მთავარი,სიახლეები

ვის მისცემ ხმას, როცა არჩევნების წინ ბინას გაძლევენ

24.09.2021 • 4577
ვის მისცემ ხმას, როცა არჩევნების წინ ბინას გაძლევენ

ბათუმის მერია ცხრა წლის განმავლობაში გაწელილი „იაფი სახლის“ პროგრამის პირველი ეტაპის ფინალში გავიდა და ეს 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად ათი დღით ადრე მოახერხა.

21 სექტემბერს ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, „იაფ სახლში“ ბინა 40 ოჯახს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ გადასცეს. 40-მა მესაკუთრემ  მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რაც პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს, ბინის გასაღები მიიღო.

როგორც მერიაში განმარტეს, პროგრამის მეორე ეტაპის განცხადებების მიღება სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ორივე ეტაპზე კი ბინა, ჯამში, 80 ოჯახს გადაეცემა.

ბინების გადაცემის შემდეგ კომენტარში მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ამ პროგრამის წარმატებით დასრულებაში მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის როლს. ის „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატია.

„ხელმისაწვდომი საცხოვრისის“, იგივე „იაფი სახლის“ პროგრამის ისტორია 2012 წლიდან იწყება და ამ ისტორიას ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვისა და კიდევ ექვსი მაღალჩინოსნის სისხლის სამართლის საქმეს, მათ დაპატიმრებას უკავშირდება. „იაფ სახლში“ ბინების შესყიდვის მსურველები კი წლებია ელიან პროგრამის დასრულებას.

ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, 2021 წლის მარტში, „იაფი სახლის“ ერთ-ერთ კორპუსში მოქალაქეები შეიჭრნენ კიდეც. სამართალდამცავებმა ისინი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. კორპუსებში შეჭრილი მოქალაქეები მიიჩნევდნენ, რომ მერია მათ უსამართლოდ ექცევა და ისინიც იმსახურებენ მოხვდნენ სიაში, რომლის მიხედვითაც მომავალ მესაკუთრეებს მერია კონტრაქტებს უფორმებს [კონტრაქტი ბინის თვითღირებულების 15 წლის ვადაში გადახდას ითვალისწინებს].

ადგილზე მისულ ჟურნალისტებს კორპუსები მაშინაც იმავე მდგომარეობაში დაგვხვდა, როგორც ახლა – ყველა სამუშაო დასრულებული იყო, თუმცა რამდენიმე თვის წინ მერიამ ბინების გადაცემის გადაწყვეტილება არ მიიღო.

თორნიკე რიჟვაძეს ვკითხეთ, ბინების ახლა გადაცემა ხომ არ არის წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად გადადგმული ნაბიჯი? – აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გვიპასუხა, რომ პროგრამა ახლა დამთავრდა. მისი განმარტებით „ეს ზრუნვაა და ზრუნვა დანაშაული არ არის“.

„ჩვენ არ გადავცემთ დაუსრულებელ ბინებს განსხვავებით სხვებისგან, ასევე ეს იყო პროგრამული ღონისძიება და რამდენიმე წლით იყო დაგეგმილი, ამიტომ არც კანონმდებლობასთან და არც მორალთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ ისევ ვაპირებთ, ხალხზე ორიენტირებული არაერთი ქმედების განხორციელებას და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. წინასაარჩევნო პერიოდში არ ვიმუშაოთ თუ რას მთავაზობთ, ხალხზე არ ვიზრუნოთ? კანონი ირღვევა? – კიდევ ბევრ რამეს ვაპირებთ და ეს იქნება აბსოლუტურად შესაბამისი კანონთან და მორალთან“ – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ.

ბოლო ერთ თვეში მთავრობამ კიდევ რამდენიმე ათეულ ოჯახს შეატყობინა, რომ დაურეგისტრირებენ სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებას, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა. მათ შორის არიან დაბა მახინჯაურში, სახელმწიფოს შენობაში მცხოვრები ყოფილი სამხედრო პირები. ისინი ამ ფართობების საკუთრებაში გადაცემას წლებია ითხოვდნენ, საპროტესტო აქციებსაც მართავდნენ, თუმცა უშედეგოდ. იგივე შეიძლება ითქვას ბათუმში, სვიშევსკის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახებზეც – მთავრობამ არჩევნების წინ მათზეც იზრუნა.

16 სექტემბერს ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტმა მთავრობას საკუთრებაში გადასცა რვა ბინა ბათუმში, სვიშევსკის ქუჩაზე და 31 ბინა დაბა მახინჯაურში, მომავალში ამ ფართობების მათი მესაკუთრეებისთვის გადასაცემად.

„ბათუმელები“ შეხვდა სვიშევსკის ქუჩაზე მაცხოვრებლებს – მათ გვითხრეს, რომ ყოფილ სამხედრო შენობებში ათი წელია ცხოვრობენ და ბოლო 5 წლის განმავლობაში არაერთი განცხადებით მიმართეს, როგორც მერიას, ასევე მთავრობას ამ ქონების გადაცემის მოთხოვნით.

უშედეგოდ.

ვცადეთ დაბა მახინჯაურში მცხოვრებლებთან გასაუბრებაც, რომლებიც აქამდე საკუთარი პრობლემების გაშუქების თხოვნით თავად გვიკავშირდებოდნენ. ამჯერად მათთან კომუნიკაცია ვერ შედგა – გვითხრეს, რომ ყველაფერი მოგვარდა და ამ თემაზე არ დაგველაპარაკებიან.

მახინჯაურში მცხოვრებმა სამხედროებმა ფართობების დაკანონების მოთხოვნით საპროტესტო აქციები ბოლოს 2019 წელს გამართეს. მაშინ ისინი „ბათუმელებთან“ აცხადებდნენ, რომ თავდაცვის სამინისტრო მათგან ერთადერთ თავშესაფარს, საცხოვრებელს ითხოვდა.

აქცია მახინჯაურში / 5 მაისი, 2019 წელი /

თამარ მეფის 54 ნომერში არსებულ ძველ კორპუსში სამხედროები და მათი ოჯახები ათ წელზე მეტია ცხოვრობენ. კორპუსი სარეკრეაციო ზოლში, 1 979 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს. შენობა ყოფილ 50-ე ბატალიონს ეკუთვნოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის მიტოვებული და მოუვლელი იყო.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ მთავრობამ კეთილი ნება გამოიჩინა და გადაწყვიტა ამ ოჯახებისთვის ბინები გადაეცა.

21 სექტემბერს „იაფ სახლში“ ბინების გადაცემის ცერემონიალის შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ  ისიც თქვა, რომ მთავრობა აპირებს სოციალური პოლიტიკა გააძლიეროს. ამის საილუსტრაციოდ „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობა, ეკომიგრანტებისთვის სახლების შესაძენად გათვალისწინებული თანხის გაზრდა და ურეხის თავშესაფრის რეაბილიტაცია დაასახელა.

რიჟვაძის განმარტებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო უსაფრთხო საცხოვრისის შესაძენად სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადად 30 000 ლარს გამოუყოფს. ამ დრომდე თანხის მაქსიმუმი 25 000 ლარი იყო.

დღემდე „ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, თანადაფინანსებით საცხოვრებელი სახლი 552-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეისყიდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“  სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი, მალხაზ ჭკადუა მიიჩნევს, რომ პროგრამის ბენეფიციარებისთვის ბინების დარიგება არჩევნების წინ ამომრჩეველზე პირდაპირი ან ირიბი გავლენის მოხდენის მცდელობაა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ირღვევა და არც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან გვაქვს საქმე:

„ნებისმიერი პროგრამა, რომელიც გულისხმობს ბინების საკუთრებაში დარეგისტრირებას, ან გადაცემას, ეს იქნება გრძელვადიანი გამოსყიდვით თუ ჩუქებით, პირდაპირ გავლენას ახდენს იმ ოჯახებზე, რომლებიც გახდნენ ამ პროგრამის ბენეფიციარები და ირიბად გავლენას ახდენს ამ ოჯახების გარემოცვაზე, ახლობლებზე და ასე შემდეგ. ამიტომაც ჩვენი რეკომენდაცია ყოველთვის არის, რომ მუნიციპალიტეტებმა, ავტონომიურმა რესპუბლიკამ თუ სახელმწიფომ, მსგავსი ნაბიჯებისგან თავი შეიკავონ, რომ არ დაზარალდეს ჯანსაღი კონკურენტული საარჩევნო გარემო, რომელიც უნდა იქმნებოდეს პირველ რიგში ხელისუფლებების გადაწყვეტილებებით.

ჩვენ სულ საპირისპირო რამეს ვხედავთ წინასაარჩევნო პერიოდში – ეს ეხება როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე მუნიციპალიტეტებს, ცხადია, ავტონომიურ რესპუბლიკასაც. ეს გადაწყვეტილებები ისედაც მყიფე ზღვარზეა მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის, რაც არსებობს ძალიან სუსტი სახით და პრაქტიკულად წაშლილია. ამიტომ ამომრჩევლისთვის ხანდახან სრულიად გაუგებარია, როცა კონკრეტული ღონისძიება ტარდება, საბიუჯეტო სახსრებით არის დაფინანსებული ამ ღონისძიების ჩატარება, მის წინაშე მთავრობის თავმჯდომარეა, სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ პარტიის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე, ასეთი ღონისძიებები არ არის რეკომენდებული. ცხადია, ეს არ არის კანონდარღვევა, არ არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, თუმცა გარკვეულწილად გავლენას ახდენს ამომრჩევლის ნებაზე“.

მალხაზ ჭკადუამ „ბათუმელებთან“ ყურადღება გაამახვილა ასევე მუნიციპალური პროგრამით დაფინანსებულ ღონისძიებაში მთავრობის თავმჯდომარის მონაწილეობაზე:

„ეს [იაფი სახლი] არის მუნიციპალური პროგრამა და საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ რამდენ სირთულესთან, დანაშაულთან თუ ხარვეზთან არის დაკავშირებული ამ პროგრამის განხორციელება ბათუმში. ის თავის დროზე იყო ინოვაციური და უპრეცენდენტო პროგრამა, თუმცა გვახსოვს მისი განხორციელება რამდენ სირთულესთან იყო და არის დაკავშირებული. ამ მიმართულებით დაიხარჯა ბათუმის შემოსავლები, თანხები ბათუმის ბიუჯეტიდან.

მალხაზ ჭკადუა

როდესაც მთავრობის თავმჯდომარე არის ჩართული ბინების გასაღებების გადაცემის პროცესში, ეს ერთგვარად ამცირებს მუნიციპალიტეტის მნიშვნელობას ამომრჩევლების თვალში. ვისურვებდი, რომ იქ მხოლოდ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ. [აჭარის] მთავრობის თანხა ამაში არ დახარჯულა, ამიტომ ცოტა გაუგებარია მსგავს ღონისძიებებში რატომ უნდა იღებდეს მონაწილეობას მთავრობის თავმჯდომარე. ის არ არის თვითმმართველობის ზემდგომი და მერების უფროსი, არც პრემიერ-მინისტრი, ამიტომ ესეც ერთგვარად მიანიშნებს, რომ ეს ყველაფერი პარტიული ნიშნის გაძლიერებას ემსახურება, ყველამ იცის, რომ თორნიკე რიჟვაძე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: