მთავარი,სიახლეები

სოფელში სულ იმაზე საუბრობენ, რომ ყველა მოსაწევზე ზის – ენმ-ს ქალი კანდიდატი ხულოში

24.09.2021 • 5340
სოფელში სულ იმაზე საუბრობენ, რომ ყველა მოსაწევზე ზის – ენმ-ს ქალი კანდიდატი ხულოში

შორენა შავაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მესამე ნომერია ხულოში. ორი წლის წინ ბათუმი მიატოვა და სოფელ დიდაჭარაში დაბრუნდა. რა შეიცვალა სოფელში დაბრუნების შემდეგ როგორც მის, ასევე სოფლად მცხოვრები სხვა ქალებისთვის და რატომ უნდა იყოს უფრო მეტი ქალი პოლიტიკაში.

  • ქალბატონო შორენა, მოგვიყევით თქვენ შესახებ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკური აქტიურობა და რას შეცვლით საკრებულოში მოხვედრის შემთხვევაში ხულოში?

37 წლის ვარ, განათლებით ეკონომისტი. მყავს სამი შვილი და ველოდები მეოთხეს. ჩემი მეუღლე სამხედროა და ბოლოს ფოთში მსახურობდა, სასაზღვრო ძალების პოლიციის მაიორი იყო, ახლა უკვე პენსიაშია. აგვისტოს ომამდე ფოთში მეც ვმუშაობდი ჯარის სასურსათო საწყობის უფროსად, შემდეგ შვილი გამიჩნდა და მუშაობა ვეღარ გავაგრძელე. რაღაც პერიოდი ძალიან ჩავიკეტე სახლში, ამიტომ მთლად დიასახლისად რომ არ გადავქცეულიყავი, ბუღალტერიაც ვისწავლე.

  • როგორია ქალის ცხოვრება მხოლოდ სახლში, აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების მიღმა?

დიასახლისობაც კარგია, მაგრამ ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი საზოგადოებაში. აბა, რისთვის ვიღებთ განათლებას, ტყუილად არ უნდა გედოს დიპლომები და განათლება შესაბამისად უნდა გამოიყენო. თუ შენ თვითონ არ იაქტიურე, ჩათვალე, რომ საკუთარ თავს მხოლოდ დიასახლისად დაინახავ და ვეღარ განვითარდები.

ბევრს არ აქვს გაცნობიერებული, რამდენად მძიმეა ქალის ჯაფა ოჯახში და ოთხ კედელში. ოჯახის წევრები დილით გავლენ, საღამოს მოვლენ და ის, რომ ქალს სახლში ამდენი შრომა უწევს, მათთვის მეორეხარისხოვანია. რამდენჯერმე დავუტოვე ჩემს მეუღლეს ბავშვები და უთქვამს – „უიმე, კიდევ კარგი ქალი არ ვარო“.

ასეთია კაცების მენტალობა  საქართველოში – ფიქრობენ, რომ ოჯახის საქმე მხოლოდ ქალის საქმეა.

  • როცა პოლიტიკური აქტიურობა გადაწყვიტეთ, იყო ზეწოლა ოჯახის ან საზოგადოების მხრიდან?

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იყო წნეხი. „გაგიჟებულა“, „ამას პატრონი არ ჰყავს?“, „ქმარს ვერ მიუხედია“ – ასეთი რეპლიკები გვესმის ხოლმე აქტიური ქალების მიმართ. ჩემზეც იმავეს ამბობდნენ.

როცა სოფელში დავბრუნდი, მაშინვე ვთქვი, რომ აუცილებლად უნდა მეკეთებინა რაიმე. შემოვიკრიბე ქალების გუნდი და დავიწყეთ ქალთა გაძლიერებაზე მუშაობა.

ერთი წლის განმავლობაში მოვახერხე სერიოზული ტრენინგების ორგანიზება ამ ქალებისთვის, 16 ქალი ჩაქვშიც ჩამოვიყვანე  ტრენინგზე. ჩემ მიმართ უკვე დიდი ნდობა აქვთ და ყველა საქმეში მომყვებიან.

ვცდილობ, კარგად გავაცნო მათი უფლებები, რა შეუძლია ქალს და რატომ არ უნდა იყოს მხოლოდ სახლში გამოკეტილი. ქალებს უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ უფრო მეტად თავისუფლები იყვნენ, რომ მხოლოდ ყანა და პირუტყვის მოვლა არ არის მათი საქმე.

ხულოში თითქმის ყველა მენეჯერი, ბაღის თუ სკოლის დირექტორი კაცია. წამყვან პოზიციაზე ქალი არ არის. არადა, იცით როგორი ლიდერი ქალები აღმოვაჩინე ამ პერიოდში? მე თვითონ გაოცებული ვარ. რატომ შენ არა? – ვეუბნები მათ. ამ ქალებს მართლა შეუძლიათ იყვნენ მმართველები და წარმატებული საზოგადოებრივ საქმეშიც.

  • რატომ უნდა იყვნენ ქალები აქტიურები პოლიტიკაში, როგორ ფიქრობთ?

ხულოში ძალიან სუსტია ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში. დღეს მოქმედ საკრებულოში 28 დეპუტატიდან მხოლოდ ორია ქალი. წინა მოწვევაზე კი მხოლოდ ერთი ქალი ჰყავდათ.

პარტიაში რომ მივედი, თავი ძალიან მარტოდ ვიგრძენი – ფაქტობრივად, ქალის ჭაჭანება არ იყო, ამიტომ შევქმენი ქალთა ორგანიზაცია. დღეს ამ ქალებიდან ექვსი ქალი უკვე არის ამ არჩევნებზე კანდიდატად წარმოდგენილი. ყველა ჩემი ორგანიზაციის წევრი და ჩემი აღმოჩენილია.

უფრო მეტია საჭირო მათ გასაძლიერებლად, ჯერ კიდევ არიან ქალები, რომლებიც ვერ იღებენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს, ფიქრობენ, რომ მხოლოდ კაცია ოჯახში უფროსი, რომ კაცი უნდა გაუშვან წინ, მხოლოდ ქმარი, დედამთილი, მამამთილი – ამათზე არიან დაყრდნობილი. ახალი თაობა უფრო მეტად თავისუფალია, მაგრამ ისინი სოფელში არ არიან, ჩემი თაობის ქალები არიან ძირითადად სოფელში და ისინი ჯერ კიდევ არიან ტრადიციების გავლენის ქვეშ.

ჩემი აზრით, რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში, რადგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ზოგჯერ ქალებს უფრო კარგად და სწრაფად შეუძლიათ, ვიდრე კაცებს. ხშირად, ქალების შესაძლებლობებს პარტიებიც კი შეგნებულად არ აღიარებენ. თუმცა შედეგებიც და კვლევებიც აჩვენებს, რომ ქალის აქტიურობა დადებითად აისახება პოლიტიკაში.

  • თუ საკრებულოში შეხვალთ, რა ინიციატივები გექნებათ, კიდევ რას შეცვლით ქალების ცხოვრებაში, თემში, მუნიციპალიტეტში?

ახლა მთავარი მიზანი ამ ხელისუფლების სახლში გაშვებაა, შემდეგ აუცილებელია აქტიური და ცოდნით აღჭურვილი ქალების დასაქმება, არ მინდა ჩემი გუნდიდან რომელიმე დამეკარგოს.

შესაქმნელია ისეთი ორგანიზაციები, სადაც ახალგაზრდებიც ჩაერთვებიან და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესდებიან. თვითმმართველობის დონეზეა შესაცვლელია ყველაფერი ყველა სფეროში. არ გვაქვს წესიერი საავადმყოფო, შვილს ველოდები და რატომ უნდა ვიყო აღრიცხვაზე ბათუმში? აქ ვერ გვთავაზობენ შესაბამის სერვისს, ძალიან მეშინია ბავშვის ავადმყოფობისაც, ამიტომ გვჭირდება კარგი საავადმყოფო. ტურიზმის კუთხითაც ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, საოჯახო სასტუმროების ბიზნესს უნდა შევუწყოთ ხელი, რომ იქნებ ჩემსავით დაბრუნდნენ ადამიანები სოფელში. გზები გასამართია, წყალი არ მოდის დაბაში და თუ მოდის, ვერ დალევ, ტალახიანია.

  • როგორც ვიცი, ეკოლოგიური პრობლემებიცაა ხულოში.

დიახ, ტყეები ხმება. ჩემს სახლს ზემოთ ნაძვნარი თითქმის გამხმარია, არავინ სწავლობს რა ხდება. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ, რადგან თუ ტყე გახმება, აღარც წყალი გვექნება და აღარც ბუნება, შესაბამისად არც ტურიზმი. ყველაფერს დავკარგავთ, რადგან ჩვენი სიმდიდრე ტყეა.

ასევე სოფლებიდან ნარჩენების გატანის პრობლემაა, სულ იმას ვეხვეწები, რომ გარემოს ნუ დაანაგვიანებთ-მეთქი. არ შეიძლება ყველაფერი გარემოში გადაყარო. მწვანე ტბაზეც გასავითარებელია ინფრასტრუქტურა.

ჩემი მიზანია, რაღაც შეიცვალოს სოფლად, რომ ჩვენი შვილები დაცულ და უკეთეს გარემოში გაიზარდონ. ისეთ სკოლაში, სადაც ყოველდღე პატრულის გამოძახება არ იქნება საჭირო.

  • რას გულისხმობთ?

როცა ფოთში ვცხოვრობდით, თითქმის ყოველდღე პატრულის მანქანა იდგა სკოლასთან. ხშირად იყო გარჩევები, ჩხუბი, წარტყმა-წამორტყმა, მეგონა სოფელში უკეთესი ვითარება იქნებოდა, თუმცა აქაც არის მოძველბიჭო გარემო.

სოფელში სულ იმაზე საუბრობენ, რომ ყველა მოსაწევზე ზის. ამ დროს სპორტდარბაზის კარები აჭედილია, ჭადრაკის სახლი კი ინგრევა. პირველ რიგში, ეს კარები უნდა გავაღოთ და კარგი სპორტის პედაგოგი მოვიყვანოთ. ჩვენს სოფელში ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონებიც კი გაიზარდნენ და ახალგაზრდების სპორტით დაკავებაა საჭირო. მეტი თანხა უნდა ჩაიდოს ჯანსაღ ცხოვრებაში. აქაური ბავშვები ვერც ტურნირებში იღებენ მონაწილეობას, თუ ერთ ტურს მოიგებენ, მეორეზე ქალაქში უნდა წავიდნენ, ამას ფული სჭირდება, რის შესაძლებლობაც ბავშვებს არ აქვთ. ამასაც დაფინანსება სჭირდება.

  • სოფელში რატომ დაბრუნდით?

ჩემი მეუღლე 25 წელი სამხედრო სამსახურში მსახურობდა, თუმცა ხელფასით თავი ვერ ვირჩინეთ ქალაქში. როცა უყურებ, რომ მეუღლე დილიდან საღამომდე გასულია სამუშაოზე, მაგრამ საარსებო მინიმუმი მოაქვს, შინაგანი პროტესტი გიჩნდება.

ერთ დღეს მეუღლემ მითხრა – „ჩვენ ასე ვერ გავზრდით შვილებს“. ძალიან დავისტრესე და დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ რაღაც უნდა შეგვეცვალა. ბავშვებიც რაღაცნაირად მეჩაგრებოდა ქალაქში, რადგან ვხედავდი, რომ ფინანსები აღარ გვყოფნიდა და ვეღარ ვაძლევდი საჭირო განათლებას. სასკოლო ტურებზეც კი ვეღარ გამყავდა, ყველაფერი ფასიანია. ხუთსულიანი ოჯახი ერთ ხელფასზე ვიყავით დამოკიდებული. ახლა კიდევ მეოთხეს ველოდებით. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავრიდებოდით ქალაქს და დავბრუნებულიყავით სოფელში.

გავყიდეთ ბინა და განვაახლეთ ცხოვრება სოფელში, სადაც მიტოვებული სახლი გვქონდა. თავიდან არც ბავშვებს უნდოდათ სოფელი, მაგრამ ქალაქში სიდუხჭირეში ყოფნას, სოფელში უფრო მყარად ცხოვრება მერჩივნა. მეუღლე პენსიაზე გავიდა და ახლა 400 ლარი აქვს, თუმცა სოფლად ეს თანხა უფრო გამოვიყენეთ, ვიდრე 1400 ლარი ქალაქში ცხოვრებისას.

  •  სოფლის სკოლაში რა ვითარებაა?

4-5 ბავშვი რომ დაგვხვდა კლასში, ძალიან დამთრგუნველი იყო, თუმცა ადაპტაცია უკვე გავიარეთ. ინტერნეტთან წვდომაც ჭირს, თუმცა მაინც ახერხებენ ონლაინგაკვეთილებზე ჩართვას. დიდაჭარის სკოლა ყოველთვის გამორჩეული იყო კარგი განათლებით, ვინც ამთავრებდა სკოლას, ყველა აბარებდა უმაღლესში, ამანაც გამაბედინა ბავშვების აქ წამოყვანა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: