მთავარი,სიახლეები

ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსს“ უჩივის და 5 მილიონ დოლარს ითხოვს

17.09.2021
ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსს“ უჩივის და 5 მილიონ დოლარს ითხოვს

ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსს“ უჩივის სერიალში „ლაზიერის გამბიტი“ [The Queen’s Gambit]  მასთან დაკავშირებით გახმიანებული რეპლიკების გამო.

სერიალის სიუჟეტი, რომელიც 1983 წლის რომანს ეფუძნება, ტრიალებს გამოგონილი პერსონაჟის, მოჭადრაკე ბეტ ჰარმონის გარშემო. ბავშვთა სახლში გაზრდილი ჰარმონი ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს რუსეთის საუკეთესო მოთამაშეებს გასული საუკუნის 60-იან წლებში, ცივი ომის ფონზე.

უშუალოდ ნონა გაფრინდაშვილის სახელს სერიალის დასკვნით ეპიზოდში ახსენებენ და პრობლემაც აქ იწყება. ბეტ ჰარმონზე საუბრისას ჭადრაკის კომენტატორი დასძენს:

„ერთადერთი უჩვეულო რამ მის შემთხვევაში, მისი სქესია, თუმცა ის ერთადერთი არ არის რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა ის არასდროს შეხვედრია კაცს [მოთამაშეებს]“”.

კალიფორნიის შტატის სასამართლოში ნონა გაფრინდაშვილის საჩივრის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ეს უკანასკნელი რეპლიკაა. The Hollywood Reporter-ის თანახმად, სარჩელში აღნიშნულია, რომ „მტკიცება, რომლის თანახმადაც გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაცს [მოთამაშეებს], აშკარა სიცრუეა, ასევე უხეშად სექსისტური და დამამცირებელი“.

ნონა გაფრინდაშვილის თქმით, 1968 წელს, რომელშიც ზემოხსენებული ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო მატჩები ჩატარებული მინიმუმ 59 კაცთან, მათ შორის, 10 დიდოსტატთან.

„ნეტფლიქსმა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზეზით, რათა „გაეზარდა დრამა“ და წარმოეჩინა, თითქოს გამოგონილ პერსონაჟს ისეთი რამის გაკეთება უწევს, რაც მანამდე არც ერთ ქალს, მათ შორის, გაფრინდაშვილს, არ გაუკეთებია“, – ციტირებს გამოცემა სარჩელს.

თუმცა, ეს არ არის სარჩელის ერთადერთი საფუძველი.

„…ნეტფლიქსმა გაფრინდაშვილი მოიხსენია რუსად, მიუხედავად იმის ცოდნისა, რომ ის ქართველია და ქართველები განიცდიდნენ რუსეთის ბატონობას საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, შემდგომ იყვნენ დაჩაგრულნი და დაპყრობილნი რუსეთის მიერ“, – ვკითხულობთ სარჩელში.

გაფრინდაშვილი, კომპენსაციის სახით, $5 მილიონს ითხოვს. მას ასევე სურს, ჩაიხსნას რეპლიკა, თითქოს ის არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს.

The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, სარჩელს უკვე უპასუხა „ნეტფქლისმა“. კომპანიის თქმით, უაღრესად სცემს პატივს ნონა გაფრინდაშვილსა და მის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა სჯერა, რომ ზემოხსენებულ მტკიცებას საფუძველი არ გააჩნია.

______________________

ფოტო გარეკანზე: Stanley Sherman/Hulton Archive, via Getty Images/NY Times

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: