მთავარი,სიახლეები

საქართველოს სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირში მიღებაზე განაცხადს – ღარიბაშვილი

03.03.2022
საქართველოს სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირში მიღებაზე განაცხადს – ღარიბაშვილი

დღეს, 3 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს მიღების განაცხადს ხელი მოაწერა.

„ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეტაპი, რომელიც ჩვენთვის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების მისწრაფებას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული“, – ამბობს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, ისტორიულად ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპულ სივრცეს და დღესაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის განვითარებაში.

„საქართველოს ისტორია არის დასტური იმისა, რომ ევროპული ფასეულობები ქართველი ადამიანის ბუნებაშია. ისტორიამ საქართველოს ევროპული არჩევანი სტრატეგიულ მიზნად აქცია და დღევანდელი დღე ჩვენი ძალისხმევის კიდევ ერთი დემონსტრირებაა. დღეს საქართველო, ისევე როგორც არასდროს, ახლოს არის ევროკავშირთან“, – ამბობს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, როცა 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას, ამით დიდი პასუხისმგებლობა აიღო იმისათვის, რომ ჩაეყარა მტკიცე საფუძველი საქართველოს საბოლოო ევროპეიზაციისთვის.

„საქართველო წარმატებით ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოების კუთხით. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, დემოკრატიის დაცვა, კარგი მმართველობა, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან საშუალებას გვაძლევს, რომ მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ უდიდეს ბაზარში ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას მივაღწიოთ.

შეუქცევადი სწრაფვა ევროპული დემოკრატიის წევრობისკენ, საქართველოს გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია. 1991 წელს აღდგენილი კონსტიტუციაც ამ ღირებულებებს დაეფუძნა და საქართველოს ევროპული მომავალი განსაზღვრა.

მჯერა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გავლის გზას, ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოს.“, – ამბობს ღარიბაშვილი.

საქართველოს მთავრობა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების განაცხადის შეტანაზე მას შემდეგ ალაპარაკდა, როცა საზოგადოებამ ის მკაცრად გააკრიტიკა უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის მიმართ ევროპისა და დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს უკრაინაში წარმოებული ომის გამო.

ღარიბაშვილის განცხადებები გააკრიტიკეს როგორც უკრაინაში, ასევე ევროსტრუქტურებშიც. საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილის აზრით, მთავრობის პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას, რის გამოც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გაიმართა. მოქალაქეები, რუსული საფრთხეებიდან გამომდინარე მოითხოვდნენ, რომ უკრაინასთან ერთად საქართველოსაც გაეკეთებინა ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: