მთავარი,სიახლეები

ბათუმში აგროვებენ ტვირთს უკრაინაში გასაგზავნად – „მოიტანეთ თუნდაც ერთი შეკვრა ბრინჯი“

01.03.2022 • 2380
ბათუმში აგროვებენ ტვირთს უკრაინაში გასაგზავნად – „მოიტანეთ თუნდაც ერთი შეკვრა ბრინჯი“

ბათუმში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, უკრაინელი ხალხისთვის პროდუქტებსა და მედიკამენტებს აგროვებენ.

ჰუმანიტარული ტვირთი პოლონეთის გავლით უკრაინაში ჩავა.

პროდუქტებსა და მედიკამენტებს ბათუმში უკვე რამდენიმე დღეა აგროვებენ.  გუშინ, 28 თებერვალს, ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა ხალხს მოუწოდეს, მცირე რესურსით დახმარების შემთხვევაშიც კი, მოქალაქეებს შეუძლიათ მიიტანონ სპეციალურ პუნქტებში ნებისმიერი რამ, რისი შესაძლებლობაც ექნებათ – იქნება ეს შეკვრა ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ტკბილეული, მედიკამენტი თუ სხვა რამ.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვებული ნივთები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე

დახმარება შეგიძლიათ მიიტანოთ სამ სხვადასხვა მისამართზე:

  1. ვახტანგ გორგასლის №153 – რესტორანი „აჯიკა“
  2. ფარნავაზ მეფის №46 – პარტია „ლელოს“ ოფისი
  3. ვახტანგ გორგასლის №54 – პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 568 92 92 92

„შეგიძლიათ მოიტანოთ ყველაფერი, მაგრამ უპირველესად გვჭირდება პირადი ჰიგიენის ნივთები, სველი ხელსახოცები, კბილის ჯაგრისები და პასტები, საპონი, მედიკამენტები: სამედიცინო დოლბანდი, ჭრილობის დასამუშავებელი და შესახვევი, ასევე, ანტისეპტიკური საშუალებები, ანტიბიოტიკები.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვებული ნივთები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე

საკვებიდან პირველ რიგში საჭიროა: კონსერვები თუნუქის შეფუთვით, არამალფუჭებადი ტკბილეული: შოკოლადი, ჩურჩხელა, ყველაფერი, რაც დიდხანს ინახება შედარებით, მაღალკალორიულია და სწრაფად აღადგენს ენერგიას.

შედედებული რძე, ასევე თხილეული, სწრაფად მოსამზადებელი  პროდუქტი, როგორიცაა: ლაფშა, პიურე, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, მარცვლეული. პირველ რიგში ვგზავნით იმას, რაც სწრაფად მზადდება.“ – ამბობს ბათუმში ბელარუსული დიასპორის წარმომადგენელი ნატალია მილევსკაია ფარნავაზ მეფის №46 მდებარე პუნქტიდან.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვებული ნივთები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე

აქ დღეს, პირველ მარტს, ოფისი სავსე დაგვხვდა უკვე შეფუთული და დაფასოებული პროდუქტით, სამოსითა და მედიკამენტებით.

მოქალაქეებისგან ჰუმანიტარული დახმარების მიღება გრძელდება. ამ მისამართზე დახმარების მსურველებს პროდუქტი შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მიიტანონ.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვებული ნივთები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე

ტვირთის მიმღებ პუნქტში აგვიხსნეს, რომ საჭირო და აუცილებელია სამოსიც, თუ ის სუფთა მდგომარეობაშია და არ არის ძალიან შელახული, რადგან ოფისში ტანსაცმლის გადარჩევა და დარეცხვა-დასუფთავება ვერ ხერხდება.

ვახტანგ გორგასლის №54-ში მდებარე პროდუქტებისა და მედიკამენტების მიმღებ კიდევ ერთ პუნქტში გვითხრეს, რომ აქ გროვდება, გადაეცემა ბათუმში მყოფ უკრაინის იმ მოქალაქეებსაც, ვისაც დახმარება სჭირდება და იგზავნება უკრაინაშიც.

ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე

„ერთი მანქანა ტვირთი უკვე შევაგროვეთ, შევფუთეთ და გავგზავნეთ. რასაც ახლა ხედავთ, ეს დილიდან მოტანილი დახმარებაა და იფუთება. მოაქვთ ბავშვთა კვების პროდუქტები და მოვლის საშუალებებიც საკვებთან და მედიკამენტებთან ერთად.

ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე

ძირითადად მოდიან დიასპორების წარმომადგენლები მხარდაჭერის გამოსახატად. კარგი იქნებოდა, მეტად მიგვეწვდინა ხმა ჩვენი მოქალაქეებისთვისაც, რომ აქტიურად ჩავერთოთ პროცესში. მესმის, რომ ბევრის საშუალება შეიძლება არ გვქონდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ძალიან მცირე წვლილიც კი. მოიტანეთ თუნდაც ერთი შეკვრა ბრინჯი, წიწიბურა, რაც გაქვთ, ეს მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ლაშა კილაბერია მიმღები პუნქტიდან.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვებული ნივთები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე

ვახტანგ გორგასლის №54 მდებარე ოფისი დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე მუშაობს.

უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების პროცესს ბათუმში სპეციალურად შექმნილი საკოორდინაციო საბჭო უზრუნველყოფს უკრაინის საკონსულოსთან შეთანხმებით.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვებული ნივთები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვებული ნივთები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თამარ ნერგაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: