მთავარი,სიახლეები

შესაძლოა თაობებს სახელმწიფოს შექმნის შანსიც კი წაგვერთვას – პოლიტოლოგი ე.წ. სუს-ის ფაილებზე

24.09.2021 • 1765
შესაძლოა თაობებს სახელმწიფოს შექმნის შანსიც კი წაგვერთვას  – პოლიტოლოგი ე.წ. სუს-ის ფაილებზე

„წარსული შეიძლება გახდეს ჩვენი მომავალი,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, რომელმაც დღეს, 24 სექტემბერს ბათუმში „დემოკრატიის სკოლაში“ შეხვედრა გამართა. ის სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, სასამართლოს დეგრადაციას არ გამორიცხავს, თუკი დღეს მოქალაქეები ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ვერ იგრძნობენ და არ გააქტიურდებიან.

რა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანაში პროცესი დემოკრატიის სასარგებლოდ განვითარდეს? – „ბათუმელებმა“ ლევან ცუცქირიძეს შეხვედრის შემდეგ რამდენიმე კითხვა დაუსვა. ის აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD აღმასრულებელი დირექტორია.

  • ბატონო ლევან, არამხოლოდ ამ შეხვედრაზე, ალბათ, ბევრისგან გესმით, რომ უკვე ქვეყნის დატოვება სურს, დაიღალა, ან ეძებს გზას, როგორ დარჩეს ისევ დემოკრატიის ქომაგად, როცა იმედგაცრუებულია… თქვენ სად ხედავთ დღეს მოქალაქის როლს? 

დღეს ძალიან ბევრი ადამიანია იმედგაცრუებული პოლიტიკური გარემოთი, სახელმწიფო ინსტიტუტების ხრწნით, კორუფციის დემოკრატიზაციით, ზოგადად პოლიტიკური კულტურის დეგრადაციით. ჩვენი, მოქალაქეების გადასარჩენია დემოკრატია. ჩვენ გვჭირდება უფრო მჭიდრო თანამშრომლობა თანამოაზრეებთან, რომ გადავდგათ გაბედული ნაბიჯები.

რეალურად საქართველოში  დემოკრატიის მხარდამჭერი ხალხი ბევრი ვართ. შესაძლოა, ბევრის შეხედულება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, ცალკეულ საკითხებზე გვქონდეს განსხვავებული პოზიციები, მაგრამ საქართველოში არავის უნდა, მაგალითად, ქუჩაში ვიღაცები დარბოდნენ ადამიანების საცემად და შემდეგ არავინ სჯიდეს. ამიტომაც, ვამბობ, რომ ჩვენ გვჭირდება თანამოაზრეების პოვნა და ხიდების აშენება ნგრევის ნაცვლად. ჩვენი პოლიტიკური ელიტა დღეს ხიდების ნგრევით არის დაკავებული, მაშინ, როდესაც პირიქით  უნდა იყოს.

  • რატომ აწყობთ ეს?

ზოგადად, პოლარიზაციას აქვს ეფექტი, მაგრამ ეს პრიმიტიული საარჩევნო სტრატეგიაა. დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენება ეს მეთოდი, როცა ამბობ, რომ შენ ხარ კარგი და დანარჩენი ყველა არის ცუდი. მგონი, დიდწილად ჩვენს პოლიტიკურ კლასში არ არის იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა აკეთო პოლიტიკა სხვაგვარად, რადგან ათწლეულებია უკვე ჩვენ ვუყურებთ ერთი და იგივე ტიპის პოლიტიკას.

ვფიქრობ, მოქალაქეებს უფრო მაღალი დონის პოლიტიკური კულტურა აქვთ, ვიდრე ჩვენს პოლიტიკოსებს, ისინი იმსახურებენ უფრო მაღალი დონის პოლიტიკას. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ პოლიტიკოსებმა ისაუბრონ არა იმაზე, თუ როგორი ცუდია სხვა, არამედ ისაუბრონ იმაზე, თუ როგორ გადაჭრიან პრობლემებს, რაც გვაწუხებს. ამაზე რომ ვერ ვსაუბრობთ, ეს არის ჩვენი დემოკრატიის ტრაგედია. დღეს ჩვენ გვაქვს არჩევნები, სადაც პრაქტიკულად არ არსებობს დებატი, დისკუსია რაიმეს შექმნაზე იქნება ეს, თუ წინასაარჩევნო პროგრამები. საერთოდ ეს გახდა მეათეხარისხოვანი საკითხი.

  • სურთ ეს ნამდვილად მოქალაქეებს? ე.წ. სუსის უკანონო ფაილებზეც კი არ ჩანს რეაქცია…

ჩვენი საზოგადოებრივი სხეული, მგონი, დაბუჟდა რაღაცნაირად, როცა ტკივილს ვეღარ ვგრძნობთ. მგონი, დავიღალეთ. ამას სჭირდება თვისებრივად ახალი აქტივიზმი, რომ ეს დაბუჟებული სხეული გაცოცხლდეს. ეს მისია უნდა შევასრულოთ პროდემოკრატიულმა ძალებმა და ეს ბნელი დისკურსი გადავრთოთ.

  • რა რისკები არსებობს, საითკენ მიდის პროცესი?  

უფრო მეტი დეგრადაციისკენ, თუ ასე გაგრძელდა. მხოლოდ მთავრობას არ ვგულისხმობ. მოიაზრება სამოქალაქო ორგანიზაციები, მედია… ეს ყველაფერი შესაძლოა მოიშალოს და ჩაყლაპოს ამ ორომტრიალმა, ქაოსმა. რეალურად ძალიან დიდი ხნით, საბოლოოდ თუ არა, შესაძლოა წაგვერთვას რამდენიმე თაობას იმის შანსი, რომ ნორმალური სახელმწიფო შევქმნათ. ეს ძალიან დასანანი იქნება.

სამოქალქო საზოგადოებამ დღეს უფრო ხმამაღლა საუბარი უნდა დაიწყოს, მათ შორის, სხვა ჯგუფებთან, პოლიტიკოსებთან, თანასწორის რანგში ესაუბროს ყველას და მიუთითოს, რომ სხვანაირად უნდა გააკეთონ საქმე. უნდა შევაჯანჯღაროთ მთლიანად პოლიტიკური სისტემა. ახლა უკეთესი მოქალაქე უნდა გავხდეთ ყველა და გავაცნობიეროთ, რომ მოქალაქეობა პასუხისმგებლობაა.

  • კვლევების მიხედვით, ისევ ბევრია ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ანუ მოქალაქეები ისევ თვლიან, რომ არჩევანი არ აქვთ. 

ისევ ძლიერია ფაქტორები, რაც იწვევს აპათიას, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს არჩევნების გარდა. არჩევნების გარდა გამოსავალი არ არსებობს… ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ლიდერს არ ველოდოთ, რომ ვიღაც მოვა და გვაჩვენებს სწორ გზას. უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ციცაბო გზაზე მოგვიწევს გავლა, თუ გვინდა, რომ შანსი გვქონდეს.

  • როცა ჩანს, რომ ხელისუფლებას არ აღელვებს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები, რამდენად შეიძლება მათი მხარდაჭერის შენარჩუნება? 

რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორები მეგობრობენ ქვეყანასთან, თუმცა არავის ჩვენზე სამუდამოდ ჯვარი დაწერილი არ აქვს. ძალიან მარტივად შეიძლება აღმოვჩნდეთ არშემდგარი ქვეყანა და ისევ მივიღოთ 90-იანი წლები. ის, რაც წელს, 5 ივლისს ხდებოდა თბილისის ქუჩებში, არაფრით განსხვავდება 90-იანი წლების ამბებისგან.

მარტივად შეიძლება, წარსული გახდეს ჩვენი მომავალი, თუ არ ვიმოქმედებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: