მთავარი,სიახლეები

„ხელვაჩაურში მცირე პრობლემებია დარჩენილი“ – „ოცნების“ მერობის კანდიდატი 

23.09.2021 • 1713
„ხელვაჩაურში მცირე პრობლემებია დარჩენილი“ – „ოცნების“ მერობის კანდიდატი 

ზაზა დიასამიძე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ის წლების განმავლობაში ხელვაჩაურის პოლიციის უფროსად მუშაობდა, ხუთი თვის წინ კი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს.

  • ბატონო ზაზა, როგორია თქვენი საარჩევნო პროგრამა, რა პრიორიტეტები გაქვთ?

ჩემი პრიორიტეტია ის დარჩენილი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, რაც რჩება ჩვენს მუნიციპალიტეტში, რადგან „ქართული ოცნების“ მიერ უამრავი რამეა გაკეთებული. მცირე პრობლემებია დარჩენილი და ამის მოგვარებას ვპირდები და აუცილებლად გავაკეთებ.

  • ამბობთ, რომ მცირე პრობლემებია ხელვაჩაურში?

მე როცა გავხდები მერი და აუცილებლად გავხდები,  წყლის დარჩენილი პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნებ, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე, ინტერნეტის პრობლემის მოგვარებაზე, ტრანსპორტი სჭირდება რამდენიმე სოფელს და ამის მოგვარებაზე ვიზრუნებ.

  • როგორ იზრუნებთ?

მე მერიაში არასდროს მიმუშავია, თუმცა კარგად არის ცნობილი ხელვაჩაურის ბიუჯეტი, რომელსაც შესწევს უნარი აღნიშნული პრობლემების მოგვარებისთვის და აუცილებლად მოვაგვარებთ იმ გუნდით, რომლითაც მე მოვდივარ და იმ გუნდის გვერდში დგომით, რომელსაც მე წარმოვადგენ.

  • პირველ რიგში მოსაგვარებელი პრობლემა რა არის თქვენი აზრით?

დღეს რაც მოსახლეობიდან ისმის, რაც აუცილებლად და სასწრაფოდ სჭირდება. მოგეხსენებათ, პანდემია გვიტევს მთელ დედამიწას და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი, ბავშვებისთვის სჭირდებათ ინტერნეტის პრობლემის მოგვარება, რადგან ონლაინრეჟიმში უწევთ სწავლა, ამის მოგვარებაში ჩართულია აჭარის მთავრობაც და პროგრამაც გააჩნია „ინტერნეტი ყველა სოფელს“, აქტიურად მიმდინარეობს ამ პროგრამის განხორციელება.

  • თუ მთავრობა აგვარებს, თქვენ რა უნდა მოუგვაროთ?

მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად იზრუნებს, რომ დროულად მოგვარდეს ეს (ინტერნეტის) პრობლემა. მეც ორი შვილის მამა ვარ და კარგად მესმის, რას ნიშნავს ონლაინში განათლების მიღება.

  • რადგან ონლაინსწავლებაზე საუბრობთ, ხომ არ იცით ხელვაჩაურში რამდენ ბავშვს არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე ან არ აქვს ტელეფონი, კომპიუტერი?

ამ ინფორმაციას ახლა ვაგროვებ, ეს პრობლემა არ არის ცოტა, თუმცა არც ბევრია. ვინაიდან ახლო სოფლებში თითქმის ყველგან არის ინტერნეტი, მთაში, სოფლებში აუცილებლად მოვაგვარებ.

  •  სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ხელვაჩაურში მაღალია ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი და მდინარეებიდან ინერტული მასალების უკონტროლო მოპოვების გამო ეკოლოგიური პრობლემებია. თქვენ რა გეგმა გაქვთ?

ინერტულ მასალებთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურების გადასაწყვეტია. ლიცენზირებულია, როგორც ვიცი, ეს მოპოვება და ცალკეული შემთხვევები თუ ხდება, არის ამაზეც რეაგირება. როგორც ადმინისტრაციული სახდელი ედება დამრღვევებს, ასევე არაერთი საქმე ვიცი, რომელზეც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგა.

  • თუ არის რეაგირება, მაშინ რატომ არ წყდება ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვება?

ამ დროისთვის მიმდინარეობს სადმე? მე არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია. ჩემი მერობის შემთხვევაში ეს პროცესი ცალსახად ვერ გაგრძელდება. თუ დაფიქსირდება ფაქტი, მე მექნება უმკაცრესი რეაგირება, შესაბამის სამსახურებთან ერთად.

რაც შეეხება ჰაერის დაბინძურებას, ეს მარტო ხელვაჩაურის პრობლემა არ არის, თუ სამრეწველო ზონაზე საუბრობთ, ეს უკვე ბათუმის საზღვრებშია, თუმცა ამაზე საერთო ხედვა არსებობს ჩვენი გუნდის და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

  • თქვენ წლების განმავლობაში მუშაობდით პოლიციაში, რატომ გადაწყვიტეთ მერობა და არა, ვთქვათ, თქვენს სფეროში კარიერის გაგრძელება?

მე ვამაყობ, რომ ვიყავი პოლიციელი. კარგად ვიცი, რა როლი აქვს სახელმწიფოსთვის პოლიციას და ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ბოლო პერიოდში ვიყავი ხელვაჩაურის პოლიციის უფროსიც და ხელვაჩაურელობა კიდევ განსაკუთრებულია ჩემთვის. გამოცდილებით ვიცი ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს მუნიციპალიტეტში და მოვაგვარებ იმ გუნდთან ერთად, რომლისგანაც ვარ წარდგენილი.

მე არ ვფიქრობ, რომ პოლიციელობის გამო გააკეთეს არჩევანი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვმუშაობდი და აქტიურად ვიყავი ჩართული პროგრამებში.

  • როცა ძალოვანი უწყებიდან სოფლის მეურნეობაში გადაგიყვანეს, არც ეს უნდა იყოს მთლად ნორმალური, რადგან განსხვავებული სფეროებია, ვფიქრობ.

თქვენ ფიქრობთ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აუცილებლად აგრონომი უნდა იყოს?

  • მაშინ ასე გკითხავთ, აგრონომს თუ დანიშნავენ პოლიციის უფროსად, კარგი პოლიციელი იქნება?

ყველა პროგრამას თუ ქვეპროგრამას სჭირდება გამოცდილი იურისტი და გახლავართ მე. კარგად ვიყავი ჩართული ამ პროგრამებში და კარგად გავეცანი, ესეც იყო ერთგვარი სტიმული და მეორე, დიდი პატივია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მომცა საშუალება ვყოფილიყავი მერობის კანდიდატი. ათ დღეში ზუსტად მე ვიქნები მერი, ზუსტად ის ხედვები, რა ხედვებიც მე იქ დავინახე, ის პრობლემები, რაც პოლიციაში მუშაობის პერიოდში დავინახე, ზუსტად ვიცი ჩვენი გუნდის ხედვა და ამას პირნათლად შევასრულებ.

  • თქვენ იმდენჯერ ახსენეთ „ქართული ოცნება“, როგორ იქნებით დამოუკიდებელი მერი? თვითმმართველობა მეტ თავისუფლებას, ინდივიდუალურ მიდგომას და პირად ინიციატივებსაც გულისხმობს. თქვენ მოგცემთ პარტია ამ თავისუფლებას?

ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვინმე დირექტივას მომცემს, რომ ასე უნდა გავაკეთო ან ისე. მე თავისუფალი ადამიანი ვარ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრამა, როგორც „ქართულ ოცნებას“  და ამ პროგრამის და გეგმის ფარგლებში ვიმუშავებ.

  • ტურიზმის განვითარების თქვენეული ხედვა როგორია ხელვაჩაურში?

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი კალთასავით არის შემორტყმული ბათუმს და უახლოესი სოფლებია, სადაც შეიძლება ტურისტის ინტერესი მეტი იყოს. მაჭახლის ხეობაში ეთნოსოფლის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს და ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება თითოეული იდეის ხელშეწყობა, უფრო მეტი ტურისტის მოზიდვა. იქნება ეს არსებული ჩანჩქერების მოწყობა, მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობა, გასართობი ადგილები. ზედა ჩხუტუნეთში ამ ეტაპზე კულტურის სახლი შენდება და უამრავი რამ.

  • სკოლები და ბაღები – გაქვთ ამაზე პროექტები?

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ათი ბაღია ბოლო პერიოდში აშენებული და ეს მიმართულება გაგრძელდება, რადგან ჩვენი პრიორიტეტი ბავშვები, ახალგაზრდები და მოხუცები არიან და ჩემი ზრუნვის საგანია ეს ხალხი.

ზრუნვაში ვგულისხმობ იმ სერვისებს, რომლებიც იქნება ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების მიმართულებით.

  • როგორც ვიცით, ხელვაჩაურში ბევრი მეწყრული ზონაა, თქვენი აზრით, რამდენი ლარი უნდა იყოს ამ პრობლემების მოსაგვარებლად ბიუჯეტში გათვალისწინებული. ბევრი ოჯახი წლებია ელოდება ფერდსამაგრის მოწყობას, ბევრიც – ადგილმონაცვლეობას.

უხვ ნალექსს ვერავინ გათვლის და წინასწარ ვერ გათვლი, თუ სად რა ხდება. თუმცა ჩვენი გუნდის მიერ ხორციელდება ფერდსამაგრების, გაბიონების მშენებლობა. ჯოჭოში მილიონამდე ლარი დახარჯა ადგილობრივმა მთავრობამ ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის გეოლოგიური დასკვნის შემდეგ. ეს პროექტები აუცილებლად გაგრძელდება.

  • შარშან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა შეამცირა ფერდსამაგრი პროექტების ბიუჯეტი პანდემიის მიზეზით, თუმცა პიკაპების შესაძენად არ დაზოგეს თანხა. რომელ პრიორიტეტებზე საუბრობთ ასეთ დროს?

მე კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ეს კითხვები სამომავლოდ აღარ გაჩნდება. მე არ ვიცი, ვინ სად წაიღო ან როგორ მიმართა თანხები. თუმცა შემიძლია გითხრათ ხვალინდელ დღეზე, რომელიც იქნება იმ პრობლემის მოგვარების და ახალი პროგრამების დაგეგმვის და თითოეული მოქალაქის ხვალინდელი დღე.

  • სოფელს რას ჰპირდებით, რა გეგმები გაქვთ?

უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო სოფლის მეურნეობის პროგრამების მიმართულებით. მაგალითად, სასათბურე მეურნეობები წარმატებული პროექტია, მოცვის პლანტაციის გაშენება, ღვინის მარნების განვითარება წარმატებული პროექტია და სხვა კულტურების მოშენების პროგრამები – ყველა წარმატებულია.

  • ხშირად მერია უკანონო მშენებლობებზე თვალს ხუჭავს. მაგალითად, ხელვაჩაურის დღევანდელმა მერმაც კი ნებართვის გარეშე ააშენა სახლი. რას ფიქრობთ ამაზე?

იმ შემთხვევაში, თუკი სადმე მოხდება უკანონო მშენებლობა ან დაიგეგმება და ჩემთვის იქნება ცნობილი, ამაზე გვექნება მყისიერი რეაგირება. არავითარი თვითნებური მშენებლობები – ჩემი მიდგომა ეს არის. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კორუფცია და ნეპოტიზმიც.

რაც შეეხება მოქმედ მერს, როგორც ვიცი, ეს მამაპაპისეული სახლია და რემონტი გააკეთა. რაღაც გადაცდომა თუ იყო…

  • თქვენ უნებართვო მშენებლობას „რაღაც გადაცდომას“ ეძახით?

მე როგორც ვიცი, გატარდა ამაზე ადმინისტრაციული ღონისძიებები და უკვე გითხარით რა არის ჩემთვის მიუღებელი. ჩემი მერობის შემთხვევაში და მე აუცილებლად ვიქნები მერი, უკანონო მშენებლობები ხელვაჩაურში არ იქნება.

  • თქვენ რა ქონებას ფლობთ დღეს?

ჩემი ქონება დეკლარაციაში მაქვს ასახული. ვფლობ ბინას ბათუმში, რომელიც მეუღლის საკუთრებაშია, თბილისში ჩემი ბინა მაქვს, რომელიც 2010 წელს შევიძინე, მემკვიდრეობით მერგო სოფლის სახლი შავლიძეებში, რომელიც გავყიდე და მაქვს მიწაც და ასევე მეუღლეს ერგო მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით, სადაც პატარა სახლი გვაქვს. ასე, რომ მილიონერი არ ვარ და არც სოციალურად დაუცველი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: