არჩევნები,მთავარი,სიახლეები

ვინ არიან ქობულეთის მერობის კანდიდატები

16.09.2021 • 2879
ვინ არიან ქობულეთის მერობის კანდიდატები

ქობულეთს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის 3 კანდიდატი ჰყავს. აქ საკუთარი კანდიდატის გამარჯვებისთვის იბრძვის 3 პოლიტიკური პარტია: ოპოზიციური გაერთიანება, რომელშიც შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები; „ქართული ოცნება “ და „გახარია – საქართველოსთვის“.

ვინ არიან ქობულეთის მერობის კანდიდატები? – „ბათუმელები“ მათ ვინაობას გაგაცნობთ.

კანდიდატების ჩამონათვალი მოცემულია საარჩევნო ნომრის მიხედვით.

  • ბონდო თედორაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ [საარჩევნო ნომერი 5]

ბონდო თედორაძე

ბონდო თედორაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. 2014 წლიდან იგი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორი მოწვევის საკრებულოს წევრი და საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა.

ბონდო თედორაძე 2009-2012 წლებში მუშაობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურში, 2012-2013 წლებში იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული განყოფილების უფროსი, 2012 წლიდან კი ჩაერთო სამოქალაქო აქტივობებში.

იგი 2013 წლიდან არის არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ აქტივისტი.

  • ირაკლი ბერიძე – „გახარია – საქართველოსთვის“ [საარჩევნო ნომერი 25]

ირაკლი ბერიძე

ირაკლი ბერიძეს იურიდიული და აგროტექნოლოგიური განათლება აქვს. 2008-2010 წლებში იგი ქობულეთის საკრებულოს იურისტი იყო, 2010 – 2019 წლებში კი ქობულეთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე.

აქვს კერძო კომპანიებში მუშაობის გამოცდილებაც. 

2019 წლის 6 აგვისტოდან დღემდე ირაკლი ბერიძე შპს „საფეხბურთო კლუბი „შუქურას“ დირექტორია. ამ კლუბის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა.

  • ლევან ზოიძე – „ქართული ოცნება“ [საარჩევნო ნომერი 41]

ლევან ზოიძე პროფესიით იურისტია. 2013-2017 წლებში იგი ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობდა კოორდინატორად, უმუშავია კერძო კომპანიებშიც.

ლევან ზოიძე ამ დრომდე ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის მოადგილეა. ამ პოსტზე იგი 2019 წლის თებერვალში დაინიშნა.

„ოცნების“ მერობის კანდიდატის ოჯახი მმართველ პარტიასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ლევან ზოიძის მამა, ავთანდილ ზოიძე, ქობულეთის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. ლევან ზოიძის და – თინა ზოიძე კი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: