„ავად გავხდი“ – ამბობს ბადრი მახარაძე, რომელიც დღემდე, 7 სექტემბრამდე, დაბა ქედის მაჟორიტარულ ოლქში გახარიას პარტიის კანდიდატი იყო. გახარიას პოლიტიკური გუნდი ხულოშიც დატოვა გახარიას პარტიის ორმა კანდიდატმა, თუმცა ყოფილმა კანდიდატებმა წასვლის შესახებ პარტიას არაფერი უთხრეს, ისინი დღეს მობილურ ტელეფონებსაც აღარ პასუხობენ.
აჭარაში თუ სხვა რეგიონებში კანდიდატურის მოხსნას „საქართველოსთვის“ ლიდერები „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლას ან მოსყიდვას უკავშირებენ. პარტიაში აღნიშნავენ იმასაც, რომ კანდიდატების წასვლის შესახებ ტელეკომპანია „იმედისგან“ იღებენ ინფორმაციას და ყოფილი კანდიდატებისგან წასვლის რეალურ თუ გამოგონილ მიზეზსაც ვერ ისმენენ.
„არ ვიცოდი, თუ კანდიდატურის მოხსნა უნდოდა,“ – გვეუბნება „საქართველოსთვის“ ქედის მერობის კანდიდატი, ელგუჯა ნაკაშიძე – „რამდენიმე დღის წინ მითხრა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და თბილისში წავიდა. დღეს „იმედიდან“ გავიგე, კანდიდატურა მოხსნაო, გამიკვირდა. ვურეკავდი და გამორთული აქვს ტელეფონი“.
დღის ბოლოს ბადრი მახარაძემ „ბათუმელებს“ უპასუხა და თქვა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო გახდა იძულებული, კანდიდატურა მოეხსნა. მან ვერ განმარტა, რატომ იყო რთული ამის შესახებ პარტიისთვის ეთქვა, თუკი ეს არ იყო დაკავშირებული ზეწოლასთან ან მუქარასთან.
„არანაირი ზედმეტი ჩემთან არ ყოფილა, არ მქონია შეხვედრა და საუბარი ვინმესთან, „ოცნებასთან“… უბრალოდ არ შემეძლო და ამიტომ ვხსნი კანდიდატურას… ვრჩები ამ პარტიის გულშემატკივრად,“ – აღნიშნა ბადრი მახარაძემ.
„კი, „იმედიდან“ გავიგე, რომ მოუხსნია კანდიდატურა, მე რა შუაში ვარ?“ – კითხულობს არჩილ აბაშიძე. ის „ქართული ოცნების“ კანდიდატია ხულოში, ხიხაძირისა და ფუშრუკაულის მაჟორიტარულ ოლქში. აქ კანდიდატურა პარტიიდან „საქართველოსთვის“ ომარ აბაშიძემ მოხსნა. მისი მობილური ტელეფონი გამორთულია.
„ოცნების“ კანდიდატს ხიხაძირში ვკითხეთ ზეწოლაზე, რაზეც კითხვები ამ პროცესმა გააჩინა.
„გამორიცხულია. ჩემთვის სჯობდა, რომ ყოფილიყო კანდიდატი და არ მოეხსნა, დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია… ზეწოლა გამორიცხულია. ის მოგვარეა ჩემი, მაგრამ ბიძაშვილი არ არის. ერთმანეთს სალამს ვაძლევთ და ეს არის,“ – გვითხრა არჩილ აბაშიძემ.
„მის სახლშიც მივედით, მაგრამ გვეუბნებიან, რომ არ არის სახლში, არ ვიცით, სად წავიდაო,“ – ამბობს პარტიის „საქართველოსთვის“ ხულოს მერობის კანდიდატი, გია აბულაძე.
მობილურს არც ილია კოჩალიძე პასუხობს. ის „საქართველოსთვის“ კანდიდატი იყო ხულოში, დიოკნისი-რიყეთის თემში. ილია კოჩალიძის მობილური ტელეფონი დღის განმავლობაში პერიოდულად ირთვებოდა, თუმცა მან ჩვენი სატელეფონო შეტყობინება უპასუხოდ დატოვა.
„ვერც ილიასგან გავიგეთ, რის გამო დატოვა პარტია. მის გამოჩენასაც ველით,“ – აღნიშნა გია აბულაძემ, „საქართველოსთვის“ ხულოს მერობის კანდიდატმა.
პარტიაში „საქართველოსთვის“ ამ ეტაპზე ვერ დაგვიკონკრეტეს, ჯამში რამდენმა ადამიანმა მოხსნა კანდიდატურა.
„ამ ადამიანებზე ზეწოლა ხორციელდება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების დახმარებით, გარკვეულ შემთხვევებში მათ ემუქრებიან დაკავებით ან ახლობლების სამსახურიდან გათავისუფლებით“ – განაცხადა გუშინ, 7 სექტემბერს, პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათეულობით ადამიანმა მოხსნა კანდიდატურა.