მთავარი,სიახლეები

როგორ აპირებს ხულოში პრობლემების მოგვარებას გახარიას მერობის კანდიდატი – ინტერვიუ

13.09.2021 • 1426
როგორ აპირებს ხულოში პრობლემების მოგვარებას გახარიას მერობის კანდიდატი – ინტერვიუ

პარტია „საქართველოსთვის“ ანუ გახარიას პოლიტიკური გუნდის მერობის კანდიდატი ხულოში გია აბულაძეა. ის მთავარ პრობლემად სასმელი წყლის არ ქონას ასახელებს. მერობის კანდიდატის თქმით, ხულოს მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტს აწუხებს სასმელი წყლის საკითხი.

რა გზით და როდის ჰპირდება ხულოელებს მერობის კანდიდატი პრობლემის მოგვარებას? – „ბათუმელებმა“ პარტიის „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატს, გია აბულაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა. გია აბულაძე აქამდე აჭარის უმაღლესი საბჭოში და ბათუმის საკრებულოს აპარატში მუშაობდა.

  • ბატონო გია, თქვენი აზრით, რა არის ხულოს მთავარი პრობლემა? 

ბევრი პრობლემაა, მაგრამ სასმელი წყლის არქონაა მთავარი პრობლემა.

იმის მიუხედავად, რომ ფული დაიხარჯა, სოფლების დიდ ნაწილში წყალი ისევ არ არის ან მღვრიეა და განრიგით მიეწოდება. ასევე, მწვავედ დგას სამუშაო ადგილების პრობლემა, საბავშვო ბაღების არარსებობაც აწუხებს ხალხს…

  • წყალზე რომ დავკონკრეტდეთ, რომელია ის სოფლები, სადაც ფული დაიხარჯა და წყალი ისევ არ არის? 

მაგალითად, დაბა ხულოში 2014-2015 წლებიდან დაიწყეს ტენდერები, რომ მოგვარებულიყო წყლის პრობლემა, ზუსტად რამდენი დაიხარჯა, არ ვიცი, მაგრამ რამდენჯერმე გაიცა დაპირება, რომ იქნებოდა 24-საათიანი წყალმომარაგება.

დღეს, რეალურად, წყალი დაბა ხულოში არის მხოლოდ 6 საათით დღე-ღამის განმავლობაში. როგორც ჩანს, არ იყო მიზნობრივი ხარჯვა, დამატებითი რეზერვუარების მოწყობა იყო საჭირო და არ გაუკეთებიათ, შემდეგ მილები იყიდეს და აღმოჩნდა, რომ უფრო მსხვილი მილები სჭირდებოდათ. შემდეგ კომპანიებს შორის დაიწყო დავა და გაურკვეველი სიტუაციაა.

ახლა ისევ გამოაცხადეს ტენდერი, მაგრამ ჩავარდნა ელოდება, როგორც გავიგე. თანაც შორი მანძილიდან არის მოსაყვანი წყალი.

  • დავუშვათ, უკვე ხულოს მერის კაბინეტში ხართ. როგორ აგვარებთ წყლის პრობლემას და რამდენ ხანში? გაქვთ გათვლა, რამდენი ფული დაგჭირდებათ? 

სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს ხულოს მოსახლეობის დაახლოებით 70 – 80 პროცენტს, ამ პრობლემის მოგვარება ერთ წელიწადში შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია, ბიუჯეტის კარგად დაგეგმვის შემთხვევაში, პრობლემა მოგვარდეს იმ პერიოდში, რა ვადითაც ირჩევენ ხულოს მერს.

  • რას გულისხმობთ ბიუჯეტის კარგად დაგეგმვაში, რას მოაკლებდით თანხას? 

მოკლებით ვერაფერს მოაკლებ, მაგრამ ეკონომიებით არის შესაძლებელი პრობლემის ეტაპობრივად მოგვარება, ასევე, ტენდერი სწორად უნდა გამოცხადდეს, ანუ კარგად უნდა იყოს დათვლილი საჭიროებები, რა თანხაა საჭირო.

  • როგორ აპირებთ ხულოს ბიუჯეტის გაზრდას, რითაც წყლის პრობლემაც მოიხსნება და სხვა პროექტებიც დაფინანსდება? 

პირველ რიგში, აუცილებელია ხულო-გოდერძის გზის დროული დასრულება. ეს არის საშუალება, რომ გაჩნდეს მეტი სამუშაო, მეტი ტურისტი უნდა მოვიდეს ხულოში. უნდა გაჩნდეს მეტი საოჯახო ტიპის სასტუმრო.

  • მაგალითად, კურორტ გოდერძის გახსნით რამდენით გაიზარდა ხულოს ბიუჯეტი? 

კონკრეტულად ვერ გეტყვით. ერთეული ადამიანების ბიუჯეტი უფრო იზრდება, ვიდრე ბიუჯეტის, თუმცა მუნიციპალიტეტსაც აქვს, რა თქმა უნდა, შემოსავალი… საჭიროა მცირე და საშუალო გრანტები, რომლებზეც აქტიურად უნდა ვიმუშაოთ. ასევე, შესაძლებელია, თანამონაწილეობა დაფაროს მუნიციპალურმა ბიუჯეტმა.

მნიშვნელოვანია, რომ ქონება იგივე გოდერძიზე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და არა მუნიციპალიტეტის ბალანსზე და მუნიციპალიტეტი ვერ იღებს დაფინანსებას. შესაძლებელია ამ კუთხით მუშაობა, რომ ქონება გახდეს მუნიციპალური.

  • რას ფიქრობთ ჰესებზე – რამდენად შეიცვალა ხულოს ბიუჯეტში შემოსავლები ჰესის მშენებლობის შემდეგ? 

როგორც ვიცი, ყოველწლიურად სამ მილიონზე მეტი შედის ბიუჯეტში ქონების გადასახადი, დღგ კი, მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში. შესაძლებელია, რომ ეს ფული უკან უბრუნდებოდეს ხულოს მუნიციპალიტეტს, როგორც ტრანსფერი სხვადასხვა საჭიროებისთვის. ეს მიღწევადია ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.

  • თქვენ რა პერიოდში ჰპირდებით ხულოელებს მიწის რეგისტრაციას? აქამდე არაერთხელ გაიცა ეს დაპირება უშედეგოდ.

მართლაც ყველა ჰპირდებოდა, მაგრამ ეს პრობლემა არის და არაფერი შეცვლილა. საინტერესოა, რომ იგივე კურორტ გოდერძიზე არის უკვე დავები მოქალაქეებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის, ანუ თავიდან არ ეხებოდნენ, შემდეგ კი, როცა სახელმწიფოს დასჭირდა, ჩამოართვეს, ასე გამოდის.

მე ვპირდები მოსახლეობას იმას, რომ ვიქნები შუამავალი სახელმწიფოს და მოქალაქეებს შორის. სადაც ჩამორთმეულია უკვე მიწა, იქ უნდა გადავიხადოთ კომპენსაცია.

  • გაქვთ გეგმა, როგორ შეიძლება ჩართოთ ადამიანები აქტიურად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში? 

ეგ ნამდვილად არის პრობლემა, რადგან რეალურად უნდა იმართებოდეს შეხვედრები. ჩემი იდეაა ის, რომ სოფლებს, რომლებიც ცენტრიდან დაშორებულია დიდი მანძილით, შევთავაზოთ საკითხების განხილვის ელექტრონული პლატფორმა, სადაც გვეტყვიან, რა ჯობია ბიუჯეტში იყოს – ეს იქნება მეტი ღიაობა ჩვენი მხრიდან.

  • ამისთვის, პირველ რიგში, კარგი ინტერნეტი დაგჭირდებათ. როგორც ვიცი, ხულოში არც ეს დაპირება შეუსრულებიათ. 

ხულოს ცენტრთან ახლოს მდებარე სოფლებში უკვე არის ბოჭკოვანი ინტერნეტი, შორს მდებარე სოფლებში ინტერნეტი ჯერ კიდევ პრობლემაა, მაგრამ ხელისუფლებაში ჩვენი  მოსვლის შემთხვევაში, მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოგვარდეს ეს პრობლემა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: