დღეს, 3 მარტს, პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს რუსეთსა და უკრაინას შორის დღეს გამართული მოლაპარაკებების შესახებ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსულ მხარესთან ვერ წავა კომპრომისზე, რომელიც უკრაინის რუსეთისთვის გადაცემას გულისხმობს, თუმცა მოლაპარაკებებს მაინც აქვს მნიშვნელობა:
„არის საკითხები და ჩვენ ამ თემებზე საუბრისთვის მზად ვართ. რუსეთის მხარეს დიდი ხანია აქვს პასუხები მათსავე კითხვებზე.
უბრალოდ მე მივიჩნევ, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს კითხვების დასმას, თუ უკვე გაქვს პასუხები. ამ დიალოგის სირთულე ამაშია. ჯერჯერობით.
არის საკითხები, სადაც რაღაც კომპრომისების პოვნაა საჭირო, რომ ადამიანები არ დაიღუპნონ, მაგრამ არის საკითხები, სადაც კომპრომისი ვერ იქნება.
შეუძლებელია უბრალოდ ადგე და თქვა – „კი, ეს თქვენი ქვეყანაა, უკრაინა რუსეთის ნაწილია“. ეს შეუძლებელია. ხომ გესმით?! რატომ უნდა შემოგვთავაზონ ეს?
მე მივიჩნევ, რომ იქ [რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში] არის პუნქტები. არ ვუყურებ ფორმულირებებს, რომელიც იქაა, როგორც კონსტანტას.
მივიჩნევ, რომ ეს ფორმულირებები სამართლიანია, რადგან მეორე მხარე მზად არის ჩვენ გასანადგურებლად ამ საკითხების გამო. ე.ი. ეს საკითხები სამართლიანია ჩვენი დიალოგისთვის. იმიტომ, რომ მე მინდა ომის გაჩერება. საქმე ფორმულირებებშია, ბალანსსა და სურვილში. ზოგადად, ყველაფერი ცხოვრებაში სურვილზეა დამოკიდებული. ეს არის მთავარი მოტივაცია.
ნებისმიერ მოლაპარაკებას აქვს აზრი. ნებისმიერი სიტყვა ტყვიის გასროლაზე მნიშვნელოვანია. თუ შეგიძლია ჯერ თქვა და მერე გაისროლო, ასე უნდა მოიქცე. მე ამ პრინციპით ვცხოვრობ,“ – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი დასრულდა. პოდოლიაკის თქმით, „ის შედეგები, რაც უკრაინას სჭირდება, ჯერ არ არის მიღწეული“. რაზეც შეთანხმება შედგა, ჰუმანიტარული კორიდორის ორგანიზებაა.
The second round of negotiations is over. Unfortunately, the results Ukraine needs are not yet achieved. There is a solution only for the organization of humanitarian corridors… pic.twitter.com/0vS72cwYSX
შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე პოდოლიაკმა დააზუსტა, თუ რას ნიშნავს ჰუმანიტარული კორიდორი და რა შემთხვევაში შეწყდება ცეცხლი. მისი თქმით, დროებით ცეცხლის შეწყვეტა მოსალოდნელია მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დროს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ევაკუაცია ხდება ჰუმანიტარული კორიდორის პირობებში.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედების არეალში მყოფი მოსახლეობისთვის საკვებისა და მედიკამენტების შეტანაზე.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის თქმით, მუშაობა გაგრძელდება მაქსიმალურად მოკლე დროში შემდეგი რაუნდის გასამართად.
რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, 3 მარტს, გაიმართა. როგორც შეხვედრის დაწყების წინ პოდოლიაკი წერდა, უკრაინის დელეგაციის მოთხოვნები იყო: ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ასევე დაზავება, ჰუმანიტარული კორიდორები დაბომბილი სოფლებიდან და ქალაქებიდან ადგილობრივების გასაყვანად.
მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს შედგა. პირველი შეხვედრა ბელარუსში, უკრაინის საზღვართან, მდინარე პრიპიატის ნაპირზე გაიმართა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა და მას შემდეგ აქტიურად უტევს სხვადასხვა ქალაქს, მათ შორის, კიევს.
დღეს, 3 მარტს, პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვებზე პასუხისას მან გაიხსენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან პირველი შეხვედრა.
„მე ცუდად არ ვკითხულობ სახეებს. მე მაინტერესებს ამ ადამიანის [ლავროვის] თვალებში ყურება.
მე ის პირველად ვნახე მგონი პირველი ყოფნისას აშშ-ში, როცა გვქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან. მაშინ მოვიდა ჩემთან ლავროვი და მითხრა – „ბატონო პრეზიდენტო, მე საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ“. „დიახ, გიცნობთ, ვუყურებ ტელევიზორს“ – ვუპასუხე მე.
მან მკითხა – რა გინდათ რუსეთისაგან და ა.შ. ვკითხე, ეს მხოლოდ ჩვენ შორის საუბარი იყო თუ არა. მან მითხრა, რომ კი.
„ძალიან მინდა, რომ გაათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაბრუნდეს 10 წლის წინ, რადგან იმ რაოდენობის მეგობრები, რაც მე იქ მყავდა, ის ურთიერთობები, რაც მქონდა ბიზნესში, აღარ არის. ამას ხაზი გადაესვა, დავიწყებულია“ – ვუთხარი და კიდევ ის, რომ მინდოდა მშვიდობა.
ვკითხე, ეს საუბარი ჩვენ შორის დარჩება, არა?! მაგრამ მშვიდობა – ყველასთვის. ჩვენ შორის კი დარჩეს ის, რომ თქვენ უნდა ეცადოთ, არ იყვიროთ, რიტორიკა დაამშვიდოთ, რომ რაღაც გამოგვივიდეს.
მან თქვა, რომ მეთანხმებოდა. იქვე აიღო ტელეფონი, შეტრიალდა და დარეკა რომელიღაც რუსულ ტელევიზიაში თუ რადიოსადგურში და უთხრა – ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ ზელენსკის, ის თანახმაა წამოვიდეს ჩვენს ყველა პირობაზე.
ეს პასუხია. ეს ამ ადამიანების გზაა.
ისინი არ არიან მზად. მათ არ აინტერესებთ შედეგი. მათ აინტერესებთ პროცესი, გზა. ეს გზა სისხლიანია. მათ აინტერესებთ რა არის აქ და ახლა. არ აინტერესებთ რა იქნება მათ შემდეგ. მსოფლიო კი მათ შემდეგაც ნამდვილად იქნება.
„რისი გარანტია? – ჩვენ თავს არ ვესხმით რუსეთს და არც ვაპირებთ თავდასხმას. რისი გარანტია? ჩვენ ნატოში ვართ? – არა. ჩვენ გვაქვს ატომური იარაღი? – არა. მე რა უნდა ვთქვა, მე ვის რა უნდა მივცე? თქვენ ხომ ხვდებით, რომ ესეც საინფორმაციო ბომბია, რომელზეც ყველა ლაპარაკობს. რა მივცე? ღმერთო.
რა გინდა ჩვენგან? წადი ჩვენი მიწიდან. ახლა არ გინდა წასვლა? დაჯექი ჩემთან მოლაპარაკების მაგიდასთან. მე თავისუფალი ვარ. დაჯექი ჩემთან, მაგრამ რა საჭიროა 30 მეტრის მოშორებით [დაჯდომა], როგორც მაკრონთან, შოლცთან და სხვებთან. მეზობელი ვარ ხომ. არ არის საჭირო ჩემი მოშორება 30 მეტრით. მე არ ვიკბინები. მე ჩვეულებრივი კაცი ვარ. დაჯექი ჩემთან. დამელაპარაკე, რისი გეშინია?
ჩვენ არავის არ ვემუქრებით. ჩვენ არ ვართ ტერორისტები. ჩვენ არ ვძარცვავთ ბანკებს. არ ვიტაცებთ სხვის მიწებს“.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე თქვა, რომ შეიარაღებასა თუ ჯარისკაცების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ ომმა ხალხი და ხელისუფლება გააერთიანა და ახლა „ეს ძალიან საშიშია:
არ არის საუბარი იმაზე, საკმარისია თუ არა იარაღი, არც მსურს ამაზე საუბარი. არ არის საუბარი იარაღის დატოლებაზე, მათ ათჯერ მეტი აქვთ. მაგრამ ჩვენს მიწაზე ისინი ათჯერ ნაკლები არიან ჩვენთან შედარებით. არ აქვს მნიშვნელობა ხალხის რაოდენობას, ვინც ჩვენს მიწაზე მოდის.
მნიშვნელოვანი მათი და ჩვენი მიზანია: დაცვა და თავისუფლება, რადგან ჩვენი ბავშვებია ჩვენი თავისუფლება, რა დარჩება ჩემ შემდეგ? მსურს, რომ ჩემი შვილები უბრალოდ ცოცხლები იყვნენ, მორჩა. მეტი არაფერი მინდა და ყველას ამას ვუსურვებ – შვილების სიცოცხლეს.
და მათი მიზანი რა არის? ერის, ხალხის მუხლებზე დაჩოქება, მრავალეროვანი ერის, რომელიც დამოუკიდებელია ყველაფრისგან, ენისგან, რომელზეც ვსაუბრობთ, ფესვებისა და წარმომავლობისგანაც. ერის, რომელიც თანასწორად გრძნობს თავს ყველასთან.
ჩვენ ვაშენებთ ამ საზოგადოებას, ახლახან დავიწყეთ შენება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ასეთები ვიყავით. ჩვენი ერი ახლა ერთიანია და სწორედ ამის ეშინია ახლა რუსეთს.
ასეთი დაყოფა – ხალხი და ხელისუფლება აღარ გვაქვს, ჩვენ ყველანი ახლა ვართ ერთი სახალხო ხელისუფლება, ჩვენ ყველანი ერთი ქვეყანა ვართ და ეს ძალიან საშიშია, რადგან ყველაფერია ამ ერთიანობაში. ამ ერთიანობით ვცდილობთ თავის დაცვას. მათ კი ამ ერთიანობის გატეხვა სურთ.
დღეს, 3 მარტს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ბაზარზე მუშაობას აჩერებს კიდევ რამდენიმე მსხვილი კომპანია.
მათ შორისაა IKEA, შვედური ავეჯისა და აქსესუარების მწარმოებელი კონცერნი, რომელიც მუშაობას აჩერებს რუსეთსა და ბელარუსში. ამის შეახებ „იკეამ“ განცხადება დღეს გამოაქვეყნა.
მუშაობის შეჩერების გარდა, „იკეა“ აჩერებს იმპორტსა და ექსპორტს რუსეთიდან და ბელარუსიდან. კომპანია აცხადებს, რომ 400 მლნ შვედურ კრონს [41 მლნ აშშ დოლარი] გაიღებს იმ პირების დასახმარებლად, რომლებიც ომის გამო იძულებულნი არიან უკრაინა დატოვონ. რუსეთის ფედერაციაში კომპანიას 17 ფილიალი აქვს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში მუშაობა შეაჩერა ჩეხურმა „შკოდამ“. გადაწყვეტილება უკავშირდება რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. „შკოდა“, რომელიც თავის მხრივ შედის Volkswagen-ის კონცერნში, აჩერებს მსუბუქი ავტომანქანების წარმოებას რუსეთში, კალუგისა და ნიჟნი ნოვგოროდის ქარხნებში. კომპანია ასევე წყვეტს ავტომანქანების ექსპორტს რუსეთში.
რუსეთში ცამეტივე მაღაზია დაკეტა „იუსკიმ“, დანიურმა ავეჯის მწარმოებელმა კომპანიამ.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთში თავისი პროდუქციის მიწოდება შეაჩერა საბავშვო სათამაშოების პოპულარულმა მწარმოებელმა „ლეგომ“. კომპანია ასევე აცხადებს, რომ 16,5 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.
გერმანულმა კომპანია SAP-მა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფაზე მუშაობს, ასევე შეაჩერა რუსეთში მუშაობა. კომპანიის განცხადებით 1 მილიონ დოლარს ისინი გაიღებენ უკრაინელის მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
ფინურმა ჯგუფმა Fortum-მა მიიღო რუსეთში მიმდინარე ყველა საინვესტიციო პროექტის შეჩერების გადაწყვეტილება.
თავისი ოფისი დაკეტა რუსეთში შვედურმა კომპანია Spotify-მ. კომპანიამ ასევე შეზღუდა სერვისის წვდომა რუსულ სამთავრობო მედიასაშუალებებზე.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და უკვე 8 დღეა ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე საცხოვრებელ სახლებს, რუსეთში მუშაობა, დასავლეთის მიერ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციების ფონზე, ათობით მსხვილმა ცნობილმა კომპანიამ შეაჩერა. მათ შორისაა BMW, APPLE, „ფორდი“, „ვოლვო“, „სიმენსი“, „დელი“ და ა.შ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, 45 ქვეყანასთან ერთად უკრაინამ ეუთოს მოსკოვის მექანიზმი აამოქმედა:
„ჩვენ დავაყენებთ რუსეთის პასუხისმგებლობას ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. უკრაინამ 45 სახელმწიფოსთან ერთად აამოქმედა ეუთოს მოსკოვის მექანიზმი რუსეთის შემოჭრაზე. ექსპერტთა მისია წარუდგენს დასკვნებს ანგარიშვალდებულების მექანიზმებს, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოებსა და ტრიბუნალებს”, – წერს კულება.
მოსკოვის მექანიზმი, მიღებულია 1991 წელს ადამიანური განზომილების კონფერენციის მესამე ეტაპზე. იგი ავსებს და აძლიერებს ვენის მექანიზმს. მოსკოვის მექანიზმი ითვალისწინებს ექსპერტთა მისიების გაგზავნის შესაძლებლობას, რათა დაეხმაროს მონაწილე სახელმწიფოებს ადამიანურ განზომილებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხის ან პრობლემის გადაჭრაში.
უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ რუსეთს მრავალმხრივი სანქცია დაუწესა. რუსეთის ყოფილმა პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროპის მოსახლეობას ბევრად მაღალი ფასის გადახდა მოუწევს გაზში, ვიდრე რუსეთთან თანამშრომლობის შემთხვევაში უწევდა. ეს ერთგვარი მუქარა აჩენს ლოგიკურ მოლოდინს, რომ შესაძლოა რუსეთმა ევროპის ქვეყნებს გაზმომარაგება შეუზღუდოს.
ვინ რამდენადაა დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე? შეუძლია თუ არა ევროპას თქვას უარი რუსული გაზის მოხმარებაზე? რა ალტერნატიული რესურსები არსებობს მსოფლიოში ამ მხრივ ევროპისთვის? რამდენად რეალურია გავრცელებული აზრი, რომ რუსეთი შეუცვლელი ენერგოექსპორტიორია ევროპისთვის, როგორც ამას რუსული მხარე უსვამს ხშირად ხაზს?
ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებთან“ გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე საუბრობს.
ბატონო ალექსანდრე, რამდენადაა რუსეთის ეკონომიკა დამოკიდებული ენერგომატარებლების ექსპორტზე?
ენერგეტიკა პრაქტიკულად ერთადერთი ძირითადი შემოსავალია რუსეთისთვის. მაგალითად, მხოლოდ ნავთობის ექსპორტით რუსეთის შემოსავალი 2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე, იყო 174 მილიარდი დოლარი.
იმავე წელს 40 მილიარდი ჰქონდათ გაზის ექსპორტით. რუსეთის ეკონომიკას ნავთობის ექსპორტი განაპირობებს.
პუტინი ცდილობდა სხვადასხვა ბიზნესში ფულის დაბანდებას რუსი მილიარდერების მეშვეობით, რომ რაღაც შემოსავალი მაინც მიეღო სხვადასხვა სექტორიდან, მაგრამ სანქციები ამოქმედდა, ამიტომ ეს აღარ გამოვა.
თქვენი შეფასებით, მძიმედ იმოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები?
სანქციები უმძიმესია. მართალია, მარტო ეს სანქციები უკრაინას ვერ გადაარჩენს და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ახლა სამხედრო დახმარება, მაგრამ რუსეთი, როგორც ფედერალური სახელმწიფო, იმ ფორმით, როგორც ის არსებობს, აღარ იარსებებს.
ახლა ბანკებში რუსეთის ავუარების გაყინვა (ავუარი – ფულადი სახსრები, ფასიანი ქაღალდები, საზღვარგარეთის ბანკში არსებული რეზიდენტი ბანკის ანგარიშზე განთავსებული სახსრები უცხოურ ვალუტაში, ცალკეული პირის ან დაწესებულების ანაბარი საზღვარგარეთის ბანკში), ასევე ცენტრალური ბანკის ოქროს რეზერვისა და მისი სავალუტო რეზერვების გაყინვა, სანედლეულო ბაზრებიდან რუსეთის გაგდება, მთლიანად დაშლის ამ ქვეყანას. არ დაგვავიწყდეს – სანედლეულო ბაზრების 99 % ორ ქვეყანაშია: აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში.
ჩემი ვარაუდით, ამ სანქციებით რუსეთს ზაფხულში დეფოლტი არ ასცდება.
ალექსანდრე თვალჭრელიძე
მედვედევმა სანქციების დაწესების შემდეგ თქვა, რომ ევროპის მოსახლეობას ბევრად მეტის გადახდა მოუწევს გაზში, ვიდრე რუსეთთან თანამშრომლობისას უწევდა. ეს რამდენად რეალურია?
არა, ეს რეალური არ არის. გაზი, რა თქმა უნდა, შეიძლება გაძვირდეს სანქციების პირობებში ევროპელებისთვის, მაგრამ გაძვირდება მცირედ. არავითარი 2000 ევრო გაზის გადასახადი არ გახდება, ეს შეუძლებელია. რაც მედვედევს ჰგონია, ის არც ერთ შემთხვევაში არ იქნება. დაშინების მეთოდით მოქმედებენ.
ევროპის ქვეყნები რამდენადაა დამოკიდებული რუსულ გაზზე და ამ რესურსის რა მარაგები აქვთ მათ ახლა?
ევროკავშირს შიდა, ერთიანი ბაზარი აქვს, მოგეხსენებათ. საიდანაც არ უნდა შევიდეს გაზი, მერე შიდა ქსელში ნაწილდება ქვეყნებზე.
ევროკავშირის გაზის გამანაწილებელი კავშირის სისტემა ყველაზე უფრო დაქსაქსული ქსელია. ყველაზე მეტი გაზსაცავი აქვს გერმანიას და საფრანგეთს. მერე მოდიან დანარჩენი ქვეყნები. გაზის საცავები მთლიანად რომ გაავსოს ევროპამ, ერთი წელი ეყოფა.
გაზის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროები რომელია ევროპისთვის?
ევროპას დაახლოებით 42 გაზის მიმწოდებელი ჰყავს, მათ შორის, 2 მილსადენით იღებენ გაზს ალჟირიდან, ერთი მილსადენი მიდის ესპანეთში, მეორე – სარდინიის გავლით პირდაპირ იტალიაში. ამიტომ იტალიას ყველაზე ნაკლებად ეშინია გაზის შეწყვეტისა და ემბარგოსი.
შეუძლია ევროპას უარი თქვას რუსული გაზის მოხმარებაზე? რა ალტერნატიული რესურსები არსებობს მსოფლიოში ამ მხრივ ევროპისთვის?
დიახ, ევროპას აქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობა აუაროს გვერდი რუსეთს, როგორც გაზის მიმწოდებელს.
ევროპამ დაკეტა გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი – 2“, მაგრამ შეუძლია ასევე დაკეტოს „ჩრდილო ნაკადი 1“. ტყუილად არ აშენებულა სამხრეთის გაზის დერეფანი.
ეს არის აზერბაიჯანიდან მიმავალი გზა, რომელიც გადის ტრანსანატოლიის გაზსადენზე, ტრანსადრიატიკის გაზსადენზე, შემდეგ იყოფა ორად საბერძნეთში:
ერთი მილი მიდის ბულგარეთში და უერთდება ევროპის გაზსადენს
მეორე შედის იტალიის ქალაქ ბრინდიზიში
აუცილებლად უნდა გაიზარდოს სამხრეთის გაზის ამ დერეფნის სიმძლავრე.
სასწრაფოდ მოსაგვარებელია შემდეგი რამ: უნდა დალაგდეს ურთიერთობა ირანთან და მათი რესურსით შეუძლიათ ჩაანაცვლონ რუსული გაზი.
მოგეხსენებათ, გაზის მარაგებით რუსეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში, მეორე ქვეყანაა ამ მხრივ ირანი, მესამე კი – კატარი.
შენდება ასევე ორი ტერმინალი, რათა გათხევადებული გაზი მიიღოს ევროპამ, ეს იმიტომ, რომ არსებული ტერმინალების სიმძლავრე, რომლებიც პოლონეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებშია, არასაკმარისია.
ამის დასაძლევად აბსოლუტურად შესაძლებელია, ვთქვათ, ორი წლით სანამ ეს ტერმინალები აშენდება, სასწრაფოდ გაზარდონ გაზის მოპოვება ჩრდილოეთის ზღვაში.
ბრიტანეთს, ჰოლანდიასა და ნორვეგიას საერთოდ არ სჭირდება რუსული გაზი, მათ შეუძლიათ, როგორც ვთქვი, ჩრდილოეთის ზღვაში ჭაბურღილებით გაზის მოპოვება გაზარდონ ორი წლით, ზემოთ ხსენებული ორი გაზსადენის აშენებამდე.
გამოდის, ევროკავშირის ქვეყნების გაზის მთავარი მიმწოდებელი რუსეთი კი არა, ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო და ჰოლანდიაა, ანუ ზემოთ ხსენებული ჩრდილოეთის ზღვიდან მომავალი ნაკადი.
დიახ. ევროპის გაზმომარაგებაში რუსეთის წილი 38%-ია და 40% მოდის ჩრდილოეთის ზღვიდან.
გასაზრდელია ალჟირის ნაკადიც – ამ შემთხვევაში მილსადენები შესაძლებელია უფრო დაიტვირთოს. მოკლედ, გაზმომარაგების თვალსაზრისით ევროპას მანევრირების ბევრი გზა აქვს.
შვეიცარიამ საერთოდ უარი თქვა რუსულ გაზზე. ისინი მაზუთსა და ელექტროენერგიას იყენებენ.
რამდენია რუსეთის პროცენტული წილი ნავთობის მსოფლიო ექსპორტში და ამ ქვეყანაზე ნავთობდამოკიდებულებას როგორ დააღწევს თავს ევროპა?
მსოფლიო ნავთობის ექსპორტის მხოლოდ 20%-ია რუსეთის, ამის ამოვსებას არაფერი უნდა. ტყუილად ამბობენ, რომ რუსეთის ეკონომიკურ ექსპანსიას ვერ მოევლება. ეს თავად რუსეთის მიერ შექმნილი მითია.
ჭკვიანური მართვით ნამდვილად მოევლება, მანევრის შესაძლებლობა მსოფლიოს აქვს. რუსეთის ნავთობის მარაგი მეშვიდეა მსოფლიოში, სამეულში ვერ შედის. პირველ ადგილზე არის ვენესუელა ამ მხრივ, მეორეზე – საუდის არაბეთი, მესამეზე – ირანი.
რუსული ნავთობის ჩანაცვლებას არაფერი უნდა, ამისთვის OPEC-მა (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია) უნდა გაზარდოს არაბული და სხვა ქვეყნების კვოტები დღიურ მოპოვებაზე.
რუსეთს ჰქონდა 12 მილიონი ბარელის მოპოვების უფლება დღეში და საუდის არაბეთს უნდა გაეზარდოს ეს მაჩვენებელი 16 მილიონ ბარელამდე დღეში, უნდა გაიზარდოს ასევე კატარის, ნიგერიის, ანგოლას კვოტები.
ამ გზით შეიძლება საერთოდ ნულზე დაიყვანონ ნავთობის ექსპორტი რუსეთიდან.
აშშ-მ რომ გაზარდოს ე.წ. ფიქლის ნავთობისა და ფიქლის გაზის წარმოება, ნავთობის არავითარი პრობლემა არ ექნება.
გარდა ამისა, არსებობს გაერთიანებულ სამეფოში დანერგილი ძალიან საინტერესო ტექნოლოგია – ნახშირისგან საწვავის მიღება.
მაგალითად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის თხევადი საწვავის – ბენზინისა და დიზელის 60% ნახშირისგანაა წარმოებული. ეს მეთოდი ინგლისელებმა მაშინ მოიგონეს, როცა მეორე მსოფლიო ომის დროს ნავთობის წყარო გადაეკეტათ.
რუსეთის ჩანაცვლება ენერგობაზარზე არ არის მარტივი, მაგრამ სავსებით შესაძლებელია.
ნავთობით ყველაზე მდიდარი ქვეყანა ვენესუელაა, იქ შეიძლება დალაგდეს ურთიერთობები და გაიზარდოს მოპოვება. ზემოთ ვახსენეთ საუდის არაბეთი, თუ კვოტები გაეზრდებათ, მათ არაფერი უშლის ხელს გაზარდონ ნავთობმოპოვება, ინფრასტრუქტურა აქვთ.
ანგოლას, ნიგერიას, ნორვეგიას, დიდ ბრიტანეთს – ამათ ყველას აქვთ ნავთობმოპოვების გაზრდის რესურსი, იმიტომ, რომ OPEC-ის ანუ შუა აღმოსავლეთის ქვეყნები აქამდე ატარებდნენ ნავთობის რესურსების დაზოგვის პოლიტიკას. თან ამ ქვეყნებს, რუსეთისგან განსხვავებით, გაცილებით მაღალი ხარისხის ნავთობი აქვთ, იგივე ირანის ნავთობი, მაგალითად, ბევრად მაღალხარისხიანია.
ნახშირის, როგორც ენერგორესურსის, რა ალტერნატივები არსებობს მსოფლიოში რუსეთის საბადოების გარდა?
რუსეთი არ არის ნახშირის მომპოვებელი წამყვანი ქვეყანა, ამ მხრივ წამყვანი ქვეყნები ჩინეთი და ინდოეთია. რუსული ნახშირის ჩინური და ინდური ნახშირით ჩანაცვლებაც ძალიან მარტივია.
თუ არსებობს საფრთხე, რომ სანქციების დაწესების პარალელურად რუსეთმა ახლავე შეუწყვიტოს ენერგორესურსების მიწოდება ევროპას?
პირიქით, იხვეწება ახლა რუსეთი, რომ ვინმემ მისი ნავთობი იყიდოს. ვნახეთ, რომ რუსული ნავთობის ყიდვაზე ჩინეთმაც უარი თქვა. ამგვარად ევროპამ რუსეთს დაუკეტა ნავთობის ფანჯარა და უარი თქვა ჩინეთმაც.
პოლიტიკური მესიჯია გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ შეჩერებაც.
საინტერესო რამეს გეტყვით, თუ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით“ 50 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა გასულიყო წელიწადში ევროპისკენ, უკრაინის გავლით ახლაც გადის 95 მილიარდი კუბური მეტრი „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით”.
პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ ერთგვარი შურისძიებაა. იყო ე.წ. 2006 და 2009 წლის „გაზის ომები” უკრაინასა და რუსეთს შორის.
უკრაინა არ ატარებდა გაზს დაბალი ტარიფის მოთხოვნით, მაგრამ როცა ეს საკითხი მოგვარდა, პუტინმა არ დაივიწყა უკრაინის შეუვალობა და ახლა იძიებს შურს.
ცხადია, მას აქვს ძირითადად გეოპოლიტიკური ზრახვები, მაგრამ ამასთან ერთად ეს არის ომი იმისთვისაც, რომ ძირითად ნავთობსადენებსა და გაზსადენებს დაადოს ხელი რუსეთმა მსოფლიოში.
თუ განვითარებული მსოფლიო უარს იტყვის რუსულ გაზსა და ნავთობზე, სად წაიღებს მაშინ რუსეთი ამ მარაგებს?
არსად. მოუწევს ჭაბურღილების ჩაკეტვა, მაგრამ ბოლომდე უარის თქმა არ შეიძლება, მთლიანად არა, ნახევრად მშიერი უნდა დატოვონ რუსეთი, თორემ წითელ ღილაკს დააჭერს პუტინი. ევროპას მოუწევს დანის, გნებავთ სამართებლის წვერზე გავლა. იმედი მაქვს, ისინი ჩვენი მთავრობისგან განსხვავებით ჭკვიანურად მოიქცევიან.
ე.წ. ნაბუკოს მილსადენის სავარაუდო პროექტში ტრანსკასპიური მილსადენის გაყვანის საკითხიგანიხილებოდათურქმენეთიდან აზერბაიჯანამდე. იყო იმედი, რომეს თურქმენულ გაზს რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში გასვლის შესაძლებლობას მისცემდა…
ამ პროექტის განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რუსეთი ძალიან დასუსტდება. თურქმენეთს შეუძლია გაზის ექსპორტი მხოლოდ რუსეთის მეშვეობით. თუ რუსეთს გადაუკეტეს გზა, ეს ნიშნავს, რომ თურქმენეთსაც გადაუკეტეს. თუ მდგრადად გაჩერდა ეს სიტუაცია და რუსეთი დასუსტდა, მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებს თურქმენეთი ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობაზე. ძლიერი რუსეთის პირობებში ეს შეუძლებელია.
მაგრამ თურქმენეთიდან გადის პაკისტანსა და ირანში გაზსადენის მილი და შესაძლებელია გავიდეს ეს მილი ახლო აღმოსავლეთში – კატარში, მერე კი გათხევადებული გაზი მიეწოდოს ევროპას.
რუსეთი 10 ქვეყანაში ფლობს ელექტროსადგურებს, გამანაწილებელ კომპანიებს და ელექტროენერგიის მსხვილ მწარმოებლად მიიჩნევა. ელექტროენერგიის რა ალტერნატივა არსებობს ევროპისთვის?
ევროპაში ელექტროენერგიის პრობლემა არ არის, საფრანგეთი, გერმანია და ევროპის დანარჩენი ქვეყნებიც გაზრდიან ელექტროენერგიის წარმოებას.
რუსეთი ნამდვილად ფლობს ელექტროსადგურებს, მაგრამ როცა იყინება ავუარები, ქვეყნებს რუსეთის ელექტროსადგურების ნაციონალიზაციის ბერკეტი აქვთ. თანაც რუსეთი ამ ელექტროსადგურების 100%-იანი მფლობელი არ არის, არავინ დაახურინებს რუსეთს ელექტროსადგურებს. იმავე ელექტროსადგურების მფლობელები ადგილობრივი აქციონერებიც არიან სახელმწიფოს სახით.
სახელმწიფოს ყოველთვის აქვს ნაციონალიზაციის ბერკეტი – სახელმწიფოს შეუძლია ძალით გააყიდვინოს ავუარები რუსეთს და მერე შეუძლია ეს ფული გაუყინოს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იმ უცხოელებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, არ ექნებათ სამხედრო ტყვის სტატუსის უფლება და მათ, დაკავების შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ.
სამინისტროს სპიკერის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, კიევში მყოფი „დაქირავებულები“ არ არიან მებრძოლები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით.
„საუკეთესო, რაც უცხოელ დაქირავებულებს ელის, არის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ჩვენ მოვუწოდებთ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც აპირებენ საბრძოლველად წასვლას, ორჯერ დაფიქრდნენ“ – თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩასვლას 16 000 უცხოელი მოხალისე აპირებს. ამის შესახებ ზელენსკიმ დღეს, 3 მარტს, მორიგი მიმართვისას ისაუბრა.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა საერთაშორისო ლეგიონის შექმნის შესახებ იმ უცხოელთათვის, რომელთაც უკრაინის დაცვა სურთ.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
_____________
ფოტოზე: რუსეთის ფედერაციის განადგურებული ტანკები უკრაინაში.
დღეს, 3 მარტს, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი უკრაინაში რუსული კომპანიებისთვის ქონების ჩამორთმევის შესახებ.
კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინაში რუსული იურიდიული პირების ქონებისა და ფინანსური რესურსების ნაციონალიზაციას.
„კანონის თანახმად, რუსეთის ფედერაციისა და მისი მაცხოვრებლების უკრაინაში ქონების იძულებითი დაყადაღება ხდება საზოგადოებრივი საჭიროების საფუძველზე, კომპენსაციის გარეშე.
პრეზიდენტის ბრძანებულება გასვლის შესახებ უნდა დაამტკიცოს უზენაესმა რადამ საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან ან შეწყვეტიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა.
ამოღებული ქონება [ობიექტები] გადაეცემა სპეციალიზებულ სახელმწიფო საწარმოს, რომელიც უნდა შექმნას მინისტრთა კაბინეტმა. კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს“ – წერს „ბიბისი“.
დღეს, 3 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს მიღების განაცხადს ხელი მოაწერა.
„ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეტაპი, რომელიც ჩვენთვის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების მისწრაფებას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული“, – ამბობს ღარიბაშვილი.
მისი თქმით, საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, ისტორიულად ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპულ სივრცეს და დღესაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის განვითარებაში.
„საქართველოს ისტორია არის დასტური იმისა, რომ ევროპული ფასეულობები ქართველი ადამიანის ბუნებაშია. ისტორიამ საქართველოს ევროპული არჩევანი სტრატეგიულ მიზნად აქცია და დღევანდელი დღე ჩვენი ძალისხმევის კიდევ ერთი დემონსტრირებაა. დღეს საქართველო, ისევე როგორც არასდროს, ახლოს არის ევროკავშირთან“, – ამბობს ღარიბაშვილი.
მისი თქმით, როცა 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას, ამით დიდი პასუხისმგებლობა აიღო იმისათვის, რომ ჩაეყარა მტკიცე საფუძველი საქართველოს საბოლოო ევროპეიზაციისთვის.
„საქართველო წარმატებით ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოების კუთხით. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, დემოკრატიის დაცვა, კარგი მმართველობა, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან საშუალებას გვაძლევს, რომ მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ უდიდეს ბაზარში ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას მივაღწიოთ.
შეუქცევადი სწრაფვა ევროპული დემოკრატიის წევრობისკენ, საქართველოს გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია. 1991 წელს აღდგენილი კონსტიტუციაც ამ ღირებულებებს დაეფუძნა და საქართველოს ევროპული მომავალი განსაზღვრა.
მჯერა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გავლის გზას, ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოს.“, – ამბობს ღარიბაშვილი.
საქართველოს მთავრობა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების განაცხადის შეტანაზე მას შემდეგ ალაპარაკდა, როცა საზოგადოებამ ის მკაცრად გააკრიტიკა უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის მიმართ ევროპისა და დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს უკრაინაში წარმოებული ომის გამო.
ღარიბაშვილის განცხადებები გააკრიტიკეს როგორც უკრაინაში, ასევე ევროსტრუქტურებშიც. საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილის აზრით, მთავრობის პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას, რის გამოც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გაიმართა. მოქალაქეები, რუსული საფრთხეებიდან გამომდინარე მოითხოვდნენ, რომ უკრაინასთან ერთად საქართველოსაც გაეკეთებინა ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი.
საპროტესტო აქციაზე 8 ადამიანი, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი კუპრაძე პირველ მარტს დააკავეს. საია-ს შეფასებით, ეს დაკავება უკანონო იყო და პოლიცია გამოხატვის თავისუფლების სტანდარტით გათვალისწინებულ უფლებებში ჩაერია.
„არ ვეთანხმებით პროცესის გადადებას,“ – უთხრეს სასამართლო სხდომაზე პოლიციელებმა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს. მანამდე მათ ირაკლი კუპრაძის პოზიცია მოისმინეს, რომელმაც თქვა, რომ ორი დღე და ღამე უკანონოდ იზოლატორში იყო გამოკეტილი და არავისთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ მისცეს, მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ირაკლი კუპრაძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმის განხილვა გადადო.
„ყველგან ვუჩივლებთ პოლიციელებს, ეს არის პოლიტიკური საქმიანობის ხელშეშლა,“ – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ, რომელსაც არ აქვს საბოლოოდ მოსამართლისგან გამართლების მოლოდინი. იმავე მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ სამართალდამრღვევად მიიჩნია თემურ გორგაძე, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი. ის სუს-ის ბათუმის ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა კი, თემურ გორგაძე გაამართლა იმ არგუმენტით, რომ ეს იყო ხელშეშლა გამოხატვის თავისუფლებაში.
ირაკლი კუპრაძე
„რეალურად ეს იყო პოლიტიკური დასჯის მცდელობა… მათ მოუწევთ სათითაოდ პასუხისგება, ამ პოლიციელებს. კონფიდენციალურად არ მომცეს სახალხო დამცველთან შეხვედრის საშუალება. მათ უნდათ გააჩინონ განცდა, რომ საკრებულოს წევრიც შეიძლება მარტივად დააკავონ ყოველგვარი განმარტების და დასაბუთების გარეშე“, – გვითხრა ირაკლი კუპრაძემ.
ირაკლი კუპრაძე აპირებს, რომ ზიანის ანაზღაურებაც მოსთხოვოს პოლიციელებს იზოლატორში დაახლოებით 40 საათით გამოკეტვისთვის.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსული მხარე შესაძლოა გეგმავს საკუთარ ტერიტორიაზე ოპერაციას, რომელშიც შემდეგ უკრაინას დაადანაშაულებს.
„შემაშფოთებელი ცნობები: რუსებმა შესაძლოა რამდენიმე სარაკეტო გამშვები სისტემა მიმართონ რუსეთის სასაზღვრო სოფელ პოპოვკაში საკუთარი ტერიტორიისკენ.
რუსული ქმედებების ბარბაროსული ხასიათის გათვალისწინებით, ჩვენ ვშიშობთ, რომ შესაძლოა მომზადდეს “ცრუ დროშის” ოპერაცია უკრაინის დადანაშაულების მიზნით,“ – წერს კულება ტვიტერზე.
Worrying reports: Russians might have pointed multiple rocket-launching systems in the Russian border village of Popovka towards their own territory. Knowing the barbaric nature of Russian actions we fear a false flag operation might be prepared in order to accuse Ukraine.
24 თებერვლიდან დღემდე რუსული ავიაცია უკრაინის ქალაქების საცხოვრებელ უბნებს ბომბავს, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, უკრაინა საჰაერო სივრცის ჩაკეტვას ითხოვს პარტნიორებისგან.
რას ნიშნავს საჰაერო სივრცის ჩაკეტვა და ფრენის აკრძალული ზონა? – ამის შესახებ „ბიბისი“ აქვეყნებს სტატიას.
რა არის ფრენის აკრძალული ზონა?
ფრენის აკრძალული ზონა ეწოდება საჰაერო სივრცეს, სადაც კონკრეტული საფრენი აპარატების ფრენა აკრძალულია.
ეს შეიძლება იყოს გამოყენებული სენსიტიური არეების, მაგალითად, სამეფო რეზიდენციების დასაცავად ან დაწესდეს დროებით გარკვეული სპორტული ღონისძიებისა და დიდი შეკრების დროს.
სამხედრო კონტექსტში ფრენის აკრძალული ზონა იქმნება თვითმფრინავების და საფრენი აპარატების საჰაერო სივრცეში შესვლისგან დასაბლოკად, როგორც წესი, თავდასხმის ან დაზვერვის პრევენციის მიზნით.
ფრენის ზონის აკრძალვა უნდა მოხდეს სამხედრო საშუალებებით, რაც შეიძლება გულისხმობდეს მეთვალყურეობას, პრევენციულ დარტყმებს თავდაცვითი სისტემების დასაცავად ან იმ საფრენი მოწყობილობების ჩამოგდებას, რომლებიც აკრძალულ ზონაში შევლენ.
ფრენის აკრძალული ზონის გამოცხადება უკრაინაში ნიშნავს, რომ სამხედრო ძალები, მათ შორის, ნატოს ძალები, პირდაპირ ჩაერთვებიან აღნიშნულ ცაზე რუსული ნებისმიერი თვითმფრინავის გამოჩენის შემთხვევაში და თუ აუცილებელი გახდება, ჩამოაგდებენ მას.
რატომ არ აწესებს დასავლეთი მას უკრაინაში?
ნატოს ძალების ჩართვა ქმნის სწრაფი ესკალაციის რისკს.
„თქვენ უბრალოდ კი არ ამბობთ – „ეს ფრენის აკრძალული ზონაა”, თქვენ უნდა დაიცვათ ფრენის აკრძალული ზონა” – უთხრა აშშ-ს ყოფილმა საჰაერო ძალების გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა ჟურნალ Foreign Policy-ს.
გენერალმა, რომელიც ნატოს მოკავშირეთა უმაღლესი მეთაური იყო 2013-2016 წლებში, თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის მხარს უჭერს მოწოდებებს უკრაინაში ფრენის აკრძალული ზონის შექმნის შესახებ, ეს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა:
„ეს ომის ტოლფასია. თუ ჩვენ ვაპირებთ გამოვაცხადოთ ფრენის აკრძალული ზონა, უნდა მოვუსპოთ მტერს შესაძლებლობა, ჩვენი დაცვის ზონაში გახსნას ცეცხლი და ზეგავლენა მოახდინოს მასზე”.
გაერთიანებული სამეფოს დეპუტატმა ტობიას ელვუდმა, რომელიც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა, მხარი დაუჭირა ნაწილობრივი ან სრულად ფრენის აკრძალული ზონის იდეას და მოუწოდა ნატოს ჩაერიოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და სავარაუდო ომის დანაშაულების გამო.
მაგრამ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, გამორიცხა ორგანიზაციის მონაწილეობა და ორშაბათს, 28 თებერვალს, განუცხადა NBC-ს : „ჩვენ არ გვაქვს უკრაინაში გადასვლის განზრახვა, არც ხმელეთზე და არც ჰაერში“.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი არ დაეხმარება უკრაინის ცაზე ფრენის აკრძალული ზონის ამოქმედებას, რადგან რუსულ თვითმფრინავებთან ბრძოლა გამოიწვევს „ომს მთელ ევროპაში”.
იმავე მიზეზით გამორიცხა ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.
რუსეთთან კონფლიქტის ნებისმიერი ესკალაციის დამატებითი რისკი არის ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე. ეს შიში გაჩნდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მან რუსეთის ბირთვული ძალები „სპეციალურ“ მზადყოფნაში მოიყვანა.
ბევრის შეფასებით, მისი ეს ნაბიჯი, პირველ რიგში, უფრო გაფრთხილების ფორმაა, ვიდრე მსგავსი იარაღის გამოყენების რეალური განზრახვა.
მაგრამ მსოფლიო ომის ყველაზე სუსტი მინიშნებაც კი, რომელიც შესაძლოა ბირთვულ ომად იქცეს, ნიშნავს, რომ მიუხედავად მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის საშინელი სცენებისა, უკრაინაში რაიმე ტიპის ფრენის აკრძალული ზონის ამოქმედების ალბათობა ძალიან მცირეა ან თითქმის ნულის ტოლია.
აქამდე თუ ყოფილა ფრენის აკრძალული ზონა გამოყენებული?
სპარსეთის ყურის პირველი ომის შემდეგ, 1991 წელს, აშშ-მ და კოალიციურმა პარტნიორებმა გამოაცხადეს ორი აკრძალული ზონა ერაყში, რათა თავიდან აეცილებინათ თავდასხმები ზოგიერთი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წინააღმდეგ. ეს გაკეთდა გაეროს მხარდაჭერის გარეშე.
1992 წელს, ბალკანეთის კონფლიქტის დროს, გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც კრძალავდა უნებართვო სამხედრო ფრენებს ბოსნიის საჰაერო სივრცეში.
გაეროს უშიშროების საბჭომ ასევე დაამტკიცა ფრენის აკრძალული ზონა ლიბიაში 2011 წლის სამხედრო ინტერვენციის ფარგლებში.
ბოსნიასა და ლიბიაში ფრენის აკრძალული ზონები ნატოს ძალებმა გამოაცხადეს.
ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მანუჩარ შერვაშიძე გარდაიცვალა.
მანუჩარ შერვაშიძეს თეატრის სცენასა და კინოფილმებში ბევრი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული. იგი ორმოცდაათზე მეტ ფილმშია გადაღებული.
„ბატონი მანუჩარის შემოქმედება დაკავშირებულია ქართველი თეატრისა და კინოს უდიდეს წარმატებებთან, მის მიერ შესრულებული მხატვრული სახეები ქართული საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიის ოქროს ფონდის განუყოფელი ნაწილია“ – წერს ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაცია.
მანუჩარ შერვაშიძეს მინიჭებული აქვს „დიდასკალოსის“ საპატიო წოდება. იგი ასევე იყო იუსუფ კობალაძისა და უშანგი ჩხეიძის სახელობის პრემიების ლაურეატი.
მანუჩარ შერვაშიძის ვარსკვლავი გახსნილია ბათუმის დრამატული თეატრის წინ.
_____________
ფოტოზე: მანუშარ შერვაშიძე ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოებისას.
დღეს, 3 მარტს, საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეაქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი გრძელდება, კლავენ ადამიანებს, მილიონზე მეტი ადამიანი დევნილია და საქართველოს ხელისუფლებას უთხრეს, რომ ის ევროპულად უნდა მოიქცეს, საქართველოს მთავრობაში ვერ გვიპასუხეს, რამდენი დევნილის მიღებას აპირებს ქვეყანა.
უკრაინიდან დევნილების საქართველოში მიღების თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინ, 2 მარტს, მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე სამინისტრომ ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა. ინფორმაცია ვერ მივიღეთ ასევე იმაზე, მიმდინარეობს თუ არა რაიმე ფორმით მუშაობა ამ პრობლემაზე.
იმავე კითხვით დღეს საქართველოს მთავრობის პრესცენტრს მივმართეთ. ჯერჯერობით უშედეგოდ.
უკრაინიდან დევნილი მოსახლეობის საქართველოში მიღებაზე კონკრეტული ინფორმაცია არც უკრაინის საკონსულოში აქვთ.
„მე არ ვფლობ ამ ინფორმაციას. როგორც ვიცი, კონკრეტულმა სასტუმროებმა გამოხატეს მზადყოფნა დევნილების მიღებაზე, მაგრამ ეს ინფორმაცია დამუშავებული არ არის, მთავრობასთან ამ საკითხზე კომუნიკაცია არ მქონია,“ – გვითხრა უკრაინის საპატიო კონსულმა ბათუმში როსტომ ნაკაშიძემ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინა მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა გადავიდა მოსაზღვრე პოლონეთში, ნაწილი – რუმინეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა სეპარატისტული რეგიონების – ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
„რუსულ არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის“ 15 წლით პატიმრობა – რუსეთის სახელმწიფო მშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტმა დღეს, 3 მარტს, დაამტკიცა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო მედია TASS-ი ავრცელებს.
2 მარტს რუსეთში დაიბლოკა არაპროპაგანდისტული რუსული მედიაორგანიზაციების ვებგვერდები. რუსეთის პროკურატურამ თქვა, რომ ეს მედიასაშუალებები აქეზებენ რუსეთის მოსახლეობას ექსტრემიზმისკენ და მოუწოდებენ მათ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მასობრივი დარღვევისკენ.
“შემოთავაზებულია, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს 207.3 მუხლი „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება“. ასეთი ქმედებები დაისჯება ჯარიმით 1,5 მილიონ რუბლამდე ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. სამსახურებრივი თანამდებობის გამოყენების ან მოსყიდვის მოტივების არსებობის შემთხვევაში ჯარიმა 5 მილიონი რუბლი იქნება, ხოლო თავისუფლების აღკვეთა – 5-დან 10 წლამდე. თუ ყალბი ცნობების გავრცელებამ გამოიწვია მძიმე შედეგები, მაშინ თავისუფლების აღკვეთა 10-დან 15 წლამდე იქნება”, – წერს Tass-ი.
იმავე კომიტეტმა ასევე რეკომენდაცია გაუწია, რომ პალატამ მეორე მოსმენით მიიღოს კანონპროექტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, მათ შორის, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა რუსეთის წინააღმდეგ საგარეო სანქციების დაწესების მოთხოვნაზე.
“შემოთავაზებულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის შევსება ახალი მუხლით: „მოუწოდებს შემაკავებელი ზომების შემოღებას რუსეთის ფედერაციის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ან რუსეთის იურიდიული პირების მიმართ“. ასეთი ქმედებები ისჯება ჯარიმით 500 000 რუბლამდე, ან თავისუფლების შეზღუდვით, ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე, 200 000 რუბლამდე ჯარიმით”.
24 თებერვალს რუსეთის შეარაღებული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისა და ომის დაწყების გამო რუსეთის დაახლოებით 40 ქალაქში სხვადასხვა მასშტაბის საპროტესტო აქცია დაიწყო. რუსეთის პოლიციამ დემონსტრანტები, მათ შორის, მოხუცები და ბავშვები დააკავა.
დამოუკიდებელ უფლებადამცველ მედიაპროექტ OVD-info-ს ცნობით, გასული ხუთშაბათიდან რუსეთში ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 7615 ადამიანი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, მოსკოვში ადამიანებს ფეისბუქში გამოქვეყნებული პოსტებისთვისაც აპატიმრებენ.
დღეს, 3 მარტს, საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეაქვს. ეს გადაწყვეტილება მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში უკრაინის ელჩი საქართველოდან უკრაინის პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად გაიწვია, ხოლო თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთ მოთხოვნად ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დროულად გაკეთება დასახელდა.
მანამდე, „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს საქართველო 2024 წელს გააკეთებდა.
რა იცვლება ახლა?
საია-ს განმარტებით, ქვეყანას, რომელიც ოფიციალურად მიმართავს ევროკავშირს წევრად მიღებაზე, შეიძლება მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს პროცედურა არ გულისხმობს ევროკავშირის წევრობის უფლების ავტომატურ მოპოვებას.
„კანდიდატის სტატუსის მიღება, სტანდარტულად, ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც ევროკავშირის ორი ძირითადი ორგანოა ჩართული: ევროპული კომისია, რომელიც შედგება სხვადასხვა პორტფოლიოს მქონე 27 კომისრისგან და ევროპული საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების ხელმძღვანელები შედიან. ევროკომისია, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს იკვლევს მიღების (კოპენჰაგენის) კრიტერიუმების ფარგლებში. აფასებს, უნდა მიენიჭოს თუ არა ქვეყანას კანდიდატის წოდება. ევროკომისიის მოსაზრების საფუძველზე, ევროპული საბჭო წყვეტს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს და იწყებს სახელმწიფოსთან მოლაპარაკებას სრულფასოვან წევრობაზე,“ – აღნიშნულია საია-ს მიერ ამ თემაზე გავრცელებულ განმარტებაში.
დაჩქარებულ წესს ევროკავშირის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, თუმცა წევრი ქვეყნების ერთსულოვანი პოლიტიკური ნების შემთხვევაში არც ესაა გამორიცხული.
„ამ შემთხვევაშიც შემჭიდროებულ ვადებში ევროკომისიამ, ევროპულმა საბჭომ და პარლამენტმა უნდა შეაფასონ, რამდენად მზადაა აპლიკანტი ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის. გადაწყვეტილება კონსენსუსს ემყარება და წევრობის სტატუსის მინიჭებას ევროპული საბჭოს ყველა წევრი ანუ ყველა ქვეყნის წარმომადგენელი უნდა დაეთანხმოს,“ – აღნიშნავენ საია-ში.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება 2016 წლიდან ამოქმედდა, 2017 წლიდან კი, საქართველოს მოქალაქეებს შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის უფლება აქვთ. ამჟამად ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ეტაპზეა.
მნიშვნელოვანია, რომ თუ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭება, მან ევროკომისიას უნდა წარუდგინოს გეგმა და ხედვა წევრობის მზაობასა და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი უკრაინამ 28 თებერვალს გააკეთა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1000-1000 ლარს გადასცემენ 2008 წლის აგვისტოს ომში და 2012 წელს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაღუპული სამხედრო მეომრების დედებსა და მეუღლეებს.
თანხა აჭარის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. დახმარებას 31 ქალი მიიღებს.
2008 წლის აგვისტოს ომში საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების, მიღებული დაზიანებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომრების, ასევე, 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები 8 აგვისტოსაც მიიღებენ ფინანსურ დახმარებას.
ამ შემთხვევაში თითოეულ ოჯახს 3000 ლარს გადასცემენ. პროგრამით 27 ოჯახი ისარგებლებს.
დღეს, 3 მარტს, ძლიერმა ქარმა ბათუმში, ქალაქის ცენტრალურ პარკში, ხეები წაიქცა.
ძლიერმა ქარმა ბათუმის ცენტრალურ პარკში ხეები წააქცია. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიქარმა დააზიანა ტირიფებიც ცენტრალურ პარკში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიპარკთან არსებული ავტობუსის მოსაცდელი უკვე მეორედ წააქცია ძლიერმა ქარმა.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 4 მარტის 21 საათამდე ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ასევე, წვიმა, მაღალმთაში კი – თოვა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; დროგამოშვებით – 15-20 მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო;
შიგამთიან რაიონებში ღამით 1-6 გრადუსი; დღისით 3-8 გრადუსი სითბო;
მაღალ მთაში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაციას სთხოვს.
სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის დასაქმების სახელმწიფო სააგენტოში 14 382 ვაკანსიაა გამოცხადებული.
„საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან.
დასაქმების პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებს.
პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას,“ – აცხადებს სამინისტრო.
ამავე წყაროს ცნობით, დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება: „აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება“.
სოციალურ დახმარებასთან ერთად, საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები დამატებით 300 ლარს მიიღებენ. „ გაცემული თანხა წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს, რომელიც არ იბეგრება,“ – აცხადებს სამინისტრო.
საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის ნაცვლად, ბენეფიციარს, დასაქმება შრომის ბაზარზე არსებულ სხვა ვაკანსიებზეც შეუძლია.
„სოციალურად დაუცველი პირი დასაქმების პროგრამაში იმ შემთხვევაშიც ჩაერთვება, თუ არაფორმალურადაა დასაქმებული. ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში, სოციალური შემწეობის მიმღები პირის სტატუსი არ გადამოწმდება.
თუ სოციალურად დაუცველ პირს დასაქმება არ სურს, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტატუსის განსაზღვრა ყოველწლიური გადამოწმების შედეგების საფუძველზე მოხდება. თუმცა მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეეძლება,“ – აცხადებს სამინისტრო.
პროგრამაში ჩართვის მსურველებს, დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 05
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მოწინააღმდეგის – რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა. უკრაინის გენერალური შტაბი განცხადებით, 24 თებერვლიდან 3 მარტის მდგომარეობით რუსეთის დაახლოებითი დანაკარგებია
პერსონალი [დაახლოებით] – 9000 ადამიანი
ტანკები – 217 ერთეული
ჯავშანტექნიკა / APV – 900 ერთეული,
საარტილერიო სისტემა – 90,
რეაქტიული სარაკეტო სისტემა MLRS – 42
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 11,
თვითმფრინავი – 30 ერთეული (ინფორმაცია ზუსტდება)
ვერტმფრენები – 31 ერთეული (ინფორმაცია ზუსტდება)
საავტომობილო/სატრანსპორტო საშუალებები – 374
მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები – 2
საწვავის ავზები – 60
უპილოტო საფრენი აპარატი – 3
გენერალურმა შტაბის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები მუდმივად იცვლება.
დღეს უკრაინის დანაკარგების შესახებ მონაცემები განაახლა რუსეთის ფედერაციამაც.
ბათუმიდან უკრაინაში პირველი ჰუმანიტრაული ტვირთი გაგზავნეს. ნივთების შეგროვება უკრაინელებისთვის გრძელდება.
უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების პროცესს ბათუმში სპეციალურად შექმნილი საკოორდინაციო საბჭო უზრუნველყოფს, უკრაინის საკონსულოსთან შეთანხმებით.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბათუმიდან ჰუმანიტარულ ტვირთს ჯერ თბილისში ჩაიტანენ, შემდეგ კი, უკრაინის საელჩოს ორგანიზებით, პოლონეთიდან შევა უკრაინაში.
საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში საომარი მდგომარეობით შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, უკრაინელი მფლობელების მიმართ საბაჟო ფორმალობების აღსრულებაზე შეღავათები დაწესდა.
„ავტოიმპორტიორებთან და შსს მომსახურების სააგენტოსთან კონსულტაციების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში ავტომობილების იმპორტიორთა ხელშეწყობის და საქონლის გატანის ვადების დარღვევასთან დაკავშირებული საბაჟო პასუხისმგებლობისაგან მათი გათავისუფლების შესახებ.
საკითხი შეეხება მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოდან უკრაინის დანიშნულებით რეექსპორტში დეკლარირებული ავტომობილების მფლობელებს, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ ავტომობილების გაყვანას კანონმდებლობით დადგენილ 45-დღიან ვადაში.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
ამ ეტაპზე, სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო სამართალდარღვევისთვის კუთვნილი სანქციისგან გათავისუფლდება 100 ერთეულზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი.
რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მერვე დღეს ბრძოლები გრძელდება როგორც დედაქალაქ კიევთან, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, „საოკუპაციო ძალებმა, რომლებმაც ვერ მოახერხეს წარმატების მიღწევა თითქმის ვერცერთ რაიონში, სადაც ისინი მიიწევდნენ, მიმართეს დიდი ქალაქების საცხოვრებელი უბნების ღამით დაბომბვის ტაქტიკას. დღეს, 3 მარტს, კიევი და უკრაინის სხვა ქალაქები განიცდიან მტრის სარაკეტო დარტყმებს. [რუსული ძალები] ცდილობენ მიაღწიონ კიევის ჩრდილოეთ გარეუბანში.“
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთის ფლოტის ნაწილი, რომელმაც ფაქტობრივად დაკარგა საბრძოლო შესაძლებლობები, გადაჯგუფდება და ცდილობს შეტევას ბროვარისა და კიევის მიმართულებით.
სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი ახორციელებს შეტევითი ოპერაციას ზოლოჩივის, ხარკოვისა და ბალაკლეიას რაიონებში. ცდილობს განაგრძოს შეტევა ლოზოვაიას მიმართულებით და უკიდურესად საჭიროებს დაკარგული აღჭურვილობისა და პერსონალის შევსებას.
დონეცკის მიმართულებით ოკუპანტები არტილერიის მხარდაჭერით აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ნოვოაიდარის, ვოლნოვახასა და მარიუპოლის რაიონებში. მტერმა ვერ მიაღწია მთავარ მიზანს – მარიუპოლის აღებას და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლას.
შავი ზღვის წყლებში ოდესის მიმართულებით მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის სადესანტო რაზმის მოძრაობა, რომელიც შედგება ოთხი დიდი სადესანტო გემისგან, რომლებსაც თან ახლავს სამი სარაკეტო ნავი.“ – აცხადებს გენშტაბი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 2 მარტს, სუ-24-მა და სუ-25-მა, საბრძოლო თვითმფრინავების ეკიპაჟებმა, საჰაერო დახმარება გაუწიეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების დანაყოფებს, გაანადგურეს რუსული სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კოლონები კიევის, სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებში.
„დღის განმავლობაში საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის სამი თვითმფრინავი და ორი საოკუპაციო ვერტმფრენი.“ – აცხადებს სამინისტრო.
კიევში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა 3 მარტის 04:00 საათზე. ჯერჯერობით ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.
მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, რომელთა შორის საქართველოც შედის, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიმართა.
რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
დიდ ბრიტანეთში მცხოვრები რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ჰყიდის.
„ბიბისის“ ცნობით, კლუბის გაყიდვიდან მიღებული თანხა მოხმარდება უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულებს.
„არსებულ ვითარებაში გადავწყვიტე გავყიდო კლუბი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს გუნდის ინტერესებშია,“ – აცხადებს ბიზნესმენი.
აბრამოვიჩის თქმით, კლუბის გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაეცემა საქველმოქმედო ფონდს, რომელიც შეიქმნება უკრაინის ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.
მედიის ცნობით, აბრამოვიჩმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში მოსალოდნელი სანქციების გამო, თავისი აქტივების გაყიდვა დაიწყო.
დღეს, 2 მარტს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მეშვიდე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში ხაზი გაუსვა გუშინ კიევში ბაბი იარის დაბომბვის ფაქტს.
ბაბი იარი მასობრივი რეპრესიების ადგილია. 1941 წელს აქ გერმანელმა ნაცისტებმა ათიათასობით ებრაელი, უკრაინელი და ბოშა დახვრიტეს. სწორედ ამ ადგილის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ზელენსკიმ.
„ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ვინც ისტორია იცის, ბაბი იარი კიევის განსაკუთრებული ნაწილია. ადგილი ლოცვისთვის, სადაც პატივს მივაგებთ ასობით ათას ადამიანს, რომლებიც ნაცისტებმა მოკლეს. ადგილი, სადაც კიევის ძველი საფლავებია.
ვინ უნდა იყო, რომ ასეთ ადგილს რაკეტა დაუმიზნო?
თქვენ კიდევ ერთხელ კლავთ ჰოლოკოსტის მსხვერპლ ადამიანებს.
საბჭოთა დროს, იქ, ძვლებზე, ტელეცენტრი ააშენეს. სპორტული კომპლექსი, სახლები, ააშენეს პარკი, რათა გაენადგურებინათ ბაბი იარის ჭეშმარიტი ისტორია.
რატომ დაიბომბა ბაბი იარი? ეს ადამიანობის მიღმაა. ასეთი სარაკეტო დარტყმა აჩვენებს, რომ ბევრი ადამიანისთვის რუსეთში კიევი აბსოლუტურად უცხოა. მათ არაფერი იციან ჩვენს დედაქალაქზე, ჩვენს ისტორიაზე, მაგრამ მათ აქვთ ბრძანება, გაანადგურონ ჩვენი ისტორია, გაანადგურონ ჩვენი ქვეყანა, გაანადგურონ ყველა ჩვენგანი.
ომის პირველ დღეებში სასტიკად ბომბავდნენ უმანს, სადაც ყოველწლიურად ასიათასობით ებრაელი მიდის სალოცავად. შემდეგ დაბომბეს ბაბი იარი, სადაც ასიათასობით ებრაელი მოკლეს.
მივმართავ მსოფლიოს ყველა ებრაელს. ვერ ხედავთ, რა ხდება? ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მილიონობით ებრაელი არ იყოს ჩუმად. ნაციზმი სიჩუმეში დაიბადა. ამიტომ იყვირეთ სამოქალაქო პირების მკვლელობაზე, იყვირეთ უკრაინელების მკვლელობაზე.
….ეს ვერ აიხსნება ადამიანური მიზეზით, ღმერთის ნაკარნახები მიზეზით. რატომ მიიტანეს იერიში ბაბი იარზე? კიდევ რა „სამხედრო ობიექტები“ ემუქრება რუსეთს? კიდევ რომელი „ნატოს ბაზები“? წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი? ლავრა? წმინდა ანდრიას ეკლესია?
რაზეც არ უნდა ოცნებობდნენ, ჯანდაბამდე ჰქონიათ გზა, იმიტომ, რომ ღმერთი ჩვენთანაა“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უკრაინაში შეჭრის გამო ნეიტრალურმა შვეიცარიამაც კი მხარი დაუჭირა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
„როგორია შედეგი რუსეთისთვის? ამ ქვეყნის დროშა აღარ იქნება სპორტულ შეჯიბრებებში, თანამედროვე მსოფლიო კულტურა მათთვის დახურულია. რუსულ პროდუქციას იღებენ მსოფლიოს მაღაზიების თაროებიდან. რუსეთის ბანკებს რთავენ გლობალური სისტემებიდან. რუსეთის მოქალაქეები კარგავენ დანაზოგებს და პერსპექტივებს, რუსი დედები კარგავენ შვილებს მათთვის ყოვლად უცხო ქვეყანაში.
დაფიქრდით: თითქმის ექვსი ათასი რუსი დაიღუპა, რუსი სამხედრო, ომის ექვს დღეში, ეს მტრის გუშინდელი დანაკარგის გათვალისწინების გარეშე. ექვსი ათასი!
რისთვის? უკრაინის ასაღებად? – ეს შეუძლებელია. ამას ვერ შეცვლის რაკეტები, ტანკები, ბომბები და იერიშები. ჩვენ მშობლიურ მიწაზე ვართ და ჩვენ წინააღმდეგ დაწყებული ომისთვის მათ საერთაშორისო ტრიბუნალი ელით.
….ჩაიარა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მორიგმა ღამემ, ომმა ხალხის წინააღმდეგ, რთულმა ღამემ. ვიღაცამ ღამე მეტროში, თავშესაფარში გაატარა, ვიღაცამ სარდაფში. ვიღაცას გაუმართლა და სახლში დაიძინა. სხვები მეგობრებმა და ნათესავებმა შეიფარეს.
შვიდი ღამის განმავლობაში თითქმის არ გვძინებია. ან გვძინავს, თუმცა შფოთვით. ძვირფასებო, დადგება დრო, როცა დაძინებას შევძლებთ, ოღონდ, ეს ომის შემდეგ, გამარჯვების შემდეგ, მშვიდობიან ქვეყანაში, როგორიც ის გვჭირდება, რომელსაც ყოველთვის ვაფასებდით და რომელიც არასდროს გაგვინადგურებია.
ყველა თქვენგანს ვთხოვ, ახლობლებზე იზრუნოს. მე თქვენით აღტაცებული ვარ, მთელი მსოფლიოა თქვენით აღტაცებული, ჰოლივუდის ვარსკვლავებიდან პოლიტიკოსებამდე.
დღეს თქვენ, უკრაინელები, დაუმარცხებლობის სიმბოლო ხართ. სიმბოლო, რომ ხალხს ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო ხალხი გახდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
„დილით ზარის ხმამ გამაღვიძა, მეგობარი მირეკავდა ნიკოლაევიდან, სროლის ხმა გვესმის, თქვენთანაც ხომ არ ისმის ხმაო. ამ საუბარში ვიყავით, როცა ჩვენ სიახლოვესაც ჩამოვარდა ბომბი“, – ასე იხსენებს 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების დღეს, მიშა ბერიძე, ქართველი ექიმი, რომელიც კიევში ამოსოვის სახელობის გულსისხლძარღვთა ქირურგიის ნაციონალურ ინსტიტუტში მუშაობს.
ქართველი ქირურგი ომის დაწყების დღიდან კლინიკაშია სხვა ექიმებთან ერთად და დაჭრილების გადასარჩენად იბრძვის.
„იმ დღეს ბევრმა დამირეკა. ნათესავები, მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ ლვოვამდე მატარებლით მივიდოდნენ, შემდეგ პოლონეთში გადავიდოდით. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. კიევში დავრჩი, რადგან როგორც ექიმისთვის, მორალურად გაუმართლებელი იქნებოდა აქედან წასვლა.
უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. აქ მყავს ბევრი მეგობარი, აქ არიან ჩემი მასწავლებლები. ჩემი კოლეგებიც გავიდნენ ქვეყნიდან, ოჯახები გაიყვანეს, თუმცა შემდეგ უმეტესობა უკან დაბრუნდა. ვერავინ გაჩერდა სახლში.
კლინიკაში ვცხოვრობთ, აქედან არ გავდივართ, რადგან პაციენტები გვყავს. ბუნკერში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავდივართ, თუ სირენების ხმა ისმის და გვაფრთხილებენ, რომ დაბომბვა იწყება.
მაგრამ თუ საოპერაციოში ვართ, არც სირენების დროს ჩავდივართ ბუნკერში, რადგან ჟანგბადზე მიერთებულ პაციენტებს ბუნკერში ვერ ჩავიყვანთ და ვერც ოპერაციას მივატოვებთ“, – გვეუბნება ექიმი.
მიშა ბერიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ბევრი ქართველი ექიმია უკრაინის სხვადასხვა კლინიკაში, ამოსოვის სახელობის კლინიკაში ქართველი ექიმი მხოლოდ თავადაა.
„ჯერჯერობით ერთი ქართველი ექიმი ვარ აქ. როგორც ვიცი, ბევრი მოხალისე ჩამოდის უკრაინის დასახმარებლად, თუმცა ჩვენს კლინიკაში დამხმარე ძალა არ დაგვჭირვებია.
ექიმები გადავამზადეთ, რადგან ჩვენი კლინიკა პროფილურია, ძირითადად აორტის დისექციებზე და მწვავე ანევრიზმებზე ვმუშაობთ და ახლა დაჭრილი პაციენტების დახმარება გვიწევს.
აქვე, ახლოს, ლომონოსოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლს ესროლეს ბომბი და 17 წლის ბიჭი დაიჭრა. კლინიკამდე მოსვლა შეძლო და გადავარჩინეთ.
დღეში 4-5 ოპერაციის გაკეთება გვიწევს, ვაკეთებთ დაგეგმილ ოპერაციებსაც.
მე ვერ გავდივარ საავადმყოფოდან, მაგრამ როგორც ვიცი, დაჭრილები ძირითადად რაიონებში მიჰყავთ, იქ, სადაც უფრო მეტი სიმშვიდეა. ბოლო დღეებია კიევშიც სიმშვიდეა, თუმცა კლინიკიდან მაინც ვერ გავდივართ. პაციენტები გვყავს და ვერ მივატოვებთ.
ამოსოვის სახელობის გულსისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტი კიევში ომის დროს
როგორც გვეუბნებიან, ომის მდგომარეობა მაინც აისახა ყველაფერზე. მაღაზიებში სურსათის დეფიციტია, ადამიანები 3-4 საათი დგანან რიგში და შეიძლება მაინც არ შეხვდეთ პროდუქტი.
ძალიან რთულია ქვეყნიდან გაღწევა, რადგან ქალაქები იბომბება, ჩემი მეგობარი ცდილობს ოჯახის გაყვანას და 24 საათის განმავლობაში 300 კილომეტრიც ვერ გაიარა.
„კლინიკის დირექტორი ვასილი ლაზარეშენი და მედპერსონალი ადგილზეა. ყველანი კლინიკაში ვცხოვრობთ“- ამბობს მიშა.
კლინიკას რაც შეეხება, სამედიცინო საშუალებები გვაქვს, რადგან ჰუმანიტარული დახმარება მოდის, თუმცა ომია და ასეთ დროს მაინც აუცილებელია სისხლის და ყველა საჭირო მედიკამენტის მარაგი“ – ამბობს მიშა ბერიძე.
მისი თქმით, ექიმებიც და მოსახლეობაც განსაკუთრებულ სიმტკიცეს გრძნობენ და როგორც არასდროს, ისეთი ერთიანია უკრაინელი ხალხი.
„ყველა ძალიან შემართებით ვართ, მთელი მთავრობა ქვეყანაშია, პრეზიდენტი ზელენსკი ქვეყანას არ ტოვებს, ეს ყველას გვაძლიერებს.
მადლობა მინდა ვუთხრა იმ ქართველებს, ვინც აქ არიან და იბრძვიან იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც უკრაინაში ხდება. 2014 წლიდან, რაც უკრაინის ანექსია დაიწყო, აქ იბრძოდნენ ჩვენი ქართველი მოხალისეები, აქ მცხოვრები ქართველებიც და შეეწირნენ ამ უსამართლობას.
მინდა, ამ ხალხზე გითხრათ კიდევ, ამ მამაც ხალხზე, რომელიც ისტორიულად ძალიან მებრძოლი და მტკიცეა. უკრაინელები ყველაზე დიდხანს გაუმკლავდნენ გასაბჭოებას.
ერთ მუშტად შეკრული ერია, ყველა აქ დგას და იბრძვის და აქ ვიდგებით მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს,“ – გვეუბნება მიშა ბერიძე.
დღეს, 2 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს ბათუმში მცხოვრებმა უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებმა.
აქციაზე ისმოდა უკმაყოფილებაც მთავრობის განცხადებებზე რუსეთისთვის სანქციების არდაკისრებისა და მოხალისეების გამგზავრებასთანდაკავშირებული პრობლემების გამო, რის გამოც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გუშინ კონსულტაციებისთვის საქართველოდან გაიწვიაუკრაინის ელჩი.
აქციის ორგანიზატორებმა მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმში ჰუმანიტარული დახმარებისთვის აგროვებენნივთებსა და პროდუქტს უკრაინელი ხალხისთვის შემდეგ მისამართებზე: ვახტანგ გორგასლის №153, ფარნავაზ მეფის №46.
ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ გარდა შემოწირულობისა, სჭირდებათ დახმარება უკვე შეგროვებული ნივთების და პროდუქტის გადანაწილებასა და ყუთებში მოთავსებაში.
ასევე, აქციაზე განაცხადეს ახალი ვებგვერდის – homeline.ge შესახებ, სადაც შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ საქართველოში მყოფ უკრაინელებს საცხოვრებელი ფართობი შესთავაზონ.
ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერი აქცია 19:00 საათზე დაიწყო და მარშით გაგრძელდა.
ბათუმში უკრაინის სოლიდარობის აქცია მეშვიდე დღეა იმართება, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა გაათავისუფლეს კიევის ოლქში მდებარე ქალაქი მაკარივი და ქალაქში გამაგრდნენ – წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.
უწყების ცნობით, დღეს რუსეთის ოცდაათამდე გამანადგურებელმა დაარღვია უკრაინის საჰაერო სივრცე, ძირითადად ბელორუსის რესპუბლიკიდან და დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა.
დღეს, 2 მარტს, დილით გავრცელდა ინფორმაცია რუსული სამხედროების მიერ ქალაქ ხერსონის აღების შესახებ, თუმცა უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ბრძოლა ხერსონისთვის გრძელდება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მთავრობას მოუწოდებს შეხვდნენ მედიას და საზოგადოების მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხონ.
„მეშვიდე დღეა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც 24 თებერვალს, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრით დაიწყო. საქართველოს ყველა ქალაქში და მათ შორის, თბილისში, ყოველდღიურად იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები. საზოგადოება შეშფოთებით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფოს უმაღლესი პირების განცხადებებს, რომლებსაც უკვე არაერთი პროტესტი მოჰყვა.
საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მიმართ დაგროვდა უამრავი შეკითხვა, რომელზე პასუხსაც მედია და შესაბამისად, საზოგადოებაც ვერ იღებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი კვირა გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, ქვეყნის მთავრობა მხოლოდ მთავრობის სხდომების შემდეგ გაკეთებული მოკლე განცხადებებით შემოიფარგლება, კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებს და ამ დრომდე არც ერთხელ არ შეხვედრია ჟურნალისტებს.
მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და მოვუწოდებთ, პატივი სცენ მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ ინფორმაცია, მოაწყონ პრესკონფერენცია მედიის წარმომადგენლებისთვის და უპასუხონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და საჯარო ინტერესის მქონე საკითხების გარშემო დაგროვილ შეკითხვებს“ – აცხადებს ქარტია.
თუ ჩვენგან მიიღებთ დამადასტურებელ პასუხს, რომ თქვენი შვილი დატყვევებულია, რუსი ჯარისკაცების დედებმა ამ შემთხვევაში უნდა ჩამოაღწიონ კიევში.
პუტინის ფაშისტური არმიის შემოჭრისა და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ კიევამდე ჩამოსვლა ასე შეგიძლიათ:
ჩადით კალინინგრადამდე ან მინსკამდე, შემდეგ ავტობუსით ან ტაქსით მიდით პოლონეთის საზღვრამდე სადაც დაგხვდებიან, ჩამოგაცილებენ კიევამდე და გადმოგცემენ თქვენს შვილს.
ჩვენ, უკრაინელები, პუტინის ფაშისტებისგან განსხვავებით არ ვებრძვით დედებს და მათ ტყვედ ჩავარდნილ შვილებს.
გელით კიევში!“ – წერია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დღეს, 2 მარტს, სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
მეშვიდე დღეა რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ოკუპანტები უტევენ უკრაინას სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო არტილერიით.
„ყველა მოღალატეს და საქართველოს ომის მსურველს ველოდებით რუსთაველზე“ – ამ ტექსტის ორგანიზებულად გავრცელება დაიწყეს გუშინ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ღიად უჭერს მხარს უკრაინას და ხელისუფლებას სთხოვს, ასევე, მკაფიო იყოს საქართველოს ოფიციალური მხარდაჭერა ომში მყოფი უკრაინის მიმართ. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს უსაფრთხოებისთვის დღეს და რაზე მეტყველებს მსგავსი გზავნილები? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ ისაუბრა.
„ყველა მოღალატე და საქართველოს ომის მსურველი“ – ეს გზავნილი მთავრობის მესიჯბოქსიდანაა, ბატონო ლევან?
ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელსაც მიწაში თავის ჩარგვის პოლიტიკა ჰქვია და რომელიც გამოიწვევს უფრო მეტ დაპირისპირებას საზოგადოებაში. არც ერთი ადამიანი, რომელიც რუსთაველზე მიდის, ჩემი ჩათვლით, არ არის ომის მოსურნე და საკმარისი გონიერებაც ჰყოფნით იმისთვის, რომ არ მოითხოვონ ისეთი რამ, რამაც შესაძლოა ომი გამოიწვიოს.
პროპაგანდისტები ცდილობენ, კიდევ უფრო გაყონ საზოგადოება და რაღაცნაირად გაამართლონ საკუთარი სამარცხვინო საქციელი. პრიმიტიული საინფორმაციო სტრატეგიაა, რადგან ახლა, ამ ფონზე, ნამდვილად არ მგონია, ბევრი იყოს ისეთი ადამიანი საქართველოში, ვინც ფიქრობს, რომ თუ ექიმს გავგზავნით უკრაინაში, აქ ომი დაიწყება. ან იმით ავირიდებთ თავს რუსეთთან დაპირისპირებას, თუ ექიმს არ გავგზავნით.
კონფლიქტები და ომები ასე არ იწყება. ომი იწყება მტრული პოლიტიკური მიზნებიდან.
ცუდი გამონათქვამებისა და სიტყვების გამო სახელმწიფოები ომს არ იწყებენ.
საპროტესტო აქციებზე მდგომი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ სიჩუმით ვერ დავიცავთ მშვიდობას. როგორ შეიძლება ამის ახსნა იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ მშვიდობის მხარდაჭერით რუსეთი გაღიზიანდება?
სახელმწიფო მაშინ არის დაცული, თუ ის ძლიერია. ჩვენი სიძლიერე მომდინარეობს შიგნიდან – იქნება ეს სამოქალაქო ერთიანობა, პოლიტიკური ინსტიტუტების ძლიერება, ეკონომიკა, თავდაცვა და ასე შემდეგ და მეორე, საგარეო ფაქტორებიდან, რომელიც უკავშირდება იმ ალიანსებს, რომლებიც შეიძლება ჩვენ გვქონდეს.
ჩვენ ვიქნებით ძლიერი, თუ გვეყოლება ბევრი ძლიერი მეგობარი. ჩვენი სოლიდარობის დემონსტრაცია პოლიტიკაზე ზემოქმედების მცდელობაა, რომ პარლამენტმა, მთავრობამ რაღაც გააკეთოს. ვხედავთ, რომ ეს მოქმედებს, რადგან სხვანაირად ალაპარაკდა, მაგალითად, პრეზიდენტი და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის საზოგადოებრივ აზრს.
ის, რაც ჩვენ გვძენს კარგ მეგობრებს, ძლიერ მეგობრებს და არ გვაკარგვინებს, ხელს უწყობს იმას, რომ საქართველო იყოს დაცული. ბოლო დროს ვიყენებ ხოლმე ანალოგიას და ახლაც გავიმეორებ, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი და მცოდნე, რომ საერთაშორისო პოლიტიკა არის ველური ტყე, სადაც ყველა იბრძვის გადარჩენისთვის. გადარჩება ის, ვინც არ არის სუსტი და არ არის მარტო.
ახლა კი რა ხდება? ჩვენი მთავრობის საქციელის გამო არსებობს იმის რისკი, რომ ჩვენ დავკარგოთ მეგობრები, მაგრამ მტერი მტრად დაგვრჩეს. რუსეთი არ შეცვლის თავის განზრახვებს, ამიტომ საზოგადოებრივი მობილიზაცია მნიშვნელოვანია და ხალხმა, რომელსაც არ მოსწონს ბევრი პოლიტიკური ლიდერი, უნდა იცოდეს, რომ ეს მხოლოდ მათი საკითხი არ არის. მეც ბევრი მათგანი არ მომწონს, ხშირად ვაკრიტიკებ, მაგრამ მეც მივდივარ რუსთაველზე, რადგან იმის მჯერა, რასაც ახლა ვამბობ.
ის, რაც დღეს ხდება, ეს არის ზეპარტიული საკითხები და მიუხედავად იმისა, რომ გუშინაც მქონდა შეხვედრა და ძალიან გავაკრიტიკეთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარობა არ უნდა გამოვხატო.
მეტიც, მიკვირს, რატომ არ არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და წევრებიც აქციაზე, რატომ არ გამოდიან და არ საუბრობენ ტრიბუნიდან, რადგან ეს არ არის ისეთი პროვოკაცია, რომ ამის გამო რუსეთი მოტრიალდეს და ჯარი შემოიყვანოს თბილისში. სისულელეა, თუ ვინმე ამას ფიქრობს.
როცა საჯარო სექტორი ხელაღებით უერთდება მმართველი გუნდის ან პრემიერის განცხადებებს, ფიქრობთ, რომ ეს პრობლემაა?
რა თქმა უნდა, პრობლემაა, რადგან მე ვიცნობ ბევრს, ვინც კერძო საუბრებში უკმაყოფილებას გამოხატავს როგორც პრემიერის მიმართ, ასევე, მთავრობისა და პარლამენტის უმრავლესობის პოზიციის მიმართაც. ვიცი, რომ დიპლომატიურ კორპუსში არის დიდი უკმაყოფილება და საჯარო სამსახურებში. ახლა არის ჭეშმარიტების მომენტი მათთვისაც, რადგან სხვა რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ადამიანმა აიმაღლო ხმა და თქვა, რომ ეს არის ცუდი ქვეყნისთვის და მე არ ვემხრობი ამას.
ჯერ კიდევ ყველგან მუშაობს ბევრი პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანი. უბრალოდ, მგონია, რომ ბევრი მათგანი ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ აი, დავრჩები და სისტემის შიგნით შევცვლი რაღაცას. ჩვენ უკვე ვიცით, საით მიდის ეს სისტემა, ამიტომ ახლა არის მომენტი ამ ადამიანებმა, ვისაც აქვს ამბიცია, რომ ისინი განასახიერებენ ამ ხელისუფლების უფრო ჯანსაღ ნაწილს და არიან მოსურნეები საქართველო იყოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური ორგანიზაციების წევრი, როგორც მინიმუმ, არ უნდათ, რომ ვიყოთ რუსეთის კოლონია, ახლა უნდა ისაუბრონ ხმამაღლა.
ახლა ეროვნული უსაფრთხოების და ეროვნული გადარჩენის საკითხი გვაქვს. საქართველო თავისუფალი ქვეყანა იქნება თუ არა, ამაზეა ახლა ლაპარაკი, ამის იქეთ საჯარო მოხელეს და პოლიტიკოსს რაღა მოეთხოვება, თუ ამ საკითხზე არ ისაუბრებს გულწრფელად და სწორად.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავიტ ზალკალიანმა, თქვა, რომ ჩვენ ვართ სუსტი სახელმწიფო ვართ, რომ რამდენიმე წუთში შეუძლია რუსეთს თავდაყირა დააყენოს საქართველო. რას გვეუბნება ამით მინისტრი?
ეს ნიშნავს ორ რამეს – ერთი ის, რომ მთელი ამ ათი წლის მანძილზე თითი-თითზე არ დაგვიდია იმისთვის, რომ ქვეყნის მედეგობა გაგვეძლიერებინა ან მეორე – შეგნებულად ვაკეთებდით ამას. ასეთი განცხადებები ძალიან მაგონებს იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიას“, რომელიც როცა წავიდა ხელისუფლებიდან, აღმოჩნდა, რომ უკრაინის არმიას ბიუჯეტში ფული არ ჰქონდა, ავტომატი აღარ ჰქონდათ.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საზოგადოების დიდ ჯგუფებში მაინც არსებობს შიში, რომელიც ჯანსაღი ინსტინქტია და ეს განაპირობებს გადარჩენას, რადგან როცა გვეშინია, ფრთხილად ვიქცევით. მეც მეშინია ომის, რუსეთის თავდასხმის და ჩემი ოჯახის ფიზიკური უსაფრთხოების, მაგრამ მჯერა, ამ პრობლემების გადაჭრის გზა არის ის, რომ არ დავსუსტდეთ მეგობრების დაკარგვით, არამედ გავძლიერდეთ ახალ-ახალი მოკავშირეების შეძენით და შიგნით გაძლიერებით.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ და კარგად დავინახოთ, რა არის სწორი გზა ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად.
ახლა არ არის დრო, რომ ხალხს მოღალატეები და ომის ინსპირატორები ვეძახოთ. არც იმის დროა, პოლიტიკოსებმა მხოლოდ მთავრობის ცვლილებაზე იფიქრონ. ახლა არის დრო, რომ შეიცვალოს პოლიტიკა და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.
ოპოზიცია და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის მთავრობის ხელში ვერ შეიცვლება პოლიტიკა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
მე ვამბობ იმას, რომ ეს არ შეიძლება იყოს ერთადერთი ამოცანა ახლა. მნიშვნელოვანია, რომ მივაღწიოთ პოლიტიკის ცვლილებას და არა მხარეების პოზიციების გახისტებას და გამკაცრებას.
პოლიტიკის ცვლილებისთვის აუცილებელია საზოგადოებრივი აზრი. ამ აზრის დემონსტრირება არის როგორც ქუჩის მანიფესტაციები, საპროტესტო გამოსვლები, ასევე, ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო კონსოლიდაცია.
საჭიროა ახალი პოლიტიკური ინიციატივების შექმნა და წამოყენება, რაზე უარის თქმაც პოლიტიკურად მძიმედ დაუჯდება ნებისმიერ მთავრობას.
აუცილებლობად მიმაჩნია ქუჩაში გამოსვლა და საჯაროდ განწყობების გამოხატვა და მეც ამ პროტესტს ვუერთდები, მაგრამ არ არის საკმარისი. ასევე, გვჭირდება პოლიტიკური და უფრო ეფექტური საზოგადოებრივი აქტივიზმი.
თუ ხელისუფლება მაინც დარჩება თავის პოზიციაზე, რისი მიღწევა შეუძლია საზოგადოებას?
პოლიტიკის ცვლილებაში ვხედავ ყველას როლს, როგორც ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკოსების, რომლებიც ზოგი პარლამენტშია და ზოგი გარეთ. ასევე, საჯარო მოხელეების როლსაც, რადგან ეს არის საერთო სამოქალაქო საკითხი.
პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მარტო ოპოზიციას ან მარტო მთავრობას არ დავუტოვოთ. მედიამაც ხელი უნდა შეუწყოს არა პოლარიზებას და გახლეჩას, პროპაგანდისტულ რიტორიკას, რომელიც საერთო ენას კი არ აპოვნინებს ადამიანებს, ერთმანეთთან საუბრის გზებსაც უჭრის, არამედ უნდა დავაყენოთ ის საკითხები, სადაც ვიცით, რომ ერთიანები ვართ.
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას, ეს ხალხი არის ყველგან – უნდა შევეცადოთ, რომ ამ საერთო პოზიციის გარშემო გავერთიანდეთ და ამაზე ვილაპარაკოთ.
მთავრობის მხრიდან ასეთი კონფრონტაციული ქმედებების, ხიდების ჩანგრევის და გარიყვის საინფორმაციო პოლიტიკა არ არის პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლების პოლიტიკა.
ჩვენ ვცხოვრობთ ღია სამყაროში და ხელისუფლება არ არის მონოპოლისტი დღეს კომუნიკაციაზე. ამიტომ დიდი როლი აქვს სამოქალაქო სექტორს, მედიას და ყველას, ვისაც შეუძლია რაიმე ფორმით ხელი შეუწყოს პროცესებს, რომელსაც გამოვიყენებთ მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლისთვის.
ზოგი ინსტრუმენტი არის ქუჩაში, ზოგი ინსტრუმენტი არის პარლამენტში, ზოგი – არაფორმალურ შეხვედრებში, ზოგი – დეკლარაციებში და ასე მიიღწევა პოლიტიკის ცვლილება.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთმა თურქეთის თხოვნით გააუქმა თავისი ოთხი სამხედრო ხომალდის თურქეთის წყლებით შავ ზღვაში გაგზავნის წინადადება.
ჩავუშოღლუს თქმით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მანამ, სანამ ანკარა სრუტეს დაკეტავდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო – წერს როიტერსი .
ორშაბათს, 28 თებერვალს, ანკარამ განაცხადა, რომ დაკეტა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები 1936 წლის მონტროს კონვენციის შესაბამისად, რომელიც მას აძლევდა უფლებას, შეეზღუდა გემების გავლა სრუტეებში. თუმცა პაქტი შეზღუდვისგან ათავისუფლებს გემებს, რომლებიც უბრუნდებიან თავიანთ ბაზებს.
ჩავუშოღლუმ პირველ მარტს განაცხადა, რომ თურქეთმა ჯერ კიდევ იქამდე სთხოვა რუსეთს არ გაეგზავნა თავისი გემები, სანამ რუსეთის უკრაინაში შეჭრას „ომს“ უწოდებდა კვირას, რაც ლეგალურად აძლევდა მას უფლებას, შეეზღუდა გადასასვლელები მონტროს კონვენციის მიხედვით.
„რუსეთმა განაცხადა, რომ მისი ოთხი ხომალდი სრუტეს გადაკვეთდა 27-28 თებერვალს, რომელთაგან სამი არ არის რეგისტრირებული შავ ზღვაში არსებულ ბაზებზე“, – თქვა ჩავუშოღლუმ. „ჩვენ ვუთხარით რუსეთს, რომ არ გამოეგზავნათ ეს გემები და რუსეთმა თქვა, რომ გემები არ გადალახავდნენ სრუტეებს”.
„ეს არავის უნდა ეწყინოს, რადგან კონვენცია მოქმედებს დღეს, მოქმედებდა გუშინ და იმოქმედებს ხვალ, ამიტომ ჩვენ მას შევასრულებთ“, – განაცხადა მან.
Reuters-მა ამ კვირის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სულ მცირე ოთხი რუსული ხომალდი – ორი გამანადგურებელი, ფრეგატი და სადაზვერვო ხომალდი – ელოდა თურქეთის გადაწყვეტილებას ხმელთაშუა ზღვიდან გადასვლის შესახებ. ორმა მათგანმა, ფრეგატმა და გამანადგურებელმა, გასვლის ნებართვა ამ კვირაში ითხოვეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, თიბისი დაზღვევა, კლინიკა “რეიმანთან” ერთად, მხარს უჭერს უკრაინელებს. უკრაინის ყველა მოქალაქე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, უსასყიდლოდ მიიღებს ჯანმრთელობის დაზღვევას, ხოლო ამბულატორიულ მომსახურებას კლინიკა “რეიმანი” გაუწევს.
სადაზღვევო პოლისი მოიცავს ყველა იმ დაფარვას, რომელსაც თიბისი დაზღვევა საქართველოში მყოფ საერთაშორისო ტურისტებს სთავაზობს + სრული ამბოლატორიული მომსახურება კლინიკა “რეიმანისგან”:
სასწრაფო დახმარება
გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორია (მხოლოდ კლინიკა “რეიმანში”)
გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება
გადაუდებელი სტომატოლოგია
კოვიდ-19-თან დაკავშირებული მომსახურება.
“უკრაინაში არსებული მდგომარეობის ფონზე, გადავწყვიტეთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მათ და ჩვენი რესურსები მოვახმაროთ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს. ისინი უფასოდ მიიღებენ ჯანმრთელობის დაზღვევას, რაც გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვას” , – თიბისი დაზღვევა.
Громадяни України, які перебувають в Грузії, отримають безкоштовне медичне страхування від ТіБіСі Страхування
Через поточні події в Україні ТіБіСі Страхування разом із клінікою Рейман підтримує українців. Усі громадяни України, які зараз знаходяться в Грузії, отримають безкоштовне медичне страхування, а амбулаторні послуги надаватиме клініка «Рейман».
Страховий поліс вклучає всі ті покриття, які ТіБіСі Страхування пропонує іноземним туристам в Грузії + повні амбулаторні послуги від клініки «Рейман»:
– Швидка допомога
– Невідкладна та планова амбулаторія (тільки в клініці «Рейман»)
– Швидка медична допомога
– Невідкладна стоматологія
– Послуги, пов’язані з Ковід-19.
«Враховуючи ситуацію в Україні, ми вирішили підтримати їх і використати наші ресурси для допомоги українським громадянам у Грузії. Вони отримають безкоштовне медичне страхування, яке в разі потреби покриває витрати на медичне обслуговування». – ТіБіСі Страхування.