მთავარი,სიახლეები

რას ჰპირდება გახარიას მერობის კანდიდატი ქედას: თამბაქოზე კომპენსაცია უნდა გაიცეს

23.09.2021 • 2025
რას ჰპირდება გახარიას მერობის კანდიდატი ქედას: თამბაქოზე კომპენსაცია უნდა გაიცეს

ჯერ არ იცის, რა იქნება, მაგრამ ამოცანად მიიჩნევს, „ქედის მუნიციპალიტეტში დაფუძნებული შემოსავლიანი ბიზნესები საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლის წყაროდ რომ გადაიქცეს“. პარტიის – „გახარია – საქართველოსთვის“ ქედის მერობის კანდიდატს, ელგუჯა ნაკაშიძეს მიაჩნია, რომ ქედაში პრიორიტეტი აგროტურიზმის განვითარება უნდა იყოს.

რეალურ თვითმმართველობაზე საუბრის დროს ელგუჯა ნაკაშიძეს გავახსენეთ, რომ წლების წინ ის „ქრისტიან-დემოკრატებს“ წარმოადგენდა ქედის საკრებულოში. ინტერვიუში ნახავთ, როგორ უყურებს მერობის კანდიდატი პოლიტიკურ გამოცდილებას და იმას, თუ როგორ შეიძლება მიაღწიოს მერმა რეალურ დამოუკიდებლობას.

  • ბატონო ელგუჯა, თქვენი აზრით, რა სჭირდება ქედას, პირველ რიგში? 

ჩემი აზრით, პირველი რიგის ამოცანა არის ქედის განვითარების გენერალური გეგმა, რაც არ არსებობს. ეს სჭირდება ქედას ყველაზე მეტად.

მაგალითად, რომ ავიღოთ ტურიზმი: ქედაში ტურისტების საკმაოდ დიდი ნაკადი მოძრაობს. შესაძლებელია ინფრასტრუქტურის მოწყობა იმგვარად, რომ ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდოს, ანუ გაიყიდოს ადგილობრივი პროდუქცია, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, სუვენირები.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქედაში მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი სოციალურ შემწეობას იღებს. რეალურად ბევრად მეტია სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა. ეს მიდგომა კი, შემოსავლებს მოკლე დროში გაზრდის.

იგივე მახუნცეთში, „აწჰესის“ ტერიტორიაზე, არის ტურისტული ცენტრი, რომელიც ტურისტების საკმაოდ დიდ ნაკადს იღებს, მაგრამ იქაც კი, სუვენირები და სოფლის მეურნეობის პროდუქტები არ იყიდება. ეს დეფიციტი არ უნდა იყოს და ახალი ლოკაციები უნდა შეიქმნას. ქედის რესურსი იკარგება, ფაქტობრივად.

  • რას გააკეთებდით კონკრეტულად და სად ნახავდით ახალი ადგილების მოსაწყობად ფულს? 

ჩვენ უნდა განვავითაროთ აგროტურიზმი და შევქმნათ ახალი ტურისტული ლოკაციები, რომ მივიღოთ ტურისტების დიდი ნაკადი. ზოგი ადგილობრივ პროდუქციას შეიძენს, ზოგი – ღამეს გაათევს, ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებს, ფოლკლორის ნიმუშებს გაეცნობა, ტრადიციულ კულტურას. ამას დასჭირდება 3-5 წელი. საჭიროა რესურსების სწორად დანახვა და შემდეგ გეგმის შესაბამისად მოქმედება.

ქედას, მაგალითად, რამდენიმე კულტურის სახლი აქვს. სანამ ქორწილები იმართებოდა, ამ კლუბებში ქორწილები ტარდებოდა და სხვა გასართობი ღონისძიებებიც. ის რესურსი, რაც ბიუჯეტიდან იხარჯება, უნდა გახდეს ბიუჯეტის შემოსავლის წყარო. ეს არის ჩვენი მთავარი იდეა.

  • მაგალითად, ისტორიულ მეჩეთებს მოიაზრებთ თუ არა ამ ახალ ლოკაციებში, რაც შეიძლება ტურისტებისთვის საინტერესო იყოს? 

ჩვენს ჩამონათვალში მეჩეთების გარდა იქნება სილამაზე, რომელიც არის, მაგალითად, მერისის ხეობაში. ჩვენ ბევრი ისტორიული ადგილი გვაქვს, ღირსშესანიშნაობა, რაც უნდა იყოს მოვლილი და გახდეს შემოსავლის წყარო. ეს იქნება დასვენებით, დამთვალიერებლით თუ ექსკურსიაზე მოვა ვინმე.

  • რომელი ლოკაციისთვის რას დახარჯავთ ბიუჯეტიდან კონკრეტულად? მაგალითად, ზვარეში 200 წლის მეჩეთი დანგრევის პირასაა. მოახერხებთ მის აღდგენას? 

ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ კულტურულ მემკვიდრეობას და ისტორიას გავუფრთხილდეთ. გენგეგმაში იქნება ზვარეს მეჩეთი და სხვა სოფლების მეჩეთებიც, რომლებსაც რეაბილიტაცია და მოვლა სჭირდება.

ფინანსური გათვლები ჯერჯერობით არ გვაქვს, რადგან საარჩევნო კამპანიის, გასვლების დროს აღვწერთ  სამუშაოების მოცულობას და გამარჯვების შემთხვევაში, შევასრულებთ. ამ ეტაპზე შესწავლილი გვაქვს კიდეც და უყურადღებოდ არც ერთი მეჩეთი და სხვა სალოცავი არ დარჩება.

  • ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნით სავარაუდოდ რამდენით გაიზრდება ქედის ბიუჯეტის შემოსავლები, რას ელოდებით? 

ეს იქნება აღწერილი ქედის განვითარების გენერალურ გეგმაში, ახლა მაგის დათვლის რესურსი ჩვენ არ გვაქვს და არც სპეციალისტი გვყავს… თუკი მერი ვიქნები, პირველივე წელს მაგას დაითვლიან სპეციალისტები და გვეცოდინება.

რაც მთავარია – ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები გაიზრდება. სწორი და გეგმაზომიერი პოლიტიკის შემთხვევაში შევძლებთ, რომ აგროტურიზმი ვაქციოთ პრიორიტეტად.

ჩვენი დიდი პრობლემა არის სოციალურად დაუცველი მოსახლეობა… ქედაში ბოლო წლებში უამრავი დაფინანსება შემოვიდა, მაგრამ განვითარების გეგმა რადგან არ არსებობდა, ამ პროექტების უმრავლესობა, რაც დაფინანსდა – გაკოტრდა. ჩვენი პირველი პრიორიტეტი იქნება პრიორიტეტების სწორად გადანაწილება და სწორი ხარჯვა, ორიენტაცია უნდა გავაკეთოთ სასიცოცხლოდ აუცილებელ პროექტებზე.

  • ანუ შემოსავლები ბიუჯეტში საიდან გაიზრდება?

უნდა გაიზარდოს ადგილობრივი შემოსულობები, ქონების გადასახადი, იჯარის გადასახადი, ბუნებრივი რესურსის მოსაკრებლები, ოქროს საბადოა ეს თუ კოკოტაურის წყალი.

ასევე არის გამოთანაბრებითი ტრანსფერები. უნდა გავზარდოთ ისეთი ტერიტორიები, რაც ქედის მუნიციპალიტეტს გამოუყენებელი აქვს… ეტაპობრივად გაიზრდება ეს შემოსავლები.

  • ეს გადასახადები ხომ ახლაც შედის ქედის ბიუჯეტში, ხოლო აგროტურისტული ბიზნესი რომც განავითაროთ, ამით საბიუჯეტო შემოსავლები როგორ გაიზრდება? 

ქედის განვითარების გენერალური გეგმა როცა იქნება და ამუშავდება პროექტები, შემდეგ კომუნიკაცია უნდა დავამყაროთ, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან, რომ ინვესტიციები დაიხარჯოს მიზნობრივად, რაც რეალურად გაზრდის შემოსავლებს.

გასაგებია, რომ ადგილობრივი ბიზნესის გადასახადები აისახება ცენტრალურ ბიუჯეტზე, მაგრამ ეს გამოთანაბრებითი ტრანსფერის სახით დაუბრუნდება მუნიციპალიტეტს უკან. გარდა ამისა, მარტო ქედაზე კი არ ვფიქრობთ, არამედ ქედის მუნიციპალიტეტში დაფუძნებული შემოსავლიანი ბიზნესები საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლის წყაროდ რომ გადაიქცეს, ეს არის ჩვენი ამოცანა.

  • როგორ წარმოგიდგენიათ მუნიციპალიტეტის დამოუკიდებლობის მიღწევა, მათ შორის, ფინანსების ნაწილში?

ჩვენ არგუმენტირებული და მომზადებული გეგმებით უნდა ვიმუშაოთ როგორც აჭარის, ასევე ცენტრალურ მთავრობასთან, დონორ ორგანიზაციებთან. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 5 მილიონი დაიხარჯა ბოლო წლებში ქედაში, მაგრამ ამ პროექტების 70 პროცენტი გაკოტრებულია… არ იყო სწორად გათვლილი ქედის რესურსი. მუნიციპალიტეტის ჩართულობა ამ პროექტებში იყო მინიმალური. განვითარების გენერალური გეგმაც არ არსებობდა.

რეალურად ფერმერულ მეურნეობებს მიწის მწირი რესურსი აქვთ, დეფიციტია ახალ ტექნოლოგიებთან წვდომა და ზოგიერთ შემთხვევაში ფერმერმა მიღებული ინვენტარი ვერ განავითარა, ცოდნა აკლია, ფული აკლია და საბოლოოდ, არამიზნობრივი ხარჯვა გამოვიდა.

  • ქედის საკრებულოს წევრი ხართ 2010 წლიდან, რის გაკეთება შეძელით? აქვე, საინტერესოა, როგორ უყურებთ თქვენს პოლიტიკურ  გამოცდილებას – მაშინ „ქრისტიან-დემოკრატებს“ წარმოადგენდით, რომელზეც დადასტურდა, რომ იყო მაშინდელი ხელისუფლების სატელიტი.  

როდესაც ქედის საკრებულოში შედის ადამიანი, განურჩევლად მისი პარტიული კუთვნილებისა, ის გადადის ქედის მსახურებაში. რაც შეეხება „ქრისტიან-დემოკრატებს“ და ზედა ეშელონებს, მაგ დანარჩენზე კომენტარს მე არ გავაკეთებ.

იმ პერიოდში სერიოზულად შევისწავლე ქედაში არსებული რესურსები, რაც არც კი განიხილეს. მაშინ გამოჩნდა, რომ ქედის სოფლებში მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი ვერ ქმნის საარსებო მინიმუმს. ჩემდა სამწუხაროდ, ამდენი წელი გავიდა და ეს მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

  • იქნებ ამას ხელს ისიც უწყობს, რომ ზოგჯერ პრობლემებზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც რეალურად ოპოზიციას არ წარმოადგენენ? ახლაც არსებობს მოსაზრება, რომ გახარია გარიგებულია „ოცნებასთან“.   

ახლა თქვენ მე ამ საკითხში არ დაგეთანხმებით. თუ პიროვნება არის დამოუკიდებელი და არის მოსული კონკრეტული საქმის გასაკეთებლად, რატომ არის მნიშვნელოვანი პარტია?

  • მაშინ დამოუკიდებლად გეყარათ კენჭი, თუ პარტია არაა მნიშვნელოვანი. 

პარტიიდან საჭიროა იმიტომ, რომ დღეს სხვა რესურსით საქმის კეთება შეუძლებელია. პარტიაში „საქართველოსთვის“, რაც დააფუძნა გიორგი გახარიამ, დავინახე რეალური ძალა. ეს გახდა ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი. მინდა, ჩემი უნარები, რაც წლების განმავლობაში ვაგროვე, მოვახმარო ისევ ქედას.

საკრებულოს წევრობის შემდეგ არ მიმუშავია სახელმწიფო უწყებაში, ძირითადად ბიზნესპროექტებს ვადგენდი სხვადასხვა ფერმერისთვის… ჩემი შედგენილი პროექტებით დაწყებული ბიზნესი ახლა უკვე მომგებიანია. მათთან შეთანხმების გარეშე ვერ დავასახელებ, რა ბიზნესები იყო ეს.

  • წელს თამბაქოს ფასი შემცირდა. როგორი წარმოგიდგენიათ ადგილობრივი ხელისუფლების როლი მეთამბაქოეების პრობლემების მოგვარების კუთხით?

თამბაქო ისტორიულად ქედის ტერიტორიაზე გავრცელებული კულტურაა და დღეს იმდენია თამბაქოს მოსავალი, რომ ბაზარზე რეალიზების პრობლემაა. თამბაქოს დათესვის დროს თუ მინიმუმ 50-60 ლარს ელოდნენ, ახლა 25-30 ლარზეა თამბაქოს ფასი ჩამოსული. ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ამ ადამიანებს უნდა მისცეს კომპენსაცია, როგორც ეს გაიცემა, მაგალითად, ყურძნის შემთხვევაში.

  • ვენახი ცნობილია, რომ დაზიანდა. თამბაქოზე რატომ უნდა გაიცეს კომპენსაცია? 

ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებაა მცირე ფერმერებისა და კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა… სახელმწიფომ თავის დროზე ხელი არ შეუწყო ამ მცირე მეწარმეობის განვითარებას.

გარდა ამისა, მონოპოლიური მდგომარეობაა – გარკვეული ძალების ზემოქმედებით, იგივე აღმოსავლეთ საქართველოში თამბაქოს გატანა არის შეუძლებელი.

  • კიდევ ერთ პრობლემაზე მინდა გკითხოთ – ინტერნეტიზაცია. თქვენი მერობის შემთხვევაში რამდენ ხანში ექნებათ ქედელებს ინტერნეტი და საიდან? 

დიახ, ეს დიდი პრობლემაა. ახლაც, დისტანციური სწავლების პირობებში, პედაგოგებს უწევთ საკუთარი ხარჯით ინტერნეტპაკეტის შეძენა, არადა, კანონი პირდაპირ ამბობს, რომ ზოგად განათლებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. თუ მასწავლებელს ინტერნეტი არ აქვს, როგორ ჩაატარებს გაკვეთილს? ჩემი წინადადებაა, რომ მივცეთ პედაგოგებს კორპორაციული ნომრები და გადავუხადოთ ყველას ინტერნეტის თანხა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოვაგვარებთ ამ პრობლემას – ეს არის განათლების სამინისტროს პირდაპირი ვალდებულება, კეთილი ინებოს და გააკეთოს. ჩემი მერობის შემთხვევაში მე საქმის კურსში ჩავაყენებ ყველას და მივმართავ ყველა ინსტანციას.

ამ თემაზე:

ქედის მერობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: