სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა შენახვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის მიერ დეპარტამენტში აღმოჩენილ დარღვევებზე განცხადება, დაახლოებით ორი თვის წინ, ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა. ოპოზიციამ მაშინ აუდიტის პირველადი ანგარიში გაასაჯაროვა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის 2016-2017 წლების შესაბამისობის
აუდიტის ანგარიშში, რომელიც 20 სექტემბერს გამოქვეყნდა, აუდიტის შედეგად გამოვლენილ შემდეგი სახის დარღვევა-ნაკლოვანებებზეა საუბარი:
[crosslist]
- დეპარტამენტის მიერ გახარჯულია საბიუჯეტო სახსრები, მაშინ როცა ფარული სამუშაოს აქტებით არ არის დადასტურებული სამუშაოს ფაქტობრივად შესრულება, არ არის შეფასებული შესრულებული სამუშაოების ხარისხი და ფარულ სამუშაოებზე არ არის დადგენილი მოცულობები;
- ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შეუსაბამოდ. ამასთანავე, მიღება-ჩაბარების აქტებით შესრულებაში ნაჩვენები მოცულობები არ შეესაბამება ფაქტობრივად განხორციელებულ სამუშაოებს და გამოვლენილია მნიშვნელოვანი დანაკლისი, რაც საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვის რისკებს წარმოშობს;
- დეპარტამენტი მიმწოდებლისათვის საჯარიმო სანქციის თავის არიდების მიზნით, ცალკეულ შემთხვევაში დასაბუთების გარეშე აგრძელებდა ხელშეკრულების მოქმედების და სამუშაოს შესრულების ვადებს, რითაც ბიუჯეტმა დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ამასთანავე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევის გამო, მოსახლეობამ დროულად ვერ მიიღო დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები;
- დეპარტამენტმა რიგ შემთხვევებში, არათანაბარი კონკურენციის პირობებში, არაპროპორციული, დისკრიმინაციული მიდგომით შეარჩია პრეტენდენტები და გამარჯვებულად გამოავლინა ყველაზე მაღალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი. აღნიშნული ქმედება სახელმწიფო შესყიდვის პირობების კონკრეტულ პრეტენდენტზე მორგების და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს შეიცავს;
- დეპარტამენტმა ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამოდ, მიმწოდებელს გადაუხადა ავანსი. ამასთანავე, არაობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, გაზრდილია სამუშაოს შესრულების ვადა, რაც კონკრეტული მიმწოდებლის ინტერესების სასარგებლოდ, საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვისა და საჯარიმო სანქციის თავის არიდების რისკებზე მიუთითებს, რის შედეგად, სამუშაოები 2017 წელს ვერ დასრულდა;
- დეპარტამენტმა საპროექტო დოკუმენტაციის მიღების ეტაპზე არ განახორციელა ინსპექტირება, მიიღო ხარვეზით შედგენილი პროექტი, რის გამო, დადგენილ დროში ვერ დასრულდა სამუშაოები. ამასთანავე, ხარვეზით შედგენილი პროექტებისათვის არ უზრუნველყო მიმწოდებელზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება;
- დეპარტამენტის მიერ დაქირავებული ტრანსპორტით გაწეულ მომსახურებაზე გამოყენებული ტექნიკის იდენტიფიცირება ვერ ხდება, ხოლო მიმწოდებელს ხელშეკრულებაში მითითებული ტრანსპორტით დეპარტამენტზე მომსახურება, არ განუხორციელებია, რაც წარმოშობს მიღება-ჩაბარების აქტებში ასახული მომსახურების ფაქტობრივად შეუსრულებლობის და ბიუჯეტიდან გადახდილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვის რისკს;
- დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება წიაღისეულის მოპოვება და ხარჯვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთანავე, საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისათვის ქვიშა-ხრეშის (ბალასტის) ფაქტობრივად მოპოვების ან/და ტრანსპორტირებაზე გაწეული საწვავის ფაქტობრივი ხარჯვის რეალობა რისკის შემცველია.
[/crosslist]
აუდიტის ანგარიში სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ამავე თემაზე:
რა ზიანი მიაყენა აჭარის გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტს – ენმ-ს განცხადება