მთავარი,სიახლეები

მეუფე იაკობი გახარიას წინააღმდეგ – მორიგი დაპირისპირება

17.09.2021 • 2103
მეუფე იაკობი გახარიას წინააღმდეგ – მორიგი დაპირისპირება

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააჟღერა ვერსია იმის შესახებ, რომ ინტერნეტში გავრცელებული უკანონო მიყურადების ფაილების უკან შესაძლოა ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია იდგეს, ეს ვერსია იმავე დღეს გაიზიარა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობ იაკობაშვილმა, რომელსაც ამაზე საუბრის საშუალება გუშინ, 16 სექტემბერს, „იმედის“ ეთერში მიეცა.

მთავარეპისკოპოს იაკობის თქმით, მას ჯერ კიდევ მანამდე უთვალთვალებდნენ გახარიას დავალებით, სანამ იგი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა.

„როცა დრო იყო და ვამბობდი, ყურადღება რომ მიექციათ, ალბათ აქამდე არ მივიდოდა საქმე. მე გავაკეთე ადრე განცხადება, რომ მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია ითხოვდა თანამდებობის პირებიდან, რომ მღვდლებზე, ეპისკოპოსებზე შეეგროვებინათ კომპრომატები.

…ვისაც ავალებდა, რამოდენიმემ მითხრა და მაგათ სუნთქვას ყველგან ვგრძნობდი“, – თქვა მან.

სასულიერო პირის ვარაუდით, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ბრძანება ქვეყნის გარედან, რუსეთიდან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი გახარიას წინააღმდეგ გამოდის. მთავარეპისკოპოსი იაკობი ჯერ კიდევ მაშინ დაუპირისპირდა გახარიას, როცა ის შს მინისტრი იყო.

„თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებთ… ზემოთ უნდა, პრემიერობა უნდა. არ გავუშვებ მაგ იმაზე“, – თქვა ეპისკოპოსმა გიორგი გახარიაზე 2018 წლის დეკემბერში.

2019 წელს, როცა გახარია უკვე პრემიერი იყო, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა განაცხადა, რომ გახარია, მაშინ როცა ეკონომიკის მინისტრი იყო, იმდროინდელ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და სუსის უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან ერთად, მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ ივანიშვილის დავალებით.

მაშინ გიორგი გახარიამ მთავარეპისკოპოსის ამ განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ „მეუფის სისულელეები საზღვარს გადასცდა“.

„სისულელე“ უწოდა მთავარეპისკოპოსის განცხადებას თეა წულუკიანმაც, რომელიც იმ დროს იუსტიციის მინისტრი იყო.

2019 წელს, გადაცემა „მთავარი აქცენტების“ წამყვანმა, ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ თქვა, რომ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა მას სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ გახარია პირადი ჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებოდა მას და კიდევ რამდენიმე მღვდელმთავარს.

გიორგი გახარია პრემიერობიდან 2021 წლის თებერვალში გადადგა. 2021 წლის ივნისში ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა განაცხადა, რომ გახარიას პარტიას ეკლესიისგან მხარდაჭერა არ ექნება და მას „კრიზისმეიკერი“ უწოდა.

თავის მხრივ, გიორგი გახარია, სავარაუდოდ, სუსიდან გავრცელებულ ფაილებს „ეკლესიაზე ორგანიზებულ თავდასხმას“ უწოდებს. იაკობ იაკობაშვილის განცხადებას ექსპრემიერი ამჯერად არ გამოხმაურებია.

___

რა ხდება?

13 სექტემბერს ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან და სხვებთან დაკავშირებული ათასობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-იდან არის გამოჟონილი.

ჩანაწერების ავთენტურობა, მათი გავრცელების შემდეგ, არაერთმა ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა და სასულიერო პირმა დაადასტურა. მათ ამ მასალებში თავიანთი საუბრები ამოიცნეს. მომხდართან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ არასამთავრობო სექტორშიც.

ამასთან, მასალების ნაწილის შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება, რომ მოსმენის ობიექტები უცხო ქვეყნების საელჩოებიც არიან.

თავდაპირველად, მმართველი გუნდის ლიდერები აღნიშნულს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ და ამაში ცალსახად ადანაშაულებდნენ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“. თუმცა ორი დღის განმავლობაში „ოცნების“ რიტორიკაში გაჩნდა ვერსია ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის მიერ ინფორმაციის გატანაზე, თავად ფარული ჩანაწერების შინაარს კი „ოცნებაში“ „ტყუილ-მართალს“ უწოდებენ.

თავად პარტია „საქართველოსთვის“, რომელიც გახარიამ პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ დააფუძნა, სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილ ჩანაწერებზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში  სახალხო დამცველის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას, პარლამენტში კი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროცესი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და პროკურატურასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: