მთავარი,სიახლეები

ვის ეკუთვნის ბათუმის ქონება და მისი გაყიდვით მიღებული ფული – კანდიდატების ხედვა

17.09.2021 • 2673
ვის ეკუთვნის ბათუმის ქონება და მისი გაყიდვით მიღებული ფული – კანდიდატების ხედვა

ბათუმის მერიასა და საკრებულოში საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, როცა აჭარის მთავრობა მუნიციპალურ ქონებას მისი გასხვისების მიზნით ითხოვს და პირობებსაც თავად ადგენს. ხშირად ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი სწორედ აჭარის ბიუჯეტში შედის, მუნიციპალიტეტს ისღა დარჩენია გასხვისებულ ნაკვეთზე მშენებლობის პროექტი შეითანხმოს.

მსგავსი საკითხების განხილვისას, ბოლო წლებში, საკრებულოს უმრავლესობას განსაკუთრებული აქტივობა არ გამოუჩენია. ოპოზიციონერი წევრების სიმცირე კი საკრებულოში გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენდა.

ასე გაყიდეს მიწის ნაკვეთები ზღვის პირას, ბათუმის ახალ ბულვარში, ქალაქის ცენტრალურ ადგილებში და ბოლოს იმ რაოდენობით და ისე ქაოსურად, რომ კონკრეტულ უბნებში მუნიციპალიტეტს საბავშვო ბაღის ასაშენებელად მიწის ნაკვეთი აღარ დარჩა.
აჭარის მუნიციპალიტეტებისა და მთავრობის ბალანსზე არსებული ქონებების მართვის პოლიტიკა არაერთხელ გამხდარა ამომრჩევლის, ოპოზიციისა და სახელმწიფო აუდიტის კრიტიკის საგანი. უწყება ხშირად მიანიშნებს კორუფციულ გარიგებებზეც, თუმცა უშედეგოდ, მთავრობა „საინვესტიციო პოლიტიკას“ არ ცვლის.

ისინი კი, ვინც მიწის ნაკვეთებს ქალაქის ცენტრში ხელსაყრელი პირობებით ყიდულობენ, მარტივად იღებენ მშენებლობების ნებართვებს, არც საკრებულოს უმრავლესობას უთქვამს მათთვის უარი შესაბამისი განაშენიანების გეგმების დამტკიცებაზე. მსგავსი საკითხები ბათუმის საკრებულოში მისულ ამომრჩეველსა და საკრებულოს წევრებს შორის ბევრჯერ სერიოზული დაპირისპირების მიზეზიც კი გახდა.

ბათუმში პლაჟის გასხვისებას აპროტესტებენ – ხმაური საკრებულოს სხდომაზე

ერთ-ერთი მთავარი ამბავი კი ის არის, რომ ბათუმის მერია, როგორც ქონების მესაკუთრე, დღემდე არ იბრუნებს ბულვარს მართვაში – ის ისევ ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, აჭარის ბიუჯეტში შედის ბულვარში გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებებიდან მიღებული შემოსავალი. მერია კი, ბულვარის, როგორც ძეგლის ინტერესების დაცვითაც არ იწუხებს თავს. ასე აშენდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე, ლანდშაფტურ ზონაში, 16-სართულიანი სასტუმროს შენობა [დამატებით 3 სართული მიწის ქვეშ].

მერია არ იბრუნებს ბულვარს მიუხედავად იმისა, რომ აქ მიმდინარე პროცესები არაერთხელ გახდა ამომრჩევლის პროტესტის მიზეზი.

იგივე ტენდენციაა სხვა მუნიციპალიტეტებშიც – მუნიციპალურ ქონებას ძირითადად მთავრობა განკარგავს. „ოცნების“ უმრავლესობა ამაში პრობლემას ვერ ხედავს. სხვა პარტიების წარმომადგენელები კი, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ, ამბობენ, რომ ეს პრაქტიკა მანკიერია და უნდა შეიცვალოს.

მუნიციპალური ქონების მართვის განკარგვა მთავრობის აქტიური მონაწილეობით, უკვე წლებია დამკვიდრებული პრაქტიკაა. მსხვილ ინვესტიციებსა და მასთან დაკავშირებულ პირობებზე ინვესტორებთან მოლაპარაკებებს ძირითადად მთავრობა აწარმოებს. შემდეგ კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ან ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო წერილობით მიმართავს კონკრეტული მუნიციპალიტეტის მერს, ქონების მთავრობის ბალანსზე უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნით. ბოლო წლების პრაქტიკაში თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, როცა მერმა ან საკრებულომ მთავრობის მიერ წინასწარ განსაზღვრული საინვესტიციო პირობების კორექტირება მოითხოვა. საერთოდ არ ყოფილა შემთხვევა, როცა მერმა ან საკრებულომ მოთხოვნილი ქონების გადაცემაზე მთავრობას უარი უთხრა.

საკრებულოს სხდომა, როცა აქტივისტები შევიდნენ დარბაზში და მოითხოვეს საკრებულოს არ მიეღო კონკრეტული გადაწყვეტილება

არის შემთხვევები, როცა შეთანხმება საპრივატიზებო თანხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩარიცხვას ითვალისწინებს, თუმცა არ გვაქვს ოფიციალური მონაცემები მუნიციპალური ქონების გასხვისებით მიღებული მილიონებიდან რამდენი ერგო უშუალოდ მუნიციპალიტეტს – ამ ქონების მესაკუთრეს და რამდენი მილიონი ჩაირიცხა აჭარის ბიუჯეტში.

ოპოზიციური პარტიები მუნიციპალური ქონების გასხვისების ამ პრაქტიკას ხშირად აკრიტიკებენ. „ბათუმელებმა“ სცადა გაერკვია, თავად რა გზას ხედავენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, როგორ უნდა გასხვისდეს ქონება ისე, რომ მუნიციპალიტეტი არ დაზარალდეს.

ბათუმის საკრებულოში „ლელოს“ პროპორციული სიის პირველი ნომერი, ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ მუნიციპალური ქონება მთავრობამ არ უნდა გაასხვისოს, შესაძლოა თვითმმართველობის ორგანომ რეკომენდაცია მიიღოს მთავრობისგან, მაგრამ ქონება განსაკარგავად არ უნდა გადასცეს.

„მუნიციპალიტეტმა უნდა გადაწყვიტოს და პროცედურაც თავად განახორციელოს. მთავრობას შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს. წინააღმდეგი ვარ ისეთი ადმინისტრაციული შენობების გაყიდვის, რაც შემდეგში დამატებით ხარჯებს იწვევს, როცა, მაგალითად, იყიდება ობიექტი და საჭიროებებიდან გამომდინარე მის ნაცვლად ახალი უნდა აშენდეს, ან გარემონტდეს და ასე შემდეგ. რაც შეეხება პირდაპირი წესის გამოყენებას, ეს კორუფციაა და საერთოდ უნდა გაუქმდეს“, – განმარტავს „ლელოს“ პროპორციული სიის პირველი ნომერი.

ირაკლი კუპრაძე

„მუნიციპალური ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავალი საერთოდ არ უნდა შევიდეს ბიუჯეტში. ის ცალკე ფონდში უნდა ჩაირიცხოს“, – ასეთია „გირჩი მეტი თავისუფლების“ საკრებულოს წევრობის კანდიდატის, თემურ გორგაძის ხედვა. ის ბათუმის საკრებულოს პროპორციული სიის პირველი ნომერია.

„ეს ფული უნდა წავიდეს პირდაპირ მოქალაქეების ჯიბეში, ყოველგვარი ბიუჯეტში ჩარიცხვის გარეშე. მაგალითად, ბათუმში ვცხოვრობთ 169 000 ადამიანი და გვაქვს რაღაც ქონება გასასხვისებელი. გავყიდეთ ეს ქონება 169 000 ლარად, თითოეულ ჩვენგანს თითო ლარი გვეკუთვნის, ეს უნდა წამოვიდეს ჩვენს ჯიბეში. შეიძლება ეს ყოველ ჯერზე არ მოხდეს ასე და ჯერ შეიკრიბოს გარკვეული თანხა, ოღონდ აუცილებლად უნდა წავიდეს პირდაპირ მოქალაქეების ჯიბეში და არავითარი ჩიქოვანის, კირთაძის, ფუტკარაძის ან ჩემი განსაკარგი არ უნდა იყოს ეს თანხა. ადამიანებმა თავად უნდა განკარგონ. დიახ, გადასარევია, ეს თანხა თუ მოაკლდება ბიუჯეტს, რა დაშავდება მაგით? – წარმოდგენა გვაქვს საერთოდ ვინ არიან ეს ადამიანები და რას აკეთებენ? – ასეთი სულელური ხარჯები გვაქვს, თანაც უამრავი.“

თემურ გორგაძე

ქონების გასხვისების საკუთარ ხედვაზე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს პროპორციული სიის მეათე ნომერი, ალექსანდრე დავითაძე გვესაუბრა. მისი განმარტებით, პარტიის ხედვაა, რომ გასხვისდეს კონკრეტული ბიზნესიდეა, კონკრეტული უბნისთვის და არა ნაკვეთი უპირობოდ:

„ვფიქრობ, არსებული პრაქტიკა მოძველებულია და მუნიციპალიტეტს არ აქვს ფუფუნება, რომ უძრავი და მოძრავი ქონება გაასხვისოს საბაზრო ფასად. ეს თავისთავად არ გულისხმობს კონკრეტული იდეების განხორციელებას, გარდა ფინანსური შემოსავლებისა, მაშინ როცა მუნიციპალურ მიწებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. ჩვენი აზრით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მიწის გასხვისება ადმინისტრაციული ერთეულებისთვის კონკრეტული სოციალური მიზნების მატარებელი უნდა იყოს. მაგალითად, თუ მიწა გასხვისდება ადლიაში, მხოლოდ საბაზრო ფასად კი არ უნდა გასხვისდეს, მოთხოვნაში ამ უბნის მოსახლეობის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. როდესაც მოვალთ მერიაში, ჩვენ შევკრებთ კონკრეტულ გუნდს, რომელიც კონკრეტული უბნების საჭიროებების გათვალისწინებით მოამზადებს ბიზნესიდეებს.“

ალექსანდრე დავითაძე

ოპოზიციური ერთობის კანდიდატი, გიორგი კირთაძე მიიჩნევს, რომ მუნიციპალური ქონება ქალაქის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გასხვისდეს, თუმცა მისი ნაწილი მუნიციპალურ საკუთრებაში უნდა დარჩეს.

„სამწუხაროა, რომ მუნიციპალური ქონების გასხვისების ნაწილში არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი კორუფციასთან მიმართებაში. ხშირ შემთხვევაში მუნიციპალური ნაკვეთების გასხვისება იმგვარი პირობებით ხდება, რომ ეს მორგებულია კონკრეტულ ჯგუფზე ან პიროვნებაზე. მუნიციპალური ქონება უნდა ხმარდებოდეს მუნიციპალიტეტის ინტერესებს. ყველაფრის გაყიდვა არ არის სწორი, ჩვენი ქალაქი ვითარდება, მოსახლეობის რაოდენობა იზრდება და აღმოჩნდა, რომ საბავშვო ბაღების ასაშენებელი მიწაც კი, ბათუმის მერიას ზოგიერთ უბანში მოსაძებნი აქვს.

რაც შეეხება მთავრობის ჩარევას, მთავრობას წარმოუდგენია, რომ მუნიციპალიტეტის ზემდგომია და საკრებულოს, როგორც ნოტარიუსს ისე უყურებენ. ეს, რა თქმა უნდა, შესაცვლელია. ბათუმის საკრებულოს წევრებმა მერიის აქტიური ჩართულობით უნდა იმსჯელონ კონკრეტულ შემთხვევაზე,  პირობა უნდა იყოს ქალაქის და არა კონკრეტული ჩინოვნიკის ან ბიზნესმენის ინტერესები“.

 

გიორგი კირთაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: