სკოლებში მასწავლებელთა 65% აცრილია კოვიდზე – სამინისტრო

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, ბოლო მონაცემებით, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია კორონავირუსზე.

სამინისტროს ცნობით, „იუნისეფთან“ თანამშრომლობის შედეგად, ბოლო ორ თვეში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე გაიზარდა და კოვიდზე აცრილი მასწავლებლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება

ამჟამად სწავლა სკოლებში დისტანციურად მიმდინარეობს 4 ოქტომბრამდე.

4 ოქტომბერს პირველკლასელები სწავლას სკოლის შენობებში დაიწყებენ იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება.

საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, 4 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, იმ სოფლებსა და ქალაქებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვა, სკოლებში დისტანციური სწავლების რეჟიმი მოიხსნება და სწავლა გაგრძელდება სკოლის შენობებში.

ღარიბაშვილი გაეროში: ქართული ოცნებები ხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას დეოკუპაციას, პანდემიის კრიზისს, საქართველოს ევროინტეგრაციასა და სხვა საკითხებს შეეხო. მისი თქმით, „ქართული ოცნებები ხდება“, ეკონომიკა კი „ჯანსაღდება“.

„ვიტყვი, რომ ქართული ოცნებები ხდება. სამომავლო მისწრაფებებზე ბევრად მეტი გვაქვს და დღეს ისეთი შედეგებისთვის ვიღვწით, რასაც ჩვენი ხალხი საჭიროებს.

ახალი კორონავირუსის მიზეზით გამოწვეული ღრმა ჩავარდნების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა ჯანსაღდება, ეკონომიკური ზრდა სახეზეა, სამუშაო ადგილები იქმნება და კიდევ ერთხელ ვხდებით წამყვანი ტურისტული დანიშნულების ცენტრი მსოფლიოში“ – განაცხადა მან.

ღარიბაშვილის თქმით, „საქართველო აღმასვლას აგრძელებს“, თუმცა ქვეყნის თავისუფლება გამოწვევის წინაშეა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის სახით.

„დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით – დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვრცლად ამ თემაზე: 

“ეკონომიკა ჯანსაღდება, სამუშაო ადგილები იქმნება” — რაზე ისაუბრა ღარიბაშვილმა გაეროში

3:0 – „დინამო ბათუმმა“ დაამარცხა „სამგურალი“ | ეროვნული ლიგა

24 სექტემბერს „დინამო ბათუმმა“ „სამგურალს“ მოუგო ანგარიშით 3:0.

შეხვედრაზე „სამგურალის“ კარში გოლი გაიტანეს „დინამოელებმა“: ჯიღაურმა, მამუჩაშვილმა და ალთუნაშვილმა.

ამ დროისათვის „დინამო ბათუმი“ კვლავ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეშია 56 ქულით. მეორე ადგილზეა „დინამო თბილისი“, რომელსაც 51 ქულა აქვს, მესამეზე ადგილზე კი გორის „დილაა“ – 43 ქულით.

შემდეგ შეხვედრას „დინამო ბათუმი“ გორის „დილასთან“ გამართავს 29 სექტემბერს.

აჭარაში კოვიდის 84 ახალი შემთხვევაა | 25 სექტემბერი

25 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 84 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 494 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, მათგან 34 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონში კოვიდსასტუმროშია 260 ადამიანი.

დღეს, 25 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 1597 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 38 ადამიანი გარდაიცვალა.

დადასტურდა კოვიდის 1597 ახალი შემთხვევა, 38 პაციენტი გარდაიცვალა

25 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1597 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 331  კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 38 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

24 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.62% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.17%.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 23 005, მათგან 4 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

შესაძლოა თაობებს სახელმწიფოს შექმნის შანსიც კი წაგვერთვას – პოლიტოლოგი ე.წ. სუს-ის ფაილებზე

„წარსული შეიძლება გახდეს ჩვენი მომავალი,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, რომელმაც დღეს, 24 სექტემბერს ბათუმში „დემოკრატიის სკოლაში“ შეხვედრა გამართა. ის სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, სასამართლოს დეგრადაციას არ გამორიცხავს, თუკი დღეს მოქალაქეები ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ვერ იგრძნობენ და არ გააქტიურდებიან.

რა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანაში პროცესი დემოკრატიის სასარგებლოდ განვითარდეს? – „ბათუმელებმა“ ლევან ცუცქირიძეს შეხვედრის შემდეგ რამდენიმე კითხვა დაუსვა. ის აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD აღმასრულებელი დირექტორია.

  • ბატონო ლევან, არამხოლოდ ამ შეხვედრაზე, ალბათ, ბევრისგან გესმით, რომ უკვე ქვეყნის დატოვება სურს, დაიღალა, ან ეძებს გზას, როგორ დარჩეს ისევ დემოკრატიის ქომაგად, როცა იმედგაცრუებულია… თქვენ სად ხედავთ დღეს მოქალაქის როლს? 

დღეს ძალიან ბევრი ადამიანია იმედგაცრუებული პოლიტიკური გარემოთი, სახელმწიფო ინსტიტუტების ხრწნით, კორუფციის დემოკრატიზაციით, ზოგადად პოლიტიკური კულტურის დეგრადაციით. ჩვენი, მოქალაქეების გადასარჩენია დემოკრატია. ჩვენ გვჭირდება უფრო მჭიდრო თანამშრომლობა თანამოაზრეებთან, რომ გადავდგათ გაბედული ნაბიჯები.

რეალურად საქართველოში  დემოკრატიის მხარდამჭერი ხალხი ბევრი ვართ. შესაძლოა, ბევრის შეხედულება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, ცალკეულ საკითხებზე გვქონდეს განსხვავებული პოზიციები, მაგრამ საქართველოში არავის უნდა, მაგალითად, ქუჩაში ვიღაცები დარბოდნენ ადამიანების საცემად და შემდეგ არავინ სჯიდეს. ამიტომაც, ვამბობ, რომ ჩვენ გვჭირდება თანამოაზრეების პოვნა და ხიდების აშენება ნგრევის ნაცვლად. ჩვენი პოლიტიკური ელიტა დღეს ხიდების ნგრევით არის დაკავებული, მაშინ, როდესაც პირიქით  უნდა იყოს.

  • რატომ აწყობთ ეს?

ზოგადად, პოლარიზაციას აქვს ეფექტი, მაგრამ ეს პრიმიტიული საარჩევნო სტრატეგიაა. დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენება ეს მეთოდი, როცა ამბობ, რომ შენ ხარ კარგი და დანარჩენი ყველა არის ცუდი. მგონი, დიდწილად ჩვენს პოლიტიკურ კლასში არ არის იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა აკეთო პოლიტიკა სხვაგვარად, რადგან ათწლეულებია უკვე ჩვენ ვუყურებთ ერთი და იგივე ტიპის პოლიტიკას.

ვფიქრობ, მოქალაქეებს უფრო მაღალი დონის პოლიტიკური კულტურა აქვთ, ვიდრე ჩვენს პოლიტიკოსებს, ისინი იმსახურებენ უფრო მაღალი დონის პოლიტიკას. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ პოლიტიკოსებმა ისაუბრონ არა იმაზე, თუ როგორი ცუდია სხვა, არამედ ისაუბრონ იმაზე, თუ როგორ გადაჭრიან პრობლემებს, რაც გვაწუხებს. ამაზე რომ ვერ ვსაუბრობთ, ეს არის ჩვენი დემოკრატიის ტრაგედია. დღეს ჩვენ გვაქვს არჩევნები, სადაც პრაქტიკულად არ არსებობს დებატი, დისკუსია რაიმეს შექმნაზე იქნება ეს, თუ წინასაარჩევნო პროგრამები. საერთოდ ეს გახდა მეათეხარისხოვანი საკითხი.

  • სურთ ეს ნამდვილად მოქალაქეებს? ე.წ. სუსის უკანონო ფაილებზეც კი არ ჩანს რეაქცია…

ჩვენი საზოგადოებრივი სხეული, მგონი, დაბუჟდა რაღაცნაირად, როცა ტკივილს ვეღარ ვგრძნობთ. მგონი, დავიღალეთ. ამას სჭირდება თვისებრივად ახალი აქტივიზმი, რომ ეს დაბუჟებული სხეული გაცოცხლდეს. ეს მისია უნდა შევასრულოთ პროდემოკრატიულმა ძალებმა და ეს ბნელი დისკურსი გადავრთოთ.

  • რა რისკები არსებობს, საითკენ მიდის პროცესი?  

უფრო მეტი დეგრადაციისკენ, თუ ასე გაგრძელდა. მხოლოდ მთავრობას არ ვგულისხმობ. მოიაზრება სამოქალაქო ორგანიზაციები, მედია… ეს ყველაფერი შესაძლოა მოიშალოს და ჩაყლაპოს ამ ორომტრიალმა, ქაოსმა. რეალურად ძალიან დიდი ხნით, საბოლოოდ თუ არა, შესაძლოა წაგვერთვას რამდენიმე თაობას იმის შანსი, რომ ნორმალური სახელმწიფო შევქმნათ. ეს ძალიან დასანანი იქნება.

სამოქალქო საზოგადოებამ დღეს უფრო ხმამაღლა საუბარი უნდა დაიწყოს, მათ შორის, სხვა ჯგუფებთან, პოლიტიკოსებთან, თანასწორის რანგში ესაუბროს ყველას და მიუთითოს, რომ სხვანაირად უნდა გააკეთონ საქმე. უნდა შევაჯანჯღაროთ მთლიანად პოლიტიკური სისტემა. ახლა უკეთესი მოქალაქე უნდა გავხდეთ ყველა და გავაცნობიეროთ, რომ მოქალაქეობა პასუხისმგებლობაა.

  • კვლევების მიხედვით, ისევ ბევრია ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ანუ მოქალაქეები ისევ თვლიან, რომ არჩევანი არ აქვთ. 

ისევ ძლიერია ფაქტორები, რაც იწვევს აპათიას, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს არჩევნების გარდა. არჩევნების გარდა გამოსავალი არ არსებობს… ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ლიდერს არ ველოდოთ, რომ ვიღაც მოვა და გვაჩვენებს სწორ გზას. უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ციცაბო გზაზე მოგვიწევს გავლა, თუ გვინდა, რომ შანსი გვქონდეს.

  • როცა ჩანს, რომ ხელისუფლებას არ აღელვებს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები, რამდენად შეიძლება მათი მხარდაჭერის შენარჩუნება? 

რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორები მეგობრობენ ქვეყანასთან, თუმცა არავის ჩვენზე სამუდამოდ ჯვარი დაწერილი არ აქვს. ძალიან მარტივად შეიძლება აღმოვჩნდეთ არშემდგარი ქვეყანა და ისევ მივიღოთ 90-იანი წლები. ის, რაც წელს, 5 ივლისს ხდებოდა თბილისის ქუჩებში, არაფრით განსხვავდება 90-იანი წლების ამბებისგან.

მარტივად შეიძლება, წარსული გახდეს ჩვენი მომავალი, თუ არ ვიმოქმედებთ.

ვის მისცემ ხმას, როცა არჩევნების წინ ბინას გაძლევენ

ბათუმის მერია ცხრა წლის განმავლობაში გაწელილი „იაფი სახლის“ პროგრამის პირველი ეტაპის ფინალში გავიდა და ეს 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად ათი დღით ადრე მოახერხა.

21 სექტემბერს ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, „იაფ სახლში“ ბინა 40 ოჯახს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ გადასცეს. 40-მა მესაკუთრემ  მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რაც პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს, ბინის გასაღები მიიღო.

როგორც მერიაში განმარტეს, პროგრამის მეორე ეტაპის განცხადებების მიღება სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ორივე ეტაპზე კი ბინა, ჯამში, 80 ოჯახს გადაეცემა.

ბინების გადაცემის შემდეგ კომენტარში მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ამ პროგრამის წარმატებით დასრულებაში მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის როლს. ის „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატია.

„ხელმისაწვდომი საცხოვრისის“, იგივე „იაფი სახლის“ პროგრამის ისტორია 2012 წლიდან იწყება და ამ ისტორიას ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვისა და კიდევ ექვსი მაღალჩინოსნის სისხლის სამართლის საქმეს, მათ დაპატიმრებას უკავშირდება. „იაფ სახლში“ ბინების შესყიდვის მსურველები კი წლებია ელიან პროგრამის დასრულებას.

ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, 2021 წლის მარტში, „იაფი სახლის“ ერთ-ერთ კორპუსში მოქალაქეები შეიჭრნენ კიდეც. სამართალდამცავებმა ისინი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. კორპუსებში შეჭრილი მოქალაქეები მიიჩნევდნენ, რომ მერია მათ უსამართლოდ ექცევა და ისინიც იმსახურებენ მოხვდნენ სიაში, რომლის მიხედვითაც მომავალ მესაკუთრეებს მერია კონტრაქტებს უფორმებს [კონტრაქტი ბინის თვითღირებულების 15 წლის ვადაში გადახდას ითვალისწინებს].

ადგილზე მისულ ჟურნალისტებს კორპუსები მაშინაც იმავე მდგომარეობაში დაგვხვდა, როგორც ახლა – ყველა სამუშაო დასრულებული იყო, თუმცა რამდენიმე თვის წინ მერიამ ბინების გადაცემის გადაწყვეტილება არ მიიღო.

თორნიკე რიჟვაძეს ვკითხეთ, ბინების ახლა გადაცემა ხომ არ არის წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად გადადგმული ნაბიჯი? – აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გვიპასუხა, რომ პროგრამა ახლა დამთავრდა. მისი განმარტებით „ეს ზრუნვაა და ზრუნვა დანაშაული არ არის“.

„ჩვენ არ გადავცემთ დაუსრულებელ ბინებს განსხვავებით სხვებისგან, ასევე ეს იყო პროგრამული ღონისძიება და რამდენიმე წლით იყო დაგეგმილი, ამიტომ არც კანონმდებლობასთან და არც მორალთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ ისევ ვაპირებთ, ხალხზე ორიენტირებული არაერთი ქმედების განხორციელებას და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. წინასაარჩევნო პერიოდში არ ვიმუშაოთ თუ რას მთავაზობთ, ხალხზე არ ვიზრუნოთ? კანონი ირღვევა? – კიდევ ბევრ რამეს ვაპირებთ და ეს იქნება აბსოლუტურად შესაბამისი კანონთან და მორალთან“ – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ.

ბოლო ერთ თვეში მთავრობამ კიდევ რამდენიმე ათეულ ოჯახს შეატყობინა, რომ დაურეგისტრირებენ სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებას, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა. მათ შორის არიან დაბა მახინჯაურში, სახელმწიფოს შენობაში მცხოვრები ყოფილი სამხედრო პირები. ისინი ამ ფართობების საკუთრებაში გადაცემას წლებია ითხოვდნენ, საპროტესტო აქციებსაც მართავდნენ, თუმცა უშედეგოდ. იგივე შეიძლება ითქვას ბათუმში, სვიშევსკის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახებზეც – მთავრობამ არჩევნების წინ მათზეც იზრუნა.

16 სექტემბერს ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტმა მთავრობას საკუთრებაში გადასცა რვა ბინა ბათუმში, სვიშევსკის ქუჩაზე და 31 ბინა დაბა მახინჯაურში, მომავალში ამ ფართობების მათი მესაკუთრეებისთვის გადასაცემად.

„ბათუმელები“ შეხვდა სვიშევსკის ქუჩაზე მაცხოვრებლებს – მათ გვითხრეს, რომ ყოფილ სამხედრო შენობებში ათი წელია ცხოვრობენ და ბოლო 5 წლის განმავლობაში არაერთი განცხადებით მიმართეს, როგორც მერიას, ასევე მთავრობას ამ ქონების გადაცემის მოთხოვნით.

უშედეგოდ.

ვცადეთ დაბა მახინჯაურში მცხოვრებლებთან გასაუბრებაც, რომლებიც აქამდე საკუთარი პრობლემების გაშუქების თხოვნით თავად გვიკავშირდებოდნენ. ამჯერად მათთან კომუნიკაცია ვერ შედგა – გვითხრეს, რომ ყველაფერი მოგვარდა და ამ თემაზე არ დაგველაპარაკებიან.

მახინჯაურში მცხოვრებმა სამხედროებმა ფართობების დაკანონების მოთხოვნით საპროტესტო აქციები ბოლოს 2019 წელს გამართეს. მაშინ ისინი „ბათუმელებთან“ აცხადებდნენ, რომ თავდაცვის სამინისტრო მათგან ერთადერთ თავშესაფარს, საცხოვრებელს ითხოვდა.

აქცია მახინჯაურში / 5 მაისი, 2019 წელი /

თამარ მეფის 54 ნომერში არსებულ ძველ კორპუსში სამხედროები და მათი ოჯახები ათ წელზე მეტია ცხოვრობენ. კორპუსი სარეკრეაციო ზოლში, 1 979 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს. შენობა ყოფილ 50-ე ბატალიონს ეკუთვნოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის მიტოვებული და მოუვლელი იყო.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ მთავრობამ კეთილი ნება გამოიჩინა და გადაწყვიტა ამ ოჯახებისთვის ბინები გადაეცა.

21 სექტემბერს „იაფ სახლში“ ბინების გადაცემის ცერემონიალის შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ  ისიც თქვა, რომ მთავრობა აპირებს სოციალური პოლიტიკა გააძლიეროს. ამის საილუსტრაციოდ „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობა, ეკომიგრანტებისთვის სახლების შესაძენად გათვალისწინებული თანხის გაზრდა და ურეხის თავშესაფრის რეაბილიტაცია დაასახელა.

რიჟვაძის განმარტებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო უსაფრთხო საცხოვრისის შესაძენად სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადად 30 000 ლარს გამოუყოფს. ამ დრომდე თანხის მაქსიმუმი 25 000 ლარი იყო.

დღემდე „ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, თანადაფინანსებით საცხოვრებელი სახლი 552-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეისყიდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“  სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი, მალხაზ ჭკადუა მიიჩნევს, რომ პროგრამის ბენეფიციარებისთვის ბინების დარიგება არჩევნების წინ ამომრჩეველზე პირდაპირი ან ირიბი გავლენის მოხდენის მცდელობაა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ირღვევა და არც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან გვაქვს საქმე:

„ნებისმიერი პროგრამა, რომელიც გულისხმობს ბინების საკუთრებაში დარეგისტრირებას, ან გადაცემას, ეს იქნება გრძელვადიანი გამოსყიდვით თუ ჩუქებით, პირდაპირ გავლენას ახდენს იმ ოჯახებზე, რომლებიც გახდნენ ამ პროგრამის ბენეფიციარები და ირიბად გავლენას ახდენს ამ ოჯახების გარემოცვაზე, ახლობლებზე და ასე შემდეგ. ამიტომაც ჩვენი რეკომენდაცია ყოველთვის არის, რომ მუნიციპალიტეტებმა, ავტონომიურმა რესპუბლიკამ თუ სახელმწიფომ, მსგავსი ნაბიჯებისგან თავი შეიკავონ, რომ არ დაზარალდეს ჯანსაღი კონკურენტული საარჩევნო გარემო, რომელიც უნდა იქმნებოდეს პირველ რიგში ხელისუფლებების გადაწყვეტილებებით.

ჩვენ სულ საპირისპირო რამეს ვხედავთ წინასაარჩევნო პერიოდში – ეს ეხება როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე მუნიციპალიტეტებს, ცხადია, ავტონომიურ რესპუბლიკასაც. ეს გადაწყვეტილებები ისედაც მყიფე ზღვარზეა მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის, რაც არსებობს ძალიან სუსტი სახით და პრაქტიკულად წაშლილია. ამიტომ ამომრჩევლისთვის ხანდახან სრულიად გაუგებარია, როცა კონკრეტული ღონისძიება ტარდება, საბიუჯეტო სახსრებით არის დაფინანსებული ამ ღონისძიების ჩატარება, მის წინაშე მთავრობის თავმჯდომარეა, სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ პარტიის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე, ასეთი ღონისძიებები არ არის რეკომენდებული. ცხადია, ეს არ არის კანონდარღვევა, არ არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, თუმცა გარკვეულწილად გავლენას ახდენს ამომრჩევლის ნებაზე“.

მალხაზ ჭკადუამ „ბათუმელებთან“ ყურადღება გაამახვილა ასევე მუნიციპალური პროგრამით დაფინანსებულ ღონისძიებაში მთავრობის თავმჯდომარის მონაწილეობაზე:

„ეს [იაფი სახლი] არის მუნიციპალური პროგრამა და საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ რამდენ სირთულესთან, დანაშაულთან თუ ხარვეზთან არის დაკავშირებული ამ პროგრამის განხორციელება ბათუმში. ის თავის დროზე იყო ინოვაციური და უპრეცენდენტო პროგრამა, თუმცა გვახსოვს მისი განხორციელება რამდენ სირთულესთან იყო და არის დაკავშირებული. ამ მიმართულებით დაიხარჯა ბათუმის შემოსავლები, თანხები ბათუმის ბიუჯეტიდან.

მალხაზ ჭკადუა

როდესაც მთავრობის თავმჯდომარე არის ჩართული ბინების გასაღებების გადაცემის პროცესში, ეს ერთგვარად ამცირებს მუნიციპალიტეტის მნიშვნელობას ამომრჩევლების თვალში. ვისურვებდი, რომ იქ მხოლოდ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ. [აჭარის] მთავრობის თანხა ამაში არ დახარჯულა, ამიტომ ცოტა გაუგებარია მსგავს ღონისძიებებში რატომ უნდა იღებდეს მონაწილეობას მთავრობის თავმჯდომარე. ის არ არის თვითმმართველობის ზემდგომი და მერების უფროსი, არც პრემიერ-მინისტრი, ამიტომ ესეც ერთგვარად მიანიშნებს, რომ ეს ყველაფერი პარტიული ნიშნის გაძლიერებას ემსახურება, ყველამ იცის, რომ თორნიკე რიჟვაძე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.

 

სოფელში სულ იმაზე საუბრობენ, რომ ყველა მოსაწევზე ზის – ენმ-ს ქალი კანდიდატი ხულოში

შორენა შავაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მესამე ნომერია ხულოში. ორი წლის წინ ბათუმი მიატოვა და სოფელ დიდაჭარაში დაბრუნდა. რა შეიცვალა სოფელში დაბრუნების შემდეგ როგორც მის, ასევე სოფლად მცხოვრები სხვა ქალებისთვის და რატომ უნდა იყოს უფრო მეტი ქალი პოლიტიკაში.

  • ქალბატონო შორენა, მოგვიყევით თქვენ შესახებ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკური აქტიურობა და რას შეცვლით საკრებულოში მოხვედრის შემთხვევაში ხულოში?

37 წლის ვარ, განათლებით ეკონომისტი. მყავს სამი შვილი და ველოდები მეოთხეს. ჩემი მეუღლე სამხედროა და ბოლოს ფოთში მსახურობდა, სასაზღვრო ძალების პოლიციის მაიორი იყო, ახლა უკვე პენსიაშია. აგვისტოს ომამდე ფოთში მეც ვმუშაობდი ჯარის სასურსათო საწყობის უფროსად, შემდეგ შვილი გამიჩნდა და მუშაობა ვეღარ გავაგრძელე. რაღაც პერიოდი ძალიან ჩავიკეტე სახლში, ამიტომ მთლად დიასახლისად რომ არ გადავქცეულიყავი, ბუღალტერიაც ვისწავლე.

  • როგორია ქალის ცხოვრება მხოლოდ სახლში, აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების მიღმა?

დიასახლისობაც კარგია, მაგრამ ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი საზოგადოებაში. აბა, რისთვის ვიღებთ განათლებას, ტყუილად არ უნდა გედოს დიპლომები და განათლება შესაბამისად უნდა გამოიყენო. თუ შენ თვითონ არ იაქტიურე, ჩათვალე, რომ საკუთარ თავს მხოლოდ დიასახლისად დაინახავ და ვეღარ განვითარდები.

ბევრს არ აქვს გაცნობიერებული, რამდენად მძიმეა ქალის ჯაფა ოჯახში და ოთხ კედელში. ოჯახის წევრები დილით გავლენ, საღამოს მოვლენ და ის, რომ ქალს სახლში ამდენი შრომა უწევს, მათთვის მეორეხარისხოვანია. რამდენჯერმე დავუტოვე ჩემს მეუღლეს ბავშვები და უთქვამს – „უიმე, კიდევ კარგი ქალი არ ვარო“.

ასეთია კაცების მენტალობა  საქართველოში – ფიქრობენ, რომ ოჯახის საქმე მხოლოდ ქალის საქმეა.

  • როცა პოლიტიკური აქტიურობა გადაწყვიტეთ, იყო ზეწოლა ოჯახის ან საზოგადოების მხრიდან?

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იყო წნეხი. „გაგიჟებულა“, „ამას პატრონი არ ჰყავს?“, „ქმარს ვერ მიუხედია“ – ასეთი რეპლიკები გვესმის ხოლმე აქტიური ქალების მიმართ. ჩემზეც იმავეს ამბობდნენ.

როცა სოფელში დავბრუნდი, მაშინვე ვთქვი, რომ აუცილებლად უნდა მეკეთებინა რაიმე. შემოვიკრიბე ქალების გუნდი და დავიწყეთ ქალთა გაძლიერებაზე მუშაობა.

ერთი წლის განმავლობაში მოვახერხე სერიოზული ტრენინგების ორგანიზება ამ ქალებისთვის, 16 ქალი ჩაქვშიც ჩამოვიყვანე  ტრენინგზე. ჩემ მიმართ უკვე დიდი ნდობა აქვთ და ყველა საქმეში მომყვებიან.

ვცდილობ, კარგად გავაცნო მათი უფლებები, რა შეუძლია ქალს და რატომ არ უნდა იყოს მხოლოდ სახლში გამოკეტილი. ქალებს უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ უფრო მეტად თავისუფლები იყვნენ, რომ მხოლოდ ყანა და პირუტყვის მოვლა არ არის მათი საქმე.

ხულოში თითქმის ყველა მენეჯერი, ბაღის თუ სკოლის დირექტორი კაცია. წამყვან პოზიციაზე ქალი არ არის. არადა, იცით როგორი ლიდერი ქალები აღმოვაჩინე ამ პერიოდში? მე თვითონ გაოცებული ვარ. რატომ შენ არა? – ვეუბნები მათ. ამ ქალებს მართლა შეუძლიათ იყვნენ მმართველები და წარმატებული საზოგადოებრივ საქმეშიც.

  • რატომ უნდა იყვნენ ქალები აქტიურები პოლიტიკაში, როგორ ფიქრობთ?

ხულოში ძალიან სუსტია ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში. დღეს მოქმედ საკრებულოში 28 დეპუტატიდან მხოლოდ ორია ქალი. წინა მოწვევაზე კი მხოლოდ ერთი ქალი ჰყავდათ.

პარტიაში რომ მივედი, თავი ძალიან მარტოდ ვიგრძენი – ფაქტობრივად, ქალის ჭაჭანება არ იყო, ამიტომ შევქმენი ქალთა ორგანიზაცია. დღეს ამ ქალებიდან ექვსი ქალი უკვე არის ამ არჩევნებზე კანდიდატად წარმოდგენილი. ყველა ჩემი ორგანიზაციის წევრი და ჩემი აღმოჩენილია.

უფრო მეტია საჭირო მათ გასაძლიერებლად, ჯერ კიდევ არიან ქალები, რომლებიც ვერ იღებენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს, ფიქრობენ, რომ მხოლოდ კაცია ოჯახში უფროსი, რომ კაცი უნდა გაუშვან წინ, მხოლოდ ქმარი, დედამთილი, მამამთილი – ამათზე არიან დაყრდნობილი. ახალი თაობა უფრო მეტად თავისუფალია, მაგრამ ისინი სოფელში არ არიან, ჩემი თაობის ქალები არიან ძირითადად სოფელში და ისინი ჯერ კიდევ არიან ტრადიციების გავლენის ქვეშ.

ჩემი აზრით, რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში, რადგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ზოგჯერ ქალებს უფრო კარგად და სწრაფად შეუძლიათ, ვიდრე კაცებს. ხშირად, ქალების შესაძლებლობებს პარტიებიც კი შეგნებულად არ აღიარებენ. თუმცა შედეგებიც და კვლევებიც აჩვენებს, რომ ქალის აქტიურობა დადებითად აისახება პოლიტიკაში.

  • თუ საკრებულოში შეხვალთ, რა ინიციატივები გექნებათ, კიდევ რას შეცვლით ქალების ცხოვრებაში, თემში, მუნიციპალიტეტში?

ახლა მთავარი მიზანი ამ ხელისუფლების სახლში გაშვებაა, შემდეგ აუცილებელია აქტიური და ცოდნით აღჭურვილი ქალების დასაქმება, არ მინდა ჩემი გუნდიდან რომელიმე დამეკარგოს.

შესაქმნელია ისეთი ორგანიზაციები, სადაც ახალგაზრდებიც ჩაერთვებიან და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესდებიან. თვითმმართველობის დონეზეა შესაცვლელია ყველაფერი ყველა სფეროში. არ გვაქვს წესიერი საავადმყოფო, შვილს ველოდები და რატომ უნდა ვიყო აღრიცხვაზე ბათუმში? აქ ვერ გვთავაზობენ შესაბამის სერვისს, ძალიან მეშინია ბავშვის ავადმყოფობისაც, ამიტომ გვჭირდება კარგი საავადმყოფო. ტურიზმის კუთხითაც ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, საოჯახო სასტუმროების ბიზნესს უნდა შევუწყოთ ხელი, რომ იქნებ ჩემსავით დაბრუნდნენ ადამიანები სოფელში. გზები გასამართია, წყალი არ მოდის დაბაში და თუ მოდის, ვერ დალევ, ტალახიანია.

  • როგორც ვიცი, ეკოლოგიური პრობლემებიცაა ხულოში.

დიახ, ტყეები ხმება. ჩემს სახლს ზემოთ ნაძვნარი თითქმის გამხმარია, არავინ სწავლობს რა ხდება. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ, რადგან თუ ტყე გახმება, აღარც წყალი გვექნება და აღარც ბუნება, შესაბამისად არც ტურიზმი. ყველაფერს დავკარგავთ, რადგან ჩვენი სიმდიდრე ტყეა.

ასევე სოფლებიდან ნარჩენების გატანის პრობლემაა, სულ იმას ვეხვეწები, რომ გარემოს ნუ დაანაგვიანებთ-მეთქი. არ შეიძლება ყველაფერი გარემოში გადაყარო. მწვანე ტბაზეც გასავითარებელია ინფრასტრუქტურა.

ჩემი მიზანია, რაღაც შეიცვალოს სოფლად, რომ ჩვენი შვილები დაცულ და უკეთეს გარემოში გაიზარდონ. ისეთ სკოლაში, სადაც ყოველდღე პატრულის გამოძახება არ იქნება საჭირო.

  • რას გულისხმობთ?

როცა ფოთში ვცხოვრობდით, თითქმის ყოველდღე პატრულის მანქანა იდგა სკოლასთან. ხშირად იყო გარჩევები, ჩხუბი, წარტყმა-წამორტყმა, მეგონა სოფელში უკეთესი ვითარება იქნებოდა, თუმცა აქაც არის მოძველბიჭო გარემო.

სოფელში სულ იმაზე საუბრობენ, რომ ყველა მოსაწევზე ზის. ამ დროს სპორტდარბაზის კარები აჭედილია, ჭადრაკის სახლი კი ინგრევა. პირველ რიგში, ეს კარები უნდა გავაღოთ და კარგი სპორტის პედაგოგი მოვიყვანოთ. ჩვენს სოფელში ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონებიც კი გაიზარდნენ და ახალგაზრდების სპორტით დაკავებაა საჭირო. მეტი თანხა უნდა ჩაიდოს ჯანსაღ ცხოვრებაში. აქაური ბავშვები ვერც ტურნირებში იღებენ მონაწილეობას, თუ ერთ ტურს მოიგებენ, მეორეზე ქალაქში უნდა წავიდნენ, ამას ფული სჭირდება, რის შესაძლებლობაც ბავშვებს არ აქვთ. ამასაც დაფინანსება სჭირდება.

  • სოფელში რატომ დაბრუნდით?

ჩემი მეუღლე 25 წელი სამხედრო სამსახურში მსახურობდა, თუმცა ხელფასით თავი ვერ ვირჩინეთ ქალაქში. როცა უყურებ, რომ მეუღლე დილიდან საღამომდე გასულია სამუშაოზე, მაგრამ საარსებო მინიმუმი მოაქვს, შინაგანი პროტესტი გიჩნდება.

ერთ დღეს მეუღლემ მითხრა – „ჩვენ ასე ვერ გავზრდით შვილებს“. ძალიან დავისტრესე და დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ რაღაც უნდა შეგვეცვალა. ბავშვებიც რაღაცნაირად მეჩაგრებოდა ქალაქში, რადგან ვხედავდი, რომ ფინანსები აღარ გვყოფნიდა და ვეღარ ვაძლევდი საჭირო განათლებას. სასკოლო ტურებზეც კი ვეღარ გამყავდა, ყველაფერი ფასიანია. ხუთსულიანი ოჯახი ერთ ხელფასზე ვიყავით დამოკიდებული. ახლა კიდევ მეოთხეს ველოდებით. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავრიდებოდით ქალაქს და დავბრუნებულიყავით სოფელში.

გავყიდეთ ბინა და განვაახლეთ ცხოვრება სოფელში, სადაც მიტოვებული სახლი გვქონდა. თავიდან არც ბავშვებს უნდოდათ სოფელი, მაგრამ ქალაქში სიდუხჭირეში ყოფნას, სოფელში უფრო მყარად ცხოვრება მერჩივნა. მეუღლე პენსიაზე გავიდა და ახლა 400 ლარი აქვს, თუმცა სოფლად ეს თანხა უფრო გამოვიყენეთ, ვიდრე 1400 ლარი ქალაქში ცხოვრებისას.

  •  სოფლის სკოლაში რა ვითარებაა?

4-5 ბავშვი რომ დაგვხვდა კლასში, ძალიან დამთრგუნველი იყო, თუმცა ადაპტაცია უკვე გავიარეთ. ინტერნეტთან წვდომაც ჭირს, თუმცა მაინც ახერხებენ ონლაინგაკვეთილებზე ჩართვას. დიდაჭარის სკოლა ყოველთვის გამორჩეული იყო კარგი განათლებით, ვინც ამთავრებდა სკოლას, ყველა აბარებდა უმაღლესში, ამანაც გამაბედინა ბავშვების აქ წამოყვანა.

„გალამაზებაზე გადავდივართ“- „ოცნების“კანდიდატი ქედის სოფლებზე, სადაც წყლის ონკანები ღიაა

„ევროპული ყაიდის სოფლების“ მოწყობას ქედელებს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი – როლანდ ბერიძე ჰპირდება. ის ბოლო 4 წელი ქედის მერის მოადგილეა და კარგად იცის, რომ ქედის სოფლების პრობლემა ჯერ კიდევ სასმელი წყლის „ღიად დატოვებული ონკანებია,“ როგორც ეს თავად ინტერვიუს დროს გვითხრა.

პრობლემაა ინტერნეტიც. „ოცნების“ მერობის კანდიდატს მოსახლეობა შეხვედრების დროს, პირველ რიგში, ინტერნეტს სთხოვს – ქედელი ბავშვები ახლაც ონლაინში სწავლობენ, მაგრამ ინტერნეტი არ აქვთ.

რას გულისხმობს „ევროპული ყაიდის“ სოფლებში, როცა ქედაში სასმელი წყლის მიწოდებაც კი პრობლემაა და ონკანებიც სულ  მოშვებულია? – „ბათუმელებმა“ როლანდ ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო როლანდ, თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ქედისთვის? 

ქედაში იგივე გამოწვევებია, რაც ქვეყნის მასშტაბით არსებობს, ეს არის ინფრასტრუქტურა, სოციალურ-ეკონომიკური ფონი და ასე შემდეგ. ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ ბოლო 4 წლის განმავლობაში, მათ შორის, ისეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურული, რაც 30 და 40 წლის წინ უნდა გაკეთებულიყო. გამომდინარე იქედან, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დავასრულეთ, შეიძლება ასე ითქვას, ან დარჩა ძალიან ცოტა. ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაა, უფრო სურვილი, რომ უკვე გადავიდეთ კეთილმოწყობილ სოფლებზე, დაბაზე. ჩვენ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ სოფლების გალამაზებაზე.

  • რას გულისხმობთ გალამაზებაში? საჯარო გამოსვლებში ასევე ახსენებთ, რომ ევროპული ყაიდის სოფლების მოწყობას იწყებთ. რამდენად ადეკვატურია თქვენი ეს განაცხადი, როცა ქედაში სასმელი წყალიც კი პრობლემაა? 

თქვენ ვერ დამისახელებთ სოფელს, სადაც წყალი არ მოდის. წლების განმავლობაში ვახორციელებთ როგორც არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაციას, ასევე წყლის ახალი სისტემების მოწყობას. „წყლის ალიანსი“ 2022 წელს ქედის 5 სოფელში მოაწყობს თანამედროვე ტიპის წყლის სისტემას.

  • თუ წყლის პრობლემა არ გაქვთ, რა სისტემას აწყობთ? 

ეს პროექტი ითვალისწინებს წყლის რესურსების, სისტემების სწორად მართვას. თქვენ რომ დღეს ქედის სოფლებში შეხვიდეთ, ნახავთ, რომ ყველგან, სადაც არ უნდა მიხვიდეთ, ოჯახების 80 პროცენტში ონკანები არის ღია. რატომ არის ონკანები ღია? იმიტომ, რომ მოქალაქემ ონკანები რომ დაკეტოს, შეიძლება სადღაც ეს მილები გაიხსნან და წყალი შეწყდეს.

აქედან გამომდინარე ხდება წყლის ძალიან დიდი ოდენობით უმისამართოდ დაღვრა, რაც გვაძლევს წყლის რესურსის დაკარგვას. ასევე ეს ხელს უწყობს მეწყერსაშიშ პროცესებს. აქედან გამომდინარე, როცა „წყლის ალიანსი“ მოაწყობს სოფლებში წყლის სისტემას, იქნება შესაძლებელი ის, რომ მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლებათ ონკანის დაკეტვა, აღარ იქნება იმის პრობლემა, რომ სადმე მილი გაიხსნას. შესაბამისად, დაიზოგება წყალი. წყლის რესურსების სწორად გამოყენების შემთხვევაში, წყალი ეყოფა ოთხჯერ და ხუთჯერ მეტ ოჯახს.

  • ანუ არსებობს წყლის პრობლემა?

ერთადერთი სოფელი, სადაც შეიძლება ითქვას, რომ წყლის პრობლემაა, ეს არის სოფელი ვაიო. ზუსტად ვაიოში განხორციელდება ყველაზე დიდი პროექტი. „წყლის ალიანსი“ წყლის ახალ სისტემებს მოაწყობს ასევე ტიბეთაში, მახუნცეთში, აქუცაში და დაბა ქედაში.

გარდა იმისა, რომ წყლის სისტემების რეაბილიტაციას ვახდენთ და ახალს ვაშენებთ, ასევე ვარიგებთ წყლის მილებს. წელსაც ნაწილი დარიგდა. კოლექტიური განაცხადების საფუძველზე გაიცემა ძირითადად ეს მილები, რაც ნიშნავს იმას, რომ ვახდენთ ლოკალური პრობლემების პრევენციას.

  • თქვენმა კონკურენტმა ოპოზიციური ერთობიდან – რამინ ბერიძემ გვითხრა, რომ, მაგალითად, სოფელ ზენდიდში 200 ათასი ლარი დახარჯეთ წყლის სისტემისთვის, მაგრამ აუზი წყაროზე მაღლაა და ცარიელია. 

როდესაც მე და ბატონი ლევანი მოვედით [იგულისხმება ლევან გორგილაძე, რომელიც ქედის მოქმედი მერია], ანუ 2017 წელს, გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იყო ხარვეზები, თუმცა მერიას დამატებით ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს, რადგან იყო დარჩენილი საგარანტიო ვადები. შესაბამისად, წერილობით მივმართეთ კომპანიებს და მათ ეს ხარვეზები გამოასწორეს.

რაც შეეხება ზენდიდს: ეს სოფელი ჩემი დედულეთია. კარგად ვიცნობ იქ არსებულ სიტუაციას და ხალხსაც. გიდასტურებთ, რომ იქ არის პრობლემა. როდესაც აღნიშნულ სოფელში დაიწყო წყლის მონტაჟი, თუ არ ვცდები, სოფელში 5 წყარო გამოდიოდა, როცა დასრულდა სამუშაოები, დარჩენილი იყო ერთი, თუ ორი წყარო, დღეს არის მხოლოდ ერთი წყარო.

ჩემი დანიშვნის შემდეგ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ყველა ღონისძიებას ვატარებ, მათ შორის, დაბარებული იყო საპროექტო ორგანიზაცია, მშენებელი კომპანია, არაერთხელ გავიდა ჯგუფი ადგილზეც. მე ამ სოფლის ხალხის ხელში ვარ გაზრდილი. ისინიც იყვნენ ჩემთან მოსული. მე მათ ვუთხარი, რომ უნდა ვნახოთ წყარო. თუ რაიმე წყარო გამოჩნდება, რაც თქვენ ჩვენზე უკეთესად იცით, მე მზად ვარ გადმოვიყვანო ის ზენდიდში, რა თანხებთანაც არ უნდა იყოს ის დაკავშირებული. დღეის მდგომარეობით ახალი წყაროს მოძებნა ვერ მოხერხდა.

  • ვინ უნდა აგოს პასუხი, როცა ხალხის ფული დაიხარჯა, ხალხს კი წყალი არ აქვს? 

გითხარით, რომ როდესაც პროექტის განხორციელება დაიწყო, ამ სოფელში მოდიოდა 5 წყარო ერთდროულად, რომლის შეკრებაც მოხდა ერთ ადგილას, სადაც სათავე ნაგებობა მოეწყო. ჩემი დანიშვნის დღიდან იქ მხოლოდ ერთი წყარო მოდის, თუმცა არაა იმ რესურსით, რაც არის საჭირო.

  • სოფელ პირველ მაისშიც ადამიანები წყაროებიდან ეზიდებიან წყალსო. 

ამ სოფელში არის წყალი. თუ არ ვცდები, იქ 7 თუ 10 ოჯახია, მათი მომართვაა შემოსული, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში ვერ გადავცემთ ვერაფერს, დასრულდება არჩევნები და გავცემთ შესაბამის პასუხს.

  • ამას გეკითხებოდით: როცა ამდენ სოფელში პირველადი საყოფაცხოვრებო პრობლემა არ არის მოგვარებული და პრობლემას არც კი იმჩნევთ, რამდენად ადეკვატურია თქვენი აქცენტი ევროპული ყაიდის სოფლებზე? 

ჩემი ნათქვამი, რომ ევროპული ყაიდის სოფლები მოვაწყოთ და გადავიდეთ სხვა ტიპის პროექტების განხორციელებაზე, ეს თავისთავში არ მოიცავს იმას, რომ ჩვენ რომელიმე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას გავაჩერებთ… რა თქმა უნდა, ეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა დასრულდება.

  • ინტერნეტიც არ არის სოფლებში, თან მაშინ, როცა დისტანციურად სწავლობენ ბავშვები და მოსახლეობას წლების წინ დაჰპირდით, ყველა სოფელში ინტერნეტი იქნებაო. 

ქედაში რამდენიმე სოფელია, სადაც ბოჭკოვანი ინტერნეტია შესული, მათ შორის, მაგალითად, სოფელ ზენდიდში, რომელზეც ვსაუბრობდით. დაგიდასტურებთ, რომ დღეს ინტერნეტი არის არათუ კომფორტის საგანი, არამედ აუცილებლობა. მოსახლოებას ინტენსიურად ვხვდები, უკვე ვასრულებთ შეხვედრებს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა არის ინტერნეტი და გაზი.

ჩვენ ზაფხულში გვქონდა შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან. მოგეხსენებათ, რომ 40 მილიონ ევრომდე თანხაა გამოყოფილი ინტერნეტიზაციისთვის. ჩვენ გადავეცით მათ 12 სოფელი პირველ ეტაპზე, ეს სოფლები უფრო შეირჩა კომლების რაოდენობის სიმწირით. ჩვენი გათვლებით, 2023 წლისთვის უნდა დასრულდეს ინტერნეტიზაციის სამუშაოები სრულად.

  • 4 წელი ქედის მერის მოადგილე იყავით. არ იყო ეს დრო საკმარისი? 

ჩემზე უკეთ იცით, რომ ინტერნეტპროვაიდერები არიან კერძო კომპანიები. ჩვენ არაერთი მიმართვა გვქონდა, მათ შორის, სიტყვიერი, წერილიც იყო გაგზავნილი… გამომდინარე იქედან, რომ მაღალმთიან აჭარაში რელიეფიც თავისებურია, ყველა კომპანია სავარაუდოდ თავს იკავებს იმ ხარჯების გაწევისგან, რაც ამას სჭირდება. ალბათ წლები დასჭირდება ამის ამოღებას… ქედის მუნიციპალიტეტის ფინანსები საკმარისი არ არის ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

  • როგორ წარმოგიდგენიათ ქედის შემოსავლების გაზრდა? აქამდე რა შეძელით? 

იცით, რომ ჩვენ დღგ-ს კოეფიციენტზე ვართ მიბმული. შესაბამისად, რაც უფრო იზრდება სახელმწიფოში დღგ, ჩვენი ბიუჯეტიც ავტომატურად იზრდება. ასევე გვაქვს ტრანსფერები და გრანტები… წელს ქედაში სამი საწარმოს მშენებლობა სრულდება. იზრდება ქონების გადასახადი.

  • რატომ არ ცდილობთ, ქონების გარდა, სხვა გადასახადებიც ისევ ქედაში დაბრუნდეს, როცა ბიზნესი ქედის ტერიტორიაზეა და თქვენ საამისოდ მუნიციპალურ ქონებას გადასცემთ? 

ეს არასწორი იქნება. მე ვერ ვეტყვი, რომ მოგცემ ქონებას და პირობითად, საშემოსავლო გადაიხადე ჩემთან… სხვადასხვა პარამეტრია, საიდან დგება დღგ-ს კოეფიციენტი, როგორც კი ეს იზრდება, ავტომატურად გვეზრდება ჩვენც შემოსავლები. თითოეული მუნიციპალიტეტის, ასევე სახელმწიფოს მიერ წარმართული სწორი პოლიტიკა ხელს უწყობს შემოსავლების გაზრდას.

  • რა ტიპის პროექტების განხორციელებას გეგმავთ ქედის სოფლებში? 

მე ქედელი ვარ, აქ ვარ გაზრდილი. შესაბამისად, მინდა, რომ ეს ადგილები, სადაც ადმინისტრაციული შენობებია, სოფლის ცენტრია და მოსახლეობა თუნდაც სამუშაოს შემდეგ იკრიბება, მოწესრიგდეს. მინდა, რომ სოფლები კეთილმოვაწყოთ თავისი განათებებით, დასაჯდომი სკამებით, თუ საჭიროა, ფანჩატურები მოეწყოს, ასევე ატრაქციონები სოფლის ეზოებში.

იერდამახინჯებული შენობა – ნაგებობა სოფელში ვინმეს აღარ უნდა დახვდეს.

  • ამასობაში ზვარეს მეჩეთი, რომელიც 187 წლისაა, ნადგურდება. რატომ ვერ გამოძებნეთ თანხა ამ ისტორიული ძეგლის გადასარჩენად? 

არ ნადგურდება, მაგრამ ცნობილია ეს პრობლემა. როგორც იცით, მეჩეთს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და საჭიროა პროექტი შესაბამისმა სააგენტომ შეადგინოს… ბოლოს არ მქონია კომუნიკაცია და ვერ გეტყვით, მომზადდა თუ არა პროექტი. ჩვენ შევძლებთ ამ მეჩეთის რეაბილიტაციას. ეს შეთანხმების და მოლაპარაკების საგანია.

  • აქვე მინდა გკითხოთ ისტორიული მეჩეთების მიჩქმალვაზე – როგორც ტურისტულ რუკებზე, ასევე თქვენს ოფიციალურ გვერდებზე მეჩეთების შესახებ ინფორმაცია არ არის გამოქვეყნებული. რატომ? 

პირველ რიგში, უგულებელყოფა ნამდვილად არ ხდება. მინდა დავადასტურო ჩემი პატივისცემა ყველა რელიგიის მიმართ. ჩემი ბებია და ბაბუა იყვნენ მუსლიმები. აღდგომას მამაჩემის საფლავზე გავდივარ, ბაირამზე – ბებიას და ბაბუას საფლავებზე. მე ყველა აღმსარებლობას პატივს ვცემ. რაც შეეხება პოპულარიზაციას, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, არანაირი დაბრკოლება არ არსებობს… თუ ეს აუცილებელია და ამის საჭიროება იქნება, ინტერნეტგვერდზეც დავდებთ ინფორმაციას.

  • თქვენ მუშაობდით აჭარის გზების დეპარტამენტში 2014-2017 წლებში. ამ პერიოდში დეპარტამენტს არჩილ ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. ის ახლა ბათუმის მერობის კანდიდატია. რა ურთიერთობა გაქვთ მასთან? 

კი, ბატონი არჩილი შემოგვიერთდა 2016 წელს და ის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი იყო. მისი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო ორფენიანი ასფალტის საფარის მოწყობა…

  • აუდიტის დასკვნაც ამ პერიოდზე დაიდო, სადაც საუბარია სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენებაზე, მაგალითად, სამუშაოებზე, რომელთა შესრულებაც არ დასტურდება… თუმცა გამოძიებას ამ დრომდე არაფერი დაუდგენია. თქვენ რის თქმა შეგიძლიათ? 

აუდიტი ბევრ უწყებაში შედის, დებს დასკვნებს და აქვს რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები შეგვიძლია გავითვალისწინოთ, შეიძლება არ გავითვალისწინოთ, ან საერთოდ არ დავეთანხმოთ.

  • თქვენ არ დაეთანხმეთ აუდიტს?

მე აღნიშნულ დასკვნას არ ვიცნობ. რა ნაწილიც წავიკითხე, პირდაპირ გეტყვით, რომ არ ვეთანხმები, რადგან ვმუშაობდი შესყიდვების განყოფილებაში. არის გარკვეული მიმართულებები, რაზეც აუდიტს მიაჩნია, რომ ეს ასე უნდა იყოს, თუმცა შესყიდვების კანონი გვეუბნება, რომ ეს უნდა იყოს სხვანაირად. ხშირად არის ხოლმე დისკუსია აუდიტის დასკვნაზე. მე შემიძლია გითხრათ ის, რომ ჩვენ არანაირი კანონი არ დაგვირღვევია.

საგამოძიებო ორგანომ მოისმინა თქვენი პოზიცია, დაგკითხეს?

მე არ დავუკითხივარ, რატომ უნდა დამკითხონ?

———————

ამ თემაზე:

ქედის მერობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის

ბათუმის კინოფესტივალის გრანპრი ქართულმა ფილმმა მიიღო

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზი მიიღო ქართველი რეჟისორის, ალექსანდრე კობერიძის ფილმმა  – „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“

„რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ ასევე გახდა ბათუმის კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა ჟიურის რჩეული ფილმი.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა ფილმის რეჟისორი, ალექსანდრე კობერიძე.

„ბათუმში გაჩნდა ამ ფილმის იდეა, სცენარიც აქ დავწერე. დიდი მადლობა ფესტივალს და ჟიურის,“ – განაცხადა მან.

„რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ პირველი ქართული ფილმია, რომელიც 1993 წლის შემდეგ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო კატეგორიაში მოხვდა წელს და მიიღო ბერლინალეს კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის ჯილდო.

ფილმში მოქმედება ქუთაისში ხდება. ლიზას და გიორგის ერთმანეთი ერთი ნახვით უყვარდებათ და შეხვედრაზე თანხმდებიან, თუმცა მეორე დღეს განსხვავებული გარეგნობით იღვიძებენ და ერთმანეთს ვერ პოულობენ.

ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა.

YouTube video player

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი დღეს, 24 სექტემბერს, დასრულდა.

მეეზოვე, რომელიც 5 სხვადასხვა ბანკში სხვის ვალებს იხდის

54 წლის ნარიე დიდიძე, რომელიც ბათუმში, დასუფთავების სამსახურში მეეზოვედ მუშაობს და ხელფასი 420 ლარი აქვს, 2006 წლიდან იხდის 7 საბანკო ვალს: „ვივუსში“ მისი სესხის საწყისი თანხა იყო 500 ლარი, „კივი ჯიზე“ – 1300, აიღო ასევე „საქართველოს ბანკის“ სესხი 700 ლარის ოდენობით, ამავე ბანკის კომერციული სესხი – 2700 ლარი, „ვითიბი ბანკიდან“  – 800 ლარი, ასევე „ლენდოდან“ ორი სესხი დროის მცირე ინტერვალით: 1200 ლარი ერთხელ და 350 მეორედ.

ამბობს, რომ კეთილსინდისიერი გადამხდელი იყო და 2018 წელს ვერც იმ სახელმწიფო პროგრამაში მოხვდა, რომელიც პრობლემური ბანკის ვალების ჩამოწერას ითვალისწინებდა.

ჯამში, სესხის სახით, 7550 ლარი ჰქონდა გადასახდელი.

თუმცა ამ თანხიდან, როგორც ამბობს, თავად არაფერი გამოუყენებია. როგორც ნარიე ჰყვება, თანხის გამოტანას ბანკებიდან მას იმ სახლის დიასახლისი სთხოვდა, სადაც ნარიე 24 წელი ქირით ცხოვრობდა, ბათუმში, კომახიძის პირველ ნომერში.

ნარი გვიყვება, რომ  სახლის მეპატრონე დიასახლისი ოთახებს აქირავებდა და ნარიეს დაჰპირდა, რომ ვალს ამ თანხით გადაიხდიდა.

ნარიე დიდიძე, სანდასუფთავების თანამშრომელი, მეეზოვე

„მე არ მაძლევენ სესხს და გამომიტანეო, დიასახლისმა მთხოვა. 3-4 წელი იხდიდა ამ ვალებს. 500 ლარს გამოვიტანდით ვივუსში, მერე შევიტანდით, ისევ გამომატანინებდა და შევიტანდით. მერე ასე გამომატანინა კივიდან 1300 ლარი, ლენდოდანაც. 3-4 წელი იხდიდა ამ ვალებს. მერე მეუბნებოდა, მდგმურები აღარ მყავსო და ვეღარ იხდიდა ჩემს სახელზე გამოტანილ მის ვალებს. მაღაზიაც ჰქონდა პირველ სართულზე გაქირავებული და მეუბნებოდა, არ მიხდის ის ქალი ქირასო. მე ვიხდიდი ამ ბანკის ვალებს, სხვა გზა არ მქონდა. 3000 ლარამდე ვიხადე, მერე ვეღარ შევძელი, მიემატა პროცენტებიც. მაგან მთელი თანხა რომ გადაიხადოს ბანკის ვალი, 3000 ლარი მეც უნდა მომცეს წესით, მაგრამ მეუბნება, სახლს როცა გავყიდი, მერე გადავიხდი ვალებსო“, – ამბობს ნარიე დიდიძე.

სახლი კომახიძის ქუჩაზე, სადაც ნარიე დიდიძე ცხოვრობდა

ნარიე მეეზოვედ მუშაობს სანდასუფთავებაში. მისი ხელფასი 420 ლარია. ამბობს, რომ ბანკის ვალებს დიასახლისის ნაცვლად ის 2 წელი იხდიდა, მაგრამ მერე ვეღარ შეძლო გადახდა. ახლა ქალი ნათესავთანაა დროებით შეფარებული.

ამბობს, რომ ხელფასი ყოველდღიური საკვებისთვისაც არაა საკმარისი ვალებთან და მაღაზიის ნისიებთან ერთად. ამიტომ უწევს მინის ბოთლების შეგროვება-ჩაბარება.

სახლი, რომლის გაყიდვასაც ნარიე დიდიძის ყოფილი დიასახლისი ელოდება, რის შემდეგაც, წესით, მან ბანკის ვალი უნდა დაფაროს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, აშენებულია 1888 წელს და 2019 წელს დაიწვა. დამწვარ ძეგლს კი ჯერჯერობით არავინ ყიდულობს.

როგორც ნარიე დიდიძე გვიყვება, მას დიასახლისისთვის ბანკიდან გამოტანილი სესხის ერთი ლარითაც არ უსარგებლია.

„ბოლოს, როცა ამონაწერი გავაკეთე 2019 წელს, 8800 ლარი იყო გადასახდელი, ახლა კიდევ უფრო გაზრდილი იქნება ვალის პროცენტი”, – ამბობს ნარიე დიდიძე.

ნარიე გვიყვება, რომ კომახიძის პირველ ნომერში მდებარე სახლში ქირით 24 წელი ცხოვრობდა, ახლო ურთიერთობა ჰქონდა სახლის დიასახლისთან და ამიტომ გარისკა მათთვის ბანკიდან ვალის გამოტანა საკუთარი სახელით.

„ხანდახან ტირილამდე მივდივარ. მირეკავენ და მირეკავენ ბანკები. ახლა სასტუმრო ბელფასტის ერთ პატარა ოთახში ვცხოვრობ. ჩემი მამიდაშვილის შვილმა შემიფარა დროებით. დედამისს დაუბარებია სიკვდილის წინ, ნარიე რომ ქუჩაში დარჩეს, შეიფარე და ქირა არ გადაახდევინოო. მაგრამ აქედანაც უნდა წავიდე, ჩემამდე აქირავებდა ამ ოთახს ნათესავი და ფულს იღებდა. აქედანაც უნდა გადავიდე ადრე თუ გვიან“, – ამბობს მარტოხელა ქალი, ნარიე დიდიძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომახიძის პირველ ნომერში მდებარე სახლის მეპატრონეთა ოჯახის ერთ-ერთ წევრს, ზემოთხსენებული დიასახლისის შვილიშვილს, რომელმაც დაადასტურა, რომ იცის ბებიის ვალის შესახებ და მისი ოჯახი აპირებს გადაუხადოს კიდეც ნარიე დიდიძეს კუთვნილი თანხა და ორჯერ მეტიც, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სახლი გაიყიდება:

„ვიცი, გამიგია, რომ ბებიას ვალი ჰქონდა. თავად ლოგინადაა ჩავარდნილი, ვერ ლაპარაკობს. ჩემი ოჯახიც ქირით ცხოვრობს ახლა. მე სპორტსმენი ვარ, 1200 ლარი მაქვს ხელფასი და ამით ოჯახს ვერ ვარჩენ, ვალებს ამით ვერ გადავიხდი. როცა სახლი გაიყიდება გადავუხდით ნარიეს ვალებს და ორჯერ მეტსაც გადავუხდით” – ამბობს ის.


სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს”კომახიძის პირველ ნომერში მდებარე სახლის მეპატრონე ოჯახის სხვა წევრებიც დაუკავშირდნენ. მათი თქმით, ნარიე დიდიძის ვალი ოჯახს არ აქვს და ზემოთმოთხრობილი ისტორია არ შეესაბამება სიმართლეს.


სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მკითხველებმა გვთხოვეს მიგვეთითებინა ნარიე დიდიძის საბანკო ანგარიშს ნომერი მის დასახმარებლად:

მიმღები ბანკი: ს.ს. „ლიბერთი ბანკი”

მიმღების ანგარიში: GE42LB0711197257160001

მიმღები: ნარიე დიდიძე

ქობულეთში 200-მდე ოჯახს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთში მეწყრული პროცესები განვითარდა, რამაც გაზსადენი მილის დაზიანება გამოიწვია.

როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ამ დროისთვის ბუნებრივი აირი 200-მდე აბონენტს არ მიეწოდება.

მერიაში ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურები მუშაობენ პრობლემის გადასაწყვეტად.

ბუნებრივი აირის გარდა ქობულეთში სასმელი წყლის პრობლემაც შეექმნა გარკვეულ სოფლებს, რადგან, როგორც მერიაში ამბობენ, „მეწყრული პროცესების შედეგად სათავე ნაგებობები მოისილა“.

ამავე თემაზე: 

სექტემბერში ქობულეთში 24 ოჯახი მეწყრის გამო საცხოვრებლის გარეშე დარჩა

 

კობახიძე: ქალი, რომელმაც გახარიას კოკაინი გაასინჯა, მის პარტიაშია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე, აგრძელებს საუბარს იმის შესახებ, რომ ყოფილი პრემიერი გახარია, რომელიც ახლა პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატია, კოკაინს მოიხმარს.

ფაქტობრივად, ყოველ ჯერზე კობახიძე ახალ დეტალებს ამატებს ამ თემას.

მაგალითად, გუშინ, 23 სექტემბერს, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ გახარიას პირველად კოკაინი გაასინჯა ქალმა, მას შემდეგ, რაც გახარია „ოცნებიდან“ წავიდა.

დღეს კი, 24 სექტემბერს, ჟურნალისტების კითხვას, ვინ არის ეს ქალი, კობახიძემ უპასუხა, რომ ქალი გახარიას პარტიიდანაა.

„ის არის თბილისის საკრებულოს სიაში, თუმცა  გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ეს ქალბატონი არც არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, მაგრამ ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან, მოვერიდები მისი სახელის და გვარის დასახელებას“.

კიდევ ერთ კითხვაზე, როდის მოხდა ეს – კობახიძემ ასე უპასუხა:

„მას შემდეგ, რაც [გახარია] წავიდა პარტიიდან და ხელიდან“.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, არაერთხელ განაცხადა, რომ გიორგი გახარია კოკაინის მომხმარებელია. გახარიამ ავსტრიაში, ვენაში ჩატარებული ნარკოტესტის პასუხი გამოაქვეყნა იმის დასტურად, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ არის, თუმცა კობახიძეს ტესტის ნამდვილობის არ სჯერა.

სექტემბერში ქობულეთში 24 ოჯახი მეწყრის გამო საცხოვრებლის გარეშე დარჩა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 24 ოჯახი დაზარალდა მეწყრის შედეგად. ზოგიერთ სოფელში ჩახერგილია გზები.

ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზებს წმენდენ, დამეწყრილი ადგილების გეოლოგიური დასკვნები კი სავარაუდოდ ათ დღეში დაიდება.

„სექტემბერში სამჯერ განვითარდა მეწყრული პროცესები ქობულეთში. სხვადასხვა სოფლიდან 3-16 და 22 სექტემბერს სულ 24 ოჯახია გაყვანილი დროებით თავშესაფარში. ბოლო წვიმის დროს 15 ოჯახი დაზარალდა მეწყრისგან. ამ დროისთვის ეს ადამიანები ნათესავებთან არიან შეფარებული და ელოდებიან გეოლოგების დასკვნას,“-გვითხრეს ქობულეთის მერიაში.

სოფელ ქობულეთში ვერულიძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად წაიღო მეწყერმა, ამიტომ როგორც მერიაში გვეუბნებიან, ამ ოჯახს ალტერნატიულ საცხოვრებელს მისცემენ.

„სხვა ოჯახების შემთხვევაში დაველოდებით  გეოლოგიურ დასკვნებს. თუ  დასკვნაში იქნება აღნიშნული, რომ  სახლი აღარ ექვემდებარება აღდგენას და არც ფერდსამაგრი სამუშაოები ჩატარდება, ასეთ შემთხვევაში ჩაერთვებიან ეს ოჯახები ან 25-ათასლარიანი დახმარების პროგრამაში, ან სოციალური სახლების პროექტში.

თუ გეოლოგიური დასკვნა იტყვის, რომ ფერდის გამაგრება საკმარისია იმისთვის, რომ მეორედ აღარ განმეორდეს მეწყრული პროცესი, მერია ჩაატარებს ამ სამუშაოებს,“ – ამბობენ ქობულეთის მერიაში.

კითხვაზე, დაახლოებით რამდენ ხანში შეისწავლიან დამეწყრილ ტერიტორიებს? მერიაში გვიპასუხეს:

„პირველ ეტაპზე პრიორიტეტი იქნება იმ ოჯახების საცხოვრებლის შესწავლა, რომლებიც ნათესავებთან არიან გაყვანილი. მაგრამ, რადგან აჭარაში ერთი გეოლოგიური სამსახური გვაქვს, რომელიც მთელ რეგიონს ემსახურება, ზუსტ ვადებს ვერ დავასახელებთ. როგორც წესი, ათ დღეში დებენ ხოლმე გეოლოგები დასკვნას.“

უხვი ნალექის შედეგად მოსახლეობა დაზარალდა ბათუმსა და ხელვაჩაურშიც. დაიტბორა ქალაქი, წყალი შევიდა როგორც საცხოვრებელ სახლებში, ასევე კომერციულ ობიექტებში. ზარალის ოდენობა ამ დრომდე დადგენილი არ არის.

_______________________________

მთავარი ფოტო:  მეწყრისგან დანგრეული სახლი სოფელ ქობულეთში

გამყრელიძე: თუ არ ავიცრებით, მეხუთე ტალღა იქნება მძიმე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის მეხუთე ტალღა, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია 2021 წლის ნოემბრის ბოლოს.

ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს, 24 სექტემბერს, განაცხადა ჟურნალისტებთან.

„მეხუთე ტალღა აუცილებლად იქნება მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც.

თუ ავიცრებით მაქსიმალურად და გვექნება კარგი მოცვის მაჩვენებელი, მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, თუ არ ავიცრებით, მაშინ მეხუთე ტალღა იქნება მძიმე,“ – აღნიშნა მან.

24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად, ორივე დოზით, კოვიდზე აცრილია 751 410 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 26.3%, ხოლო ერთი დოზით – 963 663 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 33.9%. ბოლო დღეებში კოვიდზე ყოველდღიური აცრების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო.

სად შეწყდა წყალი ბათუმში – ავარიული დაზიანება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 14:00 საათიდან 02:00 საათამდე, წყალმომარაგება შეწყდა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე და თამარისა და განთიადის დასახლებებში.

კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

რა არის მოციმციმე არითმია და რა იწვევს მას – ექიმის რჩევები

გულის რითმის პრობლემები (გულის არითმიები) ჩნდება მაშინ, როდესაც ელექტრული იმპულსები, რომლებიც კოორდინაციას უწევენ გულისცემას, არ მუშაობს სწორად, რის შედეგადაც გული ცემს ძალიან სწრაფად, ძალიან ნელა ან არარეგულარულად.

არითმია ბევრნაირი არსებობს, თუმცა მოციმციმე არითმია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. რა არის მისი გამომწვევი მიზეზები და როგორია პრევენცია? – ამ საკითხზე ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიო-პულმონოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ინტერვენციული კარდიოლოგი ტატო ჯახია საუბრობს. 

  • ბატონო ტატო, რა არის მოციმიმე არითმია და რა ხდება ამ დროს?

მოციმციმე არითმიის დროს წინა გული არ იკუმშება რითმულად და „ციმციმებს“, ანუ ხშირად არარეგულარულად იკუმშება. ზოგადად, ადამიანს აქვს იმპულსის სამი გენერატორი, მათგან წამყვანია სინუსის კვანძი, ის მდებარეობს მარცხენა წინაგულში და როდესაც ირღვევა რითმი, ანუ ზიანდება სინუსი სხვადასხვა მიზეზის გამო, იმპულსების გენერირება და წამოსვლა იქიდან ვეღარ ხდება. ეს იმპულსები ხდება ქაოსური და ისე გადაეცემა პარკუჭს. ამ დროს იწყება წინაგულების არაეფექტური შეკუმშვები და წინა გულიდან პარკუჭში სისხლი პასიურ რეჟიმში გადაედინება და არა შეკუმშვის ძალით.

  • როგორია ნორმალური პულსი?

ნორმალურ პულსად ითვლება 60-დან 90-მდე დარტყმა წუთში, ნორმალური თვითშეგრძნების პირობებში (ნორმოსისტოლია). არითმიის დროს შეიძლება იყოს აჩქარებული (ტაქისისტოლია) ან შენელებული (ბრადისისტოლური) გულისცემა.

როგორც წესი, ადამიანს მოციმციმე არითმია ეწყება აჩქარებული გულისცემით და ხშირად მოციმციმე არითმია სწორედ აჩქარებულ გულისცემასთან ასოცირდება.

  • რა იწვევს მოციმციმე არითმიას?

მოციმციმე არითმია შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორის გულის სტრუქტურული დაავადებებით, გულის სარქვლოვანი დაავადებებით, რა დროსაც ხდება სარქვლის დაზიანება.

ასევე, მიზეზი შეიძლება გახდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, რაც იწვევს ტაქიკარდიას. ასეთ პაციენტებში ძალიან ხშირია მოციმციმე არითმიის ეპიზოდები.

არითმიის დაწყების მიზეზი ხშირად არის ელექტროლიტური დისბალანსი, როდესაც ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით კალიუმს. ახალგაზრდებთანაც ფიქსირდება სხვადასხვა მიზეზის გამო, თუმცა მოციმციმე არითმია უფრო ხშირია ასაკოვან ადამიანებში.

  • როგორ ამოვიცნოთ მოციმციმე არითმია შეგრძნებების დონეზე?

არის შემთხვევები, როცა ადამიანმა შესაძლოა საერთოდ ვერ იგრძნოს მოციმციმე არითმიის დაწყება, ან იყოს იმდენად სუსტი სიმპტომებით გამოხატული, რომ დიდად არ შეაწუხოს ამ მდგომარეობამ, მაგრამ გულის აჩქარების დროს ჩემი პირველი რეკომენდაციაა – აუცილებლად მიმართოთ ექიმს. ხშირია ხოლმე, როცა აქვთ გულის აჩქარების დროს ჰაერის უკმარისობის მსგავსი შეგრძნება. 

ასევე ხშირად, როცა წნევას იზომავენ და პულსი არარეგულარულია, ძნელდება წნევის გაზომვა, სხვადასხვა ნიშნულს აჩვენებს ყოველ ჯერზე. ესეც შესაძლოა იყოს ნიშანი, რომ პულსი არითმიულია. თუ პულსს შეამოწმებთ მაჯაზე, შეამჩნევთ, რომ ის აჩქარებულია ან/და არითმიული.

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მოციმციმე არითმიას?

გართულებებიც სხვადასხვაგვარი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ყველაზე ხშირი და საშიში გართულება იშემიური ინსულტია, თავის ტვინის დაზიანება, რომლის გამომწვევიც საკმაოდ ხშირად არის მოციმციმე არითმიის პაროქსიზმები – როდესაც ადამიანს თავისით ეწყება მოციმციმე არითმია და თავისით ეხსნება. 

როდესაც არითმია იწყება, წინა გული არ იკუმშება, იგი „ციმციმებს“ და ეფექტურ შეკუმშვებს ვერ აკეთებს. გახანგრძლივებული მოციმციმე არითმია ხშირ შემთხვევაში არის გულის სტრუქტურული დაზიანების მიზეზი. ამ არითმიისას წინაგულში არსებული სისხლის გამდინარე ნაკადის არარსებობის გამო მაღალია რისკი ჩამოყალიბდეს თრომბი.

როდესაც ხდება ამ არითმიის მოხსნა და წინა გული ისევ იწყებს მუშაობას, ჩნდება რისკი, რომ არსებული თრომბი მოწყდეს, გადავიდეს პარკუჭში, შემდეგ – აორტაში, იქიდან კი ან თავის ტვინის სისხლძარღვებში გადაინაცვლოს და რომელიმე სისხლძარღვი დაახშოს, ან სისტემაში ნებისმიერი ორგანოს სისხლძარღვი, რაც ხშირ შემთხვევაში მძიმე შედეგების მომტანია.

აუცილებელია შეფასდეს რისკები, იქნება ეს თრომბული გართულების თუ სისხლდენის რისკები და ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ მკურნალობა სისხლის გამათხელებლებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. პრეპარატი აუცილებლად შერჩეული უნდა იყოს ექიმის მიერ.

სისხლის გამათხელებელი მედიკამენტებით მკურნალობისას საჭიროა გარკვეული ინტენსივობით კარდიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.

  • როგორ მკურნალობენ?

მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად არსებობს მკურნალობის კიდევ რამდენიმე მეთოდი. მაგალითად, თუ ეს არის მექანიკური მიზეზი, მაგალითად, სარქვლოვანი პათოლოგიები, შესაძლოა ჩატარდეს ოპერაცია, გამოიცვალოს სარქველი და მოციმციმე არითმიაც ამასთან ერთად გაქრეს. არსებობს ასევე ნახევრად ოპერაციული ჩარევა – აბლაცია, როცა ხდება სისხლძარღვებიდან შესვლა, გულამდე მისვლა და გარკვეული მანიპულაციის ჩატარება, არითმიის გამომწვევი დამატებითი გზების მოწვა.

  • რა სახის საკვები არ არის რეკომენდებული გულის ჯანმრთელობისთვის?

ჯანსაღი ცხოვრების წესი ისეთი უნივერსალური რეკომენდაციაა, რომელიც არასოდეს არის უადგილო, მათთვისაც კი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებთ.

მნიშვნელოვანია ძილის მოწესრიგება (გვეძინოს 8 საათი მაინც დღე-ღამეში) და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა, ეს არ არის ბუტაფორიული სიტყვები, ეს დამტკიცებულია კვლევებით და საკმაოდ მაღალი ეფექტიც აქვს გულის და არა მარტო გულის დაავადებების დროს.

რაც შეეხება საკვებს, უნდა ვერიდოთ ცხიმიან, ძალიან ტკბილ და მარილიან საკვებს. უნდა ვერიდოთ ტაფაში, ცხიმში შემწვარ კერძებს, რაც ჩვენთან, საქართველოში ძალიან აქტუალურია. არსებობს ბევრი სხვა მეთოდი იგივე კერძების სხვაგვარად მომზადების, ღუმელში, გრილზე და ა.შ., რის შედეგადაც გაცილებით ჯანსაღ პროდუქტს მივიღებთ.

ზრდასრულმა ადამიანმა დღის განმავლობაში 2-3 ლიტრი წყალი მაინც უნდა მიიღოს, თუ, ცხადია, ჯანმრთელობის სხვა პრობლემები არ აქვს, რომლის დროსაც შეიძლება შეზღუდული იყოს სითხის მიღება.

შაბათ-კვირას ბათუმში ისევ იწვიმებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 სექტემბრის 21 საათიდან 25 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით იწვიმებს, დღისით კი ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 14 – 19 გრადუსი 
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 26 სექტემბერს, ღამით მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ნალექი – სავარაუდოდ თოვლ-ჭყაპის სახით.

დღეის მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია. ზღვაზე ღელვა 4-5 ბალს მიაღწევს.

თამარის დასახლებაში ავტომანქანას ხე დაეცა

დღეს, 24 სექტემბერს, ბათუმში, თამარის დასახლებაში ხე წაიქცა და ავტომანქანა დააზიანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანაში არავინ იჯდა და შესაბამისად, არც არავინ დაშავებულა.

მოქალაქეები ცდილობენ წაქცეული ხისგან გზის მონაკვეთი გაწმინდონ

ბათუმში სამი დღეა გადაუღებლად წვიმს. 22 სექტემბერს რეგიონში არაერთ მონაკვეთზე განვითარდა მეწყრული პროცესები. მეწყერმა ფერიაში სამი სახლი დაანგრია, ხოლო ქობულეთში – ერთი.

ბათუმში არაერთ ქუჩაზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები.

მოგლეჯილი ხე. ფოტო. ბათუმის მერია. 22 სექტემბერი

აჭარაში კორონავირუსის 120 შემთხვევა დადასტურდა – 24 სექტემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1698 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 38 ადამიანი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1910 პირი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში სულ 25 692 ტესტი ჩატარდა.

 

 

“მონაზვნობას ვერავის წაართმევ, შეიძლება ჩამოართვა ეპისკოპოსობა, პატრიარქობა… ” – თეოლოგი

7 სასულიერო პირი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) „სრულად განკვეთა სამონაზვნო დასიდან“. ასევე მათ აუკრძალა სამონაზვნო და სხვა საეკლესიო ტანსაცმლით შემოსვა. შესაბამისი ბრძანება მიტროპოლიტმა 11 სექტემბერს გამოსცა. თეოლოგები ამბობენ, რომ ბრძანება უკანონოა, აბსურდული და საერთოდაც, წინააღმდეგობაში მოდის იმ კანონებთან, რომლებზე დაყრდნობითაც თითქოს ეს ბრძანებაა გამოცემული.

„ბათუმელებმა“ თეოლოგ ზურაბ ჯაშს ჰკითხა, რამდენად შესაძლებელია ადამიანს, რომელმაც ღმერთთან დადო მონაზვნობის აღთქმა, მაღალი რანგის სასულიერო პირმა, თუნდაც ეპისკოპოსმა, ჩამოართვას. რას ნიშნავს სამონაზვნო ტანსაცმლით შემოსვის აკრძალვა და რამდენად კანონიერია ის გადაწყვეტილებები, რასაც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ბოლო 7 თვეა იღებს.

  • ბატონო ზურაბ, 11 სექტემბერს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად საეკლესიო ამბოხში დადანაშაულებული 7 სასულიერო პირი  „სრულად განკვეთა სასულიერო და სამონაზვნო დასიდან და დაყვანილი იქნა ერისკაცობამდე“. ეს რამდენად შესაძლებელია?

სასულიერო პირად წოდება იწყება დიაკვნის ხარისხიდან. ეპისკოპოსის მიერ ხდება ხელდასხმა, დანიშვნა დიაკვნის. შესაბამისად, ეპისკოპოსს შეუძლია გარკვეული წესების დაცვით, თუ პირი საეკლესიო კანონმდებლობის თანახმად იმსახურებს ხარისხის ჩამორთმევას, ჩამოართვას. ეს თეორიულად. სხვა საკითხია იმსახურებდნენ თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

რაც შეეხება მონაზვნებს… აი, ამ ბრძანებაში [ჭყონდიდის მიტროპოლიტის 11 სექტემბერს გამოცემული ბრძანება] წერია ყოფილი მონაზონი ბასილი, ყოფილი მონაზონი მარკოზი და ა.შ.  ეს არის სრული აბსურდი. ყოფილი მონაზონი – ასეთი რამ არ არსებობს.

მონაზვნობა ნიშნავს – ადამიანი თვითონ დებს ფიცს ღვთის წინაშე, რომ მთელ ცხოვრებას მიუძღვნის მას. დებს პირობას, რომ მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით იცხოვრებს, რასაც გულისხმობს მონაზვნობა. ამის წართმევის უფლება არავის არ აქვს. არავის არ მიუცია მათთვის მონაზვნობა. ამ ადამიანებმა თავიანთი თავისუფალი ნებით გადაწყვიტეს, დადეს ფიცი ღვთის წინაშე და დაიწყეს ეს ცხოვრება. მხოლოდ მათ შეუძლიათ მიატოვონ ეს ცხოვრების წესი. თავიანთი ნებით. სხვა, მესამე პირი ვერ ჩამოართმევს მონაზვნობას. ეს არის სრული აბსურდი.

არ არსებობს კანონი, რომელიც მონაზონს მონაზვნობას ჩამოართმევს. ის კანონები, რომლებიც ამ ბრძანებაშია მოყვანილი, სათითაოდ, ყურადღებით წავიკითხე. არსად არ წერია მსგავსი რამ. წერია ზოგიერთ კანონში, სამღვდელო ხარისხიდან განკვეთის შესახებ, მაგრამ მონაზვნობის ჩამორთმევა, როგორც ასეთი, არსად არ წერია.

ზურაბ ჯაში, თეოლოგი
  • ჭყონდიდში დაფიქსირებული ბოლო ფაქტის გამო მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილის შემთხვევას იხსენებდა ბევრი. საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს დაფიქსირდა მხოლოდ ერთი ფაქტი, როცა ურბნელ მიტროპოლიტს სინოდის განჩინებით ჩამოერთვა მღვდელმთავრის ხარისხი და ერისკაცის რანგში ჩამოიყვანეს. რამდენად სწორია ასეთი პარალელის გავლება?

ნებისმიერი საეკლესიო ხარისხის, დაწყებული დიაკონიდან მღვდელმთავრობის ჩათვლით, ჩამორთმევა შეიძლება. შეიძლება ვიღაც ეპისკოპოსი აღარ იყოს, მიტროპოლიტი აღარ იყოს. ასევე პატრიარქი აღარ იყოს, მაგრამ მონაზვნობის ჩამორთმევა არ ხდება. რაც არ უნდა ცოდვა ჩაიდინოს მონაზონმა, რაც არ უნდა დანაშაული ჩაიდინოს, მას ვერ ჩამოართმევ.

  • მოდი, მაშინ განვმარტოთ რა არის მონაზვნობა? როგორ ხდება პირი მონაზონი და რატომ არის მისი ჩამორთმევა შეუძლებელი?

მონაზონი ეს სიტყვა მომდინარეობს ბერძნულიდან და ნიშნავს „მარტო“.  მარტო მცხოვრებს. მონაზვნობის ადრეული ფორმები იყო ეგვიპტეში. ანტონი დიდი წავიდა მე-4 საუკუნის დასაწყისში და მარტო ცხოვრობდა უდაბნოში. არავინ მის გარშემო არ იყო. მასზე ამბობდნენ, რომ მონაზონი იყო. მოგვიანებით, როდესაც ანტონი დიდის მოწაფეები და ამ მოწაფეების მოწაფეები ჯგუფებად დასახლდნენ, მიიღეს საზოგადოებრივი ფორმა. გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაიზარდა მონასტრებში.

მთავარი, რაც მონაზვნებს აერთიანებს, არის სექსუალური თავშეკავება, უქორწინებლობა, იქნება ეს კაცი თუ ქალი. ორივე მათგანი ცხოვრობს უქორწინებლობით. როგორ უნდა ეცხოვრათ, ამის წერილობით ფორმალიზება მოხდა მოგვიანებით.

გარკვეული ტიპიკონები შეიქმნა თითოეული მონასტრისთვის. ტიპიკონი ნიშნავს, როგორ ცხოვრობს ესა თუ ის მონასტერი. ვთქვათ, როდის დგებიან დილით, წირვა რომელ საათზე იწყება, დღის განმავლობაში რას აკეთებენ და ა.შ. ასეთი წეს-განგება ზოგადი ხასიათის დაიწერა ბასილი დიდის დროს.

თუ წესებს არღვევს მონაზონი, ის შეიძლება გააძევონ მონასტრიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ჩამოართმევენ მონაზვნობას.

  • ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სასულიერო პირს აუკრძალა სამონაზვნო და სხვა საეკლესიო შესამოსელით შემოსვა. ასევე, სამონაზვნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება. მსგავს შემთხვევებს თუ იცნობს საეკლესიო კანონიკა?

ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს. წარმოუდგენელია ვინმემ აიძულოს მონაზონი და მას სამონაზვნო ტანსაცმელი გახადოს.

არანაირი უფლება არ აქვს ეპისკოპოსს, რომ მონაზვნის ცხოვრების წესს შეეხოს. მით უფრო რას ჩაიცვამს.

ჯერ ერთი, ეს შესამოსელი მონაზვნებმა გამოიგონეს, თვითონ ჩაიცვეს. ეს არაფერ კავშირში არაა ეპისკოპოსის ძალაუფლებასთან. სამონაზვნო ატრიბუტიკა და შესამოსელი არის სიმბოლო და ატრიბუტიკა მისი სამონაზვნო ცხოვრების წესის.

  • ამის ჩაწერა ოფიციალურ დოკუმენტში რას ნიშნავს? ხომ არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებას ისეთი ადამიანები იღებენ, ვინც არ არის კარგად გარკვეული საეკლესიო კანონიკაში?

რა თქმა უნდა, ეგეც არის. მე დარწმუნებული ვარ, ეპისკოპოსთა უმრავლესობა ჩვენს სინოდში არც საეკლესიო კანონმდებლობას იცნობს, არც თეოლოგიის ელემენტარულ საფუძვლებს. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა, რომ საქართველოს ეკლესიაში, ეპისკოპოსი, რომლის პირველადი მოვალეობაა სხვას ასწავლოს, როგორც საეკლესიო კანონები, ასევე დოკუმენტური სწავლებები მართლმადიდებლური ეკლესიის, თვითონ არ იცის ეს.

უამრავი რამ არ იციან. ეს გასაოცარი რამ არის. წინა სინოდზე როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს, მე და ჩემმა მეგობარმა დავწერეთ ამაზე კრიტიკული წერილი.

სინოდის მიერ მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება არ იყო დაფუძნებული საეკლესიო კანონებსა და, ზოგადად, ქრისტიანულ სწავლებაზე. ასევე ხშირად ხდება ისე, რომ ისინი თავიანთ სურვილებს გამოხატავენ, როგორც მართლმადიდებლურ სწავლებად. მე ასე მინდა და ასე უნდა იყოს. თვლიან, რომ ეპისკოპოსს აქვს უფლება თვითონ გადაწყვიტოს, რა არის წესი და რა – არა. ეს სამწუხარო მოვლენაა. აქ ვხედავთ წესების დარღვევასა და თვითნებობას.

  • თუ ჭყონდიდის მიტროპოლიტის ბრძანებას წავიკითხავთ, იქვე წერია, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო მოციქულთა კრების, ღანგრის კრების, ანტიოქიის კრების, მეოთხე მსოფლიო კრების, კართაგენის კრების, ტრულის კრების, ორგზისი კრების კანონების თანახმად. შეგიძლიათ გვითხრათ, რეალურად რას ეხება ეს კანონები და რამდენად ჰქონდა ამ კანონების თანახმად იმ გადაწყვეტილების მიღების უფლება, რომელიც მიიღო?

სხვადასხვა შინაარსის შემცველი კანონებია. სხვადასხვა კუთხით უდგება სხვადასხვა სახის სამართალდარღვევას. მაგალითად, ზოგიერთში არის ის, რომ ეპისკოპოსის შეურაცხყოფა არ შეიძლება. მაგრამ როდესაც ეპისკოპოსს ბრალდება აქვს წაყენებული და ბრალმდებელს აქვს რაღაცა მტკიცებულება, ეს აღარ არის შეურაცხყოფა. არის გარკვეული კვალიფიკაცია ამ მონაზვნების ქმედებებზე, სხვადასხვა კუთხით. თითოეული მათგანი არის სათითაოდ გასარჩევი, რამდენად მართალია.

სასჯელად არის მითითებული საეკლესიო ხარისხის ჩამორთმევა. თუ მღვდელია, სასჯელის დადების შემდეგ, მღვდელი აღარ იქნება, თუ ეპისკოპოსია – ეპისკოპოსი აღარ იქნება; მაგრამ მონაზონი აღარ იქნება, ეს არ წერია. მონაზვნობის ხარისხის ჩამორთმევა არ ხდება. მონაზვნობის ხარისხიც არ არსებობს. ეპისკოპოსი არ ანიჭებს ამ ხარისხს. ეს არის პიროვნებისა და ღვთის წინაშე დადებული ფიცი. ამას არაფერი საერთო არ აქვს ხელდასხმასთან. შესაბამისად, არც ერთ ამ კანონში არ წერია მსგავსი რამ – ვთქვათ მონაზვნობის ჩამორთმევა მიესაჯოს რომელიმე დამნაშავეს. თეორიულად დამნაშავეს.

კიდევ უნდა განვიხილოთ არის თუ არა სამართლიანი თუნდაც სამღვდელო ხარისხის ჩამორთმევა. ვინ განიხილა? ცალსახად მიტროპოლიტმა გადაწყვიტოს ეს საკითხი, ასე არ ხდება. მიტროპოლიტმა უნდა მოიწვიოს კრება, ადგილობრივი კრება, იქაური სამღვდელო პირების, ამ შემთხვევაში ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელო პირების. უნდა იყოს საშუალება ამ ბრალდებულ სამღვდელო პირებს მიეცეთ თავისუფლად საუბრის საშუალება. მოკლედ რომ ვთქვათ, სასამართლო უნდა მოეწყოს. დავუშვათ, თუკი ამ კრებაზე გადაწყდა სამღვდელო პირების დასჯა, ამ შემთხვევაში უფლება აქვთ თითოეულ მათგანს, გაასაჩივრონ ეს საეკლესიო სინოდში. უფრო მაღალ ინსტანციას მიმართონ. ამ შემთხვევაში საქართველოს ეკლესიის კრებაზე უნდა იყოს განხილული.

  • ჭყონდიდელმა სასულიერო პირებმა, მას შემდეგ, რაც ისინი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, აპრილის თვეში შეიტანეს აპელაცია საპატრიარქოში. თუმცა სინოდს დღემდე არ განუხილავს მათი საჩივარი. თქვენი აზრით, განიხილავს სინოდი საერთოდ ამ აპელაციას?

შეიძლება განიხილოს, მაგრამ საეჭვოა მეუფე სტეფანეს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს. რამდენად გააბათილებს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჩემი აზრით, მეუფე სტეფანეს ეს ნაბიჯები შეთანხმებულია საპატრიარქოსთან და საპატრიარქო, თავის მხრივ,  განსაზღვრავს სინოდის გადაწყვეტილებას.

თეორიულად შესაძლებელია სინოდი შეიკრიბოს, ეპისკოპოსების უმრავლესობამ გადაწყვიტოს, რომ მეუფე სტეფანეს ქმედება არამართებულია, არასამართლიანია და გააუქმოს მისი გადაწყვეტილება.

არსებულ ვითარებაში ჩვენთან რაც ხდება, არის ასეთი პრაქტიკა, რომ პატრიარქი რასაც იტყვის, რა შეხედულებაც შეიქმნება, ის იქნება სინოდის სხდომაზეც.

ჯერჯერობით ალბათ უყურებენ ვითარებას, მოვლენები როგორ განვითარდება. შეიძლება ამიტომ იკავებენ თავს, მაგრამ ეჭვი მეპარება მეუფე სტეფანე მარტო მოქმედებდეს, საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად.

  • რატომ მიიჩნევთ, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტის გადაწყვეტილებები უსამართლოა და რა უნდა ქნან დასჯილმა სასულიერო პირებმა?

პირველ რიგში, რის გამო დაიწყო ეს ყველაფერი – გარკვეულ ბრალდებებს უყენებენ ეს დასჯილი სასულიერო პირები პატრიარქს და გარკვეული ეჭვები აქვთ. აქ საუბარი არაა, დამტკიცებულია ეს ეჭვები თუ არა. ითხოვენ ამის გადამოწმებას და ამბობენ, რომ აქვთ გარკვეული მტკიცებულებები.

ეს უნდა იყოს განხილული სინოდის სხდომაზე. ამის მოთხოვნა აქვთ. პატრიარქისადმი გამოთქმული ეჭვის საპასუხოდ, რომ დასაჯო სასულიერო პირები, ეს არაადეკვატური საქციელია. დასჯა იქნებოდა მართლზომიერი, თუკი არ დადასტურდებოდა ეს ბრალდება. მაშინ ეს იქნებოდა შერაცხული როგორც ცილისწამება. არსებობს საეკლესიო კანონი, რომელიც ამბობს, რომ თუკი ბრალდებას წაუყენებ სასულიერო პირს და არ დადასტურდა ეს ბრალდება, თვითონ ბრალმდებელი ისჯება იმავე სასჯელით, რითაც უნდა დასჯილიყო პირი ბრალდების დადასტურების შემთხვევაში.

დავანებოთ თავი პირადად მე რას ვფიქრობ ამ ბრალდებაზე. არსებობს პროცედურა, არსებობს სამართლიანობის წესი, არის გარკვეული ბრალდება წაყენებული, არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ, ეს უნდა იქნას განხილული. თუკი ეს მტკიცებულება არ არის დამაჯერებელი, მაშინ გამართლებული იქნება ყველა ის სასჯელი, რაც დაადეს ამ ადამიანებს, მაგრამ თუ არა, მაშინ რა ვქნათ? ეს ხომ ელემენტარული სამართლიანობაა. როგორ ახლა ეკლესიაში ეს სამართლიანობა არ მუშაობს? ეს ხომ ეკლესიაში, ყველა კანონში წერია. ამიტომ ამ გაგებით არის უსამართლო.

სამართლიანობის საპოვნელად, ფორმალური გზის დასაკმაყოფილებლად საჭიროა ეს მოხდეს [სინოდმა განიხილოს]. ვთქვათ სინოდის პასუხიც არ იქნება სამართლიანი, მაშინ შესაძლებელია მსოფლიო პატრიარქს მიმართონ და ეს ამბავი გარკვეული იყოს საერთაშორისო დონეზე. თეორიულად ეს შესაძლებელია.

  • სინოდის განხილვის გარეშე თუ არის შესაძლებელი, რომ მიმართონ მსოფლიო საპატრიარქოს? ექვსი თვე გავიდა აპელაციის შეტანიდან, მაგრამ სინოდს არ განუხილავს. ასეთ სიტუაციაში აქვს აზრი განმეორებით მიმართონ სინოდს თუ არა?

ჩემი აზრით, ამ ეტაპზე უნდა მოხდეს ფორმალურად სარჩელის შეტანა, სინოდს მიმართონ კვლავ, ბოლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ფორმალურ პროცედურებს რომ მივყვეთ, რაღაცა პერიოდის შემდეგ უნდა ჰქონდეთ მათ შესაძლებლობა, რომ სათქმელი ჰქონდეთ – აი, წესი დაცულია, მაღლა მდგომ ინსტანციას მიმართეს და არ მოჰყვა რეაგირება, გონივრული პერიოდის განმავლობაში.

ამის შემდეგ შეუძლიათ მიმართონ კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსს.

შეიძლება ვცდები, მაგრამ, ჩემი აზრით, კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეო მოერიდება ერთგვარი დიპლომატიური თვალსაზრისით საერთაშორისო სკანდალს. ამის მიუხედავად [ჭყონდიდელმა სასულიერო პირებმა] ყველა გზა უნდა სცადონ. თან თუ მტკიცებულება არსებობს, მე ვფიქრობ ამაზე ვერავინ ვერ დახუჭავს თვალს.

თუ გაქვს შენ მტკიცებულება, რომელსაც წყალი არ გაუვა, ვფიქრობ არავინ მოერიდება სიმართლის თქმას. ასევე მნიშვნელოვანია მრევლის მხარდაჭერა.

ვიცი, რომ ადგილობრივი მრევლი უჭერს მათ მხარს, მაგრამ არ არის საკმარისი. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს არის ნორმალური და უჭერენ მხარს მეუფე სტეფანეს. ეპარქიაშიც და ეპარქიის გარეთაც.

მაგალითად, რომ ჰკითხოთ მრევლს თბილისში, ბევრი გეტყვით, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებაა სასულიერო პირებისადმი გამოტანილი [გადაწყვეტილება] და ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ. თუმცა რის საფუძველზეა სამართლიანი, ეს არ აინტერესებთ. არ შედიან სიღრმეებში. ეს არის ძალიან სამწუხარო ვითარება.

სავარაუდოდ, სუსის ფაილებით დავინახეთ, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ეკლესია. ყველაფერთან ერთად სამწუხარო არის რიგითი მორწმუნე მრევლის გულგრილობა ამ ყველაფრის მიმართ. თითქოს ეს არაფერი პრობლემა არ არის.

  • მრევლის გულგრილობა ხომ არ არის იმის შედეგი, რომ ასეთ ინფანტილურ მრევლად თავად ეკლესიამ გამოზარდა ისინი?

რატომ არის მართლაც ზნეობრივი კატასტროფა საქართველოს ეკლესიასა და საპატრიარქოში? ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის მამების  90%-მა  კატეხიზმოს დონეზე არ იციან რა არის მართლმადიდებლობა. არც ისტორია. მათ იციან ერთი რამ – უნდა დაიმორჩილონ მათი მრევლი. მრევლს უნდა უთხრან, რომ რასაც გეტყვი, ისე უნდა შეასრულო, რადგან მე ვარ ერთადერთი შუამავალი შენსა და ღმერთს შორის.

არ ასწავლიან იმას, რომ პიროვნული ურთიერთობა ღმერთთან დაამყაროს თითოეულმა მორწმუნემ, თავისი სინდისით იდგეს ღვთის წინაშე.

ამის ნაცვლად ეუბნებიან, რომ მე ვარ შუაში, ეპისკოპოსია შუაში, პატრიარქია შუაში და ის წყვეტს ღმერთთან შენს ურთიერთობას.

ყველაფერი არის აგებული რიტუალზე. რიტუალი შესრულდება, ე.ი. ასე გადაწყვიტა ღმერთმა ზემოთ. ანუ სინოდმა გადაწყვიტა თქვა რაღაცა, ეს ნიშნავს, რომ ღმერთმაც ასე გადაწყვიტა. ესენი პირდაპირ თითქოს ღმერთს აიძულებენ მოარგოს თავისი გადაწყვეტილებები ამათ ნებას. აი, ეს სისტემური სახით ხდება წლებია. ისტორიასაც კი არ მოსწრებია ასეთი მცდარი და ყალბი სტილის სწავლება.

ვინ გამოიძიებს საქმეს, როცა სავარაუდო დამნაშავე პოლიციელია – საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

პოლიციის ის განყოფილება, სადაც დასაქმებულ პოლიციელს ედავებიან დანაშაულის ჩადენას, ვეღარ გამოიძიებს ამ საქმეს. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 23 სექტემბერს, მიიღო.

მოსარჩელე გიორგი ცერცვაძეა, რომელიც ამბობდა, რომ პოლიციელებმა დაკავების დროს მასზე ფიზიკურად იძალეს. მოქალაქემ პოლიციელებს უჩივლა, თუმცა საქმე პროკურატურის დავალებით იგივე საგამოძიებო ორგანომ გამოიძია, სადაც ცერცვაძის მხრიდან დადანაშაულებული პოლიციელები მუშაობდნენ.

გიორგი ცერცვაძე გორში დააკავეს პოლიციის დაუმორჩილებლობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით. მისი თქმით, ის პოლიციის განყოფილებაში ღირსების შემლახავი და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

სარჩელის თანდართულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილია გიორგი ცერცვაძის ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე „მოქალაქეს არ აღენიშნება დაზიანებები, ხოლო დატოვების შემდგომ – აღენიშნება“.

საქმე წარმოდგენილია ცერცვაძის წარმომადგენელსა და პროკურატურას შორის არსებული მიმოწერა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ მოქალაქეს უარი ეთქვა დაზარალებულად ცნობაზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „გამოძიების წარმოება იმ საგამოძიებო ორგანოს მიერ, რომლის თანამშრომლის მიერ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზეც არსებობს საფუძვლიანი საჩივარი, გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის უგულებელყოფის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევაა“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტმა უნდა შეცვალოს სამართლებრივი ნორმა, რომლის მიხედვითაც პროკურორს შეეძლო საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად იმ საგამოძიებო ორგანოსთვის გადაეცა საქმე, რომლის თანამშრომელსაც უფლებების დარღვევას ედავებოდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს საგამონაკლისო შემთხვევაზეც:

„როდესაც შესაძლოა, გამოძიების ეფექტიანობა მოითხოვდეს ასეთი ორგანოს მიერ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვას,“ – აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო.

„მჭადი რომ მჭადია, ისიც ენატრებათ“ – ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატი ქედაში

დაანგარიშებული არ აქვს, რამდენი დასჭირდება კონკრეტული პრობლემების მოგვარებას, თუმცა ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატი რამინ ბერიძე მიიჩნევს, რომ „ქედას საკმარისი ბიუჯეტი აქვს“. ოპოზიციურ გაერთიანებაში შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები.

რას მიიჩნევს პრობლემად და რას შეცვლიდა თავად მერობის შემთხვევაში? – „ბათუმელებმა“ რამინ ბერიძეს წინასაარჩევნო გზავნილებზე რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო რამინ, „ოცნების“ მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ქედა უკვე „სილამაზის და კომფორტის ეტაპზეა“… 

ვერ დავეთანხმები მის ამგვარ შეფასებებს. სოფლებში კარდაკარ დავდივარ, მჭადი რომ მჭადია, ისიც ენატრება ხალხს, ისეთი გაჭირვებაა… დღეს, 21-ე საუკუნეში, სოფლებში სასმელი წყალი და გზაც არ გვაქვს, რომელ კომფორტზე საუბრობს? ახლაც სოფელ პირველ მაისში შემხვდნენ მანდილოსნები, ვედროებით მიჰქონდათ სასმელი წყალი.

  • ქედის რამდენ სოფელშია სასმელი წყლის პრობლემა, თქვენ როდის მოაგვარებთ და სად ნახავთ ფულს? 

თანხები არ მაქვს დაანგარიშებული, რა დაჯდება ეს, მაგრამ არის ბიუჯეტში თანხა, რომლითაც შეიძლება წყლის პრობლემა მოგვარდეს.

2013 წლიდან დღემდე დაახლოებით 6 მილიონია დახარჯული წყლის სისტემებისთვის და არც ერთ სოფელში წყალი ნორმალურად არ მოედინება. მაგალითად, სოფელ ზენდიდში, რომელიც ქედის ცენტრთან ახლოსაა, ბევრი ოჯახია, რომლებსაც წყალი არ მიეწოდება, არადა, წყლის ახალი სისტემის მოსაწყობად 200 ათასი ლარი დაიხარჯა. სასაცილო ამბავი დაემართათ: სასმელი წყლის აუზი მოაწყვეს, მაგრამ წყალი საიდანაც მოდის, ის არის დაბლა, ვერ ადის აუზამდე.

მე ასეთ ხარვეზიან პროექტს ხელს არ მოვაწერდი.

დროზე არ არის შესწავლილი, ვინ დააპროექტა და ვინ ჩაიბარა საერთოდ. ზედამხედველობამ და შესაბამისმა სამსახურებმა არ მიხედეს. 2017 და 2018 წლებშია ეს გაკეთებული.

ხარაულა-ჯალაბაშვილებშიც 1 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა წყლის სისტემის მოსაწყობად, სიცხის დროს ძალიან დიდი პრობლემა იყო წყალთან დაკავშირებით. აქ აღმოჩნდა, რომ წყლის რესურსი არ იყო საკმარისი, რომ აუზი შეივსოს და ეს ვერ გათვალეს.

რამინ ბერიძე ამომრჩევლებთან შეხვედრისას
  • თუ რესურსი არ არსებობს, თქვენ რას გააკეთებთ? 

არის ადგილები, კილომეტრიანი მანძილიდან უნდა ავიღოთ და წყალს დავუმატოთ. საშუალება არსებობს, უბრალოდ დამატებითი თანხა სჭირდება ამას. ქედის ბიუჯეტს აქვს თანხები, რითაც შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა, ბევრი რამ მართლაც უკვე გაკეთებულია.

  • თქვენ  რომ ქედის მერი იყოთ, როგორ გაზრდით ქედის შემოსავლებს?

საკმარისი ბიუჯეტი აქვს ქედის მუნიციპალიტეტს… გამარჯვების შემთხვევაში ბევრი ისეთი საქმე გვაქვს დაგეგმილი, რაც კარგი იქნება ხალხისთვის.

  • არ ფიქრობთ, რომ თქვენი იდეების შესახებ ახლა უნდა უთხრათ ამომრჩეველს? 

პირველ რიგში, განვითარება ქედას უნდა ჰქონდეს ყველა სფეროში. მე ჩემი მოსახლეობის ერთად მინდა პროექტებზე ვიმუშაო, ეს უნდა იყოს ხალთან ერთად შეთანხმებული და გადაწყვეტილი. არ მინდა პარტიულ აქტივისტებთან ერთად მივიღო გადაწყვეტილება. არ მინდა, ხარვეზი იყოს რომელიმე პროექტში.

ყველაზე მეტად ქედის მოსახლეობას სჭირდება წყალი და შიდა გზები. სოფლების ნახევარზე მეტში შიდა გზების პრობლემაა.

  • რა თანხა დასჭირდება შიდა გზების მოწესრიგებას?  

სოფლებში დავდივარ და ვეცნობი ამ პრობლემებს. ეს დასაანგარიშებელია და დავიანგარიშებთ ალბათ არჩევნების მერე.

  • თქვენ იყავით ქედის საკრებულოს წევრი ბოლო 4 წელი. რის გაკეთება მოახერხეთ? 

ჩვენი არც ერთი ინიციატივა არ გასულა, არ იზიარებდნენ. ამიტომაც, ჩვენ ხშირად ვიყავით ბოიკოტის რეჟიმში. ბევრი სოციალურად დაუცველი გვყავს და მათ გვერდით ვიდექით.

  • რა შეცვალეთ ბოიკოტის რეჟიმით? თქვენი აზრით, რა ძალა აქვს საკრებულოში ოპოზიციას, როგორ უყურებდით თქვენს როლს? 

ვახმოვანებდი სოციალურად დაუცველი ადამიანების პრობლემებს. მაგალითად, სოფელ ჭინკაძეებში ერთი დედა-შვილია, შვილი ვერ მიდის ვერსად სამუშაოდ, რადგან დედა ლოგინადაა ჩავარდნილი და მოსავლელია, პენსია არ ჰყოფნით, საჭმელი რით უნდა იყიდოს? ამაზე მქონდა, მაგალითად, ფეისბუქჩართვა, მეზობლები უზიდავენ ლუკმა-პურს. ასეთი ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახია, ბევრს სჭირდება ყურადღება.

  • რას გააკეთებდით იმისთვის, რომ მუნიციპალური ქონებიდან შემოსავალი გაიზარდოს? 

თუ იქნება ისეთი ინვესტორი, რომელიც ფულს ჩადებს და ბევრ რამეს შემოგვთავაზებს, აუცილებლად დავუთმობთ მიწებს. ერთ ლარში გადაცემა არ იქნება, მაგრამ მინდა, რომ ხელი შევუწყო ინვესტორს, როდესაც ფულს ჩადებს და ჩემს მოსახლეობას დაასაქმებს.

  • ქედაში ბევრი თამბაქო მოჰყავთ. თქვენი აზრით, რა შეიძლება გააკეთოს მუნიციპალიტეტმა მეთამბაქოეებისთვის? 

თამბაქოს ფასი ბევრად შემცირდა, ვიდრე წლების წინ იყო, გადამყიდველები ყიდულობენ იაფად და მერე ძვირად ყიდიან… ხალხი იაფად ყიდის, რადგან უჭირს, ზეთი, შაქარი, ფქვილი უნდა იყიდოს. ამასთან, წელს თამბაქოს უხვი მოსავალია.

ამაზე შესაძლოა მუნიციპალიტეტმა იმუშაოს მთავრობასთან ერთად, ცვლილებებია საჭირო, რომ რეალიზება გახდეს უფრო მარტივი, ნორმალურ ფასად უნდა გაიყიდოს თამბაქო. თამბაქო და ვაზი რომ იხარებს, მერე ბევრი ახალგაზრდა დაუბრუნდება სოფლებს.

  • ფასს ხომ ბაზარი არეგულირებს. რა კუთხით ხედავთ ხელისუფლებისგან ჩარევის საჭიროებას? 

პირველ რიგში, სასუქის ამბავში უნდა შევუწყოთ ხელი, დახვნაში, დამუშავებაში, რომ გაბედულად იმუშაოს ფერმერმა. მთაში ისეთ ადგილებზე მოჰყავთ თამბაქო, რომ ამას აუცილებლად სჭირდება ხელშეწყობა.

  • ბუნებრივი აირის სისტემის მოწესრიგებას რა დრო დასჭირდება თქვენი მერობის შემთხვევაში და რას გააკეთებთ კონკრეტულად თქვენ? 

ბუნებრივი აირი უნდა ყოფილიყო უკვე, მაგრამ არ არის. წესით, ერთ-ორ წელიწადში ბუნებრივი აირი უნდა იყოს ცენტრთან ახლოს მდებარე სოფლებში, სადაც მილები უკვე გაყვანილია.

  • სოფელ ზვარეში თითქმის 200 წლის მეჩეთი ინგრევა, ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. განაგრძობთ წინა ხელისუფლებების მიდგომას, როცა ისტორიული მეჩეთების მოვლასა და პოპულარიზაციაზე მუნიციპალიტეტი თავს იკავებდა? 

ცალსახად ჩემი დამოკიდებულება არის ის, რომ მეჩეთი და ეკლესია არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ეს უნდა იყოს ტურისტებისთვის საჩვენებელი და გაკეთებული ისე, როგორც საჭიროა. მე მეჩეთებს პოპულარიზაციას გავუწევდი.

ამ თემაზე:

ქედის მერობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის

 

რას ჰპირდება გახარიას მერობის კანდიდატი ქედას: თამბაქოზე კომპენსაცია უნდა გაიცეს

ჯერ არ იცის, რა იქნება, მაგრამ ამოცანად მიიჩნევს, „ქედის მუნიციპალიტეტში დაფუძნებული შემოსავლიანი ბიზნესები საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლის წყაროდ რომ გადაიქცეს“. პარტიის – „გახარია – საქართველოსთვის“ ქედის მერობის კანდიდატს, ელგუჯა ნაკაშიძეს მიაჩნია, რომ ქედაში პრიორიტეტი აგროტურიზმის განვითარება უნდა იყოს.

რეალურ თვითმმართველობაზე საუბრის დროს ელგუჯა ნაკაშიძეს გავახსენეთ, რომ წლების წინ ის „ქრისტიან-დემოკრატებს“ წარმოადგენდა ქედის საკრებულოში. ინტერვიუში ნახავთ, როგორ უყურებს მერობის კანდიდატი პოლიტიკურ გამოცდილებას და იმას, თუ როგორ შეიძლება მიაღწიოს მერმა რეალურ დამოუკიდებლობას.

  • ბატონო ელგუჯა, თქვენი აზრით, რა სჭირდება ქედას, პირველ რიგში? 

ჩემი აზრით, პირველი რიგის ამოცანა არის ქედის განვითარების გენერალური გეგმა, რაც არ არსებობს. ეს სჭირდება ქედას ყველაზე მეტად.

მაგალითად, რომ ავიღოთ ტურიზმი: ქედაში ტურისტების საკმაოდ დიდი ნაკადი მოძრაობს. შესაძლებელია ინფრასტრუქტურის მოწყობა იმგვარად, რომ ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდოს, ანუ გაიყიდოს ადგილობრივი პროდუქცია, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, სუვენირები.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქედაში მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი სოციალურ შემწეობას იღებს. რეალურად ბევრად მეტია სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა. ეს მიდგომა კი, შემოსავლებს მოკლე დროში გაზრდის.

იგივე მახუნცეთში, „აწჰესის“ ტერიტორიაზე, არის ტურისტული ცენტრი, რომელიც ტურისტების საკმაოდ დიდ ნაკადს იღებს, მაგრამ იქაც კი, სუვენირები და სოფლის მეურნეობის პროდუქტები არ იყიდება. ეს დეფიციტი არ უნდა იყოს და ახალი ლოკაციები უნდა შეიქმნას. ქედის რესურსი იკარგება, ფაქტობრივად.

  • რას გააკეთებდით კონკრეტულად და სად ნახავდით ახალი ადგილების მოსაწყობად ფულს? 

ჩვენ უნდა განვავითაროთ აგროტურიზმი და შევქმნათ ახალი ტურისტული ლოკაციები, რომ მივიღოთ ტურისტების დიდი ნაკადი. ზოგი ადგილობრივ პროდუქციას შეიძენს, ზოგი – ღამეს გაათევს, ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებს, ფოლკლორის ნიმუშებს გაეცნობა, ტრადიციულ კულტურას. ამას დასჭირდება 3-5 წელი. საჭიროა რესურსების სწორად დანახვა და შემდეგ გეგმის შესაბამისად მოქმედება.

ქედას, მაგალითად, რამდენიმე კულტურის სახლი აქვს. სანამ ქორწილები იმართებოდა, ამ კლუბებში ქორწილები ტარდებოდა და სხვა გასართობი ღონისძიებებიც. ის რესურსი, რაც ბიუჯეტიდან იხარჯება, უნდა გახდეს ბიუჯეტის შემოსავლის წყარო. ეს არის ჩვენი მთავარი იდეა.

  • მაგალითად, ისტორიულ მეჩეთებს მოიაზრებთ თუ არა ამ ახალ ლოკაციებში, რაც შეიძლება ტურისტებისთვის საინტერესო იყოს? 

ჩვენს ჩამონათვალში მეჩეთების გარდა იქნება სილამაზე, რომელიც არის, მაგალითად, მერისის ხეობაში. ჩვენ ბევრი ისტორიული ადგილი გვაქვს, ღირსშესანიშნაობა, რაც უნდა იყოს მოვლილი და გახდეს შემოსავლის წყარო. ეს იქნება დასვენებით, დამთვალიერებლით თუ ექსკურსიაზე მოვა ვინმე.

  • რომელი ლოკაციისთვის რას დახარჯავთ ბიუჯეტიდან კონკრეტულად? მაგალითად, ზვარეში 200 წლის მეჩეთი დანგრევის პირასაა. მოახერხებთ მის აღდგენას? 

ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ კულტურულ მემკვიდრეობას და ისტორიას გავუფრთხილდეთ. გენგეგმაში იქნება ზვარეს მეჩეთი და სხვა სოფლების მეჩეთებიც, რომლებსაც რეაბილიტაცია და მოვლა სჭირდება.

ფინანსური გათვლები ჯერჯერობით არ გვაქვს, რადგან საარჩევნო კამპანიის, გასვლების დროს აღვწერთ  სამუშაოების მოცულობას და გამარჯვების შემთხვევაში, შევასრულებთ. ამ ეტაპზე შესწავლილი გვაქვს კიდეც და უყურადღებოდ არც ერთი მეჩეთი და სხვა სალოცავი არ დარჩება.

  • ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნით სავარაუდოდ რამდენით გაიზრდება ქედის ბიუჯეტის შემოსავლები, რას ელოდებით? 

ეს იქნება აღწერილი ქედის განვითარების გენერალურ გეგმაში, ახლა მაგის დათვლის რესურსი ჩვენ არ გვაქვს და არც სპეციალისტი გვყავს… თუკი მერი ვიქნები, პირველივე წელს მაგას დაითვლიან სპეციალისტები და გვეცოდინება.

რაც მთავარია – ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები გაიზრდება. სწორი და გეგმაზომიერი პოლიტიკის შემთხვევაში შევძლებთ, რომ აგროტურიზმი ვაქციოთ პრიორიტეტად.

ჩვენი დიდი პრობლემა არის სოციალურად დაუცველი მოსახლეობა… ქედაში ბოლო წლებში უამრავი დაფინანსება შემოვიდა, მაგრამ განვითარების გეგმა რადგან არ არსებობდა, ამ პროექტების უმრავლესობა, რაც დაფინანსდა – გაკოტრდა. ჩვენი პირველი პრიორიტეტი იქნება პრიორიტეტების სწორად გადანაწილება და სწორი ხარჯვა, ორიენტაცია უნდა გავაკეთოთ სასიცოცხლოდ აუცილებელ პროექტებზე.

  • ანუ შემოსავლები ბიუჯეტში საიდან გაიზრდება?

უნდა გაიზარდოს ადგილობრივი შემოსულობები, ქონების გადასახადი, იჯარის გადასახადი, ბუნებრივი რესურსის მოსაკრებლები, ოქროს საბადოა ეს თუ კოკოტაურის წყალი.

ასევე არის გამოთანაბრებითი ტრანსფერები. უნდა გავზარდოთ ისეთი ტერიტორიები, რაც ქედის მუნიციპალიტეტს გამოუყენებელი აქვს… ეტაპობრივად გაიზრდება ეს შემოსავლები.

  • ეს გადასახადები ხომ ახლაც შედის ქედის ბიუჯეტში, ხოლო აგროტურისტული ბიზნესი რომც განავითაროთ, ამით საბიუჯეტო შემოსავლები როგორ გაიზრდება? 

ქედის განვითარების გენერალური გეგმა როცა იქნება და ამუშავდება პროექტები, შემდეგ კომუნიკაცია უნდა დავამყაროთ, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან, რომ ინვესტიციები დაიხარჯოს მიზნობრივად, რაც რეალურად გაზრდის შემოსავლებს.

გასაგებია, რომ ადგილობრივი ბიზნესის გადასახადები აისახება ცენტრალურ ბიუჯეტზე, მაგრამ ეს გამოთანაბრებითი ტრანსფერის სახით დაუბრუნდება მუნიციპალიტეტს უკან. გარდა ამისა, მარტო ქედაზე კი არ ვფიქრობთ, არამედ ქედის მუნიციპალიტეტში დაფუძნებული შემოსავლიანი ბიზნესები საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლის წყაროდ რომ გადაიქცეს, ეს არის ჩვენი ამოცანა.

  • როგორ წარმოგიდგენიათ მუნიციპალიტეტის დამოუკიდებლობის მიღწევა, მათ შორის, ფინანსების ნაწილში?

ჩვენ არგუმენტირებული და მომზადებული გეგმებით უნდა ვიმუშაოთ როგორც აჭარის, ასევე ცენტრალურ მთავრობასთან, დონორ ორგანიზაციებთან. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 5 მილიონი დაიხარჯა ბოლო წლებში ქედაში, მაგრამ ამ პროექტების 70 პროცენტი გაკოტრებულია… არ იყო სწორად გათვლილი ქედის რესურსი. მუნიციპალიტეტის ჩართულობა ამ პროექტებში იყო მინიმალური. განვითარების გენერალური გეგმაც არ არსებობდა.

რეალურად ფერმერულ მეურნეობებს მიწის მწირი რესურსი აქვთ, დეფიციტია ახალ ტექნოლოგიებთან წვდომა და ზოგიერთ შემთხვევაში ფერმერმა მიღებული ინვენტარი ვერ განავითარა, ცოდნა აკლია, ფული აკლია და საბოლოოდ, არამიზნობრივი ხარჯვა გამოვიდა.

  • ქედის საკრებულოს წევრი ხართ 2010 წლიდან, რის გაკეთება შეძელით? აქვე, საინტერესოა, როგორ უყურებთ თქვენს პოლიტიკურ  გამოცდილებას – მაშინ „ქრისტიან-დემოკრატებს“ წარმოადგენდით, რომელზეც დადასტურდა, რომ იყო მაშინდელი ხელისუფლების სატელიტი.  

როდესაც ქედის საკრებულოში შედის ადამიანი, განურჩევლად მისი პარტიული კუთვნილებისა, ის გადადის ქედის მსახურებაში. რაც შეეხება „ქრისტიან-დემოკრატებს“ და ზედა ეშელონებს, მაგ დანარჩენზე კომენტარს მე არ გავაკეთებ.

იმ პერიოდში სერიოზულად შევისწავლე ქედაში არსებული რესურსები, რაც არც კი განიხილეს. მაშინ გამოჩნდა, რომ ქედის სოფლებში მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი ვერ ქმნის საარსებო მინიმუმს. ჩემდა სამწუხაროდ, ამდენი წელი გავიდა და ეს მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

  • იქნებ ამას ხელს ისიც უწყობს, რომ ზოგჯერ პრობლემებზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც რეალურად ოპოზიციას არ წარმოადგენენ? ახლაც არსებობს მოსაზრება, რომ გახარია გარიგებულია „ოცნებასთან“.   

ახლა თქვენ მე ამ საკითხში არ დაგეთანხმებით. თუ პიროვნება არის დამოუკიდებელი და არის მოსული კონკრეტული საქმის გასაკეთებლად, რატომ არის მნიშვნელოვანი პარტია?

  • მაშინ დამოუკიდებლად გეყარათ კენჭი, თუ პარტია არაა მნიშვნელოვანი. 

პარტიიდან საჭიროა იმიტომ, რომ დღეს სხვა რესურსით საქმის კეთება შეუძლებელია. პარტიაში „საქართველოსთვის“, რაც დააფუძნა გიორგი გახარიამ, დავინახე რეალური ძალა. ეს გახდა ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი. მინდა, ჩემი უნარები, რაც წლების განმავლობაში ვაგროვე, მოვახმარო ისევ ქედას.

საკრებულოს წევრობის შემდეგ არ მიმუშავია სახელმწიფო უწყებაში, ძირითადად ბიზნესპროექტებს ვადგენდი სხვადასხვა ფერმერისთვის… ჩემი შედგენილი პროექტებით დაწყებული ბიზნესი ახლა უკვე მომგებიანია. მათთან შეთანხმების გარეშე ვერ დავასახელებ, რა ბიზნესები იყო ეს.

  • წელს თამბაქოს ფასი შემცირდა. როგორი წარმოგიდგენიათ ადგილობრივი ხელისუფლების როლი მეთამბაქოეების პრობლემების მოგვარების კუთხით?

თამბაქო ისტორიულად ქედის ტერიტორიაზე გავრცელებული კულტურაა და დღეს იმდენია თამბაქოს მოსავალი, რომ ბაზარზე რეალიზების პრობლემაა. თამბაქოს დათესვის დროს თუ მინიმუმ 50-60 ლარს ელოდნენ, ახლა 25-30 ლარზეა თამბაქოს ფასი ჩამოსული. ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ამ ადამიანებს უნდა მისცეს კომპენსაცია, როგორც ეს გაიცემა, მაგალითად, ყურძნის შემთხვევაში.

  • ვენახი ცნობილია, რომ დაზიანდა. თამბაქოზე რატომ უნდა გაიცეს კომპენსაცია? 

ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებაა მცირე ფერმერებისა და კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა… სახელმწიფომ თავის დროზე ხელი არ შეუწყო ამ მცირე მეწარმეობის განვითარებას.

გარდა ამისა, მონოპოლიური მდგომარეობაა – გარკვეული ძალების ზემოქმედებით, იგივე აღმოსავლეთ საქართველოში თამბაქოს გატანა არის შეუძლებელი.

  • კიდევ ერთ პრობლემაზე მინდა გკითხოთ – ინტერნეტიზაცია. თქვენი მერობის შემთხვევაში რამდენ ხანში ექნებათ ქედელებს ინტერნეტი და საიდან? 

დიახ, ეს დიდი პრობლემაა. ახლაც, დისტანციური სწავლების პირობებში, პედაგოგებს უწევთ საკუთარი ხარჯით ინტერნეტპაკეტის შეძენა, არადა, კანონი პირდაპირ ამბობს, რომ ზოგად განათლებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. თუ მასწავლებელს ინტერნეტი არ აქვს, როგორ ჩაატარებს გაკვეთილს? ჩემი წინადადებაა, რომ მივცეთ პედაგოგებს კორპორაციული ნომრები და გადავუხადოთ ყველას ინტერნეტის თანხა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოვაგვარებთ ამ პრობლემას – ეს არის განათლების სამინისტროს პირდაპირი ვალდებულება, კეთილი ინებოს და გააკეთოს. ჩემი მერობის შემთხვევაში მე საქმის კურსში ჩავაყენებ ყველას და მივმართავ ყველა ინსტანციას.

ამ თემაზე:

ქედის მერობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის

„ახლაც, როცა ძველ წიგნს დავყნოსავ, სულ სხვა მოგონებები გადამეშლება“ – ილია ჭანტურია

ავტორი: ილია ჭანტურია, სტუდენტი

___

იყო დრო, როცა ქვეყანაში გამომცემლობების სიმწირის თუ ჩვენს ქალაქში მსგავსი წიგნების ნაკლებობის გამო არ არსებობდა ლამაზად გაფორმებული და ილუსტრირებული წიგნები. იყო მხოლოდ ძველი, ყავისფერფურცლიანი წიგნები მაგარი ყდით, რომელთაც თავისებური სუნი ასდიოდა. მე ნამდვილად მომწონდა და ახლაც, როცა ძველ წიგნს დავყნოსავ, სულ სხვა მოგონებები გადამეშლება.

როგორიც იყო, კარგი იყო.

მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ძველი, გაუფორმებელი წიგნებისადმი, რადგან ფანტაზიის უნარი სწორედ მაშინ განმივითარდა, სწორედ მათი დახმარებით. როცა ბებიაჩემი გვერდით მომისვამდა და ყდაგაცვეთილი წიგნიდან, რომელსაც ეწერა – „ქართული ხალხური ზღაპრები“ სხვადასხვა მეტად გასაოცარ ამბავს მიყვებოდა, მე ჩემი პატარა გონებით ვცდილობდი მოყოლილი სიუჟეტები თავში წარმომედგინა, გარემო შემექმნა, პერსონაჟების სახეები დამეხატა.

აი, მაგალითად, ახლაც, როცა ვინმე წიქარას ახსენებს, იმ წამსვე მახსენდება ბებიაჩემის სოფელი ობუჯი, რომლის დაღმართზეც სწორედ წიქარა მორბოდა ჩემს ბავშვურ წარმოსახვაში. ნაცარქექიას კი აბაშის ერთი პატარა სოფლის – კვათანის ვიწრო გზები უნდა გამოევლო. ამიტომაც მადლობის მეტი რა მეთქმის გაუფორმებელი და ძველი წიგნებისადმი, რომელთაც თავისებური სუნი დაჰყვება, ზოგისთვის სიძველის, მაგრამ ჩემთვის ბავშვობის.

მაგრამ იყო ისეთი დროც, როცა მე გადავედი მესამე კლასში და გაკვეთილებს შორის დასვენებებს სკოლის დერეფნებში ან ეზოში თანაკლასელებთან ერთად სირბილსა და თამაშში ვატარებდი. ზუსტად მაშინ, როცა მორიგი გარბენი უნდა შემესრულებინა, რომელიც არ ვიცი რითი დამთავრდებოდა (ერთხელ სკოლის დირექციის წევრზე შეჯახებითაც დამთავრდა და როგორ გაგრძელდა არ დავკონკრეტდები), სწორედ მაშინ შევამჩნიე ერთი საკმაოდ თვალშისაცემი თეთრი კარი (ყველა კარი სკოლაში თეთრი იყო, მაგრამ მაინც). მას იმ ოთახში შეჰყავდი, რომელსაც ერქვა სკოლის ბიბლიოთეკა.

ამ ოთახში აღმოჩნდა ისეთი წიგნები, რომლებიც დიდად განსხვავდებოდა ჩემი სახლის თაროებზე ჩამომსხდარებისგან. ეს წინგები ლამაზ-ლამაზი იყო, ფერადი ყდებით და თავისივე ნახატებით, სადაც თავად წიგნის გმირები ჩანდნენ ხოლმე. პირველი, რაც ამ ოთახში ხელში ჩავიგდე, იყო ერთი დიდად პატივსაცემი კაცის, ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი.

ჩემი პირველი ემოცია მიუნჰაუზენის ახალ-ახალი ამბების გაგებისას ახლაც მახსოვს. თითქოს ბუნდოვნად, მაგრამ მომენტებში მაინც ძალიან მძაფრად, მახსენდება ქვემეხის ყუმბარაზე შემომჯდარი მთავარი გმირი, ან თავზებლისხეაყვავებული ირემი, რომელიც ტყეში მშვიდად დააბიჯებს ან ორმოში ჩავარდნილი ჩვენი პატივცემული ბარონი, რომელსაც თავისივე თმისთვის ჩაუჭიდია ხელი და ორმოდან ამოჰყავს…

საინტერესო მომენტია, ცხოვრებაში რომ გამოგადგება ხოლმე, ჯობს სხვა წაგეშველოს. მაგას რაღა ჯობია, თუ ამომყვანი გყავს გვერდში, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება და რაღა ვქნათ.

და ამ ყველაფერის შემდეგ დაიწყო ჩემი და კიდევ ჩემი ერთი კარგი ამხანაგის თავგადასავლები, რომლებიც ხან მხატვრულ სამყაროში იყო, ხან კიდევ აქეთ, ჩვენსკენ, რეალობაში გადმოინაცვლებდა. ბოდიში ჩემს არამკითხველ ყოფილ თანაკლასელებს, მაგრამ ამ დროს, სადღაც გულის სიღრმეში, ყოველთვის მეგონა, რომ მათზე ცოტათი მეტი მაინც მქონდა ნანახი და მგონი, მართალიც ვიყავი.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

ქობულეთელ როლანდ ნოღაიდელს გული გადაუნერგეს – ახალი გულით ახალ სიცოცხლეს ვიწყებ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში მცხოვრებ როლანდ ნოღაიდელს ბელარუსში გულის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით გაუკეთეს და უკვე კლინიკიდან გამოწერეს.

იგი ამის შესახებ თავად წერს და ფოტოსაც აქვეყნებს:

„უღრმეს მადლობას გიხდით მთლიან საქართველოს გვერდში დგომისთვის, ძალიან ბევრი გულშემატკივარი მყავხართ. ბევრი მკითხულობთ, ჩემი მდგომარეობა ყველას გაინტერესებს.

დღეს გამოვიწერე კლინიკიდან ახალი გულით და ახალ სიცოცხლეს ვიწყებ“, – წერს როლანდ ნოღაიდელი.

რონალდ ნოღაიდელის დიაგნოზი დილატაციური კარდიომიოპათია იყო, მას გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა. ეს ოპერაცია საქართველოში არ კეთდება, ბელარუსში ოპერაციის საფასური 100 000 დოლარი იყო.

„სიცოცხლე მინდა, დამეხმარეთ“ – 45 წლის კაცი გულის გადანერგვისთვის ფულს აგროვებს“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია „ბათუმელებმა“ 2020 წელს, რომელშიც ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა.

რამდენიმე თვეში როლანდ ნოღაიდელზე სიუჟეტი მოამზადა „ნანუკას შოუმ“, როლანდ ნოღაიდელს საზოგადოების, მოქალაქეების გარდა თანხა გადაურიცხა აჭარის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროებმა და აჭარის მთავრობამ.

საბოლოოდ, 2021 წლის ივნისში, როლანდ ნოღაიდელის ოპერაციისთვის თანხა სრულად შეგროვდა.

„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის სკოლები დახურული, როცა ყველა სექტორი ღიაა“ – UNICEF

საქართველოში UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს, მაია ქურციკიძეს, რომელიც დღეს ბათუმის უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა, ვკითხეთ, რატომ არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობამ „იუნისეფის“ რეკომენდაციები სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებაზე. მაია ქურციკიძე ამბობს, რომ ამ კითხვას პასუხი მთავრობამ უნდა გასცეს.

„ჩვენ ვამბობდით, რომ უნდა მომხდარიყო ადგილობრივი რისკების შეფასება და გადაწყვეტილების ამის მიხედვით მიღება და არა ერთი საზომით.

სოფლებში ბევრი  700-ბავშვიანი სკოლაა, სადაც ახლა 100 ბავშვი თუ სწავლობს. ასეთ სკოლებს არ ექნებათ პრობლემა, არც დისტანციის დაცვის და აქვთ ეზოებიც. ჩვენ გამოვაქვეყნეთ კონკრეტული რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაეხსნათ სკოლები უსაფრთხოდ.

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლება ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის არა მხოლოდ აკადემიური ჩამორჩენის თავის აცილების მიზნით, ასევე გასათვალისწინებელია ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

ბავშვები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვთ, რადგან სოციალური უნარების განვითარებაშიც ჩამორჩებიან. ბავშვებს სჭირდებათ ურთიერთობები თანატოლებთან“, – ამბობს ქურციკიძე.

მისი თქმით, კვლევებით დამტკიცებულია, რომ სკოლები არ წარმოადგენს ეპიდემიის გავრცელების კერას, საფრთხეები კი ყველგან არსებობს.

მაშინ, როცა ყველა სექტორი ღია და გახსნილია, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის სკოლები დახურული. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ბავშვის განათლება არ შეფერხდეს,“ – ამბობს ქურციკიძე.

დღეს ბათუმის უნივერსიტეტში კონფერენციაზე აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილიც იმყოფებოდა, რომელსაც ასევე ვკითხეთ, თუ რა გააკეთა სამინისტრომ იმისთვის, რომ სწავლა სასკოლო გარემოში განახლებულიყო ან რატომ ვერ მოხერხდა მცირეკონტინგენტიან სკოლებში სწავლის განახლება; შესაძლებელი იყო თუ არა ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინება?

მაია ხაჯიშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგებოდა, რადგან 15 სექტემბრისთვის აჭარის რეგიონში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი იყო.  მან აღნიშნა, რომ „სამინისტრო მთელი ზაფხული მუშაობდა“:

„პირველ რიგში, ეს გულისხმობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას იმ რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფისთვის, რომელიც ჯანდაცვის უწყებების მხრიდან არსებობს. აქტიურად ვიმუშავეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რომ მასწავლებელთა ვაქცინაცია ყოფილიყო წარმატებული და ყოფილიყო და მისულიყო იმ ნიშნულამდე, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საკლასო ოთახებში განხორციელებულიყო სწავლა“.

თუმცა სწავლა საკლასო ოთახებში მაინც ვერ განახლდა, ვაქცინა კი ამ დროისთვის მასწავლებლების მხოლოდ 60-65 პროცენტს აქვს გაკეთებული.

მაია ხაჯიშვილი/ აჭარის განათლების მინისტრი.

აჭარის განათლების მინისტრს ასევე ვკითხეთ, ხომ არ აქვს ინფორმაცია 16 წლის და მეტი ასაკის მოზარდების რა პროცენტია აჭარაში აცრილი და რა ტიპის სამუშაოს ასრულებენ ცნობიერების გაზრდის მხრივ მოზარდებთან და  მშობლებთან.

მაია ხაჯიშვილმა გვითხრა, რომ „რადგან საკლასო ოთახებში სწავლის განახლების წინაპირობა მოზარდების ვაქცინაცია არ არის, ეს მონაცემები სამინისტროს არ დაუმუშავებია“.

რაც შეეხება ცნობიერების გაზრდას, ხაჯიშვილი ამბობს, რომ სამინისტრო „იუნისეფთან“ ერთად ცდილობს მიაწოდოს კომპეტენტური ინფორმაცია პედაგოგებს. „მშობლებთან მუშაობას რაც შეეხება, აქ სხვადასხვა წყაროსთან ერთად საჭიროა მასმედიის ჩართულობაც“, – ამბობს ხაჯიშვილი.

მაია ქურციკიძე კი ამბობს, რომ ვაქცინაციის პროცესზე მთელ პასუხისმგებლობას „იუნისეფი“ ვერ აიღებს, თუმცა მათ ბევრი იმუშავეს პედაგოგებთან და სხვა ჯგუფებთანაც იმისთვის, რომ გაფანტულიყო მითები და შიშები, რომლებიც ვაქცინაციის პროცესს თან ახლდა.

„მშობლები ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფია, ჩვენ მათთანაც გვქონდა ონლაინშეხვედრები და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. სტრატეგიულად უნდა იყოს დაგეგმილი ეს პროცესი. ყველაზე მეტად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ენდობიან ისინი, თუმცა ამ სფეროშიც არის პრობლემები, რადგან მედიკოსებშიც შეფერხებულია ვაქცინაცია“, – ამბობს მაია ქურციკიძე.

მისი თქმით, გუშინ „იუნისეფმა“ ახალი პროგრამა დაიწყო, რომელშიც ექთნების ჯგუფია ჩართული. გადამზადებული ექთნები იმუნიზაციის კუთხით იმუშავებენ როგორც სამედიცინოს სტუდენტებთან, ასევე ამ სფეროს წარმომადგენლებთან ცნობიერების ამაღლების კუთხით.

„ჩვენ დეკემბრამდე გვაქვს პროგრამა, ყველა შაბათ-კვირას გვაქვს დაგეგმილი რეგიონში გასვლები და ვიმუშავეთ იმაზე, რომ ადამიანებს ვაქცინის მიმართ შიშები გავუფანტოთ“, – ამბობს ქურციკიძე.

ბათუმის უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცენტრი გაიხსნა

დღეს, 23 სექტემბერს, ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრი გაიხსნა. პროექტს გაეროს ბავშვთა ფონდი აფინანსებს. ასევე გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია, სადაც ისაუბრეს ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვაზე საუნივერსიტეტო და საგანმანათლებლო პროგრამების კურიკულუმში.

ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, ლელა თურმანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბავშვთა უფლებათა ცენტრი განათლების ფაკულტეტის გარდა აქტიურად ითანამშრომლებს როგორც იურიდიულ მიმართულებასთან, ასევე ფსიქოლოგისა და სამედიცინო სფეროს სტუდენტებთან,  „ყველა სფეროსთან, ვისაც სამომავლოდ ბავშვებთან ექნება შეხება“, – ამბობს ლელა თურმანიძე.

მისი თქმით, დღეს ყველა საუბრობს ბავშვთა უფლებებზე, საქართველო შეუერთდა ბავშვთა დაცვის კონვენციას, მიიღო ბავშვთა კოდექსი, თუმცა ამ ყველაფერს პრაქტიკაში სჭირდება დანერგვა.

„იუნისეფის“ დახმარებით უკვე შემოტანილია ტექნიკა და რამდენიმე დღეში ცენტრი დაიწყებს მუშაობას. ცენტრი შემოიკრებს აკადემიურ წრეებს, შეიმუშავებს ტრენინგებს სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, ასევე ბავშვებისთვის, რომ ყველამ იცოდეს, რა უფლებები აქვთ ბავშვებს.

ეს არ იქნება მხოლოდ ლექციების კურსი: ბავშვებისა და მოზარდებისთვის სხვადასხვა აქტივობა მომზადდება. გრანტი უკვე დაფინანსებულია, გაწერილია ცხრათვიანი კურსი და კონკრეტული გეგმა“, – ამბობს ლელა თურმანიძე.

ბავშვის უფლებების კომპონენტი დაინერგება როგორც მასწავლებლის, ასევე სკოლამდელი განათლების მასწავლებლის მომზადების პროგრამაშიც.

„აღნიშნული პროგრამები მომზადდა ესტონეთისა და შვედეთის სახელმწიფოების მხარდაჭერით, რომელიც 2018 წელს დაიგეგმა და ძალიან მოთხოვნადია.

პროგრამა შემუშავდა უცხოური გამოცდილებით და აკადემიური პერსონალი არა მარტო საქართველოში, ესტონეთშიც გადიოდა მომზადებას.

მეორე ეტაპი ითვალისწინებს სკოლამდელი საფეხურის მასწავლებლის მომზადების პროგრამას, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და შევიტანთ აკრედიტაციაზე“, – ამბობს ლელა თურმანიძე.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი დღეს უნივერსიტეტში აჭარის სკაუტებსაც შეხვდა. მან ბავშვის უფლებათა კოდექსისა  და ახალგაზრდებში ბავშვის უფლებებზე ცნობიერების გაზრდის შესახებ ისაუბრა.

______________________

მთავარი ფოტო: აჭარის სკაუტები ბსუ-ში ბავშვის უფლებების შესახებ დისკუსიაზე.

ბათუმში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა – დაშავდა ქალი

ავტოავარია მოხდა დღეს, 23 სექტემბერს, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე.

თვითმხილველის თქმით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.

ქვეითი დაშავდა, იგი კლინიკაში გადაიყვანეს

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

_____________

ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

ჩვენს ქუჩას 5 დღეა ინტერნეტი არ მოეწოდება, ბავშვები ონლაინგაკვეთილებს აცდენენ – მშობელი

ბათუმში ბაგრატიონის ჩიხის მცხოვრებლები უკვე 5 დღეა ინტერნეტის გარეშე არიან დარჩენილები. აქამდე აქ კომპანია „მაგთის“ ინტერნეტით სარგებლობდნენ. ჩიხში დაახლოებით 15 ოჯახი ცხოვრობს. მათ უმრავლესობას სკოლის მოსწავლეები ჰყავთ შინ, რომლებიც, წესით, ონლაინსწავლებაში უნდა იყვნენ ჩართული, მაგრამ ამ 5 დღის განმავლობაში ბავშვებმა გაკვეთილებზე დასწრება უინტერნეტობის გამო ვერ შეძლეს.

„მეხუთე დღეა ინტერნეტი არ გვაქვს, ხარვეზიაო ამბობენ. ბავშვი 5 დღეა ვერ ესწრება ონლაინგაკვეთილებს.

მაგთის ბოჭკოვანი ინტერნეტი გვაქვს, 40 ლარს ვიხდი თვეში ტელევიზიასა და ინტერნეტში. აქ 5, 6 ოჯახს ჰყავს სკოლის მოსწავლეები.

გამოსასწორებლად არავინ მოსულა, მიუხედავად იმისა, რომ 5 დღეა ცხელ ხაზზე ვრეკავთ“, – ამბობს ბაგრატიონის ჩიხში მცხოვრები ინეზა ბერიძე.

ინეზა ბერიძის თქმით, ამ პროცესს კიდევ ერთი უცნაურობა ახასიათებს – როცა „მაგთი“ ამდენი ხნით უთიშავს ინტერნეტს, მომდევნო თვეში გადასახდელ თანხას არაფერი აკლდება. არც შეღავათები ვრცელდება და თუ დათქმულ დღეს ვერ იხდი თანხას, ინტერნეტმომსახურება მაშინვე გიწყდება.

კომპანია „მაგთის“ პრესსამსახური დაზუსტებით ვერ გვაწვდის ინფორმაციას, რატომაა ინტერნეტი გათიშული ზემოთ ხსენებულ მისამართზე, რის გამოც ბავშვები მთელი კვირით გამოეთიშნენ სასწავლო პროცესს.

გახარია „იმედის“ ჟურნალისტებს: შევდივარ თქვენს მდგომარეობაში

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ეხმიანება გუშინ, 22 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ნაჩვენები იყო, ჟურნალისტი როგორ ცდილობდა ავსტრიაში, ვენის ქუჩებში გადაემოწმებინა გახარიას მიერ ჩატარებული ნარკოტესტის ნამდვილობა.

„მივმართავ ტელეკომპანია „იმედის“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გავიგე, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და ამუშავებულ პროპაგანდისტულ კამპანიაში ტყუილებით ჩაერთეთ. აღარ ვსაუბრობ ცალმხრივ გაშუქებასა და იმაზე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უარს ამბობთ ეთერში ჩემს მოწვევაზე, აქ უკვე ვსაუბრობ იმაზე, რომ გუშინ ავსტრიიდან ალაპარაკეთ ჟურნალისტს ის, რისი დამადასტურებელი ერთი ფაქტი, ერთი წინადადებაც კი, ვერ წარმოადგინეთ და პირდაპირ წამომიყენეთ ბრალდება. იქვე თქვით, რომ ძალიან გაინტერესებდათ, ამაზე რა პასუხს გაგცემდით.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, პატივი ვცეთ თქვენს მაყურებელს, ჩვენს მოქალაქეებს და მივცეთ შესაძლებლობა პირადად ჩემგან პირდაპირ ეთერში მოისმინონ ეს პასუხი.

ამისთვის მზად ვარ, თქვენს არხზე დავჯდე პირდაპირ ეთერში, სადაც ექსკლუზიურად მოგიყვებით ნარკოტესტთან დაკავშირებით ოცნების მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციაზე და ასევე, ავსტრიაში ჩემი ერთდღიანი ვიზიტის შესახებ.

აქვე, მინდა ვუთხრა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებს – გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და შევდივარ თქვენს მდგომარეობაში“ – წერს გახარია ფეისბუქზე.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ გიორგი გახარია კოკაინის მომხმარებელია. გახარიამ ავსტრიაში, ვენაში ჩატარებული ნარკოტესტის პასუხი გამოაქვეყნა იმის დასტურად, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ არის.

ამავე თემაზე: 

კობახიძის თქმით, გახარიამ კოკაინის მოხმარება „ოცნების“ დატოვების შემდეგ დაიწყო

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია.

ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში, კერძოდ ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა კომპანიამ – Property Assets Investment-ი.

ცოტა ადრე, გასული წლის ივლისში კი, ბიზნესმენმა ფრიდონ ქათამაძემ  შპს „ბათუმი აილენდი“ დააფუძნა.

ბათუმში კუნძულის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გაახმოვანა, თუმცა მან არ დაასახელა ინვესტორი და გვითხრა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით გავიგებდით.

2021 წლის ივლისში, მაშინ, როცა „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ დააფუძნეს, ასივე პროცენტის მესაკუთრედ ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია ფიქსირდებოდა. მალევე მონაცემებში ცვლილება აისახა: 18 პროცენტი ფრიდონ ქათამაძის კომპანიას – „ბათუმი აილენდს“ უსასყიდლოდ გადაუფორმეს.

დოკუმენტების მიხედვით, „ვინაიდან  წილების დათმობა აქტიური ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებამდე განხორციელდა“, ფრიდონ ქათამაძის კომპანიას 18 პროცენტი უსასყიდლოდ გაუფორმეს.

გარდა ამისა, კომპანიის დირექტორთან, მიხეილ ბერულავასთან ერთად, დირექტორად დაარეგისტრირეს თავად ფრიდონ ქათამაძეც, საოპერაციო დირექტორად კი, ლაშა მელიქაძე დანიშნეს [ის პარალელურად „ამბასადორ ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე ფიქსირდება, რომლის დამფუძნებელიც ელგუჯა ქებურიაა].

შპს „ამბასადორ ბათუმს“ ბათუმის ძველ ბულვარში 16-სართულიან [დამატებით სამი სართული მიწის ქვეშ] სასტუმრო უნდა აეშენებინა. გასულ კვირას გაირკვა, რომ კომპანია უკვე მე-17 უკანონო სართულს აშენებს და მიუხედავად გაფრთხილებისა, სამუშაოებს დღესაც აგრძელებს.

რაც შეეხება ბათუმში კუნძულის აშენებით დაინტერესებულ პირებს, ფრიდონ ქათამაძეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ისევე როგორც ელგუჯა ქებურიას – ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან. ელგუჯა ქებურია ამბასადორი ჯგუფის და მასთან დაკავშირებული კომპანიების, ასევე სასტუმროების ქსელის მფლობელია. ფრიდონ ქათამაძე კი ათამდე კომპანიის მფლობელი და პარტნიორია.

„ხელვაჩაურში მცირე პრობლემებია დარჩენილი“ – „ოცნების“ მერობის კანდიდატი 

ზაზა დიასამიძე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ის წლების განმავლობაში ხელვაჩაურის პოლიციის უფროსად მუშაობდა, ხუთი თვის წინ კი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს.

  • ბატონო ზაზა, როგორია თქვენი საარჩევნო პროგრამა, რა პრიორიტეტები გაქვთ?

ჩემი პრიორიტეტია ის დარჩენილი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, რაც რჩება ჩვენს მუნიციპალიტეტში, რადგან „ქართული ოცნების“ მიერ უამრავი რამეა გაკეთებული. მცირე პრობლემებია დარჩენილი და ამის მოგვარებას ვპირდები და აუცილებლად გავაკეთებ.

  • ამბობთ, რომ მცირე პრობლემებია ხელვაჩაურში?

მე როცა გავხდები მერი და აუცილებლად გავხდები,  წყლის დარჩენილი პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნებ, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე, ინტერნეტის პრობლემის მოგვარებაზე, ტრანსპორტი სჭირდება რამდენიმე სოფელს და ამის მოგვარებაზე ვიზრუნებ.

  • როგორ იზრუნებთ?

მე მერიაში არასდროს მიმუშავია, თუმცა კარგად არის ცნობილი ხელვაჩაურის ბიუჯეტი, რომელსაც შესწევს უნარი აღნიშნული პრობლემების მოგვარებისთვის და აუცილებლად მოვაგვარებთ იმ გუნდით, რომლითაც მე მოვდივარ და იმ გუნდის გვერდში დგომით, რომელსაც მე წარმოვადგენ.

  • პირველ რიგში მოსაგვარებელი პრობლემა რა არის თქვენი აზრით?

დღეს რაც მოსახლეობიდან ისმის, რაც აუცილებლად და სასწრაფოდ სჭირდება. მოგეხსენებათ, პანდემია გვიტევს მთელ დედამიწას და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი, ბავშვებისთვის სჭირდებათ ინტერნეტის პრობლემის მოგვარება, რადგან ონლაინრეჟიმში უწევთ სწავლა, ამის მოგვარებაში ჩართულია აჭარის მთავრობაც და პროგრამაც გააჩნია „ინტერნეტი ყველა სოფელს“, აქტიურად მიმდინარეობს ამ პროგრამის განხორციელება.

  • თუ მთავრობა აგვარებს, თქვენ რა უნდა მოუგვაროთ?

მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად იზრუნებს, რომ დროულად მოგვარდეს ეს (ინტერნეტის) პრობლემა. მეც ორი შვილის მამა ვარ და კარგად მესმის, რას ნიშნავს ონლაინში განათლების მიღება.

  • რადგან ონლაინსწავლებაზე საუბრობთ, ხომ არ იცით ხელვაჩაურში რამდენ ბავშვს არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე ან არ აქვს ტელეფონი, კომპიუტერი?

ამ ინფორმაციას ახლა ვაგროვებ, ეს პრობლემა არ არის ცოტა, თუმცა არც ბევრია. ვინაიდან ახლო სოფლებში თითქმის ყველგან არის ინტერნეტი, მთაში, სოფლებში აუცილებლად მოვაგვარებ.

  •  სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ხელვაჩაურში მაღალია ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი და მდინარეებიდან ინერტული მასალების უკონტროლო მოპოვების გამო ეკოლოგიური პრობლემებია. თქვენ რა გეგმა გაქვთ?

ინერტულ მასალებთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურების გადასაწყვეტია. ლიცენზირებულია, როგორც ვიცი, ეს მოპოვება და ცალკეული შემთხვევები თუ ხდება, არის ამაზეც რეაგირება. როგორც ადმინისტრაციული სახდელი ედება დამრღვევებს, ასევე არაერთი საქმე ვიცი, რომელზეც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგა.

  • თუ არის რეაგირება, მაშინ რატომ არ წყდება ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვება?

ამ დროისთვის მიმდინარეობს სადმე? მე არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია. ჩემი მერობის შემთხვევაში ეს პროცესი ცალსახად ვერ გაგრძელდება. თუ დაფიქსირდება ფაქტი, მე მექნება უმკაცრესი რეაგირება, შესაბამის სამსახურებთან ერთად.

რაც შეეხება ჰაერის დაბინძურებას, ეს მარტო ხელვაჩაურის პრობლემა არ არის, თუ სამრეწველო ზონაზე საუბრობთ, ეს უკვე ბათუმის საზღვრებშია, თუმცა ამაზე საერთო ხედვა არსებობს ჩვენი გუნდის და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

  • თქვენ წლების განმავლობაში მუშაობდით პოლიციაში, რატომ გადაწყვიტეთ მერობა და არა, ვთქვათ, თქვენს სფეროში კარიერის გაგრძელება?

მე ვამაყობ, რომ ვიყავი პოლიციელი. კარგად ვიცი, რა როლი აქვს სახელმწიფოსთვის პოლიციას და ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ბოლო პერიოდში ვიყავი ხელვაჩაურის პოლიციის უფროსიც და ხელვაჩაურელობა კიდევ განსაკუთრებულია ჩემთვის. გამოცდილებით ვიცი ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს მუნიციპალიტეტში და მოვაგვარებ იმ გუნდთან ერთად, რომლისგანაც ვარ წარდგენილი.

მე არ ვფიქრობ, რომ პოლიციელობის გამო გააკეთეს არჩევანი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვმუშაობდი და აქტიურად ვიყავი ჩართული პროგრამებში.

  • როცა ძალოვანი უწყებიდან სოფლის მეურნეობაში გადაგიყვანეს, არც ეს უნდა იყოს მთლად ნორმალური, რადგან განსხვავებული სფეროებია, ვფიქრობ.

თქვენ ფიქრობთ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აუცილებლად აგრონომი უნდა იყოს?

  • მაშინ ასე გკითხავთ, აგრონომს თუ დანიშნავენ პოლიციის უფროსად, კარგი პოლიციელი იქნება?

ყველა პროგრამას თუ ქვეპროგრამას სჭირდება გამოცდილი იურისტი და გახლავართ მე. კარგად ვიყავი ჩართული ამ პროგრამებში და კარგად გავეცანი, ესეც იყო ერთგვარი სტიმული და მეორე, დიდი პატივია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მომცა საშუალება ვყოფილიყავი მერობის კანდიდატი. ათ დღეში ზუსტად მე ვიქნები მერი, ზუსტად ის ხედვები, რა ხედვებიც მე იქ დავინახე, ის პრობლემები, რაც პოლიციაში მუშაობის პერიოდში დავინახე, ზუსტად ვიცი ჩვენი გუნდის ხედვა და ამას პირნათლად შევასრულებ.

  • თქვენ იმდენჯერ ახსენეთ „ქართული ოცნება“, როგორ იქნებით დამოუკიდებელი მერი? თვითმმართველობა მეტ თავისუფლებას, ინდივიდუალურ მიდგომას და პირად ინიციატივებსაც გულისხმობს. თქვენ მოგცემთ პარტია ამ თავისუფლებას?

ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვინმე დირექტივას მომცემს, რომ ასე უნდა გავაკეთო ან ისე. მე თავისუფალი ადამიანი ვარ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრამა, როგორც „ქართულ ოცნებას“  და ამ პროგრამის და გეგმის ფარგლებში ვიმუშავებ.

  • ტურიზმის განვითარების თქვენეული ხედვა როგორია ხელვაჩაურში?

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი კალთასავით არის შემორტყმული ბათუმს და უახლოესი სოფლებია, სადაც შეიძლება ტურისტის ინტერესი მეტი იყოს. მაჭახლის ხეობაში ეთნოსოფლის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს და ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება თითოეული იდეის ხელშეწყობა, უფრო მეტი ტურისტის მოზიდვა. იქნება ეს არსებული ჩანჩქერების მოწყობა, მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობა, გასართობი ადგილები. ზედა ჩხუტუნეთში ამ ეტაპზე კულტურის სახლი შენდება და უამრავი რამ.

  • სკოლები და ბაღები – გაქვთ ამაზე პროექტები?

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ათი ბაღია ბოლო პერიოდში აშენებული და ეს მიმართულება გაგრძელდება, რადგან ჩვენი პრიორიტეტი ბავშვები, ახალგაზრდები და მოხუცები არიან და ჩემი ზრუნვის საგანია ეს ხალხი.

ზრუნვაში ვგულისხმობ იმ სერვისებს, რომლებიც იქნება ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების მიმართულებით.

  • როგორც ვიცით, ხელვაჩაურში ბევრი მეწყრული ზონაა, თქვენი აზრით, რამდენი ლარი უნდა იყოს ამ პრობლემების მოსაგვარებლად ბიუჯეტში გათვალისწინებული. ბევრი ოჯახი წლებია ელოდება ფერდსამაგრის მოწყობას, ბევრიც – ადგილმონაცვლეობას.

უხვ ნალექსს ვერავინ გათვლის და წინასწარ ვერ გათვლი, თუ სად რა ხდება. თუმცა ჩვენი გუნდის მიერ ხორციელდება ფერდსამაგრების, გაბიონების მშენებლობა. ჯოჭოში მილიონამდე ლარი დახარჯა ადგილობრივმა მთავრობამ ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის გეოლოგიური დასკვნის შემდეგ. ეს პროექტები აუცილებლად გაგრძელდება.

  • შარშან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა შეამცირა ფერდსამაგრი პროექტების ბიუჯეტი პანდემიის მიზეზით, თუმცა პიკაპების შესაძენად არ დაზოგეს თანხა. რომელ პრიორიტეტებზე საუბრობთ ასეთ დროს?

მე კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ეს კითხვები სამომავლოდ აღარ გაჩნდება. მე არ ვიცი, ვინ სად წაიღო ან როგორ მიმართა თანხები. თუმცა შემიძლია გითხრათ ხვალინდელ დღეზე, რომელიც იქნება იმ პრობლემის მოგვარების და ახალი პროგრამების დაგეგმვის და თითოეული მოქალაქის ხვალინდელი დღე.

  • სოფელს რას ჰპირდებით, რა გეგმები გაქვთ?

უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო სოფლის მეურნეობის პროგრამების მიმართულებით. მაგალითად, სასათბურე მეურნეობები წარმატებული პროექტია, მოცვის პლანტაციის გაშენება, ღვინის მარნების განვითარება წარმატებული პროექტია და სხვა კულტურების მოშენების პროგრამები – ყველა წარმატებულია.

  • ხშირად მერია უკანონო მშენებლობებზე თვალს ხუჭავს. მაგალითად, ხელვაჩაურის დღევანდელმა მერმაც კი ნებართვის გარეშე ააშენა სახლი. რას ფიქრობთ ამაზე?

იმ შემთხვევაში, თუკი სადმე მოხდება უკანონო მშენებლობა ან დაიგეგმება და ჩემთვის იქნება ცნობილი, ამაზე გვექნება მყისიერი რეაგირება. არავითარი თვითნებური მშენებლობები – ჩემი მიდგომა ეს არის. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კორუფცია და ნეპოტიზმიც.

რაც შეეხება მოქმედ მერს, როგორც ვიცი, ეს მამაპაპისეული სახლია და რემონტი გააკეთა. რაღაც გადაცდომა თუ იყო…

  • თქვენ უნებართვო მშენებლობას „რაღაც გადაცდომას“ ეძახით?

მე როგორც ვიცი, გატარდა ამაზე ადმინისტრაციული ღონისძიებები და უკვე გითხარით რა არის ჩემთვის მიუღებელი. ჩემი მერობის შემთხვევაში და მე აუცილებლად ვიქნები მერი, უკანონო მშენებლობები ხელვაჩაურში არ იქნება.

  • თქვენ რა ქონებას ფლობთ დღეს?

ჩემი ქონება დეკლარაციაში მაქვს ასახული. ვფლობ ბინას ბათუმში, რომელიც მეუღლის საკუთრებაშია, თბილისში ჩემი ბინა მაქვს, რომელიც 2010 წელს შევიძინე, მემკვიდრეობით მერგო სოფლის სახლი შავლიძეებში, რომელიც გავყიდე და მაქვს მიწაც და ასევე მეუღლეს ერგო მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით, სადაც პატარა სახლი გვაქვს. ასე, რომ მილიონერი არ ვარ და არც სოციალურად დაუცველი.

ტბა ტბიყელი და კინტრიშის დანისლული ნაკრძალი

კინტრიშის ხეობის დასალაშქრად ვერტმფრენით წავედით მედიატურში. აქამდე ვერტმფრენით არასდროს მიფრენია. ძალიან შინაურული ტრანსპორტი აღმოჩნდა – პაწაწინა ტრაპით, ოცდახუთკაციანი ბორდით და ილუმინატორით, რომელსაც საკუთარი საძინებლის ფანჯარასავით, როცა გინდა მაშინ გამოაღებ ღრუბლებში ხელის გასაყოფად.

ბათუმი დაბლა რჩება, ღრუბლებიდან ვუყურებთ ქალაქს და ზღვას გადავუფრენთ თავზე. მერე ზღვასაც ღრუბელი ფარავს და კინტრიშის დაცული ტერიტორიები იწყება.

კინტრიში დიდი ხეობაა. ვერ ვიტყვით, რომ ამ მარშრუტს გამოუცდელი მოლაშქრეები უნდა დაადგნენ: თუ კინტრიშის მონახულება გსურთ ან თავად უნდა იცოდეთ კარგად რუკების კითხვა და გქონდეთ კარგი ორიენტაცია, ან გამოცდილ მოლაშქრეებს უნდა გაყვეთ თან.

კოლხეთის დაცულმა, ჭარბტენიანმა ტერიტორიებმა ტყეებთან ერთად მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიიღო, ამ ადგილებს ახლა UNESCO იცავს, რაც ჩვენი ბუნების მრავალფეროვნების მსოფლიო აღიარებაა.

ვერტმფრენი ხინოს ხეობაზე კიდევ უფრო მაღლა ჯდება. პილოტები ხელს გვიქნევენ და უკან, ბათუმში მიფრინავენ.

კინტრიშის ხეობაში დარჩენილებმა ტბიყელის ნახვა უნდა მოვასწოთ, შორიდან ამ ტბას კარგად ვხედავთ, მაგრამ მასთან მიახლოება არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

გზა აგვებნა და შორიდან მოვუარეთ. არაფერი დაგვიკარგავს, ველური მოცვის ბუჩქებით ვიარეთ და გზადაგზა ვკრიფეთ კიდეც. ეს მოცვი სხვანაირია, წვრილი და მოტკბო – მომჟავო, ბევრად უფრო მძაფრი გემოთი მოცვის გამოყვანილ ჯიშთან შედარებით. მოცვის ბუჩქნარის შემდეგ როდოდენდრონის მდელოები იწყება, როდოდენდრონი იგივე დეკაა, როგორც მას აღმოსავლეთის მთიანეთში ეძახიან, მისი ახალგაშლილი, ნორჩი ფოთლებისგან უგემრიელეს ჩაისაც აყენებენ, მაგრამ დეკა გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და არ არის სასურველი მისი დაგლეჯა, მით უფრო დაცულ ტერიტორიაზე.

ტყე-ტყე ნახევარსაათიანი სიარულის შემდეგ ტბიყელი ჩნდება. კამკამა, მშვიდი და, რაც მთავარია, ირგვლივ ძალიან სუფთა მდელოთი, ირგვლივ პირველყოფილი გარემოა.

ტბიყელი ზღვის დონიდან 2200 მეტრზეა, აქ წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური ტრიტონები ბინადრობენ. თუ გამჭვირვალე წყალს კარგად დააკვირდებით, მათი დანახვა არ გაგიჭირდებათ.

წითელ ნუსხაში შეყვანილი კავკასიური ტრიტონი

აქამდე ტბიყელთან ტურისტული მარშრუტები მიბმული არ იყო. აქ მხოლოდ მეცნიერები, ეკოტურიზმის სპეციალისტები, რეინჯერები და ეროვნული პარკის განვითარებაზე მომუშავე სპეციალისტები მოდიოდნენ.

ტბა კინტრიშის ნაკრძალის ბოლო წერტილია.

აქამდე ორი სხვადასხვა მიმართულებიდან მოდის ბილიკი: ჯვარიმინდორიდან და ხინოს ხეობიდან, სადაც ლაშქრობისას ხინოს მონასტერი, თაღოვანი ხიდები, საპიკნიკე და  საკარვე ადგილები გხვდებათ.

ამავე მარშრუტზეა საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლებიც, თუ კარვით ტყეში არ გსურთ დარჩენა.

რაც შეეხება ქობულეთიდან მომავალ მარშრუტს, ეს გზა შედარებით რთულია, რადგანაც ხინოს მონასტერთან ამოსვლამდე სოფლის გრუნტოვანი გზაა, შემდეგ უკვე ფეხით უწევს მოლაშქრეს გადაადგილება და 20-22 კილომეტრი აღმართია გასავლელი ფეხით, მერე ალპური მდელოები იწყება. ქობულეთიდან თუ დაიწყებთ კინტრიშის მონახულებას 2, 3 დღიანი მოგზაურობა გამოგივათ და როგორც მაღლა ვახსენეთ, ეს არ არის ყველასთვის განკუთვნილი მარშრუტი: საჭიროა ფიზიკური მომზადება, ორიენტაციის უნარი და რუკების ზედმიწევნით ცოდნა.

ამ რთულ ბილიკზე განთავსებულია მანიშნებლები, რომ მოლაშქრეებს ტბაზე მისვლა გაუადვილდეთ.

მეორე, უფრო მარტივი ბილიკი ასეთია: შუახევის მუნიციპალიტეტიდან ჯვარიმინდორის გავლით მიდიხართ ჭვანის ხეობაში, ბილიკი ასევე დაკავშირებულია გურიასთან. შესაბამისად, ტბიყელიდან შესაძლებელია როგორც გურიაში, ასევე შუახევში გადასვლა და მერე ქობულეთში დაბრუნება.

  • რით გამოირჩევა კინტრიშის ახალი მარშრუტი

ეს არის ყველაზე გრძელი სალაშქრო მარშრუტი აჭარაში, ხალხისთვის, ვისაც მხოლოდ 1, 2 საათით არ ჰყოფნის ტყეში გასვლა და ნამდვილი მოგზაურობა უნდა.

ასეთი გადაბმული და შეკრული ბილიკი, სადაც 1 კვირით წამოხვალ მთაში, აქამდე არ არსებობდა აჭარაში. სალაშქრო ბილიკი ჯერ განვითარების საწყის ეტაპზეა, მოინიშნა სად არის სახიფათო ადგილები, ძირითად გადასახვევებზე მანიშნებლებია.

ბილიკი 88 კილომეტრიანია, აქ ან კარვებით უნდა დარჩეთ, ან საოჯახო სასტუმროებში, მარშრუტზე მალე ხის ტურისტული თავშესაფრებიც იქნება.

თუმცა ტბაზე კარვით დარჩენა სახიფათოა: აქ სატელეფონო კავშირი წყდება, არც ინტერნეტია და გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში ვერავის დაუკავშირდებით. ტბაზე საღამოობით ნისლიც დგება და ღამით ხშირად ქარია.

საბოლოოდ ისე გამოდის, რომ იქმნება აჭარის გადაბმული, წრიული მარშრუტი, როცა ქობულეთიდან იწყებ მოგზაურობას და ხელვაჩაურში ბრუნდები.

მოლაშქრეებს ასევე შეეძლებათ გურიიდან წამოვიდნენ და დაასრულონ მოგზაურობა ხელვაჩაურში.                               

  • რას ნახავთ კინტრიშის ხეობაში

კინტრიშის ნაკრძალის დალაშქვრისას ნახავთ ულამაზეს ხეობებს, რომელიც მდინარეს მოუყვება, ხის ქოხებით მოფენილ დასახლებულ სოფლებსაც გაივლით ქობულეთისა და ჭვანას ხეობაში, კოლხურ ტყეს, რისთვისაც მიიღო კულტურული მემკვიდრეობის  სტატუსი ამ ხეობამ.

ორკილომეტრიან მონაკვეთზე ნახავთ მცენარეთა მრავალფეროვან სახეობებს, რაც წითელ ნუსხაშია შეტანილი.

ულამაზესია ჭვანას ხეობის ნაწილი ქვის თაღოვანი ხიდებით, საიდანაც გადადიხართ ჯვარიმინდორზე. ჭვანას ხეობაშიც არაერთ ტბას წააწყდებით, აქვეა ოთოლთას ციხის ნაშთებიც.

ჯვარიმინდორი ამ გრძელი ბილიკის გამორჩეული ნაწილია. იქამდე მისასვლელ გზაზე ღრუბლებს სულ მთების მწვერვალებიდან, დაბლა ხედავთ. ამ გზაზე მალე ტურისტებისთვის უფასო თავშესაფრებიც მოეწყობა საშხაპით, საკარვე და კოცონისთის განკუთვნილი ადგილებით და ა.შ.

კინტრიშის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 13 514 ჰექტარია და მოქცეულია მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფ. ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის.

ხინოს ხეობა საღამოობით ნისლებით იფარება სრულად. აქ შეგიძლიათ უცნაური დაისის ნახვა, როცა ღრუბლებს ზემოდან უყურებთ და მზე ამ ღრუბლებში ჩადის.

ცხადია, აქ მტაცებელი ფრინველები და ცხოველებიც ბინადრობენ, მაგრამ დღისით ნადირს თავად ეშინია ადამიანების, თანაც მტაცებლები სახიფათოები უფრო ზამთარში არიან, როცა საკვები არ აქვთ.


ეკო სათავგადასავლო მარშრუტის ტბა ტბიყელზე, ასევე კინტრიშის ეროვნული პარკი-გომის მთა-ჯვარიმინდორის ჩათვლით, ტურის დეტალური აღწერა ნახეთ შემდეგ ბმულზე 

მარშრუტის დეტალები გასვლამდე შეგიძლიათ დააზუსტოთ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში  ნომერზე: 577 909093.

სანაპირო არ ჩაიხერგება შენობებით – ქობულეთის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან

ბონდო თედორაძე გაერთიანებული ოპოზიციის ქობულეთის მერობის კანდიდატია. მას იცნობენ როგორც ერთ-ერთ ხმაურიან ოპოზიციონერს. ორი მოწვევის ქობულეთის საკრებულოს წევრია, აქტიურობდა სხდომებზე, არ აკლდებოდა საპროტესტო აქციებს და კონკრეტულ საკითხებს სოციალური ქსელითაც ეხმაურებოდა. რა მოუტანა ამ ყველაფერმა ამომრჩეველს, ხმაურში ხომ არ დაიკარგა საკითხების სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობა? – საინტერესოა ისიც, მხოლოდ ზეპირი კრიტიკით შემოიფარგლებოდა, თუ  დარეგისტრირებული ინიციატივებიც აქვს, მით უმეტეს, რომ ის ოპოზიციურ ფრაქციას ხელმძღვანელობდა. ამ და სხვა საკითხებზე კანდიდატის პასუხებს ინტერვიუში გაეცანით.

  • ბატონო ბონდო, მიიჩნევთ, რომ ბოლომდე დაიხარჯეთ საკრებულოში და ამომრჩეველი თქვენი მუშაობით კმაყოფილი უნდა იყოს?

ზოგადად, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, საკრებულოში ძალიან აქტიური ვიყავი. ორი მოწვევის საკრებულოს წევრი ვიყავი 2014 წლიდან და ყველა ის საკითხი, რაც იყო პრობლემატური, ჟღერდებოდა ჩემგან. ვმონაწილეობდი სატელევიზიო სიუჟეტებში, ასევე მქონდა ლაივჩართვები, საუბარი, პრობლემების მოსმენა, გაჟღერება და ასე შემდეგ. რაც საკრებულოს წევრის ვალდებულება და ფუნქციაა, ვასრულებდი კარგად. ვფიქრობ, დღეს თუ ბონდო თედორაძეს იცნობს საზოგადოება ქობულეთში, სწორედ იქედან, რომ ვიყავი აქტიური საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან.

  • გქონდათ ხმაურიანი გამოსვლები, მაგრამ გადაწყვეტილებებზე ვერ ახდენდა ოპოზიციის ხმაური გავლენას. თუ გქონდათ ინიციატივები, რომლებიც აქციეთ პროექტად და დაარეგისტრირეთ საკრებულოს კანცელარიაში იმისათვის, რომ თქვენი ხედვების  განხილვის აუცილებლობა დამდგარიყო დღის წესრიგში?

ძირითადად წლის ბოლოს დგება ბიუჯეტი. ბიუჯეტის შედგენის დროს არაერთი წინადადება და პროექტი წარგვიდგენია საკრებულოსთვის დასამტკიცებლად იმისთვის, რომ გადაეგზავნათ მერიაში განსახილველად. საკრებულოს თავისი სპეციფიკა აქვს და როდესაც ბიუჯეტი მტკიცდება, 90 პროცენტით უნდა იყოს ბიუჯეტში ასახული ყველა ის პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს.

არაერთი საკითხი წარგვიდგენია ჩვენ, ეს იქნებოდა სოციალური, განათლების, სპორტის, ჯანდაცვის მიმართულებით, მაგრამ რადგან ეს იყო ოპოზიციის მიერ წარდგენილი, არ ჰპოვებდა მხარდაჭერას. ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც ჩვენი წერილობითი მიმართვის შემდეგ უკან დაუბრუნდა მერიას. ერთ-ერთი ეხებოდა, მაგალითად, მიწის გასხვისების თემას, აქ ჩვენ უმრავლესობის მხარდაჭერაც მოვიპოვეთ, რადგან აშკარა იყო კორუფციული მიზნები და „ატკატების“ თემა, ამიტომ ვერ გაექცნენ ფაქტებს.

მე ვიყავი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ [ენმ] ფრაქციის თავმჯდომარე და მეორე ოპოზიციურ ფრაქციას ხელმძღვანელობდა მამული სურმანიძე: არაერთ საკითხზე მოსახლეობაშიც შევაგროვეთ ხელწერები, მათ შორის ისეთ საკითხებზეც, როგორიც იყო სახურავების გადახურვა, ლიფტების მოწესრიგება და ასე შემდეგ… ინიციატივებს წარვადგენდით ძირითადად ბიუჯეტის დამტკიცების წინა პერიოდში, მაშინ, როდესაც აზრი აქვს კონკრეტულ მიმართულებებზე საუბარს.

  • გქონდათ საკითხების სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობა? – რამდენადაც მახსოვს, ეს იყო პრობლემა და ამაზე ადრეც ვისაუბრეთ.

თქვენ კარგად იცით, რომ საკითხების ძირითად ნაწილს ხშირად ერთი ან ორი დღით ადრე აგზავნიდნენ, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი გუნდი საკმაოდ აქტიური წევრებისგან იყო დაკომპლექტებული და არც ერთი სოფელი, კუთხე და მიმართულება არ დაგვიტოვებია, სადაც ჩვენ პრობლემებს არ გავეცანით, მოსახლეობის გაჭირვებაზე და ასე შემდეგ… ძირითადად ვიცნობდით საკითხებს. შესაბამისად, უფრო ადეკვატური პასუხები გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებით გვაწვდიდნენ დოკუმენტაციას. უფრო ღრმად რომ ავხსნათ ეს თემა, „ოცნებას“ საკითხის გადაწყვეტის ან კომისიურად მისაღებ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენთვის არასოდეს მოუმართავს, ერთად რომ გვემუშავა ამ საკითხების მომზადებაზე თუ მათ განხილვაზე. გამომდინარე იქედან, რომ 99,9 პროცენტი დავალებები მოდიოდა მერიიდან, რომ ეს ასე უნდა გაკეთებულიყო, შესაბამისად, ოპოზიციის ჩართულობა არ აწყობდათ. ისინი ყოველთვის არიდებდნენ თავს ჩვენთან თანამშრომლობას.

  • სხდომაზე ბევრი საკითხი განიხილება და ხმაურში ზოგჯერ გადაიფარება ხოლმე ისეთი მნიშვნელოვანი თემები, რაზეც მეტი განმარტება უნდა ჰქონოდა ამომრჩეველს. თქვენ არ იყენებდით საკრებულოს ტრიბუნას, არ მართავდით ბრიფინგებს, სადაც აუხსნიდით ამომრჩეველს, მაგალითად, ვისი ინტერესები იდგა ამა თუ იმ საკითხის მიღმა.

თუ მეტყოდით კონკრეტულ თემას, უფრო კონკრეტულ პასუხს გაგცემდით. ვერ მეტყვით, რომ სადაც ჩვენ რაიმე თემაზე ვერ მივიღეთ დამაკმაყოფილებელი პასუხი, არ მივედით იმ კონკრეტულ ობიექტთან, ვისაც ეხებოდა ეს თემა და არ გავაშუქეთ თუნდაც სოციალური ქსელის მეშვეობით. თითქმის ვერ ვიხსენებ საკრებულოს დღის წესრიგში საკითხების ჩასმის მოთხოვნას თუ დღის წესრიგში არსებული საკითხების გაპროტესტებას ბოლომდე არ მივყოლოდით.

  • მაგალითად, როცა იყო გენგეგმაში ცვლილებები ან კონკრეტულ ქონებას ასხვისებდნენ, ჩვენ გვჭირდებოდა მეტი ინფორმაცია, გვაინტერესებდა რა ხდებოდა ამ პროტესტის უკან, რა ეწერა დოკუმენტში. გვაინტერესებდა საკითხის სიღრმისეული შესწავლა, თქვენ ამის შესაძლებლობა უნდა გქონოდათ.

თუ გახსოვთ „კრისტალ ბილდინგზე“ [კომპანია, რომელიც ქობულეთის ცენტრში ახორციელებს ინვესტიციას] მიწის ნაკვეთების გადაცემა ზღვის პირას ჩვენ პირდაპირ დავუკავშირეთ „ოცნებას“. ისინი  იყვნენ „ოცნების“ შემწირველები და ეს ზურაბ პატარაძის [აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე. საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში – ავტ.] ინტერესიც იყო. ასევე „ოაზისთან“ დაკავშირებით, როცა შეიტანეს განაშენიანების გეგმა და ასე შემდეგ… მეპატრონე პირდაპირ დავადანაშაულეთ, რომ იყო „ოცნებასთან“ დაახლოებული პირი, ასევე ზურაბ პატარაძე და მირიან ქათამაძე.

თუმცა თავიდანვე ვთქვი, რომ მე არასოდეს ვარ კმაყოფილი და ყოველთვის შეიძლებოდა უფრო მეტი ყურადღების გამახვილება კონკრეტული საკითხებზე. მეც, როგორც პოლიტიკოსმა, მმართველმა და როგორც საქმისადმი ერთგულმა, ვიცი, რომ მეტი ყურადღების გამახვილება იყო შესაძლებელი რიგ საკითხებზე. თუმცა ვპირდები ყველას, რომ ჩვენ როცა გავიმარჯვებთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე, არ ვიქნებით მხოლოდ თანამდებობის პირები, ჩვენ ვიქნებით ხალხის მერები, ვემსახურებით მათ განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. გადაწყვეტილების მიღებამდე მოსახლეობის ჩართულობა იქნება ძალიან აქტუალური, უფრო მეტს ვესაუბრებით მათ.

ხშირად არ გვეძლეოდა შესაძლებლობა, რომ სატელევიზო ეთერი გამოგვეყენებინა. ჩვენ გვესმის თქვენი სპეციფიკა, ყოველდღიურად ისეთი ამბები ხდებოდა ქვეყანაში, რომ შემდეგ ეს თემები დღის წესრიგიდან გადადიოდა, სხვა პრობლემებზე გვიწევდა აქცენტის გაკეთება. თუ რამეზე ინფორმაცია მოქალაქეებს, როგორც ოპოზიციონერებმა ვერ მივაწოდეთ… თუმცა ვფიქრობ, მოქალაქეებს მაინც ჩვენი მხრიდან უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდათ, ვიდრე ხელისუფლებისგან.

  • ამბობთ, რომ არ ხართ საკუთარი თავით კმაყოფილი, რას შეცვლიდით?

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სოფელი, კუთხე, ნებისმიერი ადგილი ქალაქში, სადაც მე არ მივსულვარ, მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი საჯარო მოხელის, პოლიტიკურად აქტიური პირის პირდაპირი ვალდებულებაა, რაც შეიძლება მეტ დროს ატარებდეს მოქალაქეებთან. ყოველთვის, როცა ჩვენ გვაქვს შეხვედრა ამომრჩეველთან, ვხვდები, რომ ამის ნაკლებობას განიცდის ამომრჩეველი. უფრო მეტ დროს რომ ვატარებდეთ მათთან ეს უნდა ბევრს და ამას ისინი ჩვენი მხრიდან აუცილებლად მიიღებენ. პოლიტიკურად აქტიური პირის ვალდებულებაა, რაც შეიძლება მეტ დროს ატარებდეს ამომრჩეველთან.

  • ქობულეთში სანაპიროს აბეტონებენ ქაოსურად, იმის მიუხედავად, რომ ქალაქს აქვს გენგეგმა. გვითხარით, ამას რას მოუხერხებთ?

ქობულეთის სანაპიროს ის ტერიტორია, რაც გადარჩა, უნდა დარეგისტრირდეს როგორც რეკრეაციული ზოლი და აქ მუდმივი კონსტრუქციის მშენებლობა უნდა აიკრძალოს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ უნიკალური სანაპირო ზოლი – ქობულეთის ფიჭვნარი, ამ ტერიტორიას აქვს სამკურნალო დატვირთვა.

დღეს რაც ხდება ქალაქის სანაპირო ზოლში, არის სიმახინჯე, კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე „კრისტალ ბილდინგს“ და არა მხოლოდ მას. აპარტოტელების ზოლად აქციეს სანაპირო, რაც არ ჯდება ტურისტული ზოლის განვითარების შინაარსში. განაშენიანების გეგმაში „ოცნებას“ აქვს დათქმები… იციან, რომ ცენტრალურ დონეზე ხდება გადაწყვეტილების მიღება და გააკეთეს დათქმა, რომ თუ ინვესტორი წარმოადგენს განაშენიანების გეგმას და თუ ამას ხელს უწყობს ტერიტორიის კოეფიციენტები, ეძლევათ მშენებლობის ნებართვა. ჩვენი მიდგომა არის ასეთი, რომ უნდა დარეგისტრირდეს რეკრეაციული ზოლები და უნდა შევუნარჩუნოთ ტყე-პარკები ხალხს.

  • ბევრი ადგილი დაგხვდებათ უკვე გასხვისებული მშენებლობის პირობით…

მე არანაირი პირადი ინტერესი არ მაქვს მათ მიმართ, მაგრამ ინვესტორები, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებებს, მაგალითად „კრისტალ ბილდინგი“ – ამ კომპანიას სამი წლის წინ უნდა შეესრულებინა ვალდებულება, ამ ტერიტორიაზე უნდა გვქონოდა ზღვაზე გადასასვლელები, ხუთვარსკვლავიანი  სასტუმრო, მოგვიანებით შეიტანეს ცვლილება სასტუმროს ნაცვლად მივიღეთ აპარტოტელი, რომელიც წლებია დაუსრულებელია. ასეთი ქონება უნდა დაბრუნდეს მუნიციპალურ საკუთრებაში. იქ, სადაც უკვე დგას კორპუსები, სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლით.

  • კონკრეტული ადგილები გაქვთ მოაზრებული, სადაც სკვერებს გააშენებთ, ან უკვე არსებულებს სტატუსს მიანიჭებთ, რომ დაიცვთ?

აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც თავისუფალი მწვანე სივრცეებია, სადაც ხის ნარგავია, ვაპირებთ, ვკითხოთ ამომრჩეველს არის თუ არა საჭირო, რომ ეს შევინარჩუნოთ – ყველას მოთხოვნა არის, რომ იქ იყოს რეკრეაციული ზოლი და ზღვის სანაპირო არ ჩაიხერგოს შენობებით, ჩოლოქის შემოსასვლელიდან სანაპიროს გასწვრივ თავისუფალი ზოლი სადაც არის, ყველა უნდა შენარჩუნდეს.

  • ქობულეთშიც გაქვთ უკანონო მშენებლობები. მეტიც, საკრებულოს თავმჯდომარემ ააშენა უკანონოდ. ეს თემა გამოგრჩათ, თუ კოლეგიალობა გამოიჩინეთ? 

კონკრეტული ჟურნალისტები დაგიდასტურებენ, ჩვენ ვაკეთებდით განცხადებებს. მეტიც, მივმართეთ  მერს, რომ დაწყებულიყო ამ უკანონო შენობების დემონტაჟი. მერმა გვიპასუხა, სასამართლოში იდავეთო. არავითარი კოლეგიალობა არ ყოფილა ჩვენი მხრიდან გათვალისწინებული. ვერც იქნება, რადგან ჩვენ თუ ვიბრძვით სამართლიანი ქვეყნის შექმნისთვის, კოლეგა როცა ჩადის უსამართლობას, ვალდებულება გვაქვს, რომ გავაჟღეროთ. დავით მჭედლიშვილისთვის ეს თემა არ გაგვიტარებია. ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაგირება და დემონტაჟიც  მოვითხოვეთ.

  • ხომ არ ჯობდა „თავისუფლების კვარტალში“ ყოფნის პარალელურად მოგეხერხებინათ საკრებულოში მისვლაც, რომ არ დაგეტოვებინათ საკრებულო, თუნდაც ამ თემების ამომრჩევლამდე მისატანად?

მერობა არ არის ჩემი თვითმიზანი, მაშინაც ვფიქრობდი და დღესაც ვამბობ, რომ არ შევმცდარვარ, ეს არ იყო მალული პროტესტი, იცოდა ყველამ, რომ მე ვიყავი ბოიკოტის რეჟიმში და ვიყავი „თავისუფლების კვარტალში,“ აქ ვიცხოვრე დაახლოებით ექვსი თვე.

არ ვფიქრობ, რომ საკრებულოს წევრის სტატუსის ჩამორთმევამ ინფორმაციულ ვაკუუმში მომაქცია. ადამიანის შინაგანი პროტესტის გრძნობა ქმედებაში გადადის. ვიცოდი, რომ ვაკეთებდი სწორ საქმეს, ჩემი ამომრჩევლების დაკვეთა იყო ზუსტად ის, რომ ვყოფილიყავი ოპოზიციაში და არ გვეთანამშრომლა ხელისუფლებასთან, რომელმაც მიიტაცა 2020 წლის არჩევნები. ამან მოიტანა 43-პროცენტიანი დათქმა, შარლ მიშელის დოკუმენტი და ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

აჭარაში კოვიდის 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 23 სექტემბერი

23 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 503 პაციენტი, მათგან 27 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

დღეის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის  1 653 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 47 პაციენტი გარდაიცვალა.

Exit mobile version