მთავარი,სიახლეები

“მონაზვნობას ვერავის წაართმევ, შეიძლება ჩამოართვა ეპისკოპოსობა, პატრიარქობა… ” – თეოლოგი

23.09.2021 • 2235
“მონაზვნობას ვერავის წაართმევ, შეიძლება ჩამოართვა ეპისკოპოსობა, პატრიარქობა… ” – თეოლოგი
7 სასულიერო პირი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) „სრულად განკვეთა სამონაზვნო დასიდან“. ასევე მათ აუკრძალა სამონაზვნო და სხვა საეკლესიო ტანსაცმლით შემოსვა. შესაბამისი ბრძანება მიტროპოლიტმა 11 სექტემბერს გამოსცა. თეოლოგები ამბობენ, რომ ბრძანება უკანონოა, აბსურდული და საერთოდაც, წინააღმდეგობაში მოდის იმ კანონებთან, რომლებზე დაყრდნობითაც თითქოს ეს ბრძანებაა გამოცემული.

„ბათუმელებმა“ თეოლოგ ზურაბ ჯაშს ჰკითხა, რამდენად შესაძლებელია ადამიანს, რომელმაც ღმერთთან დადო მონაზვნობის აღთქმა, მაღალი რანგის სასულიერო პირმა, თუნდაც ეპისკოპოსმა, ჩამოართვას. რას ნიშნავს სამონაზვნო ტანსაცმლით შემოსვის აკრძალვა და რამდენად კანონიერია ის გადაწყვეტილებები, რასაც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ბოლო 7 თვეა იღებს.

  • ბატონო ზურაბ, 11 სექტემბერს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად საეკლესიო ამბოხში დადანაშაულებული 7 სასულიერო პირი  „სრულად განკვეთა სასულიერო და სამონაზვნო დასიდან და დაყვანილი იქნა ერისკაცობამდე“. ეს რამდენად შესაძლებელია?

სასულიერო პირად წოდება იწყება დიაკვნის ხარისხიდან. ეპისკოპოსის მიერ ხდება ხელდასხმა, დანიშვნა დიაკვნის. შესაბამისად, ეპისკოპოსს შეუძლია გარკვეული წესების დაცვით, თუ პირი საეკლესიო კანონმდებლობის თანახმად იმსახურებს ხარისხის ჩამორთმევას, ჩამოართვას. ეს თეორიულად. სხვა საკითხია იმსახურებდნენ თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

რაც შეეხება მონაზვნებს… აი, ამ ბრძანებაში [ჭყონდიდის მიტროპოლიტის 11 სექტემბერს გამოცემული ბრძანება] წერია ყოფილი მონაზონი ბასილი, ყოფილი მონაზონი მარკოზი და ა.შ.  ეს არის სრული აბსურდი. ყოფილი მონაზონი – ასეთი რამ არ არსებობს.

მონაზვნობა ნიშნავს – ადამიანი თვითონ დებს ფიცს ღვთის წინაშე, რომ მთელ ცხოვრებას მიუძღვნის მას. დებს პირობას, რომ მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით იცხოვრებს, რასაც გულისხმობს მონაზვნობა. ამის წართმევის უფლება არავის არ აქვს. არავის არ მიუცია მათთვის მონაზვნობა. ამ ადამიანებმა თავიანთი თავისუფალი ნებით გადაწყვიტეს, დადეს ფიცი ღვთის წინაშე და დაიწყეს ეს ცხოვრება. მხოლოდ მათ შეუძლიათ მიატოვონ ეს ცხოვრების წესი. თავიანთი ნებით. სხვა, მესამე პირი ვერ ჩამოართმევს მონაზვნობას. ეს არის სრული აბსურდი.

არ არსებობს კანონი, რომელიც მონაზონს მონაზვნობას ჩამოართმევს. ის კანონები, რომლებიც ამ ბრძანებაშია მოყვანილი, სათითაოდ, ყურადღებით წავიკითხე. არსად არ წერია მსგავსი რამ. წერია ზოგიერთ კანონში, სამღვდელო ხარისხიდან განკვეთის შესახებ, მაგრამ მონაზვნობის ჩამორთმევა, როგორც ასეთი, არსად არ წერია.

ზურაბ ჯაში, თეოლოგი

  • ჭყონდიდში დაფიქსირებული ბოლო ფაქტის გამო მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილის შემთხვევას იხსენებდა ბევრი. საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს დაფიქსირდა მხოლოდ ერთი ფაქტი, როცა ურბნელ მიტროპოლიტს სინოდის განჩინებით ჩამოერთვა მღვდელმთავრის ხარისხი და ერისკაცის რანგში ჩამოიყვანეს. რამდენად სწორია ასეთი პარალელის გავლება?

ნებისმიერი საეკლესიო ხარისხის, დაწყებული დიაკონიდან მღვდელმთავრობის ჩათვლით, ჩამორთმევა შეიძლება. შეიძლება ვიღაც ეპისკოპოსი აღარ იყოს, მიტროპოლიტი აღარ იყოს. ასევე პატრიარქი აღარ იყოს, მაგრამ მონაზვნობის ჩამორთმევა არ ხდება. რაც არ უნდა ცოდვა ჩაიდინოს მონაზონმა, რაც არ უნდა დანაშაული ჩაიდინოს, მას ვერ ჩამოართმევ.

  • მოდი, მაშინ განვმარტოთ რა არის მონაზვნობა? როგორ ხდება პირი მონაზონი და რატომ არის მისი ჩამორთმევა შეუძლებელი?

მონაზონი ეს სიტყვა მომდინარეობს ბერძნულიდან და ნიშნავს „მარტო“.  მარტო მცხოვრებს. მონაზვნობის ადრეული ფორმები იყო ეგვიპტეში. ანტონი დიდი წავიდა მე-4 საუკუნის დასაწყისში და მარტო ცხოვრობდა უდაბნოში. არავინ მის გარშემო არ იყო. მასზე ამბობდნენ, რომ მონაზონი იყო. მოგვიანებით, როდესაც ანტონი დიდის მოწაფეები და ამ მოწაფეების მოწაფეები ჯგუფებად დასახლდნენ, მიიღეს საზოგადოებრივი ფორმა. გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაიზარდა მონასტრებში.

მთავარი, რაც მონაზვნებს აერთიანებს, არის სექსუალური თავშეკავება, უქორწინებლობა, იქნება ეს კაცი თუ ქალი. ორივე მათგანი ცხოვრობს უქორწინებლობით. როგორ უნდა ეცხოვრათ, ამის წერილობით ფორმალიზება მოხდა მოგვიანებით.

გარკვეული ტიპიკონები შეიქმნა თითოეული მონასტრისთვის. ტიპიკონი ნიშნავს, როგორ ცხოვრობს ესა თუ ის მონასტერი. ვთქვათ, როდის დგებიან დილით, წირვა რომელ საათზე იწყება, დღის განმავლობაში რას აკეთებენ და ა.შ. ასეთი წეს-განგება ზოგადი ხასიათის დაიწერა ბასილი დიდის დროს.

თუ წესებს არღვევს მონაზონი, ის შეიძლება გააძევონ მონასტრიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ჩამოართმევენ მონაზვნობას.

  • ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სასულიერო პირს აუკრძალა სამონაზვნო და სხვა საეკლესიო შესამოსელით შემოსვა. ასევე, სამონაზვნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება. მსგავს შემთხვევებს თუ იცნობს საეკლესიო კანონიკა?

ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს. წარმოუდგენელია ვინმემ აიძულოს მონაზონი და მას სამონაზვნო ტანსაცმელი გახადოს.

არანაირი უფლება არ აქვს ეპისკოპოსს, რომ მონაზვნის ცხოვრების წესს შეეხოს. მით უფრო რას ჩაიცვამს.

ჯერ ერთი, ეს შესამოსელი მონაზვნებმა გამოიგონეს, თვითონ ჩაიცვეს. ეს არაფერ კავშირში არაა ეპისკოპოსის ძალაუფლებასთან. სამონაზვნო ატრიბუტიკა და შესამოსელი არის სიმბოლო და ატრიბუტიკა მისი სამონაზვნო ცხოვრების წესის.

  • ამის ჩაწერა ოფიციალურ დოკუმენტში რას ნიშნავს? ხომ არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებას ისეთი ადამიანები იღებენ, ვინც არ არის კარგად გარკვეული საეკლესიო კანონიკაში?

რა თქმა უნდა, ეგეც არის. მე დარწმუნებული ვარ, ეპისკოპოსთა უმრავლესობა ჩვენს სინოდში არც საეკლესიო კანონმდებლობას იცნობს, არც თეოლოგიის ელემენტარულ საფუძვლებს. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა, რომ საქართველოს ეკლესიაში, ეპისკოპოსი, რომლის პირველადი მოვალეობაა სხვას ასწავლოს, როგორც საეკლესიო კანონები, ასევე დოკუმენტური სწავლებები მართლმადიდებლური ეკლესიის, თვითონ არ იცის ეს.

უამრავი რამ არ იციან. ეს გასაოცარი რამ არის. წინა სინოდზე როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს, მე და ჩემმა მეგობარმა დავწერეთ ამაზე კრიტიკული წერილი.

სინოდის მიერ მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება არ იყო დაფუძნებული საეკლესიო კანონებსა და, ზოგადად, ქრისტიანულ სწავლებაზე. ასევე ხშირად ხდება ისე, რომ ისინი თავიანთ სურვილებს გამოხატავენ, როგორც მართლმადიდებლურ სწავლებად. მე ასე მინდა და ასე უნდა იყოს. თვლიან, რომ ეპისკოპოსს აქვს უფლება თვითონ გადაწყვიტოს, რა არის წესი და რა – არა. ეს სამწუხარო მოვლენაა. აქ ვხედავთ წესების დარღვევასა და თვითნებობას.

  • თუ ჭყონდიდის მიტროპოლიტის ბრძანებას წავიკითხავთ, იქვე წერია, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო მოციქულთა კრების, ღანგრის კრების, ანტიოქიის კრების, მეოთხე მსოფლიო კრების, კართაგენის კრების, ტრულის კრების, ორგზისი კრების კანონების თანახმად. შეგიძლიათ გვითხრათ, რეალურად რას ეხება ეს კანონები და რამდენად ჰქონდა ამ კანონების თანახმად იმ გადაწყვეტილების მიღების უფლება, რომელიც მიიღო?

სხვადასხვა შინაარსის შემცველი კანონებია. სხვადასხვა კუთხით უდგება სხვადასხვა სახის სამართალდარღვევას. მაგალითად, ზოგიერთში არის ის, რომ ეპისკოპოსის შეურაცხყოფა არ შეიძლება. მაგრამ როდესაც ეპისკოპოსს ბრალდება აქვს წაყენებული და ბრალმდებელს აქვს რაღაცა მტკიცებულება, ეს აღარ არის შეურაცხყოფა. არის გარკვეული კვალიფიკაცია ამ მონაზვნების ქმედებებზე, სხვადასხვა კუთხით. თითოეული მათგანი არის სათითაოდ გასარჩევი, რამდენად მართალია.

სასჯელად არის მითითებული საეკლესიო ხარისხის ჩამორთმევა. თუ მღვდელია, სასჯელის დადების შემდეგ, მღვდელი აღარ იქნება, თუ ეპისკოპოსია – ეპისკოპოსი აღარ იქნება; მაგრამ მონაზონი აღარ იქნება, ეს არ წერია. მონაზვნობის ხარისხის ჩამორთმევა არ ხდება. მონაზვნობის ხარისხიც არ არსებობს. ეპისკოპოსი არ ანიჭებს ამ ხარისხს. ეს არის პიროვნებისა და ღვთის წინაშე დადებული ფიცი. ამას არაფერი საერთო არ აქვს ხელდასხმასთან. შესაბამისად, არც ერთ ამ კანონში არ წერია მსგავსი რამ – ვთქვათ მონაზვნობის ჩამორთმევა მიესაჯოს რომელიმე დამნაშავეს. თეორიულად დამნაშავეს.

კიდევ უნდა განვიხილოთ არის თუ არა სამართლიანი თუნდაც სამღვდელო ხარისხის ჩამორთმევა. ვინ განიხილა? ცალსახად მიტროპოლიტმა გადაწყვიტოს ეს საკითხი, ასე არ ხდება. მიტროპოლიტმა უნდა მოიწვიოს კრება, ადგილობრივი კრება, იქაური სამღვდელო პირების, ამ შემთხვევაში ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელო პირების. უნდა იყოს საშუალება ამ ბრალდებულ სამღვდელო პირებს მიეცეთ თავისუფლად საუბრის საშუალება. მოკლედ რომ ვთქვათ, სასამართლო უნდა მოეწყოს. დავუშვათ, თუკი ამ კრებაზე გადაწყდა სამღვდელო პირების დასჯა, ამ შემთხვევაში უფლება აქვთ თითოეულ მათგანს, გაასაჩივრონ ეს საეკლესიო სინოდში. უფრო მაღალ ინსტანციას მიმართონ. ამ შემთხვევაში საქართველოს ეკლესიის კრებაზე უნდა იყოს განხილული.

  • ჭყონდიდელმა სასულიერო პირებმა, მას შემდეგ, რაც ისინი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, აპრილის თვეში შეიტანეს აპელაცია საპატრიარქოში. თუმცა სინოდს დღემდე არ განუხილავს მათი საჩივარი. თქვენი აზრით, განიხილავს სინოდი საერთოდ ამ აპელაციას?

შეიძლება განიხილოს, მაგრამ საეჭვოა მეუფე სტეფანეს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს. რამდენად გააბათილებს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჩემი აზრით, მეუფე სტეფანეს ეს ნაბიჯები შეთანხმებულია საპატრიარქოსთან და საპატრიარქო, თავის მხრივ,  განსაზღვრავს სინოდის გადაწყვეტილებას.

თეორიულად შესაძლებელია სინოდი შეიკრიბოს, ეპისკოპოსების უმრავლესობამ გადაწყვიტოს, რომ მეუფე სტეფანეს ქმედება არამართებულია, არასამართლიანია და გააუქმოს მისი გადაწყვეტილება.

არსებულ ვითარებაში ჩვენთან რაც ხდება, არის ასეთი პრაქტიკა, რომ პატრიარქი რასაც იტყვის, რა შეხედულებაც შეიქმნება, ის იქნება სინოდის სხდომაზეც.

ჯერჯერობით ალბათ უყურებენ ვითარებას, მოვლენები როგორ განვითარდება. შეიძლება ამიტომ იკავებენ თავს, მაგრამ ეჭვი მეპარება მეუფე სტეფანე მარტო მოქმედებდეს, საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად.

  • რატომ მიიჩნევთ, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტის გადაწყვეტილებები უსამართლოა და რა უნდა ქნან დასჯილმა სასულიერო პირებმა?

პირველ რიგში, რის გამო დაიწყო ეს ყველაფერი – გარკვეულ ბრალდებებს უყენებენ ეს დასჯილი სასულიერო პირები პატრიარქს და გარკვეული ეჭვები აქვთ. აქ საუბარი არაა, დამტკიცებულია ეს ეჭვები თუ არა. ითხოვენ ამის გადამოწმებას და ამბობენ, რომ აქვთ გარკვეული მტკიცებულებები.

ეს უნდა იყოს განხილული სინოდის სხდომაზე. ამის მოთხოვნა აქვთ. პატრიარქისადმი გამოთქმული ეჭვის საპასუხოდ, რომ დასაჯო სასულიერო პირები, ეს არაადეკვატური საქციელია. დასჯა იქნებოდა მართლზომიერი, თუკი არ დადასტურდებოდა ეს ბრალდება. მაშინ ეს იქნებოდა შერაცხული როგორც ცილისწამება. არსებობს საეკლესიო კანონი, რომელიც ამბობს, რომ თუკი ბრალდებას წაუყენებ სასულიერო პირს და არ დადასტურდა ეს ბრალდება, თვითონ ბრალმდებელი ისჯება იმავე სასჯელით, რითაც უნდა დასჯილიყო პირი ბრალდების დადასტურების შემთხვევაში.

დავანებოთ თავი პირადად მე რას ვფიქრობ ამ ბრალდებაზე. არსებობს პროცედურა, არსებობს სამართლიანობის წესი, არის გარკვეული ბრალდება წაყენებული, არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ, ეს უნდა იქნას განხილული. თუკი ეს მტკიცებულება არ არის დამაჯერებელი, მაშინ გამართლებული იქნება ყველა ის სასჯელი, რაც დაადეს ამ ადამიანებს, მაგრამ თუ არა, მაშინ რა ვქნათ? ეს ხომ ელემენტარული სამართლიანობაა. როგორ ახლა ეკლესიაში ეს სამართლიანობა არ მუშაობს? ეს ხომ ეკლესიაში, ყველა კანონში წერია. ამიტომ ამ გაგებით არის უსამართლო.

სამართლიანობის საპოვნელად, ფორმალური გზის დასაკმაყოფილებლად საჭიროა ეს მოხდეს [სინოდმა განიხილოს]. ვთქვათ სინოდის პასუხიც არ იქნება სამართლიანი, მაშინ შესაძლებელია მსოფლიო პატრიარქს მიმართონ და ეს ამბავი გარკვეული იყოს საერთაშორისო დონეზე. თეორიულად ეს შესაძლებელია.

  • სინოდის განხილვის გარეშე თუ არის შესაძლებელი, რომ მიმართონ მსოფლიო საპატრიარქოს? ექვსი თვე გავიდა აპელაციის შეტანიდან, მაგრამ სინოდს არ განუხილავს. ასეთ სიტუაციაში აქვს აზრი განმეორებით მიმართონ სინოდს თუ არა?

ჩემი აზრით, ამ ეტაპზე უნდა მოხდეს ფორმალურად სარჩელის შეტანა, სინოდს მიმართონ კვლავ, ბოლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ფორმალურ პროცედურებს რომ მივყვეთ, რაღაცა პერიოდის შემდეგ უნდა ჰქონდეთ მათ შესაძლებლობა, რომ სათქმელი ჰქონდეთ – აი, წესი დაცულია, მაღლა მდგომ ინსტანციას მიმართეს და არ მოჰყვა რეაგირება, გონივრული პერიოდის განმავლობაში.

ამის შემდეგ შეუძლიათ მიმართონ კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსს.

შეიძლება ვცდები, მაგრამ, ჩემი აზრით, კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეო მოერიდება ერთგვარი დიპლომატიური თვალსაზრისით საერთაშორისო სკანდალს. ამის მიუხედავად [ჭყონდიდელმა სასულიერო პირებმა] ყველა გზა უნდა სცადონ. თან თუ მტკიცებულება არსებობს, მე ვფიქრობ ამაზე ვერავინ ვერ დახუჭავს თვალს.

თუ გაქვს შენ მტკიცებულება, რომელსაც წყალი არ გაუვა, ვფიქრობ არავინ მოერიდება სიმართლის თქმას. ასევე მნიშვნელოვანია მრევლის მხარდაჭერა.

ვიცი, რომ ადგილობრივი მრევლი უჭერს მათ მხარს, მაგრამ არ არის საკმარისი. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს არის ნორმალური და უჭერენ მხარს მეუფე სტეფანეს. ეპარქიაშიც და ეპარქიის გარეთაც.

მაგალითად, რომ ჰკითხოთ მრევლს თბილისში, ბევრი გეტყვით, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებაა სასულიერო პირებისადმი გამოტანილი [გადაწყვეტილება] და ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ. თუმცა რის საფუძველზეა სამართლიანი, ეს არ აინტერესებთ. არ შედიან სიღრმეებში. ეს არის ძალიან სამწუხარო ვითარება.

სავარაუდოდ, სუსის ფაილებით დავინახეთ, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ეკლესია. ყველაფერთან ერთად სამწუხარო არის რიგითი მორწმუნე მრევლის გულგრილობა ამ ყველაფრის მიმართ. თითქოს ეს არაფერი პრობლემა არ არის.

  • მრევლის გულგრილობა ხომ არ არის იმის შედეგი, რომ ასეთ ინფანტილურ მრევლად თავად ეკლესიამ გამოზარდა ისინი?

რატომ არის მართლაც ზნეობრივი კატასტროფა საქართველოს ეკლესიასა და საპატრიარქოში? ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის მამების  90%-მა  კატეხიზმოს დონეზე არ იციან რა არის მართლმადიდებლობა. არც ისტორია. მათ იციან ერთი რამ – უნდა დაიმორჩილონ მათი მრევლი. მრევლს უნდა უთხრან, რომ რასაც გეტყვი, ისე უნდა შეასრულო, რადგან მე ვარ ერთადერთი შუამავალი შენსა და ღმერთს შორის.

არ ასწავლიან იმას, რომ პიროვნული ურთიერთობა ღმერთთან დაამყაროს თითოეულმა მორწმუნემ, თავისი სინდისით იდგეს ღვთის წინაშე.

ამის ნაცვლად ეუბნებიან, რომ მე ვარ შუაში, ეპისკოპოსია შუაში, პატრიარქია შუაში და ის წყვეტს ღმერთთან შენს ურთიერთობას.

ყველაფერი არის აგებული რიტუალზე. რიტუალი შესრულდება, ე.ი. ასე გადაწყვიტა ღმერთმა ზემოთ. ანუ სინოდმა გადაწყვიტა თქვა რაღაცა, ეს ნიშნავს, რომ ღმერთმაც ასე გადაწყვიტა. ესენი პირდაპირ თითქოს ღმერთს აიძულებენ მოარგოს თავისი გადაწყვეტილებები ამათ ნებას. აი, ეს სისტემური სახით ხდება წლებია. ისტორიასაც კი არ მოსწრებია ასეთი მცდარი და ყალბი სტილის სწავლება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: