მთავარი,სიახლეები

რატომ დაადგნენ ეპისკოპოსები „სპირიდონის გზას“ – ინტერვიუ თეოლოგთან

29.07.2021 •
რატომ დაადგნენ ეპისკოპოსები „სპირიდონის გზას“ – ინტერვიუ თეოლოგთან

„რუსები ხართ ყველანი“ – ეჭვის გაქარწყლება ძალადობაში საპატრიარქოს თანამონაწილეობასა და, შესაბამისად, რუსული დაკვეთის შესრულებაზე მთავარეპისკოპოსმა იაკობმა 12 ივლისის ქადაგების მერე ჟურნალისტებთან რუსული სტრატეგიით სცადა. მანამდე ეპისკოპოსს ტაძარში ერთმა ქალმა ქადაგება შეაწყვეტინა და უთხრა: „ეს არ არის ქადაგება, ეს არ არის ქრისტიანობა…“

თეოლოგები თუ საპატრიარქოს საქმეებში კარგად გარკვეული პირები აქამდეც აღნიშნავდნენ, რომ სასულიერო იერარქიის ძირითადი შემადგენლობა კრემლის სამსახურშია. თუმცა ღიად რუსეთუმეობას მხოლოდ სხალთელი მთავარეპისკოპოსი – სპირიდონი და კიდევ ერთი-ორი არ მალავდა.

ახლა თუ მოუსმენთ სხვა ეპისკოპოსების ქადაგებას, მაგალითად, გადახედავთ ვანის ეპისკოპოსის – ანტონის ოფიციალურ ფეიუსბუქგვერდს, ნახავთ „ობიექტივის“ მასალას იმაზე, რომ ევროკავშირის დროშებს ევროპის ქვეყნებშიც წვავენ. ეპისკოპოს ანტონს გაუზიარებია post tv-ის სიუჟეტიც სათაურით: „როგორ მოკვდა ჟურნალისტიკა“. შემდეგ ნახავთ ტელეკომპანია „რასიას“ და კრემლის გზავნილებს უფრო ცხადად; კიდევ თუ ვინმე რამეს ვერ გაიგებს, ეპისკოპოსი ანტონი ევროკავშირისა თუ აშშ-ის საელჩოებს ღიად მიმართავს: „ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ?“

რატომ გაფართოვდა სასულიერო იერარქიაში წრე, ვინც ღიად პრორუსულ გზავნილებზე მუშაობს? რა შედეგზეა ორიენტირებული სასულიერო პირებში რუსეთუმეობის რადიკალური გამოხატვა? – „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო მირიან, თქვენი დაკვირვებით, რატომ გაფართოვდა სასულიერო იერარქიის წრე, ვინც ღიად და რადიკალურად პრორუსული გზავნილების გაძლიერებაზე მუშაობს? 

ეს წრე ნამდვილად გაფართოვდა. წინა წლებში პრორუსული ტექსტებით გამოირჩეოდა მხოლოდ მეუფე სპირიდონ აბულაძე. უნდა ითქვას, რომ ის არის გულწრფელი რუსეთუმე. იგივე, რაზეც საუბრობდა, რომ ამერიკაში სახლებს აწერია „дом сатаны“, მას გულწრფელად სჯერა ამ და სხვა მითების. მეუფე სპირიდონს შეუერთდნენ უკვე ის ადამიანები, რომლებიც მანამდეც რუსეთუმეები იყვნენ, მაგრამ მითების არ სჯერათ, არ იყვნენ ასე რადიკალურები. მაგალითად, მეუფე ანტონ ბულუხია, რომელიც დადიოდა ევროპულ ვოიაჟებში, გრანტიც კი მოიგო და ეპარქიაში ევროპის შესახებ საინფორმაციო ცენტრიც გახსნა…

ამ წრეს, სადაც ადრე მხოლოდ სპირიდონი იყო, შეუერთდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც უფრო რაციონალურად მოაზროვნეებად მიიჩნეოდნენ, მაგალითად, მეუფე იოანე გამრეკელი. საინტერესოა როგორ მოვედით აქამდე: დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რუსეთიდან შემოდიოდა ბევრი იდეა, შესაბამისი მასალებით, რაც ძირითადად აგებული იყო ანთროპოლოგიურ, სოციალურ და ტექნოლოგიური განვითარების წინაშე შიშებზე. საზოგადოება, რომელიც ახლიდან იწყებს საკუთარი თავის ფორმაციას და სოციალ-კულტურული ტრანსფორმაციის ეტაპზეა, განიცდის შიშებს. ეს ბუნებრივი მდგომარეობაა. ამიტომაც, ამას იყენებდა რუსეთი.

საბოლოოდ, მოხდა ის, რომ ეკლესიის შიგნით სასულიერო პირების უდიდესი უმრავლესობის მეხსიერებაში საერთოდ არაა ცოდნა ქრისტიანობის შესახებ. მათ უპირველეს მოვალეობად მიაჩნიათ ის, რომ უქადაგონ ადამიანებს სწორედ ეს შეთქმულების თეორიები, შიში იმის შესახებ, რომ დასავლეთი ჩვენთან შემოდის და გაგვრყვნის, დაგვიმორჩილებს, ჩიპებს ჩაგვიდგამს. ამ თეორიის ფინალური საზრისია, რომ ჩვენ გადაგვარჩენს მართლმადიდებლობა და ამისათვის უნდა ვიყოთ რუსეთთან.

ამ რელიგიური საზრისით არის გაჯერებული ეპისკოპოსების და სასულიერო პირების ქადაგებათა უმრავლესობა. ბოლო რამდენიმე წელია მათი რუსეთუმეობა, უბრალოდ, დაუფარავი გახდა.

  • რამ შეუწყო ხელი ამ პროცესს და როდის დაიწყო? 

პირველი ფაქტორია ხელისუფლება, რომლის მოსვლის ერთ-ერთი ეგიდიც ეს იყო, რომ დაალაგებდნენ რუსეთთან ურთიერთობას, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ასე შემდეგ. საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს რუსეთთან პრაქტიკული ურთიერთობის გამოცდილება. გარდა ამისა, მსხვერპლის როლში ჩაყენებული საზოგადოება ხანდახან საკუთარ თავს ადანაშაულებს და ეს ძალიან კარგი გათვლა იყო, თუმცა მერე მოხდა ის, რაც ვნახეთ 2016 წელს – ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ პატრიარქმა დალოცა საქართველოს ევროპული კურსი.

ამას წინ უძღოდა ისიც, რომ ჩვენი სასულიერო იერარქები დაბრძანდებოდნენ დასავლეთის ქვეყნებში, აშშ-ში, თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ იგივე იერარქებმა შეცვალეს პლატფორმა და სხვა პოლიტიკურ ნარატივზე გადასხდნენ. ეს იყო ძალიან ფასადური მოვლენა დასაწყისშივე. იმ დროს „ოცნებას“ სურდა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხარჯზე დაეწერა პოლიტიკური ქულები და ამაში ჩართო ეკლესიაც. გულწრფელი ევროპეიზაცია არც პოლიტიკური და არც რელიგიური თვალსაზრისით საქართველოში არ დაწყებულა.

ჩემი დაკვირვებით, „ციანიდის საქმის“ შემდეგ დაიწყეს და შემდეგ მალევე გადავიდნენ ღია პრორუსობაზე. გლობალურად გარდამტეხი ნაბიჯი იყო კიევის საპატრიარქოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭება, რასაც ჩვენი საპატრიარქო არ მიემხრო. ამ ამბავმა მსოფლიოში ეკლესიები დაჰყო ორ ნაწილად – პრორუსულად და არაპრორუსულად. ამის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს გამოცემებს და სატელევიზიო გადაცემებს თუ დააკვირდებით, ე.წ. ნეიტრალიტეტს უკვე აღარ იცავენ და რუსულ ნარატივს იმეორებენ, რომ უკრაინა იყო აკრაინა, ეს ერთი ერია და ასე შემდეგ.

  • აღნიშნეთ, რომ რუსეთუმეები გახდნენ ის ეპისკოპოსები, რომლებსაც გულწრფელად არ სჯერათ რუსული მითების. რა მოხდა მათ შემთხვევაში, რატომ ამჯობინეს რადიკალიზაციის გზა? 

მაგალითად, მეუფე ანტონის და იოანე გამრეკელის შემოტრიალება ძირითადად უკავშირდება ბოლო საპარლამენტო არჩევნებს. საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიულ ყრილობებს ესწრებოდა იოანე გამრეკელი და ამის ფოტო და ვიდეო მასალაც არსებობს. ამავე წინასაარჩევნო პერიოდში, მაგალითად, მეუფე ანტონმა უმასპინძლა „პატრიოტთა ალიანსს“. ამას ემატება მეუფე სტეფანე და კიდევ რამდენიმე ეპისკოპოსი, ვინც ისედაც გულწრფელი მერუსეთეა. ჩვენი სამღვდელოების აბსოლუტური უმრავლესობა არის პრორუსი. მათ რომ მისცე თავისუფალი არჩევანი, რუსული კულტურის სამყაროში ცხოვრებას ამჯობინებენ ევროპას, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ტექნოლოგიურ მიღწევებს აღიარებენ, მათ შორის, მედიცინაშიც. სასულიერო იერარქები, რუსი ოლიგარქების მსგავსად, როცა ცუდად ხდებიან, რუსეთში კი არ რჩებიან, არამედ ევროპის ქვეყნებში მიდიან სამკურნალოდ. მერე ბრუნდებიან სახლში და იმათ „პიდარასტებს“ ეძახიან.

ამჯერად სასულიერო იერარქები ძირითადად აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ძალადობა სიწმინდისთვის დაშვებულია. ეს შეუსაბამოა სახარებისეულ სწავლებასთან. ეს დამოკიდებულება აშკარად წახალისებულია საპატრიარქოს მხრიდან, რეალურად მეუფე შიო მუჯირის და მისი ხელქვეითების მხრიდან, რომელიც წარმოადგენენ ძალადობრივი რელიგიის მომხრეებს. დღეს ყველა ეპისკოპოსმა იცის, რომ თუკი გაამართლებს ძალადობას, ამით გარკვეულ ქულებს დაიწერს იმ ჯგუფის წინაშე, რომელიც ხვალ, ან ზეგ უკვე ოფიციალურად გადაიბარებს ეკლესიას.

  • რას ელოდებიან სხვა ეპისკოპოსები, რომლებიც იგივე ფეისბუქგვერდზე ძირითადად საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებებს აზიარებენ?

მათ ჯერ ამის საჭიროება არ აქვთ. იციან, რომ თუ ამ დისკუსიაში შევლენ, საკუთარ თავს გარკვეულ სამიზნედ გადააქცევენ, რასაც ბევრი ერიდება – ზოგს შინაგანი რესურსი არ აქვს ამგვარი დისკუსიების წარმოებისა. თუ მათ გაესაუბრებით, მარტივად საგრძნობია რუსეთუმეობა. მაგალითად, ზუგდიდის და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე შარაშენიძე, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა, მოღვაწეობდა და იქ ჰქონდა ბიზნესი, ჩამოვიდა და გახდა ეპისკოპოსი, ის მთელი არსებით პრორუსია. იგივე მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი არის ადამიანი, რომელიც რუსეთში ჩამოყალიბდა, ის ძალიან პატარა ასაკში წავიდა რუსეთში სასწავლებლად, იქ ნახა ცივილიზაცია და შედგა, როგორც პიროვნება.

  • რა სტრატეგია აქვთ იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც ცდილობენ ძალადობას შეფარვით გაემიჯნონ? მაგალითად, ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსი დემეტრე, ფოთის ეპისკოპოსის – გრიგოლის მსგავსად ამბობს: „ქრისტე ჯვარცმულია და არა ჯვარმცმელი“, „ქრისტე არ არის მოძალადე“. 

ფოთის და ხობის ეპისკოპოსი გრიგოლი ღიად პრორუსი არასდროს ყოფილა. არ ვიცი, გულში ვის რა აქვს, მაგრამ მისი გზავნილები იყო უფრო ევროინტეგრაციის მომხრე და ასეთად რჩება სადღეისოდაც. უმცირესობაში არის კიდევ რამდენიმე ეპისკოპოსი, რომელსაც განათლება დასავლეთში აქვთ მიღებული და რჩებიან ევროინტეგრაციის გულშემატკივრად.

საინტერესოა მეუფე დიმიტრის ამბავიც, რადგან იგი მანამდე მკვეთრად პრორუსი ეპისკოპოსი იყო. „ციანიდის საქმის“ შემდეგ მისი პოზიციები შესუსტდა საპატრიარქოში. შესაბამისად, იკლო მისმა პრორუსულობამაც. ეს საინტერესოა ტრანსფორმაციაა. ფაქტია, რომ მეუფე დიმიტრი ადრე და ახლაც ასეთ იაფფასიან გარიგებებში არ ერთვება, რაშიც საპატრიარქოს გავლენის მქონე ჯგუფი ჩაერთო. მე უფრო მგონია, რომ რუსული პროპაგანდის მხარდაჭერა ამ ჯგუფზე კონკრეტული შეკვეთაა. ეს ჩვენი ხელისუფლების ინტერესშიცაა, რადგან თუკი ხელისუფლება ვერ მოახერხებს დემოკრატიული სისტემით გაიმარჯვოს არჩევნებში, მაშინ მან უნდა აღიაროს დამარცხება და შეეგუოს, რის ნიშნებიც არ ჩანს, ან უნდა გადავიქცეთ რუსული მოდელის ავტოკრატიის სისტემის საზოგადოებად.

თვითონ პატრიარქი, გარდა იმისა, რომ პრორუსია, რუსეთში დაბადებული და გაზრდილი, იქ ჩამოყალიბებული ადამიანია, მის სასიქადულოდ უნდა ითქვას, რომ არასდროს არ ემხრობოდა კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის რადიკალურ მხარდაჭერას, მისი მმართველობის სტილი არის ამბივალენტური, წინააღმდეგობრივი და ერთ გასაქცევ გზას ყოველთვის იტოვებდა. ჯგუფში, რომელსაც დღეს საპატრიარქოში გავლენა აქვს, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ძალიან იაფფასიანი ქმედებებით არღვევენ ბალანსის პოლიტიკას და პირდაპირ მიეყიდნენ ხელისუფლებას.

  • რატომ აწყობს საპატრიარქოს მმართველობის რუსული მოდელი? 

ევროპაში ღიაობა და თანასწორობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება, რაც ეკლესიისთვის მიუღებელია. ის მოჭრილია ფეოდალურ თარგზე. საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1917 წელს. დამფუძნებელი მამები, როგორიც იყვნენ კირიონ კათოლიკოსი, ამბროსი და ასე შემდეგ, იყვნენ რუსეთის მიმართ კრიტიკაში გამობრძმედილები, ისინი იყვნენ თანასწორობაზე ორიენტირებული.

როდესაც 1905 წელს შეიქმნა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის პროექტი, ეპისკოპოსი იყო არჩევითი თანამდებობა. თეოლოგიური თვალსაზრისით ეს იყო სწორება პირველქრისტიანულ ფასეულობებსა და სტრუქტურული მოწყობის მოდელზე. ჩვენ რა ეკლესიაც ახლა გვაქვს, სტრუქტურულად და კულტურული მეხსიერების თარგის თვალსაზრისით, ეს არის საბჭოთა პერიოდის ე.წ. დათბობის პერიოდის სტალინური ეკლესია.

ჩანს, რომ რუსეთი ძალადობს ნებისმიერ კრიტიკულად განწყობილ და განსხვავებულ ადამიანზე და ამაში უშუალოდ ჩართულია ხელისუფლება. ზუსტად იგივე ფორმაცია მიმდინარეობს ახლა საქართველოშიც – მიუღებელია ჟურნალისტი, რომელიც ინფორმაციული ღიაობის გარანტორია, ასევე ნებისმიერი განსხვავებული ადამიანი. ეს ჯგუფები, რომლებიც 5 ივლისს ძალადობდნენ ჟურნალისტებზე, მანამდე ვნახეთ, რომ იძალადეს როკერებზე, პანკმუსიკის მოყვარულებზე, ვეგეტარიანული კაფეც კი დაარბიეს და იქ სოსისები შეყარეს.

  • რა რესურსი აქვთ სხალთელი მთავარეპისკოპოს სპირიდონის გზაზე შემდგარ ეპისკოპოსებს? 

ვფიქრობ, ეს პროცესი მეტი რადიკალიზაციისკენ წავა და ეკლესია ამაზე მიდის… მეუფე შიომ იცის, რომ მას საკუთარი ნებით არავინ აირჩევს პატრიარქად და სჭირდება სუსი, პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც ასევე მიბმულია ძალადობასთან. მგონი, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ამ ძალადობის და დარბევის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი სწორედ სუსი იყო.

ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. უბრალოდ, მოაზროვნე ადამიანები ზურგს შეაქცევენ ეკლესიას. თუმცა, საპატრიარქოშიც არც ამაზე ჯავრობენ. მათთვის მთავარია ის, რომ მხარს უჭერდეს ხელისუფლება. კი წუწუნებენ, ეკლესიაში მომსვლელთა რაოდენობა მცირდებაო, მაგრამ მათთვის მთავარია ფინანსური სარგებელი ბიუჯეტიდან, ქონება, მიწები, ტყეები, მუნიციპალური დაფინანსება, შავი კაპიტალის მქონე “შემწირველები“ და არა მრევლი.

  • თუ მასშტაბურად შემცირდა მრევლი, ეს არ აისახება პროცესზე? – პოლიტიკოსები ხომ იმიტომ უხდიან და მზად არიან მუდმივად დააფინანსონ საპატრიარქო, რომ მას ბევრი უსმენს. 

ერთადერთი ეპისკოპოსი, ვისთანაც ამ საკითხზე ბოლოს ვისაუბრე  – იყო ღთივგანსვნებული, მეუფე ლაზარე. ის ამბობდა, უნდა ვიფიქროთ ამაზე, რატომ აღარ მოდის ხალხი ტაძარშიო. სამწუხაროდ, ის კოვიდით გარდაიცვალა. ჩემი აზრით, გარდატეხა მაინც გარდაუვალია, რადგან ახალი თაობაა მოსული საქართველოში, რომელსაც სხვა ჟინი აქვს, გააჩნია ღრმა ადამიანური ცნობიერება და საკმაოდ კარგი განათლება.

მთავარია ასევე: ვინც წავიდა, ან ახლა მიდის ეკლესიიდან, დაიწყებს თუ არა ფიქრს, რეალურად ქრისტიანობის გააზრების შესახებ. თუ ეს მოხდება, ეს აუცილებლად მოიტანს გაჯანსაღებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: