მთავარი,სიახლეები

„დრო უნდა იყოს განსაზღვრული“ – ბავშვები და კომპიუტერული თამაშების საფრთხე

30.07.2021 • 2354
„დრო უნდა იყოს განსაზღვრული“ – ბავშვები და კომპიუტერული თამაშების საფრთხე

ავტორი: მარიკა ბოლქვაძე

სულ უფრო მეტი ბავშვი არჩევს ეზოში თანატოლებთან თამაშის ნაცვლად კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანთან თამაშს. ვირტუალურ სამყაროში დრო სწრაფად გადის და ბავშვმა შეიძლება დღეში რამდენიმე საათი გაატაროს ეკრანთან. ჩვენ ვესაუბრეთ ბავშვებს, რომლებსაც ეკრანთან ურჩევნიათ თამაში, მშობელს და ფსიქოლოგს, რომელიც იმ საფრთხეებზე გვესაუბრა, რაც კომპიუტერულ თამაშებს შეიძლება მოჰყვეს.

  • როგორც კი თვალს ვახელ, მახსენდება თამაში და ვიღებ ტელეფონს“ – გიორგი და ნიკო

9 წლის გიორგი ამბობს, რომ კომპიუტერული თამაშები მისი ყოველდღიურობის ნაწილია. მან გვითხრა, რომ ყოველდღე დაახლოებით 5 საათს თამაშობს და ამის გარეშე უბრალოდ არ შეუძლია.

„როგორც კი თვალებს ვახელ, მახსენდება თამაში და ვიღებ ტელეფონს.

ვიდეოთამაშებმა ჩემს ცხოვრებაში ჩაანაცვლა ხატვა, ბავშვებთან თამაში და ხანდახან მეცადინეობისთვის გამოყოფილი დროც კი. მომხდარა ისეც, რომ მითქვამს, ჯერ ვითამაშებ ტელეფონში და მერე ვისწავლი-მეთქი.

ტელეფონში და კომპიუტერში თამაში უფრო მომწონს, ვიდრე მეგობრებთან ერთად გარეთ ყოფნა“ – გვითხრა გიორგიმ.

მარიკა ბოლქვაძის ფოტო

გიორგი ძირითადად ე.წ. საბრძოლო ტიპის თამაშებს თამაშობს. ერთ-ერთ თამაშზე საუბრისას გიორგი ამბობს, რომ მოსწონს კონკრეტულ თამაშში კუნძულზე დაშვება, სადაც პოულობს იარაღს, იბრძვის და იმარჯვებს.

9 წლის გიორგი ამბობს, რომ კომპიუტერული თამაშისას მას შეუძლია მეგობრებსაც ეკონტაქტოს ვირტუალურად და სხვა ქვეყნიდანაც გაიცნოს ადამიანები.

გიორგის დედა, ეკა, ამბობს, რომ იცის გიორგის გატაცების შესახებ.

„დიდ დროს ატარებს მონიტორთან და აკრძალვის შემთხვევაში ღიზიანდება. არ შეუძლია 2 საათი ისე გაძლოს, რომ მინიმუმ არ მოიკითხოს მაინც თამაში“, – ამბობს ეკა.

მისი თქმით, კომპიუტერულმა თამაშებმა გიორგის ცხოვრება შეცვალა. ახლა გიორგი ეზოში თამაშს ეკრანთან ყოფნას ამჯობინებს და ხშირად ოჯახში მოსული სტუმრებითაც არ ინტერესდება.

„შეუძლია თამაშის გამო უარი თქვას ყველაფერ იმაზე, რასაც მისი თანატოლი ბავშვები აკეთებენ ამ ასაკში. არაკონტაქტური არ არის, მაგრამ უმეტესად ვირტუალური ურთიერთობა ურჩევნია უკვე“, – ამბობს მშობელი.

ეკა ცდილობს გიორგი ბურთით, ფაზლით, სხვა გასართობითა და წიგნებით დააინტერესოს, თუმცა ეს მეთოდი ყოველთვის არ მუშაობს.

„ხანდახან მოქმედებს, ხანდახან არა, ნაწილობრივ ეფექტურია…

მე არ ვუკრძალავ თამაშს, ეს გართობის ნაწილია, მაგრამ მცირე დოზით რა თქმა უნდა, ნორმის ფარგლებში“, – ამბობს გიორგის დედა.

16 წლის ნიკოც თამაშობს ეკრანთან. იგი ვიდეოთამაშებით უკვე 3 წელია გატაცებულია და ინტერესი არ იკლებს.

ნიკო თავად ამბობს, რომ უკვე დამოკიდებულია თამაშებზე და დღის დიდ მონაკვეთს ვირტუალურ სივრცეში ატარებს.

„მეგობრებთან შეხვედრა იშვიათად მიწევს, რადგანაც ყველა ჩემი მეგობარი ამ თამაშს თამაშობს და შეგვიძლია ერთ გუნდში ვითამაშოთ, ანუ ვირტუალურად თან ვეკონტაქტოთ ერთმანეთს თამაშის პროცესში და ისე ვითამაშოთ. როცა ერთმანეთს ვნახულობთ ცოცხალ სივრცეში, მაშინაც ვთამაშობთ ერთად“, – ამბობს ნიკო.

იგი არ თვლის, რომ კომპიუტერულმა თამაშებმა ადამიანებთან ცოცხალი ურთიერთობა ჩაანაცვლა.

„აქაც მაქვს კონტაქტი ადამიანებთან, უფრო მეტთანაც, ვიდრე სინამდვილეში მექნებოდა, უბრალოდ ვირტუალურად და თამაშის ხარჯზე“, – გვითხრა ნიკომ.

ნიკო არ მიიჩნევს, რომ საბრძოლო ტიპის თამაშები აგრესიას იწვევს. „პირიქით, მგონია, რომ მაწყნარებსო“, – გვითხრა მან.

  • საშიშია, როცა ვირტუალური თამაში რეალურს ანაცვლებს? – რას ამბობს ფსიქოლოგი

შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ საათობით კომპიუტერული თამაშით გართობა დამოკიდებულებად? – ამ თემაზე პრაქტიკოს ფსიქოლოგს, ირმა ფეიქრიშვილს ვესაუბრეთ.

მან გვითხრა, რომ თამაშდამოკიდებული ბავშვების ასაკი უკვე ძალიან ადრე იწყება:

„თუ კი ადრე შეიძლებოდა თამაშდამოკიდებული ბავშვი ყოფილიყო დაახლოებით 11–12 წლის, ახლა ფსიქოლოგები ვაწყდებით იმ პრობლემას, რომ 4–5 წლის ასაკიდან ბავშვები უკვე ძალიან აქტიურად თამაშობენ გაჯეტებით სხვადასხვა თამაშს.

როდესაც ბავშვები ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდებიან თამაშების ფერად სამყაროში, რეალური სამყაროდან ფაქტობრივად გადიან, იმიტომ, რომ ეს არის საშუალება, ნახონ ძალიან საინტერესო სივრცე, არიან აბსოლუტურად დამოუკიდებლები, შეუძლიათ საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ უფროსების ჩართვის გარეშე.

აქ ყველაზე ცუდი ის არის, რომ მათი თამაშის დრო არასდროსაა ლიმიტირებული“, – ამბობს ირმა ფეიქრიშვილი.

ირმა ფეიქრიშვილი

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ვირტუალური თამაშები უკვე თანამედროვე სამყაროს ნაწილია და მასზე უარის თქმა ძნელია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთ თამაშებს და, ზოგადად, გაჯეტებს, ორი მხარე აქვს:

„რა თქმა უნდა, XXI–ე საუკუნის ბავშვი როგორ შეიძლება საერთოდ მოწყდეს გაჯეტებს, ვერ ავუკრძალავთ ამას. ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ სასარგებლოდ.

ნებისმიერი თამაში ავითარებს სხვადასხვა კოგნიტურ უნარს, თუნდაც ყურადღებას, სწრაფ რეაქციას, სწრაფ აზროვნებას, – ბავშვმა უნდა გაიაზროს შემდგომი მოქმედება, მოწინააღმდეგის სტრატეგიები და ეს გარკვეულ პოზიტიურ ზეგავლენასაც ახდენს ბავშვის განვითარებაზე, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ბავშვები აბსოლუტურად წყდებიან რეალურ ცხოვრებას.

ყველაზე სახიფათო ის არის, რომ  ძალიან ხშირად ბავშვები რეალურ ცხოვრებაშიც სწორედ ამ ვირტუალურ გმირებს განასახიერებენ და ისევე იქცევიან, როგორც თამაშში. ამან შეიძლება ფატალურ შედეგამდეც მიგვიყვანოს. რეალურ ცხოვრებაში ამ ყველაფრის წარმოჩენა არც ისეთი მარტივია, ისინი ფიზიკურად ამისთვის მზად არ არიან“, – ამბობს ფსიქოლოგი.

ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად ფსიქოლოგი თამაშის დროის განსაზღვრას მიიჩნევს.

„დრო, რომელსაც გაჯეტებთან ატარებს ბავშვი თუ მოზარდი, უნდა იყოს აუცილებლად განსაზღვრული.

როდესაც იწყებს თამაშს, უნდა დავუნიშნოთ დრო.

ასევე, მშობელმა უნდა იცოდეს, რას თამაშობს ბავშვი, რადგან არის თამაშები, რომლებიც გარკვეულ აგრესიას იწვევენ ბავშვებში, იმდენად აგრესიულები ხდებიან, რომ ამ აგრესიის მართვას მერე ვეღარ ახერხებენ.

პრობლემაც სწორედ ამაშია.

გაჯეტებთან ურთიერთობა შეიძლება შევადაროთ, მაგალითად, წამლის მიღებას. გარკვეული წამლის მიღებისას გვჭირდება ექიმის მიერ დანიშნული დოზა, რომ წამალი იყოს სასარგებლო, მაგრამ გადაჭარბებული მოგვწამლავს და შეიძლება მოგვკლას კიდეც. გაჯეტებთან ურთიერთობაც ზუსტად ასეა“, – ამბობს ირმა ფეიქრიშვილი.

იგი ამბობს, რომ თამაშზე დამოკიდებულება და გაჯეტებთან გატარებული უკონტროლო დრო ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც კი შეიძლება აისახოს. ამის მაგალითად ფსიქოლოგს მოჰყავს შემთხვევა საკუთარი პრაქტიკიდან, როცა მოზარდს, რომელიც დღე და ღამე ძირითადად კომპიუტერული თამაშებით იყო დაკავებული და გარეთაც კი არ გადიოდა, კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტი განუვითარდა.

  • „გაიზრდება და შეწყვეტს თამაშს“ – რამდენად სწორია ეს მოსაზრება?

არაერთი მშობელი  ფიქრობს, რომ გაჯეტებზე დამოკიდებულება თანდათან, ბავშვის გაზრდასთან ერთად შემცირდება და 16-17 წლის მოზარდები თავად იტყვიან უარს თამაშზე.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ეს შეიძლება სულაც არ მოხდეს.

„რაც უფრო მეტად იზრდება ბავშვი და გადადის მოზარდობის ხანაში, მით უფრო მეტად ურთულდება მას ურთიერთობა სოციუმთან და, ზოგადად, პასუხისმგებლობის გრძნობის აღებაც საკუთარ თავზე.

მოზარდებს ახასიათებთ რეალური ცხოვრებიდან გაქცევა, მაგალითად, წიგნის კითხვით  – ეს არის საშუალება, რომ მოზარდი გაექცეს რეალობა და იცხოვროს გამოგონილ სამყაროში, რადგან რეალობა მისთვის საშიშია.

ზოგადად, შიში ძალიან კარგი ემოციაა, ეს არის სიფრთხილე. შიში ჩვენ გვეხმარება, ბევრ საფრთხეს გვაცილებს თავიდან, მაგრამ როდესაც მოზარდები რეალური ცხოვრების წინაშე დგებიან და რაღაც პასუხისმგებლობები უნდა აიღონ საკუთარ თავზე, ეს შიში მძაფრდება. ამ დროს მათ თანადგომა სჭირდებათ, ამის ნაცვლად კი ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებას გაექცნენ რეალურ ცხოვრებას.

ამის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს ყველაფერი მოზარდობის ხანაში შეიძლება თავისით მოწესრიგდეს? არა, პირიქით! ძალიან მძაფრდება და ძალიან რთულდება ვირტუალური თამაშების სივრციდან მოზარდის დაბრუნება რეალურ ცხოვრებაში.

შედეგად მოზარდს შეიძლება არაფერზე პასუხისმგებლობის აღების სურვილი არ ჰქონდეს. ის საკუთარ ცხოვრებას ვერ მართავს და ვერ პოულობს ადგილს“, – ამბობს ირმა ფეიქრიშვილი.

  • რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა?

შეუძლია თუ არა მშობელს კონკრეტულ ზომებს მიმართოს შვილის გაჯეტების მავნე ზეგავლენისგან დასაცავად? – ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ ეს შესაძლებელია.

ფსიქოლოგი რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გვთავაზობს მშობლებისთვის:

„ბავშვებსაც და მოზარდებსაც უნდა ჰქონდეთ ძალიან კარგად ჩამოყალიბებული დღის რეჟიმი.

ყოველთვის საღამოს ბავშვმა უნდა იცოდეს, ხვალ რა უნდა აკეთოს. ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი.

თუ კი ჩვენ საღამოობით ბავშვს ვაცნობთ მის ხვალინდელ დღის რეჟიმს და მასთან ერთად ვადგენთ, ვაწესებთ წესებს და მერე ვითხოვთ ამ წესების შესრულებას, ის აღარ აპროტესტებს ამას ისე მტკივნეულად, ვიდრე წესების დაცვის გარეშე.

გავითვალისწინოთ, რომ ბავშვებს დროის შეგრძნება გამომუშავებული არ აქვთ. თამაშის დაწყების წინ ჩვენ უნდა დავუნიშნოთ ტაიმერი. ორი საათი როცა გავა, შემდეგ 10 წუთის დამატება შეგვიძლია, რომ დაამთავროს თამაში, მაგრამ ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ 10 წუთი შეუძლია გადააცილოს, მეტი არა და უნდა დაანებოს თამაშს თავი.

ბავშვს შეიძლება მივცეთ როგორც ჯილდო გაჯეტებთან ურთიერთობის საშუალება, ეს ბევრად უფრო კარგად მუშაობს.

მშობლებიც უნდა შევეცადოთ, რომ ბავშვთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში ჩავერთოთ, ვეთამაშოთ.

ადამიანს სჭირდება 21 დღე, რომ რაღაც ჩვევად ჩამოუყალიბდეს. იქნებ მშობლები შევეცადოთ, რომ აი, ეს 21 დღე მასთან ერთად გავიაროთ და მერე დავაკვირდეთ, რამდენად ჩამოყალიბდა ბავშვის ახალი უნარ-ჩვევა.

იმდენად ფერადი და ლამაზია ვირტუალური თამაშების სამყარო, რომ დამერწმუნეთ, მასთან კონკურენცია მარტივი არაა, ამიტომ ბავშვი უნდა იყოს ფიზიკური აქტივობით დაკავებული, სპორტით ან ხელოვნებით, რომ იქაც მიიღოს ანალოგიური სიამოვნება, გამოხატოს რომელიმე სფეროში მისი ენერგია და ამით კმაყოფილება იგრძნოს, რომ აღარ ჰქონდეს ონლაინ სივრცეში გაქცევის დიდი მოთხოვნილება“, – ამბობს ირმა ფეიქრიშვილი.

_______________________

მასალა მომზადებულია „მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის“ ფარგლებში, რომელსაც „ბათუმელები“ ახორციელებს „ამერიკულ კუთხესთან“ ერთად. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: