მთავარი,სიახლეები

როდის მისცემენ გლეხებს ხულოში მიწას, გაზს, წყალს? – ინტერვიუ „ოცნების“ კანდიდატთან

17.09.2021 • 2108
როდის მისცემენ გლეხებს ხულოში მიწას, გაზს, წყალს? – ინტერვიუ „ოცნების“ კანდიდატთან

„დაჩაგრულად არ გრძნობს ხულოს მუნიციპალიტეტი თავს,“ – გვიპასუხა ხულოს მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ, როცა მას ადგილობრივი ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობაზე ვესაუბრეთ და ვკითხეთ: რატომ არ შეიძლება მუნიციპალიტეტის ქონება თავად მუნიციპალიტეტმა განკარგოს და შემოსავლებიც ხულოს ბიუჯეტში შევიდეს?

ინტერვიუს დროს ვახტანგ ბერიძემ გვითხრა ისიც, რომ დისკომფორტს არ განიცდის მუნიციპალური ქონების გადაცემით, თუმცა ამავე ინტერვიუდან გაიგებთ, უფულობის გამო რომ ვერ მოგვარდა ამ დრომდე ისეთი პრობლემა, როგორიც სასმელი წყალია, ან ინტერნეტი – ხულოს სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს დღეს, როცა სკოლაში სწავლა დისტანციურადაა, ინტერნეტი არ აქვთ.

  • ბატონო ვახტანგ, თქვენი აზრით, რა არის ხულოს მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებაც ვერ მოასწარით? 

ხულოს ბევრი გამოწვევა აქვს. ბევრი საკითხი მოგვარდა, გასაკეთებელი ისევ ბევრი გვრჩება. რაც მთავარია, ახალად არ ვართ გასაცნობი ამ პრობლემებს და მზად ვართ, რომ პირდაპირ შევუდგეთ საქმის კეთებას. ეს არის ძირითადად გზის, წყლის, გაზიფიცირების საკითხები. დასასრულებელია ის პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების შეკავებას, ასე რომ ვთქვათ. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ხელს შეუწყობს ასევე ახალგაზრდების უკან მობრუნებას.

  • კონკრეტულ პრობლემაზე რომ შევჩერდეთ – სასმელი წყალი, რომელიც ამ დრომდე ხულოს ბევრ სოფელს არ აქვს. თქვენი ოპონენტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ წყალი იქაც კი არაა, სადაც ბიუჯეტის ფული დახარჯეთ, მაგალითად, უშუალოდ დაბა ხულოში. ისინი კორუფციაში გდებენ ბრალს. 

მათ სხვა დანარჩენ საკითხთან ერთად არ იციან, რას ნიშნავს კორუფცია. ადამიანის ღირსებას და პატიოსნებას რომ არ უნდა შეეხო, რაც არ იცი, ესეც არ იციან.

ჩემთვის ხულოს მუნიცაპალიტეტის პრობლემები არის ნომერ პირველი პრობლემა. წყლის მიმართულებით აქამდე არაერთი პრობლემა უკვე მოგვიგვარებია. რაც შეეხება დაბას, სადაც გრაფიკით გვაქვს წყალი, ეს მართლაც გასაკეთებელია და წლების განმავლობაში ჩვენ ამაზე ვზრუნავდით. უკვე დასრულებულია საერთაშორისო ტენდერი, კომპანიების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, ძალიან მალე დაიწყება სამუშაოები, რომლის შედეგადაც დაბა ხულოსა და მიმდებარე 11 სოფელში სულ 1560 ოჯახი ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით.

რა თქმა უნდა, ამით არ ამოიწურება პრობლემა. გარდა „აჭარის წყლის ალიანსისა“, რომელ სოფლებსაც არ ეხებათ ეს პროექტი, ჩვენ ინდივიდუალურად ვართ ცალკეული სოფლების წყალმომარაგებაში ჩართული. მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების და ბიუჯეტის ფარგლებში დაწყებული გვაქვს წყალმომარაგების სამუშაოები რამდენიმე სოფელში: სოფელი ბაკო, წაბლიანი, წაბლანა, სტეფანაშვილები, დიაკონიძეები, ბეღლეთი, კორტოხი,  მგელაძეები, პაქსაძეები. ამ სოფლების ნაწილში უკვე დასრულდა სამუშაოები, ნაწილში – მიმდინარეობს. ჩვენ ყოველწლიურად ვითვალისწინებთ ბიუჯეტს ამ სამუშაოებს.

  • რამდენი სოფელია ამ დროისთვის უწყლოდ და როდის ექნებათ მათ წყალი? 

არ გვაქვს არცერთი სოფელი, წყალი რომ არ მიეწოდებოდეს საერთოდ. გვაქვს სოფლები, სადაც წლების განმავლობაში წყალსადენები არ არის საკმარისი რაოდენობით და ყველა ოჯახს ვერ მიეწოდება წყალი. რეალურად გაიზარდა მოთხოვნილებები, როგორც წყლის, ასევე გზის და მე ეს მახარებს.

ყველა სოფელში უნდა შევიდეთ და თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ. პრობლემის მოგვარება არაა ის, რომ სოფელში ერთ ადგილზე მიყვანილია წყალი და იქედან მიჰქონდეთ წყალი, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს დაწყებული, როგორც ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა, ასევე შიდა ქსელის მოწესრიგება.

  • სადაც უკვე დაიხარჯა ფული, იქ რატომაა ისევ პრობლემა, მაგალითად, დაბა ხულოში? 

მე შემიძლია მიგყვეთ ყველა წყალსადენზე და თავად ნახოთ. ჩემმა ოპონენტებმა, ვინც ამაზე ტრაფარეტულად საუბრობს, არ იციან სათავეები, არცერთი წყლის დებეტი და სათავე, იქ რა არის გაკეთებული.

ჩვენ წყალი გადმოვიყვანეთ საჯიქიადან, რომელიც დაემატა დებეტს და დღეს თუ გვაქვს ხულოში 18-საათიანი წყლით მომარაგება, ეს რომ არ გაგვეკეთებია, გვექნებოდა 6 და 8 საათი წყალი, რაც ახსოვს ხულოს, როცა მთელი დღის განმავლობაში იყო წყალი სადღაც 2 საათი დილით და 2 საათი – საღამოს. ახლა წყალსადენზე თუკი რამე ავარიული არ მოგვიხდა და ეს არის ძალიან იშვიათი, დაბაში წყალი არის 18 საათის განმავლობაში, უარეს სიტუაციაში 16 საათზე ნაკლები არასდროს არ გვქონია.

  • რამდენი დახარჯეთ წელს ხულოს ბიუჯეტიდან სოფლებში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად?

სხვადასხვა პროექტზე სხვადასხვა თანხა გვაქვს. სავარაუდოდ წლის ბოლომდე 400 ათას ლარამდე დაიხარჯება ჯამში. წლის ბოლოს ვიტყვით კონკრეტულად, როცა ანგარიშს ჩავაბარებთ საზოგადოებას.

  • აქამდე წყლის პრობლემას მაინც მოაგვარებდით, ბიუჯეტი რომ უფრო დიდი გქონდეთ. როგორ წარმოგიდგენიათ უფრო მეტი შემოსავლის მიღება? მაგალითად, ჰესის გადასახადებიც კი მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში, ასევე მუნიციპალურ ქონებას გადასცემთ რიგ შემთხვევაში აჭარას და ხულოს ბიუჯეტში არაფერი რჩება.  

ჰესის ქონების გადასახადი შემოდის ჩვენთან, ასევე კურორტი გოდერძის… ადგილობრივი შემოსავლები 9 მილიონზე მეტი გვაქვს. ჰესიდან მიღებული შემოსავალი დამოკიდებულია ქონების შეფასებაზე. ზოგადად 2 მილიონზე მეტი შემოდის ჰესებიდან. ყოფილა შემთხვევა, როცა 3 მილიონზე მეტიც შემოსულა. 17 მილიონ 300 ათასი გვაქვს სულ ბიუჯეტი და გვაქვს ტრანსფერები – კაპიტალური და სპეციალური. არავითარ დაჩაგრულად არ გრძნობს ხულოს მუნიციპალიტეტი თავს. ყველი თეთრი მიმართულია მოსახლეობის საკეთილდღეოდ. რაც მთავარია, ბიუჯეტი იგეგმება საჭიროებისამებრ. მერი ვახტანგ ბერიძე წლის განმავლობაში მოსახლეობას ხვდება აქტიურად.

  • აქვე გვითხარით, როგორ წარმოგიდგენიათ მოსახლეობის უფრო აქტიურად ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში? 

მაღალმთიან სოფლებში აუცილებლად, უშუალოდ უნდა მივიდეს მერი. მე მათ პრობლემებს ადგილზე ვეცნობი და ადგილზე ვნახულობ. ბიუჯეტის დაგეგმვის დროს მაქსიმალურად ხდება ამ საჭიროებების გათვალისწინება. მე დავნერგე ის, რომ ყოველ ოთხშაბათს  მოსახლეობასთან  გავდივარ. პირველ ოთხშაბათს თუ შევხდი ხიხაძირის მოსახლეობას, მეორე ოთხშაბათს ვხდები დიოკნისი – რიყეთის მოსახლეობას, მესამე ოთხშაბათს – ღორჯომის ხეობას, მეოთხე – დაბა და მიმდებარე სოფლები. ყოველთვის წინასწარ ვატყობინებთ მოსახლეობას, რომ მერი შეხვდება მათ. სოფლის ცენტრებში გამოდიან ადამიანები, ვისაც მოსვლა უჭირს, მასთან სახლში მივდივართ. ბიუჯეტის დაგეგმვის დროს აბსოლიტუარდ ინფორმრიებული ვართ და ხალხის ჩართულობა არის ძალიან მაღალი.

  • როცა მუნიციპალურ ქონებას გადასცემთ აჭარას, ან როცა ქონება არ არის დარეგისტრირებული, როგორც მუნიციპალური საკუთრება და სხვისდება – რატომ არ თვლით საჭიროდ ამ მოცემულობის შეცვლას და უფრო მეტი შემოსავლის გაჩენას ბიუჯეტში, რაც მეტ საშუალებას მოგცემთ დამოუკიდებლად მიიღოთ გადაწყვეტილებები? 

ყველა შემთხვევაში, როცა ჩვენ ქონება გადავეცით, ქონების გადასახადი შემოდის ხულოს ბიუჯეტში, ასევე ყველა მშენებლობაზე ნებართვას გასცემს ხულოს მერია და შესაბამისი მოსაკრებელი შემოდის ხულოს ბიუჯეტში.

ჩვენ გადავცემთ ქონებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს მოთხოვნა და კანონით განსაზღვრული შემთხვევაა. მაგალითად, აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ უნდა განახორციელოს პირობითად მწვანე ტბის განვითარება, აქ ეკონომიკის სამინისტროს მაღალი კომპეტენცია აუცილებელია, ეს შეთანხმებულია და ჩვენ ვერანაირ დისკომფრტს ვერ ვრძნობთ.

  • მოსახლეობა გრძნობს დისკომფორტს, რომელსაც წყალიც არ აქვს.

ბიუჯეტში შემოსავალი რომ გვქონდეს, სწორედ ამიტომ გვეხმარებიან. მწვანე ტბისთვის მილიონი სადღაც გასულ წელს დაიხარჯა ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან  და მილიონზე მეტი წელს იხარჯება. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობა, როგორც ამას გზების დეპარტამენტი აწარმოებს. თუ ეს არ იქნებოდა მათი ტერიტორია, არავითარი შემოსავლის შემომტანი ეს ადგილები არ იქნებოდა.

ამას გვიკეთებენ, რომ ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდოს. ეს ჩვენთვის უფრო მოსახერხებელია.

  • რატომ არ თვლით საჭიროდ, რომ თქვენ გააკეთოთ იგივე და შემოსავლები ისევ ხულოს ბიუჯეტში დაგრჩეთ? 

ეს არასწორი კითხვაა, ჩემი აზრით, რადგან ამ შემთხვევაში მოსახლეობა უფრო მეტ სარგებელს იღებს. ეკონომიკის სამინისტრო ამ გადაცემულ მიწებზე ავითარებს ისეთ ინფრასტრუქტურას, სადაც ეწყობა ბიზნესი და ქონების გადასახადი შემოდის ბიუჯეტში. სარგებელს იღებს თავის ინფრასტრუქტურით ხულოს მოსახლეობა და ტურისტი.

ხულოს შემოსავლები უნდა გაიზარდოს რეალურად ტურიზმის განვითარებით, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებით.

  • ოპონენტები გახსენებენ, რომ მერამდენე წელია ვერ ასრულებს თქვენი პოლიტიკური გუნდი ხულო-ზარზმის გზის მშენებლობას, ხოლო გზის გარეშე ტურიზმზე ლაპარაკი აბსურდიაო. 

ამ გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, 1985 წელიდან დღემდე ხელი არავის უხლია, რეაბილიტაცია არ ჩატარებია მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მთავრობა იყო ხელისუფლებაში. ჩვენ შევძელით და დავიწყეთ. რაღაც კეთდება ადრე, რაღაც კეთდება გვიან. დაწყებულია სამუშაოები და უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ იმის ძახილი, რომ ვერ დაიწყო. ვისაც  ეგონა, რომ ვერ დავიწყებდით ამ მშენებლობას, ძალიან არ უნდათ, რომ ეს გზა გაკეთდეს. ამიტომ, რაც არ უნდა გულგასახეთქი იყოს მათთვის, ჩვენ არ მოვერიდებით მათ გულგახეთქვას და ამ გზას დავასრულებთ.

  • რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე გზის მშენებლობა, იქნებ ამომრჩეველს უთხრათ გულწრფელად? 

ბევრი რამ უნდა გაკეთებულიყო სხვა დროს, ვინც მე ოპონირებას მიწევს, იმას ვახსენებ. ჩვენ ეს საქმე დავიწყეთ და ვართ ის ადამანები, ვინც საქმეს აკეთებს. ერთია, რომ ვერ გაკეთდა და მეორეა, რომ კეთდება. ამომრჩეველი ამას ხედავს.

  • მიწებზეც რომ გვითხრათ – როდის მიიღებენ მიწას გლეხები საკუთრებაში? 

4 ათასი საკუთრება გვაქვს ბოლო წლებში აღიარებული. როგორც იცით, ამას აქვს თავისი კანონმდებლობა. მინიმალური დოკუმენტაცია, რაც არის საჭირო დასადასტურებლად, უნდა იყოს წარმოდგენილი. რამდენიმე ქეისზე არის ხულოს შესაბამისი სამსახურის მიერ უარი ნათქვამი. ყველა უარი არის ნათქვამი იმიტომ, რომ თუ ჩვენ მათ დავურეგისტრირებდით მიწას, ჩავიდენდით დანაშაულს. თუ გამოვა ვინმე და იტყვის, რომ ვერ დაირეგისტრირა, მზად ვარ, რომ ეს ავუხსნა. იქნებ ხარვეზია, დავეხმარები და არაერთს დავეხმარე კიდეც.

  • კონკრეტული თარიღი შეგიძლიათ გვითხრათ: როდის ექნება ხულოს მოსახლეობას ბუნებრივი აირი? 

გაზიფიცირების საკითხს რაც შეეხება, ყველამ ვიცით, რომ ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს. პროექტირება მიმდინარეობს დაბასა და მიმდებარე სოფლებში. ვფიქრობ, ორ წელიწადში გვექნება ხულოს სოფლებში ბუნებრივი აირი.

  • ინტერნეტი არ აქვს ისევ ხულოს სოფლებს. რატომ ვერ შეასრულეთ ეს დაპირება, რაც ჯერ კიდევ 2014 წელს გასცა „ქართულმა ოცნებამ“? 

არის ეს პრობლემა, მაგრამ სკოლებში, ბაღებში და ადმინისტრაციულ ერთეულებში ნაწილობრივ მოგვარებულია, თუმცა ეს არაა საკმარისი. ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდინარეობს ეს პროქტი ყველა მუნიციპალიტეტში და ესეც არ არის ის საკითხი, რომ მხოლოდ მუნიციპალიტეტის შესაძლებლობები შეწვდეს. ეს ვერ მოხერხდება დახმარების გარეშე.

აქამდე ადამიანები იყვნენ ერთ ადგილზე გაჩერებული, ყველაფერი შედარებითია. წლების განმავლობაში არ იყო გზა, არც ინტერნეტი, გაზი, წყალი. საერთოდ არაფერი არსებობდა. თანმიმიდევრულად გვიწევს ამ ყველაფრის მოგვარება და ყველაფერი მოგვარდება.

  • კონკრეტული თარიღი შეგიძლიათ ახლა თქვათ?

მე ახლა ვარ სოფელ პარტნარში. ამობრძანდით, წამოვალ მეც, გზად შეგხვდებათ ადგილი, სადაც არის გრუნტის გზა, შემდეგ მობეტონებულია, შეგხვდებიან იმედდაბრუნებული ადამიანები, რომლებიც იტყვიან, ამდენი თუ გაკეთდა, აუცილებლად დასრულდებაო. 6-კილომეტრიან მონაკვეთს საციხურიდან რომ ამოვსულიყავით სამხიდინი მანქანა სჭირდებოდა, დღეს ბოლო მოდელის მერსედესებით ამოვდივართ.

მე ბოლო 25 წელი ვემსახურები ხულოს და არცერთი დღე წყვეტა არ მქონია. 5, 6, 10 წლის წინ რომ გეხსენებია, ხულოს სოფლებში გაზიფიცირება იქნებაო, სიცილს დაგვაყრიდნენ, რაზე საუბრობენო და დაღეს ეს რეალობად ვაქციეთ. მე ვპირდები ხულოს მუნიციპალიტეტს, რომ ბუნებრივი აირი ხულოს ყველა ოჯახში მივა.

  • იქნებ ინტერნეტზე გვითხრათ კონკრეტული თარიღი. დისტანციური სწავლების პირობებშიც კი, ბავშვებს ხულოში ინტერნტი არ აქვთ. ისინი განათლების მიღმა რჩებიან. 

„ქართული ოცნება“ თუ ვინმეს რამეს შეჰპირებია, სიტყვას აუცილებლად შეასრულებს. მე რას შევპირდი მოსახლეობას სამი 3 წლის განმავლობაში და არ შევასრულე?… გიპასუხეთ უკვე, რომ მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა და ყველაფერს სჭირდება თავისი გონივრული დრო.

  • გონივრული და საკმარისი დრო არ არის 7 წელი? 

ის დრო აღარ არის, ადრე რომ ერთ შენობას ორჯერ გახსნიდნენ ტელევიზიებისთვის… ჩვენ კონკრეტული საქმით ვართ დაკავებული, რასაც კონკრეტული ვადა სჭირდება… იყო ასეთი დაპირება, რომ 2015 წელს ინტერნეტი იქნებაო? ვიცით, რომ ეს გამოწვევაა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

————————————————-

ხულოს მერობის სხვა კანდიდატების წინასაარჩევნო გზავნილები, ნახეთ აქ:

როგორ აპირებს ხულოში პრობლემების მოგვარებას გახარიას მერობის კანდიდატი – ინტერვიუ

ვინ არის ხულოს მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: