მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ შემწირველის კომპანიას ბათუმის მერიამ 4 მილიონი დაუბრუნა

17.09.2021 • 3975
„ოცნების“ შემწირველის კომპანიას ბათუმის მერიამ 4 მილიონი დაუბრუნა

შპს „ალიანსი ფრივილიჯს“, რომელიც ბათუმის ცენტრში, რუსთაველის #42-ში ცათამბჯენს აშენებს, მერიამ ვალდებულების შესრულების პირობის დასაზღვევად გათვალისწინებული საბანკო გარანტია, 4 მილიონი ლარი დაუბრუნა. სანაცვლოდ კომპანია მერიას ამავე პროექტში იგივე ღირებულების ქონების გარანტიის სახით დატვირთვას დაჰპირდა.

ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების კომპანიის სასარგებლოდ ბათუმის საკრებულომ გუშინ, 16 სექტემბერს მიიღო.

საქმე იმაშია, რომ შპს „ალიანსი ფრივილიჯს“ პროექტის მასშტაბის შესაბამისად კ2 კოეფიციენტის გაზრდა დასჭირდა, რაც ზონალური მოსაკრებლის გადახდას გულისხმობდა. ზონალური მოსაკრებელი კონკრეტულ ზონაში დაშვებული პარამეტრების გაზრდის გადასახადს გულისხმობს.

იმ შეთანხმების თანახმად, რაც „ალიანს ფრივილიჯს“ გაუფორმეს, კომპანიას ზონალური შეთანხმების გადასახადის სახით 4 მილიონი ლარის გადახდა მოუწევდა, თუმცა გასულ წლებში დადგენილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად ზონალური მოსაკრებლის გადასახადისგან გაათავისუფლეს ინვესტორები, ვინც კონკრეტულ პროექტში 30 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა. ეს ცვლილება შეეხეო „ალიანსი ფრივილიჯის“ პროექტსაც, ამიტომაც მერიამ კომპანიის ნაკისრი ვალდებულება, ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის ოდენობის თანხით, 4 მილიონიანი გამოუხმობი საბანკო გარანტიით დააზღვია.

„ალიანსი ფრივილიჯმა“ ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება ბათუმში რუსთაველის #42-ში 2016 წელს, აჭარის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით აიღო, სამშენებლო პროექტი კი მერიას 2018 წელს წარუდგინა.

მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის, მირიან მეტრეველის განმარტებით, კომპანია ამ თანხის სანაცვლოდ სამშენებლო პროექტში, რომლის კარკასიც უკვე აშენებულია, ვალებულების შესრულების გარანტად უძრავ ქონებას დატვირთავს.

შპს „ალიანსი ფრივილიჯი“ [ყოფილი „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთ] იმ კომპანიებს შორისაა,  რომელმაც მიწის ნაკვეთი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ზღვასთან ახლოს მთავრობის ჩარევით განსაკუთრებული პირობით, პირდაპირი წესით იყიდა.

კომპანიის მოთხოვნით, ეს ქონება ბათუმის მერიამ საკრებულოს თანხმობით მომავალში მისი გასხვისების პირობით აჭარის მთავრობას უსასყიდლოდ გადასცა. ერთადაერთი პირობა ის იყო, რომ საპროვატიზებო თანხა ბათუმის ბიუჯეტში ჩაირიცხებოდა.

რუსთაველის #42-ში, სადაც ახლა ცათამბჯენი შენდება, 3263 კვ/მ კვ.მ მიწის ნაკვეთი, ყოფილი საჯარო მოხელის, აკაკი სონგულიას კომპანიამ 978 900 აშშ დოლარად იყიდა [ერთი კვ.მეტრი 300 აშშ დოლარად]. კომპანიამ 50 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობა დადო.

აკაკი სონგულია ბიზნესში გამოჩენემდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონული ცენტრის უფროსი იყო. 2014 წელს მან „ქართული ოცნებას“ 20 000 ლარი შესწირა.

რუსთაველის #42-ში ქონების შესყიდვიდან მალევე კომპანიის წილებში „ალიანსის“ დამფუძნებლის, გიორგი ბიწაძის შვილი, თემურ ბიწაძე გამოჩნდა. მოგვიანებით შეიცვალა კომპანიის სახელწოდებაც.

რეესტრის მონაცემებითი, 2016 წელს აკაკი სონგულიამ თემურ ბიწაძეს კომპანიის 50% უსასყიდლოდ გადასცა, 2017 წელს კი მან 18-18 პროცენტი გადაუფორმა ბესიკ ჟღენტსა და ავთანდილ გორგილაძეს, ჯამში ათას დოლარად. თანხა მეწილეებმა ნაღდი ფულით გადაიხადეს.

შემდეგ წლებში სონგულიამ საკუთარი წილებიდან კიდევ ერთი პროცენტი გაასხვისა თემურ ბიწაძის სასარგებლოდ. მოგვიანებით კი მას 2 პროცენტი ბესიკ ჟღენტმა უკან დაუბრუნა.

ამ დროისთვის „ალიანსი ფრივილიჯის“ დირექტორი ისევ აკაკი სონგულიაა, ის ფლობს კომპანიის 15 პროცენტს. 51 პროცენტი თემურ ბიწაძეს ეკუთვნის, 16 პროცენტი ბესიკ ჟღენტს, ხოლო დარჩენილი 18 პროცენტი, რუსეთის მოქალაქის, ავთანდილ გორგილაძის საკუთრებაა [მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს].

გადაბეჭდვის წესი


ასევე: