მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა არის მოციმციმე არითმია და რა იწვევს მას – ექიმის რჩევები

24.09.2021 • 8088
რა არის მოციმციმე არითმია და რა იწვევს მას – ექიმის რჩევები

გულის რითმის პრობლემები (გულის არითმიები) ჩნდება მაშინ, როდესაც ელექტრული იმპულსები, რომლებიც კოორდინაციას უწევენ გულისცემას, არ მუშაობს სწორად, რის შედეგადაც გული ცემს ძალიან სწრაფად, ძალიან ნელა ან არარეგულარულად.

არითმია ბევრნაირი არსებობს, თუმცა მოციმციმე არითმია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. რა არის მისი გამომწვევი მიზეზები და როგორია პრევენცია? – ამ საკითხზე ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიო-პულმონოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ინტერვენციული კარდიოლოგი ტატო ჯახია საუბრობს. 

  • ბატონო ტატო, რა არის მოციმიმე არითმია და რა ხდება ამ დროს?

მოციმციმე არითმიის დროს წინა გული არ იკუმშება რითმულად და „ციმციმებს“, ანუ ხშირად არარეგულარულად იკუმშება. ზოგადად, ადამიანს აქვს იმპულსის სამი გენერატორი, მათგან წამყვანია სინუსის კვანძი, ის მდებარეობს მარცხენა წინაგულში და როდესაც ირღვევა რითმი, ანუ ზიანდება სინუსი სხვადასხვა მიზეზის გამო, იმპულსების გენერირება და წამოსვლა იქიდან ვეღარ ხდება. ეს იმპულსები ხდება ქაოსური და ისე გადაეცემა პარკუჭს. ამ დროს იწყება წინაგულების არაეფექტური შეკუმშვები და წინა გულიდან პარკუჭში სისხლი პასიურ რეჟიმში გადაედინება და არა შეკუმშვის ძალით.

  • როგორია ნორმალური პულსი?

ნორმალურ პულსად ითვლება 60-დან 90-მდე დარტყმა წუთში, ნორმალური თვითშეგრძნების პირობებში (ნორმოსისტოლია). არითმიის დროს შეიძლება იყოს აჩქარებული (ტაქისისტოლია) ან შენელებული (ბრადისისტოლური) გულისცემა.

როგორც წესი, ადამიანს მოციმციმე არითმია ეწყება აჩქარებული გულისცემით და ხშირად მოციმციმე არითმია სწორედ აჩქარებულ გულისცემასთან ასოცირდება.

  • რა იწვევს მოციმციმე არითმიას?

მოციმციმე არითმია შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორის გულის სტრუქტურული დაავადებებით, გულის სარქვლოვანი დაავადებებით, რა დროსაც ხდება სარქვლის დაზიანება.

ასევე, მიზეზი შეიძლება გახდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, რაც იწვევს ტაქიკარდიას. ასეთ პაციენტებში ძალიან ხშირია მოციმციმე არითმიის ეპიზოდები.

არითმიის დაწყების მიზეზი ხშირად არის ელექტროლიტური დისბალანსი, როდესაც ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით კალიუმს. ახალგაზრდებთანაც ფიქსირდება სხვადასხვა მიზეზის გამო, თუმცა მოციმციმე არითმია უფრო ხშირია ასაკოვან ადამიანებში.

  • როგორ ამოვიცნოთ მოციმციმე არითმია შეგრძნებების დონეზე?

არის შემთხვევები, როცა ადამიანმა შესაძლოა საერთოდ ვერ იგრძნოს მოციმციმე არითმიის დაწყება, ან იყოს იმდენად სუსტი სიმპტომებით გამოხატული, რომ დიდად არ შეაწუხოს ამ მდგომარეობამ, მაგრამ გულის აჩქარების დროს ჩემი პირველი რეკომენდაციაა – აუცილებლად მიმართოთ ექიმს. ხშირია ხოლმე, როცა აქვთ გულის აჩქარების დროს ჰაერის უკმარისობის მსგავსი შეგრძნება. 

ასევე ხშირად, როცა წნევას იზომავენ და პულსი არარეგულარულია, ძნელდება წნევის გაზომვა, სხვადასხვა ნიშნულს აჩვენებს ყოველ ჯერზე. ესეც შესაძლოა იყოს ნიშანი, რომ პულსი არითმიულია. თუ პულსს შეამოწმებთ მაჯაზე, შეამჩნევთ, რომ ის აჩქარებულია ან/და არითმიული.

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მოციმციმე არითმიას?

გართულებებიც სხვადასხვაგვარი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ყველაზე ხშირი და საშიში გართულება იშემიური ინსულტია, თავის ტვინის დაზიანება, რომლის გამომწვევიც საკმაოდ ხშირად არის მოციმციმე არითმიის პაროქსიზმები – როდესაც ადამიანს თავისით ეწყება მოციმციმე არითმია და თავისით ეხსნება. 

როდესაც არითმია იწყება, წინა გული არ იკუმშება, იგი „ციმციმებს“ და ეფექტურ შეკუმშვებს ვერ აკეთებს. გახანგრძლივებული მოციმციმე არითმია ხშირ შემთხვევაში არის გულის სტრუქტურული დაზიანების მიზეზი. ამ არითმიისას წინაგულში არსებული სისხლის გამდინარე ნაკადის არარსებობის გამო მაღალია რისკი ჩამოყალიბდეს თრომბი.

როდესაც ხდება ამ არითმიის მოხსნა და წინა გული ისევ იწყებს მუშაობას, ჩნდება რისკი, რომ არსებული თრომბი მოწყდეს, გადავიდეს პარკუჭში, შემდეგ – აორტაში, იქიდან კი ან თავის ტვინის სისხლძარღვებში გადაინაცვლოს და რომელიმე სისხლძარღვი დაახშოს, ან სისტემაში ნებისმიერი ორგანოს სისხლძარღვი, რაც ხშირ შემთხვევაში მძიმე შედეგების მომტანია.

აუცილებელია შეფასდეს რისკები, იქნება ეს თრომბული გართულების თუ სისხლდენის რისკები და ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ მკურნალობა სისხლის გამათხელებლებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. პრეპარატი აუცილებლად შერჩეული უნდა იყოს ექიმის მიერ.

სისხლის გამათხელებელი მედიკამენტებით მკურნალობისას საჭიროა გარკვეული ინტენსივობით კარდიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.

  • როგორ მკურნალობენ?

მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად არსებობს მკურნალობის კიდევ რამდენიმე მეთოდი. მაგალითად, თუ ეს არის მექანიკური მიზეზი, მაგალითად, სარქვლოვანი პათოლოგიები, შესაძლოა ჩატარდეს ოპერაცია, გამოიცვალოს სარქველი და მოციმციმე არითმიაც ამასთან ერთად გაქრეს. არსებობს ასევე ნახევრად ოპერაციული ჩარევა – აბლაცია, როცა ხდება სისხლძარღვებიდან შესვლა, გულამდე მისვლა და გარკვეული მანიპულაციის ჩატარება, არითმიის გამომწვევი დამატებითი გზების მოწვა.

  • რა სახის საკვები არ არის რეკომენდებული გულის ჯანმრთელობისთვის?

ჯანსაღი ცხოვრების წესი ისეთი უნივერსალური რეკომენდაციაა, რომელიც არასოდეს არის უადგილო, მათთვისაც კი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებთ.

მნიშვნელოვანია ძილის მოწესრიგება (გვეძინოს 8 საათი მაინც დღე-ღამეში) და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა, ეს არ არის ბუტაფორიული სიტყვები, ეს დამტკიცებულია კვლევებით და საკმაოდ მაღალი ეფექტიც აქვს გულის და არა მარტო გულის დაავადებების დროს.

რაც შეეხება საკვებს, უნდა ვერიდოთ ცხიმიან, ძალიან ტკბილ და მარილიან საკვებს. უნდა ვერიდოთ ტაფაში, ცხიმში შემწვარ კერძებს, რაც ჩვენთან, საქართველოში ძალიან აქტუალურია. არსებობს ბევრი სხვა მეთოდი იგივე კერძების სხვაგვარად მომზადების, ღუმელში, გრილზე და ა.შ., რის შედეგადაც გაცილებით ჯანსაღ პროდუქტს მივიღებთ.

ზრდასრულმა ადამიანმა დღის განმავლობაში 2-3 ლიტრი წყალი მაინც უნდა მიიღოს, თუ, ცხადია, ჯანმრთელობის სხვა პრობლემები არ აქვს, რომლის დროსაც შეიძლება შეზღუდული იყოს სითხის მიღება.

გადაბეჭდვის წესი