დღეს, 3 მარტს, საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეაქვს. ეს გადაწყვეტილება მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში უკრაინის ელჩი საქართველოდან უკრაინის პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად გაიწვია, ხოლო თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთ მოთხოვნად ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დროულად გაკეთება დასახელდა.
მანამდე, „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს საქართველო 2024 წელს გააკეთებდა.
რა იცვლება ახლა?
საია-ს განმარტებით, ქვეყანას, რომელიც ოფიციალურად მიმართავს ევროკავშირს წევრად მიღებაზე, შეიძლება მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს პროცედურა არ გულისხმობს ევროკავშირის წევრობის უფლების ავტომატურ მოპოვებას.
„კანდიდატის სტატუსის მიღება, სტანდარტულად, ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც ევროკავშირის ორი ძირითადი ორგანოა ჩართული: ევროპული კომისია, რომელიც შედგება სხვადასხვა პორტფოლიოს მქონე 27 კომისრისგან და ევროპული საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების ხელმძღვანელები შედიან. ევროკომისია, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს იკვლევს მიღების (კოპენჰაგენის) კრიტერიუმების ფარგლებში. აფასებს, უნდა მიენიჭოს თუ არა ქვეყანას კანდიდატის წოდება. ევროკომისიის მოსაზრების საფუძველზე, ევროპული საბჭო წყვეტს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს და იწყებს სახელმწიფოსთან მოლაპარაკებას სრულფასოვან წევრობაზე,“ – აღნიშნულია საია-ს მიერ ამ თემაზე გავრცელებულ განმარტებაში.
დაჩქარებულ წესს ევროკავშირის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, თუმცა წევრი ქვეყნების ერთსულოვანი პოლიტიკური ნების შემთხვევაში არც ესაა გამორიცხული.
„ამ შემთხვევაშიც შემჭიდროებულ ვადებში ევროკომისიამ, ევროპულმა საბჭომ და პარლამენტმა უნდა შეაფასონ, რამდენად მზადაა აპლიკანტი ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის. გადაწყვეტილება კონსენსუსს ემყარება და წევრობის სტატუსის მინიჭებას ევროპული საბჭოს ყველა წევრი ანუ ყველა ქვეყნის წარმომადგენელი უნდა დაეთანხმოს,“ – აღნიშნავენ საია-ში.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება 2016 წლიდან ამოქმედდა, 2017 წლიდან კი, საქართველოს მოქალაქეებს შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის უფლება აქვთ. ამჟამად ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ეტაპზეა.
მნიშვნელოვანია, რომ თუ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭება, მან ევროკომისიას უნდა წარუდგინოს გეგმა და ხედვა წევრობის მზაობასა და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი უკრაინამ 28 თებერვალს გააკეთა.
ამ თემაზე:
კარგი, მაშინ მოიქეცით ევროპულად – ევროპარლამენტარი EU – ში წევრობის განაცხადზე