მთავარი,სიახლეები

16-17 წლის მოზარდები, რომლებიც კოვიდზე აიცრნენ – „უნდა ავიცრათ, თუ გვინდა გადავრჩეთ“

13.08.2021 • 4397
16-17 წლის მოზარდები, რომლებიც კოვიდზე აიცრნენ – „უნდა ავიცრათ, თუ გვინდა გადავრჩეთ“

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 16 წლიდანაა შესაძლებელი. 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდების აცრა უმნიშვნელოვანესია, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის არადისტანციურ რეჟიმში აღსადგენად.

ქეთი კვიჭიძე, ნინო კიკაბიძე და ნინო ოქროპირიძე 16, 17 წლის მოზარდების მშობლები არიან. მათი შვილები ასაკის შესაბამისი ვაქცინის გამოჩენისთანავე აიცრნენ და არც რთული გვერდითი ეფექტები ჰქონიათ ინექციის შემდეგ.   

ვიკა კიკაბიძე, 16 წლის: „არანაირი გვერდითი ეფექტი არ მქონია, ცოტათი მტკიოდა ნანემსარი და თავი, ვიყავი ოდნავ მოთენთილი. რამდენიმე დღე გავიდა და ახლა კარგად ვარ.

ბევრმა ჩემმა მეგობარმა არ იცოდა, რომ „ფაიზერით“ 16 წლიდან არის ვაქცინაცია შესაძლებელი.

ამის შემდეგ ჩემი რამდენიმე მეგობარიც აიცრა, თანაც უნივერსიტეტში უწევს რამდენიმეს სწავლის გაგრძელება და აუცილებელია.

ვიკა კიკაბიძე

დიდი შიშია გავრცელებული ირგვლივ, ჩაიჩიპებიო – მეუბნებოდნენ ხუმრობით, მაგრამ ასევე, ნაცნობები მეუბნებოდნენ, რომ ცუდად გახდები, ან უშვილობას გამოიწვევს, რად გინდა თავი დაიღუპოო“ – ამბობს ვიკა.

ნინო კიკაბიძე ვიკას დედაა. ნინო ამბობს, რომ ეცნობა ვაქცინებთან დაკავშირებულ ყველა დადასტურებულ ინფორმაციას და მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა 12 წლიდან საქართველოშიც კეთდებოდეს ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მსგავსად:

„ვიკა აიცრა, მაგრამ ჩემი მეორე შვილი, გიორგი, რომელიც 12 წლისაა, ვერ იცრება. იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი ისევ დისტანციური არ გახდეს, მეექვსე კლასიდან მაინც რომ იყოს აცრის შესაძლებლობა, კარგი იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვიკა ალერგიულია, ძალიან მარტივად აიცრა, ისე, როგორც სხვა აცრები გადაიტანა პატარაობაში. კოვიდის სამკურნალო მედიკამენტი არ არსებობს და ვაქცინა ამ დროს უალტერნატივოა.

ოჯახში ყველას გვქონდა ვირუსი. მე შედარებით მარტივად გადავიტანე, მეუღლის დედამ და ჩემმა მშობლებმა – მძიმედ.

ნინო კიკაბიძე

მამაჩემი 9 დღე იყო რეანიმაციაში, სუნთქვა უჭირდა, დედასაც და მამასაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები აქვთ და რისკჯგუფში იყვნენ. ერთს დიაბეტი აქვს, მეორე ნაინსულტარია.

ჩემი მშობლები აიცრნენ, როგორც კი „სინოფარმი“ გახდა ხელმისაწვდომი. ახლა შედარებით მშვიდად ვარ, ყველანი ავიცერით 12 წლის გიორგის გარდა“ – ამბობს ნინო.

ქეთი კვიჭიძე გვეუბნება, რომ 17 წლის შვილი დაარეგისტრირა აცრაზე მაშინვე, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდა:

„არსებობდა და არსებობს ისეთი საშინელი დაავადებები, როგორიც იყო წითელა, წითურა და ყვავილი, კლავდა ადამიანებს. მხოლოდ აცრა გვიცავს ამ დაავადებებისგან, მაგრამ ხომ ემართებათ მაინც წითელა და წითურა? ასეა კოვიდვაქცინაც.

ქეთი კვიჭიძე

უნდა გაითავისონ ადამიანებმა, რომ ეს ომია.

ჩემმა შვილმა, ნიკამ თავად გამოთქვა აცრის სურვილი და დავარეგისტრირე. არანაირი გვერდითი ეფექტი არ ჰქონია. აიცრნენ მისი მეგობრებიც, მათაც არ ჰქონიათ გართულებები“ – ამბობს ქეთი.

ქეთის შვილი, ნიკუშა ყალიჩავა ამბობს, რომ მისი ტოლები, მეგობრები და ნაცნობები მის ირგვლივ ყველა ან აცრილია ან ახლა რეგისტრირდება ვაქცინაციაზე:

„ნათესავი მყავს ექიმი და მისგან ვიგებ ყველა ინფორმაციას. მან აგვიხსნა შესაძლო გვერდით მოვლენებზე, ალერგიულობაზე, იმაზე, რომ შეიძლება სიცხე მოგცეს, თავი აგტკივდეს, მაგრამ სიმპტომურ წამლებს დალევ და მორჩა.

ეს გვერდითი მოვლენებიც იმის ნიშანია, რომ ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს ვირუსზე.

მასწავლებლებიც უნდა  აიცრან, არამხოლოდ მოზარდები” – ამბობს ნიკუშა.

ლიზა კობახიძე 16 წლისაა, ისიც ფაიზერით აიცრა. გვეუბნება, რომ ინექციის შემდეგ ცოტათი სტკიოდა თავი:

„გუშინ ავიცერი, ოდნავ მაქვს ტკივილი ნანემსართან. მგონია, რომ ყველამ იცის 16 წლიდან რომ არის „ფაიზერით“ აცრა დაშვებული, ინტერნეტში უამრავი სტატიაა ამაზე და მთელი ჩემი თაობა ტელეფონშია.

დედაჩემისგან ყველაფერი ვიცოდი ვაქცინაზე, მეც ვკითხულობდი ბევრს ამ თემაზე, რა კითხვებიც მქონდა, ყველაფერზე არსებობდა პასუხი და ეჭვებიც არ გამჩენია.

რაც ჩვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, იმაზე უარი როგორ უნდა ვთქვათ” – ამბობს ლიზა.

ლიზას დედა, ნინო  ოქროპირიძე მოზარდების მშობლებს მიმართავს, ენდონ მეცნიერებას და ნუ ეშინიათ იმ პირობებში, როცა ყველა ტიპის ვაქცინაზე სრული ინფორმაცია არსებობს.

„როცა ისეთი წამყვანი ქვეყნები, როგორიც ისრაელი, ამერიკა, გერმანია და ბრიტანეთია ცრის თავისი მოსახლეობის უმრავლეს ნაწილს, არ მგონია საკუთარი ერის გენოციდი ჰქონდეთ ჩაფიქრებული და რამე ცუდს უკეთებდნენ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს.

ვინ გაბედავს ამ ქვეყნებში გადადგას საკუთარი მოსახლეობისთვის საზიანო ნაბიჯი?! არ მგონია მათზე უკეთესი ვიყოთ.

ჩვეულებრივ ბიოლოგიურ ომში ვართ და უნდა ავიცრათ, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ“ – ამბობს ნინო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: