ვინ არის ხულოს მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან

„ხელისუფლება არ უნდა იყოს გამიჯნული მოსახლეობისგან“ – გვიპასუხა ოპოზიციური ერთობის ხულოს მერობის კანდიდატმა გოგიტა სოლომონიძემ, როცა ვკითხეთ – როგორ უნდა მოახერხოს ადგილობრივმა მთავრობამ მოსახლეობის აქტიურად ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში?

გოგიტა სოლომონიძეს პოლიტიკური წარსული პრაქტიკულად არ აქვს, მერობის კანდიდატობამდე ის აქტიურად ჩნდებოდა ბათუმის „თავისუფლების კვარტალში“. გოგიტას საზღვაო აკადემია აქვს დამთავრებული.

რა ხედვებით და დაპირებით აპირებს გოგიტა სოლომონიძე არჩევნების მოგებას? – „ბათუმელებმა“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • თქვენი აზრით, რა არის ხულოს მთავარი პრობლემა და როგორ აპირებთ თქვენ მის მოგვარებას? 

ყველაზე დიდი პრობლემაა სასმელი წყალი. ბეღლეთი იქნება ეს, ღურტა, თუ ყინჩაური, ყველგან არის წყლის პრობლემა. დაბა ხულოშიც ფული დახარჯეს და წყალი მოდის მღვრიე, ან არ არის, გრაფიკით მიეწოდება ხალხს წყალი. ამ პრობლემას არავინ ყურადღებას არ აქცევს. ბოლო წლებში 6 მილიონამდე დაიხარჯა წყლის სისტემების მოსაწყობად და მოუგვარებელია პრობლემა.

  • რატომ ვერ მოგვარდა თქვენი ინფორმაციით, კომპეტენციის პრობლემა იყო, თუ კორუფციის? 

ძირითადად არის ნეპოტიზმი, რადგან შინაურული გარიგებებია, უყურადღებობა არის, ისე ტარდება ტენდერები და ჩვენი მოსახლეობა წყლის გარეშე რჩება. პასუხის მომთხოვნი არავინ არ არის, რადგან ერთმანეთთან არიან კავშირში.

  • შეგიძლია დაგვისახელო კონკრეტული ფაქტი ასეთი გარიგების? 

შეგიძლიათ გამოითხოვოთ, პროკურატურაშია შეტანილი საქმეები, მაგალითად, საჯოგია-ნეგოიანში 2- 3 წლის წინ დახარჯეს მილიონზე მეტი ლარი და წყალი არ არის… „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა პროკურატურას და დაწყებულია გამოძიება.

  • რა საშუალებით წარმოგიდგენიათ უფრო მეტი შემოსავლის მიღება ხულოს ბიუჯეტში? 

უნდა იყოს ბიზნესის ხელშეწყობა და მეტი შემოსავალი შემოვა ქონების გადასახადისგან. ხულოს აქვს დიდი პერსპექტივა სოფლის მეურნეობაში. აქამდე იყო კარტოფილი, ახლა დაემატა თუთუნი და ჟოლო, რომელიც ბევრად უფრო მოგებიანია.

ხულოში ტურიზმიც განვითარებულია და დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააჩერა, რადგან თვითონ მოირგო ყველაფერი. მაგალითად, ხულო-ზარზმის გზა უკვე 9 წელი გაჩერებულია. ყოველი არჩევნების წინ იმიტაციაა, რომ თითქოს აკეთებენ, სინამდვილეში არჩევნების მერე ყველაფერი ჩერდება.

თქვენ ხომ გესმით, რამხელა დატვირთვა აქვს ამ გზას?! მაგალითად, ზაფხულში რომ მარტივად მოხვდები მწვანე ტბაზე, ან ზამთარში იოლად მიხვალ გოდერძიზე? ეს ყველაფერი ახლა გაჩერებულია.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობას ხელისუფლება არ ელაპარაკება, ელემენტარული ყურადღება არ არის. დღეს რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მაღალი რეიტინგი, ეს არის იმის დამსახურება, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველა სოფელში მიდიოდა, პრობლემას ითავისებდა და გულთან მიჰქონდა.

ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე როცა მუშაობდა პოლიციაში, მას უფრო მეტი სახელი და რეიტინგი ჰქონდა, დღეს, მაგალითად, მას არ აქვს სახელი. ხულოს მოსახლეობამ იცის, რომ ის არის ფორმალური მერი.

ამასობაში, გლეხის საქმე რჩება მოუგვარებელი.

  • შემოსავალს რა გაზრდის კონკრეტულად? მაგალითად, ჰესის აშენებამ რა მისცა ხულოს ბიუჯეტს?

ჰესის აშენების შემდეგ ყოველწლიურად ხულოს ბიუჯეტში შედის სამნახევარი მილიონი ლარი. ასეთი პროექტები მრავალი და მრავალი უნდა გაკეთდეს.

  • ჰესები ისევ? 

საწარმოები ამასთან ერთად. ხილის მიმღები საწარმო შეიძლება მოეწყოს, უხვი მოსავალი გვაქვს, ძალიან დიდი რაოდენობით ხილია, ძირში იყრება და ლპება.

მრავალი პერსპექტივა გააჩნია ჩვენს რეგიონს. მაგალითად, კურორტ „გოდერძიდან“ არის შემოსავალი, მაგრამ არა ის, რა პერსპექტივაც გააჩნია გოდერძის. ინფრასტრუქტურის და გზის პრობლემები როცა მოგვარდება, ეს შემოსავალი გაორმაგდება და გასამმაგდება.

  • როგორ წარმოგიდგენიათ ქონების გამიჯვნა, რომ ქონება, სადაც ბიზნესის ინტერესი არსებობს, მუნიციპალური იყოს და ხულომ მიიღოს შემოსავალი? 

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა დაწყებული მიწების რეგისტრაცია და ეს პროცესი… როცა ამათ ჩაიბარეს ეს ხელისუფლება, რადიკალურად სხვა მიმართულება წავიდა პროცესი. ის, ვინც იყო „ოცნებასთან“ კავშირში, მარტო მას გაუფორმეს. გლეხის ნაწილში ყველაფერი გაჩერებულია.

  • გლეხს მიწის რეგისტრაციას ჰპირდებოდა წინასაარჩევნოდ, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ქართული ოცნება“, მაგრამ ორივე ატყუებდა. რატომ ხდება ასე, თქვენი აზრით? 

წინა ხელისუფლების დრო ბევრი რამ შეიქმნა ხულოსთვის და სრულიად საქართველოსთვის. მთელ ქვეყანას ჰქონდა ბიძგი და ამიტომ წარმოვადგენ დღეს მე ამ გუნდს. ეს ხელისუფლება კი, ჭაობისკენ წავიდა…

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაფერი იდეალურად არ იყო, რაღაცები იყო პრობლემა, მაგრამ გლეხზე იყო მორგებული, ყველაფერი წინ და წინ მიიწევდა. მე ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ რა მინდა გითხრათ: ხულოს ახლანდელი მერი ვახტანგ ბერიძე მაშინ წამყვან თანამდებობას იჭერდა, ასევე პარლამენტის წევრი იყო მაშინაც ანზორ ბოლქვაძე და მგონი, პასუხისმგებლობა მათაც უნდა იტვირთონ, ამაზე უნდა შევთანხმდეთ.

  • რა გარანტიაა, რომ ისევ არ ატყუებთ მოსახლეობას? 

მე რასაც დავპირდები მოსახლეობას, იმას შევასრულებ. თუ არა, სამომავლოდ ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ დამიჯერეთ, საბოლოოდ, ამ თემაზე საუბარი არ მოგვიწევს.

  • დაპირების მიუხედავად, ხულოს სოფლების დიდ ნაწილში ისევ არაა ინტერნეტი. როდის და როგორ შეიძლება მოაგვაროთ ეს პრობლემა, გაქვთ კონკრეტული გათვლა? 

მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო ახლა ისევ ხელისუფლებაში, ეს პრობლემა არ იქნებოდა. მიხეილ სააკაშვილი დიდ ყურადღებას აქცევდა განათლებას და ამის ნათელი მაგალითია ერთიანი ეროვნული გამოცდები, რაც მართლა მიღწევაა, მოდით, ვაღიაროთ. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს, რადგან უინტერნეტოდ როგორ შეიძლება ისწავლოს ბავშვმა?

  • როგორ აპირებთ მოსახლეობის აქტიურად ჩართვას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში? 

ხელისუფლება არ უნდა იყოს გამიჯნული მოსახლეობისგან. დღეს კი მოსახლეობას ხელისუფლება არ ჰყავს ნანახი, ან როცა ხვდებიან, არავინ საუბრობს რეალურ პრობლემებზე. ეს შიშის გამო კი არაა, არამედ იმიტომ, რომ მოსახლეობა ხვდება, ესენი რომ რეალურ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, ხვდებიან – არაფრის გამკეთებლები არ არიანო.

ხალხი ხელისუფლებასთან შინაურულად უნდა გრძნობდეს თავს. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მინდა, ასე შინაურულად ვგრძნობდე მეც თავს, როგორც ამ რაიონის შვილი, ვჯდებოდე გლეხებთან და თავისუფლად მიყვებოდნენ, რა სჭირდებათ.

ახალი მეჩეთი ბათუმში – რას ფიქრობენ მერობის კანდიდატები

2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმმა ახალი მერი უნდა აირჩიოს. “ბათუმელებმა” მერობის სამ კანდიდატს, სხვადასხვა საკითხზე დაუსვა კითხვები, რომელზე პასუხებსაც პერიოდულად შემოგთავაზებთ. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხს და სასამართლო დავას, რომელიც ოთხი წელია გრძელდება ბათუმის მერიასა და მუსლიმ თემს შორის.

მაშინ როცა ქალაქში საცხოვრებელ ადგილას ნებართვით ან უნებართვოდ შენდება ეკლესიები, რატომ აიძულებთ მუსლიმებს სასამართლოებში დავას მეჩეთის აშენებაზე უფლების მოსაპოვებლად? – ასე იყო ფორმულირებული კითხვა, რომელიც „ბათუმელებმა“ არჩილ ჩიქოვანს დაუსვა, ბათუმის მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“.

არჩილ ჩიქოვანი ერთ წელზე მეტია ბათუმის მერის მოვალეობას ასრულებს და სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გაასაჩივრა ბათუმის მერიამ ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში.

  • არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებიდან“:

სამშენებლო საკითხებთან დაკავშირებით ერთგვაროვანი შეკითხვა სხვადასხვა ინტერპრეტაციით დასვით. გპასუხობთ ცალსახად – მუნიციპალიტეტი იმოქმედებს და მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. მათ შორის ის პრეცედენტული გადაწყვეტილებები, რომელიც უნდა მიიღოს სასამართლომ და რომელიც დამხვდა მე მემკვიდრეობად, ბუნებრივია გაგრძელდება ამაზე სამართლებრივი ნაწილი. ამავდროულად მე და ჩემი გუნდი ყოველთვის ვიმოქმედებთ კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად.

ბატონო არჩილ, შესაძლებელია თქვენ უკვე იყოთ მერი, როდესაც უზენაესი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. რადგან ორი ინსტანციის სასამართლომ თქვა, შეიძლება უზენაესმაც გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომ მერიის მხრიდან იყო დისკრიმინაციული მიდგომა, რაც თქვენ დაგხვდათ მემკვიდრეობით. თქვენ, როგორც მერი, შეცვლით ამ მიდგომას?

ჩემი ხედვა და დამოკიდებულება არის კანონის განუხრელი დაცვა. სასამართლო არის ორგანო, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეჯიბრებითობის პრინციპით, ასევე ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო, მათ შორის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაც, როდესაც ის ჩართულია მხარედ სამოქალაქო საქმის წარმოებაში თავის პოზიციას და თავის სამართლებრივ მხარეს წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მე იურისტი ვარ, კარგად ვიცი რას ნიშნავს კანონის დაცვა, კანონის უზენაესობა. ყველა იმ უფლების პატივისცემით და რეალიზებით, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს გააჩნიათ, ასევე ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, ჩვენ მივიღებთ კანონმდებლობით დადგენილ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც კანონთან სრულ თანხვედრაში იქნება.

_____________________________________________

ქალაქში საცხოვრებელ ადგილას ნებართვით ან უნებართვოდ შენდება ეკლესიები, მუსლიმებს კი სასამართლოში უწევთ დავა მეჩეთის მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად. თუ მერი გახდებით თქვენც აიძულებდით მუსლიმებს სასამართლოებში დავას ამ უფლების მოსაპოვებლად? –  ასე იყო ასე იყო ფორმულირებული კითხვა, რომელიც „ბათუმელებმა“ ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს დაუსვა.

  • ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტია „გიორგი გახარია საქართველოსთვის“:

უნებართვოდ რაც შენდება, გინდ ეკლესია იყოს, გინდაც მეჩეთი, ჩემთვის არის მიუღებელი, იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც არსებობს განსაზღვრული საკანონმდებლო ბაზა და განსაზღვრულ საკანონმდებლო ბაზას, რა თქმა უნდა, უნდა ემორჩილებოდეს თითოეული მოქალაქე.

მე, როგორც სამართალმცოდნე, პირველ რიგში ვაღიარებ კონსტიტუციას. ჩვენი კონსტიტუცია კი განსაზღვრავს აღმსარებლობის თავისუფლებას. ასე რომ თითოეულ ადამიანს, აღმსარებლობის მიუხედავად, შეუძლია ააშენოს სალოცავი, რათა განახორციელოს ის რიტუალები, რომელიც ამ რელიგიით არის განსაზღვრული.

თუკი მე მერი გავხდები, მუსლიმებს, ქრისტიანებს, ბუდისტებს, კათოლიკეებს და ყველა სხვა რელიგიების წარმომადგენლებს, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი, რომელიც არ ეწინააღმდეგება ჩვენს საკანონმდებლო სივრცეს, არ მოუწევთ სასამართლოში წასვლა.

_____________________________________________

  • გიორგი კირთაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან:

გავიგე თქვენი კითხვა, მაგრამ მინდა მოისმინოთ ჩემი პასუხი. მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბევრი ცუდი საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ბევრი მიმართულებით შეუქმნა საფრთხე. მაგრამ თუ მე მკითხავთ და პირველი, რასაც გამოვყოფდი ბიძინა ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ეს არის რელიგიური თემებით ძალიან ცუდად სპეკულირება, რაც საბოლოოდ მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა დაინგრეს.

მეჩეთის საკითხში პოლიტიკური მდგენელი თავიდან ბოლომდე არის ივანიშვილის პასუხისმგებლობა. მან აქცია მეჩეთი პოლიტიკურ საკითხად. გახსოვთ ალბათ 2012 წლამდე, მის ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწყო ამ თემით სპეკულირება. მერე ძალიან ბევრი ამბავი – ქობულეთის, ჭელას, გურიის ამბავი და ა.შ. და ა.შ.

მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა აღმსარებლობის ადამიანს თავისუფლად მიეცეს ლოცვის საშუალება. აღმსარებლობაში და რწმენაში ყველანი ვართ თავისუფლები და როგორც არის შესაძლებელია აშენდეს ეკლესია, ასევე უნდა იყოს შესაძლებელი აშენდეს მეჩეთი. ოღონდ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკური მდგენელი ამას თავიდან ბოლომდე უნდა მოშორდეს და მერე სეკულარული სახელმწიფოს პრინციპების დაცვით ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სხვა რელიგიური დაწესებულებები უნდა იყოს ყველგან.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკური მდგენელის მოშორება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში, პოლიტიკური მდგენელი არ უნდა იყოს და ჰო, თუ ბათუმელ მუსლიმებს სჭირდებათ მეჩეთი, მათ უნდა ჰქონდეთ მეჩეთი და მერია მას ხელოვნურად ხელს არ უნდა უშლიდეს.

______________________

რატომ არის ბათუმში მეჩეთის აშენების საკითხი მნიშვნელოვანი: 

ოთხ წელზე მეტია მუსლიმი თემი ბათუმში მეჩეთის აშენების უფლების მოსაპოვებლად სასამართლოში იბრძვის. ორი ინსტანციის სასამართლომ (ბათუმის საქალაქომ და ქუთაისის სააპელაციომ) ბათუმის მერიას დისკრიმინაცია დაუდგინა. კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 30 სექტემბერს დისკრიმინაციად მიიჩნია მუსლიმი თემის მიმართ ბათუმის მერიის დამოკიდებულება „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უკანონოდ ჩათვალა ბათუმის მერიის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს.

2021 წლის აპრილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე, ძალაში დატოვ. მეორე ინსტანციის სასამართლომაც მიიჩნია, რომ ბათუმის მერიამ უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო მუსლიმების მიმართ.

ამის მიუხედავად, 2021 წლის ივნისში ბათუმის მერიამ უზენაეს სასამართლოს მიმართა და ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

როგორ ცხოვრობს სომეხი მეწარმე საქართველოში

35 წლის ჰაიკ ასრიანცი საქართველოში პირველად 2008 წელს ჩამოვიდა, როგორც ტურისტი, 2011 წელს კი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა გადაწყვიტა. ცხრა წელია, რაც თბილისში ცხოვრობს და დღემდე ფიქრობს, რომ საქართველო ის ადგილია, სადაც წამოსვლა აქამდე არ უნანია.

ჰაიკი ამბობს, რომ როცა რუსთაველი, ძველი თბილისი მოინახულა, მაშინვე მოიხიბლა იქაურობით. ეს ადგილები დღემდე ყველაზე სენტიმენტალურია მისთვის.

  • რატომ გახდა საქართველო ჩემი სახლი

„როცა ოჯახის წევრებს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი, პირველი კითხვა იყო – რატომ საქართველო? და რატომ არა, ვთქვათ,  ევროპის რომელიმე ქვეყანა, აშშ ან კანადა? გარკვეულწილად, ეს კითხვა იმანაც  განაპირობა, რომ მათ აღქმებში ჯერ კიდევ იყო წარმოდგენები 90-იანი წლების საქართველოზე, როგორც საშიშ და კრიმინალურ ქვეყანაზე. თუმცა შემდეგ, როცა სტუმრად ჩამოდიოდნენ, ნახეს ახალი საქართველოც,“  – გვეუბნება ჰაიკი.

მას ძალიან უყვარს მოგზაურობა, ამიტომ საქართველოს თითქმის ყველა კუთხე აქვს  მოვლილი. რამდენჯერმე იყო კახეთში, თელავში და ამბობს, რომ კარგად იცნობს იქაურობას. მოინახულა სამეგრელო, რაჭა და სვანეთიც.

„სადაც არ უნდა წავიდე, ყველა მხარე ძალიან მომწონს – ბუნება, ტყეები და ტბები. ზოგჯერ მგონია, რომ ადგილობრივები არ აფასებენ ამ ყველაფერს სათანადოდ. როცა მოგზაურობ, სჯობს გამორთო სმარტფონი და გაიხედ-გამოიხედო, ნახო რამდენად გასაოცარი ბუნებაა საქართველოში,“- ამბობს ჰაიკი.

ჰაიკი ბოლო ექვსი თვეა ბათუმში ცხოვრობს. როგორც გვეუბნება, მოსწონს ბათუმის სიმყუდროვე, ადამიანები, არქიტექტურა და ზღვა, მიუხედავად სუბტროპიკული წვიმებისა.

ზოგჯერ აღიზიანებს საცობები ქუჩებში, განსაკუთრებით წვიმის დროს. ასეთ დროს სკუტერს ქირაობს ხოლმე, თუმცა, ძირითადად, ფეხით გადაადგილდება ქალაქში.

„ერთხელ ჩემი სკუტერი მომპარეს, მაგრამ პოლიციამ ვერ იპოვა“- ჰაიკი სხვა უსიამოვნო შემთხვევას ვერ იხსენებს, რომელიც ბათუმს უკავშირდება.

ერთადერთი, რაზეც გული სტკივა, ქალაქის  ურბანული განვითარებაა.

„ბევრი ცნობილი შენობა, სინამდვილეში, საკმაოდ ულამაზოა. ქალაქის ნაწილი დამახინჯებულია მაღალი შენობებით.

ამას ალბათ ვერაფერს უშველით, თუმცა საცობებს და ქალაქის გამწვანებას შეგიძლიათ მიხედოთ,“- გვეუბნება ის.

ჰაიკ ასრიანცი
  • თუ აქ ცხოვრებას გადაწყვეტთ, ქართული უნდა ისწავლოთ

„ვისაც საქართველოში ცხოვრება სურს, ვურჩევ, ქართული ენა ისწავლოს. მე ქართული ანბანი 10 დღეში ვისწავლე. დავიწყე კითხვაც.

როცა ქუჩებში დავდივარ, შემიძლია გავარჩიო რომელია მარკეტი, აფთიაქი, წავიკითხო რესტორნის მენიუ. მართალია, ჯერ სრულყოფილად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ ყველაფერი მესმის. ყოველდღე ვსწავლობ ახალ სიტყვებსა და ფრაზებს“ – ამბობს ჰაიკი

  • ვფიქრობ, ქართველები და სომხები ერთმანეთს სათანადოდ არ იცნობენ

„ქართული კულტურა მრავალფეროვანი და სტუმართმოყვარეა, ამიტომ  ქსენოფობიის იარლიყს მაინც და მაინც არ მივაწებებდი. ვფიქრობ, ასეთი რამ ყველა სხვა საზოგადოებაშიც არის. ეს ინდივიდუალურად, ცალკეული ადამიანების პრობლემაა და სამწუხაროდ, მეც მქონია შეხება ასეთ ხალხთან, თუმცა ძირითადად სოციალურ ქსელებში წამიკითხავს ქსენოფობიური კომენტარები.

შენზეა დამოკიდებული, ჩაერთვები დისკუსიაში და აჩვენებ, რომ არასწორად ფიქრობს, თუ უბრალოდ დააიგნორებ. მე იგნორს ვარჩევ ხოლმე,“- ამბობს ჰაიკი.

თუმცა გვეუბნება, რომ ამ საკითხის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი და სჯერა, რომ ადამიანები შეიცვლიან დამოკიდებულებას: „ისწავლიან, რომ არ უნდა დაახარისხონ ადამიანები ეთნიკური ან სხვა ნიშნით. მე ქართველი მეგობრებიც მყავს და ეს მაძლევს ამის იმედს.“

ჰაიკ ასრიანცი

ჰაიკის აზრით, ქართველებსა და სომხებს ჯერ კიდევ არასწორი წარმოდგენები რომ აქვთ ერთმანეთზე იმის ბრალია, რომ არ ცდილობენ სათანადო კონტაქტის დამყარებას.

„თუმცა ბოლო დროს ეს დამოკიდებულება თითქოს იცვლება. სომხები ხშირად მოგზაურობენ საქართველოში. მაგალითად, კორონავირუსამდე 1 მლნ-მდე სომეხმა იმოგზაურა საქართველოში. შეუძლიათ შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბრონ. უფრო ხშირად დადიან ახალგაზრდები, რასაც ვერ ვიტყვი ქართველებზე. ქართველები არ მოგზაურობენ სომხეთში.

ბოლო დროს ახალგაზრდებმა დაიწყეს მოგზაურობა კლუბების და ღამის ცხოვრებისთვის, თუმცა ბიზნესს და ტურისტულ მოძრაობებს ვერ ვხედავთ,“- გვეუბნება ჰაიკი.

ჰაიკი ბათუმის ქუჩებში
  • ნებისმიერ ბიზნესს ნებისმიერ ქვეყანაში ახლავს სირთულეები

„ნებისმიერ რეალობაში ახლავს ბიზნესს გამოწვევები. ჩვენი ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ახალი ხალხის აყვანაა გუნდში. ქართველები ნიჭიერი არიან, თუმცა სრულ განაკვეთზე მუშაობა ურჩევნიათ, სტაბილურ და მყუდრო გარემოში. პატარა კორპორატიულ გარემოში სამუშაოდ მოტივირებული ადამიანების პოვნა რთულია,“- ამბობს ჰაიკი.

საქართველოში გადმოსვლამდე ის მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში მუშაობდა. ასევე კომპიუტერული მეცნიერებებისა და კომუნიკაციების სფეროში.

„ამავე დროს ვეხმარებოდი სტარტაპერებს ბაზარზე გასვლაში. საქართველოში გადმოსვლის შემდეგ სარეკლამო კომპანიაში კონსულტანტად დავიწყე მუშაობა. საბოლოოდ კი ჩემს საყვარელ საქმეზე ფოკუსირება გადავწყვიტე, ანტერპრენერი ვარ და უკვე ოთხი წელია, რაც დამწყებ სტარტაპერებს ვეხმარები.

კორონავირუსის პანდემიამ გარკვეული პრობლემები ჩვენც შეგვიქმნა, თუმცა არ გავჩერებულვართ და ონლაინ გავაგრძელეთ შეხვედრები“.

  • სამზარეულო თითქოს ჰგავს, მაგრამ მაინც განსხვავებულია

„ქართული და სომხური სამზარეულო თითქოს ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ მაინც განსხვავებულია. ქართული სამზარეულო მომწონს, რადგან ბევრ ხორცსა და ყველს იყენებენ.

რა თქმა უნდა, მომწონს ხინკალი, მწვადი, ხაჭაპური – ყველანაირი. კუბდარის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება მქონდა, თუმცა სვანეთში ყოფნისას თავიდან აღმოვაჩინე.

ჰაიკი ბათუმში

აქ ყველგან შეგიძლია შეუკვეთო ან თვითონ დაამზადო, მაგრამ სომხეთში გვაქვს რამდენიმე კერძი, რომლებიც მენატრება ხოლმე. აქ არსად მინახავს. ამიტომ კარგი იქნება, სომხური რესტორნებიც რომ იყოს საქართველოში. ბევრი არ არის. ბევრი სომეხი მეგობარი მყავს აქ და იქნებ გააკეთონ რამე.

საერთო ჯამში, საქართველოში კომფორტს  გიქმნის  ეს ერთობლიობა –  ღირებულებები, ცხოვრების ხარისხი, ხალხი, სამზარეულო და კლიმატი“ – ამბობს ჰაიკი.

______________________________________________________

რა არის ბათუმის 3 მთავარი პრობლემა? – კითხვას მერობის 3 კანდიდატი პასუხობს

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმმა ქალაქის მერი უნდა აირჩიოს.

რა არის ბათუმის სამი მთავარი პრობლემა? – ჰკითხა “ბათუმელებმა” ბათუმის მერობის სამ კანდიდატს – არჩილ ჩიქოვანს, ბათუმის მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“; გიორგი კირთაძეს, რომელიც ოპოზიციურ ერთობას წარმოადგენს და ირაკლი მიქელაძეს, რომელიც გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატია.

  • ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტია „გიორგი გახარია საქართველოსთვის“:

ბათუმის სამი ძირითადი პრობლემა, პირველ რიგში, ეს არის მუნიციპალიტეტში მმართველობის ფორმა, რომელიც აუცილებლად შესაცვლელია და რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ჩვენი თანაქალაქელებისთვის ის სერვისები, რასაც ბათუმის მუნიციპალიტეტი სთავაზობს.

ბათუმში უმთავრესი პრობლემა არის ასევე ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც აუცილებლად მოსაგვარებელია.

და რა თქმა უნდა, ბათუმის მთავარი გამოწვევა არის ტურისტული და ეკონომიკური ცენტრების შექმნა, რომელიც გამოიწვევს ბათუმის ფუნქციონირებადი ნაწილის გაუმჯობესებას.

  • არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებიდან“:

ბათუმის გამოწვევებთან დაკავშირებით ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია.

უმთავრესი და მთავარი არის ბათუმის შეუქცევადი განვითარება. მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარება. რეკრეაცია და ეკოლოგია. განათლება და ახალგაზრდული სფერო.

ასე სამ კონკრეტულს ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ყველა მიმართულებით გვჭირდება განვითარება. რაც შეეხება პრობლემურ საკითხებს და პრობლემას გადაუჭრელი პრობლემის ნაწილში, ესეთი ტიპის პრობლემები არის, რაც იყო და რაც მოწესრიგდება, ეს არის განაშენიანების გენერალური გეგმა.

ეს არის ამავდროულად ავარიული სახლები, რომელზეც დავიწყეთ ჩვენ მუშაობა.

ასევე სოციალური საკითხები დასაქმება და ჯანდაცვა.

  • გიორგი კირთაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან:

რთულია ბათუმის პრობლემების სამში ჩატევა, მაგრამ თუ სამ მთავარ პრობლემას ვიტყვით:

პირველი – ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს ქალაქშიც, მთავარი პრობლემა არის დასაქმება. ღირსეული სამსახურის პოვნა ამ ქალაქის მცხოვრებლებს უჭირთ, ამიტომ მათ უწევთ საქართველოს სხვა ქალაქებში ან უფრო მეტიც, ქვეყნიდან წასვლა.

მეორე პრობლემად დავასახელებდი ინფრასტრუქტურულ ნაწილს თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალი საკითხებიდან. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში არც ერთი ახალი ქუჩა არ მოწყობილა ამ ქალაქში.

გახსოვთ, ალბათ, ბაგრატიონის ქუჩა, ჟიული შარტავას ქუჩა, ანწუხელიძის, კაჩინსკის – სხვა, უამრავი, ახალი ქუჩა შეიქმნა წინა ხელისუფლების დროს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტები და ფული იყო დატოვებული, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ხელისუფლებამ გააჩერა.

ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურაში, კომუნალური მეურნეობის მიმართულებითაც ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს.

მესამე და მთავარ ნაწილად შეიძლება გამოიყოს შემოერთებული ტერიტორიების სრული ადაპტირება ქალაქთან. სერვისების მიწოდება შემოერთებულ ტერიტორიებზე სამწუხაროდ არ ხდება და არ ხდება იმის გამო, რომ მერია მუშაობს ცუდად.

ნახეთ ვიდეო: 

ბათუმში ტრაილერის მძღოლების აქციაზე 4 პირი დააკავეს

დღეს, 10 სექტემბერს, ბათუმში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ტრაილერის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის დროს პოლიციამ ტრაილერის ოთხი მძღოლი დააკავა.

შსს ინფორმაციით გამოძიება ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით არის დაწყებული, რაც პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ტრაილერის მძღოლები ტვირთის სხვა ქვეყნებში გადატანის ნებართვას ითხოვენ. მათ დღეს „გაფორმების ეკონომიკური ზონის“ შესასვლელიც გადაკეტეს, თუმცა პოლიციის ხელმძღვანელი პირების თხოვნით, მალევე გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ ადგილზე მოვიდოდნენ ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები.

დღეს ტრანსპორტის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მძღოლები ნებართვას ორშაბათს, ანუ 13 სექტემბერს მიიღებდნენ, თუმცა მძღოლები აცხადებენ, რომ მათ სააგენტოს განცხადების არ სჯერათ.

ამ დროისათვის საპროტესტო აქცია დასრულებულია.

ნახეთ ჩანაწერი „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვიდან:

სპორტი ბათუმში ხელისუფლების კორუფციულ ინტერესებს შეეწირა – ენმ-ის განცხადება

ყინულის სასახლის მიმდებარედ, ბათუმის სპორტული კომპლექსის დაუსრულებელი მშენებლობის წინ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს.

„სპორტის სახეობა – ცურვა ზღვისპირა ქალაქ ბათუმში ხელისუფლების კორუფციულ ინტერესებს შეეწირა“ – ამბობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

„აქ უნდა აშენებულიყო ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული დარბაზი, ყინულის მოედნითა და საცურაო აუზით. მშენებლობის ღირებულება 19 მილიონი დოლარი იყო. საიდანაც 4 მილიონი დოლარი „ქართულმა ოცნებამ“ გაურკვეველი წარმომავლობის კომპანიას გადაურიცხა, რომელმაც მიატოვა მშენებლობა და თანხა წაიღო.

ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ ჩიქოვანს, რომელიც ახლა კენჭს იყრის, უნდა ვკითხოთ მთელმა ქალაქმა: იღებს თუ არა პასუხისმგებლობას დაუსრულებელ მშენებლობაზე, მოსულა თუ არა და უნახავს თუ არა ეს ტერიტორია საერთოდ, რომელიც სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი უნდა ყოფილიყო და ახლა კი ტრაილერების სადგომად, ნარკოტიკების მოხმარების ადგილადაა ქცეული.

შენობაში შიგნით არაფერია, მხოლოდ გარედანაა კარკასი და 4 მილიონის გაკეთებული აქ არაფერია. გამოვიდეს ჩიქოვანი და თქვას, რომ აქ არის ფული მოპარული მისი მეგობრების მიერ,  შეიძლება მის მიერაც და უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს ფული მოიპარა,“ – ამბობს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატი ლაშა კილაბერია.

მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა და კეთილმოწყობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, შპს „სტადიონსა“ და კანადურ კომპანია Westincor Limited-ს შორის პირდაპირი წესით გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მასშტაბური სპორტული ღონისძიებებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

ხელშეკრულების მიხედვით უნდა დანგრეულიყო  ყინულის ძველი სასახლე  და აშენებულიყო  ახალი საცურაო აუზი და  თანამედროვედ აღჭურვილი ყინულის დარბაზი, 1000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, საკონფერენციო და ჯგუფური სავარჯიშო დარბაზებით.

2021 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ  ყინულის ახალი არენის მშენებლობის დასასრულებლად საჭირო პროექტს აჭარის მთავრობა კონკურსით შეისყიდის, მანამდე კი, ფასების დასადგენად ბაზარს იკვლევს.

ამავე თემაზე: 

რა ბედი ეწია „ყინულის სასახლის“ 20-მილიონიან პროექტს

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რ.მ.-ს ბრალი დაუმძიმა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს.

მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა.

ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი – დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა“- აცხადებს პროკურატურა.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების პროცესში გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები.

„საქმის მოწმეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს.

შესწავლილია შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და ამოღებულია ასევე, შემთხვევის ადგილის, გარდაცვლილის დროებითი საცხოვრებელი სახლის და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – „112“-ის და კერძო ობიექტების კუთვნილი რამდენიმე ათეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი. დანიშნულია დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზები.

გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, სამართალდამცავებმა 8 სექტემბერს რ.მ. დააკავეს“-აცხადებს პროკურატურა.

რ.მ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

ბათუმში ახალშობილი, რომელიც დაბადებისას 550 გრამს იწონიდა, კლინიკიდან გაწერეს

ბათუმში მცირე წონის ჩვილი დაიბადა, რომელიც ექიმებმა გამოაჯანმრთელეს და გუშინ გაწერეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან.

დაბადებისას ჩვილი 550 გრამს იწონიდა. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ბავშვების ნაადრევად დაბადების შემთხვევები საკმაოდ ხშირია, თუმცა ასეთი მცირე წონით, იშვიათად იბადებიან. პატარა გოგონა სამი თვის წინ, 25-ე კვირაზე დაიბადა და მან რამდენიმე თვე ახალშობილთა რეანიმაციაში გაატარა.

„გვქონია 600-გრამიანი, 800-გრამიანი ახალშობილების დაბადების პრაქტიკა, თუმცა 550-გრამიანი ახალშობილი პირველად გვყავდა. დაიბადა ძალიან ღრმად დღენაკლი, სამი თვე გაატარა ჩვენთან, ჰქონდა სხვადასხვა სახის პრობლემა, თუმცა ეს პრობლემები ეტაპობრივად დაიძლია,“ – გვითხრეს კლინიკაში.

ნაადრევად დაბადებული ჩვილები სპეციალურ ინკუბატორში თავსდებიან, სადაც  შესაბამისი გარემო და ტემპერატურული რეჟიმია ახალშობილისთვის.

„ადრე არ იყო ტექნოლოგიები განვითარებული და ვერ ხერხდებოდა დღენაკლული ბავშვების გადარჩენა, თუმცა თანამედროვე მედიცინა  გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ასეთი პატარა ახალშობილებიც გადავარჩინოთ. ლივია უკვე თავის მშობლებთან და უფროს და-ძმებთანაა,“ – გვითხრეს კლინიკაში.

___________________________

მთავარი ფოტო: ახალშობილი, რომელიც დაბადებისას 550 გრ იწონიდა/ბაუ

აჭარაში ვაქცინაციის პროცესში სოფლის ექიმები ერთვებიან

კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესში სოფლის ექიმები ჩაერთვებიან, გამსვლელი ბრიგადები კი ცენტრებიდან მოშორებულ სოფლებში ივლიან.

გამსვლელმა ბრიგადებმა ამჯერად მორიგი ვაქცინაცია ხულოს სოფლებში – რიყეთსა და დიოკნისში ჩაატარეს. იმუნიზაციის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძეც გაეცნო.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ დრომდე სულ 17-მდე სოფელში ჩატარდა 500-ზე მეტი აცრა.

„ეს ტემპი არ არის საკმარისი და მიზნად გვაქვს თითოეული სოფლის ამბულატორიის ვაქცინაციაში ჩართვა.

პროცესი უკვე დაწყებულია, 60-ვე უბანი შეუერთდება იმუნიზაციის პროცესს და პრაქტიკულად მთელი მუნიციპალიტეტები, სოფლების ჩათვლით, უნდა აიცრას სოფლის ექიმის ოპერირების შედეგად.

ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას უფრო მეტი აქტიურობისაკენ. ვალდებულები ვართ შემოდგომის სეზონს დაბალი რისკებით შევხვდეთ,“ – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის სოფლებში შესაძლებელია როგორც „ფაიზერის“, ისე ჩინური ვაქცინებით – „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრა.

ბოლო მონაცემებით აჭარის რეგიონში ამ დროისთვის ორი დოზით აცრილია 66 550 ადამიანი, მოსახლეობის 24.6 პროცენტი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა სოფლის ექიმებთან

აჭარაში კოვიდზე ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 24.6 პროცენტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებულია 553 912 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 19.4 პროცენტია.

ერთი დოზითაა აცრილი 879 384 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 30.8%.

რაც შეეხება კორონავირუსზე ვაქცინაციის მონაცემებს აჭარაში, ამ დროისათვის რეგიონში ვაქცინის ორივე დოზით აცრილია 24.6 %, ხოლო ერთი დოზით – 39.2 პროცენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის მიხედვით, ყოველდღიურად აჭარაში სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო მეტი აცრა კეთდება – დღეში საშუალოდ 3 ათასი.

ბოლო დღეებში საქართველოში დღეში 20 ათასზე მეტი ადამიანი იცრება კოვიდზე.

ამ დროისთვის აცრა შესაძლებელია 4 ვაქცინით: „ფაიზერით“, „სინოფარმით“, სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათი“.

10 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 1 433 296 აცრა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდის მოსალოდნელი, ახალი ტალღა განსაკუთრებით საშიში იქნება 60 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის, ამიტომაც საჭიროა ამ ასაკობრივი ჯგუფის მიზნობრივი ვაქცინაცია კორონავირუსზე:

„შემდეგი ტალღა იქნება რეალურად კრიტიკულად საშიში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ ჩვენ ახლა არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას,“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამავე თემაზე: 

კოვიდის ახალ ტალღას სავარაუდოდ ახალი წლის შემდეგ უნდა ველოდოთ – გაბუნია

თურქეთში სატვირთო მანქანების შესასვლელად ნებართვების გაცემა ორშაბათს დაიწყება – სააგენტო

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის (სპეციალური) ნებართვების გაცემა, დაიწყება ორშაბათს, 13 სექტემბერს, დილის 9.00 საათიდან, სააგენტოს თბილისის, ბათუმისა და ფოთის ოფისებიდან.

„ხოლო, რაც შეეხება მე-3 ქვეყანაში/მე-3 ქვეყნიდან გადაზიდვის თურქეთის რესპუბლიკის ნებართვებს, მათი გაცემა დაიწყება, ასევე ერთდროულად, 20 სექტემბერს, დილის 9.00 საათიდან, სააგენტოს სამივე ოფისიდან“ – აცხადებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო.

რამდენიმე დღის წინ სატვირთო ავტომანქანების მძღოლებმა ბათუმში, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. მძღოლები ტვირთის სხვა ქვეყნებში გადატანის ნებართვას ითხოვენ.

ამავე თემაზე:

სატვირთო ავტომანქანების მძღოლები ბათუმში აქციას მართავენ

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 სექტემბრის 21 საათიდან 11 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით – დროგამოშვებით ზოგან წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 12-13 სექტემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

დღეის მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“

აჭარაში კოვიდის 211 ახალი შემთხვევაა

10 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 211 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 699 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, მათგან 33 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონში კოვიდსასტუმროშია 537 ადამიანი.

დღეს, 10 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 2262  ახალი შემთხვევა დადასტურდა, 54 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაიცვალა 54 პირი, დადასტურდა კოვიდის 2262 ახალი შემთხვევა | 10 სექტემბერი

10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  2262 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 225 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 54 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

9 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის  დღიური მაჩვენებელია 6,61%, ბოლო 7 დღის – 7.42%, ბოლო 14 დღის – 8,27%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 827 შემთხვევა, აჭარაში – 211, იმერეთში – 335, ქვემო ქართლში – 129, შიდა ქართლში – 139, გურიაში – 59, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 222, კახეთში – 216, მცხეთა-მთიანეთში – 61, სამცხე-ჯავახეთში – 35, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28.

ბათუმში, კოვიდსასტუმროს ეზოში, 49 წლის კაცი გარდაიცვალა

ბათუმში, ერთ-ერთი კოვიდსასტუმროს ეზოში, 49 წლის კოვიდინფიცირებული კაცი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს კოვიდსასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ ეპილეფსიური გულყრა გონების დაკარგვის ეპიზოდით, მას ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება.

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საქართველოში 2000-ზე მეტ ადამიანი დაიღუპა. 9 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდით უკვე დაიღუპა 8 035 ადამიანი.

კოსტუმიან ბიძებს არ მოაქვთ ცვლილებები – სტუდენტი შუახევიდან საკრებულოში შესვლას აპირებს

2 ოქტომბრის არჩევნებზე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 22 წლის თედო თავდგირიძე კენჭს იყრის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით. თედო ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია.

რატომ გადაწყვიტა მეოთხე კურსის სტუდენტმა საკრებულოში მოხვედრა, რა აუცილებელი ცვლილებებია გასატარებელი მუნიციპალიტეტში მისი დაკვირვებით და რა ძალისხმევაა საჭირო ამ ცვლილებებისთვის? – თედო თავდგირიძე ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებთან“ საუბრობს.

  • თედო, რატომ გადაწყვიტეთ საკრებულოში გეყარათ კენჭი?

საკრებულოში ყოფნა ჩემი თვითმიზანი არაა, ეს უბრალოდ ცვლილებების შესაძლებლობაა. პროტესტი გიჩნდება და რეალობის შეცვლა გინდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩაგვრა გვაქვს გამოვლილი.

როგორც ბევრი ბავშვისთვის, ჩემთვისაც სპორტი იყო მთავარი ოცნება, მაგრამ ქალაქელი ბავშვებისგან განსხვავებით სოფელი ბევრ რამესაა მოკლებული: სასპორტო სკოლებს, მოედნებს, ბიბლიოთეკებს. წლებია ეს მაწუხებდა, როგორც ახალგაზრდას.

სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ყველა ადამიანს განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება ხალხის მიმართ გულგრილია.

ვთვლი, რომ პოლიტიკა იდეების განხორციელების საშუალებაა, ამიტომ გადავწყვიტე კენჭი მეყარა. ბევრი ჩემხელა ახალგაზრდა დაკომპლექსებულია პროპაგანდით, რომ წინა ხელისუფლება საშინელი იყო და ამ თემით იფარება რეალური პრობლემები, რისგანაც თვალის არიდებას ვცდილობთ.

პატარა ვიყავი, როცა საარჩევნო კამპანიისას პოლიტიკოსები მოდიოდნენ პიჯაკებით, მზაკვრული ღიმილით ატარებდნენ საარჩევნო კამპანიას და ბავშვიც ვგრძნობდი, რომ იტყუებოდნენ.

  • ხელისუფლებისგან შექმნილ რა მდგომარეობას წაწყდომიხართ, რამაც პრობლემები შეუქმნა თქვენს თემს და კრიტიკულად განგაწყოთ?

ვფიქრობ, ეს არის გულგრილობა. ხელისუფლების გულგრილობა ხალხის მიმართ.  ჩემი მთავარი მიზანია განვითარებისთვის საჭირო გარემო შევუქმნათ სოფლად ახალგაზრდებს. ზემო აჭარაში არც ინტერნეტი არ იჭერს, არც ბიბლიოთეკებია, არც სპორტული დარბაზები და საფეხბურთო მოედნები.

ყველას უნდა ჰქონდეს ახალი წიგნებით სავსე, თანამედროვე ბიბლიოთეკასა და ინტერნეტზე წვდომა, გლობალურ მსოფლიო პროცესებში სოფლებსაც უნდა შეეძლოთ ჩართვა.

მაქსიმალურად ღია და გახსნილია პარტია, რომელსაც წარმოვადგენ. ოპოზიციური პარტიიდან ვიქნები საკრებულოში და ეს ჩემთვის თავისუფლების გარანტი იქნება. არავინ მიკრძალავს კრიტიკული აზრის გამოთქმას და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

  • სოფელ შუბნის და, ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის სამი მთავარი პრობლემა რა არის თქვენი დაკვირვებით?

ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის არქონაა, ინფრასტრუქტურის არარსებობა, თანამედროვე, ახალი წიგნებით აღჭურვილი ბიბლიოთეკებიც კი არ გვაქვს. საჯარო სკოლის ბიბლიოთეკები ძველი, საბჭოური წიგნებითაა ძირითადად წარმოდგენილი.

როცა ახალი თაობაც იმას კითხულობს, რასაც 40 წლის წინანდელი თაობა კითხულობდა, საზოგადოება ვერ განვითარდება. ჩვენ გვაქვს ერთი მხრივ ფურცელზე არსებული საქართველო და მეორეა რეალობა – რეალური საქართველო.

თუ საზოგადოების განვითარება გვსურს, პიროვნულად, თითოეულ მოქალაქეს უნდა მივცეთ შესაძლებლობებისამებრ განმავითარებელი, მხარდამჭერი გარემო.

მესამე პრობლემაა ფუნქციადაკარგული თვითმმართველობა შუახევში. კოსტუმიანი ბიძები როცა იგებენ არჩევნებს და შედიან საკრებულოში, არ მოაქვთ ცვლილებები, სხედან საკრებულოში და ეს მათთვის მხოლოდ ხელფასის წყაროა. თვითმმართველობაში არ არის ბევრი ახალგაზრდა და შესაბამისად პროცესს „დრაივი“ აკლია.

  • ბიბლიოთეკების არქონა თქვენთვის პირადადაა პრობლემა თუ არის ხალხი, ვინც ითხოვს ბიბლიოთეკებს, ახალ წიგნებს და მაინც არ არის ეს რესურსი ხელმისაწვდომი?

კი, ასეა. უნდა ხალხს ახალი წიგნები და არ აქვთ. მთელი სტუდენტობა და მოსწავლეები ჩართულები იყვნენ ონლაინსწავლებაში, 8 თვით იკეტება ზამთრობით ზემო აჭარა, რა უნდა აკეთოს მთელი ამ ხნის განმავლობაში ხალხმა?

პირადად მეც მქონდა პრობლემა, ვერ ვახერხებდი სწავლის პროცესში ნორმალურად ჩართვას, ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ, მეოთხეკურსელი. არც ბიბლიოთეკებია ხელმისაწვდომი, არც ინტერნეტი და შესაბამისად მედია. ზემო აჭარის სოფლები მთლიანად ვაკუუმში ექცევა. განვითარება ინფორმაციაზე წვდომის გარეშე წარმოუდგენელია.

ბიბლიოთეკებს, სპორტულ მოედნებს, ჩემპიონატებს, შეჯიბრებებს ვფიქრობ ადგილობრივი მერია და საკრებულო უნდა აფინანსებდეს  ბიუჯეტიდან.

  • არსად არ არის შუახევში საფეხბურთო მოედნები და სპორტული დარბაზები?

შუბანსა და კიდევ ერთ სოფელში გაიხსნა სპორტდარბაზი მხოლოდ, საფეხბურთო მოედნებიც არ არის. მთლიანად ზემო აჭარა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა.

ბარში მიდის ახალგაზრდების უმრავლესობა საცხოვრებლად, იცლება სოფლები. ახალგაზრდების უმრავლესობა აღარ ბრუნდება, რადგან სოფელში არ არის დასაქმების და განვითარების შესაძლებლობა. სოფელი მიტოვებული რჩება.

  • ხშირად, როცა ახალგაზრდები პოლიტიკით ინტერესდებიან, ძირითადად მმართველ პარტიაში ერთიანდებიან. თქვენი აზრით, ეს არის თუ არა პრობლემა და რატომ?

მმართველი პარტია არ არის ორიენტირებული და მოტივირებული, რომ ახალგაზრდები იყვნენ ჩართული პროცესში. დამოუკიდებლადაც შეიძლებოდა კენჭისყრა, მაგრამ, როგორც გითხარით, „ნაციონალური მოძრაობა“, ჩემი აზრით, ყველაზე ღია მოთამაშეა ოპოზიციურ პარტიებს შორის. გამოკვეთილი აქვს იდეოლოგია, შეხედულებები და ამიტომ გადავწყვიტე მათგან მეყარა კენჭი.

  • თუ ვერ აღმოჩნდით საკრებულოში, დატოვებთ სოფელს? ვერგამარჯვების შემთხვევაში სამოქმედო რაიმე გეგმა გაქვთ?

რა თქმა უნდა მაქვს. სოფელს არ დავტოვებ, უბრალოდ, ბათუმში ვსწავლობ, ვაგრძელებ სწავლას, მაგისტრატურას და დოქტორანტურასაც დავამთავრებ ალბათ. ადგილობრივ პოლიტიკაში რამდენად ჩავერთვები, არჩევნები გვაჩვენებს.

  • სად სწავლობთ, რას საქმიანობდით აქამდე, სანამ საკრებულოში გადაწყვეტდით კენჭისყრას?

დავამთავრე შუახევის სოფელ შუბნის საჯარო სკოლა, იმავე წელს ჩავაბარე ბსუ-ში ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტზე, ისტორიის სპეციალობაზე. სკოლიდანვე კარგად ვსწავლობდი. წარჩინებით ვსწავლობდი უნივერსიტეტშიც, ვიყავი სტიპენდიანტი სტუდენტი და დღემდე ამ უნივერსიტეტში ვსწავლობ, მეოთხე კურსზე ვარ, ვაპირებ გავაგრძელო სწავლა ამავე უნივერსიტეტში.

მაქსიმალურად მოტივირებული ვარ მეტი ცოდნა და გამოცდილება შევიძინო და ყველა ასპარეზზე მიცდია საკუთარი თავი. სპორტით ვიყავი დაკავებული და დღემდე არ ვწყვეტ სპორტულ ცხოვრებას, მითამაშია ფრენბურთი პროფესიულ დონეზე, ვთამაშობდი ფეხბურთს მოყვარულთა ლიგაში, ასევე კარგად ვთამაშობ მაგიდის ჩოგბურთს და პირველი ადგილიც მიმიღია საზაფხულო ბანაკში, ვიყავი მედიაპროექტ „ეტალონში“ პირველი ადგილის მფლობელი, სხვა ბევრ აქტივობებშიც ვყოფილვარ, მონაწილეობას ვიღებ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში.

როგორ გამდიდრდა ბათუმის წყლის დირექტორი 4 წელში – 700 კვ.მ. სახლი და სხვა ქონება

შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორი, ლევან დავითაძე, საბიუჯეტო ორგანიზაციაში დაწინაურებიდან დღემდე სწრაფი ტემპით მდიდრდება. 2016 წელს, ბათუმის მერიის ა(ა)იპის ხელმძღვანელად დანიშვნის დროს, მას საკუთარი ბინა არ ჰქონდა. 2020 წლისთვის კი, რამდენიმე თანამდებობის ცვლილების პარალელურად, ორი ბინის და მიწის ნაკვეთის შეძენა მოახერხა, ასევე აიშენა 700 კვადრატული მეტრი სახლი ევრორემონტით ქალაქის გარეუბანში.

ლევან დავითაძე ბათუმის წყლის დირექტორად 2021 წლის თებერვალში მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა დანიშნა. არჩილ ჩიქოვანი ახლა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია, მას აქტიურად და შეუფარავად უჭერენ მხარს „ბათუმის წყლის“ თანამშრომლები სოციალურ ქსელებში. თანამშრომლებს არც თავად კომპანია ჩამორჩება, მაგალითად, 12 აგვისტოს „ქართულ ოცნებას“ საკუთარი სატვირთო მანქანით სკამები გადაუზიდა, როგორც აქ ირწმუნებიან, 100 ლარის სანაცვლოდ.

„ბათუმელების“ მიერ ამ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, „ბათუმის წყალმა“ ოფიციალურ განმარტებაზე უარი განაცხადა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ კი ლევან დავითაძემ წერილობით გვაცნობა, რომ „მოგებაზე ორიენტირებული“ ორგანიზაციის დირექტორია. ამავე წერილში ”ბათუმის წყლის” გენერალური დირექტორი გვარწმუნებს, რომ „ანაზღაურების სანაცვლოდ მოემსახურება ნებისმიერ სუბიექტს“, რაც ტყუილია: ამ კომპანიის ცხელ ხაზზე კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ „ბათუმის წყლის“ სატრანსპორტო საშუალებით შეიძლება, მაგალითად, სკამების გადატანა. ეს დასტურდება ვიდეოჩანაწერით. 

ლევან დავითაძის ოჯახს სხვა ტიპის თანამშრომლობის გამოცდილებაც აქვს არჩილ ჩიქოვანთან. მაგალითად, ბათუმის მერიის შპს-ს დირექტორის 68 წლის დედამ ზუსტად 1 თვეში მიიღო არჩილ ჩიქოვანის ხელმოწერით კორპუსის მშენებლობის ნებართვა.

არჩილ ჩიქოვანი და ლევან დავითაძე
  • ლევან დავითაძის დაფუძნებული კომპანია და გარიგება ყოფილ შს მინისტრ ჭიკაიძის კომპანიასთან

საჯარო რეესტრის მიხედვით, ლევან დავითაძემ კომპანია 2011 წელს დააფუძნა. მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ამ კომპანიის მოგება 2015-2019 წლებში 0 ლარი იყო. 2016 წელს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დირექტორის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ, ლევან დავითაძემ ეს კომპანია დედას გადაუფორმა უსასყიდლოდ.

ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ კლარა დავითაძემ საჩუქრად მიღებული კომპანია 2020 წელს სარფიანად გაყიდა. ამ გარიგებამ მას სოლიდური თანხა – 215 000 აშშ დოლარი მოუტანა. გარიგება ასევე ითვალისწინებდა ლევან დავითაძის დედისთვის ბათუმის პრესტიჟულ უბანში, ზღვასთან ახლოს, 400 კვ.მეტრი ფართობის გადაცემასაც, მშენებარე კომპლექსის მე-17 სართულზე, ზღვისა და მთის ხედებით. გარიგებაში მონაწილეობდა ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის კომპანია.

შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორის, ლევან დავითაძის მიერ დაფუძნებული კომპანია Best Offer Group-ი, რომელიც ალექსანდრე ჭიკაიძის კომპანიამ იყიდა, სასტუმრო-საცხოვრებელ კომპლექსს ბათუმის ახალ ბულვართან აშენებს. კომპანია უკვე ყიდის აპარტამენტებს, 1 კვ.მეტრი ფართობის ფასი ზღვის ხედით 600-650 დოლარია, ხოლო მთის ხედით – 500-550 დოლარი, მეათე სართულის ზემოთ ეს ფასები ერთ კვ.მ-ზე 30 დოლარით იზრდება.

მშენებარე პროექტის რენდერი – ფოტო კომპანიის ფეისბუქიდან
მიმდინარე მშენებლობა

ცვლილება კომპანიის მონაცემებში 2020 წლის სექტემბერში აისახა, კლარა დავითაძემ კომპანიის ასივე პროცენტი შპს „ჯორჯიან ვიზინგს“ მიჰყიდა.

შეთანხმების მიხედვით, კლარა დავითაძემ აიღო ვალდებულება, რომ თავად უზრუნველყოფდა 26-სართულიანი კორპუსის პროექტის მესამე ეტაპის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას და შესაბამის ხარჯებსაც თვითონ გაიღებდა.

პროექტის მესამე ეტაპზე საჭიროა გეოლოგიური კვლევა, ასევე პროექტის კონსტრუქციული ნაწილის შეთანხმება. გარდა ამისა, კლარა დავითაძეს უნდა მოეგვარებინა მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლასთან დაკავშირებული საკითხებიც – ნაკვეთის სასოფლო სამეურნეო სტატუსი, არასასოფლო სამეურნეო სტატუსით უნდა შეცვლილიყო; მასვე უნდა გადაეხადა კ2- ის მოსაკრებელი ბათუმის მერიაში.

კლარა დავითაძემ ასევე აიღო ვალდებულება, რომ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მიღებას ზუსტად 30 სამუშაო დღეში შეძლებდა. მან პირობა შეასრულა, შეთანხმებას ხელი 2020 წლის 3 სექტემბერს მოეწერა. მერიის ინფორმაციით, შპს Best Offer Group-მა მშენებლობის ნებართვა 2020 წლის 22 ოქტომბერს მიიღო. ნებართვას ხელი მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა მოაწერა [პროექტის პირველი ეტაპი 2019 წლის დეკემბერში შეათანხმეს].

ამ გარიგებამდე ცოტა ხნით ადრე, 2020 წლის სექტემბერში, მიწის ნაკვეთები ბათუმში, ლორთქიფანიძის #30-32-ში შპს Best Offer Group-მა მესაკუთრეებთან გარიგების საფუძველზე დაირეგისტრირა. გარიგება მშენებლობის მომსახურებას გულისხმობდა. რეესტრში თავიდანვე ჩაიწერა სოლიდარული თავდებობის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმეში მესამე პირი მონაწილეობდა. ეს მესამე პირი კი სწორედ ყოფილი შს მინისტრის კომპანია – „ჯორგიან ვიზინგი“ იყო.

შპს „ჯორჯიან ვიზინგის“-ის  50 პროცენტი ალექსანდრე ჭიკაიძეს, 50 პროცენტი კი თორნიკე ქორთოშიძეს ეკუთვნის. კომპანიას უტა მაღლაფერიძე ხელმძღვანელობს.

  • ფეშენებელური სახლი

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან დავითაძე ბათუმის გარეუბანში, სოფელ ქვედა სამებაში, ფეშენებელურ საცხოვრებელ სახლს იშენებს, რაც ჩვეულებრივ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე ბევრად დიდი – 702,84 კვ,მ – ია. ადგილზე კი უკვე აშენებული სახლი დაგვხვდა, როგორც მეზობლებმა გვითხრეს, ოჯახი აქ უკვე ერთ წელზე მეტია ცხოვრობს.

ლევან დავითაძის ახალაშენებული სახლი სოფელ სამებაში
სამსართულიანი სახლი შემოსაზღვრულია ქვის გალავნით ისე, რომ ქუჩიდან პირველი სართულის და ეზოს დანახვას ვერ შეძლებთ

მიწის ნაკვეთი სოფელ სამებაში ლევან დავითაძემ 2017 წელს იყიდა, ერთი ვერსიით, 18 000 ლარად [კვ.მ. 32.90 ლარად]. შემდეგ წლებში შევსებულ დეკლარაციებში მან ნაკვეთთან დაკავშირებული მონაცემები შეცვალა და მიუთითა, რომ სოფელ სამებაში 2017 წელს 846 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყიდა, რაშიც 27 918 ლარი გადაიხადა. ამ დროს ის უკვე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. ლევან დავითაძე მინისტრის მოადგილედ 2017 წელს დანიშნეს.

როგორც თვითონ აგვიხსნა, შეძენილ ნაკვეთს სასურველი ფორმა არ ჰქონდა: „ტრაპეციის ფორმის იყო, ამიტომაც მოგვიანებით გავასწორეთ და მცირე ზომის ნაკვეთები შევიერთეთ, ჯამში 846 კვ.მ. გამოვიდა“.

2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ლევან დავითაძემ სახლის მშენებლობისთვის 120 000 ევრო დახარჯა. შენობის მასშტაბის და ვიზუალის მიხედვით, ქუჩიდან თვალის შევლებითაც ცხადია, რომ ის გაცილებით ძვირი დაჯდებოდა. ეს თავად ლევან დავითაძემაც დაგვიდასტურა სატელეფონო საუბარში და გვითხრა, რომ ამ სახლის მშენებლობის ხარჯების დასაფარად ბინებიც გაყიდა. თუმცა საჯარო რეესტრის თანახმად, დეკლარაციებში მითითებული ბინები ისევ მისი საკუთრებაა.

  • უძრავი ქონება

ლევან დავითაძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, როცა მან საბიუჯეტო ორგანიზაციაში დაიწყო მუშაობა, მისი მეუღლის სახელზე მხოლოდ ერთი პატარა ბინა [35.37კვ.მ] ირიცხებოდა ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, თავად კი ფლობდა კომერციულ ფართობს გრიბოედოვის ქუჩაზე [47 კვ.მ].

ამავე დეკლარაციის მიხედვით, ლევან დავითაძეს 2014 წელს გაუფორმებია ბინის გირავნობის ხელშეკრულება – ღირებულება 25 000 აშშ დოლარი.

დეკლარაციაში ლევან დავითაძემ ასევე მიუთითა, რომ 2013 წელს „თიბისი“ ბანკიდან ორი სესხი აიღო – 50 000 ლარი იპოთეკური სესხი და 11 000 აშშ დოლარი სამომხმარებლო სესხი. სესხებთან დაკავშირებული ვალდებულებები 2020-2024 წლამდე აქვს გაწერილი და ორივე სესხისთვის ხარჯი ერთ წელში 10 000 ლარზე მეტია. ამ დროს ლევან დავითაძის მეუღლე დასაქმებული არ ყოფილა.

2017 წელს ლევან დავითაძემ იპოთეკური სესხი გამოიტანა „თიბისი“ ბანკიდან 24 684 ლარის ოდენობით. 2018 წელს კი კიდევ ერთი იპოთეკური სესხი აიღო – 139 000 ევრო.

2017 წლიდან ლევან დავითაძის ქონებრივი ნუსხა იზრდება: გარდა მიწის ნაკვეთისა სოფელ ქვედა სამებაში [846 კვ.მ], შეისყიდა ბინა ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე [48,3 კვ.მ] და კიდევ ერთი ბინა კობალაძის ქუჩაზე – 24, 56 კვ.მ. ამ დროისთვის ლევან დავითაძის მეუღლე საქართველოს ბანკის მოლარე-ოპერატორად დასაქმდა.

  • საჯარო სამსახურები და შემოსავლები

2016 წლიდან დღემდე ლევან დავითაძემ რამდენიმე თანამდებობა შეიცვალა. 2016-2017 წლებში ის ჯერ ა(ა)იპ ბოტანიკური ბაღის დირექტორად დასაქმდა, შემდეგ ა(ა)იპ – ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში, შემდეგ კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გადაიყვანეს და მოადგილის თანამდებობა ჩააბარეს.

2020 წლის იანვრიდან ლევან დავითაძე შპს „სტადიონის“ დირექტორის მოადგილე იყო, 2021 წლის თებერვალში კი არჩილ ჩიქოვანმა ის „ბათუმის წყლის“ დირექტორად დანიშნა.

2016 წელს, როცა ლევან დავითაძე ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე, შემდეგ კი დირექტორი იყო, შემოსავლის სახით 20 320 ლარი მიიღო.

2017 წელს, როცა ლევან დავითაძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მისი შემოსავალი იყო 22 120 ლარი.

2018 წელს ისევ მინისტრის მოადგილის რანგში ავსებს ლევან დავითაძე დეკლარაციას და მისი შემოსავალი მცირედით – 19 863 ლარამდე მცირდება.

ლევან დავითაძე, როგორც მინისტრის მოადგილე, ქონებრივ დეკლარაციას ავსებს 2019 წელს და მისი შემოსავალი ამჯერად 17 624 ლარამდე მცირდება.

მომდევნო წელს ლევან დავითაძეს ქონებრივი დეკლარაცია არ აქვს შევსებული, 2021 წელს კი, როგორც ბათუმის წყლის დირექტორი ავსებს დეკლარაციას. ამ დეკლარაციის მიხედვით, ლევან დავითაძე 2020 წელს შპს „სტადიონში“ მუშაობდა დირექტორის მოადგილედ და ანაზღაურების სახით 31 854 ლარი მიიღო.

  • გრანტები

ლევან დავითაძემ 2016-2017 წლების ქონებრივ დეკლარაციებში გრანტის მიღების თაობაზეც მიუთითა. მას ამ წლებში ჯამში 20 630 ლარი მიუღია გრანტის სახით. მისივე განმარტებით, ამ თანხას ქართუ „ბოტანიკური ბაღის“ თანამშრომლებს წახალისების მიზნით აძლევდა, რადგან იქ ხელფასები დაბალი იყო.

წერილი, რომლითაც „ბათუმის წყლის“ დირექტორი ირწმუნება, რომ მისი კომპანია „ანაზღაურების სანაცვლოდ მოემსახურება ნებისმიერ სუბიექტს“. ლევან დავითაძის მიერ ხელმოწერილი წერილი „ბათუმის წყალმა“ „ბათუმელებს“ ოფიციალურად მოაწოდა.

____________________________

ამავე თემაზე:

„ბათუმის წყალმა“ ავეჯი გადაუტანა „ოცნებას“, მოსამართლისთვის ეს დარღვევა არ არის

ლიტერატურა სხვადასხვა სამყაროში მოგზაურობის საშუალებაა | ტასო მხეიძე

ავტორი: ტასო მხეიძე, მოსწავლე

___

ლიტერატურა სხვადასხვა სამყაროში მოგზაურობის საუკეთესო საშუალებაა. ის ყოველდღიური სადარდებელი თუ სირთულე, რასაც ცხოვრებაში ვაწყდებით, მარტივად შეგვიძლია წიგნის საშუალებით შევიმსუბუქოთ.

ვირჩევთ ავტორებს, რომლებიც ყველაზე უფრო ახლოს არიან ჩვენთან, იმ დრამატულობითა თუ მრავალფეროვანი სიუჟეტებით, რითაც ამხელა სიამოვნებას გვანიჭებენ. მაგალითად, მე გამოვყოფდი  რამდენიმე მწერალს: ჰარუკი მურაკამი, ნინო ხარატიშვილი, ფიოდორ დოსტოევსკი, ჯემალ ქარჩხაძე, გაბრიელ მარკესი. მათ მოახერხეს ჩემთვის გაეცნოთ  უცნობი, მისტიკური სამყარო, რის შესახებ აქამდე არაფერი არ ვიცოდი. თქვენც გირჩევდით, რომ თუ ამ ავტორების ნაწარმოებებს  ბიბლიოთეკის თაროებზე მოკარით, თვალი აუცილებლად დაინტერესდეთ, რადგან მენდეთ, ძნელია იმდენად მიგიზიდოს მწერალმა, როგორც ამ რამდენიმე მთხრობელმა შეძლო.

საკმაოდ რთულია, დღევანდელ რეალობაში, ამ ქაოსურ, რუტინულ ყოფაში დრო გამონახო და წიგნის კითხვას შეუდგე, მაგრამ ბევრად გაგიადვილდებათ თუ ამ პროცესს მიუდგებით, როგორც განტვირთვის საშუალებას. კითხვა, როგორც დასჯის მეთოდი, არასდროს არ ამართლებს და რაც მთავარია, ბავშვებს იმ ხალისს უკარგავს, რითაც ყველაზე დიდ სიამოვნებას უნდა იღებდნენ.

ეს პროექტი არაჩვეულებრივი წამოწყებაა იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს საშუალება აღმოაჩინოს, იმოგზაუროს და დატკბეს  სხვადასხვა მწერლის შემოქმედებით,  რაც მთავარია ჰქონდეს შესაძლებლობა გაექცეს ყოველდღიურ ცხოვრებას და თავი სხვა სამყაროს ნაწილადაც იგრძნოს.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

დასჯის ნაცვლად „ალტ-ინფო“ ეროვნული მაუწყებელი გახდა

პასუხის მოთხოვნის და დასჯის ნაცვლად „ალტ-ინფო“ ეროვნული მაუწყებელი გახდა. გადაწყვეტილება დღეს, 9 სექტემბერს, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო. დღეიდან „ალტ-ინფო“ ქვეყნის მასშტაბით იმაუწყებლებს, როგორც ფასიანი პაკეტების საშუალებით, ისე უფასო სიგნალით.

კომისიის სხდომაზე არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, რომ „ალტ-ინფო“ ძალადობის ანუ დანაშაულის ჩადენისკენ მოწოდებით არის დაკავებული და უშუალო ორგანიზატორი იყო 5 და 6 ივლისის აქციების დარბევის, სადაც ერთდროულად 53 ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. კომისიის წევრებს არ უხსენებიათ სხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფაქტები, რომლითაც ჩანს „ალტ-ინფოს“ წამყვანების თანამონაწილეობა ძალადობისკენ მოწოდებაშიანუ დანაშაულში.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე არც სახალხო დამცველის მიმართვა უხსენებიათ – 6 სექტემბერს ომბუდსმენმა „ალტ-ინფოს“ წამყვანის, ზურაბ მახარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „ალტ-ინფოს“ ავტორიზაციის მოდიფიცირებისთვის [ასე ერქვა დღეს განსახილველ საკითხს ოფიციალურად] მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდა. რამდენიმე წუთი პრაქტიკულად ნათია კაპანაძეს დაეთმო – კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ კოორდინატორს. მას ერთი კითხვის დასმის უფლება მისცეს.

„მე მაქვს შეკითხვა ბატონ შოთასთან,“ – ნათია კაპანაძემ „ალტ-ინფოს“ დირექტორს, შოთა მარტინენკოს მიმართა, რომელიც ასევე ესწრებოდა დისტანციურ სხდომას: – „თქვენთვის, როგორც მაუწყებლის დირექტორისთვის, საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოება რამდენად მნიშვნელოვანია?“

„თუ სურს ბატონ შოთას, გიპასუხოთ,“ – „ალტ-ინფოს“ დირექტორს უთხრა კომისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ აბაშიძემ. მან ისიც დასძინა, რომ „არსებით ნაწილში უნდა დავრჩეთ, ჩვენ ამან შესაძლოა სხვა კითხვებში გადაგვიყვანოს“, ანუ კომუნიკაციის კომისიამ სხდომაზე დასმული ერთადერთი შეკითხვა საქმესთან კავშირში ვერ დაინახა.

„მე საერთოდ ვერ ვხვდები ეს კითხვა რა შუაშია იმასთან, რასაც ახლა განვიხილავთ, რატომ უნდა ვუპასუხო ამ კითხვას?“ – იკითხა „ალტ-ინფოს“ დირექტორმა.

დღემდე „ალტ-ინფო“ მხოლოდ „რუსთავის“ და  „ეგრისის“ მულტიპლექსის, ასევე “მაგთიკომის” მეშვეობით მაუწყებლობდა. დღეიდან ამ არხს „სტერეოს“ და „სილქნეტის“ მომხმარებლებიც მიიღებენ.

საკითხის „განხილვა“ ასე დასრულდა.

„კომისიას შეეძლო შეეჩერებინა ეს პროცესი და ეთქვა, რომ არსებობს გარემოებები, რომელიც გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე,“-  ამბობს „ბათუმელებთან“ ნათია კაპანაძე, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ კოორდინატორი.

ნათია კაპანაძე ყურადღებას ამახვილებს მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე, რომელიც აჩენს ეჭვებს „ალტ-ინფოს“ მხრიდან ძალადობის მოწოდებასა და მის ორგანიზებაზე.

„ვნახეთ გავრცელებული წყაროებიდან, როგორ მოხდა ძალადობრივი ჯგუფების ფორმირება, ვხედავდით, როგორც აორგანიზებდნენ ძალადობას და მედიაზე თავდასხმას, როგორ მოუწოდებდნენ ღიად ადამიანებს, რომ მონაწილეობა მიეღოთ ძალადობაში,“ – აღნიშნავს ნათია კაპანაძე.

კომისიას რეალურად არ ჰქონდა საფუძველი უარი ეთქვა „ალტ-ინფოსთვის“ მაუწყებლობის გაფართოებაზე, განმარტავს ნათია კაპანაძე, თუმცა თუკი კომისიისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა სახალხო დამცველის შეფასება, ასევე მედიაში გავრცელებული ფაქტები „ალტ-ინფოს“ მხრიდან ძალადობაში მონაწილეობის შესახებ, შეეძლო პროცესი შეეჩერებინა ფაქტების გამოკვლევის მოტივით.

„თუკი კომისია დაინახავდა დანაშაულის ნიშნებს, უნდა მიემართა საგამოძიებო ორგანოსთვის… საბოლოოდ, მარეგულირებელ კომისიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო „ალტ-ინფოსთვის“ უარი ეთქვა ავტორიზაციის მოდიფიცირებაზე, თუკი სასამართლო დაადასტურებდა მაუწყებლის მხრიდან ძალადობის მოწოდებას, ანუ დანაშაულის ჩადენას.

გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ პატივი უნდა სცე იმ იდეებს, რომლებიც არ მოგწონს, არ არის მისაღები, მაგრამ გამოხატვის თავისუფლებამ არ უნდა დაგეგმოს დანაშაული,“ – აცხადებს ნათია კაპანაძე.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ალტ-ინფოს“ 5, 6 და 12 ივლისის ეთერში გასული გადაცემები შეისწავლა. კომისიის შეფასებით, ამ გადაცემებში იყო უხამსობა და „ალტ-ინფო“ სამართალდამრღვევად მიიჩნია, თუმცა კომისიას არ შეუსწავლია „ალტ-ინფოს“ მუშაობა 5 ივლისამდე, როცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ალტ-ინფო“ ძალადობისკენ მოწოდებით იყო დაკავებული.

„ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა, როცა მარეგულირებელი ცდილობს მაუწყებლის შინაარსში ჩარევას, მაგრამ თუკი სურდა კომისიას იმის გარკვევა, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები, მაშინ მას „ალტ-ინფოს“ 5 ივლისამდე ეთერში გასული გადაცემები უნდა ენახა. ცნობილია, რომ კითხვა არსებობს დანაშაულის, ანუ ძალადობის დაგეგმვასა და ძალადობის მოწოდებისკენ,“ – განმარტავს ნათია კაპანაძე.

რას ცვლის კომუნიკაციების კომისიის ახალი გადაწყვეტილება?

„ეს ნიშნავს შერჩევითი სამართლის გაძლიერებას, შერჩევითად ადამიანების დაცვას და შერჩევითად ადამიანების დაზიანებას,“ – გვითხრა ნათია კაპანაძემ.

___

გასულ წელს ფეისბუქმა გააუქმა 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამ-ანგარიში, რომლებიც დაკავშირებული იყო მედიაორგანიზაცია “ალტ-ინფოსთან”. როგორც “ფეისბუქის” განცხადებაშია ნათქვამი, “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული გვერდების აქტივობა საქართველოს შიდა აუდიტორიაზე იყო გამიზნული და ამჟამად “ალტ-ინფო” აკრძალულია ფეისბუქზე.

ამავე თემაზე:

FB-მა “ალტ ინფოსთან” და “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული ანგარიშები წაშალა

„ნუ კითხულობთ მხოლოდ სათაურებს“ – სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

ავტორი: ანა ძნელაძე

დღეს ინფორმაცია და დეზინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით ყველა ასაკის ადამიანამდე მიდის, მათ შორის მოსწავლეებთანაც. სკოლებში ამ თემას ყველაზე ხშირად სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე განიხილავენ. რა დრო ეთმობა დეზინფორმაციისა და სანდო ინფორმაციის გარჩევას სკოლებში? – ამ თემაზე სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, თამარ ბაუჟაძეს ვესაუბრეთ.

  • რა არის დეზინფორმაცია? როგორ განმარტავთ მას?

მარტივად – ეს არის ცრუ ინფორმაცია, რომელსაც გამიზნულად ავრცელებენ და რომელიც ვიღაცის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, თუმცა ძალიან მავნებელია ბევრი ჩვენგანისთვის.

  •  თქვენი დაკვირვებით, რამდენად ხშირად ექცევიან მოსწავლეები დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ?

ძალიან ხშირად, ყოველდღიურად. ავიღოთ სოციალური ქსელი – იმდენად ბევრ ინფორმაციას ვეჩეხებით, რომ ბუნებრივია, ყველას არ ვკითხულობთ, მაგრამ საკმარისია სათაურიც კი. ინფორმაციის გავლენა იმდენად დიდია, რომ შეიძლება სრულიად დამანგრევლად იმოქმედოს ადამიანის ფსიქიკაზე.

ინფორმაცია მიდის აბსოლუტურად ყველასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თანხას იხდიან და რეკლამით უშვებენ. ვიღაცები დეზინფორმაციას გამიზნულადაც კი ავრცელებენ: ძალაუფლების გასამყარებლად ან პოპულარობის მოსაპოვებლად…

სამწუხაროდ, ბავშვები კი არა, უფროსებიც ვართ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, როგორ უნდა გადავამოწმოთ. ამისგან დაცული არავინ არაა.

  • თუ შეგიძლიათ, თქვენი მოსწავლეების მაგალითზე გვითხრათ, რა სახის დეზინფორმაციას აწყდებიან ყველაზე ხშირად ისინი?

მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, იმაზე, რა მითებიც ტრიალებს უკვე საზოგადოებაში.

მახსოვს, ერთი მოსწავლე მოვიდა აჟიტირებული, გაოგნებული და გაბრაზებული იყო. დავინტერესდი რა მოხდა და აღმოჩნდა, რომ მის საყვარელ მსახიობს ფეიკნიუსები დაუწერეს და ამაზე იყო გაბრაზებული. მე ამ მსახიობის სახელი და გვარიც არ ვიცოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთელმა კლასმა იცოდა და სერიოზული განხილვა მიდიოდა.

მოსწავლეებისთვის სერიოზული საკითხები რაც არის, რაც მათ აინტერესებთ, აბსოლუტურად ყველაფერი არის ხელმისაწვდომი, თან ერთ საკითხზე იმდენად განსხვავებული და ბევრი ინფორმაციის და დეზინფორმაციის მოსმენა უწევთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვასწავლით კრიტიკულად აზროვნებას და ინფორმაციის გადამოწმებას, მაინც უჭირთ.

  • როგორ ფიქრობთ, რა სახის საფრთხე შეიძლება შეუქმნას მოზარდს დეზინფორმაციამ?

მაგალითად, თუ ბავშვს აინტერესებს ძალადობა ან სექსუალური შევიწროება და დაიწყებს ამ საკითხების ძიებას, შეიძლება ისეთ დეზინფორმაციას წააწყდეს, ყვითელი პრესის დონეზე განხილულ ფეიკნიუსს, რომ შესაძლოა დიდი ზიანი მიადგეს მის ფსიქიკას და მერე საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს რეაბილიტაციისათვის. ესეც – თუ გავიგეთ და საკუთარ თავში არ ჩაიკეტა.

ასევე, არის შემთხვევა, როცა ვიღაც იტყუება, რომ მატერიალურად უჭირს და შეიძლება თანხა სულ სხვა რამისთვის, მაგალითად ალკოჰოლის საყიდლად უნდა. ამ დროს მოსწავლე ფიქრობს, რომ შეიძლება სხვამაც მოატყუოს და სხვა დროს უკვე შეიძლება დაეჭვდეს – იქცევა თუ არა სწორად ამ ტიპის დახმარების გაწევით. სოციალურ ქსელში ჭირს გარჩევა, ვის ნამდვილად სჭირდება დახმარება და ვის არა.

  • როგორ ფიქრობთ, სამოქალაქო განათლება სკოლაში რამდენად განიხილავს ამ თემას, რამდენად მოიცავს?

გულწრფელად რომ გიპასუხოთ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ამაზე საუბარი ყველა საგნის პედაგოგს უნდა შეეძლოს, რადგან ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

რაც შეეხება სამოქალაქო განათლებას, მე-7 კლასის პროგრამის ფარგლებში შედის მცირე დოზით, როდესაც განვიხილავთ მედიას და ხელისუფლებას, ჩვენ ვსაუბრობთ რა არის დეზინფორმაცია, რა არის მედიაჩეკერი, როგორ შეგვიძლია გადავამოწმოთ წყარო და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს სოცმედიაში ჭარბმა ინფორმაციამ.

  • როგორც მივხვდი, მეშვიდე კლასის შემდგომ არ ხდება ამ თემების განხილვა…

მერვე კლასშიც განიხილება, თუმცა მცირე დოზით, მხოლოდ ერთი კარია დათმობილი. მეცხრე და მეათე კლასში თემატურად არ არის, თუმცა, ბუნებრივია არავინ არ გვზღუდავს და ამაზე საუბარს არ კრძალავს, თუ ჩვენ ვხედავთ, რომ საჭიროება მოითხოვს.

  • როგორ ფიქრობთ, მეშვიდე და მერვე კლასში სრულყოფილად ხდება ამ თემის განხილვა ?

სრულყოფილება ამ თემაში არ არსებობს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს „გადარბენილ“ თემას. შეიძლება ეს ერთი თვე გრძელდებოდეს, შეიძლება – ერთი სემესტრიც, სხვადასხვა საკითხთან კომბინაციაში, საჭიროებიდან გამომდინარე.

მაგრამ ერთია როცა ვასწავლით და მეორე მომენტია, როცა პრაქტიკაში ხდება ცოდნის გამოყენება.

ძალიან ვცდილობ მოსწავლეებამდე მივიტანო ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ დაეხმარებათ გადამოწმებაში, თუ ეტყვი მოსწავლეებს – „მოდი, აბა, ყალბი ინფორმაცია მოიძიე“ – ეგრევე იპოვიან, მაგრამ თავისით, დამოუკიდებლად თუ გაახსენდებათ და გამოიყენებენ, ძალიან საინტერესოა. მეეჭვება, რადგან არასდროს არ უთქვამთ, აი, გადავამოწმე და მცდარი აღმოჩნდაო.

ბევრი მუშაობა გვჭირდება ჯერ კიდევ.

  • როგორ ფიქრობთ, განათლება არის თუ არა ერთადერთი პრევენცია დეზინფორმაციის დასაძლევად?

ერთადერთი და არაფერი სხვა. ყალბ ინფორმაციას ჩვენ მხოლოდ განათლებით შეგვიძლია გავუმკლავდეთ.

  • 21 საუკუნეში ინფორმაციის და დეზინფორმაციის გავრცელება ძალიან სწრაფად ხდება, როგორ უნდა დაიცვას ამისგან მოზარდმა, სკოლის მოსწავლემ თავი?

პირველი და ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი – სათაურებს ნუ კითხულობთ მხოლოდ, წაიკითხეთ შიგთავსი, სტატია, ახალი ამბავი. სათაური მარკეტინგული ხრიკების ნაწილია.

მეორე – დააკვირდით ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას, ვისწავლოთ გარჩევა, რომელია პროფესიონალი მედია.

მესამე – ჩვენ გვჭირდება სწორი მართვა იმის, რასაც ვკითხულობთ. ჩემი სოციალური ქსელი რომ გაგიხსნათ, შეიძლება 1000-მდე ინფორმაცია გვაჩვენოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თითოეულს მათგანს წავიკითხავ.

დღეს დეზინფორმაციის გავრცელების წყარო არა მარტო სოციალურ მედიაში არსებული გვერდებია, დეზინფორმაცია ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გაავრცელოს, თუნდაც უნებლიეთ.

მითების სამყაროში ვცხოვრობთ, მაგრამ განა ადამიანებს ამ მითების გავრცელების მხოლოდ ცუდი მოტივი აქვთ, უბრალოდ ხანდახან მათაც არ იციან როგორ გადაამოწმონ ინფორმაცია, ვის ენდონ. ადამიანები ენდობიან მათთვის ავტორიტეტულ პირებს და ნებისმიერი შეიძლება შეცდეს. უნდა ვისწავლოთ მოსმენა და კითხვა.

_______________________

მასალა მომზადებულია „მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის“ ფარგლებში, რომელსაც „ბათუმელები“ ახორციელებს „ამერიკულ კუთხესთან“ ერთად. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

როგორ ჩატარდება წელს ბათუმის კინოფესტივალი | ინტერვიუ

18-24 სექტემბერს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი [BIAFF] გაიმართება. უკვე მეორე წელია ფესტივალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ტარდება. კინოფესტივალის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი ამბობს, რომ გასული წლისგან განსხვავებით, წელს კინოფესტივალი უკვე კინოდარბაზში ჩატარდება, ოღონდ რეგულაციების დაცვით. მას „ბათუმელები“ ესაუბრა.

  • როგორ ჩატარდება წერს კინოფესტივალი?

წელს ვაპირებთ ფესტივალი კინოდარბაზში ჩავატაროთ.

ამ დღეებში გვქონდა კონსულტაციები შრომის ინსპექციასთან და კინოფესტივალი ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდება 18-24 სექტემბერს, თუმცა, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით და არსებული შეზღუდვებით.

შარშან მოგვიხდა კინოფესტივალის ონლაინ ჩატარება, რამდენჯერმე გადავდეთ კიდეც, ველოდით გადაწყვეტილებას, მაგრამ წელს უკვე ფიზიკურ სივრცეში ჩატარდება.

  • კონკრეტულად რა შეზღუდვები იქნება?

კინოთეატრში შესაძლებელია დაკავებული იყოს ადგილების მხოლოდ ნახევარი.

ჩვენი მხრიდან დავამატეთ ის, რომ კინოსეანსებზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მათთვის, ვინც არის ვაქცინირებული, ან გადატანილი აქვს კოვიდი უახლოეს ხანებში ან PCR ტესტის საფუძველზე – ეს საბუთი მაყურებელმა ნაბეჭდი სახით ან ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს დარბაზში შესვლისას.

„აპოლოს“ ბილეთების გაყიდვების სისტემას გამოვიყენებთ, რომ კინოდარბაზში შესვლა ორგანიზებულად მოხდეს და არ იყოს გაუგებრობა. დღისით, პირველ 2 სეანსზე დასწრება უფასო იქნება, საღამოს სეანსებს კი ექნება სიმბოლური ფასი – 2.5 ლარი, რაც ონლაინსისტემების გამოყენების თვითღირებულებაა.

ფილმს მაყურებელმა პირბადით უნდა უყუროს.

  • ამჟამად შეინიშნება კოვიდის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია, თუმცა თუ დაწესდება ახალი შეზღუდვები, მზად ხართ ფესტივალის ისევ ონლაინ ჩასატარებლად?

დიდი დრო არ არის დარჩენილი 18 სექტემბრამდე. თუ რეგულაცია არ შეიცვალა, ჩავატარებთ აუცილებლად კინოდარბაზში და თუ არ იქნება ამის საშუალება, მაშინ მოგვიწევს ონლაინ ჩატარება.

  • რაც შეეხება წლევანდელი კინოფესტივალის პროგრამას, აისახა თუ არა პანდემია ფილმებისა და კინოფესტივალის სექციების რაოდენობაზე?

დიდი გავლენა არ ყოფილა. წელს საკმაოდ დიდი რაოდენობის ფილმები იყო გასულ წელთან შედარებით. წელს ჩატარდა კინოფესტივალები. შარშან, როგორც იცით, გაუქმდა კანის, ლოკარნოს და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი კინოფესტივალი, სადაც პრემიერები ვერ შედგა. ეს პრობლემაა ჩვენთვის, რადგან თუ ფილმი პრემირებული არ არის დიდ ფესტივალზე, ვერ აჩვენებ. წელს ეს პრობლემა ნაკლებად იყო.

პრობლემა ისაა, რომ შეზღუდული ვართ ბიუჯეტში უკვე, მნიშვნელოვნად შემცირდა ბიუჯეტი, უცხოელი სტუმრები ფაქტობრივად არ გვეყოლება, მხოლოდ რამდენიმე სტუმარი გვყავს. ჩვენთვისაც არ იყო ცნობილი როგორ ჩატარდებოდა ფესტივალი, რა რეგულაციები იქნებოდა და ამ პირობებში ძალიან რთულია ვინმეს მოელაპარაკო ჩამოსვლაზე.

ფესტივალის პროგრამა უკვე მზად არის. საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსში გვექნება 9 ფილმი, აქედან 2 ქართული ფილმია, ქართულ-გერმანული კოპროდუქციები. ერთია ალექსანდრე კობერიძის ფილმი [ “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“], რომელიც ბერლინალეს კინოფესტივალზე იყო პრემირებული და, ასევე, სოსო ბლიაძის ფილმი [„ოთარის სიკვდილი“], რომლის პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა. ასევე იქნება რამდენიმე ირანული, უნგრული ფილმი, უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვის ფილმი, რომლის პრემიერაც ახლახან შედგა ვენეციის კინოფესტივალზე.

რაც შეეხება დოკუმენტურ ფილმებს, 7 დოკუმენტური ფილმი იქნება საკონკურსო სექციაში, ძალიან საინტერესო პროგრამაა, არის ფილმები რუსეთიდან, იტალიიდან და პოლონეთიდან.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში 25 ფილმი იქნება წარმოდგენილი, აქედან 6-7 ქართული ფილმია.

ასევე, ტრადიციულად, ფესტივალის პროგრამის ნაწილია „დიდოსტატთა კოლექცია“, სადაც წარმოდგენილი იქნება ლეო კარაქსის, სერგეი ლოზნიცას, ასგარ ფარადის და რომან ბალაიანის ფილმები.

გვაქვს სექცია „ქართული პანორამაც“, სადაც არასაკონკურსოდ ვაჩვენებთ წლევანდელ და შარშანდელ ქართულ ფილმებს.

ასევე, დოკუმენტური ფილმების ფესტივალ artdocfest-თან თანამშრომლობის ფარგლებში ვაჩვენებთ რამდენიმე დოკუმენტურ ფილმს.

  • როგორ იმუშავებს ჟიური? ფიზიკურად დაესწრებიან ფესტივალს, თუ დისტანციურად ნახავენ? 

ჟიურის წევრების უმრავლესობა ქართველია. არის რამდენიმე უცხოელი, რომლებიც ჩამოვლენ და ადგილზე ნახავენ ფილმებს, თუ რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ მოხდა.

  • ვინ არიან ჟიურის თავმჯდომარეები სექციების მიხედვით? 

მხატვრული ფილმების ჟიურის თავმჯდომარე ლანა ღოღობერიძეა, დოკუმენტური ფილმების კონკურსის თავმჯდომარე იქნება ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის – დათო ჯანელიძე.

  • კორონავირუსის პანდემიამ დააზარალა ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი?

შარშან იყო პირველი წელი, როცა ფესტივალი ვერ ჩატარდა. იცით, რომ შარშან იმავე სიტუაციაში იყო ბევრი ცნობილი ფესტივალი, რადგან სხვა გზა არ აყო. ჩვენ მზად ვიყავით, იყო პროგრამა, თარგმნილი იყო ფილმები და ამიტომ ჩავატარეთ ონლაინ. ეს არ არის ფესტივალისთვის მისაღები ფორმატი, მაგრამ ადამიანებმა შეძლეს ფილმების ნახვა.

პანდემიის პირობებში კინოფესტივალის ბიუჯეტი შემცირებულია, ნახევარზე ნაკლებია, რაც პანდემიამდე გვქონდა, ვერ ვახერხებთ უცხოელი სტუმრების მოწვევას, მოგვიწია ფილმების რაოდენობის შემცირება 10-15 პროცენტით. ადრე თუ ფესტივალი 8 დღეს გრძელდებოდა, წელს 7 დღე იქნება, თუმცა წარმოდგენილია ძალიან საინტერესო პროგრამა.

 

ყვარელში ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული.

„პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს,“ – წერს შსს.

მან, ვინც უმაღლეს პროფესიულ გამოცდებზე ტესტირება კოვიდის გამო ვერ გაიარა, სამინისტროს უნდა მიმართოს

იმ პირებს, რომლებიც დარეგისტრირებული იყვნენ 2021 წლის უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მაგრამ ვერ შეძლეს ტესტირებაზე გასვლა შემდეგი მიზეზებით:

  • ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;
  • საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;
  • საკარანტინო ზონაში;
  • ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
  • სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო

შესაძლებლობა აქვთ, 15 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, დასაბუთებული განცხადებით მიმართონ განათლების სამინისტროს და გავიდნენ ზოგადი უნარებისა და ქიმია-ბიოლოგიის ტესტირებაზე.

განათლების სამინისტროს განცხადებით, აპლიკანტს თან უნდა ჰქონდეს თანდართული  მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზემოჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ გარემოებას.

„ხოლო იმ პირებმა, რომლებიც რეგისტრირებულები არიან საბაზო და საშუალო პროფესიულ პროგრამებზე და მონაწილეობას იღებენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ შიდა შერჩევებში (მოტივაციური გასაუბრება, შემოქმედებითი და სპეციალური ტურები, დაწესებულების შიდა ტესტირება, პრაქტიკული სამუშაო შემთხვევები,  ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საბაზო ზოგადი უნარების ტესტი  და ა.შ), ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას,“- აცხადებს განათლების სამინისტრო.

კოვიდის ახალ ტალღას სავარაუდოდ ახალი წლის შემდეგ უნდა ველოდოთ – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი ტალღა საქართველოში რამდენიმე თვეში, ახალი წლის შემდეგ არის მოსალოდნელი. ამის შესახებ მან დღეს, 9 სექტემბერს ისაუბრა ჟურნალისტებთან.

„ვერასდროს ვერ გამოვრიცხავთ სამომავლოდ რის მოლოდინი უნდა გვქონდეს, შესაძლებელია კიდევ სხვა ტალღაც იყოს, ამისთვის უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებული.

…ეს არ იქნება მოკლე მომავალში, მაგრამ სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ ახალ ტალღას. ნოემბრის დასაწყისს ვერ ვიტყოდი, უფრო ახალი წლის შემდეგ,“ – უთხრა ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ახალი ტალღა განსაკუთრებით საშიში იქნება 60 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის, ამიტომაც საჭიროა ამ ასაკობრივი ჯგუფის მიზნობრივი ვაქცინაცია კორონავირუსზე:

„შემდეგი ტალღა იქნება რეალურად კრიტიკულად საშიში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ ჩვენ ახლა არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას,“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

გაიაქტიურეთ შეუზღუდავად “სილქფესტის” მრავალფეროვანი შეთავაზებები მთელი თვით

10 სექტემბრის „სილქფესტი“ მრავალფეროვანია! მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ერთი ან რამდენიმე პაკეტი და მთელი თვით გაიაქტიუროს სასურველი პირობა კომბინაციით *202# :

[checklist]

  • 400 ლოკალური წუთი – 6 ლარად
  • 15 GB უსწრაფესი ინტერნეტი  – 10 ლარად
  • 3 GB + 500 ლოკალური წუთი – 10 ლარად
  • ულიმიტო ინტერნეტი – 19 ლარად

[/checklist]

აქციაში ჩართვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეძლებათ. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში კი თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა. 

თუ ბონუსი ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელს ინტერნეტზე ერიცხება 1MB -ზე  15 თეთრი; სასაუბრო წუთები ვრცელდება საქართველოს ყველა მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე, გარდა გლობალსელის და ასანეტის, ასევე სპეციალური დანიშნულების ნომრების მიმართულებებზე.

თვალი ადევნეთ კომპანიის facebook და Instagram  გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებგვერდს www.silknet.com, სადაც ერთი დღით ადრე დაანონსდება „სილქფესტის“ აქციები.

შეხვდი მომზადებული ახალ სასწავლო წელს!

როგორ გადაურჩა სტამბოლში ორი მატარებელი შეჯახებას | ფოტოამბავი

8 სექტემბერს სტამბოლში ორი მატარებელი შეჯახებას გადაურჩა.

თურქული მედიის ცნობით, შეჯახების თავიდან აცილება წამებში გახდა შესაძლებელი. მემანქანემ ბოლო მომენტში შეძლო მატარებლის დამუხრუჭება და სარკინიგზო კატასტროფის თავიდან აცილება.

მატარებელი საკარის პროვინციიდან სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მიდიოდა, როცა ლიანდაგზე პირდაპირ შეხვდა ჩქაროსნულ მატარებელს. დამუხრუჭების დროს რამდენიმე მგზავრი დაშავდა.

გამოცემა „დეილი საბაჰის“ ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, რატომ მოძრაობდა ორივე მატარებელი ერთ ლიანდაგზე საპირისპირო მიმართულებებით.

თურქული მედიის ცნობით, ორი ათწლეულის განმავლობაში თურქეთში 100-მდე ადამიანი დაიღუპა სარკინიგზო კატასტროფის შედეგად.

____________

ფოტო: dailysabah.com

საქართველოში ერთ თვეში 2016 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით

დღეს, 9 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჯამში 8 ათასს გადააჭარბა.

2021 წლის 6 აგვისტოს საქართველოში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა 6016 იყო, დღევანდელი, 9 სექტემბრის მონაცემებით კი, საქართველოში კოვიდით გარდაცვლილია 8035 ადამიანი, შესაბამისად, 35 დღეში კოვიდით გარდაიცვალა 2016 პაციენტი.

ამავე პერიოდში [6 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე] საქართველოში კოვიდით დაინფიცირდა 132 595 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირდა 572 948 ადამიანი.

კოვიდის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდის დიაგნოზით 4 596 463 ადამიანი გარდაიცვალა.

_______________

ფოტოზე: რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანი. წყარო: nplg.gov.ge, ციფრული ფოტოგამოფენა„ქართველი ექთნები ეპიდემიის წინა ხაზზე“

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 249 ახალი შემთხვევა

9 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 249 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 721 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, მათგან 32 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონში კოვიდსასტუმროშია 593 ადამიანი.

დღეს, 9 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 2455 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 58 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაიცვალა 58 პაციენტი, დადასტურდა კოვიდის 2455 ახალი შემთხვევა | 9 სექტემბერი

9 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2455 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 58 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

8 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის მაჩვენებელი 7 დღის მანძილზე არის – 7.69%.

უშბაზე ორი უცხოელი ტურისტის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება მესტიაში, მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული უცხოეთის ორი მოქალაქის შესახებ. ინიციატორის ინფორმაციით მთამსვლელებთან ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, უცნობი იყო მათი მდგომარეობა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, მაშველებს მწვერვალზე ქვეითად გადაადგილება უწევდათ. საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, საძიებო ოპერაციის ფარგლებში, მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს,“- აცხადებს საგანგებო სიტუაციების სამსახური.

ამავე წყაროს ცნობით, ცხედრები გადასვენებულია მესტიაში და ტარდება შესაბამისი პროცედურები.

„ავად გავხდი“ – რატომ მიდიან გახარიას პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატები

„ავად გავხდი“ – ამბობს ბადრი მახარაძე, რომელიც დღემდე, 7 სექტემბრამდე, დაბა ქედის მაჟორიტარულ ოლქში გახარიას პარტიის კანდიდატი იყო. გახარიას პოლიტიკური გუნდი ხულოშიც დატოვა გახარიას პარტიის ორმა კანდიდატმა, თუმცა ყოფილმა კანდიდატებმა წასვლის შესახებ პარტიას არაფერი უთხრეს, ისინი დღეს მობილურ ტელეფონებსაც აღარ პასუხობენ.

აჭარაში თუ სხვა რეგიონებში კანდიდატურის  მოხსნას „საქართველოსთვის“ ლიდერები „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლას ან მოსყიდვას უკავშირებენ. პარტიაში აღნიშნავენ იმასაც, რომ კანდიდატების წასვლის შესახებ ტელეკომპანია „იმედისგან“ იღებენ ინფორმაციას და ყოფილი კანდიდატებისგან წასვლის რეალურ თუ გამოგონილ მიზეზსაც ვერ ისმენენ.

„არ ვიცოდი, თუ კანდიდატურის მოხსნა უნდოდა,“ – გვეუბნება „საქართველოსთვის“ ქედის მერობის კანდიდატი, ელგუჯა ნაკაშიძე – „რამდენიმე დღის წინ მითხრა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და თბილისში წავიდა. დღეს „იმედიდან“ გავიგე, კანდიდატურა მოხსნაო, გამიკვირდა. ვურეკავდი და გამორთული აქვს ტელეფონი“.

დღის ბოლოს ბადრი მახარაძემ „ბათუმელებს“ უპასუხა და თქვა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო გახდა იძულებული, კანდიდატურა მოეხსნა. მან ვერ განმარტა, რატომ იყო რთული ამის შესახებ პარტიისთვის ეთქვა, თუკი ეს არ იყო დაკავშირებული ზეწოლასთან ან მუქარასთან.

„არანაირი ზედმეტი ჩემთან არ ყოფილა, არ მქონია შეხვედრა და საუბარი ვინმესთან, „ოცნებასთან“… უბრალოდ არ შემეძლო და ამიტომ ვხსნი კანდიდატურას… ვრჩები ამ პარტიის გულშემატკივრად,“ – აღნიშნა ბადრი მახარაძემ.

„კი, „იმედიდან“ გავიგე, რომ მოუხსნია კანდიდატურა, მე რა შუაში ვარ?“ – კითხულობს არჩილ აბაშიძე. ის „ქართული ოცნების“ კანდიდატია ხულოში, ხიხაძირისა და ფუშრუკაულის მაჟორიტარულ ოლქში. აქ კანდიდატურა პარტიიდან „საქართველოსთვის“ ომარ აბაშიძემ მოხსნა. მისი მობილური ტელეფონი გამორთულია.

„ოცნების“ კანდიდატს ხიხაძირში ვკითხეთ ზეწოლაზე, რაზეც კითხვები ამ პროცესმა გააჩინა.

„გამორიცხულია. ჩემთვის სჯობდა, რომ ყოფილიყო კანდიდატი და არ მოეხსნა, დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია… ზეწოლა გამორიცხულია. ის მოგვარეა ჩემი, მაგრამ ბიძაშვილი არ არის. ერთმანეთს სალამს ვაძლევთ და ეს არის,“ – გვითხრა არჩილ აბაშიძემ.

„მის სახლშიც მივედით, მაგრამ გვეუბნებიან, რომ არ არის სახლში, არ ვიცით, სად წავიდაო,“ – ამბობს პარტიის „საქართველოსთვის“ ხულოს მერობის კანდიდატი, გია აბულაძე.

მობილურს არც ილია კოჩალიძე პასუხობს. ის „საქართველოსთვის“ კანდიდატი იყო ხულოში, დიოკნისი-რიყეთის თემში. ილია კოჩალიძის მობილური ტელეფონი დღის განმავლობაში პერიოდულად ირთვებოდა, თუმცა მან ჩვენი სატელეფონო შეტყობინება უპასუხოდ დატოვა.

„ვერც ილიასგან გავიგეთ, რის გამო დატოვა პარტია. მის გამოჩენასაც ველით,“ – აღნიშნა გია აბულაძემ, „საქართველოსთვის“ ხულოს მერობის კანდიდატმა.

პარტიაში „საქართველოსთვის“ ამ ეტაპზე ვერ დაგვიკონკრეტეს, ჯამში რამდენმა ადამიანმა მოხსნა კანდიდატურა.

„ამ ადამიანებზე ზეწოლა ხორციელდება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების დახმარებით, გარკვეულ შემთხვევებში მათ ემუქრებიან დაკავებით ან ახლობლების სამსახურიდან გათავისუფლებით“ – განაცხადა გუშინ, 7 სექტემბერს, პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათეულობით ადამიანმა მოხსნა კანდიდატურა.

ბულვარში „ამბასადორი“ უნდა დაინგრეს – კიდევ რას დაუჭერდა მხარს საკრებულოში ირაკლი კუპრაძე

პირველ რიგში ააიპ-ებისა და სხვა მუნიციპალური ორგანიზაციების გაუქმებას აპირებს „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე, თუკი მოსახლეობის ნდობას მიიღებს 2 ოქტომბრის არჩევნებზე და ბათუმის საკრებულოში შევა. იგი მიიჩნევს, რომ მუნიციპალური ორგანიზაციებს სხვადასხვა ხელისუფლება მხოლოდ პარტიული აქტივისტების დასასაქმებლად იყენებს.

კიდევ რის შეცვლას აპირებს „ლელოს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოში?

  • პირველ რიგში, მოგვიყევით, როგორ მოხერხდა ბათუმში შეთანხმება ოპოზიციის საერთო კანდიდატებზე, რა არის ერთიანი კანდიდატების უპირატესობა და რატომ ვერ მოხერხდა ეს სხვა რეგიონებში? 

ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში შედგა შეთანხმება ოპოზიციას შორის მერების კანდიდატურებზე, ასევე ვიცე-მერებზე, რიგ შემთხვევაში – მაჟორიტარებზე, საკრებულოს თავმჯდომარეებზე.

ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ამ შეთანხმებით საზოგადოებას ვეუბნებით, რომ ოპოზიციურ სპექტრს, მიუხედავად განსხვავებებისა, შეგვწევს ძალა, კოალიციურად ვმართოთ ქალაქი, კოალიციურად ვიმოქმედოთ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების დროს.

  • თუმცა გახარიას პარტიას, ასევე „გირჩს“ და „პატრიოტთა ალიანსს“ ჰყავს ცალკე კანდიდატები. 

ეს არის საგამონაკლისო წესი, თუმცა სამივე არის უშანსო. მათ აქვთ დამოუკიდებელი ხაზი, რასაც მე, როგორც პოლიტიკური აქტორი, პატივს ვცემ.

  • თქვენ რატომ გაქვთ მოგების შანსი?

ყველა პოლიტიკური აქტორი,  რომელსაც გააჩნია ძალა, ძალისხმევა, საარჩევნო გამოცდილება და წინა არჩევნების შედეგებიც ამაზე მიუთითებს, ქმნის გაერთიანებულ ფლანგს მუნიციპალური არჩევნებისთვის.

  • თუკი თქვენ მოხვდით საკრებულოში, რა იქნება პირველი რიგის ამოცანა? რაზე ისაუბრებდით, ახლა რომ საკრებულოში იყოთ? 

პირველ რიგში, ვისაუბრებდი გაბერილ კადრებზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტიპის დასაქმება არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. შრომა არის ადამიანის უფლება, სამუშაო ადგილებს უნდა ქმნიდეს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი, თუმცა ვხედავ, რომ საჯარო სექტორში დასაქმება უკვე დაკავშირებულია პარტიულ აქტივიზმთან, სადაც პროფესიონალი, კვალიფიციური კადრებისთვის აღარ რჩება სივრცე.

ჩემ გარშემო უამრავი ახალგაზრდაა, რომლებიც გადადიან კერძო სექტორში ან ტოვებენ ბათუმს, საერთოდ მიდიან უცხოეთში, რადგან აქვთ უსამართლობის და უპერსპექტივობის განცდა. მათი ჩაბმა სახელმწიფო საქმიანობაში არის პატრიოტიზმთან დაკავშირებული. ეს დღეს წარმოუდგენელია, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა ემსახურონ იდეებს, ღირებულებებს.

ჩვენთან კორუფცია და ნეპოტიზმი იქცა მრავალი წელი სახელმწიფო უწყების დამახასიათებელ ნიშნად.

  • ბათუმის მუნიციპალიტეტში კორუფციის ან ნეპოტიზმის რა ფაქტის შესახებ იცით? 

ჩემთვის კორუფცია არსებობს როგორც ინდივიდუალურ საქმეებში, პერსონების დონეზე, ასევე არსებობს კორუფციული სქემები, რომლებიც დაკანონებულია. იგივე მშენებლობებზე კოეფიციენტები, ასევე, როცა მშენებელს პარკირებას არ სთხოვ, მწვანე საფარის არარსებობის ტენდენცია – ჩემთვის ეს არის დაკანონებული კორუფცია.

  • თქვენ არ დაუჭერდით მხარს ე.წ. კოეფიციენტს, რომლითაც ბიზნესმენი მშენებლობის სიმაღლეზე იღებს ნებართვას, ბიუჯეტი კი დამატებით შემოსავალს? 

ნებისმიერ საკითხს, რომელიც იქნება დაყენებული ჩემ მიერ, დასჭირდება კოალიციური ხელისუფლების და სხვა დეპუტატების მხარდაჭერა, ეს იქნება შეთანხმებაზე დამოკიდებული.

ჩემი მიდგომა არის ის, რომ ამ ქალაქს სჭირდება ერთიანი ქალაქგეგმარება და განვითარების სტრატეგია, რომელიც მრავალგზის ჩააგდეს ლობისტურმა ჯგუფებმა და იმ დეპუტატებმა, რომლებიც დაკავშირებული არიან სამშენებლო ბიზნესთან.

„ბათუმელებში“ არაერთხელ წამიკითხავს სტატიები, სადაც მკაფიოდ ჩანს დეპუტატებს რა ინტერესი აქვთ ამა თუ იმ მშენებლობაზე. რეალურად ინტერესთა კონფლიქტი ჩანს ამ საქმეებიდან.

ჩემი მხრიდან იქნება მკაცრად დასმული კორუფციის და ნეპოტიზმის საკითხები. ეს არის ჩემთვის კრიტიკულად და ძალიან მნიშვნელოვანი.

  • როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად, ბათუმის ბულვარში კერძო მესაკუთრეებს უარი უთხრათ ახალ მშენებლობაზე, როცა „ამბასადორის“ მშენებლობა ბულვარის შესასვლელში თითქმის დასრულდა? 

სასამართლო უნდა იყოს ამ კუთხით დამოუკიდებელი და დადგინდეს, რამდენად კანონიერად გაიცა ნებართვა. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს საჯარო განხილვის საგანი, მერიამ და საკრებულომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და საჩვენებლად დაანგრიოს ის შენობა, რომელიც აშენდა უკანონოდ და მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე.

  • დაუჭერდით მხარს ბულვარში აშენებული „ამბასადორის“ დანგრევას? 

კვალიფიციური ადამიანების და იურისტების კონსულტაციების შემდეგ ვფიქრობ, რომ ბათუმის „ამბასადორი“ აშენდა უკანონოდ.

მე რომ ახლა ბათუმის საკრებულოს დარბაზში ვიჯდე და განიხილებოდეს „ამბასადორის“ დანგრევა-არდანგრევის საკითხი, თუნდაც დაზარალდეს სახელმწიფო ბიუჯეტი და ის ადამიანები პასუხისგებაში მიეცნენ, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, მივცემდი ხმას, რომ უკანონოდ აშენებული შენობა საჩვენებლად დაინგრეს.

  • პლაჟების მრავალწლიანი იჯარით გასხვისებაზე რას ფიქრობ? 

პლაჟები უნდა გასხვისდეს მხოლოდ იმ პირობით, რომ ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, იმის მიუხედავად, რას მოაწყობს იქ ბიზნესმენი. საჯარო სივრცის შემოღობვის უფლება არავის აქვს.

  • ბათუმის ბიუჯეტი რაში უნდა დაიხარჯოს, რა იქნებოდა თქვენთვის პრიორიტეტი? 

პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ სსიპ-ებისადა ააიპ-ების გაუქმებაზე, რომლებიც თითიდან გამოწოვილი მიზეზითაა შექმნილი და საქმესთან არანაირ ბმაში არაა. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ მუნიციპალური ორგანიზაციების გაუქმებაზე.

ეს იქნება მტკივნეული, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი თეთრი, რომელიც იხარჯება ბიუჯეტიდან, უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქმეს. ამ ფინანსური რესურსის გამოთავისუფლებით შესაძლებელი იქნება ახალ პროექტებზე საუბარი, მაგალითად, იგივე წყლით მომარაგება შემოერთებულ ტერიტორიებზე. ეს ხალხი უკვე ორჯერ გადააგდო „ქართულმა ოცნებამ“ და ახლაც ბათუმის მოსახლეობის ამ ნაწილს აწუხებს წყლის და კანალიზაციის პრობლემა.

  • გაქვთ დათვლილი, რა დაჯდება ეს სამუშაოები და სად ნახავთ ამ ფულს? 

ამის დათვლა შეუძლებელია, რადგან შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი არასდროს არ განხორციელებულა. სამუშაოებს, რომელიც განხორციელდა, ასრულებდნენ „ოცნებასთან“ დაახლოებული კომპანიები და არ სრულდებოდა ხარისხიანად… არაერთხელ გვინახავს და ერთი თვის წინაც ვნახეთ, როგორ დაიტბორა ქუჩები იმ ადგილებშიც, სადაც რეაბილიტაცია ჩატარდა.

კვალიფიციურ სპეციალისტებს უნდა ვკითხოთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი სისტემა. ამის შემდეგ გვეცოდინება, რა არის გასაკეთებელი და რა ფინანსებია ამისთვის საჭირო. ბოლო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ უარი თქვა კვლევებსა და მეცნიერებაზე. ვხედავთ, რომ, მაგალითად, გაშენდა სკვერი, სადაც მხოლოდ პატარ-პატარა ბუჩქებია და თაკარა მზე. თუნდაც შინდისის სკვერი ავიღოთ ან სხვები. ამ პროცესში ისინი არ ეყრდნობიან კვალიფიციურ ადამიანებს.

ასევე ვფიქრობ, რომ კულტურა უნდა გათავისუფლდეს მუნიციპალურ დონეზე პოლიტიკური გავლენებისგან. კულტურის მუშაკები არიან უბრალოდ დატერორებული და დაშინებულები, მათ აღარანაირი დაფინანსება და ხელშეწყობა აღარ აქვთ სახელმწიფოსგან. კულტურის სფეროში მხოლოდ პარტმუშაკებს და პარტიული ერთგულების დამტკიცების შემდეგ აქვთ შესაძლებლობა გამართონ ფესტივალები, საგანმანათლებლო პროექტები და ასე შემდეგ. დღეს თეატრისა და მხატვრების სხვადასხვა სივრცის დაპაუზება არის თვალნათლივ დასანახი.

  • მეჩეთზე მინდა გკითხოთ – დაუჭერდით მხარს ახალი მეჩეთის აშენებას, რაზეც ბათუმის მერია წლებია უარს ამბობს იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ ეს დისკრიმინაციულად შეაფასა? 

ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ კომუნიკაცია ჰქონდეს ყველა ჯგუფთან. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ჩემთვის სწორი და სამართლიანი, რადგან იგრძნობა რამდენად დისკრიმინაციულია ბათუმის მერიის მიერ ნათქვამი უარი.

ჩემი აზრით, კანონს ამ მიმართულებით ალტერნატივა არ გააჩნია და უნდა აღსრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილება. ნებისმიერ ხელისუფალს, რომელიც ამ გადაწყვეტილების წინაშე დგას, უნდა ჰქონდეს გამბედაობის და სამართლიანობის უპირობო განცდა.

ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, ბათუმელებზე, რომლებიც ჩვენ გარშემო ცხოვრობენ. მე ძალიან ბევრი მუსლიმი მეგობარი მყავს, ვისთან ერთადაც ვიზრდებოდი, მეზობელია, კლასელი, კურსელი. ვთვლი, რომ მათი ინტერესი უნდა იყოს ისევე დაფასებული, როგორიც დომინანტური რელიგიის წარმომადგენლების.

ვფიქრობ, რომ მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციის პირობებში, სადაც არ იქნება დამატებით საგარეო თუ საშინაო სპეკულაციები ამ საკითხებზე, ცალსახა და გარდაუვალი იქნება ის, რომ მუსლიმ თემს ეს შესაძლებლობა ერთობლივად მივცეთ.

„ოცნება გაიძულებთ მოდელირებული ქრონიკებით ასაზრდოოთ მაყურებელი“ – გახარია TV იმედს

გიორგი გახარია ტელეკომპანია „იმედს“ მიმართავს და ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

„მივმართავ ტელეკომპანია „იმედს“, თქვენს ტელევიზიას ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ აიძულებდა და ახლა ორგანიზაცია „ოცნება“ გაიძულებთ, „მოდელირებული ქრონიკებით“, ცალმხრივი ინფორმაციით ასაზრდოოთ საკუთარი მაყურებელი!

ერთია, რომ არ აშუქებთ ჩვენს აქტივობებს, არც ერთ ჩვენს ღონისძიებას და საკუთარ მაყურებელს უმალავთ რეალობას, მეორე კი, რომ ყველას იწვევთ ეთერში, ყველას ალაპარაკებთ ჩვენზე, ალანძღინებთ ჩვენს თავს, ჩვენ კი, პასუხის საშუალებასაც არ გვაძლევთ!

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, არათუ მზად ვარ, არამედ, მოვითხოვ, თქვენს არხზე ნებისმიერ გადაცემაში პირდაპირ ეთერს!“ – წერს გიორგი გახარია ფეისბუქზე.

სად შეწყდება ხვალ წყალი ბათუმში

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ბათუმში ხვალ, 9 სექტემბერს, 14:30 საათიდან 22:30 საათამდე, წყლის მიწოდება შეწყდება შემდეგ მისამართებზე:

სამების ქუჩა და ჩიხები, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა, აკაკი შანიძის ქუჩა, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა (#304-374).

წყლის შეწყვეტის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით 33 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია.

შსს-ს ცნობით, დაკავებულია 1988 წელს დაბადებული თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.

„აღნიშნულ დანაშაულთან სავარაუდოდ შემხებლობაში მყოფი რამდენიმე ათეული პირისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებზეც დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზები. მოხდა თითოეული მათგანის დეტალური გამოკითხვა, მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია ალიბები, თუ სად იმყოფებოდნენ შანაი ბრუკის გარდაცვალების დროს, გადამოწმდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებით.

კომპლექსური და მრავალმხრივი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა ზემოთ აღნიშნულ პირთა წრე, ხოლო, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა,“ – აცხადებს შს სამინისტრო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

_________________

31 წლის ავსტრალიელი ქალი შანაი ბრუკი 31 ივლისს იპოვეს გარდაცვლილი მთაწმინდის პარკში. შანაი ბრუკი ამერიკაში მეგობარს ელაპარაკებოდა, როცა მას თავს დაესხნენ.

ახლობლების ინფორმაციით შანაი ბრუკი გაუჩინარებამდე მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო სასეირნოდ წასული. ის თბილისის დროით 15:33 საათზე ვერაზე, სახლიდან გასვლისას დააფიქსირეს. დაახლოებით 1 საათის შემდეგ კი მან WhatsApp-ში  მეგობარს დაურეკა და დახმარება ითხოვა.

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალის ცხედარი იპოვეს.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ბათუმში ვაკანსიას აცხადებს

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ (აჭარის ჰაბორგანიზაცია) აცხადებს ვაკანსიას.

  • პოზიცია: ფანდრაიზერი
  • ხანგრძლივობა: 38 თვე
  • განაკვეთი: სრული
  • განცხადების მიღების ბოლო ვადა: 23 სექტემბერი 2021, 18:00 საათი.
  • ადგილმდებარეობა: ბათუმი
  • სამუშაოს დაწყების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2021

ორგანიზაციის შესახებ:

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ წარმოადგენს აჭარის რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებმა 2001 წელს დააარსეს.

ორგანიზაცია ხელმძღვანელობს ლიბერალური ღირებულებებით და თავის საქმიანობას წარმართავს მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობის, დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობისა და უწყვეტი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით.

ორგანიზაციის მისიაა საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიის მხარდაჭერა. ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა; საზოგადოებისთვის ლიბერალური ფასეულობების მიწოდება; მედიაწიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა; მრავალფეროვნებისა და სოციალური ინტეგრაციის ღირებულების დამკვიდრების ხელშეწყობა; სამოქალაქო და ანგარიშვალდებული მოქალაქის, ასევე, მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო მოხელის განათლების ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ცხოვრების აქტიური მონაწილისთვის ადეკვატური ცოდნის მიწოდება.

მოვალეობები:

[checklist]

  • კონსულტაციები ფანდრაიზინგის მიმართულებით, იდეების საპროექტო წინადადებად ჩამოყალიბებაში დახმარების გაწევა ახალგაზრდებისთვის, დამწყები ორგანიზაციებისთვის, სათემო და საინიციატივო ჯგუფებისთვის, აჭარის რეგიონის მასშტაბით;
  • სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის ღია კარის საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ორგანიზაციის საგრანტო განაცხადების ინგლისურად თარგმნა.
  • დონორებთან კომუნიკაცია.

[/checklist]

დამატებითი ინფორმაცია: შესაძლებელია საქმიანობა განხორციელდეს დისტანციურ რეჟიმში.

მოთხოვნები:

  • ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საგრანტო განაცხადებისა და პროექტების წერის გამოცდილება;
  • კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 250 ევროს ექვივალენტი ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancyijh@gmail.com და მიუთითონ 2 რეკომენდატორი.

რეზიუმეთა გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება დამატებითი ონლაინგასაუბრება.

____________________________________________________

Independent Journalists’ House (Regional HUB Organization in Adjara) is announcing a vacancy.

Position: Fundraiser

Project title: “Civil Society STAR Initiative: CSOs as Sustainable, Transparent, Accountable and Resilient Development Actors in Georgia

  • Duration: 38 months
  • Work schedule: full-time
  • Closing date: 23 september 2021, 18:00 p.m. local time.
  • Location: Batumi
  • Start date: 1 october, 2021

About organization:

Independent Journalist’ House represents a non-governmental organization operating in the Adjara region, founded by journalists of the newspaper “Batumelebi” in 2001.

The organization is guided by liberal values and conducts its activities based on the principles of impartiality, transparency, cooperation with stakeholders and continuous development.

The mission of the organization is to support independent, Impartial and transparent media, Promote the establishment of democratic values ​​in the country; Deliver liberal values ​​to the public; Promote media literacy; Promote the value of diversity and social integration; Promote the education of the civil and accountable citizen, as well as the citizen-oriented public servant, provide adequate knowledge to the active participant in public life.

Duties:

  • Consulting in the field of fundraising, assisting young people, start-up organizations, community and initiative groups in the development of ideas into project proposals throughout the Adjara region;
  • Identify the needs of civil society;
  • Provide information on open door grant programs to project target groups;
  • Translate the organization’s grant applications into English.
  • Communication with Donors.

Additional information:

It is possible to carry out activities remotely.

Main requirements:

  • Experience working with local and international donor organizations;
  • Experience in writing grant applications and projects;
  • Good written and verbal communication skills in Georgian and English;
  • Ability to plan work independently and work in a team;

Salary: 250 Euro equivalent in GEL, including all taxes.

Interested candidates should send a resume and indicate 2 recommenders in e-mail: vacancyijh@gmail.com

As a result of selection of resumes, we will have additional online interviews with the selected candidates.

Exit mobile version