მთავარი,სიახლეები

„გალამაზებაზე გადავდივართ“- „ოცნების“კანდიდატი ქედის სოფლებზე, სადაც წყლის ონკანები ღიაა

24.09.2021 •
„გალამაზებაზე გადავდივართ“- „ოცნების“კანდიდატი ქედის სოფლებზე, სადაც წყლის ონკანები ღიაა

„ევროპული ყაიდის სოფლების“ მოწყობას ქედელებს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი – როლანდ ბერიძე ჰპირდება. ის ბოლო 4 წელი ქედის მერის მოადგილეა და კარგად იცის, რომ ქედის სოფლების პრობლემა ჯერ კიდევ სასმელი წყლის „ღიად დატოვებული ონკანებია,“ როგორც ეს თავად ინტერვიუს დროს გვითხრა.

პრობლემაა ინტერნეტიც. „ოცნების“ მერობის კანდიდატს მოსახლეობა შეხვედრების დროს, პირველ რიგში, ინტერნეტს სთხოვს – ქედელი ბავშვები ახლაც ონლაინში სწავლობენ, მაგრამ ინტერნეტი არ აქვთ.

რას გულისხმობს „ევროპული ყაიდის“ სოფლებში, როცა ქედაში სასმელი წყლის მიწოდებაც კი პრობლემაა და ონკანებიც სულ  მოშვებულია? – „ბათუმელებმა“ როლანდ ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო როლანდ, თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ქედისთვის? 

ქედაში იგივე გამოწვევებია, რაც ქვეყნის მასშტაბით არსებობს, ეს არის ინფრასტრუქტურა, სოციალურ-ეკონომიკური ფონი და ასე შემდეგ. ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ ბოლო 4 წლის განმავლობაში, მათ შორის, ისეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურული, რაც 30 და 40 წლის წინ უნდა გაკეთებულიყო. გამომდინარე იქედან, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დავასრულეთ, შეიძლება ასე ითქვას, ან დარჩა ძალიან ცოტა. ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაა, უფრო სურვილი, რომ უკვე გადავიდეთ კეთილმოწყობილ სოფლებზე, დაბაზე. ჩვენ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ სოფლების გალამაზებაზე.

  • რას გულისხმობთ გალამაზებაში? საჯარო გამოსვლებში ასევე ახსენებთ, რომ ევროპული ყაიდის სოფლების მოწყობას იწყებთ. რამდენად ადეკვატურია თქვენი ეს განაცხადი, როცა ქედაში სასმელი წყალიც კი პრობლემაა? 

თქვენ ვერ დამისახელებთ სოფელს, სადაც წყალი არ მოდის. წლების განმავლობაში ვახორციელებთ როგორც არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაციას, ასევე წყლის ახალი სისტემების მოწყობას. „წყლის ალიანსი“ 2022 წელს ქედის 5 სოფელში მოაწყობს თანამედროვე ტიპის წყლის სისტემას.

  • თუ წყლის პრობლემა არ გაქვთ, რა სისტემას აწყობთ? 

ეს პროექტი ითვალისწინებს წყლის რესურსების, სისტემების სწორად მართვას. თქვენ რომ დღეს ქედის სოფლებში შეხვიდეთ, ნახავთ, რომ ყველგან, სადაც არ უნდა მიხვიდეთ, ოჯახების 80 პროცენტში ონკანები არის ღია. რატომ არის ონკანები ღია? იმიტომ, რომ მოქალაქემ ონკანები რომ დაკეტოს, შეიძლება სადღაც ეს მილები გაიხსნან და წყალი შეწყდეს.

აქედან გამომდინარე ხდება წყლის ძალიან დიდი ოდენობით უმისამართოდ დაღვრა, რაც გვაძლევს წყლის რესურსის დაკარგვას. ასევე ეს ხელს უწყობს მეწყერსაშიშ პროცესებს. აქედან გამომდინარე, როცა „წყლის ალიანსი“ მოაწყობს სოფლებში წყლის სისტემას, იქნება შესაძლებელი ის, რომ მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლებათ ონკანის დაკეტვა, აღარ იქნება იმის პრობლემა, რომ სადმე მილი გაიხსნას. შესაბამისად, დაიზოგება წყალი. წყლის რესურსების სწორად გამოყენების შემთხვევაში, წყალი ეყოფა ოთხჯერ და ხუთჯერ მეტ ოჯახს.

  • ანუ არსებობს წყლის პრობლემა?

ერთადერთი სოფელი, სადაც შეიძლება ითქვას, რომ წყლის პრობლემაა, ეს არის სოფელი ვაიო. ზუსტად ვაიოში განხორციელდება ყველაზე დიდი პროექტი. „წყლის ალიანსი“ წყლის ახალ სისტემებს მოაწყობს ასევე ტიბეთაში, მახუნცეთში, აქუცაში და დაბა ქედაში.

გარდა იმისა, რომ წყლის სისტემების რეაბილიტაციას ვახდენთ და ახალს ვაშენებთ, ასევე ვარიგებთ წყლის მილებს. წელსაც ნაწილი დარიგდა. კოლექტიური განაცხადების საფუძველზე გაიცემა ძირითადად ეს მილები, რაც ნიშნავს იმას, რომ ვახდენთ ლოკალური პრობლემების პრევენციას.

  • თქვენმა კონკურენტმა ოპოზიციური ერთობიდან – რამინ ბერიძემ გვითხრა, რომ, მაგალითად, სოფელ ზენდიდში 200 ათასი ლარი დახარჯეთ წყლის სისტემისთვის, მაგრამ აუზი წყაროზე მაღლაა და ცარიელია. 

როდესაც მე და ბატონი ლევანი მოვედით [იგულისხმება ლევან გორგილაძე, რომელიც ქედის მოქმედი მერია], ანუ 2017 წელს, გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იყო ხარვეზები, თუმცა მერიას დამატებით ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს, რადგან იყო დარჩენილი საგარანტიო ვადები. შესაბამისად, წერილობით მივმართეთ კომპანიებს და მათ ეს ხარვეზები გამოასწორეს.

რაც შეეხება ზენდიდს: ეს სოფელი ჩემი დედულეთია. კარგად ვიცნობ იქ არსებულ სიტუაციას და ხალხსაც. გიდასტურებთ, რომ იქ არის პრობლემა. როდესაც აღნიშნულ სოფელში დაიწყო წყლის მონტაჟი, თუ არ ვცდები, სოფელში 5 წყარო გამოდიოდა, როცა დასრულდა სამუშაოები, დარჩენილი იყო ერთი, თუ ორი წყარო, დღეს არის მხოლოდ ერთი წყარო.

ჩემი დანიშვნის შემდეგ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ყველა ღონისძიებას ვატარებ, მათ შორის, დაბარებული იყო საპროექტო ორგანიზაცია, მშენებელი კომპანია, არაერთხელ გავიდა ჯგუფი ადგილზეც. მე ამ სოფლის ხალხის ხელში ვარ გაზრდილი. ისინიც იყვნენ ჩემთან მოსული. მე მათ ვუთხარი, რომ უნდა ვნახოთ წყარო. თუ რაიმე წყარო გამოჩნდება, რაც თქვენ ჩვენზე უკეთესად იცით, მე მზად ვარ გადმოვიყვანო ის ზენდიდში, რა თანხებთანაც არ უნდა იყოს ის დაკავშირებული. დღეის მდგომარეობით ახალი წყაროს მოძებნა ვერ მოხერხდა.

  • ვინ უნდა აგოს პასუხი, როცა ხალხის ფული დაიხარჯა, ხალხს კი წყალი არ აქვს? 

გითხარით, რომ როდესაც პროექტის განხორციელება დაიწყო, ამ სოფელში მოდიოდა 5 წყარო ერთდროულად, რომლის შეკრებაც მოხდა ერთ ადგილას, სადაც სათავე ნაგებობა მოეწყო. ჩემი დანიშვნის დღიდან იქ მხოლოდ ერთი წყარო მოდის, თუმცა არაა იმ რესურსით, რაც არის საჭირო.

  • სოფელ პირველ მაისშიც ადამიანები წყაროებიდან ეზიდებიან წყალსო. 

ამ სოფელში არის წყალი. თუ არ ვცდები, იქ 7 თუ 10 ოჯახია, მათი მომართვაა შემოსული, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში ვერ გადავცემთ ვერაფერს, დასრულდება არჩევნები და გავცემთ შესაბამის პასუხს.

  • ამას გეკითხებოდით: როცა ამდენ სოფელში პირველადი საყოფაცხოვრებო პრობლემა არ არის მოგვარებული და პრობლემას არც კი იმჩნევთ, რამდენად ადეკვატურია თქვენი აქცენტი ევროპული ყაიდის სოფლებზე? 

ჩემი ნათქვამი, რომ ევროპული ყაიდის სოფლები მოვაწყოთ და გადავიდეთ სხვა ტიპის პროექტების განხორციელებაზე, ეს თავისთავში არ მოიცავს იმას, რომ ჩვენ რომელიმე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას გავაჩერებთ… რა თქმა უნდა, ეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა დასრულდება.

  • ინტერნეტიც არ არის სოფლებში, თან მაშინ, როცა დისტანციურად სწავლობენ ბავშვები და მოსახლეობას წლების წინ დაჰპირდით, ყველა სოფელში ინტერნეტი იქნებაო. 

ქედაში რამდენიმე სოფელია, სადაც ბოჭკოვანი ინტერნეტია შესული, მათ შორის, მაგალითად, სოფელ ზენდიდში, რომელზეც ვსაუბრობდით. დაგიდასტურებთ, რომ დღეს ინტერნეტი არის არათუ კომფორტის საგანი, არამედ აუცილებლობა. მოსახლოებას ინტენსიურად ვხვდები, უკვე ვასრულებთ შეხვედრებს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა არის ინტერნეტი და გაზი.

ჩვენ ზაფხულში გვქონდა შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან. მოგეხსენებათ, რომ 40 მილიონ ევრომდე თანხაა გამოყოფილი ინტერნეტიზაციისთვის. ჩვენ გადავეცით მათ 12 სოფელი პირველ ეტაპზე, ეს სოფლები უფრო შეირჩა კომლების რაოდენობის სიმწირით. ჩვენი გათვლებით, 2023 წლისთვის უნდა დასრულდეს ინტერნეტიზაციის სამუშაოები სრულად.

  • 4 წელი ქედის მერის მოადგილე იყავით. არ იყო ეს დრო საკმარისი? 

ჩემზე უკეთ იცით, რომ ინტერნეტპროვაიდერები არიან კერძო კომპანიები. ჩვენ არაერთი მიმართვა გვქონდა, მათ შორის, სიტყვიერი, წერილიც იყო გაგზავნილი… გამომდინარე იქედან, რომ მაღალმთიან აჭარაში რელიეფიც თავისებურია, ყველა კომპანია სავარაუდოდ თავს იკავებს იმ ხარჯების გაწევისგან, რაც ამას სჭირდება. ალბათ წლები დასჭირდება ამის ამოღებას… ქედის მუნიციპალიტეტის ფინანსები საკმარისი არ არის ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

  • როგორ წარმოგიდგენიათ ქედის შემოსავლების გაზრდა? აქამდე რა შეძელით? 

იცით, რომ ჩვენ დღგ-ს კოეფიციენტზე ვართ მიბმული. შესაბამისად, რაც უფრო იზრდება სახელმწიფოში დღგ, ჩვენი ბიუჯეტიც ავტომატურად იზრდება. ასევე გვაქვს ტრანსფერები და გრანტები… წელს ქედაში სამი საწარმოს მშენებლობა სრულდება. იზრდება ქონების გადასახადი.

  • რატომ არ ცდილობთ, ქონების გარდა, სხვა გადასახადებიც ისევ ქედაში დაბრუნდეს, როცა ბიზნესი ქედის ტერიტორიაზეა და თქვენ საამისოდ მუნიციპალურ ქონებას გადასცემთ? 

ეს არასწორი იქნება. მე ვერ ვეტყვი, რომ მოგცემ ქონებას და პირობითად, საშემოსავლო გადაიხადე ჩემთან… სხვადასხვა პარამეტრია, საიდან დგება დღგ-ს კოეფიციენტი, როგორც კი ეს იზრდება, ავტომატურად გვეზრდება ჩვენც შემოსავლები. თითოეული მუნიციპალიტეტის, ასევე სახელმწიფოს მიერ წარმართული სწორი პოლიტიკა ხელს უწყობს შემოსავლების გაზრდას.

  • რა ტიპის პროექტების განხორციელებას გეგმავთ ქედის სოფლებში? 

მე ქედელი ვარ, აქ ვარ გაზრდილი. შესაბამისად, მინდა, რომ ეს ადგილები, სადაც ადმინისტრაციული შენობებია, სოფლის ცენტრია და მოსახლეობა თუნდაც სამუშაოს შემდეგ იკრიბება, მოწესრიგდეს. მინდა, რომ სოფლები კეთილმოვაწყოთ თავისი განათებებით, დასაჯდომი სკამებით, თუ საჭიროა, ფანჩატურები მოეწყოს, ასევე ატრაქციონები სოფლის ეზოებში.

იერდამახინჯებული შენობა – ნაგებობა სოფელში ვინმეს აღარ უნდა დახვდეს.

  • ამასობაში ზვარეს მეჩეთი, რომელიც 187 წლისაა, ნადგურდება. რატომ ვერ გამოძებნეთ თანხა ამ ისტორიული ძეგლის გადასარჩენად? 

არ ნადგურდება, მაგრამ ცნობილია ეს პრობლემა. როგორც იცით, მეჩეთს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და საჭიროა პროექტი შესაბამისმა სააგენტომ შეადგინოს… ბოლოს არ მქონია კომუნიკაცია და ვერ გეტყვით, მომზადდა თუ არა პროექტი. ჩვენ შევძლებთ ამ მეჩეთის რეაბილიტაციას. ეს შეთანხმების და მოლაპარაკების საგანია.

  • აქვე მინდა გკითხოთ ისტორიული მეჩეთების მიჩქმალვაზე – როგორც ტურისტულ რუკებზე, ასევე თქვენს ოფიციალურ გვერდებზე მეჩეთების შესახებ ინფორმაცია არ არის გამოქვეყნებული. რატომ? 

პირველ რიგში, უგულებელყოფა ნამდვილად არ ხდება. მინდა დავადასტურო ჩემი პატივისცემა ყველა რელიგიის მიმართ. ჩემი ბებია და ბაბუა იყვნენ მუსლიმები. აღდგომას მამაჩემის საფლავზე გავდივარ, ბაირამზე – ბებიას და ბაბუას საფლავებზე. მე ყველა აღმსარებლობას პატივს ვცემ. რაც შეეხება პოპულარიზაციას, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, არანაირი დაბრკოლება არ არსებობს… თუ ეს აუცილებელია და ამის საჭიროება იქნება, ინტერნეტგვერდზეც დავდებთ ინფორმაციას.

  • თქვენ მუშაობდით აჭარის გზების დეპარტამენტში 2014-2017 წლებში. ამ პერიოდში დეპარტამენტს არჩილ ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. ის ახლა ბათუმის მერობის კანდიდატია. რა ურთიერთობა გაქვთ მასთან? 

კი, ბატონი არჩილი შემოგვიერთდა 2016 წელს და ის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი იყო. მისი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო ორფენიანი ასფალტის საფარის მოწყობა…

  • აუდიტის დასკვნაც ამ პერიოდზე დაიდო, სადაც საუბარია სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენებაზე, მაგალითად, სამუშაოებზე, რომელთა შესრულებაც არ დასტურდება… თუმცა გამოძიებას ამ დრომდე არაფერი დაუდგენია. თქვენ რის თქმა შეგიძლიათ? 

აუდიტი ბევრ უწყებაში შედის, დებს დასკვნებს და აქვს რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები შეგვიძლია გავითვალისწინოთ, შეიძლება არ გავითვალისწინოთ, ან საერთოდ არ დავეთანხმოთ.

  • თქვენ არ დაეთანხმეთ აუდიტს?

მე აღნიშნულ დასკვნას არ ვიცნობ. რა ნაწილიც წავიკითხე, პირდაპირ გეტყვით, რომ არ ვეთანხმები, რადგან ვმუშაობდი შესყიდვების განყოფილებაში. არის გარკვეული მიმართულებები, რაზეც აუდიტს მიაჩნია, რომ ეს ასე უნდა იყოს, თუმცა შესყიდვების კანონი გვეუბნება, რომ ეს უნდა იყოს სხვანაირად. ხშირად არის ხოლმე დისკუსია აუდიტის დასკვნაზე. მე შემიძლია გითხრათ ის, რომ ჩვენ არანაირი კანონი არ დაგვირღვევია.

საგამოძიებო ორგანომ მოისმინა თქვენი პოზიცია, დაგკითხეს?

მე არ დავუკითხივარ, რატომ უნდა დამკითხონ?

———————

ამ თემაზე:

ქედის მერობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: