Batumelebi | ტბა ტბიყელი და კინტრიშის დანისლული ნაკრძალი ტბა ტბიყელი და კინტრიშის დანისლული ნაკრძალი – Batumelebi
RU | GE  

ტბა ტბიყელი და კინტრიშის დანისლული ნაკრძალი

კინტრიშის ხეობის დასალაშქრად ვერტმფრენით წავედით მედიატურში. აქამდე ვერტმფრენით არასდროს მიფრენია. ძალიან შინაურული ტრანსპორტი აღმოჩნდა – პაწაწინა ტრაპით, ოცდახუთკაციანი ბორდით და ილუმინატორით, რომელსაც საკუთარი საძინებლის ფანჯარასავით, როცა გინდა მაშინ გამოაღებ ღრუბლებში ხელის გასაყოფად.

ბათუმი დაბლა რჩება, ღრუბლებიდან ვუყურებთ ქალაქს და ზღვას გადავუფრენთ თავზე. მერე ზღვასაც ღრუბელი ფარავს და კინტრიშის დაცული ტერიტორიები იწყება.

კინტრიში დიდი ხეობაა. ვერ ვიტყვით, რომ ამ მარშრუტს გამოუცდელი მოლაშქრეები უნდა დაადგნენ: თუ კინტრიშის მონახულება გსურთ ან თავად უნდა იცოდეთ კარგად რუკების კითხვა და გქონდეთ კარგი ორიენტაცია, ან გამოცდილ მოლაშქრეებს უნდა გაყვეთ თან.

კოლხეთის დაცულმა, ჭარბტენიანმა ტერიტორიებმა ტყეებთან ერთად მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიიღო, ამ ადგილებს ახლა UNESCO იცავს, რაც ჩვენი ბუნების მრავალფეროვნების მსოფლიო აღიარებაა.

ვერტმფრენი ხინოს ხეობაზე კიდევ უფრო მაღლა ჯდება. პილოტები ხელს გვიქნევენ და უკან, ბათუმში მიფრინავენ.

კინტრიშის ხეობაში დარჩენილებმა ტბიყელის ნახვა უნდა მოვასწოთ, შორიდან ამ ტბას კარგად ვხედავთ, მაგრამ მასთან მიახლოება არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

გზა აგვებნა და შორიდან მოვუარეთ. არაფერი დაგვიკარგავს, ველური მოცვის ბუჩქებით ვიარეთ და გზადაგზა ვკრიფეთ კიდეც. ეს მოცვი სხვანაირია, წვრილი და მოტკბო – მომჟავო, ბევრად უფრო მძაფრი გემოთი მოცვის გამოყვანილ ჯიშთან შედარებით. მოცვის ბუჩქნარის შემდეგ როდოდენდრონის მდელოები იწყება, როდოდენდრონი იგივე დეკაა, როგორც მას აღმოსავლეთის მთიანეთში ეძახიან, მისი ახალგაშლილი, ნორჩი ფოთლებისგან უგემრიელეს ჩაისაც აყენებენ, მაგრამ დეკა გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და არ არის სასურველი მისი დაგლეჯა, მით უფრო დაცულ ტერიტორიაზე.

ტყე-ტყე ნახევარსაათიანი სიარულის შემდეგ ტბიყელი ჩნდება. კამკამა, მშვიდი და, რაც მთავარია, ირგვლივ ძალიან სუფთა მდელოთი, ირგვლივ პირველყოფილი გარემოა.

ტბიყელი ზღვის დონიდან 2200 მეტრზეა, აქ წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური ტრიტონები ბინადრობენ. თუ გამჭვირვალე წყალს კარგად დააკვირდებით, მათი დანახვა არ გაგიჭირდებათ.

წითელ ნუსხაში შეყვანილი კავკასიური ტრიტონი

აქამდე ტბიყელთან ტურისტული მარშრუტები მიბმული არ იყო. აქ მხოლოდ მეცნიერები, ეკოტურიზმის სპეციალისტები, რეინჯერები და ეროვნული პარკის განვითარებაზე მომუშავე სპეციალისტები მოდიოდნენ.

ტბა კინტრიშის ნაკრძალის ბოლო წერტილია.

აქამდე ორი სხვადასხვა მიმართულებიდან მოდის ბილიკი: ჯვარიმინდორიდან და ხინოს ხეობიდან, სადაც ლაშქრობისას ხინოს მონასტერი, თაღოვანი ხიდები, საპიკნიკე და  საკარვე ადგილები გხვდებათ.

ამავე მარშრუტზეა საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლებიც, თუ კარვით ტყეში არ გსურთ დარჩენა.

რაც შეეხება ქობულეთიდან მომავალ მარშრუტს, ეს გზა შედარებით რთულია, რადგანაც ხინოს მონასტერთან ამოსვლამდე სოფლის გრუნტოვანი გზაა, შემდეგ უკვე ფეხით უწევს მოლაშქრეს გადაადგილება და 20-22 კილომეტრი აღმართია გასავლელი ფეხით, მერე ალპური მდელოები იწყება. ქობულეთიდან თუ დაიწყებთ კინტრიშის მონახულებას 2, 3 დღიანი მოგზაურობა გამოგივათ და როგორც მაღლა ვახსენეთ, ეს არ არის ყველასთვის განკუთვნილი მარშრუტი: საჭიროა ფიზიკური მომზადება, ორიენტაციის უნარი და რუკების ზედმიწევნით ცოდნა.

ამ რთულ ბილიკზე განთავსებულია მანიშნებლები, რომ მოლაშქრეებს ტბაზე მისვლა გაუადვილდეთ.

მეორე, უფრო მარტივი ბილიკი ასეთია: შუახევის მუნიციპალიტეტიდან ჯვარიმინდორის გავლით მიდიხართ ჭვანის ხეობაში, ბილიკი ასევე დაკავშირებულია გურიასთან. შესაბამისად, ტბიყელიდან შესაძლებელია როგორც გურიაში, ასევე შუახევში გადასვლა და მერე ქობულეთში დაბრუნება.

  • რით გამოირჩევა კინტრიშის ახალი მარშრუტი

ეს არის ყველაზე გრძელი სალაშქრო მარშრუტი აჭარაში, ხალხისთვის, ვისაც მხოლოდ 1, 2 საათით არ ჰყოფნის ტყეში გასვლა და ნამდვილი მოგზაურობა უნდა.

ასეთი გადაბმული და შეკრული ბილიკი, სადაც 1 კვირით წამოხვალ მთაში, აქამდე არ არსებობდა აჭარაში. სალაშქრო ბილიკი ჯერ განვითარების საწყის ეტაპზეა, მოინიშნა სად არის სახიფათო ადგილები, ძირითად გადასახვევებზე მანიშნებლებია.

ბილიკი 88 კილომეტრიანია, აქ ან კარვებით უნდა დარჩეთ, ან საოჯახო სასტუმროებში, მარშრუტზე მალე ხის ტურისტული თავშესაფრებიც იქნება.

თუმცა ტბაზე კარვით დარჩენა სახიფათოა: აქ სატელეფონო კავშირი წყდება, არც ინტერნეტია და გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში ვერავის დაუკავშირდებით. ტბაზე საღამოობით ნისლიც დგება და ღამით ხშირად ქარია.

საბოლოოდ ისე გამოდის, რომ იქმნება აჭარის გადაბმული, წრიული მარშრუტი, როცა ქობულეთიდან იწყებ მოგზაურობას და ხელვაჩაურში ბრუნდები.

მოლაშქრეებს ასევე შეეძლებათ გურიიდან წამოვიდნენ და დაასრულონ მოგზაურობა ხელვაჩაურში.                               

  • რას ნახავთ კინტრიშის ხეობაში

კინტრიშის ნაკრძალის დალაშქვრისას ნახავთ ულამაზეს ხეობებს, რომელიც მდინარეს მოუყვება, ხის ქოხებით მოფენილ დასახლებულ სოფლებსაც გაივლით ქობულეთისა და ჭვანას ხეობაში, კოლხურ ტყეს, რისთვისაც მიიღო კულტურული მემკვიდრეობის  სტატუსი ამ ხეობამ.

ორკილომეტრიან მონაკვეთზე ნახავთ მცენარეთა მრავალფეროვან სახეობებს, რაც წითელ ნუსხაშია შეტანილი.

ულამაზესია ჭვანას ხეობის ნაწილი ქვის თაღოვანი ხიდებით, საიდანაც გადადიხართ ჯვარიმინდორზე. ჭვანას ხეობაშიც არაერთ ტბას წააწყდებით, აქვეა ოთოლთას ციხის ნაშთებიც.

ჯვარიმინდორი ამ გრძელი ბილიკის გამორჩეული ნაწილია. იქამდე მისასვლელ გზაზე ღრუბლებს სულ მთების მწვერვალებიდან, დაბლა ხედავთ. ამ გზაზე მალე ტურისტებისთვის უფასო თავშესაფრებიც მოეწყობა საშხაპით, საკარვე და კოცონისთის განკუთვნილი ადგილებით და ა.შ.

კინტრიშის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 13 514 ჰექტარია და მოქცეულია მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფ. ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის.

ხინოს ხეობა საღამოობით ნისლებით იფარება სრულად. აქ შეგიძლიათ უცნაური დაისის ნახვა, როცა ღრუბლებს ზემოდან უყურებთ და მზე ამ ღრუბლებში ჩადის.

ცხადია, აქ მტაცებელი ფრინველები და ცხოველებიც ბინადრობენ, მაგრამ დღისით ნადირს თავად ეშინია ადამიანების, თანაც მტაცებლები სახიფათოები უფრო ზამთარში არიან, როცა საკვები არ აქვთ.


ეკო სათავგადასავლო მარშრუტის ტბა ტბიყელზე, ასევე კინტრიშის ეროვნული პარკი-გომის მთა-ჯვარიმინდორის ჩათვლით, ტურის დეტალური აღწერა ნახეთ შემდეგ ბმულზე 

მარშრუტის დეტალები გასვლამდე შეგიძლიათ დააზუსტოთ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში  ნომერზე: 577 909093.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი