მთავარი,სიახლეები

7 ღამეა თითქმის არ გვძინებია. დაძინებას შევძლებთ, ოღონდ ომის შემდეგ – ზელენსკი უკრაინელებს

02.03.2022 • 2264
7 ღამეა თითქმის არ გვძინებია. დაძინებას შევძლებთ, ოღონდ ომის შემდეგ – ზელენსკი უკრაინელებს

დღეს, 2 მარტს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მეშვიდე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში ხაზი გაუსვა გუშინ კიევში ბაბი იარის დაბომბვის ფაქტს.

ბაბი იარი მასობრივი რეპრესიების ადგილია. 1941 წელს აქ გერმანელმა ნაცისტებმა ათიათასობით ებრაელი, უკრაინელი და ბოშა დახვრიტეს. სწორედ ამ ადგილის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ზელენსკიმ.

„ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ვინც ისტორია იცის, ბაბი იარი კიევის განსაკუთრებული ნაწილია. ადგილი ლოცვისთვის, სადაც პატივს მივაგებთ ასობით ათას ადამიანს, რომლებიც ნაცისტებმა მოკლეს. ადგილი, სადაც კიევის ძველი საფლავებია.

ვინ უნდა იყო, რომ ასეთ ადგილს რაკეტა დაუმიზნო?

თქვენ კიდევ ერთხელ კლავთ ჰოლოკოსტის მსხვერპლ ადამიანებს.

საბჭოთა დროს, იქ, ძვლებზე, ტელეცენტრი ააშენეს. სპორტული კომპლექსი, სახლები, ააშენეს პარკი, რათა გაენადგურებინათ ბაბი იარის ჭეშმარიტი ისტორია. 

რატომ დაიბომბა ბაბი იარი? ეს ადამიანობის მიღმაა. ასეთი სარაკეტო დარტყმა აჩვენებს, რომ ბევრი ადამიანისთვის რუსეთში კიევი აბსოლუტურად უცხოა. მათ არაფერი იციან ჩვენს დედაქალაქზე, ჩვენს ისტორიაზე, მაგრამ მათ აქვთ ბრძანება, გაანადგურონ ჩვენი ისტორია, გაანადგურონ ჩვენი ქვეყანა, გაანადგურონ ყველა ჩვენგანი. 

ომის პირველ დღეებში სასტიკად ბომბავდნენ უმანს, სადაც ყოველწლიურად ასიათასობით ებრაელი მიდის სალოცავად. შემდეგ დაბომბეს ბაბი იარი, სადაც ასიათასობით ებრაელი მოკლეს.

მივმართავ მსოფლიოს ყველა ებრაელს. ვერ ხედავთ, რა ხდება? ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მილიონობით ებრაელი არ იყოს ჩუმად. ნაციზმი სიჩუმეში დაიბადა. ამიტომ იყვირეთ სამოქალაქო პირების მკვლელობაზე, იყვირეთ უკრაინელების მკვლელობაზე.

….ეს ვერ აიხსნება ადამიანური მიზეზით, ღმერთის ნაკარნახები მიზეზით. რატომ მიიტანეს იერიში ბაბი იარზე? კიდევ რა „სამხედრო ობიექტები“ ემუქრება რუსეთს? კიდევ რომელი „ნატოს ბაზები“? წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი? ლავრა? წმინდა ანდრიას ეკლესია?

რაზეც არ უნდა ოცნებობდნენ, ჯანდაბამდე ჰქონიათ გზა, იმიტომ, რომ ღმერთი ჩვენთანაა“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. 

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უკრაინაში შეჭრის გამო ნეიტრალურმა შვეიცარიამაც კი მხარი დაუჭირა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

როგორია შედეგი რუსეთისთვის? ამ ქვეყნის დროშა აღარ იქნება სპორტულ შეჯიბრებებში, თანამედროვე მსოფლიო კულტურა მათთვის დახურულია. რუსულ პროდუქციას იღებენ მსოფლიოს მაღაზიების თაროებიდან. რუსეთის ბანკებს რთავენ გლობალური სისტემებიდან. რუსეთის მოქალაქეები კარგავენ დანაზოგებს და პერსპექტივებს, რუსი დედები კარგავენ შვილებს მათთვის ყოვლად უცხო ქვეყანაში. 

დაფიქრდით: თითქმის ექვსი ათასი რუსი დაიღუპა, რუსი სამხედრო, ომის ექვს დღეში, ეს მტრის გუშინდელი დანაკარგის გათვალისწინების გარეშე. ექვსი ათასი!

რისთვის? უკრაინის ასაღებად? – ეს შეუძლებელია. ამას ვერ შეცვლის რაკეტები, ტანკები, ბომბები და იერიშები. ჩვენ მშობლიურ მიწაზე ვართ და ჩვენ წინააღმდეგ დაწყებული ომისთვის მათ საერთაშორისო ტრიბუნალი ელით. 

….ჩაიარა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მორიგმა ღამემ, ომმა ხალხის წინააღმდეგ, რთულმა ღამემ. ვიღაცამ ღამე მეტროში, თავშესაფარში გაატარა, ვიღაცამ სარდაფში. ვიღაცას გაუმართლა და სახლში დაიძინა. სხვები მეგობრებმა და ნათესავებმა შეიფარეს.

შვიდი ღამის განმავლობაში თითქმის არ გვძინებია. ან გვძინავს, თუმცა შფოთვით. ძვირფასებო, დადგება დრო, როცა დაძინებას შევძლებთ, ოღონდ, ეს ომის შემდეგ, გამარჯვების შემდეგ, მშვიდობიან ქვეყანაში, როგორიც ის გვჭირდება, რომელსაც ყოველთვის ვაფასებდით და რომელიც არასდროს გაგვინადგურებია.

ყველა თქვენგანს ვთხოვ, ახლობლებზე იზრუნოს. მე თქვენით აღტაცებული ვარ, მთელი მსოფლიოა თქვენით აღტაცებული, ჰოლივუდის ვარსკვლავებიდან პოლიტიკოსებამდე. 

დღეს თქვენ, უკრაინელები, დაუმარცხებლობის სიმბოლო ხართ. სიმბოლო, რომ ხალხს ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო ხალხი გახდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ. 

_________________________

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: