მთავარი,სიახლეები

ბათუმში მეშვიდე დღეა იმართება უკრაინის სოლიდარობის აქცია

02.03.2022
ბათუმში მეშვიდე დღეა იმართება უკრაინის სოლიდარობის აქცია

დღეს, 2 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს ბათუმში მცხოვრებმა უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებმა.

აქციაზე ისმოდა უკმაყოფილებაც მთავრობის განცხადებებზე რუსეთისთვის სანქციების არდაკისრებისა და მოხალისეების გამგზავრებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რის გამოც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გუშინ კონსულტაციებისთვის საქართველოდან გაიწვია უკრაინის ელჩი.

აქციის ორგანიზატორებმა მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმში ჰუმანიტარული დახმარებისთვის აგროვებენ ნივთებსა და პროდუქტს უკრაინელი ხალხისთვის შემდეგ მისამართებზე: ვახტანგ გორგასლის №153, ფარნავაზ მეფის №46.

ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ გარდა შემოწირულობისა, სჭირდებათ დახმარება უკვე შეგროვებული ნივთების და პროდუქტის გადანაწილებასა და ყუთებში მოთავსებაში.

ასევე, აქციაზე განაცხადეს ახალი ვებგვერდის – homeline.ge შესახებ, სადაც შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ საქართველოში მყოფ უკრაინელებს საცხოვრებელი ფართობი შესთავაზონ.

ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერი აქცია 19:00 საათზე დაიწყო და მარშით გაგრძელდა.

ბათუმში უკრაინის სოლიდარობის აქცია მეშვიდე დღეა იმართება, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

ნახეთ აქციის ვიდეოჩანაწერი: 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: