მთავარი,სიახლეები

სანაპირო არ ჩაიხერგება შენობებით – ქობულეთის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან

23.09.2021 • 1598
სანაპირო არ ჩაიხერგება შენობებით – ქობულეთის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან

ბონდო თედორაძე გაერთიანებული ოპოზიციის ქობულეთის მერობის კანდიდატია. მას იცნობენ როგორც ერთ-ერთ ხმაურიან ოპოზიციონერს. ორი მოწვევის ქობულეთის საკრებულოს წევრია, აქტიურობდა სხდომებზე, არ აკლდებოდა საპროტესტო აქციებს და კონკრეტულ საკითხებს სოციალური ქსელითაც ეხმაურებოდა. რა მოუტანა ამ ყველაფერმა ამომრჩეველს, ხმაურში ხომ არ დაიკარგა საკითხების სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობა? – საინტერესოა ისიც, მხოლოდ ზეპირი კრიტიკით შემოიფარგლებოდა, თუ  დარეგისტრირებული ინიციატივებიც აქვს, მით უმეტეს, რომ ის ოპოზიციურ ფრაქციას ხელმძღვანელობდა. ამ და სხვა საკითხებზე კანდიდატის პასუხებს ინტერვიუში გაეცანით.

  • ბატონო ბონდო, მიიჩნევთ, რომ ბოლომდე დაიხარჯეთ საკრებულოში და ამომრჩეველი თქვენი მუშაობით კმაყოფილი უნდა იყოს?

ზოგადად, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, საკრებულოში ძალიან აქტიური ვიყავი. ორი მოწვევის საკრებულოს წევრი ვიყავი 2014 წლიდან და ყველა ის საკითხი, რაც იყო პრობლემატური, ჟღერდებოდა ჩემგან. ვმონაწილეობდი სატელევიზიო სიუჟეტებში, ასევე მქონდა ლაივჩართვები, საუბარი, პრობლემების მოსმენა, გაჟღერება და ასე შემდეგ. რაც საკრებულოს წევრის ვალდებულება და ფუნქციაა, ვასრულებდი კარგად. ვფიქრობ, დღეს თუ ბონდო თედორაძეს იცნობს საზოგადოება ქობულეთში, სწორედ იქედან, რომ ვიყავი აქტიური საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან.

  • გქონდათ ხმაურიანი გამოსვლები, მაგრამ გადაწყვეტილებებზე ვერ ახდენდა ოპოზიციის ხმაური გავლენას. თუ გქონდათ ინიციატივები, რომლებიც აქციეთ პროექტად და დაარეგისტრირეთ საკრებულოს კანცელარიაში იმისათვის, რომ თქვენი ხედვების  განხილვის აუცილებლობა დამდგარიყო დღის წესრიგში?

ძირითადად წლის ბოლოს დგება ბიუჯეტი. ბიუჯეტის შედგენის დროს არაერთი წინადადება და პროექტი წარგვიდგენია საკრებულოსთვის დასამტკიცებლად იმისთვის, რომ გადაეგზავნათ მერიაში განსახილველად. საკრებულოს თავისი სპეციფიკა აქვს და როდესაც ბიუჯეტი მტკიცდება, 90 პროცენტით უნდა იყოს ბიუჯეტში ასახული ყველა ის პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს.

არაერთი საკითხი წარგვიდგენია ჩვენ, ეს იქნებოდა სოციალური, განათლების, სპორტის, ჯანდაცვის მიმართულებით, მაგრამ რადგან ეს იყო ოპოზიციის მიერ წარდგენილი, არ ჰპოვებდა მხარდაჭერას. ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც ჩვენი წერილობითი მიმართვის შემდეგ უკან დაუბრუნდა მერიას. ერთ-ერთი ეხებოდა, მაგალითად, მიწის გასხვისების თემას, აქ ჩვენ უმრავლესობის მხარდაჭერაც მოვიპოვეთ, რადგან აშკარა იყო კორუფციული მიზნები და „ატკატების“ თემა, ამიტომ ვერ გაექცნენ ფაქტებს.

მე ვიყავი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ [ენმ] ფრაქციის თავმჯდომარე და მეორე ოპოზიციურ ფრაქციას ხელმძღვანელობდა მამული სურმანიძე: არაერთ საკითხზე მოსახლეობაშიც შევაგროვეთ ხელწერები, მათ შორის ისეთ საკითხებზეც, როგორიც იყო სახურავების გადახურვა, ლიფტების მოწესრიგება და ასე შემდეგ… ინიციატივებს წარვადგენდით ძირითადად ბიუჯეტის დამტკიცების წინა პერიოდში, მაშინ, როდესაც აზრი აქვს კონკრეტულ მიმართულებებზე საუბარს.

  • გქონდათ საკითხების სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობა? – რამდენადაც მახსოვს, ეს იყო პრობლემა და ამაზე ადრეც ვისაუბრეთ.

თქვენ კარგად იცით, რომ საკითხების ძირითად ნაწილს ხშირად ერთი ან ორი დღით ადრე აგზავნიდნენ, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი გუნდი საკმაოდ აქტიური წევრებისგან იყო დაკომპლექტებული და არც ერთი სოფელი, კუთხე და მიმართულება არ დაგვიტოვებია, სადაც ჩვენ პრობლემებს არ გავეცანით, მოსახლეობის გაჭირვებაზე და ასე შემდეგ… ძირითადად ვიცნობდით საკითხებს. შესაბამისად, უფრო ადეკვატური პასუხები გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებით გვაწვდიდნენ დოკუმენტაციას. უფრო ღრმად რომ ავხსნათ ეს თემა, „ოცნებას“ საკითხის გადაწყვეტის ან კომისიურად მისაღებ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენთვის არასოდეს მოუმართავს, ერთად რომ გვემუშავა ამ საკითხების მომზადებაზე თუ მათ განხილვაზე. გამომდინარე იქედან, რომ 99,9 პროცენტი დავალებები მოდიოდა მერიიდან, რომ ეს ასე უნდა გაკეთებულიყო, შესაბამისად, ოპოზიციის ჩართულობა არ აწყობდათ. ისინი ყოველთვის არიდებდნენ თავს ჩვენთან თანამშრომლობას.

  • სხდომაზე ბევრი საკითხი განიხილება და ხმაურში ზოგჯერ გადაიფარება ხოლმე ისეთი მნიშვნელოვანი თემები, რაზეც მეტი განმარტება უნდა ჰქონოდა ამომრჩეველს. თქვენ არ იყენებდით საკრებულოს ტრიბუნას, არ მართავდით ბრიფინგებს, სადაც აუხსნიდით ამომრჩეველს, მაგალითად, ვისი ინტერესები იდგა ამა თუ იმ საკითხის მიღმა.

თუ მეტყოდით კონკრეტულ თემას, უფრო კონკრეტულ პასუხს გაგცემდით. ვერ მეტყვით, რომ სადაც ჩვენ რაიმე თემაზე ვერ მივიღეთ დამაკმაყოფილებელი პასუხი, არ მივედით იმ კონკრეტულ ობიექტთან, ვისაც ეხებოდა ეს თემა და არ გავაშუქეთ თუნდაც სოციალური ქსელის მეშვეობით. თითქმის ვერ ვიხსენებ საკრებულოს დღის წესრიგში საკითხების ჩასმის მოთხოვნას თუ დღის წესრიგში არსებული საკითხების გაპროტესტებას ბოლომდე არ მივყოლოდით.

  • მაგალითად, როცა იყო გენგეგმაში ცვლილებები ან კონკრეტულ ქონებას ასხვისებდნენ, ჩვენ გვჭირდებოდა მეტი ინფორმაცია, გვაინტერესებდა რა ხდებოდა ამ პროტესტის უკან, რა ეწერა დოკუმენტში. გვაინტერესებდა საკითხის სიღრმისეული შესწავლა, თქვენ ამის შესაძლებლობა უნდა გქონოდათ.

თუ გახსოვთ „კრისტალ ბილდინგზე“ [კომპანია, რომელიც ქობულეთის ცენტრში ახორციელებს ინვესტიციას] მიწის ნაკვეთების გადაცემა ზღვის პირას ჩვენ პირდაპირ დავუკავშირეთ „ოცნებას“. ისინი  იყვნენ „ოცნების“ შემწირველები და ეს ზურაბ პატარაძის [აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე. საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში – ავტ.] ინტერესიც იყო. ასევე „ოაზისთან“ დაკავშირებით, როცა შეიტანეს განაშენიანების გეგმა და ასე შემდეგ… მეპატრონე პირდაპირ დავადანაშაულეთ, რომ იყო „ოცნებასთან“ დაახლოებული პირი, ასევე ზურაბ პატარაძე და მირიან ქათამაძე.

თუმცა თავიდანვე ვთქვი, რომ მე არასოდეს ვარ კმაყოფილი და ყოველთვის შეიძლებოდა უფრო მეტი ყურადღების გამახვილება კონკრეტული საკითხებზე. მეც, როგორც პოლიტიკოსმა, მმართველმა და როგორც საქმისადმი ერთგულმა, ვიცი, რომ მეტი ყურადღების გამახვილება იყო შესაძლებელი რიგ საკითხებზე. თუმცა ვპირდები ყველას, რომ ჩვენ როცა გავიმარჯვებთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე, არ ვიქნებით მხოლოდ თანამდებობის პირები, ჩვენ ვიქნებით ხალხის მერები, ვემსახურებით მათ განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. გადაწყვეტილების მიღებამდე მოსახლეობის ჩართულობა იქნება ძალიან აქტუალური, უფრო მეტს ვესაუბრებით მათ.

ხშირად არ გვეძლეოდა შესაძლებლობა, რომ სატელევიზო ეთერი გამოგვეყენებინა. ჩვენ გვესმის თქვენი სპეციფიკა, ყოველდღიურად ისეთი ამბები ხდებოდა ქვეყანაში, რომ შემდეგ ეს თემები დღის წესრიგიდან გადადიოდა, სხვა პრობლემებზე გვიწევდა აქცენტის გაკეთება. თუ რამეზე ინფორმაცია მოქალაქეებს, როგორც ოპოზიციონერებმა ვერ მივაწოდეთ… თუმცა ვფიქრობ, მოქალაქეებს მაინც ჩვენი მხრიდან უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდათ, ვიდრე ხელისუფლებისგან.

  • ამბობთ, რომ არ ხართ საკუთარი თავით კმაყოფილი, რას შეცვლიდით?

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სოფელი, კუთხე, ნებისმიერი ადგილი ქალაქში, სადაც მე არ მივსულვარ, მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი საჯარო მოხელის, პოლიტიკურად აქტიური პირის პირდაპირი ვალდებულებაა, რაც შეიძლება მეტ დროს ატარებდეს მოქალაქეებთან. ყოველთვის, როცა ჩვენ გვაქვს შეხვედრა ამომრჩეველთან, ვხვდები, რომ ამის ნაკლებობას განიცდის ამომრჩეველი. უფრო მეტ დროს რომ ვატარებდეთ მათთან ეს უნდა ბევრს და ამას ისინი ჩვენი მხრიდან აუცილებლად მიიღებენ. პოლიტიკურად აქტიური პირის ვალდებულებაა, რაც შეიძლება მეტ დროს ატარებდეს ამომრჩეველთან.

  • ქობულეთში სანაპიროს აბეტონებენ ქაოსურად, იმის მიუხედავად, რომ ქალაქს აქვს გენგეგმა. გვითხარით, ამას რას მოუხერხებთ?

ქობულეთის სანაპიროს ის ტერიტორია, რაც გადარჩა, უნდა დარეგისტრირდეს როგორც რეკრეაციული ზოლი და აქ მუდმივი კონსტრუქციის მშენებლობა უნდა აიკრძალოს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ უნიკალური სანაპირო ზოლი – ქობულეთის ფიჭვნარი, ამ ტერიტორიას აქვს სამკურნალო დატვირთვა.

დღეს რაც ხდება ქალაქის სანაპირო ზოლში, არის სიმახინჯე, კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე „კრისტალ ბილდინგს“ და არა მხოლოდ მას. აპარტოტელების ზოლად აქციეს სანაპირო, რაც არ ჯდება ტურისტული ზოლის განვითარების შინაარსში. განაშენიანების გეგმაში „ოცნებას“ აქვს დათქმები… იციან, რომ ცენტრალურ დონეზე ხდება გადაწყვეტილების მიღება და გააკეთეს დათქმა, რომ თუ ინვესტორი წარმოადგენს განაშენიანების გეგმას და თუ ამას ხელს უწყობს ტერიტორიის კოეფიციენტები, ეძლევათ მშენებლობის ნებართვა. ჩვენი მიდგომა არის ასეთი, რომ უნდა დარეგისტრირდეს რეკრეაციული ზოლები და უნდა შევუნარჩუნოთ ტყე-პარკები ხალხს.

  • ბევრი ადგილი დაგხვდებათ უკვე გასხვისებული მშენებლობის პირობით…

მე არანაირი პირადი ინტერესი არ მაქვს მათ მიმართ, მაგრამ ინვესტორები, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებებს, მაგალითად „კრისტალ ბილდინგი“ – ამ კომპანიას სამი წლის წინ უნდა შეესრულებინა ვალდებულება, ამ ტერიტორიაზე უნდა გვქონოდა ზღვაზე გადასასვლელები, ხუთვარსკვლავიანი  სასტუმრო, მოგვიანებით შეიტანეს ცვლილება სასტუმროს ნაცვლად მივიღეთ აპარტოტელი, რომელიც წლებია დაუსრულებელია. ასეთი ქონება უნდა დაბრუნდეს მუნიციპალურ საკუთრებაში. იქ, სადაც უკვე დგას კორპუსები, სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლით.

  • კონკრეტული ადგილები გაქვთ მოაზრებული, სადაც სკვერებს გააშენებთ, ან უკვე არსებულებს სტატუსს მიანიჭებთ, რომ დაიცვთ?

აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც თავისუფალი მწვანე სივრცეებია, სადაც ხის ნარგავია, ვაპირებთ, ვკითხოთ ამომრჩეველს არის თუ არა საჭირო, რომ ეს შევინარჩუნოთ – ყველას მოთხოვნა არის, რომ იქ იყოს რეკრეაციული ზოლი და ზღვის სანაპირო არ ჩაიხერგოს შენობებით, ჩოლოქის შემოსასვლელიდან სანაპიროს გასწვრივ თავისუფალი ზოლი სადაც არის, ყველა უნდა შენარჩუნდეს.

  • ქობულეთშიც გაქვთ უკანონო მშენებლობები. მეტიც, საკრებულოს თავმჯდომარემ ააშენა უკანონოდ. ეს თემა გამოგრჩათ, თუ კოლეგიალობა გამოიჩინეთ? 

კონკრეტული ჟურნალისტები დაგიდასტურებენ, ჩვენ ვაკეთებდით განცხადებებს. მეტიც, მივმართეთ  მერს, რომ დაწყებულიყო ამ უკანონო შენობების დემონტაჟი. მერმა გვიპასუხა, სასამართლოში იდავეთო. არავითარი კოლეგიალობა არ ყოფილა ჩვენი მხრიდან გათვალისწინებული. ვერც იქნება, რადგან ჩვენ თუ ვიბრძვით სამართლიანი ქვეყნის შექმნისთვის, კოლეგა როცა ჩადის უსამართლობას, ვალდებულება გვაქვს, რომ გავაჟღეროთ. დავით მჭედლიშვილისთვის ეს თემა არ გაგვიტარებია. ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაგირება და დემონტაჟიც  მოვითხოვეთ.

  • ხომ არ ჯობდა „თავისუფლების კვარტალში“ ყოფნის პარალელურად მოგეხერხებინათ საკრებულოში მისვლაც, რომ არ დაგეტოვებინათ საკრებულო, თუნდაც ამ თემების ამომრჩევლამდე მისატანად?

მერობა არ არის ჩემი თვითმიზანი, მაშინაც ვფიქრობდი და დღესაც ვამბობ, რომ არ შევმცდარვარ, ეს არ იყო მალული პროტესტი, იცოდა ყველამ, რომ მე ვიყავი ბოიკოტის რეჟიმში და ვიყავი „თავისუფლების კვარტალში,“ აქ ვიცხოვრე დაახლოებით ექვსი თვე.

არ ვფიქრობ, რომ საკრებულოს წევრის სტატუსის ჩამორთმევამ ინფორმაციულ ვაკუუმში მომაქცია. ადამიანის შინაგანი პროტესტის გრძნობა ქმედებაში გადადის. ვიცოდი, რომ ვაკეთებდი სწორ საქმეს, ჩემი ამომრჩევლების დაკვეთა იყო ზუსტად ის, რომ ვყოფილიყავი ოპოზიციაში და არ გვეთანამშრომლა ხელისუფლებასთან, რომელმაც მიიტაცა 2020 წლის არჩევნები. ამან მოიტანა 43-პროცენტიანი დათქმა, შარლ მიშელის დოკუმენტი და ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: