძანებით, 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეჩერდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის იმ მუხლის მოქმედება, რომელიც უცხოელ დასაბეგრ პირს ციფრული მომსახურების გაწევისას მიღებული შემოსავლის 18%-ის [დღგ-ს] ბიუჯეტში გადახდას ავალდებულებდა.

ამავე თემაზე:

ვინც BOOKING-ით ბინას აქირავებს, საკომისიოს 18%-ს ოქტომბრამდე აღარ გადაიხდის

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com