მთავარი,სიახლეები

თამარ კორძაია საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს

29.07.2021
თამარ კორძაია საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს

საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა დეპუტატი თამარ კორძაია. ის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატია.

„უარს ვაცხადებ პლენარულ სხდომებზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობაზე“ – წერს ფეისბუქგვერდზე თამარ კორძაია. პარლამენტის წევრი აქვეყნებს წერილსაც, რომლითაც მან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა:

„მიუხედავად ჩემი არაერთი შეფასებისა, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი არ ასრულებდა შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, მიმაჩნდა, რომ შეთანხმების არსებობა  იყო შანსი ქართული დემოკრატიისთვის. შეთანხმების ანულირებულად გამოცხადება სცდება ყოველგვარ ზღვარს და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დასავლურ კურსს, უკიდურესად აღრმავებს დაპირისპირებას და არის სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი, როგორც საშინაო, ისე საგარეო ვითარების გამწვავების თვალსაზრისით,“ – წერს თამარ კორძაია.

 

————————————

პარლამენტიდან გასვლის შესახებ უკვე გამოაცხადა „გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა“ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და ენმ-ის ლიდერმა – ნიკა მელიამ.

28 ივლისს „ქართული ოცნების“ ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ტოვებს 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შედგა. ამასთან ერთად „ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააკრიტიკეს სხვადასხვა საერთაშორისო აქტორებმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ ნედ პრაისის თქმით, „19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის ქვეყნის შეთანხმებულ გზას, რომელიც საჭირო რეფორმების განხორციელებაზე გადიოდა და ქმნის პოლიტიკურ კრიზისებში დაბრუნების რისკს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: