მთავარი,სიახლეები

მწერალთა სახლი: „შეიძლება ახალი ჟიური მოვიწვიოთ, მაგრამ თუ წიგნი არ დარჩა, ვისთვის?“

30.07.2021 • 1436
მწერალთა სახლი: „შეიძლება ახალი ჟიური მოვიწვიოთ, მაგრამ თუ წიგნი არ დარჩა, ვისთვის?“

ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ ოცამდე ნომინირებულმა ავტორმა დატოვა.

ავტორებმა საკუთარი წიგნები კონკურსიდან მოხსნეს. ასევე მოიქცა ჟიურის ხუთიდან ოთხი წევრი და ამჯერად კონკურსში რჩება ჟიურის მხოლოდ ერთი, სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი, იოსებ ჭუმბურიძე. პროტესტის ძირითადი მიზეზი სწორედ მისი დანიშვნა იყო სამინისტროს მხრიდან.

მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე, ლელა შუბითიძე გვეუბნება, რომ ჯერ არ არსებობს ზუსტი პასუხი კითხვაზე, ჩატარდება თუ არა საერთოდ წელს „ლიტერა“.

„ჯერ არ ვიცით რას იზამს სამინისტრო, გაიწვევს თუ არა მის მიერ დანიშნულ ჟიურის მეხუთე წევრს, როგორც ამას ავტორები პროტესტის ნიშნად ითხოვენ. არც იმას გეუბნებით, რომ უარია, და არც იმას, რომ თანხმობაა.

საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ არ ვიცით.

ოცამდე ავტორმა გაიტანა წიგნი, მაგრამ პროცესი გრძელდება და თუ ნახევარზე მეტმა ავტორმა მოხსნა კანდიდატურა, კონკურსი ვისთვის უნდა ჩატარდეს?

ჩვენი, მწერალთა სახლის დიდი სურვილია ეს კონკურსი ჩატარდეს, მაგრამ ჩვენ ვართ მწერლებზე დამოკიდებული და ვმუშაობთ მათთვის. თუ წიგნების უმრავლესობას მოხსნიან, იძულებულები ვიქნებით ახალი ჟიურის მოწვევაზეც აღარ ვიფიქროთ.

წიგნების ნაწილი კონკურსში რჩება. იცით, რომ ჟიურიც აღარ გვყავს. წიგნები ბევრია, ახალი ჟიურის შეკრებაც დროს მოითხოვს და კონკურსმა შეიძლება გადაიწიოს, თუკი ის საერთოდ ჩატარდება.

თუ ავტორთა უმეტესობა დატოვებს „ლიტერას“ და წიგნიც აღარ დარჩება წასაკითხი, მაშინ ახალი ჟიური რატომ უნდა მოვიწვიოთ? ასეთ შემთხვევაში, სამწუხაროდ, კონკურსის ჩატარებას საფრთხე დაემუქრება,“ – ამბობს ლელა შუბითიძე.

გუშინ „ლიტერას“ 30-ზე მეტმა კონკურსანტმა ავტორმა ოფიციალური განცხადებით მიმართა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს და მოუწოდეს მას, რომ სამინისტრომ დაუყოვნებლივ გაიწვიოს მის მიერ დანიშნული წევრი ჟიურიდან. ავტორებს მიაჩნიათ, რომ ჟიურის წევრად სამინისტროს წარმომადგენლის დანიშვნა სამინისტროს მხრიდან ლიტერატურულ პროცესებში ერთმნიშვნელოვანი და უხეში ჩარევაა.

ჟიურის გაწვევის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა „პენცენტრმაც“. განცხადებას 60-ზე მეტი მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი, ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი აწერს ხელს.

„ლიტერას“ ლონგლისტში 111 წიგნია სხვადასხვა ნომინაციაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: