სილქნეტის შეთავაზებები მომხმარებელებს ონლაინ სწავლების ხელშესაწყობად

სილქნეტს არაერთი ხელმისაწვდომი და მარტივი შეთავაზება აქვს  მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კვლავ ამოქმედდა  „დისტანციური სწავლების“ პაკეტი. სილქნეტის მობილურ ქსელში ჩართული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. რეგისტრაცია მიმდინარეობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილ ვებ გვერდზე  https://mobile.emis.ge/ . ავტორიზაციის შემდეგ  „დისტანციური სწავლების“ პაკეტის – 20 GB მობილური ინტერნეტი – 10₾ – გააქტიურება ხდება კოდით *172#. 

სილქნეტი ულიმიტო პირობით, დღიური პაკეტების დიდ  არჩევანს სთავაზობს აბონენტებს: *019# კომბინაციით  შესაძლებელია ულიმიტო ინტერნეტის ჩართვა:

ერთდღიანი პაკეტით – 1₾; 5 დღიანი პაკეტით – 4₾; ღამის ულიმიტო პირობით – 4.9₾

სილქნეტის ულიმიტო ინტერნეტი

 ღამის  პაკეტი მოქმედებს  00:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, 30 დღით. პაკეტები  ავტომატურად განახლებადი პირობით ირთვება. 

ასევე კომპანიამ „სილქ კოსმოში“ გააერთიანა პაკეტების ნაკრები, რომელიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს აქტივობებს და დღის რეჟიმს. აირჩიოთ დღიური, ორკვირიანი, 28 დღიანი პირობები. 

თვის მანძილზე რამდენჯერმე, კომპანია „სილქფესტის“ აქციებით მინიმალურ ფასად  ულიმიტო ინტერნეტს და უსასრულო სასაუბრო დროს გთავაზობთ. არის  შერეული კომბინაციები, რომელსაც ინტერნეტის გარდა, სასაუბრო პირობები ემატება და მთელი თვით ირთვება.  რადგან შეთავაზებები სისტემატურია, მოგიწევთ თვალი ადევნოთ კომპანიის  facebook და Instagram გვერდებს და ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც „სილქფესტის“ აქციის შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ კომპანია. 

თუ ერთწლიან პაკეტს წინასწარ გააქტიურებთ, მნიშვნელოვან ფასდაკლებას მიიღებთ: პირობები ულიმიტოა – 12 თვის განმავლობაში შეუზღუდავად ისარგებლებთ მობილური ზარებით და SMS -ებით,  ავტომატურად ჩაგერთვებათ 1 GB ინტერნეტი.  

ეს შეთავაზება მათ დააინტერესებთ, ვინც ყოველთვიურად იძენდა პაკეტს „მეტი უსასრულო“  და თვეში 25 ლარს იხდიდა.   ერთი წლით გააქტიურების შემთხვევაში, აბონენტი 30%-იან ფასდაკლებას  მიიღებს ულიმიტო მეტის პირობებზე. თქვენ არ დაგჭირდებათ კომბინაციის აკრეფვა ყოველ ჯერზე – 30 დღეში ერთხელ თავისით განახლდება პაკეტი. ერთხელ გადაიხდით მთელი წლის გადასახადს – 300 ლარის ნაცვლად  210 ლარს და ერთჯერადად აკრეფთ კომბინაციას *030# ამ პაკეტის გასააქტიურებლად.  სულ ესაა! – ზოგავთ დროს და ბიუჯეტს!

სილქნეტის ქსელში პორტირება უფასოა; განაცხადი ონლაინ ივსება; თბილისში სასურველ მისამართზე SIM ბარათის მიტანაც – უფასო! მიმდინარე აქციით,  თუ დღესვე დაპორტირდებით, ერთი წლის მანძილზე, ყოველთვიურად 2GB ინტერნეტ პაკეტს  მიიღებთ კომპანიისგან საჩუქრად.

სილქნეტმა მობილური ქსელის სიჩქარის და ხარისხის ტესტირება ამერიკულ კომპანია Ookla-სთან გაიარა და OOKLA® Speedtest Awards-ის ჯილდო დაიმსახურა. უკვე 1 წელია სილქნეტი მილიონზე მეტ მომხმარებელს, ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე  7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტით ემსახურება. მრავალფეროვანი, მაღალი ხარისხის სერვისის დასანერგად, სილქნეტი იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და   ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფით ემსახურება მომხმარებლებს. 

წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!

გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1997 შემთხვევა – 18 სექტემბრის მონაცემები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით დღეს, 18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1997 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  გამოჯანმრთელდა 1 232 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.23% . დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 32 071 ტესტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 071 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 485 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 586 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  593 763-ს შეადგენს .

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.23%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.27% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.02%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 232 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 558 042- ით.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 498 პირი ემსხვერპლა.

ამ დროის მონაცემებით ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 997 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 692 შემთხვევა, აჭარა – 124, იმერეთი – 292, ქვემო ქართლი – 137, შიდა ქართლი – 154, გურია – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 199, კახეთი – 220, მცხეთა-მთიანეთი – 56, სამცხე-ჯავახეთი – 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 30.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 27 197, საიდანაც 5 492 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 163, აჭარაში – 582, იმერეთში – 1 044.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 264 პირი, მათ შორის, თბილისში – 487, აჭარაში – 138, იმერეთში – 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 345 პირი,  მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 27, იმერეთში – 30.

1 241 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 721 – თბილისში, 321 – აჭარაში. 20 464 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – 1.

სულ  6 ოქტომბრიდან – 17 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 153 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 479 ადამიანი.

როდის მისცემენ გლეხებს ხულოში მიწას, გაზს, წყალს? – ინტერვიუ „ოცნების“ კანდიდატთან

„დაჩაგრულად არ გრძნობს ხულოს მუნიციპალიტეტი თავს,“ – გვიპასუხა ხულოს მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ, როცა მას ადგილობრივი ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობაზე ვესაუბრეთ და ვკითხეთ: რატომ არ შეიძლება მუნიციპალიტეტის ქონება თავად მუნიციპალიტეტმა განკარგოს და შემოსავლებიც ხულოს ბიუჯეტში შევიდეს?

ინტერვიუს დროს ვახტანგ ბერიძემ გვითხრა ისიც, რომ დისკომფორტს არ განიცდის მუნიციპალური ქონების გადაცემით, თუმცა ამავე ინტერვიუდან გაიგებთ, უფულობის გამო რომ ვერ მოგვარდა ამ დრომდე ისეთი პრობლემა, როგორიც სასმელი წყალია, ან ინტერნეტი – ხულოს სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს დღეს, როცა სკოლაში სწავლა დისტანციურადაა, ინტერნეტი არ აქვთ.

  • ბატონო ვახტანგ, თქვენი აზრით, რა არის ხულოს მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებაც ვერ მოასწარით? 

ხულოს ბევრი გამოწვევა აქვს. ბევრი საკითხი მოგვარდა, გასაკეთებელი ისევ ბევრი გვრჩება. რაც მთავარია, ახალად არ ვართ გასაცნობი ამ პრობლემებს და მზად ვართ, რომ პირდაპირ შევუდგეთ საქმის კეთებას. ეს არის ძირითადად გზის, წყლის, გაზიფიცირების საკითხები. დასასრულებელია ის პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების შეკავებას, ასე რომ ვთქვათ. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ხელს შეუწყობს ასევე ახალგაზრდების უკან მობრუნებას.

  • კონკრეტულ პრობლემაზე რომ შევჩერდეთ – სასმელი წყალი, რომელიც ამ დრომდე ხულოს ბევრ სოფელს არ აქვს. თქვენი ოპონენტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ წყალი იქაც კი არაა, სადაც ბიუჯეტის ფული დახარჯეთ, მაგალითად, უშუალოდ დაბა ხულოში. ისინი კორუფციაში გდებენ ბრალს. 

მათ სხვა დანარჩენ საკითხთან ერთად არ იციან, რას ნიშნავს კორუფცია. ადამიანის ღირსებას და პატიოსნებას რომ არ უნდა შეეხო, რაც არ იცი, ესეც არ იციან.

ჩემთვის ხულოს მუნიცაპალიტეტის პრობლემები არის ნომერ პირველი პრობლემა. წყლის მიმართულებით აქამდე არაერთი პრობლემა უკვე მოგვიგვარებია. რაც შეეხება დაბას, სადაც გრაფიკით გვაქვს წყალი, ეს მართლაც გასაკეთებელია და წლების განმავლობაში ჩვენ ამაზე ვზრუნავდით. უკვე დასრულებულია საერთაშორისო ტენდერი, კომპანიების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, ძალიან მალე დაიწყება სამუშაოები, რომლის შედეგადაც დაბა ხულოსა და მიმდებარე 11 სოფელში სულ 1560 ოჯახი ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით.

რა თქმა უნდა, ამით არ ამოიწურება პრობლემა. გარდა „აჭარის წყლის ალიანსისა“, რომელ სოფლებსაც არ ეხებათ ეს პროექტი, ჩვენ ინდივიდუალურად ვართ ცალკეული სოფლების წყალმომარაგებაში ჩართული. მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების და ბიუჯეტის ფარგლებში დაწყებული გვაქვს წყალმომარაგების სამუშაოები რამდენიმე სოფელში: სოფელი ბაკო, წაბლიანი, წაბლანა, სტეფანაშვილები, დიაკონიძეები, ბეღლეთი, კორტოხი,  მგელაძეები, პაქსაძეები. ამ სოფლების ნაწილში უკვე დასრულდა სამუშაოები, ნაწილში – მიმდინარეობს. ჩვენ ყოველწლიურად ვითვალისწინებთ ბიუჯეტს ამ სამუშაოებს.

  • რამდენი სოფელია ამ დროისთვის უწყლოდ და როდის ექნებათ მათ წყალი? 

არ გვაქვს არცერთი სოფელი, წყალი რომ არ მიეწოდებოდეს საერთოდ. გვაქვს სოფლები, სადაც წლების განმავლობაში წყალსადენები არ არის საკმარისი რაოდენობით და ყველა ოჯახს ვერ მიეწოდება წყალი. რეალურად გაიზარდა მოთხოვნილებები, როგორც წყლის, ასევე გზის და მე ეს მახარებს.

ყველა სოფელში უნდა შევიდეთ და თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ. პრობლემის მოგვარება არაა ის, რომ სოფელში ერთ ადგილზე მიყვანილია წყალი და იქედან მიჰქონდეთ წყალი, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს დაწყებული, როგორც ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა, ასევე შიდა ქსელის მოწესრიგება.

  • სადაც უკვე დაიხარჯა ფული, იქ რატომაა ისევ პრობლემა, მაგალითად, დაბა ხულოში? 

მე შემიძლია მიგყვეთ ყველა წყალსადენზე და თავად ნახოთ. ჩემმა ოპონენტებმა, ვინც ამაზე ტრაფარეტულად საუბრობს, არ იციან სათავეები, არცერთი წყლის დებეტი და სათავე, იქ რა არის გაკეთებული.

ჩვენ წყალი გადმოვიყვანეთ საჯიქიადან, რომელიც დაემატა დებეტს და დღეს თუ გვაქვს ხულოში 18-საათიანი წყლით მომარაგება, ეს რომ არ გაგვეკეთებია, გვექნებოდა 6 და 8 საათი წყალი, რაც ახსოვს ხულოს, როცა მთელი დღის განმავლობაში იყო წყალი სადღაც 2 საათი დილით და 2 საათი – საღამოს. ახლა წყალსადენზე თუკი რამე ავარიული არ მოგვიხდა და ეს არის ძალიან იშვიათი, დაბაში წყალი არის 18 საათის განმავლობაში, უარეს სიტუაციაში 16 საათზე ნაკლები არასდროს არ გვქონია.

  • რამდენი დახარჯეთ წელს ხულოს ბიუჯეტიდან სოფლებში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად?

სხვადასხვა პროექტზე სხვადასხვა თანხა გვაქვს. სავარაუდოდ წლის ბოლომდე 400 ათას ლარამდე დაიხარჯება ჯამში. წლის ბოლოს ვიტყვით კონკრეტულად, როცა ანგარიშს ჩავაბარებთ საზოგადოებას.

  • აქამდე წყლის პრობლემას მაინც მოაგვარებდით, ბიუჯეტი რომ უფრო დიდი გქონდეთ. როგორ წარმოგიდგენიათ უფრო მეტი შემოსავლის მიღება? მაგალითად, ჰესის გადასახადებიც კი მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში, ასევე მუნიციპალურ ქონებას გადასცემთ რიგ შემთხვევაში აჭარას და ხულოს ბიუჯეტში არაფერი რჩება.  

ჰესის ქონების გადასახადი შემოდის ჩვენთან, ასევე კურორტი გოდერძის… ადგილობრივი შემოსავლები 9 მილიონზე მეტი გვაქვს. ჰესიდან მიღებული შემოსავალი დამოკიდებულია ქონების შეფასებაზე. ზოგადად 2 მილიონზე მეტი შემოდის ჰესებიდან. ყოფილა შემთხვევა, როცა 3 მილიონზე მეტიც შემოსულა. 17 მილიონ 300 ათასი გვაქვს სულ ბიუჯეტი და გვაქვს ტრანსფერები – კაპიტალური და სპეციალური. არავითარ დაჩაგრულად არ გრძნობს ხულოს მუნიციპალიტეტი თავს. ყველი თეთრი მიმართულია მოსახლეობის საკეთილდღეოდ. რაც მთავარია, ბიუჯეტი იგეგმება საჭიროებისამებრ. მერი ვახტანგ ბერიძე წლის განმავლობაში მოსახლეობას ხვდება აქტიურად.

  • აქვე გვითხარით, როგორ წარმოგიდგენიათ მოსახლეობის უფრო აქტიურად ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში? 

მაღალმთიან სოფლებში აუცილებლად, უშუალოდ უნდა მივიდეს მერი. მე მათ პრობლემებს ადგილზე ვეცნობი და ადგილზე ვნახულობ. ბიუჯეტის დაგეგმვის დროს მაქსიმალურად ხდება ამ საჭიროებების გათვალისწინება. მე დავნერგე ის, რომ ყოველ ოთხშაბათს  მოსახლეობასთან  გავდივარ. პირველ ოთხშაბათს თუ შევხდი ხიხაძირის მოსახლეობას, მეორე ოთხშაბათს ვხდები დიოკნისი – რიყეთის მოსახლეობას, მესამე ოთხშაბათს – ღორჯომის ხეობას, მეოთხე – დაბა და მიმდებარე სოფლები. ყოველთვის წინასწარ ვატყობინებთ მოსახლეობას, რომ მერი შეხვდება მათ. სოფლის ცენტრებში გამოდიან ადამიანები, ვისაც მოსვლა უჭირს, მასთან სახლში მივდივართ. ბიუჯეტის დაგეგმვის დროს აბსოლიტუარდ ინფორმრიებული ვართ და ხალხის ჩართულობა არის ძალიან მაღალი.

  • როცა მუნიციპალურ ქონებას გადასცემთ აჭარას, ან როცა ქონება არ არის დარეგისტრირებული, როგორც მუნიციპალური საკუთრება და სხვისდება – რატომ არ თვლით საჭიროდ ამ მოცემულობის შეცვლას და უფრო მეტი შემოსავლის გაჩენას ბიუჯეტში, რაც მეტ საშუალებას მოგცემთ დამოუკიდებლად მიიღოთ გადაწყვეტილებები? 

ყველა შემთხვევაში, როცა ჩვენ ქონება გადავეცით, ქონების გადასახადი შემოდის ხულოს ბიუჯეტში, ასევე ყველა მშენებლობაზე ნებართვას გასცემს ხულოს მერია და შესაბამისი მოსაკრებელი შემოდის ხულოს ბიუჯეტში.

ჩვენ გადავცემთ ქონებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს მოთხოვნა და კანონით განსაზღვრული შემთხვევაა. მაგალითად, აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ უნდა განახორციელოს პირობითად მწვანე ტბის განვითარება, აქ ეკონომიკის სამინისტროს მაღალი კომპეტენცია აუცილებელია, ეს შეთანხმებულია და ჩვენ ვერანაირ დისკომფრტს ვერ ვრძნობთ.

  • მოსახლეობა გრძნობს დისკომფორტს, რომელსაც წყალიც არ აქვს.

ბიუჯეტში შემოსავალი რომ გვქონდეს, სწორედ ამიტომ გვეხმარებიან. მწვანე ტბისთვის მილიონი სადღაც გასულ წელს დაიხარჯა ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან  და მილიონზე მეტი წელს იხარჯება. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობა, როგორც ამას გზების დეპარტამენტი აწარმოებს. თუ ეს არ იქნებოდა მათი ტერიტორია, არავითარი შემოსავლის შემომტანი ეს ადგილები არ იქნებოდა.

ამას გვიკეთებენ, რომ ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდოს. ეს ჩვენთვის უფრო მოსახერხებელია.

  • რატომ არ თვლით საჭიროდ, რომ თქვენ გააკეთოთ იგივე და შემოსავლები ისევ ხულოს ბიუჯეტში დაგრჩეთ? 

ეს არასწორი კითხვაა, ჩემი აზრით, რადგან ამ შემთხვევაში მოსახლეობა უფრო მეტ სარგებელს იღებს. ეკონომიკის სამინისტრო ამ გადაცემულ მიწებზე ავითარებს ისეთ ინფრასტრუქტურას, სადაც ეწყობა ბიზნესი და ქონების გადასახადი შემოდის ბიუჯეტში. სარგებელს იღებს თავის ინფრასტრუქტურით ხულოს მოსახლეობა და ტურისტი.

ხულოს შემოსავლები უნდა გაიზარდოს რეალურად ტურიზმის განვითარებით, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებით.

  • ოპონენტები გახსენებენ, რომ მერამდენე წელია ვერ ასრულებს თქვენი პოლიტიკური გუნდი ხულო-ზარზმის გზის მშენებლობას, ხოლო გზის გარეშე ტურიზმზე ლაპარაკი აბსურდიაო. 

ამ გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, 1985 წელიდან დღემდე ხელი არავის უხლია, რეაბილიტაცია არ ჩატარებია მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მთავრობა იყო ხელისუფლებაში. ჩვენ შევძელით და დავიწყეთ. რაღაც კეთდება ადრე, რაღაც კეთდება გვიან. დაწყებულია სამუშაოები და უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ იმის ძახილი, რომ ვერ დაიწყო. ვისაც  ეგონა, რომ ვერ დავიწყებდით ამ მშენებლობას, ძალიან არ უნდათ, რომ ეს გზა გაკეთდეს. ამიტომ, რაც არ უნდა გულგასახეთქი იყოს მათთვის, ჩვენ არ მოვერიდებით მათ გულგახეთქვას და ამ გზას დავასრულებთ.

  • რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე გზის მშენებლობა, იქნებ ამომრჩეველს უთხრათ გულწრფელად? 

ბევრი რამ უნდა გაკეთებულიყო სხვა დროს, ვინც მე ოპონირებას მიწევს, იმას ვახსენებ. ჩვენ ეს საქმე დავიწყეთ და ვართ ის ადამანები, ვინც საქმეს აკეთებს. ერთია, რომ ვერ გაკეთდა და მეორეა, რომ კეთდება. ამომრჩეველი ამას ხედავს.

  • მიწებზეც რომ გვითხრათ – როდის მიიღებენ მიწას გლეხები საკუთრებაში? 

4 ათასი საკუთრება გვაქვს ბოლო წლებში აღიარებული. როგორც იცით, ამას აქვს თავისი კანონმდებლობა. მინიმალური დოკუმენტაცია, რაც არის საჭირო დასადასტურებლად, უნდა იყოს წარმოდგენილი. რამდენიმე ქეისზე არის ხულოს შესაბამისი სამსახურის მიერ უარი ნათქვამი. ყველა უარი არის ნათქვამი იმიტომ, რომ თუ ჩვენ მათ დავურეგისტრირებდით მიწას, ჩავიდენდით დანაშაულს. თუ გამოვა ვინმე და იტყვის, რომ ვერ დაირეგისტრირა, მზად ვარ, რომ ეს ავუხსნა. იქნებ ხარვეზია, დავეხმარები და არაერთს დავეხმარე კიდეც.

  • კონკრეტული თარიღი შეგიძლიათ გვითხრათ: როდის ექნება ხულოს მოსახლეობას ბუნებრივი აირი? 

გაზიფიცირების საკითხს რაც შეეხება, ყველამ ვიცით, რომ ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს. პროექტირება მიმდინარეობს დაბასა და მიმდებარე სოფლებში. ვფიქრობ, ორ წელიწადში გვექნება ხულოს სოფლებში ბუნებრივი აირი.

  • ინტერნეტი არ აქვს ისევ ხულოს სოფლებს. რატომ ვერ შეასრულეთ ეს დაპირება, რაც ჯერ კიდევ 2014 წელს გასცა „ქართულმა ოცნებამ“? 

არის ეს პრობლემა, მაგრამ სკოლებში, ბაღებში და ადმინისტრაციულ ერთეულებში ნაწილობრივ მოგვარებულია, თუმცა ეს არაა საკმარისი. ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდინარეობს ეს პროქტი ყველა მუნიციპალიტეტში და ესეც არ არის ის საკითხი, რომ მხოლოდ მუნიციპალიტეტის შესაძლებლობები შეწვდეს. ეს ვერ მოხერხდება დახმარების გარეშე.

აქამდე ადამიანები იყვნენ ერთ ადგილზე გაჩერებული, ყველაფერი შედარებითია. წლების განმავლობაში არ იყო გზა, არც ინტერნეტი, გაზი, წყალი. საერთოდ არაფერი არსებობდა. თანმიმიდევრულად გვიწევს ამ ყველაფრის მოგვარება და ყველაფერი მოგვარდება.

  • კონკრეტული თარიღი შეგიძლიათ ახლა თქვათ?

მე ახლა ვარ სოფელ პარტნარში. ამობრძანდით, წამოვალ მეც, გზად შეგხვდებათ ადგილი, სადაც არის გრუნტის გზა, შემდეგ მობეტონებულია, შეგხვდებიან იმედდაბრუნებული ადამიანები, რომლებიც იტყვიან, ამდენი თუ გაკეთდა, აუცილებლად დასრულდებაო. 6-კილომეტრიან მონაკვეთს საციხურიდან რომ ამოვსულიყავით სამხიდინი მანქანა სჭირდებოდა, დღეს ბოლო მოდელის მერსედესებით ამოვდივართ.

მე ბოლო 25 წელი ვემსახურები ხულოს და არცერთი დღე წყვეტა არ მქონია. 5, 6, 10 წლის წინ რომ გეხსენებია, ხულოს სოფლებში გაზიფიცირება იქნებაო, სიცილს დაგვაყრიდნენ, რაზე საუბრობენო და დაღეს ეს რეალობად ვაქციეთ. მე ვპირდები ხულოს მუნიციპალიტეტს, რომ ბუნებრივი აირი ხულოს ყველა ოჯახში მივა.

  • იქნებ ინტერნეტზე გვითხრათ კონკრეტული თარიღი. დისტანციური სწავლების პირობებშიც კი, ბავშვებს ხულოში ინტერნტი არ აქვთ. ისინი განათლების მიღმა რჩებიან. 

„ქართული ოცნება“ თუ ვინმეს რამეს შეჰპირებია, სიტყვას აუცილებლად შეასრულებს. მე რას შევპირდი მოსახლეობას სამი 3 წლის განმავლობაში და არ შევასრულე?… გიპასუხეთ უკვე, რომ მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა და ყველაფერს სჭირდება თავისი გონივრული დრო.

  • გონივრული და საკმარისი დრო არ არის 7 წელი? 

ის დრო აღარ არის, ადრე რომ ერთ შენობას ორჯერ გახსნიდნენ ტელევიზიებისთვის… ჩვენ კონკრეტული საქმით ვართ დაკავებული, რასაც კონკრეტული ვადა სჭირდება… იყო ასეთი დაპირება, რომ 2015 წელს ინტერნეტი იქნებაო? ვიცით, რომ ეს გამოწვევაა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

————————————————-

ხულოს მერობის სხვა კანდიდატების წინასაარჩევნო გზავნილები, ნახეთ აქ:

როგორ აპირებს ხულოში პრობლემების მოგვარებას გახარიას მერობის კანდიდატი – ინტერვიუ

ვინ არის ხულოს მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან

 

მერობის 3 კანდიდატი – ვის აირჩევს ხულო

წელს, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხულოს მერობის 3 კანდიდატი ჰყავს. მერობის კანდიდატი ჰყავს ოპოზიციური გაერთიანებას (რომელშიც შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები); „ქართულ ოცნებას“ და პარტიას – „გახარია – საქართველოსთვის“.

ვინ იბრძვის ხულოს მერის პოსტის დასაკავებლად? – „ბათუმელები“ მათ ვინაობას გაგაცნობთ.

კანდიდატების ჩამონათვალი მოცემულია საარჩევნო ნომრის მიხედვით.

  • გოგიტა სოლომონიძე – ოპოზიციური ერთობა [საარჩევნო ნომერი 5]

გოგიტა სოლომონიძეს საზღვაო აკადემია აქვს დამთავრებული ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. მერობის კანდიდატობამდე ის აქტიურად ჩნდებოდა ბათუმის „თავისუფლების კვარტალში“.

იგი ახალი სახეა პოლიტიკაში.

გოგიტა სოლომონიძე 31 წლისაა.

გოგიტა სოლომონიძე
  • გია აბულაძე – „გახარია – საქართველოსთვის“ [საარჩევნო ნომერი 25]

გია აბულაძე პროფესიით ექიმია, თუმცა ძირითადად საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს.

2014 წელს აბულაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს, ფრაქცია ,,ქართული ოცნება აჭარა“ მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა, 2015-დან 2021 წლამდე კი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიაში მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იყო. 

გია აბულაძე
  • ვახტანგ ბერიძე – „ქართული ოცნება“ [საარჩევნო ნომერი 41]

„ოცნების“ კანდიდატი პროფესიით იურისტია, იგი 2019 წლის 10 ივნისიდან უკვე არის ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, მანამდე ხულოს მერის მოადგილე იყო, უფრო ადრე კი – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს უფროსი. ჯამში იგი 18 წლის განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში სხვადასხვა პოზიციაზე.

ვახტანგ ბერიძე ხულოს მერის თანამდებობაზე მას შემდეგ აღმოჩნდა, როცა ხულოს არჩეულმა მერმა, გოჩა მელაძემ თანამდებობა დატოვა.

აჭარაში ისევ 16-მა პირმა მოიგო კოვიდის ლატარია, როგორ ვლინდება გამარჯვებულები?

„ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გათამაშებებში გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით ვლინდებიან სერტიფიცირებული პროგრამული რიცხვების გენერატორის საშუალებით,“ – მოგვწერეს lotto.ge-ს ადმინისტრაციიდან. ეს კომპანია სახელმწიფოს დაკვეთით ლატარიას ათამაშებს. ლატარია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წასახალისებლად ტარდება წლის ბოლომდე.

ლატარიის გამთამაშებელ კომპანიაში ვიკითხეთ, რა პრინციპით იგებს ფულს ვაქცინირებული ადამიანი?

lotto.ge-ის პრესცენტრში განმარტეს, რომ ვაქცინაციის პირველი დოზის შემდეგ თითოეულ ადამიანს ელექტრონული ბილეთი ენიჭება და ის ავტომატურად რეგისტრირდება მონაცემთა ერთიან ბაზაში. გამარჯვებულს თავად სერტიფიცირებული პროგრამა არჩევს.

„შემაჯამებელ გათამაშებაში კი, ყველა აცრილი მოქალაქის ბილეთი მოთავსდება დოლურაში, საიდანაც გათამაშების წამყვანი ამოიღებს ერთ-ერთს და გამოავლენს გამარჯვებულს. შემაჯამებელ გათამაშებაში 100 ათასი ლარი გათამაშდება,“ – მოგვწერეს lotto.ge-ს ადმინისტრაციიდან.

შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იგეგმება.

დღეს, 17 სექტემბერს, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია აჭარის რეგიონში სულ 16-მა ადამიანმა მოიგო. ბათუმში 11 ადამიანმა 100-100 ლარი მიიღო საჩუქრად, ხულოში ერთ პირს მოუგია 500 ლარი, ხოლო ქობულეთში 4 ადამიანი გახდა ლატარიის გამარჯვებული, აქედან ერთმა 500 ლარი მოიგო, დანარჩენმა – 100-100 ლარი.

ყოველდღიურად პროგრამა 160 ადამიანს არჩევს, ყოველკვირეულ გათამაშებაში კი, 17 პირს.

ყოველდღიური და ყოველკვირეული ლატარიის გათამაშების შედეგები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

„სულ კისრისტეხით გავყრი მერიიდან უღირსებს“ – ბათუმის მერობის კანდიდატი

რამაზ ადაძე ბათუმის მერობის კიდევ ერთი კანდიდატია. ის საქართველოს „მწვანეთა პარტიამ“ წარადგინა. კანდიდატი ამჟამად ამერიკაში იმყოფება. ამბობს, რომ სოციალური ქსელებით წარმართავს საარჩევნო კამპანიას, უშუალოდ ამომრჩეველს კი მისი აქტივისტები ხვდებიან.

  • ბატონო რამაზ, დაახლოებით 15 დღე დარჩა არჩევნებამდე, თქვენ კი ისევ ამერიკაში იმყოფებით. რას საქმიანობთ მანდ და როდის აპირებთ ამომრჩეველთან უშუალოდ შეხვედრას?

2017 წელს, როცა საჯარო სკოლის დირექტორობიდან წამოვედი, ოთხი წელი ვიყავი გერმანიაში, შემდეგ კი ამერიკაში ტურისტული ვიზით წამოვედი. ხუთი თვეა უკვე რაც აქ ვიმყოფები. ჩვენ არა მარტო თვითმმართველობის, საპარლამენტო არჩევნებისთვისაც ვემზადებით, ამიტომ აქ ვხვდები ქართველ ემიგრანტებს. გასულმა წელმა გვაჩვენა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა ემიგრანტებთან. ისინი ძალიან გაბრაზებული არიან ამ ხელისუფლებაზე და ვფიქრობ, რომ მათი პოზიცია სწორია.

ზოგადად, საჯარო უწყებებში მუშაობის გამოცდილება მაქვს და ვფიქრობ კარგი მერი ვიქნები.

  • თქვენ ამ არჩევნებში ემიგრანტების ხმების იმედი გაქვთ?

ზოგადად ემიგრანტები ოპოზიციას უჭერენ მხარს, მაგრამ არიან მათ შორის ისეთები, ვინც უშუალოდ მეც მიჭერენ მხარს. აქ ძალიან ბევრი ჩემი სამეგობრო, სანათესაო და საახლობლო ცხოვრობს და მათი მეშვეობით ბევრი ემიგრანტი გავიცანი.

ზოგადად, საარჩევნო კამპანია დაწყებული მაქვს, ჩემი თანაგუნდელები ხვდებიან მოსახლეობას, დადიან კარდაკარ, ესაუბრებიან. ჩემი ჩართულობა ამ ეტაპზე სოციალური ქსელებითაა. როგორც ვიცით დღეს ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს სოციალურ ქსელებს და აქ მაქსიმალურად ვაქტიურობ. ვფიქრობ, მხარდაჭერა მექნება.

  • თქვენი აზრით, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში რა არის ბათუმში გასაკეთებელი?

ყველაზე მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა, სიღატაკე. თუმცა ეს ზოგადი თემაა და პრიორიტეტულად გარემოს დაცვა, გარემოს უსაფრთხოება მიმაჩნია. ვფიქრობ, ადამიანებისთვის ჯანსაღი პირობების შექმნაა მნიშვნელოვანი.

  • როგორ წარმოგიდგენიათ გარემოს გაუმჯობესება, გაქვთ რაიმე პროექტები?

პირველ რიგში, ჩემი არჩევის შემთხვევაში, კონკურსებს გამოვაცხადებ მერიაში, რადგან ბევრი ადამიანი ნეპოტიზმითაა დასაქმებული. ვერ გაამართლეს, სწორედ ამიტომ არის ქალაქი ამ მდგომარეობაში. ყველაზე გამჭვირვალე კონკურსს ჩავატარებ, სულ კისრისტეხით გავყრი უღირსებს მერიიდან და იმ ადამიანებს ავიყვან, ვისაც ბათუმი აინტერესებს, მისი კეთილდღეობა.

ასევე, შევამცირებ მერიის ავტოპარკს მაქსიმალურად, არ სჭირდება ათი ათასი მანქანა მერიას და ტონობით საწვავის ხარჯვა. თავიანთი ცოლ-შვილები დაჰყავთ მარტო აგარაკებზე და არაფერს არ აკეთებენ. ეს თანხები მოხმარდება ქალაქის კეთილდღეობად.

ყველა პროექტი იქნება მიყვანილი ბოლომდე, სწორად გათვლილი და ბათუმელების სურვილსა და სარგებლობაზე მორგებული. მე ვიქნები პირველი მტერი კორუფციის, ნეპოტიზმის და არაპროფესიონალიზმის.

  • რას ფიქრობთ ბულვარში ცათამბჯენების მშენებლობაზე, მაგალითად „ამბასადორზე“?

კონკრეტულად ამბასადორზე არ ვამბობ, რომ უნდა აშენდეს, რადგან ბევრი მინუსი აქვს და ერთი პიროვნების ინტერესების გათვალისწინებით, კორუფციული გარიგების საფუძველზე ხდება ეს ყველაფერი. მაგრამ თუ ეს ყველაფერი იქნება პროფესიონალურად გათვლილი, რა თქმა უნდა, მე არ ვარ მშენებლობის წინააღმდეგი.

  • ანუ ბულვარში მსგავსი მშენებლობები მისაღებია თქვენთვის?

პირდაპირ ვერ გეტყვით, რომ თანახმა ვარ-მეთქი. ეს უნდა იყოს მორგებული ბულვარის ტერიტორიას, მის მდებარეობას, რამდენად უშლის ხელს, თუ უშლის.

  • ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ ქალაქში, ურბანულ განვითარებას ვგულისხმობ?

არ მომწონს მუნიციპალური ტრანსპორტი და ვფიქრობ ეს სისტემაა გასავითარებელი. მე პირადად ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის მიკროავტობუსებით გადაადგილება და ვფიქრობ, ეს ტრანსპორტი ქალაქში არ უნდა მოძრაობდეს. თუნდაც არ მომცენ ამ ადამიანებმა ხმა, ვიტყვი, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს.

უნდა მოძრაობდეს მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები. ბევრი ელექტროავტობუსი უნდა მოძრაობდეს. გერმანიაში როცა ვიყავი, ვხედავდი, რომ ბერლინში საერთოდ არ გჭირდება კერძო ავტომობილი, იმდენად მოწესრიგებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მთლად ასე თუ ვერა, რაღაცით მაინც მივამსგავსებ და ბათუმის მოსახლეობას ძალიან დიდ კომფორტს შევუქმნი.

  • პარკინგები და დასასვენებელი ადგილები როგორ უნდა მოეწყოს?

პარკინგებიც უნდა მოწესრიგდეს და მშენებლობის პირობებში უნდა ჩაიდოს პარკინგების მშენებლობა. პარკებიც უნდა გაშენდეს და გაგრძელდეს ბულვარი. იყო პროექტი, რომ სარფამდე გაგრძელებულიყო, თუმცა ამათ (მოქმედი ხელისუფლება) ყველაფერი ჩამოშალეს.

  • რივიერაზე ხუთი ცათამბჯენის აშენება რომ სურთ, ამაზე რას ფიქრობთ?

ვფიქრობ, ბათუმის მოსახლეობა მიხვდება, რომ არ უნდა აირჩიონ ისეთი მერი, ვინც ამ პროექტს განახორციელებს.

ასევე უნდა მოწესრიგდეს საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოები და არ უნდა ჩაიდგას უნებართვო და უსახური ნაგებობები. ზოგჯერ მგონია, რომ საერთოდ არ ჰყავს ამ ქალაქს არქიტექტორი. ისიც არის, რომ შეთანხმებულ პროექტებს შემდეგ ცვლიან და თავიანთ თავზე ირგებენ.

ჩემი მერობის დროს გაცემული ყველა ნებართვა იქნება კანონიერი და ჩემ მიერ ბოლომდე გაკონტროლებული. ძმაც რომ იყოს, არ მივცემ უფლებას მსგავსი შენობები ააშენონ.

  • რადგან მშენებლობაზე და ნებართვებზე ვსაუბრობთ, მინდა გკითხოთ ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე, იცით ალბათ ამ მეჩეთის პროექტის ისტორია. თუკი გახდებით მერი, ისევ მოუწევთ მუსლიმებს სასამართლოებში სიარული, თუ ფიქრობთ, რომ მათ უნდა მიიღონ მშენებლობის ნებართვა?

დიახ, ვიცი მეჩეთის ამბავი. მე ვარ მორწმუნე ადამიანი და ვერავის დავუშლი ვერც რწმენას და ვერც სამლოცველოს აშენებას. ეს ხელისუფლება ღვარძლითა აღსავსე და ამათთან საუბარს აზრი არ აქვს.

ჩემი მერობის დროს აბსოლუტურად ყველა ბათუმელი სამართლიანად მიიღებს ყველაფერს და ყველას ექნება სამართლიანობის განცდა.

  • დღეს ბევრი ძველი შენობა  შეეწირა ინვესტიციას. თქვენ რამდენად გაქვთ მგრძნობელობა კულტურულ მემკვიდრეობაზე?

ჩემი მერობის დროს არც ერთი ისტორიული მნიშვნელობის სახლი არ დაინგრევა, თუნდაც ერთი პატარა შენობა იყოს. დღეს კი ყველაფერი ნადგურდება და ამოა ბრძოლა.

მეუფე იაკობი გახარიას წინააღმდეგ – მორიგი დაპირისპირება

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააჟღერა ვერსია იმის შესახებ, რომ ინტერნეტში გავრცელებული უკანონო მიყურადების ფაილების უკან შესაძლოა ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია იდგეს, ეს ვერსია იმავე დღეს გაიზიარა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობ იაკობაშვილმა, რომელსაც ამაზე საუბრის საშუალება გუშინ, 16 სექტემბერს, „იმედის“ ეთერში მიეცა.

მთავარეპისკოპოს იაკობის თქმით, მას ჯერ კიდევ მანამდე უთვალთვალებდნენ გახარიას დავალებით, სანამ იგი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა.

„როცა დრო იყო და ვამბობდი, ყურადღება რომ მიექციათ, ალბათ აქამდე არ მივიდოდა საქმე. მე გავაკეთე ადრე განცხადება, რომ მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია ითხოვდა თანამდებობის პირებიდან, რომ მღვდლებზე, ეპისკოპოსებზე შეეგროვებინათ კომპრომატები.

…ვისაც ავალებდა, რამოდენიმემ მითხრა და მაგათ სუნთქვას ყველგან ვგრძნობდი“, – თქვა მან.

სასულიერო პირის ვარაუდით, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ბრძანება ქვეყნის გარედან, რუსეთიდან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი გახარიას წინააღმდეგ გამოდის. მთავარეპისკოპოსი იაკობი ჯერ კიდევ მაშინ დაუპირისპირდა გახარიას, როცა ის შს მინისტრი იყო.

„თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებთ… ზემოთ უნდა, პრემიერობა უნდა. არ გავუშვებ მაგ იმაზე“, – თქვა ეპისკოპოსმა გიორგი გახარიაზე 2018 წლის დეკემბერში.

2019 წელს, როცა გახარია უკვე პრემიერი იყო, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა განაცხადა, რომ გახარია, მაშინ როცა ეკონომიკის მინისტრი იყო, იმდროინდელ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და სუსის უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან ერთად, მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ ივანიშვილის დავალებით.

მაშინ გიორგი გახარიამ მთავარეპისკოპოსის ამ განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ „მეუფის სისულელეები საზღვარს გადასცდა“.

„სისულელე“ უწოდა მთავარეპისკოპოსის განცხადებას თეა წულუკიანმაც, რომელიც იმ დროს იუსტიციის მინისტრი იყო.

2019 წელს, გადაცემა „მთავარი აქცენტების“ წამყვანმა, ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ თქვა, რომ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა მას სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ გახარია პირადი ჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებოდა მას და კიდევ რამდენიმე მღვდელმთავარს.

გიორგი გახარია პრემიერობიდან 2021 წლის თებერვალში გადადგა. 2021 წლის ივნისში ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა განაცხადა, რომ გახარიას პარტიას ეკლესიისგან მხარდაჭერა არ ექნება და მას „კრიზისმეიკერი“ უწოდა.

თავის მხრივ, გიორგი გახარია, სავარაუდოდ, სუსიდან გავრცელებულ ფაილებს „ეკლესიაზე ორგანიზებულ თავდასხმას“ უწოდებს. იაკობ იაკობაშვილის განცხადებას ექსპრემიერი ამჯერად არ გამოხმაურებია.

___

რა ხდება?

13 სექტემბერს ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან და სხვებთან დაკავშირებული ათასობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-იდან არის გამოჟონილი.

ჩანაწერების ავთენტურობა, მათი გავრცელების შემდეგ, არაერთმა ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა და სასულიერო პირმა დაადასტურა. მათ ამ მასალებში თავიანთი საუბრები ამოიცნეს. მომხდართან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ არასამთავრობო სექტორშიც.

ამასთან, მასალების ნაწილის შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება, რომ მოსმენის ობიექტები უცხო ქვეყნების საელჩოებიც არიან.

თავდაპირველად, მმართველი გუნდის ლიდერები აღნიშნულს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ და ამაში ცალსახად ადანაშაულებდნენ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“. თუმცა ორი დღის განმავლობაში „ოცნების“ რიტორიკაში გაჩნდა ვერსია ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის მიერ ინფორმაციის გატანაზე, თავად ფარული ჩანაწერების შინაარს კი „ოცნებაში“ „ტყუილ-მართალს“ უწოდებენ.

თავად პარტია „საქართველოსთვის“, რომელიც გახარიამ პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ დააფუძნა, სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილ ჩანაწერებზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში  სახალხო დამცველის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას, პარლამენტში კი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროცესი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და პროკურატურასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

სილქფესტი უქმეებზე დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტების გააქტიურებას გთავაზობთ

სილქფესტი, 18 და 19 სექტემბერს,  დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტების გააქტიურებას მინიმალურ ფასად  სთავაზობს მომხმარებლებს. 

კომბინაციით *202# თქვენ 30 დღით ჩაირთავთ:

[checklist]

  • 15 GB მოცულობის ინტერნეტს  – 10 ლარად
  • 25 GB მოცულობის ინტერნეტს  – 14 ლარად

[/checklist]

ორივე პაკეტის ერთად გააქტიურების შემთხვევაში თითოეულს უნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

თუ ბონუსი ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელს ინტერნეტზე ერიცხება 1MB -ზე  15 თეთრი; 

თვალი ადევნეთ კომპანიის facebook და Instagram  გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც ერთი დღით ადრე დაანონსდება „სილქფესტის“ აქციები.

ჩვენთანაც მოდის ინფორმაცია, რომელსაც ტელეფონები არ სჭირდება – მთავარეპისკოპოსი იაკობი

„ჩვენც შეგვიძლია ინფორმაციის, რაღაც ისეთის მოპოვება, რომელსაც ტელეფონები არ სჭირდება, მოსმენები არ სჭირდება, ჩვენთანაც მოდის ინფორმაცია, არა მარტო მაგ გზებით,“ –  განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობ იაკობაშვილმა 16 სექტემბერს „იმედის“ ეთერში სავარაუდოდ სუსიდან გავრცელებული ფაილების საკითხის კომენტირებისას.

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, ფაქტობრივად, ხელისუფლების გუშინ გამოთქმული ეჭვი  გაიზიარა იმის შესახებ, რომ გავრცელებული ფაილების უკან შესაძლოა ექსპრემიერი გიორგი გახარია იდგეს.

იაკობ იაკობაშვილის თქმით, მან აქამდეც იცოდა, რომ უსმენდნენ.

________________

რა ხდება?

13 სექტემბერს ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან და სხვებთან დაკავშირებული ათასობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-იდან არის გამოჟონილი.

ჩანაწერების ავთენტურობა, მათი გავრცელების შემდეგ, არაერთმა ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა და სასულიერო პირმა დაადასტურა. მათ ამ მასალებში თავიანთი საუბრები ამოიცნეს. მომხდართან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ არასამთავრობო სექტორშიც.

ამასთან, მასალების ნაწილის შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება, რომ მოსმენის ობიექტები უცხო ქვეყნების საელჩოებიც არიან.

თავდაპირველად, მმართველი გუნდის ლიდერები აღნიშნულს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ და ამაში ცალსახად ადანაშაულებდნენ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“. თუმცა ორი დღის განმავლობაში „ოცნების“ რიტორიკაში გაჩნდა ვერსია ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის მიერ ინფორმაციის გატანაზე, თავად ფარული ჩანაწერების შინაარს კი „ოცნებაში“ „ტყუილ-მართალს“ უწოდებენ.

თავად პარტია „საქართველოსთვის“, რომელიც გახარიამ პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ დააფუძნა, სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილ ჩანაწერებზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში  სახალხო დამცველის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას, პარლამენტში კი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროცესი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და პროკურატურასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

ციხისძირის შუქურა – ახალი დასასვენებელი ადგილი ისტორიულ აგარაკებთან, პლაჟთან ახლოს

ციხისძირში, პეტრას ციხეს რომ გასცდებით, მთავარი გზატკეცილიდან ერთ ასახვევს მიადგებით, რომელიც შუქურას უბნამდე მიგიყვანთ.

„შუქურა“ – ასე ერქვა საბჭოთა ეპოქაში დასასვენებელ სახლს და 7000 კვადრატულ მეტზე მეტ ტერიტორიაზე გაშენებულ ეზოს, ხეივანს, რომელიც პლაჟამდე მიდის.

ადგილს ისევ შუქურა ჰქვია. ამავე სახელწოდების დასასვენებელ სახლში ახლა ნაყინის კაფეა. ობისგან გამწვანებული და ნესტისგან განაცრისფერებული კედლები კაფეს დეკორად მოიაზრეს, შენობის უსახურავო ნაწილიც დეკორს ჰგავს. მწვანეში ჩაფლული ეზო ძველი, ავარიული სახლით ერთგვარი ხიდია წარსულს და აწმყოს შორის.

შეუძლებელია აქ მოხვიდე და არ დაფიქრდე ადამიანებზე, ვინც ამ შენობის კარებს ყოველდღე აღებდა, ზაფხულობით ისვენებდა და ზღვის ამინდსაც ელოდა, ალბათ, შემოდგომის დღეებში.

ჭაღი, კედლები, ავეჯი, იატაკის ფილები თუ მაგიდები ყველაფერი ავთენტურია, არც გჭირდება წარმოსახვა. მთელი თავისი დიდებულებითაა წარსული თვალწინ საგნებით, სუნით და ფერებით. მხოლოდ ის ადამიანები აღარ არიან აქ, ვინც ზუსტად იმ გარემოში იყო, სადაც ახლა შენ ხარ და არავინ იცის ვინ რაზე ფიქრობდა, როცა ამ სახლში ისვენებდა, სადაც ახლა ნაყინს უკვეთავ.

„შუქურა“
„შუქურა“

სახლის წინ დიდი მინდორია, მზის გულზე ფერადი შეზლონგებით, იქვე მაგიდის ჩოგბურთის თამაშიც შეგიძლია, ან უბრალოდ დიდხანს, დიდხანს ხეტიალი ნაძვნარში.

„შუქურას” ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლებსაც უვლიან, აჭმევენ და იფარებენ. ძაღლები აქ ძალიან უყვართ, ისინიც უდარდელად მიდი-მოდიან. სტუმრებიც ეფერებიან და აჭმევენ.

„შუქურას“ „დაცვა“
„შუქურა“

შუქურას ტერიტორია და ახლომახლო სხვა სახლები რუსეთ-თურქეთის ომში მებრძოლ რუს გენერლებს გადასცა რუსეთის იმპერატორმა ომის დამთავრების შემდეგ.

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებმა გენერლების შთამომავლებს საიმპერატორო მიწები და აგარაკები ჩამოართვეს და დასასვენებელ სახლებად გადააკეთეს. ასე იქცა მაგალითად გენერალ ზელენსკის, პომორსკისა და უშაკოვის ულამაზესი სახლები სანატორიუმებად სახელწოდებით „დრუჟბა“, „ვეწეროკი“ „რადუგა“.

გენერალ პომორსკის სახლი ციხისძირში, გასაბჭოების შემდეგ დასასვენებელი სახლი „დრუჟბა”
გენერალ ზელენსკის სახლი ციხისძირში, გასაბჭოების შემდეგ დასასვენებელი სახლი „ვეწეროკი”

სანაყინედ ქცეულ ყოფილ სანატორიუმ „შუქურას“აუცილებლად უნდა ჩაუყვეთ ზღვისკენ, საითაც ნაძვებითა და მაგნოლიებით დაბურული უგრძესი, კიბეებიანი ხეივანი მიემართება.

გზად ხის ძველ სახლებში მოწყობილი ტერასებიანი რესტორანი და ლუდის ბარია,  სადაც გემრიელი კერძებიც დაგხვდებათ და სასიამოვნო, კარგი მუსიკაც.

საბჭოთა ეპოქაში ციხისძირის ყველა დასასვენებელ სახლს საკუთარი პლაჟი და შესაბამისად იქამდე მისასვლელი საკუთარი ხეივანი ჰქონდა. ახლა „შუქურას“ სწორედ ასეთ ხეივანს გავდივართ.

კიბე

კაფეს შემდეგ გზად გაივლით ხელოვნურად მოწყობილ პატარა ტბას, ჩანჩქერს, ბამბუკების კორომს და ბანანის ხეივანს. აქ უამრავი ადამიანი მოდის ყოველდღე ფოტოების გადასაღებად. ინსტაგრამერებისთვის ეს გადასაღებად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია ქობულეთში.

ტბა ხეივანში
ბანანის ხეივანი

ხეივნის ბოლოს სახელდახელოდ მოწყობილ პლაჟს მიადგებით, აქვეა ბარი და გასარუჯად მოსახერხებელი სივრცეც. ზღვა ციხისძირში ძალიან სუფთაა, კლდოვანი სანაპიროთი.

პლაჟი

„შუქურას“ ყოველდღიურად უამრავი სტუმრობს, ტურისტებიც და ადგილობრივებიც.

„შუქურა“

ბათუმსა და ქობულეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ნარკორეალიზატორია – ინფორმაციას შს სამინსიტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ქობულეთსა და ბათუმში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულები არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეები: 1974 წელს დაბადებული თ.დ. 1993 წელს დაბადებული ბ.ა. 1989 წელს დაბადებული ვ.კ. ამავე წელს დაბადებული ო.პ და საქართველოს მოქალაქე – 1999 წელს დაბადებული ა.გ.

„სამართალდამცველებმა ბ.ა. ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ იგი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას ახდენდა. ბ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მის მიერ ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული ფული – 8000 ლარზე მეტი და 44 აბი „სუბოქსინი“.

პოლიციამ ბრალდებული თ.დ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 3 შეკვრად დაფასოებული, „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკი. დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.

რაც შეეხება წარსულში ნასამართლევ ა.გ.-ს, იგი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 10 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“-ს შემცველი ნივთიერება.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის, ასევე, ბათუმში დააკავეს ვ.კ. და ო.პ., რომელთა პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 247 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „ალფა-პვპ“.

გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.კ. და ო.პ ნარკოტიკულ საშუალებებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ“ – წერს შსს.

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაულები 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სუსი უნდა დაინგრეს!“ – აქცია ბათუმში სუსის შენობასთან უკანონო თვალთვალის გამო

„სუს-ი უნდა დაინგრეს!“, „თქვენი სუს-ი არ გავიგო“, „ნუ ისუს-ები“, „ჩვენც გვისმენენ“ – ამ შინაარსის პლაკატები გამოიტანეს ოპოზიციური ერთობის წარმომადგენლებმა დღეს, 17 სექტემბერს, ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] შენობის წინ.

საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლები აპროტესტებენ სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილი უკანონო თვალთვალის ჩანაწერებს, რომლის ამსახველი ათასობით ფაილი რამდენიმე დღის წინ გახდა საჯაროდ ხელმისაწვდომი.

ოპოზიციური ერთობის ერთ-ერთი წარმომადგენელი გენრი დოლიძე, ფონენდოსკოპით მივიდა სუსის შენობასთან, ფონენდოსკოპი შენობის კედელს მიადო და თქვა, რომ სწორედ ასე უსმენს დღეს აღნიშნული სამსახური თითოელ მოქალაქეს. „ასე აკვირდებიან ჩვენს ნაბიჯებს. ეს ყველაფერი მიმართულია ადამიანების უკანონო კონტროლისკენ,“- ამბობს ის.

გენრი დოლიძე სუსის შენობასთან ფონენდოსკოპით მივიდა

ენმ-ს წარმომადგენელი რეზო ხარაზიც იმყოფება აქციაზე, რომელიც ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროსაც უსმენდნენ მას და ახლაც. „ამიტომ, 2 ოქტომბრის არჩევნების მთავარი მიზანია დასრულდეს ეს საზიზღრობა რაც ხდება. ჩვენ ყოველდღე მოვალთ აქ და გავაპროტესტებთ ადამიანის წინააღმდეგ თვალთვალს“-ამბობს ის.

აქციის მონაწილეების თქმით, სუსის შენობის წინ საპროტესტო პერფორმანსები გაგრძელდება.

პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ფაილი, რომლებიც 13 სექტემბერს გავრცელდა, ასახავს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის პირად ცხოვრებას, ასევე შეიცავს რიგითი სასულიერო პირებისა და მათთან ნებისმიერი სახის კავშირში მყოფი პირების პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას და საუბრის ჩანაწერებს.

ათასობით ჩანაწერი, რომლებიც სავარაუდოდ სწორედ სუსიდან გამოიტანეს, არღვევს თითოეული მოქალაქის უფლებას, რადგან აჩვენებს, რომ არ არის დაცული ადამიანის პირადი ცხოვრება.

არის თუ არა გავრცელებული ჩანაწერები სუსის მიერ გაკეთებული ან ვინ არის ამ ფაილების გავრცელების და დამზადების წყარო? ამის თაობაზე უმაღლესი თანამდებობის პირებმა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს მინიშნებით, რომ ამ ფაილების გავრცელება ოპოზიციასთან – ერთი ვერსიით „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სხვა ვერსიით კი გიორგი გახარიასთან არის დაკავშირებული.

საქმეს პროკურატურა იძიებს.

___

რა ხდება? 

13 სექტემბერს საქართველოში მედიასაშუალებებმა მიიღეს ბმული ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით – „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

ბმულზე ათასობით ფაილია, რომლებშიც მოცემულია პირადი ინფორმაცია მართლმადიდებელი სასულიერო და სამოქალაქო პირების საჯარო და პირადი ცხოვრების, სექსუალური კავშირების შესახებ. ინფორმაციას თან ერთვის ფოტოები, პირადი ნომრები, ტელეფონის ნომრები.

სისტემურობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ფაილები, სავარაუდოდ, სუსიდან არის გაჟონილი და 2014 წლიდან 2021 წლის ჩათვლით თარიღდება.

ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის, საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

ბათუმში შაბათ-კვირას გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 სექტემბრის 21 საათიდან 18 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 19-20 სექტემბერს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

დღეის მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“

ხელსაწყოები, რომლის გამოყენებაც ყველას შეუძლია

შეგიკეთებიათ ან გაგიკეთებიათ თუ არა ესა თუ ის ნივთი თავად? ეს, ერთი შეხედვით, რთული საქმიანობა, მარტივად შეიძლება აქციოთ სასიამოვნო და შემოქმედებით აქტივობად, თუკი ისეთ ხელსაწყოებს მოვიმარაგებთ, რომლებიც დიზაინითაც მოგვწონს, მსუბუქიცაა და, რაც მთავარია, მარტივად მოსახმარია.

სახლი არის ადგილი სადაც ყველაზეკომფორტულად უნდა გრძნობდე თავს, ბოლო პერიოდია სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინაცვლებს ქალაქგარეთ. კერძო სახლისა და აგარაკის მოვლა კი სხვადასხვა გამოწვევებთანაა დაკავშირებული. სახლში ფუსფუსი ბევრად უფრო სასიამოვნო პროცესია, როდესაც ყველა საჭირო ნივთი გვაქვს.

 

ბალახის საკრეჭი

ტრადიციული ცელისგან ან ძველებური ბალახის საკრეჭი მძიმე მანქანისგან განსხვავებით, ბალახის საკრეჭი თანამედროვე ხელსაწყოები საშუალებას იძლევა დაახლოებით 500კვ.მ.-იანი ეზო ნახევარ საათში გავწმინდოთ. ბალახის საკრეჭი მოწყობილობის შეძენისას, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეზოს ფართიც: თუკი გასაკრეჭი გაზონის პერიმეტრი დიდია, უპირატესობა მიანიჭეთ ბენზინზე ან ელემენტზე მომუშავე საკრეჭებს.

 

ხელსაწყოების კომპლექტი

დღეს უფროდაუფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი, ნივთები და ავეჯი თავად ააწყოს. ამ ტენდენციას, ერთი მხრივ, მსოფლიოში ავეჯის წამყვანი მწარმოებელი კომპანიებიც ხელს უწყობენ, რადგან შეძენილი ავეჯი ხშირად დაშლილ მდგომარეობაში ბარდება პატრონს. მეორე მხრივ კი, სოციალურ ქსელებში გავრცელებული „გააკეთე თავად“ ვიდეოების სიხშირით თუ ვიმსჯელებთ, მივხვდებით, რომ ძალაუნებურად, მეტნაკლებად ყველა დავინტერესდით, როგორ უნდა დავამზადოთ ან შევაკეთოთ ჩვენი ხელით ესა თუ ის ნივთი. დამწყები ხელოსნებისთვის INGCO-ჯორჯიას კონსულტანტები სწორედ ასეთ, უნივერსალური ხელსაწყოების კომპლექტს უწევენ რეკომენდაციას.

 

ელექტროსახრახნისი

სახრახნისი რამდენიმე ტიპის თავით აუცილებლად უნდა გვქონდეს აუცილებელი ხელსაწყოების ყუთში. სათამაშოების, სანათების, სხვადასხვა ტიპის ტექნიკის, მცირე ავეჯის თუ აქსესუარების დასამაგრებლად, ელემენტების გამოსაცვლელად და ა.შ. – სახრახნისი თითქმის შეუცვლელი ხელსაწყოა.

 

ხმალხერხა

ხმალხერხა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დამწყებ დურგლებსა და ხელოსნებს შორის, რადგან მისი საშუალებით უმცირესი ძალდატანების გარეშეც კი შესაძლებელია ფიცრების მოზრდილი ნაჭრების გახერხვა და საინტერესო ნივთების დამზადება.

Ingco-ს ხელსაწყოების გამოყენება ყველას შეუძლია, არაა აუცილებელი იყოთ პროფესიონალი ან მთელი ცხოვრება ამ ხელსაწყოებით მუშობდეთ, საქმე ბევრად მარტივადაა.

გვეწვიეთ www.ingco.ge -ზე და აარჩიე შენთვის სასურველი ხელსაწყო, გახადე ყოველდღიურობა უფრო პრაქტიკული და ისიამოვნე სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით.

ჩვენს სრულ პროდუქციაზე მოქმედებს 1 წლიანი საგარანტიო სერვისი, ასევე ადევნე თვალი Ingco-ს სოციალურ ქსელს და ისარგებლე 100-მდე ფასდაკლებით.

„ოცნების“ შემწირველის კომპანიას ბათუმის მერიამ 4 მილიონი დაუბრუნა

შპს „ალიანსი ფრივილიჯს“, რომელიც ბათუმის ცენტრში, რუსთაველის #42-ში ცათამბჯენს აშენებს, მერიამ ვალდებულების შესრულების პირობის დასაზღვევად გათვალისწინებული საბანკო გარანტია, 4 მილიონი ლარი დაუბრუნა. სანაცვლოდ კომპანია მერიას ამავე პროექტში იგივე ღირებულების ქონების გარანტიის სახით დატვირთვას დაჰპირდა.

ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების კომპანიის სასარგებლოდ ბათუმის საკრებულომ გუშინ, 16 სექტემბერს მიიღო.

საქმე იმაშია, რომ შპს „ალიანსი ფრივილიჯს“ პროექტის მასშტაბის შესაბამისად კ2 კოეფიციენტის გაზრდა დასჭირდა, რაც ზონალური მოსაკრებლის გადახდას გულისხმობდა. ზონალური მოსაკრებელი კონკრეტულ ზონაში დაშვებული პარამეტრების გაზრდის გადასახადს გულისხმობს.

იმ შეთანხმების თანახმად, რაც „ალიანს ფრივილიჯს“ გაუფორმეს, კომპანიას ზონალური შეთანხმების გადასახადის სახით 4 მილიონი ლარის გადახდა მოუწევდა, თუმცა გასულ წლებში დადგენილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად ზონალური მოსაკრებლის გადასახადისგან გაათავისუფლეს ინვესტორები, ვინც კონკრეტულ პროექტში 30 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა. ეს ცვლილება შეეხეო „ალიანსი ფრივილიჯის“ პროექტსაც, ამიტომაც მერიამ კომპანიის ნაკისრი ვალდებულება, ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის ოდენობის თანხით, 4 მილიონიანი გამოუხმობი საბანკო გარანტიით დააზღვია.

„ალიანსი ფრივილიჯმა“ ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება ბათუმში რუსთაველის #42-ში 2016 წელს, აჭარის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით აიღო, სამშენებლო პროექტი კი მერიას 2018 წელს წარუდგინა.

მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის, მირიან მეტრეველის განმარტებით, კომპანია ამ თანხის სანაცვლოდ სამშენებლო პროექტში, რომლის კარკასიც უკვე აშენებულია, ვალებულების შესრულების გარანტად უძრავ ქონებას დატვირთავს.

შპს „ალიანსი ფრივილიჯი“ [ყოფილი „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთ] იმ კომპანიებს შორისაა,  რომელმაც მიწის ნაკვეთი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ზღვასთან ახლოს მთავრობის ჩარევით განსაკუთრებული პირობით, პირდაპირი წესით იყიდა.

კომპანიის მოთხოვნით, ეს ქონება ბათუმის მერიამ საკრებულოს თანხმობით მომავალში მისი გასხვისების პირობით აჭარის მთავრობას უსასყიდლოდ გადასცა. ერთადაერთი პირობა ის იყო, რომ საპროვატიზებო თანხა ბათუმის ბიუჯეტში ჩაირიცხებოდა.

რუსთაველის #42-ში, სადაც ახლა ცათამბჯენი შენდება, 3263 კვ/მ კვ.მ მიწის ნაკვეთი, ყოფილი საჯარო მოხელის, აკაკი სონგულიას კომპანიამ 978 900 აშშ დოლარად იყიდა [ერთი კვ.მეტრი 300 აშშ დოლარად]. კომპანიამ 50 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობა დადო.

აკაკი სონგულია ბიზნესში გამოჩენემდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონული ცენტრის უფროსი იყო. 2014 წელს მან „ქართული ოცნებას“ 20 000 ლარი შესწირა.

რუსთაველის #42-ში ქონების შესყიდვიდან მალევე კომპანიის წილებში „ალიანსის“ დამფუძნებლის, გიორგი ბიწაძის შვილი, თემურ ბიწაძე გამოჩნდა. მოგვიანებით შეიცვალა კომპანიის სახელწოდებაც.

რეესტრის მონაცემებითი, 2016 წელს აკაკი სონგულიამ თემურ ბიწაძეს კომპანიის 50% უსასყიდლოდ გადასცა, 2017 წელს კი მან 18-18 პროცენტი გადაუფორმა ბესიკ ჟღენტსა და ავთანდილ გორგილაძეს, ჯამში ათას დოლარად. თანხა მეწილეებმა ნაღდი ფულით გადაიხადეს.

შემდეგ წლებში სონგულიამ საკუთარი წილებიდან კიდევ ერთი პროცენტი გაასხვისა თემურ ბიწაძის სასარგებლოდ. მოგვიანებით კი მას 2 პროცენტი ბესიკ ჟღენტმა უკან დაუბრუნა.

ამ დროისთვის „ალიანსი ფრივილიჯის“ დირექტორი ისევ აკაკი სონგულიაა, ის ფლობს კომპანიის 15 პროცენტს. 51 პროცენტი თემურ ბიწაძეს ეკუთვნის, 16 პროცენტი ბესიკ ჟღენტს, ხოლო დარჩენილი 18 პროცენტი, რუსეთის მოქალაქის, ავთანდილ გორგილაძის საკუთრებაა [მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს].

აჭარაში კოვიდის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა

17 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 608 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, მათგან 24 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონში კოვიდსასტუმროშია 351 ადამიანი.

დღეს, 17 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 2039 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 56 ადამიანი გარდაიცვალა.

დადასტურდა კოვიდის 2039 შემთხვევა, 56 პაციენტი გარდაიცვალა

17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2039 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31532 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 56 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

გასულ 24 საათში 2192 ადამიანი გამოჯანმრთელდა კოვიდისგან.

ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსს“ უჩივის და 5 მილიონ დოლარს ითხოვს

ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსს“ უჩივის სერიალში „ლაზიერის გამბიტი“ [The Queen’s Gambit]  მასთან დაკავშირებით გახმიანებული რეპლიკების გამო.

სერიალის სიუჟეტი, რომელიც 1983 წლის რომანს ეფუძნება, ტრიალებს გამოგონილი პერსონაჟის, მოჭადრაკე ბეტ ჰარმონის გარშემო. ბავშვთა სახლში გაზრდილი ჰარმონი ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს რუსეთის საუკეთესო მოთამაშეებს გასული საუკუნის 60-იან წლებში, ცივი ომის ფონზე.

უშუალოდ ნონა გაფრინდაშვილის სახელს სერიალის დასკვნით ეპიზოდში ახსენებენ და პრობლემაც აქ იწყება. ბეტ ჰარმონზე საუბრისას ჭადრაკის კომენტატორი დასძენს:

„ერთადერთი უჩვეულო რამ მის შემთხვევაში, მისი სქესია, თუმცა ის ერთადერთი არ არის რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა ის არასდროს შეხვედრია კაცს [მოთამაშეებს]“”.

კალიფორნიის შტატის სასამართლოში ნონა გაფრინდაშვილის საჩივრის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ეს უკანასკნელი რეპლიკაა. The Hollywood Reporter-ის თანახმად, სარჩელში აღნიშნულია, რომ „მტკიცება, რომლის თანახმადაც გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაცს [მოთამაშეებს], აშკარა სიცრუეა, ასევე უხეშად სექსისტური და დამამცირებელი“.

ნონა გაფრინდაშვილის თქმით, 1968 წელს, რომელშიც ზემოხსენებული ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო მატჩები ჩატარებული მინიმუმ 59 კაცთან, მათ შორის, 10 დიდოსტატთან.

„ნეტფლიქსმა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზეზით, რათა „გაეზარდა დრამა“ და წარმოეჩინა, თითქოს გამოგონილ პერსონაჟს ისეთი რამის გაკეთება უწევს, რაც მანამდე არც ერთ ქალს, მათ შორის, გაფრინდაშვილს, არ გაუკეთებია“, – ციტირებს გამოცემა სარჩელს.

თუმცა, ეს არ არის სარჩელის ერთადერთი საფუძველი.

„…ნეტფლიქსმა გაფრინდაშვილი მოიხსენია რუსად, მიუხედავად იმის ცოდნისა, რომ ის ქართველია და ქართველები განიცდიდნენ რუსეთის ბატონობას საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, შემდგომ იყვნენ დაჩაგრულნი და დაპყრობილნი რუსეთის მიერ“, – ვკითხულობთ სარჩელში.

გაფრინდაშვილი, კომპენსაციის სახით, $5 მილიონს ითხოვს. მას ასევე სურს, ჩაიხსნას რეპლიკა, თითქოს ის არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს.

The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, სარჩელს უკვე უპასუხა „ნეტფქლისმა“. კომპანიის თქმით, უაღრესად სცემს პატივს ნონა გაფრინდაშვილსა და მის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა სჯერა, რომ ზემოხსენებულ მტკიცებას საფუძველი არ გააჩნია.

______________________

ფოტო გარეკანზე: Stanley Sherman/Hulton Archive, via Getty Images/NY Times

ვის ეკუთვნის ბათუმის ქონება და მისი გაყიდვით მიღებული ფული – კანდიდატების ხედვა

ბათუმის მერიასა და საკრებულოში საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, როცა აჭარის მთავრობა მუნიციპალურ ქონებას მისი გასხვისების მიზნით ითხოვს და პირობებსაც თავად ადგენს. ხშირად ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი სწორედ აჭარის ბიუჯეტში შედის, მუნიციპალიტეტს ისღა დარჩენია გასხვისებულ ნაკვეთზე მშენებლობის პროექტი შეითანხმოს.

მსგავსი საკითხების განხილვისას, ბოლო წლებში, საკრებულოს უმრავლესობას განსაკუთრებული აქტივობა არ გამოუჩენია. ოპოზიციონერი წევრების სიმცირე კი საკრებულოში გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენდა.

ასე გაყიდეს მიწის ნაკვეთები ზღვის პირას, ბათუმის ახალ ბულვარში, ქალაქის ცენტრალურ ადგილებში და ბოლოს იმ რაოდენობით და ისე ქაოსურად, რომ კონკრეტულ უბნებში მუნიციპალიტეტს საბავშვო ბაღის ასაშენებელად მიწის ნაკვეთი აღარ დარჩა.
აჭარის მუნიციპალიტეტებისა და მთავრობის ბალანსზე არსებული ქონებების მართვის პოლიტიკა არაერთხელ გამხდარა ამომრჩევლის, ოპოზიციისა და სახელმწიფო აუდიტის კრიტიკის საგანი. უწყება ხშირად მიანიშნებს კორუფციულ გარიგებებზეც, თუმცა უშედეგოდ, მთავრობა „საინვესტიციო პოლიტიკას“ არ ცვლის.

ისინი კი, ვინც მიწის ნაკვეთებს ქალაქის ცენტრში ხელსაყრელი პირობებით ყიდულობენ, მარტივად იღებენ მშენებლობების ნებართვებს, არც საკრებულოს უმრავლესობას უთქვამს მათთვის უარი შესაბამისი განაშენიანების გეგმების დამტკიცებაზე. მსგავსი საკითხები ბათუმის საკრებულოში მისულ ამომრჩეველსა და საკრებულოს წევრებს შორის ბევრჯერ სერიოზული დაპირისპირების მიზეზიც კი გახდა.

ბათუმში პლაჟის გასხვისებას აპროტესტებენ – ხმაური საკრებულოს სხდომაზე

ერთ-ერთი მთავარი ამბავი კი ის არის, რომ ბათუმის მერია, როგორც ქონების მესაკუთრე, დღემდე არ იბრუნებს ბულვარს მართვაში – ის ისევ ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, აჭარის ბიუჯეტში შედის ბულვარში გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებებიდან მიღებული შემოსავალი. მერია კი, ბულვარის, როგორც ძეგლის ინტერესების დაცვითაც არ იწუხებს თავს. ასე აშენდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე, ლანდშაფტურ ზონაში, 16-სართულიანი სასტუმროს შენობა [დამატებით 3 სართული მიწის ქვეშ].

მერია არ იბრუნებს ბულვარს მიუხედავად იმისა, რომ აქ მიმდინარე პროცესები არაერთხელ გახდა ამომრჩევლის პროტესტის მიზეზი.

იგივე ტენდენციაა სხვა მუნიციპალიტეტებშიც – მუნიციპალურ ქონებას ძირითადად მთავრობა განკარგავს. „ოცნების“ უმრავლესობა ამაში პრობლემას ვერ ხედავს. სხვა პარტიების წარმომადგენელები კი, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ, ამბობენ, რომ ეს პრაქტიკა მანკიერია და უნდა შეიცვალოს.

მუნიციპალური ქონების მართვის განკარგვა მთავრობის აქტიური მონაწილეობით, უკვე წლებია დამკვიდრებული პრაქტიკაა. მსხვილ ინვესტიციებსა და მასთან დაკავშირებულ პირობებზე ინვესტორებთან მოლაპარაკებებს ძირითადად მთავრობა აწარმოებს. შემდეგ კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ან ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო წერილობით მიმართავს კონკრეტული მუნიციპალიტეტის მერს, ქონების მთავრობის ბალანსზე უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნით. ბოლო წლების პრაქტიკაში თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, როცა მერმა ან საკრებულომ მთავრობის მიერ წინასწარ განსაზღვრული საინვესტიციო პირობების კორექტირება მოითხოვა. საერთოდ არ ყოფილა შემთხვევა, როცა მერმა ან საკრებულომ მოთხოვნილი ქონების გადაცემაზე მთავრობას უარი უთხრა.

საკრებულოს სხდომა, როცა აქტივისტები შევიდნენ დარბაზში და მოითხოვეს საკრებულოს არ მიეღო კონკრეტული გადაწყვეტილება

არის შემთხვევები, როცა შეთანხმება საპრივატიზებო თანხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩარიცხვას ითვალისწინებს, თუმცა არ გვაქვს ოფიციალური მონაცემები მუნიციპალური ქონების გასხვისებით მიღებული მილიონებიდან რამდენი ერგო უშუალოდ მუნიციპალიტეტს – ამ ქონების მესაკუთრეს და რამდენი მილიონი ჩაირიცხა აჭარის ბიუჯეტში.

ოპოზიციური პარტიები მუნიციპალური ქონების გასხვისების ამ პრაქტიკას ხშირად აკრიტიკებენ. „ბათუმელებმა“ სცადა გაერკვია, თავად რა გზას ხედავენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, როგორ უნდა გასხვისდეს ქონება ისე, რომ მუნიციპალიტეტი არ დაზარალდეს.

ბათუმის საკრებულოში „ლელოს“ პროპორციული სიის პირველი ნომერი, ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ მუნიციპალური ქონება მთავრობამ არ უნდა გაასხვისოს, შესაძლოა თვითმმართველობის ორგანომ რეკომენდაცია მიიღოს მთავრობისგან, მაგრამ ქონება განსაკარგავად არ უნდა გადასცეს.

„მუნიციპალიტეტმა უნდა გადაწყვიტოს და პროცედურაც თავად განახორციელოს. მთავრობას შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს. წინააღმდეგი ვარ ისეთი ადმინისტრაციული შენობების გაყიდვის, რაც შემდეგში დამატებით ხარჯებს იწვევს, როცა, მაგალითად, იყიდება ობიექტი და საჭიროებებიდან გამომდინარე მის ნაცვლად ახალი უნდა აშენდეს, ან გარემონტდეს და ასე შემდეგ. რაც შეეხება პირდაპირი წესის გამოყენებას, ეს კორუფციაა და საერთოდ უნდა გაუქმდეს“, – განმარტავს „ლელოს“ პროპორციული სიის პირველი ნომერი.

ირაკლი კუპრაძე

„მუნიციპალური ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავალი საერთოდ არ უნდა შევიდეს ბიუჯეტში. ის ცალკე ფონდში უნდა ჩაირიცხოს“, – ასეთია „გირჩი მეტი თავისუფლების“ საკრებულოს წევრობის კანდიდატის, თემურ გორგაძის ხედვა. ის ბათუმის საკრებულოს პროპორციული სიის პირველი ნომერია.

„ეს ფული უნდა წავიდეს პირდაპირ მოქალაქეების ჯიბეში, ყოველგვარი ბიუჯეტში ჩარიცხვის გარეშე. მაგალითად, ბათუმში ვცხოვრობთ 169 000 ადამიანი და გვაქვს რაღაც ქონება გასასხვისებელი. გავყიდეთ ეს ქონება 169 000 ლარად, თითოეულ ჩვენგანს თითო ლარი გვეკუთვნის, ეს უნდა წამოვიდეს ჩვენს ჯიბეში. შეიძლება ეს ყოველ ჯერზე არ მოხდეს ასე და ჯერ შეიკრიბოს გარკვეული თანხა, ოღონდ აუცილებლად უნდა წავიდეს პირდაპირ მოქალაქეების ჯიბეში და არავითარი ჩიქოვანის, კირთაძის, ფუტკარაძის ან ჩემი განსაკარგი არ უნდა იყოს ეს თანხა. ადამიანებმა თავად უნდა განკარგონ. დიახ, გადასარევია, ეს თანხა თუ მოაკლდება ბიუჯეტს, რა დაშავდება მაგით? – წარმოდგენა გვაქვს საერთოდ ვინ არიან ეს ადამიანები და რას აკეთებენ? – ასეთი სულელური ხარჯები გვაქვს, თანაც უამრავი.“

თემურ გორგაძე

ქონების გასხვისების საკუთარ ხედვაზე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს პროპორციული სიის მეათე ნომერი, ალექსანდრე დავითაძე გვესაუბრა. მისი განმარტებით, პარტიის ხედვაა, რომ გასხვისდეს კონკრეტული ბიზნესიდეა, კონკრეტული უბნისთვის და არა ნაკვეთი უპირობოდ:

„ვფიქრობ, არსებული პრაქტიკა მოძველებულია და მუნიციპალიტეტს არ აქვს ფუფუნება, რომ უძრავი და მოძრავი ქონება გაასხვისოს საბაზრო ფასად. ეს თავისთავად არ გულისხმობს კონკრეტული იდეების განხორციელებას, გარდა ფინანსური შემოსავლებისა, მაშინ როცა მუნიციპალურ მიწებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. ჩვენი აზრით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მიწის გასხვისება ადმინისტრაციული ერთეულებისთვის კონკრეტული სოციალური მიზნების მატარებელი უნდა იყოს. მაგალითად, თუ მიწა გასხვისდება ადლიაში, მხოლოდ საბაზრო ფასად კი არ უნდა გასხვისდეს, მოთხოვნაში ამ უბნის მოსახლეობის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. როდესაც მოვალთ მერიაში, ჩვენ შევკრებთ კონკრეტულ გუნდს, რომელიც კონკრეტული უბნების საჭიროებების გათვალისწინებით მოამზადებს ბიზნესიდეებს.“

ალექსანდრე დავითაძე

ოპოზიციური ერთობის კანდიდატი, გიორგი კირთაძე მიიჩნევს, რომ მუნიციპალური ქონება ქალაქის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გასხვისდეს, თუმცა მისი ნაწილი მუნიციპალურ საკუთრებაში უნდა დარჩეს.

„სამწუხაროა, რომ მუნიციპალური ქონების გასხვისების ნაწილში არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი კორუფციასთან მიმართებაში. ხშირ შემთხვევაში მუნიციპალური ნაკვეთების გასხვისება იმგვარი პირობებით ხდება, რომ ეს მორგებულია კონკრეტულ ჯგუფზე ან პიროვნებაზე. მუნიციპალური ქონება უნდა ხმარდებოდეს მუნიციპალიტეტის ინტერესებს. ყველაფრის გაყიდვა არ არის სწორი, ჩვენი ქალაქი ვითარდება, მოსახლეობის რაოდენობა იზრდება და აღმოჩნდა, რომ საბავშვო ბაღების ასაშენებელი მიწაც კი, ბათუმის მერიას ზოგიერთ უბანში მოსაძებნი აქვს.

რაც შეეხება მთავრობის ჩარევას, მთავრობას წარმოუდგენია, რომ მუნიციპალიტეტის ზემდგომია და საკრებულოს, როგორც ნოტარიუსს ისე უყურებენ. ეს, რა თქმა უნდა, შესაცვლელია. ბათუმის საკრებულოს წევრებმა მერიის აქტიური ჩართულობით უნდა იმსჯელონ კონკრეტულ შემთხვევაზე,  პირობა უნდა იყოს ქალაქის და არა კონკრეტული ჩინოვნიკის ან ბიზნესმენის ინტერესები“.

 

გიორგი კირთაძე

რა ფილმებს ნახავთ წელს ბათუმის კინოფესტივალზე – სრული პროგრამა

18 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. კინოჩვენებები კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართება და დასწრება შესაძლებელი იქნება პირბადით, მათთვის, ვინც აცრილია კოვიდზე, ან უახლოეს პერიოდში აქვს გადატანილი კორონავირუსი, ან წარმოადგენს PCR ტესტის უარყოფით პასუხს.

უკვე ცნობილია კინოფესტივალის პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა.

წელს საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 35 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, და, ასევე, 30 მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

ბათუმის კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები:

მხატვრული ფილმების კონკურსი
  • „ბანდარ ბენდი“, მანიჯე ჰეკმატი, ირანი, 2021, 75 წთ.
  • „უბოლსინი“, ადილხან იერჟანოვი, ყაზახეთი/საფრანგეთი, 2020, 71 წთ.
  • „მდუმარე“, პასკალ რაბატე , საფრანგეთი, 2020, 85 წთ.
  • „ჰასანის ვალდებულება“, სემიჰ კაპლანოღლუ, თურქეთი, 2021, 147 წთ.
  • „შენ ვერ იხილავ ზამთარს“, აბდოლრეზა კაჰანი, კანადა, 2021; 72 წთ.
  • „ევოლუცია“, კორნელ მუნდრუცო, გერმანია.უნგრეთი, 2021, 97 წთ.
  • „მარტორქა“, უკრაინა/გერმანია/პოლონეთი, ოლეგ სენცოვი, 2021, 101 წთ.
  • „ოთარის სიკვდილი“, სოსო ბლიაძე, საქართველო/გერმანია/ლიტვა, 2021, 105 წთ.
  • „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“, ალექსანდრე კობერიძე, საქართველო/გერმანია. 2021, 150 წთ.
დოკუმენტური ფილმების კონკურსი
  • „1970“, ტომას ვოლსკი, პოლონეთ, 2021. 70 წთ.
  • „ანამნეზი“, ქრის რაიტი & სტეფან კოლბე, გერმანია, 2021; 111 წთ.
  • „ატლანტიდა“, იური ანკარანი, იტალია/საფრანგეთი/აშშ/ ყატარი , 2021, 100 წთ.
  • „აივნის ფილმი“, პაველ ლოზინსკი, პოლონეთი, 2021; 100 წთ.
  • „საჩუქარი“, ვალენტინ სიდორენკო, რუსეთი, 2020, 51 წთ.
  • „ორმო“, ანდრეი გრიაზევი, რუსეთი, 2020, 71 წთ.
  • „საულის და რუბის ჰოლოკასტს გადარჩენილთა ბენდი“, ტოდ ლენდინგი, აშშ, 2020, 80 წთ.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი
  • 10:45, გიორგი გოგიჩაიშვილი, საქართველო, 2021, 14 წთ.
  • ნიქოზის შვილები, ნინო ბენაშვილი, საქართველო, 2021, 31 წთ.
  • ორმო, მარია ჩერნი, საქართველო, 2021, 15 წთ.
  • თანაგრძნობა, ზვიად წიქოლია, საქართველო, 2021, 32 წთ.
  • სამზადისი, ილია ასიტაშვილი, საქართველო, 2021, 15 წთ.
  • ნომერი 26, გვანცა მეფარიშვილი, საქართველო, 2021, 20 წთ.
  • ბოდიში დაგვიანებისთვის, ლუკა ბერაძე, საქართველო/გერმანია, 2021, 19 წთ.
  • აპარატი, ჰასან ნაჯმაბადი, ირანი, 2021, 15 წთ.
  • არზუ, რუფატ ალიზადე, თურქეთი, 2021, 6 წთ.
  • ბატიკის ოთახი, მარია ხალპახჩი, უკრაინა, 2021; 25 წთ.
  • ორფეროვანი, სარაჯუდინ ბაიათი, ავღანეთი, 2021, 10 წთ.
  • ბრანკა, აკოს კოვაჩიზი, უნგრეთი, 2021, 20 წთ.
  • შავი მზე, მარი ლარივე, საფრანგეთი, 2021, 20 წთ.
  • მამის ბოტასები, ოლჰა ჟურბა, უკრაინა, 2021, 18 წთ.
  • დევეკი, ურია ჰერცი, ისრაელი, 2021, 15 წთ.
  • არ მოგერიდოს, ჩამოდი დედა, ანა არტემიევა, ბელგია/უნგრეთი/ პორტუგალია/ რუსეთი, 2020, 12 წთ.
  • გულის სუნთქვა, აზერ გულიევი, აზერბაიჯანი, 2021, 15 წთ.
  • სახლში დაბრუნება, რაფი მოვსესიანი, სომხეთი, 2021, 18 წთ.
  • მიწაში, კასპერ კელდსენი, დანია, 2021, 14 წთ.
  • მოსაწვევი, იანგ თანგი, ჰაო ჯაო, ჩინეთი, 2021, 13 წთ.
  • ლეოპოლისის ღამე, ნიკონ რომანჩენკო, უკრაინა, 2021, 26 წთ.
  • როგორც მიკონოში , ალესანდრო პორციო, იტალია, 2021, 15 წთ.
  • მარტოსული ლილი, ზუ ჯინგი, ჩინეთი, 2021, 22 წთ.
  • სიყვარული, მიხალ ციხომსკი, პოლონეთ, 2020 27 წთ.
  • ჩრდილოეთ პოლუსი, მარია აპჩევსკა, მაკედონია/სერბეთი, 2021; 15 წთ.
დიდოსტატთა კოლექცია
  • „ანეტი“, ლეო კარაქსი, საფრანგეთი/გერმანია/ბელგია/იაპონია/მექსიკა, 2021, 140 წთ.
  • „ბაბი იარი – კონტექსტი“, სერგეი ლოზნიცა, ნიდერლანდები/უკრაინა, 2021, 120 წთ.
  • „გმირი“, ასგარ ფარადი, ირანი/საფრანგეთი, 2021, 127წთ.
  • „მეხსიერება“, აპიჩატოპონგ ვერასეტაკულე, კოლუმბია/ტაილანდი/დიდი ბრიტანეთი/ საფრანგეთი, 2021, 136 წთ.
  • „ჩვენ აქ ვართ, ახლოს“, რომან ბალაიანი, უკრაინა, 2020, 90 წთ.
ARTDOC FEST-ის პროგრამა 
  • „რასტორგუევი“, ევგენია ოსტანინა, რუსეთი, 2020, 127 წთ.
  • „საჩუქარი“, ვალენტინ სიდორენკო, რუსეთი, 2020, 51 წთ.
  • „ორმო“, ანდრეი გრიაზევი, რუსეთი, 2020, 71 წთ.
  • „არ მოგერიდოს, ჩამოდი დედა“, ანა არტემევა, ბელგია/უნგრეთი/ პორტუგალია/ რუსეთი, 2020, 12 წთ.
ქართული პანორამა
  • „მკვდარი სულების არდადეგები“, კეკო ჭელიძე, საქართველო, 2020, 67წთ.
  • „არსად წავალ“, ბიძინა გოგიბერიძე, გერმანია/საქართველო, 2021; 53 წთ.
  • „გალერეა სტრატოსფეროში“, რომანოზი & თორნიკე მზარეულა, საქართველო, 2021; 18 წთ.
  • „MSHT-15 ბედნიერების ანგელოზი“, ვახტანგ კუნცევ გაბაშვილი, საქართველო, 2021, 70
  • „მზიური“, ქეთი მაჭავარიანი, საქართველო, 2021, 61 წთ.
  • „მიამიტი“, დინო გეთიაშვილი, საქართველო, 2021; 105 წთ.
  • „მოთვინიერება“, სალომე ჯაში, შვეიცარია/გერმანია/საქართველო.2020. 91 წთ.

„აპოლოს“ გარდა კინოფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ფილს ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ აჩვენებენ.

ფესტივალი 18 სექტემბერს დაიწყება და 24 სექტემბრამდე გასტანს.

კინოსეანსებზე დასწრება შესაძლებელი იქნება პირბადით, მათთვის, ვინც აცრილია კოვიდზე, ან უახლოეს პერიოდში აქვს გადატანილი კორონავირუსი, ან წარმოადგენს PCR ტესტის უარყოფით პასუხს.

ფინოფესტივალის მენეჯმენტის განცხადებით, აღნიშნულიდან ერთ-ერთი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოთ კინოსეანსზე შესვლის წინ (ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით მობილურ ტელეფონში), წინააღმდეგ შემთხვევაში კინოსეანსზე დასწრებას ვერ შეძლებთ და არც შეძენილი ბილეთი დაბრუნდება უკან.

წელს ფესტივალის სეანსების გარკვეული ნაწილი იქნება ფასიანი.უფასო/თავისუფალი დასწრება შესაძლებელია ევროპის მოედანზე, ღია ჩვენებების დროს და, ასევე, კინოთეატრ „აპოლოში“ საფესტივალო დღეებში, პირველ ორ სეანსზე. „აპოლოში“ ნაშუადღევს ოთხ საათიდან გაიყიდება ბილეთები, რაც, ფესტივალის განცხადებით, „აპოლოს“ ონლაინ სისტემის გამოყენების ღირებულებაა. ბილეთის ფასია 3 ლარი თითო კინოსეანსზე.

______________

მთავარ ფოტოზე: კადრი ალექსანდრე კობერიძის ფილმიდან „რას ვხედავთ როცა ცას ვუყურებთ?“

7:3 – „დინამო ბათუმმა“ გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა „ლოკომოტივი“

დღეს, 16 სექტემბერს, „დინამო ბათუმმა“ „ლოკომოტივს“ მოუგო ანგარიშით 7:3. შეხვედრა ბათუმში გაიმართა.

დღევანდელ შეხვედრაში „ლოკომოტივის“ კარში 2-2 გოლი გაიტანეს „დინამოელებმა“ ჯიღაურმა და ფანცულაიამ, თითო გოლი – გაფრინდაშვილმა, ნავალოვსკიმ და აზაროვმა.

კორონავირუსის პანდემიისას დაწესებული შეზღუდვების გამო შეხვედრას დღეს მაყურებელი არ ესწრებოდა სტადიონზე.

ამ დროისათვის „დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეშია.

_____________

ფოტოზე: კადრი მატჩიდან

ვარდმანიძე და ანზორ ბოლქვაძე სკამზე დამდგარი უკრავდნენ სააკაშვილს ტაშს – კანდიდატი ხელვაჩაურში

მიშა ბოლქვაძე ხელვაჩაურს მერობის კანდიდატია ოპოზიციური ერთობიდან. ბოლქვაძემ ხელვაჩაურის საკრებულო სამი თვის წინ პროტესტით ნიშნად დატოვა, რადგან ამბობს, რომ დღეს თვითმმართველი ორგანო დამოუკიდებელი არ არის. ის ერთადერთი კანდიდატია ოპოზიციიდან რეგიონში, ვისაც უკვე ჩამოუხიეს 6 საარჩევნო ბანერი. როგორ ხედავს ხელვაჩაურის განვითარებას და რას ჰპირდება ამომრჩეველს, ამ თემაზე საუბრობს ის „ბათუმელებთან“.

  • ბატონო მიშა, როგორ წარმოგიდგენიათ ხელვაჩაური თქვენი მერობის პირობებში, თუკი გაიმარჯვებთ?

პირველ რიგში, ამ არჩევნებზე ადამიანებმა უნდა გააკეთონ არჩევანი, უნდათ თუ არა ეს ქვეყანა დარჩეს იმ მდგომარეობაში, რაშიც დღეს არის, უნდათ თუ არა, რომ ჩვენი შვილები, მოხუცები თუ ახალგაზრდები ცხოვრობდნენ იმ სიღარიბეში, რომელშიც არიან, უნდათ თუ არა, რომ ქვეყნის ვექტორი რუსეთისკენ იყოს მიმართული და გაზრდილი კრიმინალის პირობებში იცხოვრონ.

ადამიანებმა მიშა ბოლქვაძის ხათრით კი არ უნდა გააკეთონ არჩევანი, არამედ საკუთარი შვილების, ქვეყნის უკეთესი მომავლის გამო.

რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, აქ დღეს გამეფებულია კორუფცია, როგორც მთელ ქვეყანაში. 18 მილიონია ბიუჯეტიდან დახარჯული და პანდემიის პირობებშიც კი მოსახლეობას წყალი არ აქვს. რიჟვაძის კაბინეტთან აქციას რომ ვმართავდით, სამ თვეში მოვაგვარებთ მაგ პრობლემასო გვითხრა და სამი წელი გავიდა, წყალი ისევ არ არის.

  • როგორ ფიქრობთ, სად და რაში დაიხარჯა 18 მილიონი? თქვენ ხომ საკრებულოში იყავით, ხომ არ გაგირკვევიათ?

კაცმა (ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე) მილიონიანი სახლი აიშენა. წესით, ამის მერე აღარ უნდა გაგვიჩნდეს ეს კითხვა, სად წავიდა.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ ვარდმანიძემ ამ ფულით აიშენა სახლი?

ახალსოფელში სკვერი უნდა გაკეთებულიყო, 110 ათასი ლარი ჩაურიცხეს კომპანიას და ნახევარი სამუშაოც არ აქვს შესრულებული. რაც გააკეთა, ისიც უხარისხოა. ასე ურიგდებიან კომპანიებს და ეს ფული მერიის მაღალჩინოსნების ჯიბეებში მიდის. ასეთივე მდგომარეობაა ატრაქციონების, სკოლების, ამბულატორიების და თითქმის ყველა სხვა სამუშაოზე. მაშინ, როცა ბიუჯეტიდან სარგებელი მოსახლეობამ უნდა ნახოს და არა ჩინოვნიკებმა.

სწორედ ამიტომ დავტოვე საკრებულო სამი თვის წინ, რადგან ოპოზიციის არც ერთი ინიციატივა, წინადადება არ იყო გათვალისწინებული. თუმცა ვიცი ხელვაჩაურის ყველა სოფელი, ყველა სახლი და ყველა ოჯახის პრობლემას ვიცნობ. როგორც დღეს დავდივარ კარდაკარ, ასე ვაპირებ ამის გაგრძელებას გამარჯვების შემდეგაც.

ის კი არ მინდა, რომ პარტიამ, ვარშალომიძემ ან სააკაშვილმა მეხვეწოს კანდიდატად წავიდე, მინდა ხალხმა მომითხოვოს და ჩემს გუნდთან ერთად ვაკეთო ხალხის საქმე.

ჯუმბერ ვარდმანიძის მსგავსად ვერ გავიპარები უკანა კარიდან. ან ისე ვერ ვიქნები, დღეს რომ მერობის კანდიდატი ჰყავს „ოცნებას“ ზაზა დიასამიძე, მოსახლეობაში ვერ გადის და ვერ ხვდება, რადგან ეს ადამიანი პოლიციის უფროსი იყო 3 წელი და სადაც აქციები და პროტესტი გვქონდა, ხალხის გვერდზე კი არ იდგა, ჯუმბერ ვარდმანიძეს აფარებდა ხელს. ეს ადამიანი იქნება თანამონაწილე ამ ყველაფრის და გამგრძელებელი, რაც ხდება დღეს, ის ვერაფერს შესთავაზებს ახალს ხალხს. ჩემი მიზანია, რომ დავასრულოთ კორუფცია.

გახსოვთ ალბათ, პანდემიის დროს პიკაპები რომ შეისყიდეს. ეს მაშინ, როცა პანდემიის დროს ბიუჯეტი შეამცირეს და მეწყრისგან დამცავი კედლების მშენებლობის თანხაც კი ამოიღეს ბიუჯეტიდან. ამ პიკაპებით „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები და თორნიკე რიჟვაძის ბიძაშვილი დადის. როცა ჩვენ ეს ამბავი გავაპროტესტეთ, ბიძაშვილმა რიჟვაძემ შუათითი გვაჩვენა.

ის უბედურება და ტრაგედია იმიტომ მოხდა ჯოჭოში, რომ ადამიანები წლების განმავლობაში ითხოვდნენ დახმარებას, გეოლოგიური დასკვნით დადიოდნენ მერიაში და არავინ აქცევდა ყურადღებას. იგივე რომ არ განმეორდეს, ამ პრობლემებისთვის უნდა გამოიყოს ბიუჯეტი და არა იმისთვის, რომ ჩინოვნიკები „დაგულაობდნენ“ მანქანებით.

  • თქვენ როგორ გამოასწორებთ ამ სიტუაციას, რა გეგმა გაქვთ?

20 მილიონამდე გვაქვს ბიუჯეტი და როცა ტენდერი გამოცხადდება და სამუშაოები დაიწყება, ვერავინ გაბედავს უხარისხოდ რაიმე გააკეთოს. ვარდმანიძე, ვარშანიძე და ანზორ ბოლქვაძე, რომლებიც დღეს მე მელაპარაკებიან ცხრაწლიან რეჟიმზე, სკამზე დამდგარი უკრავდნენ ბოლო წუთამდე სააკაშვილს ტაშს. იმ დროს დაიგო ახალშენში გზა, განათდა სოფლები, დღეს კი ეს სინათლის ბოძები წაქცეულია და სოფლები ჩაბნელებული.

ჩვენ საკრებულო ხელის ასაწევ-დასაწევად კი არ გვჭირდება, არამედ ინიციატივებისთვის.

  • ძლიერი თვითმმართველობა არც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ყოფილა. რა გარანტია არსებობს, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი მერი იქნებით?

თუ არ იყო, იმიტომ გადაირჩიეს 2012 წელს, მაგრამ ახლა გვაქვს უარესობა. ჩვენ იმ შეცდომებზე ვისწავლეთ, „ოცნებამ“ კი ვერც თავის შეცდომებზე ისწავლა რამე. რა უნდა მოხდეს, რომ ამ გზით არ გავაგრძელო მომავალშიც.

  • ხელვაჩაურში საკმაოდ მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა, მაღალია ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელიც, რა ხედვები გაქვთ ამ მიმართულებით?

ეკოლოგიური კუთხით კატასტროფაა. ამ წყალდიდობებზე მე ვიყავი ბევრ ოჯახში ვინც დაზარალდა წყალდიდობებისგან. ეს ყველაფერი გამოწვეულია ინერტული მასალების უკანონო მოპოვებით მდინარეებში.

ჯუმბერ ვარდმანიძისა და ნადიმ ვარშანიძის ხელწერებით 16 კომპანიაზე გაიცა თევზსაჭერი მეურნეობების გაკეთებისთვის ნებართვა, თუმცა აქედან არცერთ კომპანიას მსგავსი არაფერი გაუკეთებია და ყველა, მდინარიდან ინერტული მასალის ამოღებითაა დაკავებული. მახოს ხიდიდან კარგად ჩანს რამდენი ბალასტი, ქვიშა და ღორღი ამოაქვთ ყოველდღე მდინარიდან. აქედან მიდის წილები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან.

ერგეში, მახოში ამის გამო დატბორილია ხალხის ყანები, სადაც სიმინდი და თამბაქო აქვთ დარგული.

აჭარის რეგიონში ერთადერთი სამრეწველო ზონა ხელვაჩაურშია. სააკაშვილის დროს ეს ტერიტორია მოექცა ბათუმის საზღვრებში და იყო ამ ნაწილის განვითარების გეგმაც, თუმცა ყველაფერი ძველ მდგომარეობაშია. ასფალტიც კი ვერ დააგეს გზაზე რომ ინვესტორი შემოვიდეს.

  • რეკრეაციულ ზონებზე რას ფიქრობთ, როგორ და სად შეიძლება გაკეთდეს ხელვაჩაურში?

მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახლის პარკის განვითარების გეგმა ადრეც გვქონდა, ახალსოფლის ხიდი უნდა გაკეთებულიყო და დღემდე ისევ ისეა. როცა ფერიის მთაზე საბაგიროს გაკეთება დაიწყო, იძახდნენ „რას ებლაყუნებიან, მანდ ვინ ავაო“. ახლა 30 ლარი ღირს ბილეთი. ასეთი პროექტები გვაქვს ხელვაჩაურთან დაკავშირებითაც.

შეგვიძლია მახოს ხიდის გასწვრივ [დასახლება – თხილნარი, ომბოლო, ჭარნალი, ახალსოფელი], საკრუიზო გემებისთვის ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ. გვინდა, რომ მდინარე ჭოროხი სადაც უერთდება ზღვას, იქედან გაკეთდეს ინფრასტრუქტურა გემებისთვის, რომ მახოს ხიდამდე შეძლონ შემოსვლა.

  • თქვენ თქვით, რომ ხელვაჩაურის თვითმმართველობაში კორუფცია ყვავის, თქვენი ქონება როგორ გამოიყურება დღეს, თქვენ არ გექნებათ მილიონიანი სახლის აშენების სურვილი?

მამაჩემი არის მოზაიკის ხელოსანი, გვაქვს სამსართულიანი სახლი, რომელიც მისი და ჩემი შრომით ავაშენეთ. აჭარელი კაცი ხომ იცი, აშენებს და აშენებს, ასე გამოგვივიდა სამი სართული. ვფიქრობ, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ. რაც შეეხება ცდუნებას, ცდუნება არის ადამიანზე დამოკიდებული, თუ ჩვენ გვინდა, რომ შევცდეთ შევცდებით, თუ არ გვინდა, არა.

იმის შიშიც იქნება სახელმწიფოში, რომ ვინც დააშავებს, პასუხი აგოს და არცერთმა საჯარო მოხელემ არ აიღოს ქრთამი.

დაცვის სამსახურშიც მიმუშავია და 1200 ლარადაც მირჩენია ოჯახი, იყო შემოთავაზებებიც, მაგრამ არასდროს წავსულვარ ამაზე. არ გავიფუჭებ თავს. ჩემი პროგრამით, ჩემს გუნდთან ერთად ვაპირებ, რომ ჩემი მერობის პერიოდში დავტოვო სახელი, რომლისაც ჩემს შვილებს არ შერცხვებათ.

  • მგონი ამ არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი ხართ რეგიონში, ვისაც ბანერებს უხევენ. ვინ ჩამოხია ხომ არ გაქვთ ინფორმაცია?

უკვე 6 ბანერი დამიხიეს. გუშინ სოფლის შემოსასვლელში დამხვდა კიდევ ერთი ჩამოხეული ბანერი. თვალები და პირი იყო ამოჭრილი და ძირს დაგდებული. არ განვაცხადე პოლიციაში, რადგან აზრი არ აქვს. დამკითხავენ, თანამიგრძნობენ და ამბობენ, „რა ვქნათ“.

ვიდეოთვალები გადავამოწმე და ვიცი ვინც ჩამოხია, რიჟვაძეების მოგზავნილია. ეს ყველამ იცის სოფელში. ვიდეოში ჩანდა ეს ადამიანი. ეს არ არის ხალხისთვის მისაღები პოლიტიკა. ვფიქრობ, რომ მენდობა ხალხი. გადახედეთ ცესკოს მონაცემებს, ახალშენში „ქართულ ოცნებას“ არასდროს მოუგია, ყოველთვის ვუგებდი „ოცნებას“. ახლა ეშინიათ, რომ ხელვაჩაურსაც მოვუგებ.

ვინ არიან ქობულეთის მერობის კანდიდატები

ქობულეთს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის 3 კანდიდატი ჰყავს. აქ საკუთარი კანდიდატის გამარჯვებისთვის იბრძვის 3 პოლიტიკური პარტია: ოპოზიციური გაერთიანება, რომელშიც შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები; „ქართული ოცნება “ და „გახარია – საქართველოსთვის“.

ვინ არიან ქობულეთის მერობის კანდიდატები? – „ბათუმელები“ მათ ვინაობას გაგაცნობთ.

კანდიდატების ჩამონათვალი მოცემულია საარჩევნო ნომრის მიხედვით.

  • ბონდო თედორაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ [საარჩევნო ნომერი 5]
ბონდო თედორაძე

ბონდო თედორაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. 2014 წლიდან იგი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორი მოწვევის საკრებულოს წევრი და საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა.

ბონდო თედორაძე 2009-2012 წლებში მუშაობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურში, 2012-2013 წლებში იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული განყოფილების უფროსი, 2012 წლიდან კი ჩაერთო სამოქალაქო აქტივობებში.

იგი 2013 წლიდან არის არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ აქტივისტი.

  • ირაკლი ბერიძე – „გახარია – საქართველოსთვის“ [საარჩევნო ნომერი 25]
ირაკლი ბერიძე

ირაკლი ბერიძეს იურიდიული და აგროტექნოლოგიური განათლება აქვს. 2008-2010 წლებში იგი ქობულეთის საკრებულოს იურისტი იყო, 2010 – 2019 წლებში კი ქობულეთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე.

აქვს კერძო კომპანიებში მუშაობის გამოცდილებაც. 

2019 წლის 6 აგვისტოდან დღემდე ირაკლი ბერიძე შპს „საფეხბურთო კლუბი „შუქურას“ დირექტორია. ამ კლუბის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა.

  • ლევან ზოიძე – „ქართული ოცნება“ [საარჩევნო ნომერი 41]

ლევან ზოიძე პროფესიით იურისტია. 2013-2017 წლებში იგი ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობდა კოორდინატორად, უმუშავია კერძო კომპანიებშიც.

ლევან ზოიძე ამ დრომდე ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის მოადგილეა. ამ პოსტზე იგი 2019 წლის თებერვალში დაინიშნა.

„ოცნების“ მერობის კანდიდატის ოჯახი მმართველ პარტიასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ლევან ზოიძის მამა, ავთანდილ ზოიძე, ქობულეთის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. ლევან ზოიძის და – თინა ზოიძე კი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსია.

ბათუმის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ლანა ღოღობერიძე იქნება

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრების ვინაობა უკვე ცნობილია.

კინოფესტივალს, საკონკურსო სექციების მიხედვით, სულ ოთხი ჟიური ეყოლება, – მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმების და კინოკრიტიკოსთა ჟიური.

მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე წელსაც ლანა ღოღობერიძე იქნება. ჟიურის წევრები არიან: ნინო მხეიძე, გოგი გვახარია, ქეთი მაჭავარიანი და ირინა გორდიჩუკი (უკრაინა).

მხატვრულ ფილმებს ასევე შეაფასებს კინოკრიტიკოსთა ჟიური, რომლის წევრებიც არიან: თეო ხატიაშვილი, ნინო ჩიმაკაძე და დათო ტურაშვილი.

დოკუმენტური ფილმების კონკურსს შეაფასებს ჟიური შემდეგი შემადგენლობით: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი – ჟიურის თავმჯდომარე, ანჟეი სლოვიცკი (გერმანია), ევგენია ოსტანინა (რუსეთი).

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ჟიურის წევრები არიან: დათო ჯანელიძე (ჟიურის თავმჯდომარე), კოტე ჩლაიძე და შოთა გუჯაბიძე.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 18-24 სექტემბერს გაიმართება კინოთეატრ „აპოლოში“.

კინოსეანსებზე დასწრება შესაძლებელი იქნება პირბადით მათთვის, ვინც აცრილია კოვიდზე, ან უახლოეს პერიოდში აქვს გადატანილი კორონავირუსი, ან წარმოადგენს PCR ტესტის უარყოფით პასუხს.

აღნიშნულიდან ერთ-ერთი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოთ კინოსეანსზე შესვლის წინ (ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით მობილურ ტელეფონში) – წინააღმდეგ შემთხვევაში კინოსეანსს ვერ დაესწრებით და არც შეძენილი ბილეთი დაგიბრუნდებათ უკან.

წელს ფესტივალის  სეანსების გარკვეული ნაწილი იქნება ფასიანი. უფასო/თავისუფალი დასწრება შესაძლებელია ევროპის მოედანზე, ღია ჩვენებების დროს და, ასევე, კინოთეატრ „აპოლოში“ საფესტივალო დღეებში, პირველ ორ სეანსზე. „აპოლოში“ ნაშუადღევს ოთხი საათიდან  გაიყიდება ბილეთები, რაც, ფესტივალის განცხადებით, „აპოლოს“ ონლაინსისტემის გამოყენების ღირებულებაა. ბილეთის  ფასია 3 ლარი თითო კინოსეანსზე.

ვრცლად ამ თემაზე: 

როგორ ჩატარდება წელს ბათუმის კინოფესტივალი | ინტერვიუ

„ასლან აბაშიძე მაქებდა, ასეთი მინისტრი უნდა იყოთო“ – გახარიას მერობის კანდიდატი შუახევში

მიგრაციას და შობადობის შემცირებას ასახელებს მთავარ პრობლემად შალვა გოგიტიძე შუახევში. ის პარტიის „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატია და არ მალავს, რომ „ქართული ოცნებიდან“ მას შემდეგ წავიდა ოპოზიციაში, როცა დაპირებული თანამდებობა ვერ მიიღო.

შალვა გოგიტიძე გახარიას პარტიაში შესვლამდე შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანაშემწედ მუშაობდა. წლების წინ კი ასლან აბაშიძის მთავრობაში ერთ-ერთი მინისტრი იყო.

  • ბატონო შალვა, თქვენი აზრით, რა არის შუახევის მთავარი პრობლემა დღეს? 

მთავარი პრობლემა მიგრაციაა. მთები იცლება, კაცი აღარ არის, ვინც ყანას და ბოსტანს დაამუშავებს, ვინც პირუტყვს შეინახავს. იყო დრო, როცა აქ 2 ათასი სული პირუტყვი იყო. შობადობა აღარ არის, რადგან რეპროდუქციული ასაკის ახალგაზრდობა წასულია. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელზეც დამოკიდებულია ქართველი ხალხის გადარჩენა, გამრავლება და სოფლის შენარჩუნება.

  • შუახევის მერს რა გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, რაც ამ მოცემულობას შეცვლის? 

კომპლექსური მიდგომაა საჭირო და კონკრეტული კანონმდებლობაა მისაღები. მთაში ადამიანი რომ იცხოვრებს, მას ელექტროენერგიაც უფასოდ უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს, როცა ჰესია შენს რაიონში. მშობიარობა უნდა იყოს უფასო და დეკრეტული შვებულება ერთი წელი უნდა იყოს. ქორწინების რეგისტრაციაც უფასო უნდა იყოს. ასევე შობადობაზე უნდა იყოს დაჯილდოება.

  • ადგილობრივ დონეზე თქვენ რას გადაწყვეტდით? 

გზა, განათება, მედიცინის საკითხები – ეს სჭირდება ადგილზე ადამიანს. ის, რაც მერიის მიერ არის გადასაწყვეტი, ბევრი არაფერია.

  • ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებებს დაელოდებით? 

ასე არ უნდა იყოს. იყო დრო, როცა შუახევს მილიონიანი კოლმეურნეობა ჰქონდა, 9-დან 5 კოლმეურნეობა მეთამბაქოების კუთხით. მაშინ სულ 6 ათასი ტონა მოდიოდა აჭარაში, 2 ათას ტონამდე თამბაქო კი, მარტო შუახევში მოდიოდა.

ჩვენი როლი უნდა იყოს ის, რომ დავაინტერესოთ ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე ხელისუფლება, რომ არ მოხდეს ამ ბიზნესის შეფერხება.

ერთხელ მქონდა საუბარი სოფლის მეურნეობის მინისტრთან იმაზე, თუ რატომ არ ინტერესდება ქვეყანა თამბაქოს განვითარებით. მითხრა, მსოფლიო ბანკი უარს გვეუბნება და გვიკრძალავსო. მე ვიცი, რომ თუ მერი ვიქნები, აუცილებლად დავინტერესდები ამ საკითხით.

წლების წინ აქ იყო წვენების საწარმოები, კურკოვნებიც ბარდებოდა. თითო სოფელზე 300 ტონამდე იყო გეგმა და ეს სრულდებოდა. ახლა ტონობით ხილი ლპება და კაციშვილი არაა მიმღები.

  • დღეს შუახევის მერია ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას? თქვენ მერის თანაშემწედ მუშაობდით მიმდინარე წელს.

დიახ, მხოლოდ სამი თვე ვიმუშავე თანაშემწედ… იყო, მაგალითად, საუბარი, რომ ერთ ლარად მიეყიდათ მიწის ნაკვეთი, რომ იქ საწარმო მოწყობილიყო და არ გამოვიდა. მე ახლა მაგ დეტალებს ვერ გავარკვევ.

  • რას ფიქრობთ მუნიციპალურ ქონებაზე? როგორ წარმოგიდგენიათ შუახევში მდებარე ქონებისგან მიღებული სარგებელი უშუალოდ აისახოს შუახევის ბიუჯეტში? 

არ დავინტერესებულვარ ამ თემით, რომ არ მოვიტყუო. მე სხვა თემაზე ვიფიქრე. მაგალითად, ქედაში შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გრანტებს გასცემს, გადიან სოფლებში, ხალხს ხვდებიან და პროექტების წარმოდგენას სთხოვენ. ვფიქრობ, რომ იგივე გაკეთდეს შუახევში, რომ ახალგაზრდები არ გაიქცნენ სოფლიდან.

ასევე ვფიქრობ, რომ უნდა გაიცეს დაფინანსება სტარტაპებზე. ვიცი თურქეთის მაგალითი და ვინც არ უნდა მითხრას, რომ ეს არასწორია, ვიცი, რომ ეს სწორია. იქ ვისაც სურს, რომ, მაგალითად, მოაწყოს ხეხილის ბაღი, შეაქვს განაცხადი ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობასთან და გარკვეულ ოდენობას თავად სახელმწიფო აფინანსებს, არ ახდევინებს არავითარ პროცენტს, მაგრამ აკონტროლებენ, როგორ განვითარდება ბიზნესი. თანხის დაბრუნებას მხოლოდ წლების შემდეგ სთხოვენ, როცა ფერმერს ამონაგები აქვს.

ჩვენთან პრობლემაა ის, რომ ფული არასწორად იხარჯება. მაგალითად, სოფელ ფურტიოში წყლის აუზი ჩამოასხეს დეკემბერში და საცერივით გამოუშვა წყალი, არ მუშაობს დღეს ეს აუზი. როგორ შეიძლება დეკემბრის ყინვაში ჩამოასხა აუზი?

  • თქვენ რა დრო დაგჭირდებათ შუახევის სოფლებში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად და რამდენი თანხაა ამისთვის საჭირო? 

სპეციალისტებს არ დავლაპარაკებივარ. როცა ვიქნები, მაშინ გავარკვევ ასპროცენტიანად, ახლა ცოტა სასაცილოა, ეს რომ გავარკვიო.

  • სასაცილოა, თუკი მომზადებული იქნებით და ამომრჩეველს კონკრეტული ციფრებით დაელაპარაკებით? 

ვარ მომზადებული, მაგრამ სიზუსტეა საჭირო… რეალურად რაც დაიხარჯა უკვე წყლებზე, იმის მეათედი არ სჭირდება ამ პრობლემის მოგვარებას. იმის თქმა მინდა, რომ თანხის პრობლემა არ არის. თუ მოინდომებს მერია საქმის გაკეთებას, შესაძლებელია სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება.

  • მერის თანაშემწედ როცა მუშაობდით, სცადეთ რაიმეს შეცვლა ამ კუთხით? 

მე გულწრფელად გეტყვით, რომ სხვაგან უნდა დავსაქმებულიყავი, ვერ დავსაქმდი და შემდეგ ხელშეკრულებით ამიყვანეს მერის თანაშემწედ. ისეთი ხელფასი მქონდა, დაახლოებით დაცვის თანამშრომელს რაც აქვს. მე ისეთი არაფერი დავალება არ მიმიღია მერისგან.

მე ჩემი სურვილით წამოვედი, რადგან შეურაცხყოფილი ვიყავი, არც ერთ თათბირზე არ მისწრებდა ბატონი ომარი [ომარ ტაკიძე – შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი]. თვითონ მითხრა, შეგიძლია, როცა გინდა მაშინ მოხვიდე და წახვიდეო. მე კიდევ ასეთ საქმეს მიჩვეული არ ვარ. თითქმის ყველა დღე დავდიოდი, მაგრამ უფუნქციოდ ვიყავი მთელი დღე. არადა, ჩემზე უკეთესი მხარდამჭერი ხელისუფლებას არ ჰყავდა. ნებისმიერ არჩევნებზე ვიცავდი და გვერდზე ვედექი, ვიცავდი თავგამოდებით.

  • კარგი თანამდებობა ვერ მიიღეთ და ამის გამო დატოვეთ „ქართული ოცნება“? 

რატომ ფიქრობთ ასე? ღირებულებები არ არის ეს? მე მტკივა ჩემი ქვეყანა და მაქვს სუფთა წარსული. ვეუბნებოდი, დამიყენეთ გვერდში-მეთქი. ვინმეს არ უთქვამს, დამეხმარეო ან რამე. იყო მესიჯები, მე მაგას ვერ წავიყვან, მერე მინისტრობას მომთხოვს და მინისტრად ვერ დავნიშნავო.

ვიდრე წამოვიდოდი, ფრიდონ ფუტკარაძეს [შუახევის, ხულოს, ქედის და ხელვაჩაურის დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში] ვესაუბრე, საკრებულოში ვიყრი კენჭს, არ გინდათ ჭკვიანი დეპუტატი-მეთქი? ერთ კომისიას ვუხელმძღვანელებდი და უარი მივიღე ფრიდონისგან, ადგილობრივ დონეზე დაწინაურებაზეც უარი თქვა.

მერე მერის მოვალეობის შემსრულებელმა მითხრა, ამ არჩევნებზეც დაგვიდექი გვერდით და არჩევნების მერე გათვალისწინებული იქნება თქვენი დანიშვნაო. მე ვუთხარი ის, რაც უნდა მეთქვა. დასაქმებული ჰყავთ ყველგან არაპროფესიონალი კადრები და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ-მეთქი.

  • არჩევნებში რა ფორმით ეხმარებოდით „ქართულ ოცნებას“? 

როცა სჭირდებოდათ, მსვამდნენ მობილურ ჯგუფში, განსაკუთრებული არაფერი… მე მომწონდა გახარია, როგორც პრემიერი, მისი ნიჭი და კრიზისების მართვა. ამიტომაც, ახლა მის გუნდში ვარ.

  • ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს თქვენ ერთ-ერთი მინისტრი იყავით. საინტერესოა, გადააფასეთ თუ არა ეს პერიოდი?

მაშინ სიმკაცრე იყო ძალიან და დამოკიდებულება ქვეშევრდომებისადმი. მე ეს სიმკაცრე მომწონდა. ბატონ ასლანს უთქვამს კიდეც სხდომათა დარბაზში ჩემზე: მინისტრი უნდა იყოს ასეთიო.

რაც იყო ჩემი საქმე, ლტოლვილები, განსახლება, ვიყავი სრული თავისუფალი, თუ რამეს ვერ გადავწყვეტდი, ზემდგომი სამინისტროსგანაც ვიღებდი დახმარებას, ხელშეწყობა მქონდა.

  • მინისტრობის დროს გაგიპროტესტებიათ რამე? ან ახლა ნანობთ, რომ ეს ვერ მოახერხეთ? 

არა, ძალიან ისე მეჩვენება ეგ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი წარმატებით და სხვა საქმიანობაზე მას როგორ დავუსვამდი კრიტიკულ კითხვას, როგორ წარმოგიდგენიათ?

  • ცნობილია, რომ ეს იყო დანაშაულებრივი და სეპარატისტული რეჟიმი…

მე მაგას არ ვეთანხები, რომ ეს იყო დანაშაულებრივი რეჟიმი. ვიცი ის, რომ ჩემს საქმეში ვიყავი თავისუფალი და ამას ბრწყინვალედ ვართმევდი თავს. როცა რაღაც არ მომეწონა, წამოვედი.

რა არ მომეწონა და ერთხელ მე და მთავრობის თავმჯდომარეს მიტანილი ამბის გამო გაგვიბრაზდა. იმ დღეს ბაირამი იყო და მეჩეთის წარმომადგენლები ჰყავდა სტუმრად. ერთ-ერთს დახმარება უთხოვია. მას უთხრეს, რომ თითქოს მე არ მოვაგვარე პრობლემა, არადა, თვეში 20 დღე გარეთ ვიყავი, სულ ხალხს ვხდებოდი და პრობლემებს ვაგვარებდი, ტელევიზიებით დავდიოდი…

——————————————-

ამავე თემაზე:

ინტერვიუ „ოპოზიციური ერთობის“ შუახევის მერობის კანდიდატთან, შეგიძლიათ ნახოთ აქ:

„ჩახედული არ ვარ“ – შუახევში ოპოზიციური ერთობის მერობის კანდადატი სოფლებში უწყლობაზე

 

შსს: „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე დაკავებულია 11 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე გორსა და ხაშურში 11 პირი დააკავეს, 4 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით.

„დაკავებული არიან: 1985 წელს დაბადებული შ.მ., 1988 წელს დაბადებული ნ. მ. (მეტსახელად „რიჟოვიჩი“), 1963 წელს დაბადებული კ. ნ., 1964 წელს დაბადებული ბ. გ. (მეტსახელად „პაპლიკა“), 1987 წელს დაბადებული ა. ც. (მეტსახელად „მღვდელოვიჩი“), 1990 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად „წერტილა“), 2002 წელს დაბადებული ო. მ. (მეტსახელად „ომო“), 1999 წელს დაბადებული ბ. მ., 1974 წელს დაბადებული გ. გ., 1972 წელს დაბადებული ზ. ნ. და 1996 წელს დაბადებული ბ. ა.

ამავე დანაშაულებისთვის ბრალი წარედგინებათ: 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს (მეტსახელად „ბოთე“), 1983 წელს დაბადებულ მ.მ.-ს (მეტსახელად „ჩაინიკა“), 1998 წელს დაბადებულ პ.ბ.-ს (მეტსახელად „პაწე“) და 1989 წელს დაბადებულ შ. ქ.-ს (მეტსახელად „ტყუპა“)“ – აცხადებს შს სამინისტრო.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში:

„კერძოდ, ისინი სისტემატურად მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და ე.წ. კანონიერი ქურდების დავალებით, „ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად და მატერიალური სარგებლის მისაღებად, მოქალაქეებს ფულს და ძვირადღირებულ ავტომანქანებს ართმევდნენ.

ბრალდებულები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, უცხოეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის – „ტერტერას“ დავალებით, არაერთ საქმეში ჩაერთნენ. „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ბრალდებულები ფინანსურ დავებს „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად წყვეტდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.

გარდა ამისა, ბრალდებულებმა – „ქურდული სამყაროს“ წევრებმა, ე.წ. კანონიერი ქურდის – „ტერტერას“ დავალებით, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრს – მეტსახელად „ჩაინიკას“ თავისი კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. მოგვიანებით კი, აღნიშნული მანქანის დაბრუნების მიზნით, „ქურდული გარჩევა“ მოეწყო, რომელშიც „ქურდული სამყაროს“ წევრი მეტსახელად -„რიჟოვიჩი“ მონაწილეობდა. „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ავტომანქანა „ჩაინიკას“ დაუბრუნდა. აღნიშნულმა პირებმა ასევე კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც „ქურდული გარჩევის“ შემდეგ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაუბრუნეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. ასევე, ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა და 15 ათასი დოლარი, „მაგნუმის“ და „კოლტის“ სისტემის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანჟილეტი და საბრძოლო ვაზნები“  – იუწყება შსს.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუსი აღკვეთავს – ღარიბაშვილი „ფაილების საქმეზე“

დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა სავარაუდოდ სუსის მიერ მომზადებულ ფაილებზე დაუსვეს კიდევ ერთხელ შეკითხვა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს ამბავი ქვეყნის იმიჯს აზიანებს და „ყველაფერი გაირკვევა“.

„ქვეყანას აზიანებს მთელი ეს აჟიოტაჟი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით არის შექმნილი – არჩევნებისთვის.

ჯერ ერთი ეს უნდა დამტკიცდეს, დადგინდეს, ვინ უსმენდა, როგორ უსმენდა, უსმენდა თუ არა,“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვას, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ფაილების გავრცელება, ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:

„ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ამის მოსმენის საშუალება და ძალიან ბევრ ქვეყანას, ასე რომ… სუსი, რა თქმა უნდა, აღკვეთავს და ეს გამოძიებაც… ყველაფერი გაირკვევა.

არჩევნები ძალიან მალე დასრულდება, ჩვენ კარგად გვესმის, რომ მთელი ეს ბოდიში და კამპანია, ძალიან მძიმე კამპანია, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის და მთავრობის წინააღმდეგ, ახლა უკვე დიპლომატების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვიწრო პოლიტიკური პარტიის ინტერესს ემსახურება და კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ამ ადამიანებს ქვეყანა არ უყვართ. რადგან თუ გიყვარს და უფრთხილდები ქვეყანას, რაღაც ორი კვირის გამო არ უნდა დააზიანო ქვეყნის იმიჯი და ინტერესები,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

_____________

რა ხდება? 

13 სექტემბერს საქართველოში მედიასაშუალებებმა მიიღეს ბმული ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით – „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

ბმულზე ათასობით ფაილია, რომლებშიც მოცემულია პირადი ინფორმაცია მართლმადიდებელი სასულიერო და სამოქალაქო პირების საჯარო და პირადი ცხოვრების, სექსუალური კავშირების შესახებ. ინფორმაციას თან ერთვის ფოტოები, პირადი ნომრები, ტელეფონის ნომრები.

სისტემურობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ფაილები, სავარაუდოდ, სუსიდან არის გაჟონილი და 2014 წლიდან 2021 წლის ჩათვლით თარიღდება.

ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის, საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

ტრაილერების მძღოლების ნაწილს გადაზიდვების ნებართვა ისევ არ მისცეს

„ნებართვები გაიცა, მაგრამ მცირე რაოდენობით. რეალურად ისევ რიგშია ხალხი,“ – ამბობს ანზორ დავითაძე, რომლის კომპანიაც 7 ტრაილერს ფლობს. ტრაილერის მძღოლები 10 სექტემბრის აქციაზე ბათუმში ნებართვებს ითხოვდნენ, რაც ტვირთის უცხო ქვეყანაში გადატანისთვისაა საჭირო.

მძღოლების აქციაზე 4 პირი დააკავეს. 10 სექტემბერს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ნებართვები ორშაბათიდან ანუ 13 სექტემბრიდან გაიცემოდა. აქცია იმ პირობით დაიშალა, რომ მძღოლები საჭირო ნებართვებს მიიღებდნენ.

ანზორ დავითაძე, რომელსაც „ბათუმელები“ დღეს, 16 სექტემბერს ესაუბრა, ამბობს, რომ 7 ტრაილერიდან 3 სატვირთოზე მიიღო ტვირთის თურქეთში გადატანის ნებართვა.

„ასეა სხვებიც. გაიცა მხოლოდ თურქეთში ტვირთის გადატანის ნებართვა. საუბარი არაა მესამე ქვეყანაში ტვირთის გადატანის ნებართვაზე, რაც არ გაცემულა და ყველაზე მეტად გვჭირდება. დაგვპირდნენ, რომ 20 სექტემბრისთვის იქნება ნებართვები და ახლა ამ თარიღს ველოდებით,“ – ამბობს ანზორ დავითაძე.

10 სექტემბრის აქციაზე დაკავებული 4 მძღოლი აქციის დაშლის შემდეგ გაათავისუფლეს.

„გვითხრეს კიდეც, რომ თუ დავიშლებოდით, მაშინ გაუშვებდნენ მძღოლებს…“, – დასძინა ანზორ დავითაძემ.

__

მთავარი ფოტო: სატვირთო ავტომანქანების მძღოლების აქცია ბათუმში, 10 სექტემბერი, 2021 წ. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

როგორ შევარჩიოთ საღებავი ინტერიერისა და ექსტერიერის შესაღებად

სიტყვა რემონტი რთულ და დროში გაწელილ პროცესთან ასოცირდება და ამ პროცესის წარმატებით დასრულება მხოლოდ ხელოსნების ოსტატობაზე არ არის დამოკიდებული. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მასალების ხარისხს და მათ სწორად შერჩევას. მაგალითად, ლაქ-საღებავების მწარმოებლები უზარმაზარ ასორტიმენტს გვთავაზობენ და ამ მრავალფეროვნებაში მხოლოდ ნამდვილი პროფესიონალები არ იბნევიან.

თუმცა, თუ უფრო დაკვირვებულები ვიქნებით, აღმოვაჩენთ, რომ საღებავების მთელი ასორტიმენტის მოხერხებულად კლასიფიცირება არც ისე რთული საქმეა.

 

ახლა განვიხილოთ, ყველაზე უკეთ რომელი საღებავები გამოგადგებათ თქვენი ინტერიერისთვის.

ესენია აკრილის, ლატექსური და სილიკონის საღებავები, რომლებზეც ქვემოთ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.

როდესაც საღებავს ინტერიერის შესაღებად ყიდულობთ, აუცილებლად უნდა შეარჩიოთ იმ სერიიდან, რომელსაც აწერია „შიდა სამუშაოებისთვის“. ფასადისა და სხვა ზედაპირების საღებავები შეიძლება ზომიერად შეიცავდეს ტოქსიკურ ანტისეპტიკებს, პლასტიფიკატორებს ან გამამყარებლებს, რომლებიც დახურულ სივრცეში გაღიზიანებას ან ალერგიას იწვევს. თუ ამ შემადგენლობას აქვს „ეკოლოგიურად სუფთას“ ნიშანი, მაინც დანიშნულებისამებრ უნდა გამოიყენოთ და მხოლოდ ექსტერიერზე დაიტანოთ.

შიდა სამუშაოებისთვის, კედლებისა და ჭერის შესაღებად სხვადასხვა საღებავი არსებობს, რომლებიც უსაფრთხო კომპონენტებითაა დამზადებული. თუმცა არსებობს უნივერსალური საღებავებიც, რომლებსაც როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერზე ვიყენებთ და აბსოლუტურად უსაფრთხოა. მთავარია ეტიკეტზე იკითხებოდეს „უნივერსალური“.

შიდა სამუშაოებისთვის ორი ძირითადი საღებავია პოპულარული – წყლის ბაზაზე დამზადებული და სხვადასხვა გამხსნელის გამოყენებით წარმოებული. თუ პროფესიონალ მშენებელს ჰკითხავთ, რომელი საღებავი შეარჩიოთ ინტერიერისთვის, 99%-ის შემთხვევაში ის წყლის ბაზაზე დამზადებულს გირჩევთ.

წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავების უპირატესობა:

– სწრაფად შრება

– არ აქვს სუნი

– თავსებადია საშენი მასალების უმრავლესობასთან

როგორც მომხმარებელმა, ერთი რამ უნდა იცოდეთ – დატანილი საღებავიდან წყლის აორთქლების შემდეგ აპკწარმომქმნელი ნაწილაკები ერთმანეთს ერწყმის და საიმედო, წყალგამძლე, ძალიან თხელ, მაგრამ გამძლე ფენას ქმნის. თუ საღებავი პიგმენტებსაც შეიცავს, ისინი მოლეკულურ დონეზე ერწყმის საღებავს და ფერის სიღრმეს ქმნის.

აკრილის საღებავები

აკრილის ფისის ბაზაზე შექმნილი ინტერიერის საღებავები ერთ-ერთი უნივერსალურია და თანაც ძალიან გამძლე. ეს საღებავი კარგად უძლებს წყალს, ჭუჭყს, შესანიშნავად ირეცხება. ასეთი საღებავები მომეტებული ტენიანობის ადგილებში გამოიყენება.

ერთ-ერთი საუკეთესო საღებავი ინტერიერისთვის, თანაც აკრილის ბაზაზე, წარმოდგენილია სამშენებლო და სარემონტო მასალების მეგაცენტრ „ნოვაში “ და ეს არის Fawori-ს ნაწარმი. მეგაცენტრში  ამ ბრენდის საღებავების ფართო არჩევანია და აქვე შეგიძლიათ სასურველი ფერის მიღება მანქანურ დანადგარში, სადაც საღებავში პიგმენტი იდეალურად ზავდება. სასურველი ფერის მისაღებად, საჭიროა იგივე Fawori-ს წარმოებული პიგმენტები შეიძინოთ.

ლატექსური საღებავი

აბაზანებისა და სამზარეულოებისთვის ლატექსური საღებავი იდეალური არჩევანია. Fawori წარმოგიდგენთ აბრეშუმისებრი ფაქტურის მქრქალ ან პრიალა საღებავს, რომელიც დიდხანს უძლებს სინესტეს, წყალს. მის შემცველობაში ნატურალური ან სინთეტიკური კაუჩუკი შედის. როგორც აკრილის საღებავი, ლატექსურიც წლების განმავლობაში ინარჩუნებს ფერს.

სილიკონის საღებავები

სანამ საბოლოო არჩევანს გააკეთებდეთ, აუცილებლად უნდა გაეცნოთ საღებავების კიდევ ერთ სახეობას – სილიკონის ფისზე დამზადებულ საღებავს. ეს მასალა არის ძალიან მდგრადი, წყალგამძლე, ხანძარსაწინააღმდეგო. ამავე დროს ძალიან კარგად ატარებს ორთქლს და კედლის სუნთქვასაც არ აფერხებს.

როგორ შევარჩიოთ საღებავი კონკრეტული დანიშნულების ოთახებისთვის

სახლის ყველა ოთახი განსხვავდება დანიშნულებითა და ექსპლუატაციის პირობებით. ამიტომ შესაბამისად უნდა შეირჩეს სამღებრო მასალები.

საღებავი საძინებლისა და მისაღები ოთახისთვის

მისაღები და საძინებელი ოთახებისთვის იდეალურია მქრქალი ფაქტურის აკრილის საღებავები. მათი გამტარიანობა მაღალი უნდა იყოს, რათა ზედმეტი სინესტე კედელმა შეიწოვოს. ლატექსური და სილიკონის საღებავები აქ არ გამოგადგებათ – არ გჭირდებათ აქ ძალიან მყარი ზედაპირი და არც ზედმეტი ფინანსური ხარჯები.

საღებავი ბავშვის ოთახისთვის

ასეთი ოთახისთვის ოპტიმალურია მყარი და რეცხვადი აკრილის საღებავი. ბავშვი ნებისმიერ ასაკში, ნებსით თუ უნებლიეთ, აუცილებლად დააზიანებს კედლებს და მყარი, წყალგამძლე საღებავის პირობებში ასეთი ხარვეზების აღმოფხვრა ძალიან მარტივია.

ბავშვის ოთახისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არაალერგიულ, ეკოლოგიურად სუფთა საღებავს – ხშირად ბავშვები კედლებსაც კი უსინჯავენ გემოს, ეს გარესამყაროს შეცნობის ერთ-ერთი ინსტინქტია. ამდენად, ისეთი შემადგენლობის საღებავი უნდა შეარჩიოთ, რომელზეც შესაბამისი ნიშნებით არის აღნიშნული ეკოლოგიური უსაფრთხოება, ან პირდაპირაა მითითებული, რომ განკუთვნილია ბავშვის ოთახისთვის.

აბაზანა და სამზარეულო

აქ აუცილებლად წყალგამძლე და რეცხვადი საღებავი უნდა გამოვიყენოთ. ყველაზე მეტად ამ შემთხვევაში ლატექსური საღებავი გამოგადგებათ, ხოლო კედლის პანელების შესაღებად სილიკონი უნდა აირჩიოთ.

Faworiნოვაში

ასე რომ, ძირითადი ინფორმაცია უკვე გაქვთ, რისთვის რომელი საღებავი უნდა აირჩიოთ. დანარჩენ დეტალებზე, ნებისმიერ წვრილმანზეც კი, „ნოვას“ კონსულტანტების იმედი იქონიეთ, რათა თავიდან აიცილოთ უნებლიე შეცდომები, რასაც აუცილებლად მივყავართ ზედმეტ ხარჯებთან.

საფრანგეთში კოვიდზე აუცრელ ჯანდაცვის 3 000 მუშაკს მუშაობის უფლება შეუჩერეს

საფრანგეთში ჯანდაცვის სექტორის 3 ათასი თანამშრომელი დროებით ჩამოაშორეს სამსახურს, რადგან არ იყვნენ აცრილი კორონავირუსზე.

ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა დღეს, 16 სექტემბერს. მისი თმით, ამით ჯანდაცვის სერვისების მიწოდება ქვეყანაში არ შეფერხდება, რადგან ამ სფეროში საფრანგეთში 2,7 მილიონი თანამშრომელია.

ამ გადაწყვეტილებამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, 15 სექტემბრამდე მისცა კოვიდზე აცრის ვადა სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს.

ახალი კანონი წელს, აგვისტოში იქნა მიღებული.

____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/IAN LANGSDON

 

„დინამო ბათუმი“ დღეს „ლოკომოტივს“ შეხვდება

დღეს, 16 სექტემბერს, 19 საათზე, ბათუმის სტადიონზე საფეხბურთო კლუბების – „დინამო ბათუმისა“ და „ლოკომოტივის“ შეხვედრა გაიმართება.

ამ დროისათვის „დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეშია 47 ქულით.

„დინამო თბილისს“ 44 ქულა აქვს, „ლოკომოტივი“ კი ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს.

_____________

ფოტოზე: დინამო ბათუმი. ფოტო: დინამო ბათუმის ფეისბუქის გვერდიდან

ხელვაჩაურში, მაჭახელას ხეობაში, ,,ეთნოსოფელი“ შენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მაჭახელას ხეობაში, „ეთნოსოფლის“ მასშტაბური პროექტის განხორციელების მიმდინარეობას გაეცნო.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს „ეთნოსოფლის“ პროექტის განხორციელება. ამ ეტაპზე სრულდება თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. მიმდინარეობს შენობის ინტერიერის და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში წელსვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტები მომზადდება. რაც მაჭახლის ხეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ხიდის რეაბილიტაციას, ქვედა ჩხუტუნეთში ალივაკეს ციხის არქეოლოგიური კვლევას და რესტავრაციას, ასევე ე.წ „მაჭახელას თოფის გზის“ ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.

“ეთნოსოფელი” გათვლილია ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, გარემოს დაცვასა და გაჯანსაღებაზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც გულისხმობს.

თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურში, სოფელ ფერიაში ახალი საჯარო სკოლა დაათვალიერა. ფერიის საჯარო სკოლა აჭარის მთავრობის დაფინანსებით აშენდა. სკოლა 430 მოსწავლეზეა გათვლილი. მშენებლობის ღირებულებამ 3, 4 მლნ ლარი შეადგინა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის 4 სართულიან სკოლაში ლაბორატორიები, თანამედროვე საბიბლიოთეკო სივრცე, სპორტული და სააქტო დარბაზები განთავსდა. მოეწყო სკოლის ეზო. სკოლა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

როგორ აშენდა ბათუმში 7 კორპუსი უკანონოდ? – დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში 

ამ მოწვევის ბათუმის საკრებულო დღეს, 16 სექტემბერს, ბოლო სხდომას მართავს, რომელზეც ამ დროისთვის [11:40] შესვენება გამოცხადდა. მანამდე საკრებულოს წევრები ერთმანეთს  სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ენმ-ს წევრმა მირდატ ქამადაძემ სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რასაც მოჰყვა „ქართული ოცნების“ წევრის, ნატალია ზოიძის შეპასუხება, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” დროს ადამიანებს უთვალთვალებდნენ და ვიდეოებს უღებდნენ.

საკრებულოს სხდომაზე დღეს მივიდნენ აქტივისტები და  ,,ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლები. ისინი ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ ბათუმში უკანონოდ აშენებენ 7 კორპუსს და ეს აქამდე ვერ შენიშნეს.

საქმე იმაშია, რომ გუშინ ოპოზიციური ერთობის ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ „აღმოაჩინა“ უკანონოდ აშენებული უბანი ბათუმში და ადგილზე გამოიძახა პოლიცია. მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში განაცხადეს, რომ იციან ამ უკანონო მშენებლობის შესახებ და არაერთგზის დააჯარიმეს მშენებელი კომპანია.

ადგილზე მშენებლობის პროცესი არც ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მისვლის შემდეგ შეჩერებულა.

საკრებულოში დღეს გააპროტესტეს ბათუმში 7 კორპუსის უკანონო მშენებლობა

აჭარაში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 16 სექტემბერი

ბოლო 24 საათში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, მართვით სუნთქვაზეა 25 პაციენტი, კლინიკაში მკურნალობს 600 პაციენტი, კოვიდ სასტუმროშია 374 პირი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 2176 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი.

 

2176 ახალი შემთხვევა და 43 გარდაცვლილი – 16 სექტემბერი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2176 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 35 400 ტესტი ჩატარდა, გამოჯანმრთელდა 2838 პაციენტი.

15 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.46% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.21%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარაში – 134, იმერეთში – 357, ქვემო ქართლში – 143, შიდა ქართლში – 138, გურიაში – 59, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 243, კახეთში – 236, მცხეთა-მთიანეთში – 58, სამცხე-ჯავახეთში – 42, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 10.

მთავარი არხი: ქარელში „ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან ჩვენი ოპერატორი გადმოაგდეს

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ბექა ყორშიას ინფორმაციით, მასთან ერთად მყოფი ოპერატორი „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის ოფისის მეორე სართულის აივნიდან გადმოაგდეს. ჟურნალისტის თქმით, ოპერატორს აქვს სხვადასხვა სახის მოტეხილობა, ის კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.

„მივედით შტაბში, რომ ჩაგვეწერა ზაზა გულიაშვილი. აგრესიულად დაგვხვდნენ, იყო გინება და ფიზიკური გაწევ-გამოწევა, ლევანი აივნიდან გადმოაგდეს… შტაბის წევრებმა მისამართიც კი არ გვითხრეს, რომ სასწრაფო დროულად მოსულიყო. ჩემზეც იყო ფიზიკური ძალადობა, მაგრამ ახლა ამაზე არ მეფიქრება,“ – განაცხადა ბექა ყორშიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკლე ხანში მოგვაწვდიან ინფორმაციას.

განახლება: შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლოს კოდექსის 124-ე მუხლის შესაბამისად.

Exit mobile version