მთავარი,სიახლეები

წიგნებით მოგზაურობა ახალ სამყაროში – მოგონებები ბებიას ბიბლიოთეკაზე

29.07.2021 • 2425
წიგნებით მოგზაურობა ახალ სამყაროში – მოგონებები ბებიას ბიბლიოთეკაზე

იზა გოცაძე, სტრატეგიული კომუნიკაციების კონსულტანტი.


სუნი, რომელიც არასდროს მავიწყდება, ბებიას უზარმაზარ ბიბლიოთეკას უკავშირდება. ბიბლიოთეკას, რომელიც ყოველ ზაფხულს ახალ სამყაროში მამოგზაურებდა.

სასწავლო პროცესის დასრულებისთანავე არდადეგების დიდი ნაწილი ბებიასთან უნდა გამეტარებინა. ბებია ფილოლოგი იყო, მთელი ცხოვრება წიგნებს ყიდულობდა, მის ბიბლიოთეკაში ყველა თაობისთვის საინტერესო წიგნი მოიძებნებოდა. ზაფხულთან ერთად იწყებოდა ჩემი უსასრულო მოგზაურობა დროსა და სივრცეში. ბებიას ყველა წიგნი წაკითხული ჰქონდა, მე კი ერთი სული მქონდა, როდის გავუზიარებდი ჩემს შთაბაჭდილებებს.

ბებიას სახლი ჩვენთვის, მისი შვილიშვილებისთვის, დღესაც წიგნების კითხვის ადგილია. იქ წიგნის კითხვას განსაკურებული განწყობა ახლავს თან, იქნებ იმიტომ, რომ იქაურობა ყველას ბავშვობაში გვაბრუნებს – დროში, როცა პირველად ვეზიარეთ ამ ჯადოსნურ და სიღრმისეულ სამყაროს. ან იქნებ იმიტომ, რომ ამ უზარმაზარ ბიბლიოთეკაში წიგნები, როგორც 1920, ასევე 2021 წლით თარიღდება – ცხოვრების ბოლო დღემდე არ შეუწყვეტია ბებიას თაროების ახალი წიგნებით შევსება და ჩვენთვის ახალი სამყაროს ოდნავ შეღებული კარის დახვედრება ახალი წიგნების სახით.

ბებიას სახლი დიდი ბიბლიოთეკა იყო ყველასთვის, ვინც მის ირგვლივ ცხოვრობდა. ყველა წიგნს მისი ხელმოწერა ჰქონდა, მთავარი პირობა წიგნის დროულად და საუკეთესო ფორმაში დაბრუნება იყო, რასაც წიგნის ყველა მკითხველი ასრულებდა.

ჩემთვის ნაბეჭდი წიგნის წაკითხვის სიამოვნება ჩაუნაცვლებელია, როცა ხელით ვეხები თითოეულ გვერდს უფრო მეტ სიახლოვეს ვგრძნობ ამბავთან. იმის წარმოდგენა, რომ არსებობს შესაძლებლობა, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა სახის ლიტერატურა, ბედნიერებას მანიჭებს. უკვე წარმომიდგენია ცნობისმოყვარე სახეებით, როგორ ათვალიერებენ ახალ წიგნებს, ეცნობიან ახალ პერსონაჟებს, როგორ იზრდება მათი თვალსაწიერი, ამთავრებენ ერთ წიგნს, ერთ მოგზაურობას და იწყებენ ახალს…

და ასე გრძელდება უსარულოდ.

„ბათუმელების“ იდეას, რომ შევავსოთ მაღალმთიან აჭარაში წიგნების თაროები ახალი წიგნებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად დავუჭიროთ მხარი. წიგნიერება ჩვენი განათლების მთავარი ფუნდამენტია, განათლებული ახალი თაობა ჰაერივით სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ კი ერთად ბევრი კარგი საქმის კეთება შეგვიძლია.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: