მთავარი,სიახლეები

ვარდმანიძე და ანზორ ბოლქვაძე სკამზე დამდგარი უკრავდნენ სააკაშვილს ტაშს – კანდიდატი ხელვაჩაურში

16.09.2021 • 3983
ვარდმანიძე და ანზორ ბოლქვაძე სკამზე დამდგარი უკრავდნენ სააკაშვილს ტაშს – კანდიდატი ხელვაჩაურში

მიშა ბოლქვაძე ხელვაჩაურს მერობის კანდიდატია ოპოზიციური ერთობიდან. ბოლქვაძემ ხელვაჩაურის საკრებულო სამი თვის წინ პროტესტით ნიშნად დატოვა, რადგან ამბობს, რომ დღეს თვითმმართველი ორგანო დამოუკიდებელი არ არის. ის ერთადერთი კანდიდატია ოპოზიციიდან რეგიონში, ვისაც უკვე ჩამოუხიეს 6 საარჩევნო ბანერი. როგორ ხედავს ხელვაჩაურის განვითარებას და რას ჰპირდება ამომრჩეველს, ამ თემაზე საუბრობს ის „ბათუმელებთან“.

  • ბატონო მიშა, როგორ წარმოგიდგენიათ ხელვაჩაური თქვენი მერობის პირობებში, თუკი გაიმარჯვებთ?

პირველ რიგში, ამ არჩევნებზე ადამიანებმა უნდა გააკეთონ არჩევანი, უნდათ თუ არა ეს ქვეყანა დარჩეს იმ მდგომარეობაში, რაშიც დღეს არის, უნდათ თუ არა, რომ ჩვენი შვილები, მოხუცები თუ ახალგაზრდები ცხოვრობდნენ იმ სიღარიბეში, რომელშიც არიან, უნდათ თუ არა, რომ ქვეყნის ვექტორი რუსეთისკენ იყოს მიმართული და გაზრდილი კრიმინალის პირობებში იცხოვრონ.

ადამიანებმა მიშა ბოლქვაძის ხათრით კი არ უნდა გააკეთონ არჩევანი, არამედ საკუთარი შვილების, ქვეყნის უკეთესი მომავლის გამო.

რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, აქ დღეს გამეფებულია კორუფცია, როგორც მთელ ქვეყანაში. 18 მილიონია ბიუჯეტიდან დახარჯული და პანდემიის პირობებშიც კი მოსახლეობას წყალი არ აქვს. რიჟვაძის კაბინეტთან აქციას რომ ვმართავდით, სამ თვეში მოვაგვარებთ მაგ პრობლემასო გვითხრა და სამი წელი გავიდა, წყალი ისევ არ არის.

  • როგორ ფიქრობთ, სად და რაში დაიხარჯა 18 მილიონი? თქვენ ხომ საკრებულოში იყავით, ხომ არ გაგირკვევიათ?

კაცმა (ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე) მილიონიანი სახლი აიშენა. წესით, ამის მერე აღარ უნდა გაგვიჩნდეს ეს კითხვა, სად წავიდა.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ ვარდმანიძემ ამ ფულით აიშენა სახლი?

ახალსოფელში სკვერი უნდა გაკეთებულიყო, 110 ათასი ლარი ჩაურიცხეს კომპანიას და ნახევარი სამუშაოც არ აქვს შესრულებული. რაც გააკეთა, ისიც უხარისხოა. ასე ურიგდებიან კომპანიებს და ეს ფული მერიის მაღალჩინოსნების ჯიბეებში მიდის. ასეთივე მდგომარეობაა ატრაქციონების, სკოლების, ამბულატორიების და თითქმის ყველა სხვა სამუშაოზე. მაშინ, როცა ბიუჯეტიდან სარგებელი მოსახლეობამ უნდა ნახოს და არა ჩინოვნიკებმა.

სწორედ ამიტომ დავტოვე საკრებულო სამი თვის წინ, რადგან ოპოზიციის არც ერთი ინიციატივა, წინადადება არ იყო გათვალისწინებული. თუმცა ვიცი ხელვაჩაურის ყველა სოფელი, ყველა სახლი და ყველა ოჯახის პრობლემას ვიცნობ. როგორც დღეს დავდივარ კარდაკარ, ასე ვაპირებ ამის გაგრძელებას გამარჯვების შემდეგაც.

ის კი არ მინდა, რომ პარტიამ, ვარშალომიძემ ან სააკაშვილმა მეხვეწოს კანდიდატად წავიდე, მინდა ხალხმა მომითხოვოს და ჩემს გუნდთან ერთად ვაკეთო ხალხის საქმე.

ჯუმბერ ვარდმანიძის მსგავსად ვერ გავიპარები უკანა კარიდან. ან ისე ვერ ვიქნები, დღეს რომ მერობის კანდიდატი ჰყავს „ოცნებას“ ზაზა დიასამიძე, მოსახლეობაში ვერ გადის და ვერ ხვდება, რადგან ეს ადამიანი პოლიციის უფროსი იყო 3 წელი და სადაც აქციები და პროტესტი გვქონდა, ხალხის გვერდზე კი არ იდგა, ჯუმბერ ვარდმანიძეს აფარებდა ხელს. ეს ადამიანი იქნება თანამონაწილე ამ ყველაფრის და გამგრძელებელი, რაც ხდება დღეს, ის ვერაფერს შესთავაზებს ახალს ხალხს. ჩემი მიზანია, რომ დავასრულოთ კორუფცია.

გახსოვთ ალბათ, პანდემიის დროს პიკაპები რომ შეისყიდეს. ეს მაშინ, როცა პანდემიის დროს ბიუჯეტი შეამცირეს და მეწყრისგან დამცავი კედლების მშენებლობის თანხაც კი ამოიღეს ბიუჯეტიდან. ამ პიკაპებით „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები და თორნიკე რიჟვაძის ბიძაშვილი დადის. როცა ჩვენ ეს ამბავი გავაპროტესტეთ, ბიძაშვილმა რიჟვაძემ შუათითი გვაჩვენა.

ის უბედურება და ტრაგედია იმიტომ მოხდა ჯოჭოში, რომ ადამიანები წლების განმავლობაში ითხოვდნენ დახმარებას, გეოლოგიური დასკვნით დადიოდნენ მერიაში და არავინ აქცევდა ყურადღებას. იგივე რომ არ განმეორდეს, ამ პრობლემებისთვის უნდა გამოიყოს ბიუჯეტი და არა იმისთვის, რომ ჩინოვნიკები „დაგულაობდნენ“ მანქანებით.

  • თქვენ როგორ გამოასწორებთ ამ სიტუაციას, რა გეგმა გაქვთ?

20 მილიონამდე გვაქვს ბიუჯეტი და როცა ტენდერი გამოცხადდება და სამუშაოები დაიწყება, ვერავინ გაბედავს უხარისხოდ რაიმე გააკეთოს. ვარდმანიძე, ვარშანიძე და ანზორ ბოლქვაძე, რომლებიც დღეს მე მელაპარაკებიან ცხრაწლიან რეჟიმზე, სკამზე დამდგარი უკრავდნენ ბოლო წუთამდე სააკაშვილს ტაშს. იმ დროს დაიგო ახალშენში გზა, განათდა სოფლები, დღეს კი ეს სინათლის ბოძები წაქცეულია და სოფლები ჩაბნელებული.

ჩვენ საკრებულო ხელის ასაწევ-დასაწევად კი არ გვჭირდება, არამედ ინიციატივებისთვის.

  • ძლიერი თვითმმართველობა არც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ყოფილა. რა გარანტია არსებობს, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი მერი იქნებით?

თუ არ იყო, იმიტომ გადაირჩიეს 2012 წელს, მაგრამ ახლა გვაქვს უარესობა. ჩვენ იმ შეცდომებზე ვისწავლეთ, „ოცნებამ“ კი ვერც თავის შეცდომებზე ისწავლა რამე. რა უნდა მოხდეს, რომ ამ გზით არ გავაგრძელო მომავალშიც.

  • ხელვაჩაურში საკმაოდ მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა, მაღალია ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელიც, რა ხედვები გაქვთ ამ მიმართულებით?

ეკოლოგიური კუთხით კატასტროფაა. ამ წყალდიდობებზე მე ვიყავი ბევრ ოჯახში ვინც დაზარალდა წყალდიდობებისგან. ეს ყველაფერი გამოწვეულია ინერტული მასალების უკანონო მოპოვებით მდინარეებში.

ჯუმბერ ვარდმანიძისა და ნადიმ ვარშანიძის ხელწერებით 16 კომპანიაზე გაიცა თევზსაჭერი მეურნეობების გაკეთებისთვის ნებართვა, თუმცა აქედან არცერთ კომპანიას მსგავსი არაფერი გაუკეთებია და ყველა, მდინარიდან ინერტული მასალის ამოღებითაა დაკავებული. მახოს ხიდიდან კარგად ჩანს რამდენი ბალასტი, ქვიშა და ღორღი ამოაქვთ ყოველდღე მდინარიდან. აქედან მიდის წილები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან.

ერგეში, მახოში ამის გამო დატბორილია ხალხის ყანები, სადაც სიმინდი და თამბაქო აქვთ დარგული.

აჭარის რეგიონში ერთადერთი სამრეწველო ზონა ხელვაჩაურშია. სააკაშვილის დროს ეს ტერიტორია მოექცა ბათუმის საზღვრებში და იყო ამ ნაწილის განვითარების გეგმაც, თუმცა ყველაფერი ძველ მდგომარეობაშია. ასფალტიც კი ვერ დააგეს გზაზე რომ ინვესტორი შემოვიდეს.

  • რეკრეაციულ ზონებზე რას ფიქრობთ, როგორ და სად შეიძლება გაკეთდეს ხელვაჩაურში?

მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახლის პარკის განვითარების გეგმა ადრეც გვქონდა, ახალსოფლის ხიდი უნდა გაკეთებულიყო და დღემდე ისევ ისეა. როცა ფერიის მთაზე საბაგიროს გაკეთება დაიწყო, იძახდნენ „რას ებლაყუნებიან, მანდ ვინ ავაო“. ახლა 30 ლარი ღირს ბილეთი. ასეთი პროექტები გვაქვს ხელვაჩაურთან დაკავშირებითაც.

შეგვიძლია მახოს ხიდის გასწვრივ [დასახლება – თხილნარი, ომბოლო, ჭარნალი, ახალსოფელი], საკრუიზო გემებისთვის ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ. გვინდა, რომ მდინარე ჭოროხი სადაც უერთდება ზღვას, იქედან გაკეთდეს ინფრასტრუქტურა გემებისთვის, რომ მახოს ხიდამდე შეძლონ შემოსვლა.

  • თქვენ თქვით, რომ ხელვაჩაურის თვითმმართველობაში კორუფცია ყვავის, თქვენი ქონება როგორ გამოიყურება დღეს, თქვენ არ გექნებათ მილიონიანი სახლის აშენების სურვილი?

მამაჩემი არის მოზაიკის ხელოსანი, გვაქვს სამსართულიანი სახლი, რომელიც მისი და ჩემი შრომით ავაშენეთ. აჭარელი კაცი ხომ იცი, აშენებს და აშენებს, ასე გამოგვივიდა სამი სართული. ვფიქრობ, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ. რაც შეეხება ცდუნებას, ცდუნება არის ადამიანზე დამოკიდებული, თუ ჩვენ გვინდა, რომ შევცდეთ შევცდებით, თუ არ გვინდა, არა.

იმის შიშიც იქნება სახელმწიფოში, რომ ვინც დააშავებს, პასუხი აგოს და არცერთმა საჯარო მოხელემ არ აიღოს ქრთამი.

დაცვის სამსახურშიც მიმუშავია და 1200 ლარადაც მირჩენია ოჯახი, იყო შემოთავაზებებიც, მაგრამ არასდროს წავსულვარ ამაზე. არ გავიფუჭებ თავს. ჩემი პროგრამით, ჩემს გუნდთან ერთად ვაპირებ, რომ ჩემი მერობის პერიოდში დავტოვო სახელი, რომლისაც ჩემს შვილებს არ შერცხვებათ.

  • მგონი ამ არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი ხართ რეგიონში, ვისაც ბანერებს უხევენ. ვინ ჩამოხია ხომ არ გაქვთ ინფორმაცია?

უკვე 6 ბანერი დამიხიეს. გუშინ სოფლის შემოსასვლელში დამხვდა კიდევ ერთი ჩამოხეული ბანერი. თვალები და პირი იყო ამოჭრილი და ძირს დაგდებული. არ განვაცხადე პოლიციაში, რადგან აზრი არ აქვს. დამკითხავენ, თანამიგრძნობენ და ამბობენ, „რა ვქნათ“.

ვიდეოთვალები გადავამოწმე და ვიცი ვინც ჩამოხია, რიჟვაძეების მოგზავნილია. ეს ყველამ იცის სოფელში. ვიდეოში ჩანდა ეს ადამიანი. ეს არ არის ხალხისთვის მისაღები პოლიტიკა. ვფიქრობ, რომ მენდობა ხალხი. გადახედეთ ცესკოს მონაცემებს, ახალშენში „ქართულ ოცნებას“ არასდროს მოუგია, ყოველთვის ვუგებდი „ოცნებას“. ახლა ეშინიათ, რომ ხელვაჩაურსაც მოვუგებ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: