მთავარი,სიახლეები

ასტრიდ ლინდგრენის მიმოწერა სარასთან – 40-წლიანი მეგობრობა მხოლოდ წერილებით

29.07.2021 • 2791
ასტრიდ ლინდგრენის მიმოწერა სარასთან – 40-წლიანი მეგობრობა მხოლოდ წერილებით

რაც კი ქვეყნად დაწერილა, ყველაფერი წასაკითხადაა განწირული, მაგრამ მაინც, ცოტათი სინდისი გქენჯნის და უხერხულად იშმუშნები, როცა ასტრიდ ლინდგრენისა და სარა იუნგკრანცის (ქორწინების გვარით სარა შვარტის) პირად მიმოწერას კითხულობ. თითქოს არც არაფერი, მწერალს 12 წლის გოგო, ერთგული მკითხველი სწერს გაბმით და ასტრიდიც პასუხობს, მაგრამ ეს მიმოწერა მალე ორი ერთნაირი სულის, ერთნაირად მგრძნობიარე ადამიანის გულახდილ, მრავალწლიან დიალოგად იქცევა.

ასტრიდ ლინდგრენს უამრავი ბავშვი სწერდა და ისიც უგზავნიდა ხოლმე პასუხს წერილების ავტორებს, მაგრამ ხშირად მიმოწერა ორი-სამი წერილისგან თუ შედგებოდა. სარა იუნგკრანცი ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა.

12 წლის გოგოს 55 წლის ასტრიდ ლინდგრენმა 1971 წელს პირველად უპასუხა წერილზე, რის შემდეგაც ისინი 40 წლის განმავლობაში სწერდნენ ერთმანეთს.

ასტრიდ ლინდგრენი

მიმოწერა გვაჩვენებს ერთი შვედი გოგოს, სარას, ლამის მთელ ცხოვრებას 12-დან 53 წლამდე, მისი მოზარდობის მგრძნობიარე, სხვადასხვაგვარი ძალადობით აღსავსე რთულ პერიოდს, განვითარების გზას და სხვა მხრივ ვიგებთ ლინდგრენის ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან წვრილმანებზე, რაც სწორედ პირადმა წერილებმა შეიძლება წარმოაჩინოს ყველაზე უკეთ.

„რა უნდა ვუყოთ ამდენ იარაღს?”

ცნობილი ამბავია, რომ ასტრიდი პაციფისტი იყო, ეწეოდა ბირთვული იარაღის საწინააღმდეგო კამპანიას, მაგრამ რომ არა ეს მიმოწერა, ვერასდროს გავიგებდით მისი პაციფიზმის სულ სხვა ნიუანსებს, გამოვლენილს ყოველდღიურ, ადამიანურ ყოფაში.

მაგალითად, ვერასდროს წარმოვიდგენდით 1981 წლის გაზაფხულის დილას, როცა რადიოდან მოცარტის კონცერტი ისმის. ასტრიდი უსმენს და უეცრად ტირილს იწყებს იმის წარმოდგენაზე, რომ შესაძლებელია საკუთარი ხელით მოვსპოთ ყველაფერი ერთ დღეს, ისე, რომ არ დარჩეს ერთი ნოტიც კი მოცარტის მუსიკისგან.

ამაზე ლინდგრენი სარა იუნგკრაცს 1981 წლის 19 მარტს სწერს, მას შემდეგ რაც გოგო მას მშვიდობას უსურვებს, ლინდგრენის აზრით კი მშვიდობას დიდი საფრთხე ემუქრება იარაღის სახით.

„იქნებ ერთ დღეს ჩვენც მოვეგოთ ჭკუას და მთელი ეს იარაღი თავიდან მოვიშოროთ – თუმცა, ეს ალბათ ფიზიკურად ძალიან რთული შესასრულებელი იქნება, რა უნდა ვუყოთ ამდენ იარაღს?“- წერს ლინდგრენი ამავე წერილში 24 წლის სარას.

რომ არა ეს მიმოწერა, ვერასდროს წარმოვიდგენდით აგვისტოს ცხელ დღეებში ზღვისპირა ქალაქს შვედეთში, იქვე, ზღვიდან 10 მეტრში მცხოვრებ პეპის ავტორს, რომელიც ფეხშიშველი დააბიჯებს მწვანე ბალახზე, დილით ჩიტების ჭიკჭიკი აღვიძებს და აივანზე სვამს ჩაის, ცოტა ხნის მერე კი, როცა დაზამთრდება თხილამურებზე სრიალებს შვილიშვილებთან ერთად.

კი. ის ასეთ, ერთი შეხედვით ტრივიალურ პირად ამბებსაც უყვება პატარა მეგობარს, სარას.

ძალადობა, მოზარდების ფსიქიატრიული კლინიკა, გაქცევები და ახალგაზრდობის შფოთი

სარა იუნგკრანცს ძალიან აინტერესებს როგორია „როცა ასე ცნობილი ხარ“. ასტრიდი სარას გულწრფელად პასუხობს, რომ კმაყოფილებას ნამდვილად გრძნობს, როცა იგებს, რომ მისმა წიგნებმა რამდენიმე ადამიანს სიცოცხლე გაუხალისა. თუმცა იქვე აღიარებს, რომ „ცნობილობა“ დიდად არ ადარდებს:

„როცა ზოგადად მახსენდება, რომ ცნობილი ვარ, ყოველთვის მგონია, რომ ეს მე კი არ ვარ, სხვა ადამიანია“- ლინდგრენი ფიქრობს, რომ ყველაზე აუტანელი ის გაშმაგებული ალიაქოთია, რაც ცნობილობას ახლავს ხოლმე თან.

სარა იუნგკრანცზეც ვთქვათ. 12 წლის გოგოზე, რომელსაც შინ მამა სცემს, სკოლაში კი ცუდი საქციელისთვის დირექტორის კაბინეტში დიდხანს ფეხზე დგომით ისჯება, სკოლიდან რიცხავენ და იძულებით ათავსებენ ფსიქიატრიულ კლინიკაში, საიდანაც გარბის. სარა მეზობლის სახლს აფარებს თავს, მათაც მალევე აბეზრებს თავს და ისევ გარბის – ერთი ყუთი მოპარული ლუდით. შემდეგ სარა ბებიას სახლში აგრძელებს ცხოვრებას.

სარა იუნგკრანცი, იგივე სარა შვარტი

ფიზიკური ძალადობა ოჯახში და მოგვიანებით სექსუალური ძალადობა მოგზაურობისას, საკუთარი თავით უკმაყოფილება, სრული სასოწარკვეთისა და არარაობის შეგრძნება, რისგან თავდაღწევის გზაც მოზარდს ხან ალკოჰოლი, ხან თამბაქო, ხან ნაადრევი ქორწინებაში ჰგონია.

სწორედ სარას ასეთმა და არამხოლოდ ამ ამბებმა არ მისცა საშუალება ასტრიდს, მხოლოდ შაბლონურად ეპასუხა მოზარდისთვის: ერთი ან ორი წერილით.

ასტრიდი დარდობს, როცა სარა მოწევას იწყებს ან ალკოჰოლს ეტანება, აფრთხილებს მას შედეგებზე, რაც ამ ყველაფრის მუდმივ მოხმარებას შეიძლება მოჰყვეს, ნაადრევ ქორწინებაზე რომანტიკული წარმოდგენების ბურუსსაც უფანტავს და დაუსრულებლად ესაუბრება თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ლაღად ცხოვრების მნიშვნელობაზე, გამოცდილების დაგროვების აუცილებლობაზე.

სარა იუნგკრანცის კონვერტი

ასტრიდის წერილები გაჭრის: სარას მიერ ლინდგრენისადმი მიწერილ ბოლო წერილებში უკვე სარა შვარტი მწერალს ეუბნება, რომ სწორედ მისმა წერილებმა შეაძლებინა და დაამთავრებინა სკოლა, რომელიც სასტიკად ეზიზღებოდა. წერილებმა, რომლის ავტორიც სარას არასდროს უნახავს.

როგორც იმდროინდელ შვედეთში უწოდებდნენ, „კალმის მეგობრები“, ასტრიდი და სარა ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

მოზარდს, რომელიც ძალიან განიცდის, რომ „ნარკომანებით, ალკოჰოლიკებითა და ნევროზიანებით სავსე“ ფსიქიატრიულში მოხვდა, ასტრიდი უჩვეულოდ ამშვიდებს. ის ვრცლად უხსნის გოგოს, რომ ფსიქიატრიულში მხოლოდ ძალიან, ძალიან მგრძნობიარე ადამიანები ხვდებიან, რომლებსაც გულთან ახლოს მიაქვთ ყველაფერი და ამიტომ მკვეთრად შეიგრძნობენ გარშემო დაგროვილ ყველა დარდსა და წუხილს.

ასტრიდი შთააგონებს სარას, რომ გამორჩეულად მგრძნობიარობა იშვიათობაა და დასაფასებელია, რომ ადამიანები ხშირად ასეთები არ არიან, რომ სამყაროში არსებობა მას სწორედ ამ მგრძნობიარობის გამო უჭირს და რომ „არავის გვაწყენდა ცოტა ხნით ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვედრა“.

„სარა, ჩემო მშვენიერო გოგო, ჩემო მეგობარო, ძალიან მოგეჯაჭვე, იცი როგორ მომწონხარ? ხშირად მომწერე, რომ ყოველთვის ვიცოდე, ხომ კარგად არის სარა იუნგკრანცი“ – ასტრიდი ყოველ ჯერზე გულითადად, ნამდვილადაა დაინტერესებული მოზარდის ამბებით, მთელ მის ცხოვრებას გულშემატკივრობს და ყოველ ჯერზე აგრძნობინებს, რომ მისი წერილები უმნიშვნელოვანესია.

სარა ცოცხლდება როგორც ადამიანი, საკუთარ არსებობას გრძნობს. მოზარდი ვერ იჯერებს, რომ ყველასთვის საყვარელი მწერალი, სწორედ მას სწერს ასე ვრცელ წერილებს, ეუხერხულება კიდეც ხანდახან და მიანიშნებს ასტრიდს, თუ დრო არ გექნება ნუ მიპასუხებ ხოლმე, ამის ვალდებულება არ გაქვსო, მაგრამ ასტრიდისა და სარას მეგობრობა გარდაუვალია. ეს ორი, ერთნაირად მგრძნობიარე სულია და თითოეული მათგანი ბევრ რამეს სწავლობს მეორისგან.

„პატარა ბიჭებს და დიდ კაცებსაც უნდა ჰქონდეთ ტირილის უფლება“

ერთხელ თანამშრომელთან ერთად ტბისპირა პარკში ვსეირნობდი, ათი, თორმეტიოდე წლის ბიჭი ბალახზე იჯდა და მწარედ, გულამოსკვნით ტიროდა. ირგვლივ უამრავი ხალხი ირეოდა. შეხედავდნენ ამ ბიჭს – გაივლიდნენ, თითქოს ბიჭის, თუნდაც 10-12 წლის ბავშვის ტირილი სათვალავში ჩასაგდები ამბავი არ იყო. ვკითხეთ, რა სჭირდა და თურმე დედას ჩამორჩენოდა. დავამშვიდეთ და ვუთხარით, რომ აუცილებლად ვაპოვნინებდით, მერე გაახსენდა, რომ მამამისის ნომერი ახსოვდა. სანამ მამას ვურეკავდით ბავშვის დედაც გამოჩნდა, გაიქცა და ჩაეხუტა, კიდე უფრო ატირდა სიხარულისგან ბიჭი – „დე, მეგონა დამტოვეო“ – ქვითინებდა. ჩვენც ვიდექით და ვსლუკუნებდით.

„კაცები არ ტირიან ბიჭო!” – მიაძახა ჩვენს პატარა ბიჭს ლამის გაზეპირებული ფრაზა, იქვე, ძელსკამზე ჩამომჯდარმა კაცმა, რომელიც მთელ ამ სცენას დასაწყისიდან დასასრულამდე უდრტვინველად ადევნებდა თვალს.

„ბავშვია, უცხო ქალაქშია და დედა დაკარგა? რატომ არ უნდა იტიროს?” – მხოლოდ ამის თქმა მოვახერხეთ და წამოვედით. ეს ამბავი ბათუმში მოხდა. მაგრამ არც შვედეთში ყოფილა უკეთესი მდგომარეობა, ყოველ შემთხვევაში 20-იანი წლების შვედეთში.

თურმე არც იქ უთვლიდნენ ბიჭებს, კაცებს, ემოციის გამოხატვას ტირილით „კაცურ” საქმედ. მოდით ასტრიდ ლინდგრენს მოვუსმინოთ რას ფიქრობდა ამ სტერეოტიპზე, რას სწერდა ის სარა იუნგკრანცს ტირილის მეშვეობით ემოციებისგან გათავისუფლების მნიშვნელობაზე.

„ზოგჯერ უბრალოდ გრძნობ, რომ უნდა იტირო. ვფიქრობ, რომ პატარა ბიჭებს და დიდ კაცებსაც უნდა ჰქონდეთ ტირილის უფლება, რადგან ადამიანი შეცდომას უშვებს, როცა თავს იკავებს და თავის გრძნობებს გარეთ არასდროს უშვებს.

მახსოვს ერთხელ ჩემმა ძმამ მითხრა, (ძალიან დიდი ხნის წინ, ალბათ 20-იან წლებში) ჯარში ერთ საძულველ ვარჯიშს ვასრულებდით, რომლის დროსაც ვიყინებოდით, შიმშილით სული გვძვრებოდა, საშინლად გვეპყრობოდნენ და ოდნავადაც არ გვინდობდნენო. ისე ვიტანჯებოდით, რომ ბოლოს ერთმა ახალწვეულმა ვეღარ გაუძლო და ტირილი დაიწყოო, მას შემდეგ ყოველთვის „იმ მტირალა ტიპს” ეძახდნენ – წარმოგიდგენია რა სისასტიკეა?! მგონი თანამედროვე ბავშვებს ასე მტკიცედ აღარ ჰგონიათ, რომ ბიჭები არ უნდა ტიროდნენ, შენ რას ფიქრობ?” – ეკითხება ასტრიდი სარა იუნგკრანცს.

„როგორ მძულს მისდამი დედაჩემის გულისამრევი ერთგულება! როგორც არ უნდა ვეცემე, ის სულ მის მხარეს იჭერდა”

14 წლის სარა იუნგკრანცი მიმოწერის დაწყებიდან მესამე წელს უმხელს ასტრიდ ლინდგრენს, რომ ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო და მამა სცემდა. ჰყვება, რომ სანამ პატარა იყო ამის რცხვენოდა და მალავდა ამბავს, მაგრამ მერე მან მამამისის მეგობრებსაც კი უთხრა, თუ როგორ სძულდა ის. მოზარდ სარას მამა აღარ სცემს, მაგრამ გოგო ვერ ივიწყებს ტკივილს და დამცირებას:

„როცა ცემაზე, ჭკუის სასწავლებელ გაკვეთილებზე, მეგობრების წინაშე დამცირებაზე და სხვა ყველაფერზე ვფიქრობ, მახსენდება, რომ ყოველ ასეთ დროს, სურვილი მიჩნდება ავიწყვიტო, ვიყვირო და ვილანძღო, მაგრამ იძულებული ვარ ჩუმად ვიჯდე და, როგორც დამჯერ გოგოს შეჰფერის, საათობით ვუსმინო რაღაც სისულელეებს.

ძალიან მიჭირს ყველაფრის დავიწყება. ბებო მეუბნება, რომ ადამიანი ვერასდროს გახდება ზრდასრული მანამ, სანამ თავისი მშობლების პატიებას არ ისწავლისო, რადგან ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი ძალიან გვიანი იყოსო” – შესჩივის 14 წლის სარა 58 წლის ასტრიდს.

სარა (უკიდურეს მარცხენა კუთხეში) კლასელებთან ერთად 1971 წლის გაზაფხულზე, როდესაც მან პირველად მისწერა ასტრიდს.

ლინდგრენს უზომოდ აღელვებს სარას მდგომარეობა,  უხსნის, რომ საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანები აგრესიას ყველაზე სუსტებზე, ბავშვებზე ანთხევენ, მათზე, ვისაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ და სწორედ ესაა ბავშვთა მიმართ ძალადობის მიზეზი.

არწმუნებს სარას, რომ ის გონიერი გოგოა და ამ ყველაფრისგან გარიდებას და გადარჩენას აუცილებლად შეძლებს.

სარამ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მამასთან გახსნილი და კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონია, სიკვდილის წინ მოინახულა ის საკუთარ, პატარა შვილებთან ერთად და შეძლო ყველაფერი ეპატიებინა მამისთვის, ამის შესახებაც სწერს ის ლინდგრენს ბევრი წლის შემდეგ. მიმოწერის დასასრულს.

________________________

ერთის მხრივ უკვე ხანშიშესული, მხედველობის პრობლემების მქონე ლინდგრენი და სხვა მხრივ ნორჩი, გზის დასაწყისში მყოფი სარა ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად მიმოწერის აქტიურ ფაზაში უზომოდ ბევრს სწავლობენ ერთმანეთისგან. ორივეს ერთი რამ აერთიანებს: მშფოთვარე ხანა უდგას ასტრიდსაც, რომელიც ყოველდღე იგებს მისი მეგობრების, ახლობლების ამქვეყნიდან წასვლის მძიმე ამბებს და მშფოთვარეა ახალგაზრდა სარას ცხოვრების გზაც: შემთხვევითი ურთიერთობებით, უსახლკარობით, ხშირად გამოცვლილი სამსახურებით, სადაც მძიმე საქმიანობას ეწეოდა.

გზის დასასრულსა და გზის დასაწყისში მყოფი ორი ადამიანის  ასეთი ღრმა და გრძნობიერი კავშირი დიდ გავლენას ახდენს მკითხველზე, როგორც ადამიანებს შორის ერთობის, უანგარო დახმარების არსებობის უტყუარი ნიშანი.

უკანასკნელ წერილს 53 წლის სარა შვარტი 2012 წელს სწერს ლინდგრენს, მწერალი ამ დროს უკვე გარდაცვლილია, სარას კი შვილები იმხელა ჰყავს, რამხელამაც მან მისწერა პირველად ასტრიდს.

ამ დროს უკვე სარას შვილების ოთახში დევს თაროზე ლინდგრენის წიგნები. „კალმის მეგობარი” გარდაცვლილ მწერალს, პირობას აძლევს, რომ არაფერს, არაფერს შეცვლის მიმოწერაში, დატოვებს წერილებში მის მშფოთვარე ბავშვობას ხელუხლებლად და ასე გამოიტანს სააშკარაოზე 40 წლიან მეგობრობას სათაურით „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: