მთავარი,სიახლეები

„სუსი უნდა დაინგრეს!“ – აქცია ბათუმში სუსის შენობასთან უკანონო თვალთვალის გამო

17.09.2021 • 2235
„სუსი უნდა დაინგრეს!“ – აქცია ბათუმში სუსის შენობასთან უკანონო თვალთვალის გამო

„სუს-ი უნდა დაინგრეს!“, „თქვენი სუს-ი არ გავიგო“, „ნუ ისუს-ები“, „ჩვენც გვისმენენ“ – ამ შინაარსის პლაკატები გამოიტანეს ოპოზიციური ერთობის წარმომადგენლებმა დღეს, 17 სექტემბერს, ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] შენობის წინ.

საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლები აპროტესტებენ სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილი უკანონო თვალთვალის ჩანაწერებს, რომლის ამსახველი ათასობით ფაილი რამდენიმე დღის წინ გახდა საჯაროდ ხელმისაწვდომი.

ოპოზიციური ერთობის ერთ-ერთი წარმომადგენელი გენრი დოლიძე, ფონენდოსკოპით მივიდა სუსის შენობასთან, ფონენდოსკოპი შენობის კედელს მიადო და თქვა, რომ სწორედ ასე უსმენს დღეს აღნიშნული სამსახური თითოელ მოქალაქეს. „ასე აკვირდებიან ჩვენს ნაბიჯებს. ეს ყველაფერი მიმართულია ადამიანების უკანონო კონტროლისკენ,“- ამბობს ის.

გენრი დოლიძე სუსის შენობასთან ფონენდოსკოპით მივიდა

ენმ-ს წარმომადგენელი რეზო ხარაზიც იმყოფება აქციაზე, რომელიც ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროსაც უსმენდნენ მას და ახლაც. „ამიტომ, 2 ოქტომბრის არჩევნების მთავარი მიზანია დასრულდეს ეს საზიზღრობა რაც ხდება. ჩვენ ყოველდღე მოვალთ აქ და გავაპროტესტებთ ადამიანის წინააღმდეგ თვალთვალს“-ამბობს ის.

აქციის მონაწილეების თქმით, სუსის შენობის წინ საპროტესტო პერფორმანსები გაგრძელდება.

პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ფაილი, რომლებიც 13 სექტემბერს გავრცელდა, ასახავს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის პირად ცხოვრებას, ასევე შეიცავს რიგითი სასულიერო პირებისა და მათთან ნებისმიერი სახის კავშირში მყოფი პირების პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას და საუბრის ჩანაწერებს.

ათასობით ჩანაწერი, რომლებიც სავარაუდოდ სწორედ სუსიდან გამოიტანეს, არღვევს თითოეული მოქალაქის უფლებას, რადგან აჩვენებს, რომ არ არის დაცული ადამიანის პირადი ცხოვრება.

არის თუ არა გავრცელებული ჩანაწერები სუსის მიერ გაკეთებული ან ვინ არის ამ ფაილების გავრცელების და დამზადების წყარო? ამის თაობაზე უმაღლესი თანამდებობის პირებმა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს მინიშნებით, რომ ამ ფაილების გავრცელება ოპოზიციასთან – ერთი ვერსიით „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სხვა ვერსიით კი გიორგი გახარიასთან არის დაკავშირებული.

საქმეს პროკურატურა იძიებს.

___

რა ხდება? 

13 სექტემბერს საქართველოში მედიასაშუალებებმა მიიღეს ბმული ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით – „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

ბმულზე ათასობით ფაილია, რომლებშიც მოცემულია პირადი ინფორმაცია მართლმადიდებელი სასულიერო და სამოქალაქო პირების საჯარო და პირადი ცხოვრების, სექსუალური კავშირების შესახებ. ინფორმაციას თან ერთვის ფოტოები, პირადი ნომრები, ტელეფონის ნომრები.

სისტემურობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ფაილები, სავარაუდოდ, სუსიდან არის გაჟონილი და 2014 წლიდან 2021 წლის ჩათვლით თარიღდება.

ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის, საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: