მთავარი,სიახლეები

ჩვენთანაც მოდის ინფორმაცია, რომელსაც ტელეფონები არ სჭირდება – მთავარეპისკოპოსი იაკობი

17.09.2021
ჩვენთანაც მოდის ინფორმაცია, რომელსაც ტელეფონები არ სჭირდება – მთავარეპისკოპოსი იაკობი

„ჩვენც შეგვიძლია ინფორმაციის, რაღაც ისეთის მოპოვება, რომელსაც ტელეფონები არ სჭირდება, მოსმენები არ სჭირდება, ჩვენთანაც მოდის ინფორმაცია, არა მარტო მაგ გზებით,“ –  განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობ იაკობაშვილმა 16 სექტემბერს „იმედის“ ეთერში სავარაუდოდ სუსიდან გავრცელებული ფაილების საკითხის კომენტირებისას.

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, ფაქტობრივად, ხელისუფლების გუშინ გამოთქმული ეჭვი  გაიზიარა იმის შესახებ, რომ გავრცელებული ფაილების უკან შესაძლოა ექსპრემიერი გიორგი გახარია იდგეს.

იაკობ იაკობაშვილის თქმით, მან აქამდეც იცოდა, რომ უსმენდნენ.

________________

რა ხდება?

13 სექტემბერს ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან და სხვებთან დაკავშირებული ათასობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-იდან არის გამოჟონილი.

ჩანაწერების ავთენტურობა, მათი გავრცელების შემდეგ, არაერთმა ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა და სასულიერო პირმა დაადასტურა. მათ ამ მასალებში თავიანთი საუბრები ამოიცნეს. მომხდართან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ არასამთავრობო სექტორშიც.

ამასთან, მასალების ნაწილის შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება, რომ მოსმენის ობიექტები უცხო ქვეყნების საელჩოებიც არიან.

თავდაპირველად, მმართველი გუნდის ლიდერები აღნიშნულს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ და ამაში ცალსახად ადანაშაულებდნენ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“. თუმცა ორი დღის განმავლობაში „ოცნების“ რიტორიკაში გაჩნდა ვერსია ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის მიერ ინფორმაციის გატანაზე, თავად ფარული ჩანაწერების შინაარს კი „ოცნებაში“ „ტყუილ-მართალს“ უწოდებენ.

თავად პარტია „საქართველოსთვის“, რომელიც გახარიამ პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ დააფუძნა, სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილ ჩანაწერებზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში  სახალხო დამცველის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას, პარლამენტში კი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროცესი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და პროკურატურასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: